ჰერალდიკის განვითარების ევოლუციური ეტაპების ზოგადი დახასიათება


ჰერალდიკა შეიქმნა საკუთრივ ევროპულ, შეიძლება ითქვას, ევროპის არამართლმადიდებელი ნაწილის ისტორიულ-კულტურულ გარემოში. მისი შეთვისების პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობდა დანარჩენი ცივილიზაციების (განსაკუთრებით ბიზანტიურის) მიერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ზოგადად კათოლიკური რელიგიის ნიშანს ატარებდა. ჰერალდიკა საერო ფეოდალთა, რაინდთა (მოგვიანებით დაბალი სოციალური ფენებისაც) ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა და საეკლესიო ცხოვრების ატრიბუტადაც ჩამოყალიბდა.
ნიშანთა და ემბლემათა განსხვავებული სისტემებიHყოველთვის და ყველგან არსებობდა, მაგრამ ემბლემატიკის განსაკუთრებული ფორმა _ ჰერალდიკა დასავლეთ ევროპაში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან ერთად შეიქმნა. ჰერალდიკის ნათელი და ხატოვანი ხელოვნება ჩაისახა ეკონომიკისა და კულტურის დაცემის ეპოქაში, რომელიც ევროპაში რომის იმპერიის დამხობის შემდეგ დადგა. ფეოდალიზმის წარმოშობისა და მემკვიდრეობითი არისტოკრატიული სისტემის განვითარებასთან ერთად, გერბების გაჩენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ფეოდალიზმის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია და ჯვაროსნული ომები.
მსოფლიო ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ გერბები X საუკუნიდან ჩნდება, თუმცა მოღწეული პირველი გერბები, რომლებიც საბეჭდავზეა გამოსახული და მიმაგრებულია დოკუმენტზე, XI საუკუნით თარიღდება. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ გერბები პირველად საბეჭდავზე გაჩნდა, მოგვიანებით კი _ იარაღსა და სამოსზე. ჰერალდიკის არსებობა ეჭვს აღარ იწვევს ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ. ყველაზე ადრეული ნიმუშია ფრანგული ნახატი მინანქარზე ჟოფრუა პლანტაგენეტის საფლავიდან (გარდაიცვალა 1151 წ.): გერბის ფარზე ლაჟვარდის ფონზე დატანილი ოთხი ოქროს ლომი.
ინგლისის პირველი მეფე, ვისაც პირადი გერბი ჰქონდა, რიჩარდ ლომგული (1157-1199) იყო. მის სამ ჰერალდიკურ ლეოპარდს იყენებდა შემდგომ მთელი ინგლისის სამეფო დინასტია.
ჯვაროსნული ომები (1096-1291 წწ.) ევროპის ისტორიაში მთელი ეპოქის მომცველია. ამ ომებმა ევროპისა და აზიის მრავალი კულტრული შრის შექმნას შეუწყეს ხელი. ჯვაროსნული ლაშქრობები, როდესაც დასავლეთ ევროპის აზნაურობა, რაინდობა, ერთი წმინდა იდეით ანთებული, უფლის საფლავის გასათავისუფლებლად აღმოსავლეთისკენ დაირაზმა, გერბების განვითარების ერთერთ იმპულსადაც იქცა.
შესაძლებელია, ჯვაროსნულ ომებთან ჰერალდიკის წარმოშობის მჭიდრო კავშირი იმით აიხსნება, რომ გერბების მასობრივად გამოყენება სწორედ ამ პეროდში დაიწყო, რამაც საჭირო გახადა სიმბოლური გამოსახულებების მოწესრიგებული სისტემის, როგორც კომუნიკაციის საშუალების, შექმნა. გერბი ერთგვარი გამოსაცნობი ნიშანი იყო, როლმელიც მისი მფლობელის შესახებ გარკვეულ ინფორმციას შეიცავდა და რომლის გარჩევა შორიდანაც შეიძლებოდა. XII საუკუნიდან მეომრის აბჯარი სულ უფრო რთული და მრავალფეროვანი გახდა.
მუზარადმა მთლიანად დაფარა რაინდის სახე. თავად მეომარი კი თავიდან ბოლომდე შეჯავშნული იყო. ნიშანდობლივია, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, აბჯარი ერთი ტიპის იყო და ამის გამო, რაინდის ამოცნობა არა თუ შორიდან, ახლო მანძილიდანაც კი შეუძლებელი ხდებოდა. ამ ვითარებამ მისცა ბიძგი გერბის, როგორც ამოსაცნობი ნიშნის, მასობრივ გამოყენებას. თანდათან ფარზე გამოსახულ ემბლემას დაემატა სხვა საგერბო ნიშნები, რომელთა საშუალებით რაინდებს ერთმანეთის ამოცნობა შორი მანძილიდან ან გაცხარებული ომის დროს მტვრის ბუღშიც კი შეეძლოთ.
ჰერალდიკა რომ ჯვაროსნების მიერ აღმოსავლეთის ქვეყნების დაპყრობების ეპოქაში აღმოცენდა და დაიხვეწა, ამას უამრავი ჰერალდიკური ტერმინის აღმოსავლური წარმოშობაც ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან არის დაკავშირებული გერბის ორი დეტალის: ნამეტისა (იგივე ლამბრეკენის) და ბურლეტის წარმოშობა. ევროპელი მეომრები მწველი სიცხისგან თავდასაცავად, არაბების მიბაძვით, ქსოვილის ნაჭერს იყენებდნენ, რომელსაც თავსა და მხრებზე იფარებდნენ და თავზე აქლემის დაგრეხილი ბეწვით იმაგრებდნენ. არაბული სამოსის თითქმის დღემდე შემორჩენილი ამ ელემენტებიდან მომდინარეობს ჰერალდიკური ლამბრეკენი და ბურლეტი.
ჯვაროსნები დაპყრობილ ქალაქში რომელიმე სახლის დაკავებისას მის კარზე საკუთარ გერბს აჭედებდნენ, რათა დანარჩენენი მეომრებისათვის მიენიშნებინათ, რომ ამ სახლს უკვე პატრონი ჰყავდა. წმინდა მიწიდან ჩამოტანილი ფარები ითვლებოდა ხშირად ერთადერთ დამადასტურებელ საბუთად, ჯვაროსნულ ომებში დაღუპული არისტოკრატული გვარის მემკვიდრეობის დასამტკიცებლად. მაშასადამე, ევროპის ფეოდალთა უმრავლესობის ერთ ადგილზე (უფლის საფლავისკენ მიმავალ გზებზე) თავმოყრა, ჯვაროსნული ლაშქრობების ინტერნაციონალური ხასიათი, ერთმანეთის ამოცნობის აუცილებლობა, საკუთარი ინდივიდუალობის პრეზენტაბელობა, შეიარაღების თავისებურებანი და აღმოსავლური ცივილიზაციის სიახლეთა შეთვისება იქცა ჰერალდიკის წარმოშობისა და დამკვიდრების მძლავრ ბიძგებად.
გერბის ფორმირებაში არანაკლებ დიდი როლი ითამაშა აგრეთვე რაინდთა ტურნირებმა, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე ადრე გამოჩნდა ევროპაში (სვარაუდოდ IX საუკუნეში). ტურნირებს ფორმალიზებული ხასიათი საფრანგეთში XII საუკუნეში მიეცა, აქედან გავრცელდა იგი მთელ ევროპაში, რომლის კულტურის განუყოფელ ნაწილადაც იქცა. დაუნდობელი, სისხლიანი ორთაბრძოლებიდან თანდათან ტურნირები სანახაობრივად მომხიბვლელ თეატრალიზებულ წარმოდგენებად გადაიქცა, სადაც უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფორმალური მხარე, ორთაბრძოლას კი პირობითი ხასიათი მიენიჭა. ტურნირში გამარჯვებულების სახელები შეჰქონდათ სპეციალურ ნუსხებში, რათა შთამომავლობას არ დავიწყებოდა მათი ვინაობა. მენესტრელები ასპარეზობათა გმირებს სიმღერებს უძღვნიდნენ. ტურნირებზე დასწრების უფლება მხოლოდ წარჩინებული გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ.
შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის მთავარ ელემენტს წარმოადგენდა გერბი, რომელიც მისი მფლობელის კეთილშობილურ წარმომავლობასა და საგვარეულო იერარქიაში მის ადგილს ადასტურებდა. ჰერალდიკის მცოდნე პირებს, ჰეროლდებს, წარმოდგენილ გერბზე შეეძლოთ ყველა საჭირო ინფორმაციის ამოკითხვა. ჰეროლდები იყვნენ ოფიციალური პირნი, რომლებიც აცხადებდნენ ტურნირების დაწყებას, შეიმუშავებდნენ მისი წარმართვის ცერემონიას და თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს, ახცადებდნენ ორთაბრძოლას და მასში მონაწილეთა სახელებს. ამ ყოველივეს საგანგებო განათლება სჭირდებოდა. ჰეროლდს კარგად უნდა სცოდნოდა იმ კეთილშობილ გვართა გენეალოგია, რომლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ასპარეზობაში, უნდა შესძლებოდათ, როგორც აღინიშნა, რაინდების გერბების წაკითხვა.

გერბების სიმრავლის გამო, მალე საჭირო გახდა ამ სფეროში გარკვეული წესრიგის დამყარება. ჰეროლდების მიერ სისტემაში მოყვანილი ცოდნა გერბების თაობაზე, გერბის შედგენისა და მათი წაკითხვის შესახებ შემუშავებული საერთო პრინციპები და წესები საფუძვლად დაედო გერბმცოდნეობას, იგივე ჰერალდიკას. ტერმინის “ჰერალდიკა” ეტიმოლოგიას რამდენიმე ინტერპრეტაცია მოეძებნება. შესაძლებელია იგი გვიანლათინური (“ჰერალდიცა” სიტყვიდან: ჰერალდუს _ მაცნე), ან გერმანულიდან (Heeralat - ვეტერანი) მომდინარეობდეს. ჰერალდიკის ფრანგული ტერმინი “ბლაზსონ” გერმანულიდან “ბლასენ” (ნაღარის ცემა) მომდინარეობს. როდესაც რაინდი მიუახლოვდებოდა ტურნირის ბარიერს, იგი ნაღარას ჩაჰბერავდა. ამის შემდგომ გამოდიოდა ჰეროლდი და, ტურნირის მსაჯის მოთხოვნისამებრ, რაინდის გერბს ხმამაღლა აღწერდა. სიტყვიდან “ბლასენ” მომდინარეობს ფრანგული "ბლასონნერ", გერმანული "ბლასონირენ", ინგლისური "ბლაზონ", ესპანური "ბლასონარ", და რუსული "блазонировать", რაც ყველა ენაზე ნიშნავს გერბის აღწერას. ჰეროლდების მიერ შემუშავებული ტერმინოლოგია, რომელსაც სპეციალისტები დღესაც იყენებენ, ეფუძნება ძველ ფრანგულსა და შუა საუკუნეების დროინდელ ლათინურს. ტერმინი “გერბი” ქართულში რუსულიდან შემოვიდა (შეცდომით მიჩნეულ იქნა, რომ ეს ტერმინი, “ლოგიკის”, “გრამატიკის” და მისთ. მსგავსად, ბერძნულიდან იყო და, ახალი ბერძნულის გავლენით, ქართულ ენაში დიდ ხანს “გერბის” ნაცვლად იხმარებოდა “ღერბი”, როგორც “ლოღიკა”, “ღრამატიკა”, “ტრაღედია”). რუსული "герб" პოლონური სიტყვის "ჰერბ" (მემკვიდრე, მემკვიდრეობა) გავლენით დამკვიდრდა.

გერბის ხელოვნებამ და კულტურამ უდიდესი ადგილი დაიკავა დასავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. XII საუკუნიდან ჰეროლდები ინგლისშ განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ. აქ XIV საუკუნიდან ედუარდ III-ის მიერ დაარსებული ჰერალდიკური კოლეგია ("The College of Arms") დღემდე არსებობს. O ინდივიდუალურის პარალელურად შუა საუკუნეებშივე ჩაისახა და განვითარდა საქალაქო და კორპორაციული, მათ შორის, საეკლესიო გერბები. ქალაქის ხელოსნები და ვაჭრები გაერთიანებების შედეგად იურიდიულ ორგანიზაციებს აფუძნებდნენ და მისთვის ქმნიდნენ გერბს. ასეთ შემთხვევებში ხშირად ფარზე ამა თუ იმ ხელობის მთავარი სამუშაო იარაღი (ჩაქუჩი, სააფთიაქო სასწორი და სხვ.) დაიტანებოდა. დროთა განმავლობაში იმდენად მოდური გახდა ამგვარი საქმე, რომ გამდიდრებული მოქალაქეები დაუკითხავადაც კი ქმნიდნენ გერბებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ ჰერალდიკის მთავარ პრინციპებთან და, რა საკვირველია, რომელთაც ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ გერბების გაცემა სათანადო ანაზღაურების ფასად დაიწყო და ჩინოვნიკებმა სავალდებულო ხასიათიც კი მისცეს ”ჰერალდიკურ აღებ-მიცემობას”. XVII საუკუნის ბოლოსთვის, დაწესებული გადასახადის შედეგად, სახელმწიფო ხაზინამ უდიდესი შემოსავალი კი მიიღო, რადგან უამრავი რაოდენობის გერბი დარეგისტრირდა, მაგრამ ამან საფრანგეთში გერბის მნიშვნელობა მკვეთრად გააუფასურა. მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საქალაქო და სახელმწიფო გერბების საფუძველი ხდებოდა ფეოდალთა საბეჭდავები, რომლითაც დოკუმენტების უტყუარობა მტკიცდებოდა. ფეოდალის საგვარეულო გერბი გადადიოდა ჯერ მისი კუთვნილი ციხე-სიმაგრის, ხოლო შემდგომ _ მიწის ბეჭდებზე. ახალი ქალაქებისა და სახელმწიფოების შექმნისას, დროის მოთხოვნისა და იურიდიული ნორმების შესაბამისად, საჭირო ხდებოდა გერბების შექმნა, რომელთაგან ზოგი თავადაზნაურთა საგვარეულო ტრადიციას კი არ ეფუძნებოდა, არამედ მასზ გამოსახული სიმბოლური ნიშანი ასახავდა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ მოვლენას, ქალაქის მეურნეობის რომელიმე ძირითად დარგს, და სხვ. საუკუნეების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებებიც იყენებდნენ ჰერალდიკურ ნიშანს. უნივერსიტეტები ძირითადად დამაარსებელთაგან იღებდნენ გერბს.
ევროპული ჰერალდიკა გერბებს ცხრა ჯგუფად ჰყოფს:

1. Armoiries de la souverainite - მონარქთა გერბები, რომლებიც ამავე დროს მათი მმართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს გერბებად გვევლინება;
2. Armoiries de pretention - ხშირად ამა თუ იმ სახელმწიფოს მონარქებს თავიანთ პირად, სახელმწიფო, ოლქებისა თუ პროვინციების გერბებში შეაქვთ იმ ტერიტორიათა გერბები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ, რომლებსაც ფლობდნენ მათი წინაპრები და მიუხედავად დაკარგვისა, მაინც აქვთ მემკვიდრეობითი ინტერესები და პრეტენზიები;
3. Armoiries de concession - როდესაც სიუზერენი თავის გერბს “ჩუქნის” რომელიმე პირს რაიმე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ე.ი. ვასალს უფლებას აძლევს, თავისი გერბის ფარში შეიტანოს სენიორის გერბის ფარის რაიმე ფიგურა;

4. Armes de communaute - სხვადასხვა სასულიერო და სასულიერო-რაინდული ორდენების, საარქიეპისკოპოსო, უნივერსიტეტთა, კორპორაციათა და სხვა გერბები;
5. Armes de patronage - ხშირად ისეთ პირებს, რომელთაც რაიმე თანამდებობა ეკავათ (მართავდნენ ოლქებს, სენიორთა ციხეებს და სხვა), თავიანთ პირად, საგვარეულო გერბებში შეჰქონდათ ისეთი ემბლემები, რომლებიც გადმოსცემდნენ მათ უპირატესობას, უფლებასა და ღირსებას სხვათა წინაშე;
6. Armes de Famille - პირადი საგვარეულო გერბები, რომლებიც მემკვიდრეობით გადადიოდა გვარში;
7. Armes d'alliance - გერბები, რომლებიც აღნიშნავდნენ ნათესაურ კავშირებს, ანუ როდესაც ერთი გვარი საგვარეულო ქორწინების ან სხვა რაიმე გზით უკავშირდებოდა მეორეს, ამის შედეგად კი გერბში შეჰქონდათ ამ მოვლენის აღმნიშვნელი ფიგურები, ანუ ერთ გერბში მეორე გერბის რომელიმე ფიგურა
გადადიოდა;
8. A Armes de succession - რაიმე მიზეზით გერბი შეიძლება გადაცემულიყო არაპირდაპირი გზით და მინიჭებოდა სრულიად სხვა ადამიანს. ასსეტ შემთხვევაში ხშირად ხდებოდა, რომ იგი ახლად მინიჭებული პირის კუთვნილი, ტრადიციულად არსებული გერბის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა. ასეთ შემთხვევაშიც აუცილებელი იყო უმაღლესი ხელიუფლის ნებართვა;
9. Ares parlantes - ისეთ პირთა გერბები, რომელთაც დამსახურებისთვის თავადაზნაურის წოდება მიიღეს, მემკვიდრეობით არ ჰქონიათ ჰერალდიკური ნიშანი, ამიტომ ახალმინიჭებულ გერბზე ისეთი ემბლემები შეჰქონდათ, რომელიც იმ მოვლენას ასახავდაб რის გამოც დაიმსახურეს ეს წოდება. იმ ქვეყნებში, სადაც სათანადო ჰერალდიკური ინსტიტუტები არსებობს, გერბების მინიჭება დღესაც გრძელდება. იურიდიული ფირმები და ორგანიზაციები გერბის მოპოვებას ცდილობენ, რადგან დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებაში ჰერალდიკური ნიშანი დღესაც საიმედოობისა და სოლიდურობის ნიშნად ითვლება.

ჰერალდიკამ განვითარების გარკვეული ეტაპები გაიარა. ევროპაში ჰერალდიკის განვითარების ისტორიას ხუთ პერიოდად ყოფენ:
I. შექმნა _ XII საუკუნე. ამ ეპოქას ახასიათებს მხედრის იდენტიფიკაციის ნიშანი. შინაარსობრივად იქმნება პრიმიტიული გერბები.
II. კონსოლიდაცია _ XIII საუკუნე. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია პრიმიტიული მემკვიდრეობითი გერბები. ასპარეზზე გამოდიან ჰეროლდები.
III. განვითარება _ XIV_XV საუკუნეები. ამ ეპოქაში ჩნდება პირველი ტრაქტატები, ნორმები, წესები. ჰერალდიკის პრინციპების დაცვას მკაცრად აკონტროლებენ ჰეროლდები. იქმნება სამფო გერბები.
IV. დეკადანსი _ XVI_XIX საუკუნეები. ამ ეპოქაში გადაჭარბებული ყურადღება ექცევა ტექნიკურობას, იხვეწება ბლაზონირება. რთული გერბების ეპოქაა.
V. თანამედროვეობა _ XX საუკუნიდან. ამ პერიოდისთვის დამახსაითებელია მკაცრი წესების აღდგენის მცდელობა. სამეფო გერბების სფეროშიც კი ვაწყდებით უკანონობას, ჩნდებიან მოყვარულები.
ჰერალდიკის პერიოდებად დაყოფას საფუძვლად ევროპაში მიმდინარე ისტორიულ-კულტურული პროცესები უდევს. შუასაკუნეების საზოგადოების კარდინალური სტრუქუტურული ცვლილებები ნათლად აისახა კულტურასა და ხელოვნებაზეც. დაიწყო ცენტრალიზებული სახელმწიფოების ფორმირება, ქალაქების მომრავლება და გაძლიერება, ამ ქალაქების მაღალი სოციალური წრის წარმოშობა, ვაჭართა და ხელოსანთა ფენების გაჩენა, აგრეთვე სასახლის კარის აზნაურთა _ რაინდობის ინსტიტუტის გაძლიერება. განათლების, ხელოსნობისა და ტექნიკის მიღწევებმა, რელიგიურ-დოგმატიზმზე დაფუძნებულმა მსოფლმხედველობამ და შემეცნების შესაძლებლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო გოთიკის განვითარებას დასავლეთ ევროპაში XII-XVI საუკუნეებში. გოთიკის იდეოლოგიასა და კულტურას ფეოდალურ-საეკლესიო საფუძველი ჰქონდა. გოთიკური ხელოვნება უპირველესად რჩებოდა დანიშნულებით საკულტო და თემატიკით _ რელიგიური ხასიათის. სწორედ ეს განაპირობებდა კულტურის დარგებში აზროვნების სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმებსა და პირობითობის ელემენტებს _ მხატვრულ ხერხებში.
ისტორიული მოვლენების კვალობაზე ჩამოყალიბებული მსფლმხედველობა და, შესაბამისად, შექმნილი გამომსახველობითი სტილი აისახებოდა დასავლეთ ევროპულ ჰერალდიკაზეც, რომლის განვითარების მეორე და მესამე პერიოდი სწორედ გოთიკურ ეპოქას ემთხვევა. ჰერალდიკაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენდა XVIII საუკუნის დასაწყისიდან ევროპულ პლასტიკურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში დამკვიდრებული როკოკოს სტილი, რომლის საფუძველს საფრანგეთში აბსოლუტიზმის კრიზისი და მასთან დაკავშირებით, არსიტორკრატიულ ფენაში ჰედონისტური განწყობილების გაძლიერება წარმოადგენდა. დახვეწილი, ნატიფი, თუმცა სიღრმისეულ განცდასა და იდეალებს მოკლებული ხელოვნება ზუსტად ასახავდა საზოგადოებრივ მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი ფასეულობა გმირობის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ნაცვლად, გალანტური არტისტიზმი და უდარდელობა იყო. კულტურის დარგებში ძლიერდებოდა ბუნებრივი ფორმებისგან დისტანცირება და თეატრალური, წარმოსახვითი სამყაროსკენ ლტოლვა, რაც განაპირობებდა გამომსახველობითი ფორმების დეკორისკენ და სირთულისკენ გადაჭარბებულ სწრაფვას.
ქართულ მეცნიერებაში ისტორიკოსმა თ. ასათიანმა მოახდინა ჰერალდიკის განვითარების ისტორიის პერიოდებად დაყოფა და სამი ძირითადი ეტაპი გამოყო.
“პირველი _ ნაციონალური (XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, XIX საუკუნემდე), მეორე _ ევროპულ-რუსული (XIX საუკუნე და XX-ის დასაწყისი) და მესამე _ რესპუბლიკურ-საბჭოური (XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული)” (ასათიანი 2002: 92).
ბუნებრივია, საქართველოში ჰერალდიკის განვითარების საფეხურები არ ემთხვევა ევროპულს. გერბი ჩვენში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ევროპაში მას უკვე თავისი ევოლუციის სამი პერიოდი გავლილი ჰქვნდა.
ქართული ჰერალდიკის განვითარების I პერიოდი საქართველოში ე.წ. "მცირე აღორძონების" ეპოქის უკანასკნელ ეტაპს ემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით ძლიერდება დაშლილი სახელმწიფოს აღდგენის, ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის გადარჩენა-აღდგენის ტენდენციები. თუკი იოანე ბატონიშვილის “კალმასობის” მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჰერალდიკის ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნის ნიშნები უკვე არსებობდა. “კალმასობის” მიხედვით, ნათელი ხდება, რომ იმ დროისთვის გამოჩნდნენ გერბის მკეთებელი ხელოსნებიც. გერბი, ევროპულის მსგავსად, აქ განმარტებულია, როგორც წოდებისა და პატივის ნიშანი, რომელიც ფერებისა და ფარის ნაკვეთებისგან შედგება. გერბის მთავარ ელემენტებს შეადგენს გვირგვინი, პორფირი და სახეები, რომელთაც მონასტრის წინამძღვრის გერბზე ცვლის მიტრა (გვირგვინს), მანტია (პორფირის მაგივრად), ეკლესიის სახე. „კალმასობაში“
ლაკონურად გადმოცემულია იმდროინდელ საქართველოში როგორც საერო, ისე საეკლესიო გერბის შექმნისა და გამოყენების წესები. "კალმასობაში" მოტანილი ცნობა უაღრესად საინტერესო ინფორმაციის შემცველია. როგორც აქედან ირკვევა, გერბისა და ჰერალდიკის განმარტებანიც, რომლებიც საქართველოში გამოიყენებოდა, ევროპულ ცნებებს შეესაბამებოდა. როგორც ირკვევა, XVIII საუკუნის მეორე ნახევრისთვის საქართველოში, უკვე გერბების ბოძების ტრადიციასთან ერთად, ბლაზონირების ტექნიკასაც ფლობდნენ. ამის მაგალითად გამოდგება მაგალითად ერეკლე II-ის მიერ თავად არღუთაშვილებისთვის 1783 წელს საგვარეულო გერბის მინიჭების სიგელში გერბის აღწერა.
საქართველოში ჰერალდიკის განვითარების პერიოდებს ძირითადად მაინც საფუძვლად დაედო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხი და არა კულტურულ-მხატვრული სტილი, თუმცა, ერთი მხრივ, ქართული ჰერალდიკის პირველ პერიოდს და, მეორე მხრივ, ევროპულის II-III პერიოდებს შორის პარალელების გავლება მაინც შესაძლებელია. საქართველოში სწორედ ამ დროს შექმნილ გერბებში იკვეთება რელიგიური თემა და წინა პლანზე მოდის სიმბოლურალეგორიული ხასიათი. ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და იმდროინდელი ქართველი საზოგადოებრიობის მსოფლმხედველობის კარგად მორგებული გამომსახველობითი ფორმაა, რომელიც ეფექტურად გამოხატავს საქართველოს "მცირე აღორძინების" ეპოქის სულისკვეთებას.
მეორე პერიოდის ხასიათს განაპირობებს რუსულ ჰერალდიკაში მიმდინარე პროცესები, რადგან ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებული გერბები ქართულ ჰერალდიკურ შემოქმედებად ვერ ჩაითვლება, ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გავლენას ქართული წარმოშობის მქონე გერბებზე.
თ. ასათიანის მიერ შემოთავაზებული პერიოდიზაცია ეფუძნება ქართული გერბების წარმოშობის მიზეზების სწორ ანალიზს, თუმცა XXI საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ისეთი ინტენსივობით განვითარდა სახელმწიფო გერბშემოქმედება (მაგალითად მხოლოდ სამხედრო სეგმენტი გამოდგება), რომ, ალბათ მიზანშეწონილი იქნება, ქართული ჰერალდიკის განვითარების პერიოდიზაციაში მეოთხე, პოსტსაბჭოთა, ეტაპიც დაემატოს
.



სტატიის ავტორი – ზურაბ გაიპარაშვილი,
მასალა აღებულია წიგნიდან – `საქართველოში ჰერალდიკის განვითარების კულტურულ-მსოფლმხედველობრივი საფუძვლები~. თბილისის უნიერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2010წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014