qarTuli enis uZvelesi werilobiTi
Zeglebi
(warwerebi da xelnawerebi)

ქართული ენის წერილობითი ძეგლები უმდიდრეს მასალას გვაწვდიან ქართველთა ყოფის, შემოქმედებითი ცხოვრების, სალიტერატურო ენისა თუ საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად. ეს ძეგლებია წარწერები, ხელნაწერები, საისტორიო თუ იურიდიული დოკუმენტები.
ჩვენამდე მოღწეული ქართული წარწერებიდან უძველესია ახლად აღმოჩენილი  წარწერები ნეკრესში (ყვარლის მუნიციპალიტეტი). მას 2000-2003 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა. წარწერა წინარექრისტიანული ხანისაა და I-III საუკუნეებით თარიღდება.
ქრონოლოგიურად მომდევნო წარწერაა ე.წ. დავათის სტელაზე შესრულებული ქართული ასომთავრული ანბანი. ეს წარწერიანი ქვაჯვარი 1984 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს  ღვთისმშობლის ეკლესიაში აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, ეკლესია 419 წლამდე უნდა იყოს აშენებული. დავათის სტელა ორი მონაკვეთისგან შედგება. ზედა ნაწილში გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, რომელთაც ხელში უჭირავთ გრაგნილი. ამ გრაგნილზე (ექვს სტრიქონად განლაგებული) ქართული ასომთავრული ასოებია ამოკაწრული. ფრთებდაშვებული მთავარანგელოზები თითქოს უფლის ნებას აუწყებენ ქვაჯვარის ქვედა მონაკვეთზე გამოსახულ ორ პიროვნებას (ხელისუფალთ). დავათის სტელაზე შესრულებულ ანბანს 367 წლით, მთლიანად ქვაჯვარის გამოსახულებას კი IV საუკუნის II ნახევრით (362-381 წ.წ.) ათარიღებენ.
შემდგომი პერიოდის წარწერა პალესტინაშია, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, სადაც იტალიელთა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ვირჯილიო კორბოს ხელმძღვანელობით 1953 წელს აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები. ბეთლემის მონასტრის სამი წარწერიდან უძველესი 430-იანი წლებით დათარიღდა (მ. თამარაშვილი, ე. მაჭავარიანი).
ბეთლემის ქართული მონასტრის აღმოჩენამდე უძველესად ითვლებოდა ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერები. მათგან ოთხი უძველესი V საუკუნის მიწურულისაა.
უძველესია უკანგორის წარწერებიც. მათ VI საუკუნით ათარიღებენ.
ძალზე მნიშვნელოვანია მცხეთის ჯვრის წარწერები. ი. ჯავახიშვილისა და შანიძის აზრით, ისინი VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება.
რაჭაში, ზნაკვის ჯვარისაში, ნაპოვნია წარწერა, რომელიც ტექსტში მოხსენიებული პირის მიხედვით „საჰაკდუხტის წარწერის“ სახელითაა ცნობილი. ა. შანიძის აზრით, იგი შესაძლებელია დათარიღდეს V საუკუნით (წარწერის აღმომჩენი გ. ბოჭორიძე მას VI საუკუნით ათარიღებს).
ჩვენი ისტორიისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წყისის (616-619 წ.წ.), კუმურდოს (VII ს.), ატენის სიონის (უძველესი წარწერა 739 წელსაა შესრულებული), იშხნის (954-955 წ.წ.) წარწერებს.
ქართული ენის ძველისძველ წერილობით ძეგლებს წარმოადგენენ ხელნაწერები. მათი რიცხვი 10 000-ს აღემატება. 1000-ზე მეტი ქართული ხელნაწერი V-XII საუკუნეებისაა. ეს ხელნაწერები იყოფა სამ ჯგუფად: ხანმეტად, ჰაემეტად და სანნარევად (, ან -ანია ნახმარი მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად. ხანმეტი უფრო ადრეულია, შემდგომ მოდის ჰაემეტი და ბოლოს – სანნარევი ტექსტები). V-IX საუკუნეთა ხელნაწერები სასულიერო ლიტერატურაა. X-XII კი – ფილოსოფიური, საისტორიო და მხატვრული.
ხანმეტ ხელნაწერთაგან უნდა დავასახელოთ:
1. ქართულ-ებრაული პალიმფსესტი. ქართული ხელნაწერი V-VI საუკუნეებში უნდა იყოს შედგენილი იერუსალიმში (ებრაული გვიანდელია, XI საუკუნისა).
2. ხანმეტი ლექციონარი VII საუკუნის II ნახევრისა.
3. იერემიას წინასწარმეტყველების ოქსფორდული და კემბრიჯული ნაწყვეტები VI-VII საუკუნეებისა.
4. ესაიას წინასწარმეტყველების ფრაგმენტები VI-VII საუკუნეებისა.
5. იაკობის პროტოევანგელე და სხვა.
მომდევნო საუკუნეთა ძეგლებიდან აღსანიშნავია: სინური მრავალთავი, გადაწერილი იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში 864 წელს. იგი მაშინვე შეუწირავთ სინას მთის მონასტრისათვის. ესაა პირველი თარიღიანი ხელნაწერი. ხელნაწერი შესრულებულია ასომთავრულით, მცირე ნაწილი ნუსხურით. მისი შემქმნელია გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მაკარი.
საქართველოში დაცულ ძეგლთა შორის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი ადიშის ოთხთავია (მესტიის რაიონის სოფელ ადიშში 400 წელი ინახებოდა ეს სახარება). ხელნაწერი შესრულებულია 897 წელს. გადამწერია მიქაელი.
დიდი მნიშვნელობის ხელნაწერებია: ოპიზის სახარება (913 წ.), შატბერდის ოთხთავი (936 წ.), ჯრუჭის ოთხთავი (იგი 940 წელს მოუხატავს მხატვარ თევდორეს), პარხლის ოთხთავი (973 წ.) და სხვა.

უდიდესი ღირებულებისაა უძველესი ქართული ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებები: „წამებაი წმიდისა მოწამისა შუშანიკისი“ – ჩვენამდე მოღწეული პირველი ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც 476-482 წლებშია დაწერილი; „ევსტათი მცხეთელის წამება“, „აბო ტფილელის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ნინოს ცხოვრება“ და სხვა.

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლ. გეგუჩაძე –  „ქართული ენა“, 1997წ ნაწ. I
2. ინტერნეტ ბმული – http://www.amsi.ge

 


megobari saitebi

   

01.10.2014