qarTuli damwerloba

მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია ქართული. ის ანბანურ დამწერლობათა  კონსონანტურ-ვოკალიზებულ ტიპს განეკუთვნება.

ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურები (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული)

ქართულმა დამწერლობამ წარმოშობიდან დღემდე განვითარების სამი საფეხური განვლო: ასომთავრული (ანუ მრგლოვანი), ნუსხური და მხედრული.
ასომთავრულს ანუ მრგლოვანს სახელწოდება ასოთა დიდი მოხაზულობისა და მრგვალი დაწერილობის გამო შეერქვა. ესაა მონუმენტური ორხაზოვანი სისტემის დამწერლობა. მისი გრაფიკული თავისებურებებია: გეომეტრიული სწორხაზოვნება, სიმეტრიულობა, ასო-ნიშანთა თანაბარი სიმაღლე.
ქართული ასომთავრული სტილისტურად ერთიანი გრაფიკული სისტემაა. ყველა ასოს მოხაზულობა წინასწარ აღებული წრეწირისა და სწორი ხაზისაგან არის წარმომდგარი. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისი მოხაზულობის მქონეა „ჯან“ ბგერის აღმნიშვნელი ასო-ნიშანი j, რომელიც მკვლევარ ელენე მაჭავარიანის აზრით, ქრისტიანობამ დაამკვიდრა ქართულ ანბანში, როგორც ქრისტეს ინიციალებისაგან შემდგარი მონოგრამა. იგი უკვე შექმნილი „ინისა“ და „ქანის“ მოხაზულობების გადაჯვარედინების შედეგადაა მიღებული:
iი + qქ = j
ასომთავრული-მრგლოვანით არის შესრულებული V-IX საუკუნეების ჩვენამდე  მოღწეული უძველესი წერილობითი ძეგლები: ბეთლემის, ბოლნისის, მცხეთის, უკანგორის, წყისის წარწერები; სინური მრავალთავის დიდი ნაწილი, ადიშის ოთხთავი... შემდგომ საუკუნეებში ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს დაუმკვიდრდა სახელწოდება „ასომთავრული“.
IX საუკუნიდან გვხვდება ნუსხური დამწერლობის ნიმუშები. ნუსხური წარმოდგება სიტყვისგან „ნუსხა“, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს: „ნუსხა ჩქარად წერილ არს“. ეს ტერმინი ძველ ხელნაწერებში თითქოს არ ჩანს.
ნუსხური საკმაოდ განსხვავდება ასომთავრულისაგან. იგი ოთხხაზოვანი სისტემის დამწერლობაა. ასოთა ნაწილი ორ ხაზს შორის შეიძლება მოვათავსოთ, ნაწილი ზედა ხაზამდე ადის, ნაწილიც ქვედა ხაზს აღწევს. ასოებს კუთხოვანი მოხაზულობა აქვთ.
ნუსხურის უძველეს ნიმუშად ითვლებოდა 864 წლის სინური მრავალთავის ანდერძის მინაწერი (ხელნაწერის უდიდესი ნაწილი ასომთავრულითაა შესრულებული). ამჟამად კი ნუსხური დამწერლობის უძველეს ნიმუშად ატენის სიონის ერთ-ერთ წარწერას თვლიან, რომელსაც 835 წლით ათარიღებენ.
ქართული დამწერლობის განვითარების მესამე საფეხურია მხედრული (ამ ანბანით ვსარგებლობთ დღესაც). ტრადიციული თვალსაზრისით, ის დამკვიდრებულია XII საუკუნიდან და წარმოადგენს ნუსხურის შემდგომ განვითარებას. იგი ასევე ოთხხაზოვანი სისტემის დამწერლობაა. ასოთა მოხაზულობა ვერტიკალურ ღერძზეა აგებული, ფორმები მომრგვალებულია, კონტური ხელის აუღებლად სრულდება.
მხედრულის უძველეს ნიმუშად ითვლება ატენის სიონის კიდევ ერთი წარწერა, რომელსაც X საუკუნით (982-986 წ,წ.) ათარიღებენ.
XII საუკუნიდან თანაარსებობს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა. ასომთავრულსა და ნუსხურს ძირითადად სასულიერო ხასიათის თხზულებებში იყენებდნენ, მხედრულს კი უპირატესად საერო მწერლობის ნიმუშებში. ი. ჯავახიშვილის აზრით, ამიტომაც ასომთავრულს და ნუსხურს ეწოდებოდა „ხუცური“ ანუ საეკლესიო დამწერლობა.
ქართველი პალეოგრაფების ანუ დამწერლობათმცოდნეების (ი. ჯავახიშვილი, დ. ბაქრაძე, რ. პატარიძე, ე. მაჭავარიანი) აზრით, ყოველი მომდევნო საფეხური წინა საფეხურის განვითარების უკანასკნელი, უმაღლესი საფეხურია.
ქართულ ანბანში თავდაპირველად 38 ასო-ნიშანი იყო. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძის და სხვა სამოციანელთა ინიციატივით ანბანიდან ამოიღეს 5 ასო-ნიშანი, იმ მიზეზით, რომ მათი შესატყვისი ბგერები ქართულში აღარ იხმარებოდა. ეს ასო-ნიშნებია: ჱ - ე მერვე, ჲ - იოტა, ჳ - ვიე, ჴ - ხარი, ჵ - ჰოე. თუმცა, ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართულ კუთხურ მეტყველებებში (ხევსურული, ფშაური).
დღეს ქართულ ანბანში 33 ასო-ნიშანია. მათგან 5 ხმოვანია, ხოლო დანარჩენი 28 – თანხმოვანი. ქართული ანბანი უნიკალურია იმით, რომ თითოეულ ნიშანს კონკრეტული ბგერა შეესატყვისება. ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა.

თეორიები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ

ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს.  ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მეცნიერულ თეორიას გთავაზობთ.
დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული ანბანის შექმნა ფარნავაზ მეფეს უკავშირდებოდა (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე). ეს თვალსაზრისი ეყრდნობა XI საუკუნის მემატიანის ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ ჩართულ თხზულებაში – „ცხოვრება ფარნავაზისი“ დაცულ ცნობას: „ამან (ფარნავაზმა) განავრცო ენა ქართულისა, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.“ თუმცა, ცნობაზე დაკვირვების შედეგად გამოირკვა, ქართული ენის განვრცობა და ქართული მწიგნობრობის შექმნა ნიშნავს არა ანბანის შექმნას, არამედ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების ფაქტს და მასზე მწიგნობრობის – ლიტერატურის განვითარებას. ქართული დამწერლობა უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე საქვეყნო აღიარებას მოიპოვებდა.
თანამედროვე მკვლევარი რამაზ პატარიძე ფიქრობს, რომ ქართული დამწერლობა ფარნავაზამდე ქართველ ქურუმებს უნდა შეექმნათ. სახელმწიფოს გაძლიერებასთან ერთად ის სახელმწიფო დამწერლობადაც გამოცხადდა. ამის დასადასტურებლად მეცნიერს მოჰყავს ქართული წერილობითი წყარო „მატიანე შემეცნებათა“, რომელიც გვამცნობს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილთა, ესე იგი ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ, იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. და წერილი მათი არს წერილი ხუცური ჩვენი. წერილნი ხუცესნი (ე.ი. ქურუმთა დამწერლობა) პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა ასოთა მათთა ჩვენნი ხუცურნი“.
რ. პატარიძის აზრით, უძველესი სახეობა ქართული დამწერლობისა – „მრგლოვანი“ ანუ „ასომთავრული“ ქართული ანბანი ებრაულ-ფინიკიური და ქალდეური დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი ძვ. წ.აღ-ით V საუკუნეში.
სომხურ წყაროებში არსებობს ისეთი ცნობაც, თითქოს სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა (361-440 წ.წ.) შექმნა სამი ანბანი: სომხური, ქართული და ალბანური. სომხურ საისტორიო მწერლობაში მოთხრობილი ეს ამბავი უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. მაშტოცს არც ქართული სცოდნია და არც ალბანური. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ ცნობა კორიუნის თხზულებაში  მერმინდელი ჩანართია (კერძოდ VI საუკუნის). ამას მოწმობს სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი, რომელიც კარგად იცნობდა კორიუნს. იგი მაშტოცს  მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს. ამ თეორიის უსაფუძვლობა მეცნიერულად დასაბუთებულია (ი. ჯავახიშვილი, ზ. ალექსიძე, რ. პატარიძე...)
ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ქართული ანბანი უნდა შექმნილიყო არა უგვიანეს VII საუკუნისა ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მას საფუძვლად უდევს ფინიკიურ-არამეული დამწერლობა.
არამეულიდან მომდინარედ თვლის ქართულ ანბანს გიორგი წერეთელი (არამეული ახლოს არის ძველ ფინიკიურთან). 1940 წელს არმაზისხევში (მცხეთასთან) აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, რომელიც „არმაზის ბილიგვის“ სახელწოდებითაა ცნობილი, შესრულებულია ბერძნულად და არამეულად. არმაზული დამწერლობა არის შუალედური რგოლი, რომელიც ქართულს ქრონოლოგიურად აკავშირებს ფინიკიურ-არამეულთან.
დ. ბაქრაძის და პ. ინგოროყვას აზრით, ქართული ანბანი  არქაული ბერძნულიდან მომდინარეობს. იგი ძვ. წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში უნდა შექმნილიყო.
თამაზ გამყრელიძე და ზურაბ სარჯველაძე უძველესი ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის დროდ ახალი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებს მიიჩნევენ და მას საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირებენ. თამაზ გამყრელიძის აზრით, ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა შეიძლება არც  წარმოადგენდეს ქართული ენისათვის დამწერლობის შექმნის პირველ ცდას. ქრისტიანობამდელ საქართველოში სავარაუდოა, არსებულიყო კიდევ უფრო ძველი წერილობითი ტრადიციები. არ არის გამორიცხული, რომ ასომთავრული ქრისტიანობის ხანის ახალი ქართული ეროვნული დამწერლობა  იყოს, რომელმაც შეცვალა ან გამოაძევა მანამდე არსებული წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემა.
როგორც ვხედავთ, ფართოდ გავრცელებულია ის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქართული დამწერლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე უნდა იყოს შექმნილი. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში მე-4 საუკუნეზე ადრინდელი ქართული დამწერლობის ძეგლები არ ჩანდა (დავათის სტელა, დუშეთის მუნიციპალიტეტი). ეს შეიძლება აიხსნას სწორედ იმით, რომ ახალი რელიგიის – ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად შესაძლოა განადგურდა ძველი წერილობითი დოკუმენტები, რადგან უმრავლესობა მათგან უთუოდ რელიგიური შინაარსისა იქნებოდა. 1990-იან და 2000-2003 წლებში აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები (ახ. წ. I-III ს.) კი იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

ქართული ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებული კვლევა-ძიება კვლავ გრძელდება.

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
1. კ. დანელია,ზ. სარჯველაძე –  „ქართული პალეოგრაფია“, 1997წ
2. ე. მაჭავარიანი – „ქართული დამწერლობა“, 2008წ
3. რ. პატარიძე – „ქართული მწიგნობრობა“,  1989წ
4. ინტერნეტ ბმული – http://www.amsi.ge

 


megobari saitebi

   

25.04.2014