კოდორის ზემო წელის (დალის ხეობა) საძიებო-არქეოლოგიური ექსპედიციის 2007-2008 წლების მუშაობის შედეგები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობით 2007-2008 წლებში სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმ. – რ.ხვისტანი) საძიებო სამუშაოები აწარმოა მდ. კოდორის ზემო წელზე, ისტორიულ დალში. 2007 წლის ივნისში ექსპედიციამ რეგიონში 12 დღე, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ერთი თვის ნაცვლად მხოლოდ 9 დღე იმუშავა, რადგან საომარი მოქმედებების გამო იძულებული გახდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას.
აღნიშნული რეგიონი, რომლის დასახლებული პუნქტები და ციხე-სიმაგრეები ანტიკური და შუასაუკუნეების მრავალ უცხოურ და ქართულ წყაროშია მოხსენიებული (ჰეკატე მილეტელი, ანასტასი აპოკრიასისი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე პროტიქტორი, სვინაქსარი გიორგი მთაწმინდელისა და სხვ.), გაჯერებულია სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლებით, რომელთა კვლევა დღემდე მცირე დაზვერვით სამუშაოებს (ი. ვორონოვი, შ. ჩართოლანი და სხვ.) არ გასცილებია. მხოლოდ მცირე დაზვერვითი სამუშაოების წარმოების საშუალებას (არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, მოსახლეობაში გაბნეულ, მიწის სამუშაოებისას სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის აღრიცხვა-ფიქსაცია და სხვ.) იძლეოდა სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მწირი ბიუჯეტიც.
სოფელ ომარიშალში, მთა შიყერის ძირში, მდინარე გვანდრის მარცხენა მხარეზე, ჰამლეტ ქოჩქიანის ეზოში, ექსპედიციამ გამოავლინა მეცნიერთათვის მანამდე უცნობი ციკლოპური (მეგალითური) ნაგებობის ნაშთი (31X11 მ.), რომლის კედლები მშრალად, უდუღაბოდაა ნაგები უხეშად დამუშავებული ლოდებით. სამწუხაროდ, ექსპედიციამ ვერ მოასწრო მდინარე გვანდრის სათავეების შემოწმება, სადაც, ადგილობრივების გადმოცემით, ანალოგიური ნაგებობების ნაშთებია შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ამავე რეგიონში, კერძოდ, სოფელ საკენში, გრანდიოზული ციკლოპური ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.
ციკლოპური სიმაგრეები და ნამოსახლარები, როგორც ცნობილია, გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილო კავკასიაში და სხვაგან. ციკლოპური მშენებლობა არც საქართველოსთვის იყო უცხო. ამ ტიპის ნაგებობებით განსაკუთრებით თრიალეთია მდიდარი, სადაც ამგვარი სიმაგრეებისა და საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთებია შემორჩენილი. მსგავსი ციკლოპური ნაგებობები, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ძვ.წ. III ათასწლეულიდან ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩათვლით იგებოდა. ომარიშალის ციკლოპური ნაგებობის ნაშთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მომავალი კვლევის საგანია. ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ამ ძეგლის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოებისას შემთხვევით აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაზე.

bana

yuaxvreliani qvis sabrZolo culi

აღნიშნულ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე ნივთიერი მასალიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცული, რომელსაც ფართოდ მომრგვალებული ყუა და ტანის ზედა ნაწილში დატანილი მრგვალი სატარე ხვრელი აქვს. სწორი ტანი პირისკენ თანდათან ფართოვდება და სამკუთხა ფორმას იძენს (სიგრძე – 9 სმ., სიფართე ყუის მხარეზე – 3,5 სმ., სიფართე პირის მხარეზე – 5 სმ., სატარე ნახვრეტის დიამეტრი – 2X2 სმ, მანძილი სატარე ნახვრეტის კიდიდან გვერდამდე – 1 სმ.). ტექნოლოგიურად როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ხეხვით ძალიან მაღალ დონეზე შესრულებულ, ხის სახელურის ხანგრძლივი დაგების შედეგად გაპრიალებულ, მრგვალ სატარე ხვრელში ხრახნისებური ნაწიბურები შეინიშნება. ზედაპირნაპრიალები ცული მკვრივი ქანის ქვისაგანაა დამზადებული. ცულის ყუა, პირი და სატარე ხვრელის უკანა მხარის გარეპირი დაზიანებულია.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცულები აღმოჩენილია გუმისთის ნამოსახლარზე, ლ. სოლოვიოვის მიერ გათხრილ #4 ყორღანში; ფსოუში, ახალ ათონში, ფიჩორის ცენტრალურ ბორცვზე და ფიჩორის #6 გუძუბაზე. ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცულები გვხვდება დასავლეთ საქართველოს ძვ.წ. III-II ათასწლეულების ნამოსახლარებზე (ერგეტა, ანაკლია I, განმუხური), ისპანში, საელიაოს კურზიას ადრებრინჯაოს ხანის ფენებში, საკირე გორაზე, ჭოლიპაში, ნოსირის ნამოსახლარის პირველ კულტურულ ფენაში და ოდიშის ნეოლითურ სადგომზე. ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცულები გამოვლენილია საჩხერეში (სოფ. ქორეთი, კარახტინის მინდორი, ცარცის გორა), შიდა ქართლში (სოფ. თერეგვანი, ოჟორა), სოფელ რუსთავში, ბორჯომის რაიონში და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში შემავალ ძეგლებზე. ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცულები გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპაში, სომხეთში (კეტი, აისტეგენე, გნიშეკა, ეჩმიაძინი, პეზმაშენი, გინდლიჟა, შენგავითი), დასავლეთ ევროპაში (ფინეთი, შვედეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი, საქსო-ტიურინგია და სხვ.), ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (ტროა II, თერმი I, ალისარი, თეფე-გავრა)1 და ჩრდილო კავკასიაში.
მკვლევართა აზრით, საბრძოლო ქვის კულტურებში ყუახვრელიანი ქვის ცულების დამზადების ტრადიციას სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე ადრე, ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, დასავლეთ ევროპაში ეყრება საფუძველი. შემდეგ იგი აქ არსებობას განაგრძობს ძვ. წ. III ათასწლეულსა და ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში. აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე საბრძოლო ქვის კულტურებში ამ რიგის იარაღები ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე ჩნდება.
ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიის ყუახვრელიანი ქვის ცულები ბრინჯაოს ხანის ევროპული ქვის კულტურის ხასიათს ატარებს. ანატოლიაში ამ ტიპის იარაღების ბალკანეთიდან, კერძოდ, დუნაის კულტურებიდან მოხვედრა ივარაუდება. მკვლევარები თვლიან, რომ დასავლეთ ანატოლიის პლატო ევროპულ და მესოპოტამიურ ცივილიზაციებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია, თუმცა ტროა II, თერმი I და სხვა ძეგლების ქვის ყუახვრელიანი ცულების ფორმები მათ ადგილობრივ წარმომავლობაზე მიუთითებს. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ქვის ყუახვრელიანი ცულები ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულს ჩნდება და ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ვრცელდება, თუმცა მათი ზოგიერთი სახეობა თავს გვიანბრინჯაოს ხანაშიც (ძვ. წ. XV-XII სს.) იჩენს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყუახვრელიანი ქვის ცულები ფიჩორის ცენტრალური ბორცვიდან (V ფენა) მომდინარე აბსოლუტური თარიღებითა და ქვის ყუახვრელიანი ცულების თანმხლები პროტოკოლხური მასალებით (ძირზე ჭილოფისანაბეჭდიანი კერამიკა, ჰორიზონტალური და წყვილადყურიანი ქოთნები, ჭურჭლის სარტყელზე ნათითურფოსოებით გამოყვანილი რელიეფი, თხელკეციანი შავპრიალა კერამიკა და სხვ.) ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ მეოთხედში (დაახლოებით ძვ. წ. XXI-XVII სს) ჩნდება.
აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში გავრცელებულ ცილინდრულნახვრეტიან ქვის ცულებში ცხრა ტიპია გამოყოფილი: სამკუთხა, სოლისებური, ბარისებური, ჩაქუჩისებური, კვერთხისებური, ყუიანი, ჯვრისებური, ფილაქვისმაგვარი და რომბისებური. საქართველოს ტერიტორიაზე ადრე და შუაბრინჯაოს
ხანაში ოთხი ტიპის ყუახვრელიანი ქვის (ცილინდრულნახვრეტიანი) ცულია გავრცელებული: ვიწროყუიანი და სოლისებურტანიანი, ტანისაგან გამოყოფილი ყუით, ფართოდმომრგვალებულყუიანი და რომბული. ქვის ცულების კულტურებში დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი სოლისებური და სამკუთხატანიანი ყუახვრელიანი
ქვის ცულები ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და გავრცელებულ ფორმადაა მიჩნეული. სოლისებური და სამკუთხა ფორმის ყუახვრელიანი ქვის ცულები საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში თითქმის სინქრონულ პერიოდში, ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ვრცელდება. დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ყუახვრელიანი ქვის ცულები ვ. მარკოვინს ჩრდილო კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის განვითარების ქრონოლოგიური ცხრილის პირველ ეტაპზე (ძვ.წ. 2000-1700 წლები) აქვს მოთავსებული.
მტკვარ-არაქსის (აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთის) ადრეული ყორღანების კულტურებში ყუახვრელიანმა ქვის ცულებმა, არსებული მოსაზრებით, ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან შემოაღწია. რეგიონალური სიახლოვის, ქვის ცულების ფორმათა იდენტურობის, ზედაპირნაპრიალობის, მასალის, ქრონოლოგიური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კოლხეთის დაბლობში მაგარი ჯიშის ქვისაგან დამზადებულ ამ ტიპის იარაღების ჩრდილოეთ კავკასიიდან შესაძლო იმპორტირება, ხოლო შედარებით რბილი ჯიშის ქვისაგან დამზადებული ნიმუშების ადგილზევე მიბაძვით დამზადება ივარაუდება.
ომარიშალის ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცული ფორმის მიხედვით (ფართოდმომრგვალებული ყუა, სოლისებური სამკუთხა ფორმა, მრგვალი სატარე ხვრელი) ძალიან უახლოვდება დასავლეთ საქართველოს დაბლობისა და მთისწინა ნამოსახლარებზე (ისპანი, საკირე გორა, გუმისთა, ჭოლიპა, ანაკლია II) გამოვლენილ ყუახვრელიან ქვის საბრძოლო ცულებს, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი მეოთხედით (დაახლოებით ძვ.წ. XIX-XVII საუკუნეები) თარიღდებიან. აღნიშნული ანალოგიების მიხედვით ომარიშალის ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცული ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი მეოთხედით შეიძლება განისაზღვროს. მიუხედავად იმისა, რომ ომარიშალის ყუახვრელიანი ქვის საბრძოლო ცული შემთხვევითაა აღმოჩენილი და უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების პროცესში არაა გამოვლენილი, ჩვენი აზრით, ის არ უნდა მოვწყვიტოთ მოცემულ გარემოს, რადგან იგი კონკრეტული კულტურული პუნქტის გარკვეული დროის ქვის ინდუსტრიის (საბრძოლო კულტურის) მკაფიოდ მეტყველი არტეფაქტია.

bana

qoTnis gverdebis fragmentebi "piramidiseburi" ornamentebiT

ომარიშალის ციკლოპური ნაგებობის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოებისას შემთხვევით აღმოჩენილ კერამიკული ნაწარმიდან (ადრეანტიკური კოლხური კერამიკისათვის დამახასიათებელი თავთავისებური და ტალღისებური ორნამენტებიანი ჭურჭლის ფრაგმენტები). ყურადღებას იპყრობს დერგის თუ ქოთნის გვერდების ფრაგმენტები, რომლებიც ე.წ. „პირამიდისებურ’’ ორნამენტით არიან შემკული. ჭურჭლის ქარსნარევ, აგურისფერკეციან ფრაგმენტებზე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ღარებით შექმნილ სამკუთხედში პარალელურად განლაგებული ფოსოებია დატანილი, ხოლო სამკუთხედის წვერზე კი მოზრდილი ფოსოიანი კოპია დაძერწილი. მსგავსი ორნამეტი დამახასიათებელია შუაბრინჯაოს მიწურულისა და ადრებრინჯაოს საწყისი პერიოდის კოლხური კერამიკისათვის. იგი მრავლადაა დადასტურებული ნოსირის ბორცვის II ფენაში, გულეიკარსა და ანაკლიაში.


bana

rkinis isrispiri

ამავე ძეგლის ტერიტორიაზე შემთხვევითაა აღმოჩენილი მსხვილ ნადირზე სანადირო პირდიდი, ფრთამაღალი ისრისპირი და წელში გამოყვანილი, სამუშაო პირისაკენ თანდათან გაფართოებული ვიწროტანიანი რკინის თოხი, რომლის ვიწრო სამუშაო პირი მოხერხებულია ბელტების დასამტვრევად და ფესვების ამოსაძირკვად.

bana

rkinis Toxi

მრგვალი სატარე ხვრელის დიამეტრიც წინა მხრიდან უკანა ნაწილისაკენ ოდნავ დაქანებულია, ისე, რომ ხის ტარი სატარე ხვრელში მჭიდროდ ჩამჯდარიყო და არ ამოვარდნილიყო. თოხის მთლიანი სიგრძეა – 20სმ, ტანის სიგრძე – 13სმ, სიფართე პირთან – 9სმ, სიფართე შუა ნაწილში – 4,5სმ, სიფართე ზედა ნაწილში – 4სმ. თოხის პირი შიდა მხრისაკენ დაფერდებულია, რათა უფრო მოხერხებული ყოფილიყო მიწის სამუშაოების წარმოებისას. მსგავსი რკინის თოხები აღმოჩენილია IV-VII საუკუნეების სამაროვნებზე (ლარის სამაროვნის #5 და #3 სამარხებში, აპუშთას სამაროვნის #5 სამარხში), და ათარის (ოჩამჩირის რაიონი) სამაროვნის #1 და #4 სამარხებში.

ამავე ძეგლზე ყურადღებას იქცევს სხვადასხვა ზომისა და ფორმის გრანიტის ბრტყელი ქვები, რომლებზეც 20-25 სმ დიამეტრიც მქონე მრგვალი ფოსოებია ხელოვნურად ამოკვეთილი, რომელთა სიღრმე 20-30 სანტიმეტრია. მათ შესაძლოა ხელსაფქვავად (მარცვლეულის სანაყი) ან ხის ბოძის საყრდენ-სამაგრად იყენებდნენ.
ანალოგიური ქვები ექსპედიციამ სოფელ საკენში, ადგილ „ნალზიგვარში“-ც დააფიქსირა.
ციკლოპური (მეგალითური) ნაგებობის (სიმაგრის) მეორე ნაშთი მდებარეობს სოფელ საკენის აღმოსავლეთ მხარეზე, საკენის ტბის სამხრეთით, მთების – ღვაღვასა (ჩრდილოეთი) და დარჩვს (სამხრეთი) შორის მდებარე ქვაბულის შემაღლებაზე. ძეგლს უნიკალური კონსტრუქცია აქვს: ლოდებით მშრალად ნაწყობი, 3-4 მ. სიფართის მქონ კედელი, რომლის შემორჩენილი სიმაღლე ზოგან 2,5 მ-ს აღწევს, რკალივით შემოუყვება დაახლოებით ორიათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას (განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი ჩრდილო მხარის გალავანი). გალავნის შიგნით, ძეგლის ცენტრში, შემაღლებაზე, მცირე მოცულობის კვადრატული ნაგებობის ნაშთია, საიდანაც თავდაღმართზე სხივებივით იშლება ქვაყრილების (კედლების?) ზოლები. ძეგლი ვიზუალურად აღწერილი აქვს ი. ვორონოვს. იგი ძეგლს ციკლოპურ ციხედ მიიჩნევს, მის შუაგულში შემორჩენილ ოთხკუთხა ნაგებობას კი სამსხვერპლოდ. აღნიშნული ავტორის ვარაუდით ძეგლი ბარიდან ალპურ საძოვრებზე გადაადგილებისას საქონლის თავშესაფრადაა შუასაუკუნეებში აშენებული. საქონლის თავშესაფარად ამხელა გრანდიოზული ნაგებობის აშენება, როგორც ი. ვორონოვი ვარაუდობს, არადამაჯერებელია, თუმცა ძეგლის ამგვარი დანიშნულებით გამოყენება, მოგვიანებით, მისი ძირითადი დანიშნულების დაკარგვის შემდგომ, შესაძლებელია.

bana

kodoris xeobis zemo weli. situaciuri ruka

როგორც ცნობილია, ეგრისი უძველესი დროიდან უკავშირდებოდა ჩრდილო კავკასიას სამთო გზა-გადასასვლელებით. ერთი ასეთი გზა მდ. ოქუმისწყალის სათავეებიდანაც გადიოდა. იგი მიუყვებოდა ბუნებრივად დაცულ წყალგამყოფ ქედებს – დადალძიხს, აფშარას და ხოჯალს, აქედან მთა დარჩვისა და შემდეგ მდინარე კოდორის ზემო წელის გავლით კლუხორის უღელტეხილით (კარებით) ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა (იხ. სიტუაციური რუკა) ოქუმისწყალის ზემო წელზე მრავლადაა შემორჩენილი ადრეული ხანის ციხე-სიმაგრეების ნაშთები (ჩხორთოლი, ღუმურიში), რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მიმავალ გზებს აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გზებით გადაჰყავთ დღესაც საქონელი ალპურ საძოვრებზე. ეს გზა, თავის დროზე, ალბათ დაკავშირებული იქნებოდა „დარინის გზასთან“, დიდ სავაჭრო მაგისტრალთან, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებს აკავშირებდა.
საკენის ციკლოპური ციხე, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა უკავია, კეტავს იმ ქვაბულს და ერთადერთ გზას, რომელიც ეგრისის დაბლობიდან ფანავის ქედის მთა დარჩვის გადმოლახვის შემდეგ ჩრდილო კავკასიაში გადადის. გამორიცხული არ არის, რომ საკენის ციკლოპური ციხის სახით საქმე გვქონდეს ჰეკატე მილეტელის (ძვ.წ. Vს.) მიერ მოხსენიებულ კორაქსების კედელთან თუ ციხესთან (აღნიშნული ავტორის ცნობით, კორაქსები აფხაზეთის მთიანეთში მოსახლეობდნენ). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კორაქსები დ. მუსხელიშვილს კოდორის ხეობის ზემო წელზე ჰყავს ლოკალიზებული. ეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი ამჟამად სოჭის ასწლოვანი ხეებითა და ეკალ-ბარდებითაა დაფარული და სათანადო გაწმენდამდე მისი სრული აღქმა ჭირს. ექსპედიციას განზრახული ჰქონდა მისი გაწმენდა, ტოპოგადაღება და სადაზვერვო თხრილების გავლება, რისი საშუალებაც, ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, არ მოგვეცა.
სოფელ საკენში, მდ. საკენის მარჯვენა მხარეზე, მთა შიყერის ძირში, ზაურ აფრასიძის სახლს ზემოთ შუასაუკუნეების ნაეკლესიარზე მცირე ზომის (6X4 მ) დარბაზული ეკლესიაა აშენებული. აღდგენამდე ძეგლი აღწერილი აქვს ი. ვორონოვს. სოფელში მეორე აღდგენილი დარბაზული ეკლესიაცაა, რომელიც აგრეთვე აღდგენამდე აქვს აღწერილი ი. ვორონოვს, იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე.
ამავე სოფელში, ადგილ „ლამურყვამ“-ში შემორჩენილია ტყით დაფარულ ნაგებობის ნანგრევები. კედლები ქვისაა, კირის დუღაბზე, ვიზუალური დაკვირვებით ციხე-სიმაგრის ნაშთი უნდა იყოს. ადგილობრივების გადმოცემით მიწის სამუშაოებისას აქ ხშირად პოულობენ თიხის ჭურჭლისა და რკინის ნივთების ფრაგმენტებს.
რეგიონში ორი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეა, რომელთაც ადრე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭებოდათ, მათი მოვალეობა იყო სამთო-გადასასვლელების ჩაკეტვა–გამაგრება.
ერთ-ერთი მათგანი, ბიზანტიური წყაროების – ჩახარი, მდებარეობს სოფელ ჩხალთაში მდინარეების – ჩხალთისა და კოდორის შესართავთან, მარჯვენა სანაპიროზე, გზისპირას აღმართულ თვალწარმტაც კონცხზე, ბუნებრივად შემაღლებულ და ხელოვნურად თავმოკვეთილ კლდის თავზე. კლდის ზედა ბაქანი ხრამზე ამოზრდილ კედლებითაა გარშემორტყმული, რომლის შემორჩენილი სიმაღლე ზოგან 10 მეტრს აღწევს. მოედანზე რამდენიმე ნაგებობის ნაშთი ჩანს; გზისპირა ჩრდილო კოშკის ადგილზე ბოლო წლებში პატარა ეკლესია აუშენებიათ, რომელსაც სამხრეთის კედლის გასწვრივ განლაგებული რამდენიმე ნაგებობის ნანგრევი ემიჯნება. მოპირდაპირე მხარეს შირიმის ქვით შემოსილ ოთხკუთხა ნაგებობის (შესაძლოა ეკლესიის) ნასტი ჩანს. ქვედა იარუსის კედლებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის ეზოებია შემოზღუდული, სადაც რამდენიმე ნაგებობის ნაშთი და ჭიშკრის ფრაგმენტები შეინიშნება. ციხის კედლები უხეშად დამუშავებულ ქვის (გაბრო) კვადრებითაა ნაგები კირის მაგარ ხსნარზე. ციხე-სიმაგრე გაიგივებულია ბიზანტიური წყაროების „ჩახართან“. როგორც აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს, 555 წელს ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყებული მისიმიანები ჩახარის (ჩხალის) ციხეში გამაგრებულან, რომელიც ძველთაგანვე „რკინის ციხედ’’ ყოფილა ცნობილი. ციხე-სიმაგრის ნაშთები აღწერილი აქვს ი. ვორონოვს, რომელიც ზედაპირულად აკრეფილი მასალის (თიხის სამეურნეო და სამზარეულო ჭურჭლის ფრაგმენტები) მიხედვით ძეგლის შემორჩენილი კედლების აშენების დროდ IX-X საუკუნეებს მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ აქ უფრო გვიანდელი ეპოქების კედლების ნაშთებიც გამოიყოფა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1939 წელს აღმოჩენილია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს (527-565 წწ.) ოქროს მონეტა. ძეგლის ტერიტორიაზე შემთხვევითაა აღმოჩენილი ადრე შუასაუკუნეების ძველქართულ (ასომთავრულ) წარწერიანი ანტეფიქსი (დაცულია სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში, დაბა მესტიაში). ციხე-სიმაგრის დასავლეთით ნახევარი კილომეტრის მანძილზე, მცირე შევაკებულ ადგილზე, ადგილ „ლაგვანაში“, რომელიც აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით ხრამით მთავრდება და მხოლოდ ჩრდილოეთით ეკვრის ტყიან ფერდობს, ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ხვნის დროს დიდი რაოდენობით ამოდის ადამიანის ძვლები და თიხის ნაწარმი.
სოფელ ჩხალთაში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები, აგრეთვე ანტიკური ხანის რკინის იარაღები, სამაჯურები, მძივები და სხვ. სოფელ ომარიშალში, სოფლის ჩრდილო მხარეზე, სამხრეთის თავშესაფრისაკენ მიმავალ საავტომობილო გზასა და მდ. ყულუჩს შორის, მდინარის მარცხენა მხარეზე კლდოვან მაღლობის რელიეფს მორგებული, არასწორი ოთხკუთხედის ფორმის მქონე ციხის ნანგრევია.
კოშკებითა და ბურჯებით (კონტრფორსებით) გამაგრებული ციხის შემორჩენილი კედლები შემოსილია ადგილობრივი ქვის კვადრებით კირის ხსნარზე. ციხის ერთ კოშკს ოდესღაც კამარიანი გადახურვა ჰქონია, რომლის აღმოსავლეთით შემორჩენილია ციხის ჭიშკრის თაღიანი ფრაგმენტი. ციხის გალავნის კედლებს შიგნით ნაგებობების საძირკვლებია შემორჩენილი, რომელთაგან ერთი ნაგებობის კონფიგურაცია ქრისტიანულ ტაძარს ჰგავს. ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთის მხრიდან შედარებით იოლი მისადგომია, ამიტომაც ამ მხარეზე ღრმა თხრილი ყოფილა გაჭრილი, რომლის გასწვრივ, მიწაყრილში VII-IX სს-ით დათარიღებული აღვირის მოსართავის ბრინჯაოს რგოლებია აღმოჩენილი. ძეგლი გაიგივებულია ბიზანტიური წყაროების ციხე-სიმაგრე „ბოკერთან“. ბოკერი, ბუკერ, ბოკელ, ბუქლოონ სახელწოდებით ეს ციხე-სიმაგრე მრავალ უცხოურ და ქართულ წყაროში მოიხსენიება. მდ. კოდორის ზემო წელზე გეოლოგების მიერ სპილენძის მაღარო გამონამუშევრებია დადასტურებული. რეგიონის სამთამადნო წარმოების ამ ძეგლებიდან აღსანიშნავია ტვიბრაშერას მადანგამოსავალი (ღია კარიერი), რომელიც ძველი საინჟინრო-ტექნოლოგიური სპეციალიზაციის გადაწყვეტის საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ძეგლი ძვ.წ.II-I ათასწლეულებით თარიღდება. სოფელ ზემო აჟარაში, სოფლის ჩრდილო მხარეზე მდებარე ბორცვის ძირში, გულედანების ყანაში, სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისას, გადმოცემით, ხშირი ყოფილა ადამიანების ძვლების, ლითონის სამკაულებისა და კერამიკული ნაწარმის შემთხვევითი აღმოჩენები. აქ შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ფიბულის(?) ფრაგმენტი ყანის პატრონმა ჩვენც გადმოგვცა. ჯერ მოუწეველ ნათესების გამო აქ სადაზვერვო თხრილების გავლების საშუალება არ მოგვეცა. თხრილები მხოლოდ ყანის სამხრეთ მხარეზე, ღობის ძირში, ფერდზე იქნა გავლებული. აქ კულტურული ფენა არ დადასტურდა, მაგრამ ნაყარ ფენაში მრავლად ჩნდებოდა შუასაუკუნეების სამზარეულო კერამიკის ფრაგმენტები.
სოფელ მრამბაში, სოფლის სამხრეთ მხარეზე, ტყეში, ექსპედიციამ ლიტერატურეს უცნობი ეკლესიის ნანგრევი დააფიქსირა. ამავე სოფელში, მიქიანების სათიბში ნამოსახლარი დაფიქსირდა. აქ მიწის სამუშაოებისას შემთხვევით აღმოჩენილ კერამიკის ფრაგმენტებიდან ყურადღებას იპყრობს ქვევრების ძირები, რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. სავარაუდოდ შუასაუკუნეების სამაროვანი დაფიქსირდა სოფელ ომარიშარში, დევდარიანების სათიბში.
ექსპედიციამ ვერ მოასწრო სოფელ გენწვიშის ძეგლების დაზვერვა, სადაც საავტომობილო გზის ორივე (სამხრეთ და ჩრდილო) მხარეზე რამდენიმე ნაეკლესიარი და ნაციხარია. ექსპედიციამ აგრეთვე ვერ მოასწრო გვანდრაში, ხუტიაში და სხვა პუნქტებში მდებარე შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენების ადგილების შემოწმება. როგორც აღვნიშნეთ, ექსპედიციას 2008 წელს დაგეგმილი ჰქონდა მხარის არქეოლოგიური რუკის შედგენა, პირველ რიგში გასათხრელი და შესასწავლი არქეოლოგიური ძეგლების შერჩევა, საკენის, ომარშალისა და ჩხალთის ციხე-სიმაგრეების ტოპო და არქიტექტურული აგეგმვა. აგრეთვე ახალი არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, ზემო აჟარის სამაროვანისა და ომარიშალის მეგალითური ნაგებობის ტერიტორიების სადაზვერვო თხრილებით შემოწმება, რაც არ მოხერხდა აღნიშნული მიზეზების გამო. გვინდა ვირწმუნოთ, რომ ამჟამად ოკუპირებული რეგიონის ძეგლების შესწავლას ახლო მომავალში გავაგრძელებთ.




სტატიის ავტორი – რეზო ხვისტანი,
მასალა აღებულია წიგნიდან – „მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის“,  თბილისი, 2009წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014