ბუხრის ნიმუშები საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმიდან   

ქვის დამუშავება ანუ „ქვით ხუროობა“ ხელოსნობის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა ძველი ქართული წერილობითი ძეგლების შესწავლის საფუძველზე დაადგინა რომ სამშენებლო ხელოვნება ძველ ქართულში ერთი საერთო ტერმინით აღინიშნებოდა და მას „ხუროობა“ ეწოდებოდა. ხუროობას ხურო განაგებდა ტერმინი „ხურო“ ასე განმარტებული სულხან-საბა ორბელიანისა და ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებში: „ხურო მთლელი“ „ხურო ხელოსანი, მთლელი ძელთა ანუ ქვისა“. თავის მხრივ ხუროობა რამდენიმე დარგად იყოფოდა-ხით ხუროობა, ქვით ხუროობა, კირით ხუროობა. ამასთან ერთად ცნობილია, რომ „ქართული სამშენებლო ხელოვნების საფუძველს ხით ხუროობა წარმოადგენდა და ქვის ხუროობის ტრადიცია იქიდან მომდინარეობს; თუმცა, ქვით ხუროობასაც საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ამის დასტურია ეკლესია-მონასტრების ნატიფი გემოვნებითა და ფილიგრანული ტექნიკით შესრულებული ჩუქურთმები, ბუხრის კამარის ორნამენტით შემკობის ტრადიცია და ასე შემდეგ.
საჭირო ქვის მოპოვება და მისი შემდგომი დამუშავება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და გარკვეულ ორგანიზაციას საჭიროებს. ქვის თლა გულისხმობს ქვის მოპოვებასა და დამუშავების მთელ პროცესს, მაგალითად: ბუხრისათვის (კამარა) ქვის მოძებნა (კლდიდან ჩამოტეხა თუ მიწიდან ამოღება), დამუშავება, მოჩუქურთმების ჩათვლით, და მთლიანად ბუხრის მშენებლობა ერთი მთავარი ოსტატის მოვალეობას შეადგენდა, რომელსაც დამხმარეებიც ჰყავდა. ამდენად, ქვის ხურონი, თავის მხრივ, რამდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ: ყოფილან ქვის მხდელნი, ქვის მომჭრელნი, ქვის გამომკვეთელნი, ქვის გამომკვერელნი.
ქვის - მხდელი ეწოდებოდა იმას, ვინც ქვას იღებდა; ქვის მკვეთელი იყო, ვინც ქვას სტეხდა. ქვის ამოღების შემდეგ მისი დაკვერვა წარმოებდა, ესე იგი საგანგებო იარაღით ასწორებდნენ მის ზედაპირს. სუფთად დამუშავებულ გათლილ ქვას ფიქალი ეწოდებოდა.
ძალზე სათუთ საქმეს წარმოადგენდა ქვაზე ჩუქურთმის, ორნამენტის ამოკვეთა. ქვაზე რთული გამოსახულების დასატანად იყენებდნენ ფიცრის ან თუნუქისაგან გამოჭედილ ანდაზას (თარგს).
ქვითხუროობის საუკეთესო ნიმუშები დაცულია საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში. ამჯერად გამოვარჩევთ მუზეუმში ექსპონირებულ ბუხრებსა და ბუხრის ქვებს.
„ბუხარი ეს (ე) თურქთა ენით არის. კვალად კედელთა შინა სახლისათა საცეცხლეთა დატანებულთა  ბუხარს უხმობენ. კვალად კედელსა სახლისასა საცეცხლესა  დატანებულსა ბუხარს უწოდებენ“, - განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი.
მუზეუმში ძირითადად ორი სახის ბუხარი გვხვდება - კამარიანი და სამთვალიანი. კამარიანი ბუხრები წარმოდგენილია მუზეუმში არსებულ ქართლის სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ნაწილობრივ იმერეთის ზონებში. აქ ბუხარი საცხოვრებლის ერთ-ერთ მხარეზეა მიშენებული. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი, რომელიც მუზეუმში წარმოდგენილია სამეგრელოს, გურიისა და ნაწილობრივ იმერეთის ზონების სახით, გვხვდება „სამთავიანი“, „სამთვალიანი“ ბუხარი.
ძალზე საინტერესოა ქალაქ ახალციხის რაბათიდან გადმოტანილი დარბაზოვანის ბუხარი. ინტერიერში კერა უკვე აღარ იკავებს ცენტრალურ ადგილს. იგი მოშლილია და დარბაზის ერთ-ერთ მხარეზე მიშენებულია ბუხარი,  რომელსაც მესხეთში „ოჯახს“ უწოდებენ. ბუხრის ძირითად თაღოვან ნაწილს ადგას ლავგარდანი, იგივე თარო, ხოლო უფრო ზემოთ თლილი ქვის კედელია აღმართული. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ხეზე ჩუქურთმა გვევლინება ინტერიერის შემკობის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, ყურადღებას იქცევს ბუხრის ქვაც, რომელიც ჩუქურთმის რთული კომპოზიციითაა დაფარული. ბუხარი ბრტყელი, თლილი, ადგილობრივი ჯიშის რუხი ფერის ქვისაგანაა ნაშენები.   

buxris nimuSi

ცნობილია, რომ კერის კულტი თავისი შინაარსით გვარის, ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი იყო, ხოლო კერა მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. ამიტომ იყო, რომ დიდი ყურადღება სახლის იმ ადგილს ექცეოდა, სადაც კერა, ცეცხლი იყო მოთავსებული. მას ამკობდნენ  აპოთროპეული დანიშნულების ორნამენტებით, ღვთაებების გამოსახულებებითა და სიმბოლური ნიშნებით. იქ სადაც კერა სახლის შუაგულიდან  ბუხარში იყო გადატანილი, ზემოხსენებული სახლის ატრიბუტები ბუხრის „ქამარზე“, კამარაზე, მის ზემოთ და გვერდებზე იყო გამოყვანილი.
ზემომოყვანილ კონკრეტულ შემთხვევაშიც ბუხრის დეკორატიული გაფორმება კამარაზე და თაროზე მოდის. ბუხრის ჩუქურთმა ჩაკვეთის წესითაა შესრულებული. ორნამენტში ასახვას პოულობს ხალხის სახვითი შემოქმედების უნარი, რელიგიური წარმოდგენები.
აღნიშნულ ბუხრის თაროზე ძირითადად გეომეტრიულ ორნამენტს ენიჭება უპირატესობა, ხოლო კამარაზე ვხვდებით როგორც გეომეტრიულ, ასევე მცენარეულ ორნამენტებს. კამარის ცენტრალურ ადგილს იკავებს სიცოცხლის ხის გამოსახულება. მას ორივე მხარეს სიცოცხლის ხის კიდევ ორ-ორი გამოსახულება უდგას. როგორც ცნობილია, სიცოცხლის ხე სხვადასხვა ჯიშის ხეებითაა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ალვის ხის სახით წარმოგვიდგება. ხეს წვერში ჯიხვის რქები ადგას.
ქართულ სალოცავებში ჯიხვისა და ირმის უამრავი რქა იყო დაცული. რქის მიმაგრება იცოდნენ საცხოვრებლის დედაბოძზე, საქონლის სადგომის - ახორის დედაბოძზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფოლკლორში ირემი და ჯიხვი ბუნების ნაყოფიერების ქალურ ძალებს უკავშირდებიან.
მცენარე და ცხოველი ერთი სამყაროს განმასახიერებელი მოვლენებია და სამყაროს უკეთ წარმოდგენის მიზნით ხდება ცხოველური და მცენარეული ელემენტის სინთეზი.
სიცოცხლის ხეს შემოუყვება ტალღისებური ხაზები. ნ. მარს დადგენილი აქვს ტალღისებური ხაზის მნიშვნელობა. იგი მისი აზრით, წყალს უნდა წარმოადგენდეს.
სიცოცხლის ხის ქვემოთ ვხვდებით გამოსახულებას, რომელიც ტიპიურია ხეზე და ქვაზე კვეთილი კავკასიური ორნამენტისათვის. ხევსურული ტერმინოლოგიის მიხედვით მათ უწოდებენ „ხუთანს“, სვანები „ვარსკვლავს“. ისინი ცის მცირე სხეულებს წარმოსახავენ. იგივე ორნამენტი მეორდება აჭარული ოდა-სახლის ბუხრის წინაპირზეც; და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, მუზეუმის არქეოლოგიურ უბანში წარმოდგენილ თიანეთის სიონის ბაზილიკის ჩუქურთმიან ქვებზე.
ქართული დედაბოძის შემკულობა მთლიანად გეომეტრიულ კომბინაციებითაა აგებული. ეს, ერთი მხრივ, ალბათ, მთის გეომეტრიული დეკორის გავრცელებამ გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ კი ბარში ძველი იდეოლოგიის გაქრობას ემყარება. ბარში საცხოვრებლისა და ბუხრების შემკულობაში აქა-იქ შემორჩენილია მდიდრული მცენარეული ხვეულები სიცოცხლის ხის მოტივი, ზოომორფული გამოსახულებებითა და ისტორიული ნიშნებით. ამის ნათელი მაგალითია მუზეუმში დაცული ბუხრის კამარა (საინტერესო ნომერი - ცმ. შნ 2775). ცენტრში ვხვდებით „ხუთანს“, ხოლო ქვის დანარჩენ ნაწილს ფაქიზად ამოკვეთილი მცენარეული ორნამენტი ფარავს.
ბუხრის კამარაზე (საინვენტარო ნომერი - ცმ. შნ 2560) ვხვდებით მრავალფრთიან გამოსახულებას). ე.წ. – „ბორჯღალას“ თანაბარი ზომის ფრთები ერთი ცენტრიდან, ერთი მიმართულებით გამოდიან და ბრუნავს წარმოსახავენ.
არანაკლებ საინტერესოა ბუხრის კამარა, რომლის რუხი ფერის თლილი ქვისაგანაა დამზადებული. ქვას კიდეებზე შემოუყვება გეომეტრიული ორნამენტები. გეომეტრიული ორნამენტის შემდეგ, კამარის ზედა ნაწილში ტალღისებური ხაზების ოთხი რიგია ამოკვეთილი. ბუხრის კამარას აქვს არაბული წარწერა. წარწერის ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, ვხვდებით ხანჯლის მსგავს გამოსახულებას. ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ ხანჯლის წვერი“ ქვემოთ კი არა აქვს მიმართული, არამედ ზემოთ. ხანჯლის ამგვარად წარმოსახვა საკმაოდ უცნაურია და გვაფიქრებინებს, რომ აქ რაღაც სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
თუ ხანჯლის ტარს გამოვრიცხავთ, დარჩენილი ნაწილი წიწვოვან მცენარეს მოგვაგონებს. წიწვოვანი მცენარე, ალბათ, სიცოცხლის ხის მოტივს წარმოსახავდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვის მთლელს სხვაგან, სხვა ბუხრის ქვებზე ნანახი ექნებოდა ასეთი წიწვოვანი მცენარის გამოსახულება, მაგრამ რამდენადაც მას შეიძლება აღარ სცოდნოდა ამ ორნამენტის სიმბოლიკა, იგი ხანჯლისათვის მიუმსგავსებია.

buxris nimuSi

რაც შეეხება მუზეუმში არსებულ ოდა-სახლების ბუხრებს, ისინი რამდენადმე განსხვავდება ჩვენს მიერ უკვე წარმოდგენილი ბუხრებისაგან. ერთ ფუძეზე გამართული ოდა-სახლის სამ თვალში გამავალი ბუხარი აშენებულია წითელი აგურით. „ტაფაზე“ (ცეცხლის დასანთები ადგილი) დაფუძნებულია ბუხრის ფეხები, ფეხებზე დაბჯენილია თაღიანი  „წინპირი“, რომელიც განიერი სასანთლეთი ანუ თაროთია მომთავრებული. ბუხრის ყელი სცილდება სახლის სახურავს და სხვენსა და მთავრდება აგურით ნაშენები ქუდით. ბუხარს ორნამენტი არა აქვს. აღნიშნული ბუხარი მთელი საცხოვრებლის - ოდა სახლის საყრდენს წარმოადგენს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საყურადღებო შემთხვევა - მუზეუმში სოფელ ყარაღაჯიდან გადმოტანილ დარბაზოვანში ერთდროულად არსებობს კერაც და ბუხარიც.
დარბაზის ინტერიერში ცენტრალურ ადგილს კვლავ კერა იკავებს, ხოლო კარაპანის ერთ-ერთ კედელში დატანებულია სამშენებლო აგურისაგან აშენებული ბუხარი. კერისა და ბუხრის ერთდროული არსებობა ერთ საცხოვრებელ კომპლექსში შეიძლება ასე აიხსნას - კერას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ფუნქცია, ხოლო ბუხარი თანდათან მკვიდრდება ყოფაში.
ამრიგად, მუზეუმში წარმოდგენილი ბუხრები და ბუხრის ქვები ყურადღებას იქცევს როგორც დამუშავების მაღალი დონით, ასევე ორნამენტის მრავალფეროვნებით. ისინი კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ საქართველოში ქვით ხუროობის განვითარების მაღალ კულტურას.    



სტატიის ავტორი – იზა გარსენიშვილი;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“,N#2, თბილისი, 1993 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014