ბრძოლის კოსმოგონიური კონცეფცია საქართველოს უძველეს სულიერ კულტურაში

ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოში იწყება გამოყენებითი ხელოვნების გარკვეული დიფერენციაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ცალკე გამოიყოფა საკულტო დანიშნულების მქონე ძეგლები, რომელნიც განსაკუთრებული შემკულობითა და სემანტიკური დატვირთვით გამოირჩევა. ბრინჯაოსაგან შესრულებული ნივთების ერთი დიდი ჯგუფის დეკორი გრაფიკულად არის შესრულებული (ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები, კოლხური ტიპის ცულები, აბზინდები).
დეკორის აგებასა და მხატვრულ გადაწყვეტაში აქ მთელი რიგი სიახლეები იჩენს თავს. კომპოზიციაში შემოდის მარტივი სიუჟეტი და დგება იმ დროისათვის საკმაოდ რთული ამოცანა, რომელიც გულისხმობს სიბრტყეზე ადამიანთა და ცხოველთა განლაგებას, სიბრტყეზე ფიგურათა განაწილებას – კომპოზიციაში გამოყოფილია დიდი ზომის გამოსახულებები, ფიგურათა ცალკეული ჯგუფები. ოსტატის ამოცანას წარმოადგენს აგრეთვე მოძრაობის ჩვენება, სიმეტრიისა და მეტრის ელემენტების დაცვა.
სარიტუალო ხასიათი აქვთ აგრეთვე ბრინჯაოს პლასტიკის მრავალრიცხოვან ნიმუშებს, ანთროპომორფულ და ზოომორფულ ქარდაკებებს.
საკულტო დანიშნულების მქონე ამ ძეგლების მხატვრულ გადაწყვეტაში ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეინიშნება: იქმნება და ფართოდ ვრცელდება ღვთაების ახალი სახე. ის წარმოგვიდგენს ადამიანს, ღვთაების გარკვეული ნიშნებით. ნაჩვენებია ღვთაებათა კავშირი ნაყოფიერებასთან, ბრძოლასთან, ხაზგასმულია მათი უფლებამოსილება და ძალა.
წინა პერიოდისთვის დამახასიათებელ ღვთაებათა განყენებულ სახეებთან შედარებით განსხვავება რადიკალურია არა მხოლოდ იდეის, არამედ მხატვრულად გამომსახველი ფორმის ახლებურად ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც.
აშკარად წარმოჩინდება ამ ხელოვნებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ახალი ნიშანი. იქმნება ადამიანთა მცირე ზომის ისეთი ქანდაკებები, რომლებიც პოზით, მოძრაობით, ატრიბუტებით მოითხოვენ მოქმედების თანამონაწილეს. ისინი წარმოგვიდგენენ ბრძოლისა და ფერხულის სცენებს, მესაკრავეებს და ა. შ. მათ საკრალური დანიშნულება უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესრულების მანერით ისინი ჟანრულ სცენებს წარმოგვიდგენენ.
ღვთაებათა ჟანრულ სცენებში ჩართვა გრაფიკული დეკორისთვისაც არის დამახასიათებელი. ბრინჯაოს სარტყლებზე გადმოცემულ კომპოზიციებში ხშირად გვხვდება ანთროპომორფულ ღვთაებათა ისეთი გამოსახულებანი, რომლებიც რიტუალურ ქმედებაში იღებენ მონაწილეობას. ხშირია ნადირობის, რიტუალური პურობისა თუ ცეკვის ამსახველი სცენები. მიუხედავად აშკარად გამოხატული მითოლოგიური შინაარსისა, ჩვენს წინ იშლება ტიპიური ჟანრული სცენები, გარკვეული სიუჟეტის საკმაოდ რეალისტური გადმოცემით.
საკრალური შინაარსის მატარებელი, სარიტუალო დანიშნულების მქონე ეს ძეგლები, ინარჩუნებენ უმჭიდროვეს კავშირს მითთან, და არქაული ხანის ადამიანის ცნობიერების შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩებიან. ადამიანის ცნობიერება ამ ხანებში, ჯერ კიდევ, მთლიანად მითით იყო განპირობებული. მისი სულიერების განმსაზღვრელ ერთადერთსა და ყოვლისმომცველ იდეას, ისევ და ისევ, კოსმოგონიზმი შეადგენდა. ის განსაზღვრავდა ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, მის ყველა სულიერ ღირებულებას. კოსმოგონიური იდეა ედო საფუძვლად სამყაროს არსის, მისი წარმოშობის, სივრცის, დროის, მიზეზის, შედეგის, სიკვდილ-სიცოცხლის, ბოროტებისა და სიკეთის თავისებურ გააზრებას.

sartyeli samTavros samarovanidan. detali

კოსმოგონიის მთავარი აქტი უფორმო ქაოსისაგან კოსმოსის, ანუ მოწესრიგებული სამყაროს შექმნა იყო. ეს უმნიშვნელოვანესი აქტი ადამიანის მითოსურ, საკრალურ მნიშვნელობის მქონე წარსულში იყო აღსრულებული. ამიტომ მითი ყველაზე მჭიდროდ წარსულთან, მითიურ ეპოქასთან იყო დაკავშირებული. სივრცისა და დროის თავისებური გააზრების გამო, დრო, ერთდროულად შექცევადიც იყო და შეუქცევადიც, დიაქრონულიცა და სინქრონულიც. ამიტომ წარსულში აღსრულებული საკრალური მოვლენები აწმყოშიც მოქმედებდნენ და მომავალზეც ვრცელდებოდნენ. არქაული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი დროის ციკლური განცდა გამორიცხავდა საწყისის ცნებას. ციკლური დროის თავისებურ სქემაში, თვით მრავალჯერ განმეორებადი კოსმოგონიაც აღარ განიცდებოდა როგორც საწყისი.
ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანი რიტუალის შესრულებით ახერხებდა მითოსურ წარსულში დაბრუნებას, პერიოდულად „აცოცხლებდა“ საკრალურ ხანას და სამყაროს შექმნის აქტს იმეორებდა.
ამგვარად, არქაული ხანის ადამიანი მუდმივად განიცდიდა დროის ორმაგი ბუნების ზემოქმედებას. ადამიანის პროფანულ დროში ცხოვრებას მისი საკრალური წარსული განსაზღვრავდა, ეპოქა, როდესაც შეიქმნა სამყარო და დაწესდა ადამიანური ცხოვრების წესი. ეს წარსული ადამიანის სულიერი ძალების საგანძურიც იყო, ვინაიდან მისი არსებობის რიგი, მისთვის დამახასიათებელი ღირებულებანი, პირველქმნადობის ეპოქაში იყო შექმნილი და წინაპართა მიერ განსაზღვრული.
არქაულ ცნობიერებაში მთელი სისრულით მოქმედებდა ოპოზიცია ქაოსიკოსმოსი. ადამიანის კოსმოგონიური ქმედება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პირველი კულტურული აქტი, ვინაიდან კოსმოსის დამკვიდრებით, ადამიანური მიკროკოსმის შექმნით, საზოგადოება ღირებულებათა სამყაროში შევიდა და კულტურის შემქმნელად გადაიქცა. ამ შემთხვევაში, კოსმოსი უნდა გავიაზროთ როგორც ისეთი ფენომენი, რომელიც მთლიანობაში ასახავს არქაული კულტურის ძირითად ბირთვს.

sartyeli TrialeTidan.
detali

sartyeli TrialeTidan.
detali

უსისტემო და უწესრიგო ქაოსისაგან განსხვავებით, კოსმოსში აუცილებელი წესრიგი უნდა არსებულიყო. იგი გაიაზრებოდა, როგორც განუყოფელი მთლიანობა, რომელშიც ყველაფერი კანონზომიერად მიმდინარეობდა, ყველა საგანსა თუ მოვლენას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყო, ერთმანეთისაგან გამომდინარეობდა.
ამდენად, არქაული ხანის ადამიანისათვის, სამყარო ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, წინააღმდეგობრივიც. ისეთი ოპოზიციების არსებობა, როგორიც არის ჩვენ-ისინი, შინა-გარე, კეთილი-ბოროტი, ნათელი-ბნელი, ყოველთვის დაპირისპირებას გულისხმობდა.
ამასთან ერთად, ეს დაპირისპირებული ოპოზიციები სავსებით ერთნაირად იყო მოწყობილი. მათ ერთნაირი მორფოლოგიური ელემენტები ახასიათებდა; განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ „თავის“ და „კეთილ“ სამყაროს დადებითი ნიშნები ჰქონდა, ხოლო „ბნელსა“ და „სხვის“ სამყაროს – უარყოფითი. ამ წინააღმდეგობათა მოწესრიგებას ადამიანი მითის საშუალებით ახერხებდა.
ქაოსის დამარცხება, კოსმოსის ანუ წესრიგის გამარჯვება, სიკვდილისაგან ახალი სიცოცხლის აღორძინება, სიკეთისა და სინათლის დამკვიდრება მხოლოდ ბრძოლით შეიძლებოდა. ამიტომ მითოსურ ცნობიერებაში ბრძოლა ერთ-ერთ უმთავრეს რიტუალად გაიაზრებოდა. ბრძოლა ისეთ რიტუალურ ქმედებას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობით ადამიანის უმთავრესი მიზნების განხორციელება იყო შესაძლებელი.

brinjaos culi yobanidan

gamosaxuleba culze

ამ ოპოზიციებში უმთავრესი კოსმოგონიური კონცეფცია იყო ასახული, მითში სამყაროს შექმნა გაიაზრებოდა არა მხოლოდ როგორც ქაოსის, სიბნელისა და ბოროტების დამარცხება, არამედ როგორც კოსმოსთან ერთად, სიკეთისა და სინათლის აუცილებელი გამარჯვება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიკვდილი მითში გაიაზრებოდა მხოლოდ როგორც გარკვეული ცვალებადობა, ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლა, ახლის აუცილებელი დაბადება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქაოსიდან კოსმოსს აღადგენდა და, ამდენად, შესაქმესთან იყო დაკავშირებული.
ი. ფონტენროუზი წერს, რომ მითებში წარმოდგენილი ქაოსი დემონებით ავსებული უწესრიგო მასის სახით იყო წარმოდგენილი. კოსმოსის შექმნა და, ამდენად, წესრიგის დამყარება ქაოსის დამარცხებამდე მიუღწეველი იყო. ამიტომ ქაოსს უფრო ხშირად დრაკონი განასახიერებდა. მას ქვეყანაზე წესრიგის დამამკვიდრებელი ღვთაება უნდა დაპირისპირებოდა. იგი უნდა ყოფილიყო დრაკონის მკვლელი და ახალი წესრიგის დამფუძნებელი. იგივე იდეას გულისხმობდა მითებში მონადირის ნადირთან შეხვედრა და ღვთაებრივი ნადირობაც.
ზემოთ განხილული უმნიშვნელოვანესი კოსმოგონიური კონცეფციის სახვითი ხატი ბრძოლის სცენებში იყო გადმოცემული. არქაული ხელოვნების ძეგლებზე ასახული ცხოველთა ბრძოლა, ღვთაებრივი ნადირობა, ურჩხულის ან ვეშაპების დამარცხება, ყოვლისმომცველი კოსმოგონიური იდეის სიმბოლოდ გაიაზრებოდა. ამდენად, ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე კოსმოგონიური ნიშანი.
მითისთვის დამახასიათებელი დრამატული სამყარო მთელი სისრულით არის გადმოცემული ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების კომპოზიციებში.
ამ ძეგლებზე სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. ქაოსში დრაკონები სახლობენ, კოსმოსში-ღვთაებები. ისინი ადამიანური ცხოვრების წესს მისდევენ. ამიტომაც ხშირად არის წარმოდგენილი ღვთაებათა ცეკვა, რიტუალური პურობის ამსახველი სცენები, რაც შეიძლება გააზრებულ იქნეს, როგორც ინიციაცია, კოსმოგონიასთან ადამიანის დაკავშირების საკრალური საშუალება. აქვე, სამყაროს „დაბადებისა“ და ქაოსის დამარცხების პროცესიც არის ნაჩვენები – მონადირე ისარს უმიზნებს ირემს და კლავს მას.

sartyeli samTavros samarovanidan. detali

სარტყლებზე ზოგჯერ მზის რამდენიმე გამოსახულებაა დადასტურებული. არის შემთხვევები, როდესაც მზე უშუალოდ თევზის გვერდით არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, სარტყლებზე ამ სიმბოლური სახეებით არის გადმოცემული მზის ყოველდღიური ციკლი ქვესკნელიდან ზეცაზე, ანუ სიმბოლურად არის ასახული მზის „სიკვდილი“ ქვესკნელში და ზეცაში მისი ხელახალი დაბადება.
ამგვარად, სარტყლების დეკორში ნაჩვენებია ის საწყისი წერტილი, რომელშიც შეიქმნა კოსმოსი, რომელიც ირემზე ღვთაებრივი ნადირობის შედეგად არის განხორციელებული. წარმოდგენილია ის საკრალური გარემო, რომელშიც ადამიანი იწყებს თავის არსებობას. სიმბოლოთა მეშვეობით იქმნება ახალი „უმაღლესი რეალობა“, რომელიც თუმც ილუზორული იყო, მაგრამ არქაული ადამიანისათვის რეალურად არსებული და ჭეშმარიტი.
სარტყლების თანადროულ ყობანში აღმოჩენილ ერთ-ერთ ცულზე წარმოდგენილ კომპოზიციაშიც ქაოსთან ბრძოლა და კოსმოსის დამკვიდრების იდეა უნდა იყოს ჩადებული. ცულის პირზე გველებთან მებრძოლი ანთროპომორფული არსებაა წარმოდგენილი. არქაული ხანის ადამიანისათვის ქაოსი ხომ მტრული ძალებით დასახლებული გარესამყაროა. ამ ძალებთან ბრძოლა, მათი დამარცხება კი, ქაოსის დაძლევისა და კოსმოსის დამკვიდრების მაუწყებელი. სწორედ ამას გვაუწყებს იქვე აღმართული ხე, რომელიც ახლადშექმნილი სამყაროს სიმბოლურ გამოსახულებად უნდა მივიჩნიოთ.

sartyeli TrialeTidan

არქაული ხანის ადამიანის წარმოდგენით, ქაოსის სრული განადგურება შეუძლებელი იყო. ქაოსში არსებული უარყოფითი ძალები განაგრძობდნენ არსებობას და პერიოდულად ემუქრებოდნენ კოსმოსის წესრიგს. კოსმოსი ქაოსის გარემოცვაში რჩებოდა და მის წესრიგს მუდმივი საფრთხე ელოდა. ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, ავადმყოფობა, ომიანობა, მითოსურ ცნობიერებაში გაიაზრებოდა, როგორც ქაოსის „გამოცოცხლება“, რაც ქაოსისა და კოსმოსის ახალი ბრძოლის დასაწყისად აღიქმებოდა.
მ. ელიადე, წერს, რომ ადამიანის მიკროკოსმის გარშემო არსებული დაუსახლებელი, იდუმალი სივრცე გაიაზრებოდა როგორც ქაოსი, ანუ ის, რაც წინ უსწრებდა შესაქმის აქტს; საჭირო იყო ამგვარი მიწების კოსმიზირება. სანამ ადამიანი ფეხს შედგამდა ამ ქაოსში, (ანუ ბრძოლის წინ), ის აუცილებლად ასრულებდა რიტუალებს, რომლებიც სიმბოლურად იმეორებდნენ შესაქმის აქტს. რიტუალის შესრულება, რომელიც კოსმოგონიის გამარჯვებას გულისხმობდა მტერზე აუცილებელი და სასურველი გამარჯვების საწინდარი იყო.

kolxuri culi

მტრის უარყოფით გააზრებაში მოქმედებდა აგრეთვე, ისეთი უმნიშვნელოვანესი ოპოზიცია, როგორიც არის _ „ჩვენ-ისინი“, რომლის არსებობა გარკვეული თვითშეგნების აღმოცენების მაჩვენებელია. ამდენად, არქაულ ხანაში სწორედ ეს ოპოზიცია განსაზღვრავდა ეთნოსებს შორის არსებულ ურთიერთობათა ხასიათს. ამ ოპოზიციის მოქმედების შედეგად გაცნობიერებული იყო „თავისი“ ქვეყანა, რომლის გარშემო უარყოფითი ნიშნების მქონე, ქაოტური, უცხო სამყარო იყო განფენილი.
ამ მხრივ საგულისხმოა ბატალური სცენის მომცველი ბრინჯაოს სარტყელი, რომელიც ლორეს ციხესთან იქნა აღმოჩენილი და დღეს ერევნის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. სიუჟეტურად იგი განსხვავდება სხვა ნიმუშებისაგან, რომლებზეც ნაჩვენებია ადამიანისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკრალური სამყარო, მასში მოქმედი ფანტასტიკური ცხოველებითა და ანთროპომორფული არსებებით. ამ სარტყელზე თითქოს იგრძნობა რეალური სინამდვილის გადმოცემის ცდა, თხრობითი ელემენტების სიჭარბე, გარკვეული სიუჟეტის გადმოცემა, რომელშიც მონაწილეობენ მხედრები, შუბებითა და ფარებით შეიარაღებული ფეხოსნები, წარმოდგენილია საბრძოლო ეტლი და ურემი.
სარტყლის შემორჩენილი ფრაგმენტები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განისაზღვროს აქ ასახული სიუჟეტი. მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მამაკაცის ორი დიდი ზომის გამოსახულება. შუბებითა და ფარებით შეიარაღებული ეს ფიგურები კომპოზიციის ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ, არიან გამოსახულნი. მათ სარტყლის მთელი სიმაღლე უჭირავთ. სწორედ მათკენ მიემართებიან კომპოზიციაში წარმოდგენილი მეომრები. მათკენვე მიემართება საბრძოლო ეტლიც. საფიქრებელია, რომ დიდი ზომის ეს ფიგურები წარმოგვიდგენენ ან სოციალურად დაწინაურებულ პირებს, მხედართმთავრებს, ან ომის ღვთაებებს, რომლებიც ბრძოლის დაწყების წინ, რიტუალურ მოქმედებას ასრულებენ, რაც ახალი, დასამარცხებელი ტერიტორიის საკრალიზაციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

sartyeli TrialeTidan
sartyeli TrialeTidan

ეს ძეგლი ნივთიერი დასტურია იმისა, რომ აქ მოსახლე ქართველური ტომები აღჭურვილნი იყვნენ იმდროინდელი მოწინავე სამხედრო ტექნიკით. მათ შესწევდათ უნარი, მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ ისეთი საშიში მტრისათვის, როგორიც იყო ურარტუს სამეფო, რომელმაც სწორედ იმ ხანებში აიღო გეზი მის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დასაპყრობად, მაგრამ მესხეთ-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ვერ შემოაღწია, ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა ცხოვრებაში ომი ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ხდება. ამას მეტყველებს ბრინჯაოსა და რკინის იარაღის სიმრავლე, რაც აუცილებელი იყო აგრესიული მეზობლების – ურარტელების, მიდიელებისა და სკვითებისაგან თავის დასაღწევად.
იარაღის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა აგრეთვე ამ პერიოდის სამლოცველოებიც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ სწორედ ამავე ხანებში ყალიბდება და საკმაოდ ფართოდ ვრცელდება ღვთაებათა ახალი იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც მეომარი ღვთაების სახელით არის ცნობილი.

anTropomorfuli meomari RvTaebebi
melaanis samlocvelodan
მეომარი ღვთაებების განსაკუთრებული სიმრავლით შილდის სამლოცველო გამოირჩევა. აქ დადასტურებული ტიპობრივად მრავალფეროვანი ანთროპომორფულ ქანდაკებათა ნიმუშები, როგორც სტილისტურად, ასევე ქრონოლოგიურად, ერთ წრეს განეკუთვნება. ისინი ყველა იმ ნიშანს ატარებენ, რაც მეომარი ღვთაებისთვის არის დამახასიათებელი. ფეხზე მდგომი, შიშველი, ითიფალური ფიგურები ერთნაირი აქსესუარებით არიან შემკული – ჩნდება სარტყელი, საკისრე რგოლი, სამაჯურები, საღვედე თასმები. ზოგიერთი აღჭურვილია მუზარადით, ფარითა და სატევრით. ზოგიერთს სხეულზე დატანილი აქვთ ზოლები, რომლებიც ზურგზე მთავრდება სხივებიანი წრით – მზით.
მეომარ ღვთაებებს განეკუთვნებიან აგრეთვე არღუნის ხეობაში აღმოჩენილი ანთროპომორფული ფიგურები, რომლებიც ხშირად მუზარადებითა და ხელშუბებით არიან აღჭურვილნი. ასევე არიან აღჭურვილნი კაჭრეთში აღმოჩენილი ფიგურებიც. ბრძოლის სცენებს ასახავს ყაზბეგის განძში შემავალი ქანდაკებების ერთი ჯგუფიც აქ ბრძოლის, მტერზე გამარჯვების, მოწინააღმდეგის დატყვევების, დასჯისა და ძლევის ამსახველი სცენები უნდა იყოს წარმოდგენილი.
მელაანის სამლოცველოს მთავარ ღვთაებას მარჯვენა ხელში უჭირავს ყანწი, ტანზე გადადებული აქვს ღვედი, რომელზეც სატევარია შეკიდული. შეიარაღებულია მელაანში აღმოჩენილი მეორე ფიგურაც.
მელი-ღელე II-ისა და მელაანის საკულტო ცენტრებს კ. ფიცხელაური ომის ღმერთის სამლოცველოებად მიიჩნევს. თუმცა ამასთან, იმასაც აღნიშნავს, ამ ძეგლებზე ასევე აშკარად ნაყოფიერების კულტის სიძლიერეც რომ არის დადასტურებული. ვფიქრობ, უფრო სწორი უნდა იყოს ი. კიკვიძის მოსაზრება: მისი აზრით, განვითარების ამ საფეხურზე, ომის ღმერთის არსებობა ნაადრევია და ნაკლებ სავარაუდებელი. ი. კიკვიძის აზრით - მელაანის სამლოცველოს ქანდაკებები ისეთი მეომარი ღვთაებები არიან, რომელთაც ჯერ არა აქვთ მოხსნლი ნაყოფიერების ფუნქცია. მათში ხაზგასმულია ამ ღვთაებათა ორი ფუნქცია: ნაყოფიერება – ფალოსი და მახვილი – ბრძოლა.

anTropomorfuli meomari RvTaebebi
Sildis samlocvelodan

anTropomorfuli qandakebebi
yazbegis ganZidan

ეს მოსაზრება შილდის სამლოცველოში აღმოჩენილ მეომარ ღვთაებებზეც უნდა გავრცელდეს. გარდა ამისა, აქაც, მიუხედავად მეომარი ღვთაებებისა და იარაღის სიმრავლისა, არანაკლები სიძლიერით არის წარმოდგენილი ნაყოფიერების კულტის ამსახველი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან და ნადირთა მფარველ ღვთაებასთან.
შილდის სამლოცველო მართლაც უაღრესად საინტერესო ძეგლია. მრავალრიცხოვანი მეომარი ღვთაებების გარდა, აქ საკმაო რაოდენობით არის აღმოჩენლი ქალღვთაებათა მცირე ზომის ქანდაკებები, ირმების, ორთავიანი ირმების, ფრინველების, ძაღლისებური ცხოველების ფიგურები, ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული სამყაროული ხის იმიტაციები.
როგორც ვხედავთ, შილდის სამლოცველოში წარმოდგენილია პლასტიკური სახეებით შექმნილი სწორედ ის სამყარო, რომელიც დიდი მრავალფეროვნებითაა ასახული ბრინჯაოს სარტყლების დეკორში. ამ კომპოზიციებში ეს ცხოველები სიმბოლურად გაიაზრებოდნენ. მათი ჩვენებით დაფიქსირებულია ადამიანთა შეხედულებები სამყაროზე, რომელიც კოსმოგონიის შედეგად იყო შექმნილი, დახატული იყო ის საკრალური გარემო, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა არქაული ადამიანის ცხოვრებაში.
ვფიქრობ, რომ ზევით განხილული სამლოცველოების განმსაზღვრელ იდეას კოსმოგონიზმი წარმოადგენდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად იდეას ამ პერიოდში, ბევრად ფართო, ყოვლისმომცველი სახე ჰქონდა მიღებული. იგი არა მხოლოდ ქაოსისაგან კოსმოსის შექმნას, წყლის, ხმელეთისა და ზეცის ერთმანეთისაგან გათიშვას გულისხმობდა, არამედ მასში ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ყველა ბუნებრივი მოვლენა, ნაყოფიერების, გამრავლებისა და კეთილდღეობის ყველა აუცილებელი პირობა იყო ჩართული.
ამ საკრალურ სამყაროში პერსონიფიცირებული სახით სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი, პოლისემანტიკური მნიშვნელობის მქონე ღვთაებები, ცხოველები, ციური მნათობები, სხვადასხვა საგნები როგორც ცოცხალი არსებები, ისე მოქმედებდნენ, ჩართული იყო მასში ადამიანიც. თანაზიარების პრინციპის მოქმედების გამო ადამიანი ამ გასულდგმულებელი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო და მიმდინარე პროცესების უშუალო თანამონაწილე.
ეს სამყარო სიმბოლურად იყო გააზრებული. ნაჩვენები იყო ამ სიმბოლოთა როგორც ფიზიკური, ასევე იდეალური მხარე, რის გამოც ხელშესახებ სახეს იძენდა ის, რაც საკრალური იყო, უხილავი. ამით ადამიანი სულიერ სამყაროში შედიოდა და პირველქმნადობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, სიმბოლურად გააზრებული ეს საგნები რეალურად არ არსებულის მაგივრობას სწევდნენ. ამით ისინი თავის უმთავრეს ფუნქციას ასრულებდნენ, აღბეჭდავდნენ სამყაროს, მაგიურად მოქმედებდნენ გარემოზე, ამავე დროს, ზუსტ ინფორმაციასაც გადასცემდნენ.
მითოსური ცნობიერება სამლოცველოს არსებობას სამყაროს საკრალურ ცენტრში გაიაზრებდა და მას, უპირველეს ყოვლისა, მედიატორის ფუნქციას აკისრებდა, იქ ქმნიდა ყველა პირობას საკრალურ ხანაში დაბრუნებისთვის, სწორედ აქ, ამ სამლოცველოებში სრულდებოდა დიდი მნიშვნელობის მქონე რიტუალები, რომლებშიც ადამიანის აუცილებელი რიტუალური სიკვდილი და კვლავ აღორძინება, თავისებური სახით კოსმოგონიური აქტის განმეორებაც იყო და იმის ნიშანიც, რომ ადამიანი ნაზიარები იყო თავის საკრალურ წარსულს და დაბადების სიწმინდეს. რიტუალს ყოველთვის გააჩნდა მითოსურ ხანაში შექმნილი საკრალური მოდელი, რომლის განმეორება იმის ნიშანი იყო, რომ ადამიანს შეთვისებული ჰქონდა სოციალურად მნიშვნელოვანი ყველა პრაქტიკული ქმედება.
სწორედ სამლოცველოში იქმნებოდა არქაული ადამიანის იდეალური სამყაროს სურათი, სრულად ვლინდებოდა მისი მსოფლხატი. ამ ხატს თ. გასტერი მიკროკოსმისა და მაკროკოსმის ანალოგიით, ტოპოკოსმს უწოდებს. მისი განსაზღვრით, ტოპოკოსმსს ორმაგი ბუნება აქვს. იგი დროის მიღმა არსებული რეალობაა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სულიერი, ასევე უსულო საგნები. ტოპოკოსმი მოიცავს როგორც აქ და ახლა მყოფს, აგრეთვე გარდამავალს. ტოპოკოსმი მარადიული დროის უწყვეტობაა, რომელშიც რეალური იდეალურის ფორმაში გადადის, ხოლო დროებითი – მარადიულსა და ტრანსცენდენტურში. ტოპოკოსმის ამაღლებული სული სრულად გამოხატავს ბრძოლას, სიკვდილ-სიცოცხლეს, ბნელსა და ნათელს, უნაყოფობასა და ნაყოფიერებას.
სწორედ აქ ვლინდებოდა მითის, როგორც არქაული აზროვნების წესის, სოციალურ-ფსიქოლოგიური ფუნქცია, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მითი მკაცრად იცავდა რწმენასა და ტრადიციულობას, ქმნიდა გარკვეულ ზნეობრივ პრინციპებს, ცდილობდა რიტუალის ეფექტურობისა და მისი შესრულების აუცილებლობის განმტკიცებას.
ადამიანის ძალისხმევა კოსმოგონიური ქმედებისკენ იყო მიმართული. ეს იდეა განსაზღვრავდა ადამიანის ყველა მიზანდასახულ მოქმედებას, განაპირობებდა მის მუდმივ ურთიერთობას საკრალურთან, სამყაროს სიმბოლური განახლების აუცილებლობას, რის შედეგად სამყარო თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება, ხდება ისეთივე ძლიერი, ქმედითი, იმავე პოტენციური შესაძლებლობების მქონე, როგორიც ის „დასაწყისში“, პირველსაგანთა და პირველქმნადობის ეპოქაში იყო.



სტატიის ავტორი – მანანა ხიდაშელი; ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, N
N2, თბილისი, 2002წ.



megobari saitebi

   

01.10.2014