თავდაცვითი ანუ სამხედრო ნაგებობები

XVI – XVIII საუკუნეები განსაკუთრებით მძიმე იყო არასტაბილურობის, ომების, შემოსევებისა და რბევათა მუდმივი საფრთხის გამო.
თუმცა, გარდა გარეშე მტრის შემოსევებისა, სიმაგრეთა მომრავლებას ხელს უწყობდა ქვეყნის მთლიანობის დაშლა, დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც ცალკეულ ქართულ სამეფო – სამთავროებშიაც გრძელდებოდა, წვრილ ფეოდალთა რიცხვის ზრდა და სხვა. ყოველ ფეოდალს, წვრილსა და მსხვილს, თავისი სიმაგრე უნდა ჰქონოდა: ეს მხოლოდ პრაქტიკული საჭიროებით ე.ი. გაუთავებელი შინაური აშლილობით, შინაური თუ გარეული მტრისაგან თავდაცვის აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი. ციხეს სიმბოლური მნიშვნელობაც ენიჭებოდა.
მართლაც, ამ დროს ციხეები არა მარტო ამილახვრებს, მუხრან–ბატონებს, ციციშვილებს, ჯავახიშვილებს, ორბელიანებს, არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავებს, ჩოლოყაშვილებს, ჩხეიძეებს, აბაშიძეებს, გურიელებს, დადიანებსა და შერვაშიძეებს ჰქონდათ, არამედ უფრო წვრილ თავადებსაც (ფალავანდიშვილის ციხე ძაღინაში, რატიშვილების – ქსოვრისში) და აზნაურებსაც (იაშვილების ციხე რაჭაში, სოფ. კლდისუბნის თავზე, მაღალაძეების კოშკები წინარეხთან, ჭილაშვილის ციხე მილახვრიანთკარში, ვეზირიშვილის კოშკი ოსიაურში, ფიცხელაურებისა და მილანიშვილების კოშკები პატარძეულში, თუშმალიშვილებისა მარტყობში, მახვილაძისა აბისში და სხვა).
აღნიშნული ხანა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების ხანაა. მეფის გაძლიერებასთან ერთად, ცალკეულ ფეოდალთა ინდივიდუალური სიმაგრეები ქრება ან მნიშვნელობას კარგავს. წინა პლანზე გამოდის ზოგადეროვნული, სახელმწიფო მნიშვნელობის ციხეები. ამ დროს ყოველი მიწისფლობელი თავის ციხეს იშენებდა და ამ ციხეში უმკლავდებოდა არა მარტო სახელმწიფოს მტერს, არამედ მეზობელსაც და, ხშირად, მეფესაც. ციხეები ტრადიციულად შენდებოდა ხეობების, გზების გადასაკეტად, რეზიდენციებისა და ქალაქების გასამაგრებლად. ე.ი. უეჭველია საუკუნეებით შემუშავებული რაღაც სისტემის არსებობა. მაგრამ ნამდვილად ერთიანი, ზოგადსახელმწიფოებრივი, გეგმითა და მასშტაბით სიმაგრეთა მშენებლობა ამ ეპოქაში მხოლოდ თეიმურაზ II – ისა და ერეკლე II – ის დროს, ე.ი. XVIII – ის მეორე ნახევარში გვხვდება. გარდა ორი მუდმივი მტრის – ირანისა და თურქეთის – მუქარისა, ამ დროს გაჩნდა ციხეთა მშენებლობის კიდევ ერთი ახალი ფაქტორი: ლეკიანობა. ლეკები სწორედ მაშინ იწყებდნენ მოქმედებას, როცა ქართველი გლეხი ციხე – გალავნებიდან თუ გამაგრებული სოფლებიდან სამუშაოდ უნდა გასულიყო.
ერეკლე II მედგრად ებრძოდა ლეკებს. მაგრამ შეიარაღებული ძალით ბრძოლა არ იყო საკმარისი. გადაუდებელ სახელმწიფოებრივ ამოცანად იქცა მოსახლეობის გასახიზნი ციხეების  მთელი  სისტემ ის  შექმნა. უმეტესად ეს იყო საგანგებოდ შემოზღუდული ადგილები ე.წ. გალავნები დიდ სოფლებში, სადაც მთელი კუთხის მოსახლეობას უნდა შესძლებოდა სასწრაფოდ თავის შეფარება საჭიროების შემთხვევაში.
XVI – XVIII საუკუნეთა მანძილზე საქართველოში გარდა ციხე – ქალაქებისა, არსებობდა სათავდაცვო ნაგებობათა შემდეგი სახეები: ციხე – სიმაგრეები, ციხე – დარბაზები, გალავნები, ცალკე მდგომი კოშკები, გამაგრებული ეკლესია – მონასტრები.
ა) ციხე – სიმაგრეები წმინდა სამხედრო – სათავდაცვო შენობაა. აქ მუდმივი რაიმე საცხოვრებელი – გარდა გარნიზონის სადგომებისა – არ არის. ციხე – სიმაგრეები ყველაზე მეტად იყო დაკავშირებული ზოგად – სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, რადგანაც მათი დანიშნულება უმთავრესი კომუნიკაციებისა და სტრატეგიული პუნქტების დაცვა იყო. იგულისხმება, რომ ციხე – სიმაგრეებში მუდმივი გარნიზონები იდგა ციხისთავის მეთაურობით. მტრის შემოსევების დროს კი აქ ფეოდალის ან თვით მეფის ოჯახიც შეიხიზნებოდა და, ზოგ შემთხვევაში, მოსახლეობაც. ციხე – სიმაგრეები ჩართული იყო ქვეყნის თავდაცვის საერთო ქსელში – ციხე – ქალაქებთან, ციხე – დარბაზებთან და კოშკებთან ერთად.
XVI – XVIII საუკუნეთა ეპოქამ წინა დროისაგან მემკვიდრეობით მიიღო უამრავი ციხე – სიმაგრე, რომლებიც განლაგებული იყო საქართველოს უმთავრეს გზებსა და ხეობებში, უმთავრეს სტრატეგიულ ადგილებში. ყველაზე დიდი და სახელგანთქმული ციხეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ პროვინციებში – თითქმის ყველა – ან ანტიკურ, ან უფრო მეტად, ადრინდელი და განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაშია შექმნილი (ფანასკერტელი, მგელ – ციხე, თეთრ – ციხე, ჯაჯის – ციხე, ხერთვისი, აწყური, სლესის ციხე, პეტრეს და გოგიას ციხეები ბორჯომში, ყველი, კოხტა, წრიოხი, ოქროს – ციხე ––– სამხ. საქართველოში სურამის, გორის, ფარცხისის, ბირთვისის ციხეები, ბებრის ციხე და სხვა. ––– ქართლში; შორაპანი, ტოლები, პეტრა – ციხისძირი, ვახანი, ჩხერი, კვარასციხე, მინდას – ციხე და სხვა. ––– დას. საქართველოში).
ბ) ციხე – დარბაზები ფეოდალთა გამაგრებული რეზიდენციებია. ციხე – სიმაგრისაგან განსხვავებით, აქ გარე გალავნის შიგნით მოთავსებული იყო საცხოვრებელი ნაგებობა – ზოგი სამეურნეო დანიშნულებისა, ზოგი მსახურთათვის განკუთვნილი. ხშირად ამავე კომპლექსში შედიოდა ეკლესიაც ან მცირე სამლოცველო მაინც.
გ) გალავნები, მათი ფუნქცია სავსებით გარკვეულია: მტრის შემოსევის (უმეტესად ლეკების თავდასხმის) დროს ამა თუ იმ კუთხის მთელი მოსახლეობის შეხიზვნა სარჩო – საბადებლიანად, ე.ი. უპირველეს ყოვლისა, საქონლიანად. გალავნები ვაკე ადგილას შენდებოდა, იქ სადაც  მოსახლეობა მჭიდროდ  იყო დასახლებული, ჩვეულებრივ, დიდ სოფლებში. მათი დანიშნულების შესაბამისად, გალავნები აღჭურვილი იყო ფართო ჭიშკრებით, რომლებშიც სწრაფად შეიძლებოდა დიდძალი ხალხის  – ქალების, ბავშვების, მოხუცებულთა, თვით შეიარაღებულ მამაკაცთა – სწრაფად შეყვანა და საქონლის შერეკვა. გალავნები შედგებოდა საკუთრივ კედლებისა და მათ ხაზში ჩართული კოშკებისაგან. ჩვეულებრივ, გალავანს არავითარი შიდა სათავდაცვო ნაგებობა – დონჟონი, „მაღლა ციხე“, ან სხვა რამე კოშკები – არ გააჩნია. საცხოვრებლად შეიძლება მხოლოდ ერთი – ორი კოშკი იყოს გამოსადეგი, სხვა რაიმე მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი სადგომებიც არაა. ზოგჯერ გალავანს მანამდე არსებულ ციხე – დარბაზს მიადგამდნენ ხოლმე. გალავნის დანიშნულებას ასრულებდა ცალკეული ეკლესიის ზღუდეებიც. გალავნებში გარნიზონები არ იდგა. უმეტესწილად გალავნები თავისი ფართობით დიდად სჭარბობდა ციხე – სიმაგრეებსა და ციხე – დარბაზებს, რაც აგრეთვე მათი დანიშნულებით აიხსნება.
დ) გამაგრებული  ეკლესიები და მონასტრები. აღსანიშნავია, რომ პატარა ეკლესია – სამლოცველო თითქმის ყოველ ციხესა და გალავანს ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ან კარის ეკლესია, ან ციხისა და გალავნის ეკლესია, რომელიც საჭირო იყო, რომ შეხიზნულ ხალხს „სულიერი საზრდო“ და საყრდენი არ მოკლებოდა, ლოცვა შესძლებოდათ. ამასთანავე, გალავანი ეწყობოდა უკვე არსებული დიდი ტაძრის გარშემო, როგორც ეკლესიის გასამაგრებლად, ასევე ხალხის გასახიზნად. ბუნებრივია, რომ ასეთ სახიზარ გალავანს აწყობდნენ დიდ ეკლესიებთან, რადგან ეს – სოფლელთა თავმოყრის მუდმივი და შეჩვეული ადიგლი იყო. თანაც, ამ ორი ფუნქციის გაერთიანება ამარტივებდა საქმეს. ამგვარად, ერთ შემთხვევაში გვაქვს ციხის ან გალავნის ეკლესია, მეორეში – ეკლესიის ციხე – გალავანი. ამის გარდა, არსებობდა ეკლესიები, რომელთა გალავანი საყოველთაო სახიზრად არ იყო განკუთვნილი; საკუთარი გალავნები ჰქონდა ქალაქებში მდებარე ეკლესიებსაც, მით უფრო, თუ ეს ეკლესიები ქალაქის საერთო გალავანსგარეთ  იყო დარჩენილი (მაგ., თბილისში ვანქის ტაძარს, ქვაშვეთს, კალოუბანს); სპეციფიკური იყო მონასტრების ზღუდეთა მშენებლობა: ეს ზღუდეები მუდმივ მოსახლეობას – ბერებს – იცავდა; თანაც მონასტრებში, გარდა ეკლესიისა და სენაკებისა, სამეურნეო შენობებიც იყო, აქ ხშირად დიდი სიმდიდრე ჰქონდათ დაცული (მონასტრების მამულებზე რომ არაფერი ვთქვათ). ცხადია, მონასტრები განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებოდა უამრავი მძარცველისა და დამპყრობლისათვის.
დღევანდელი მდგომარეობით,  სამონასტრო შენობების უმეტესი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, გალავნებიც ან აღარ არსებობს, ან XIX – შია შეცვლილი უფრო დაბალი ზღუდეებით; ეკლესიების გარშემო აგებული დღემდე მოღწეული ზღუდე ძალიან ცოტაა. გალავნების აბსოლიტური უმეტესობაც ან მთლიანად ხელმეორედაა აგებული XVI – XVIII სს – ში  ან საფუძვლიანად არის განახლებული.
ე) კოშკები. კოშკი სათავდაცვო ნაგებობათა ყველა სახეობის შემადგენელი ნაწილია. ზოგი მათგანი თანაბრად შეიძლება მიეკუთვნოს საცხოვრებელ შენობებსა და სათავდაცვო ნაგებობებს, სულ ახლოა მათთან სამრეკლოებიც. ამავე დროს, კოშკების არქიტექტურაში ხშირად იშლება საზღვარი მონუმენტურ ნაგებობათა და ხალხურ საცხოვრებელთა შორის: ამის მაგალითია სვანეთის, ხევის, ფშავ – ხევსურეთისა და მთა – საქართველოს სხვა კუთხეთა კოშკები და კოშკიანი სახლები.
თუმცა, კოშკი, არა მარტო სხვა შენობათა შემადგენელი ელემენტია, არამედ ბევრი მათგანი დამოუკიდებლადაც არსებობს, იგი შეიძლება გამოიყოს ცალკე ტიპად, სხვა ტიპების თანაბრად.
საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ცალკე მდგომი კოშკია დარჩენილი: მთაშიც და ბარშიც. სოფლებშიც და ტყიან ხეობებშიც. კოშკი ისტორიული საქართველოს პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს კოშკები ერთმანეთისგან, დანიშნულების მიხედვით მაინც შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ჯგუფი: ა) „წმინდა“ სამხედრო ე.ი. სახიზარი, სათვალთავლო, სასიგნალო, ბ) საცხოვრებელი – სათავდაცვო.
ყველაზე დაბალი კოშკები ორ სართულიანია, ყველაზე მაღლები, რამდენადაც ცნობილია შვიდ სართულიანი.
დანიშნულების მიხედვით განსხვავდება კოშკების მდებარეობა, დაგეგმარება და გამართულობა.
სასიგნალო და სათვალთვალო კოშკები ჩვეულებრივ სიმაგრეთა მთელ სისტემასთანაა ასე თუ ისე დაკავშირებული. ზოგი მათგანი რომელიმე დიდი ციხის ფორპოსტის როლს ასრულებს. ბუნებრივია, რომ მათ ან მაღლობ ადგილას – ზოგჯერ მაღალ კედლებზეც – აშენებდნენ, რომ მარჯვედ მოეხერხებინათ ნიშნის გადაცემა მტრის მოახლოების შესახებ; აშენებდნენ ასევე ხეობებში, გზების გაყოლებით, თვით გზის პირასაც (მაგ; ხიდიკარის კოშკები რაჭაში, რომლებიც რიონის ორ ნაპირზე,  კლდეებშია ჩაშენებული); ასეთ კოშკებს მტრის დროებითი შეფერხებაც უნდა შესძლებოდათ. სასიგნალო ფუნქცია სამონასტრო კოშკებსაც ჰქონდათ.
გასახიზნი კოშკები სოფლის განაპირას გვხვდება და  სოფლებშიც. ზოგი მათგანი, რა თქმა უნდა, ფეოდალებს ეკუთვნოდა, მაგრამ, არსებობდა ასევე სოფლის მოსახლეობის თავშესაფარი კოშკებიც, რომლებიც – უფრო მცირე მასშტაბით – გალავნის ანალოგიურ როლს ასრულებდა.
საცხოვრებელ – სათავდაცვო კოშკები სოფლებშივე მდებარეობდა, მეტ წილად ფეოდალური ანსამბლის შემადგენლობაში, ზოგჯერ სასახლესთან გადაბმულად, მაგრამ ზოგჯერ ცალკეც.
კოშკების გამართულობის მხრივ განსხვავება თვალსაჩინოა, იგი ორ მთავარ მუხლს ეხება: ა) წმინდა სამხედრო დანიშნულების კოშკებში ერიდებიან მუდმივი კიბის გაკეთებას: სართულები ერთმანეთს უკავშირდება მისადგმელი კიბეებით და სართულშუა გადახურვებში ამოჭრილი გასაძრომებით. საცხოვრებელ – თავდასაცავ კოშკებში დასაკავშირებლად მუდმივი კიბეებია. ბ) წმინდა სამხედრო დანიშნულების კოშკები ნაკლებ კეთილმოწყობილია და ნაკლებ განათებული: სარკმლები და ბუხრები იშვიათია, არის მხოლოდ სათოფურები. საცხოვრებელ – სათვალთავლო კოშკებში – ჩვეულებრივ, მეორე და მესამე სართულებზე – სარკმელებითა და ბუხრებით აღჭურვილი ოთახებია მოწყობილი. ამ ოთახების გადახურვა, უმეტესად, კამაროვანია (გუმბათი, შეკრული კამარა), კედლელბი, უფრო კი ბუხრები, დეკორაციული მოტივებითაა მორთული; საცხოვრებელ ოთახებთან გაკეთებულია საპირფარეშო. გვხვდება კოშკები, რომლებსაც ერთ–ერთ ზემო სართულზე აქვს აივანი, ან ისეთი ფართო თაღები, რომ სართული ფანჩატურს ემსგავსება.
კოშკები, ისევე როგორც ყველა სხვა სათავდაცვო ნაგებობა, ქვით შენდებოდა, იყენებდნენ აგურსაც.
სათავდაცვო არქიტექტურას –––  ციხე – ქალაქებს, სიმაგრეებს, კოშკებს და სხვ. დიდი ადგილი უჭირავს XVI – XVIII საუკუნეთა  ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ციხე – სიმაგრეები აუცილებელი და დამახასიათებელი ატრიბუტია ფეოდალიზმის ხანის ყველა საფეხურისათვის.                 





სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე;

მასალა აღებულია წიგნიდან – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, Iტ, თბილისი, 1983წ;     
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 


megobari saitebi

   

01.10.2014