ადრეფეოდალური რუსთავის ციხის  კონსტრუქციები

რუსთავის ციხის ტოპოგრაფია არაა რთული. მას უჭირავს 17.850 კვადრატული მეტრი ანუ 1,785 ჰექტარი. ზღუდის პერიმეტრი კი შეადგენს 420 მეტრს. ციხე გაშენებულია ვაკის შემაღლებაზე. ციხის ჩრდილოეთი გვერდი აღმოსავლეთ კუთხეში მარტო ორი მეტრითაა აზიდული, დასავლეთისა კი 3 მეტრით. რაც შეეხება სამხრეთის მხარეს, მისი შემაღლება ვაკიდან 6 მეტრს აღემატება. ციხის გეგმა მრგვალია, მაგრამ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე განზეა გაწეული, რითაც ამ ადგილას სწორი კუთხეა შექმნილი. ციხეს 18 კოშკი (A, C, D, E, F, G, H, I, I’, K, L, M, N, O, P, R, U, V) და 4 ბურჯი აქვს შერჩენილი (B, K’ T, W). მოღწეულია მეორე რიგის კედელთა ნაშთებიც  (E’-G’, K’-L,  M’-N’).
ციხის ჩრდილოეთი ნაგებობანი უშუალოდ მატერიკზეა აღმართული და ბევრგან იგი კედლების ქვეშ კენჭნარის სახით მოჩანს. აღსანიშნავია, რომ
C კოშკის ფუძედ აგრეთვე კენჭნარია აღებული, როგორც პირველი (IV-V საუკუნის) ისევე მეორე (IX-X საუკუნის) მშენებლობის დროს. საგულისხმოა, რომ ფუძეთა ეს სხვაობა სამ მეტრს აღწევს, მაგრამ ციხის კედლები ყველგან არ არის მატერიკზე უშუალოდ დაფუძნებულია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი (IV-V საუკუნის) და მეორე (IX-X საუკუნის) მშენებლობის თარიღების დადგენა გამთხრელ არქეოლოგებს ეკუთვნით.

rusTavis cixe nax.1

ციხის პირველი - IV-V საუკუნეების მშენებლობის დრუსოს (kуртина) წარმოდგენაზე საყურადღებო მასალას იძლევა დასავლეთ გვერდის LM, MN, NO და OP დრუსოები, რომელთა მიხედვით მათი სისქე 90 სანტიმეტრს უდრის, ხოლო კედლის სვეტებს - პილონებს შორის მანძილი 4,2 – 5 მეტრს შეადგენს. აგრეთვე დგინდება, რომ კედელი გარედან აღჭურვილი იყო აგურისა და გათლილი ქვით გაჯის ხსნარით აგებული „ ჯავშნით“ - შიგნითა პირი კი ჩასწორებული ქვითა და გაჯით იყო ამოყვანილი, ხოლო შუა სივრცე ქვითა, აგურითა და გაჯით ამოვსებული. კედლის ზურგზე მიყრდნობილი სვეტები სიგანით 90 სანტიმეტრია, კედლიდან კი 75 სანტიმეტრი გამოწეული. P - კოშკის შესწავლამ გაარკვია პირველი მშენებლობის ნაგებობათა საძირკვლის კონსტრუქცია. საძირკველი რიყის ქვითა და გაჯით იყო შესრულებული და საშუალოდ 70 სანტიმეტრ სიმაღლეზე იყო მიწაში ჩაშვებული. თვით კედელი აღიმართებოდა საძირკველზე ისე, რომ 10 – 15 სანტიმეტრი თარო დარჩენილიყო. კედლის გარეგანი შემოსვა - ჯავშანი საინტერესოდაა ნაგები. მაგალითად: MN - დრუსო მცირე ზომის კვადრებითაა ნაშენი (18X25,  25X20 სმ) და შემორჩენილი მცირე ფრაგმენტის მიხედვით ქვის ერთ ან ორ რიგს მერე აგურის ერთი რიგი გაუყვებოდა. ეს იზოდომის, ანუ სწორი რიგებითა და ერთი სიმაღლის თლილი ქვებით წყობის, შესანიშნავი ნიმუშია; იგი წააგავს ვარდციხის, შხეფის, ნოქალაქევის კედლების იზოდომის წყობას და, მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ამ ციხეებში ხსნარი კირისაა გაჯის ნაცვლად და აგური ან სულ არ არის შერეული, ან სხვაგვარადაა ჩართული წყობაში. დანარჩენი დრუსოები, რომლებიც კი შესწავლის საგნები გახდნენ, სხვანაირად არიან განხორციელებული. მაგალითად: NO დრუსოს ჯავშანი დიდი თლილი ქვებით და აგურითაა განხორციელებული. ყოველი ქვის რიგის შემდეგ აგურის რიგები მოჰყვება ვიდრე ნაკერის გავაკებამდე, რის შემდეგ მომდევნო ქვის რიგია დალაგებული და ასე შემდეგ. აქ აგურის რიგების ჩართვა, გარდა სილამაზისა, მშენებლობის პროცესის გაადვილებითაც არის გაპირობებული.
პირველი მშენებლობის კედლის სიმაღლის დასადგენად საყურადღებოა ციხის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, გვიანფეოდალურ ხანაში აგებული
ST კედლის ოცმეტრიანი მონაკვეთი, რომლის გარეთა პირი კალაპოტში - ყალიბში ჩასხმული დუღაბის სახეს ატარებს მთელ სიმაღლეზე. ეტყობა, ადრე აგებული კედლის გასამაგრებლად მის უკან აუგიათ ახალი კედელი და ძველი კედლის ზურგი ყალიბად გამოუყენებიათ. ამას მხარს უჭერს დუღაბი, რომელიც ძველი კედლის თავზედაც გადაუსხამთ. წლების მანძილზე ძველი კედელი მთლიანად დანგრეულა, ზემოდან გადასხმული დუღაბი კი - წინ ძალზე გამოწეულია ქოლგასავით. ეს დანგრეული ძველი კედელი, ჩანს, პირველი - IV –V საუკუნის - მშენებლობისა იყო, მაგრამ ქვითკირით ნაგები, რადგანაც მისი პილონი ახლად აგებული კედლის მასივში ჩარჩა და ქვითკირისაა. ეს გარემოება საშუალებას გვაძლევს პირველი მშენებლობის დრუსოს სიმაღლე 7 მეტრად ვივარაუდოთ. ზღუდე ქონგურებით უნდა დაგვირგვინებულიყო. გათხრების დროს მოპოვებული თლილი დიდი ქვები არ წარმოადგენდა ქონგურების რაიმე ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, ქონგურების დამაჯერებელი ნიშნები არ გააჩნიათ. ამიტომ როგორც პირველი - IV-V საუკუნის მშენებლობის, ასევე მეორე – IX – X საუკუნის მშენებლობის ქონგურები ქვის არ უნდა ყოფილიყო. პირველი მშენებლობის კედლების აგებაში აგურის ხმარება გვაფიქრებინებს, რომ ეს კედლები აგურის პარაპეტით იყო დაგვირგვინებული, ხოლო მეორე მშენებლობისა კი ალიზის, მით უფრო, რომ ამ კედლების ზედა ნაწილი მთლიანად  ალიზით ყოფილა ამოყვანილი. როგორც ავღნიშნეთ, პირველი მშენებლობის კედლების სისქე საშუალოდ 90 სანტიმეტრს შეადგენს და თუ პარაპეტი აგურნახევარი, ესეიგი 35 სანტიმეტრი იქნებოდა, ცოტა მეტი დარჩებოდა საბრძოლო ბილიკის ნაწილსაც. პარაპეტის სიმაღლე თუ სულ დიდი 1,9 მეტრი იქნებოდა, იგი მეომრებსაც დაიცავდა და ნივნივების დასალაგებლადაც გამოდგებოდა. 15 სანტიმეტრი სიგანის საისრე ბილიკიდან დაახლოებით 0,5 მეტრი სიმაღლიდან უნდა დაწყებულიყო. თვით პარაპეტის სისქის ფარგლებში, მარჯვნივ და მარცხნივ, საისრე - ამბრაზურა შიგნითკენ გაფართოებული უნდა ყოფილიყო, ხოლო დაბლა - გარეთკენ ქვემოთ დაშვებული. ცხადია, საბრძოლო ბილიკის სიგანე 55 სანტიმეტრი საკმარისი არ იყო და, ამიტომ კედლის სვეტებზე მორების გადება იყო საჭირო და მათზე ბილიკის გამართვა ნარჩენი ხით, ფიჩხით და გაჯით. ასეთი წესით საბრძოლო ბილიკის სიგანე ერთ მეტრზე მეტი გახდებოდა.

rusTavis cixe nax.2

როგორც აღნიშნული იყო, პირველი მშენებლობის კედლების აგებისას ხსნარად გაჯი იყო გამოყენებული, რომელიც სისველეს ვერ იტანს, ამიტომ საფიქრებელია, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე მშენებლობის ციხის ნაგებობები სახურავებით იყვნენ დაცულნი წვიმისაგან. კედლების გადახურვა არავითარ კონსტრუქციულ სიძნელეს არ წარმოადგენდა, საჭირო იყო (3) პარაპეტზე (13) მაუერლატის დადება და (2) კედლის სვეტებში სათანადო სიმაღლის (11) ბოძის ჩადგმა და მათზე (12) თავხეების დამაგრება. ამის შემდეგ, თავხეზე და მაუერლატზე (14) ნივნივების ჩამაგრება იყო საჭირო, ხოლო ამ ნივნივებზე (15) ლარტყების გამართვა. სულ ბოლოს ამ უკანასკნელზე (16) ყავრით ან კრამიტით სახურავის დაბურვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მ. ჩხატარაშვილის მითითებით 0 კოშკის გათხრისას აუარებელი კრამიტი აღმოჩნდა, ესეიგი კოშკები კრამიტით ყოფილა დაბურული. ცხადია, ამ სამუშაოების შესრულების დროს ნაწილების დასამაგრებლად იყენებდნენ ხის მანჭვალებს. პირველი მშენებლობის
C - კოშკს ჰქონდა ხის ნაწილების ბუდეები, რომელთა მიხედვით აქ ჩამაგრებული ხეები გათლილი, სწორკუთხოვანი ძელები ყოფილა. ჩანს, ანტიკური ხანის ტრადიციები კიდევ ცოცხალი ყოფილა ტექნიკაში და, ამის გამო, აღდგენაში მთელი ხის მასალა გათლილად წარმოვადგინე, მხოლოდ ერთი ბოძი ვაჩვენე მრგვალი სახით, ბედენური დედაბოძის მსგავსად.

rusTavis cixe nax. 3

დასაწყისში აღნიშნული იყო, რომ ციხე მრგვალია, და ამის მიუხედავად, პირველ მშენებლებს მხოლოდ სამი კოშკი აუგიათ; ყოველ შემთხვევაში დანარჩენის კვალი მიგნებული არ იყო. კოშკები სწორკუთხოვანია და მათგან ყველაზე მეტად წინ გატანილია C - კოშკი . იგი ამასთანავე ღრუცაა. მის იატაკს მატერიკი (კენჭნარი) წარმოადგენს, ხოლო იატაკის დონე უდრის 405,22 მეტრი კოშკის დასავლეთი კედელი მთლიანად, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთისა თითქმის სანახევროდ - ახალი კედლითაა შეცვლილი, რის გამოც კოშკში შესასვლელი კარის არსებობაზე არაფრის თქმა არ შეიძლება. იატაკიდან 2,05 მეტრ სიმაღლეზე ორი სწორკუთხოვანი ძელის ჩასამაგრებელი ბუდეა, სამხრეთის კედელზე კი მიყრდნობილია სვეტი 1,03 მეტრი სიგანისა და ნახევარი მეტრით შიგნით შეწეული, რომლის დანიშნულება ნათელი არ არის. კოშკი გარედან თლილი ქვებითაა ნაგები, რომელთა ნაკერების მოსასწორებლად აგურია ნახმარი. აღსანიშნავია სამხრეთის კედლებზე გარედან მიდგმული ალიზის მცირე ნაშთი, რომელსაც გარედან გაჯის 2 სანტიმეტრიანი შელესვა აქვს შერჩენილი. ალიზის კედლის სიგანეა დაახლოებით 70 სანტიმეტრი. კოშკის კედლები ისევე,როგორც სხვა ამ ხანის ციხის ნაგებობანი გაჯის ხსნარის გამოყენებითაა განხორციელებული. ეს კოშკი აღდგენაში 404,22 მეტრ დონეზეა დაფუძნებული რელიეფის გამო. ქვედა ნაწილი 1,5 მეტრ სიმაღლეზე ალიზის პერანგითაა შემოსილი, რომელიც გარედან გაჯითაა შელესილი, მოპოვებული მცირე ნაშთის მიხედვით. კოშკის სიმაღლე კი დრუსოსაზე მეტრით მაღლაა; გადახურვა კი განხორციელებულია ორქანობიანი კრამიტის სახურავით. ამ მშენებლობის ორი დანარჩენი კოშკი აგრეთვე სწორკუთხოვანია, მაგრამ მასიურებია, ლეონტი მროველის ტერმინოლოგიით „ უმცველო კოშკებია“. P - კოშკის სიგანე უდრის 5,4 მეტრს; მას სამხრეთიდან დრუსო 1,6 მეტრს შიგნით ადგება, ჩრდილოეთიდან კი 1,1 მეტრს რაც შეეხება p - კოშკს, იგი კიდევ უფრო ვიწროა, მხოლოდ 3,4 მეტრი, მაგრამ უფრო წინაა გამოზიდული ისე, რომ სამხრეთის კურტინა მას 2 მეტრი უფრო შიგნით ადგება, ხოლო ჩრდილოეთისა 2,7 მეტრზე. ეს კოშკები ქმნიდნენ საბრძოლო დამატებით მოედნებს, საიდანაც განსაზღვრულ მანძილზე გასწვრივი, ფლანკირებული სროლით იცავდნენ ციხის კედლებს. ყურადღებას იპყრობს ზღუდის ზოგიერთი ტეხვის ახლოს შვერილების შექმნა, რომლებიც 40 – 80 სანტიმეტრს მერყეობენ ასეთ ნაშვერებში ამბრაზურის გამართვა ფლანკირებული სროლისათვის, რომლის ერთ-ერთი ვარაუდი ნახაზზეა წარმოდგენილი. ასეთია რუსთავის ციხის IV–V საუკუნის მშენებლობის სურათი სადღეისოდ. საგულისხმოა მშენებლობისათვის პილონებიანი კედლის შერჩევა მასალისა და სამუშაოების ეკონომიის და საბოლოოდ დროის დაზოგვის მისაღწევად. ამასვე მეტყველებს ხსნარად გაჯის ხმარება, რომელიც უმალ მაგრდება, მაშინ, როცა კარის ხსნარს გასამაგრებლად ძალზე დიდი დრო სჭირდებოდა.
ამგვარად, მშენებელთა წინაშე ერთ მთავარ საკითხად მდგარა: ციხის სწრაფად და ისე აგება, რომ მას უმალვე შესძლებოდა მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება მშენებლობაში სუფთად თლილი ქვების გამოყენება. ეტყობა იმ დროს დახელოვნებულ ქვის მთლელთა დიდი რაოდენობით ციხის მშენებლობაში ჩართვაც დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. ჯავშნის ნაირნაირად გამშვენება კი რამდენიმე კალატოზთუხუცესის მუშაობაზეც მიგვანიშნებს.

rusTavis cixe nax. 4 rusTavis cixe nax.5

სულ სხვაგვარია რუსთავის ციხის IX – X საუკუნეების მშენებლობა. თვალში საცემია კოშკების სიმრავლე, რომელთა რიცხვი 16 აღემატებოდა, და აგრეთვე მათი დიდი ზომები, რომელთა დიამეტრი 10, 9, 7 და სულ მცირე 4,5 მეტრს შეადგენს. მთელი ეს სისტემა მკვეთრად განსხვავდება პირველი მშენებლობის სისტემისაგან. კოშკების სიუხვემ კურტინების სიგრძე შეამცირა და ყველაზე დიდი LM - დრუსოს სიგრძე 23 მეტრი გახდა, რითაც ციხის დაცვა გაადვილდა და გაუმჯობესდა, რადგანაც მშვილდ-ისრის გარდა შუბის გამოყენებაც შეიძლებოდა ციხის დასაცავად. კოშკების დართვასთან ერთად დრუსოების წინა ხაზიც საგრძნობლად წინ გადაადგილდა, რითაც საბრძოლო ბილიკი ხის მორების გამოყენების გარეშე გაფართოვდა. კოშკებისა და დრუსოების ქვედა ნაწილები შეჯავშნულია აგურნარევი ქვითკირით, სადაც დიდი ზომის თლილი ქვები უხვათაა ნახმარი. დრუსოებიც აგურნარევი ქვითკირითაა შეჯავშნული და მათ შორის MN NO დრუსოების წყობის რიგებში ჩართულია დიდი ზომის ქვები. C - კოშკის ჯავშანს სამხრეთის კუთხესთან მიწიდან 3 მეტრ სიმაღლეზე ალიზი აქვს დაწყობილი გაჯის ხსნარზე. ჩანს, ამ კოშკს 405,22 მეტრ დონემდე ქვა-აგურის ჯავშანი ჰქონდა გამართული, მის ზემოთ კი - გაჯის ხსნარზე ალიზი იყო დაწყობილი. საფიქრებელია, რომ სიმაგრის შესანარჩუნებლად ალიზის წყობა გაჯით იყო შელესილი, რომლის სისქე 2 – 3 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო. ალიზის აგური კვადრატული (38 X 38 სმ) იყო, სისქე 9 სანტიმეტრი, ხოლო გაჯის ხსნარით შექმნილი ნაკერები უმეტესად 3 – 5 სანტიმეტრს უდრიდა. მეორე მშენებლობის დროსაც კურტინების სიმაღლე დაახლოებით 7 მეტრი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება კოშკის სიმაღლეს, მეტრითა და ცოტა მეტით უნდა ყოფილიყო დრუსოებისაზე უფრო მაღალი. როგორც დრუსოებზე, ისე კოშკებზე 1,9 მეტრ სიმაღლის პარაპეტია ნავარაუდევი. ამის მიხედვით, მაგალითად მეორე მშენებლობის C - კოშკის სრული სიმაღლე დაახლოებით 11 მეტრი უნდა ყოფილიყო.
რადგანაც მეორე მშენებლობის კედლებიც და კოშკებიც ალიზით მთავრდებოდა  და ამის გამო, პარაპეტები, საბრძოლო ბილიკები და კოშკების დამაგვირგვინებელი მოედნები ალიზის და მიწისა ჰქონდა, საჭიროებდნენ წვიმისაგან დაცვისა და სახურავის გამართვას. კრამიტის სახურავი შეეძლოთ გაემართათ, როგორც ხის თლილი მასალით, ისე დაუმუშავებელი მრგვალი ხითაც.
რუსთავის ციხის IX–X საუკუნის თავდაცვით სისტემაში აშკარადაა გამოხატული მოკლე კურტინების შექმნა, კედლების სისქის გადიდება და ჯავშნის სიმტკიცის გაზრდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ამ დროს გარემოცვის საშუალებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო თვით ომები მძაფრი და დაუნდობელი გახდა.



სტატიის ავტორი – კონსტანტინე მელითაური;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“
N51, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1979 წ.

მასალა ადაპტირებულია  მარი კუთხაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge.

 


megobari saitebi

   

01.10.2014