შურისძიების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი ფშავის (ხალხურ) ჩვეულებით სამართალში

შურისძიების ინსტიტუტი, როგორც სხვა ეთნოსის, ასევე ფშავის სამართლებრივი ჩვეულებების ხერხემალს წარმოადგენდა. სწორედ შურისძიებით ჩადენილ დანაშაულთა საქმის გარჩევა და ამ მოტივით მოსალოდნელ ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებაზე ზრუნვა (შერიგება, საზღაურის გადახდა) განაპირობებს ძირითადად ხალხური სასამართლო პროცესის მთელ მექანიზმსაც.
ფშავური ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, შურისძიების ინსტიტუტი წარმოჩნდება შემდეგი ძირითადი ფორმებით:
1. მკვლელობა შურისძიებით;
2. სამაგიეროს მიზღვა (შურისძიება) სხეულის
დაზიანებისათვის;
3. შურისძიება ქალის მოტაცების გამო;
4. პატივისა და ღირსების შელახვისათვის
შურისძიება;
5. ქონებრივი შურისძიება.
აღნიშნულთაგან ამჯერად ჩვენი მიზანია შურისძიების ყველაზე მძაფრი ფორმის – შურისძიებით მკვლელობისა (`სისხლის აღება~) და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი თავისებურების, განხილვა. ფშავური სამართლით ცნობილ შურისძიების ინსტიტუტზეც ჩვენ ძირითადად წარსული ვითარების ამსახველი ცნობებით ვმსჯელობთ. ამასთან, ვეყრდნობით 1986-89 წლებში ჩვენი მონაწილეობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ტრადიციების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - `ქართული ჩვეულებითი სამართლის ლაბორატორიის~, მიერ ფშავ-ხევსურეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ ეთნოგრაფიულ მასალას. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ფშავის თაობაზე არსებული ეთნოგრაფიული წყაროებით დასტურდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა: მართალია, შურისძიების აქტი ჩვეულებითი სამართლით დაცულ-განსაზღვრული მოვლენაა, მაგრამ მას სრულებითაც არ ენიჭება გარდაუვალი, უალტერნატივო ქმედების მნიშვნელობა. კერძოდ, იგი, ერთი მხრივ, სავალდებულო, ჩვეულებითი სამართლის ნორმაა, მაგრამ ამავე დროს, იმავე ჩვეულებით სამართალში მტკიცედ ჩამოყალიბებულია ერთგვარი ალტერნატიული ნორმა, რომელიც მას უპირატესად პრევენციული ფუნქციით აღჭურვავს. მისი არსი კი მესისხლეთა შორის შერიგების მექანიზმში მდგომარეობს. მხარეების ნება-სურვილით, სამართლის კერძო საწყისიდან გამომდინარე, შესაძლებელია დანაშაულით გამოწვეული ყოველგვარი შუღლის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ფშავის სამართალში შურისძიების ინსტიტუტი საკმაო წარმატებით არის შეზღუდული მატერიალური საზღაურების (კომპოზიცია _ `სისხლის დაურვება~) სისტემით.
საქართველოს რეგიონებს შორის ფშავი ერთ-ერთი გამორჩეულია, სადაც კარგად არის გამოკვეთილი შურისძიების (სისხლის აღება) ჩვეულებისა და კომპოზიციის თავისებურებანი. ნათლად ირკვევა, რომ ეს ორი ერთმანეთისაგან, ერთი შეხედვით, თითქოს ცალ-ცალკე მდგარი სამართლებრივი ინსტიტუტი, სინამდვილეში ერთიან ინსტიტუტედ მოიაზრება და ერთმანეთს ავსებს, ე.ი. შურისძიების ინსტიტუტი თავის თავში მოიცავს თვით მატერიალურ საზღაურსაც, რაც სამაგიეროს მიზღვის ერთ-ერთ ფორმად აღიქმება, ისევე, როგორც, მაგალითად, სისხლის აღება. ასეთივე ვითარებაა ზოგადად, ქართულ ფეოდალურ კანონმდებლობაშიც, მაგალითად, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 63-ე მუხლში `სისხლის აღებაში~ სწორედ მატერიალური გადასახადი, სისხლის დაურვებაა ნაგულისხმევი და არა სისხლის აღება პირდაპირი გაგებით. ხსენებულ მუხლში, კერძოდ, ნათქვამია: `თუ ცოლი დაჭრას, ან დააშაოს, თუ ცოლს უნდოდეს, სისხლი აიღოს და გამოართვას...~.

დაკვირვება გვიჩვენებს, რომ კომპოზიციით, რომელიც ჩვეულებითი სამართლის წიაღშივე თვით შურისძიების ინსტიტუტის გვერდით ჩამოყალიბდა, სამართალშემოქმედმა ხალხმა გზა გადაუღობა სისხლის აღების პრინცი პის მძვინვარებას. სწორედ ეს თავისებურება აქვს მხედველობაში ნ. ხიზანაშვილს, როდესაც ფშავ-ხევსურული შურისძიების ინსტიტუტის ანალიზისას, სრულიად მართებულ დასკვნას აკეთებს: `როცა მძვინვარე შურისძიება მოისპო, მაშინ გაჩნდა ე.წ. დაურვება (სისხლის მიცემა, ცომპოსიტიო, წეზგელდ, Bუპა), ძველ დროს დაურვებაც საზოგადო ჩვეულება ყოფილა, ყველა ევროპულ ძველ სამართალში თითოეული დანაშაული და ბრალი დაფასებულია, დაურვება ნიხრს მიაგავს და წინადვე გადაწყვეტილია, ამა და ამ დამნაშავეს ამდენი უნდა გადახდესო. დაურვება შურისძიებისაგან წარმოდგება და თუმცა ისინი განსხვავდებიან, მაგრამ მსგავსებაც აქვთ. შურისძიება თხოულობს სისხლში ნამდვილი სისხლია საჭიროო, დაურვება კი, მსხვერპლს არ ნდომულობს და ამბობს, დამნაშავემ ფასით შეისყიდოს თავისი ბრალიო. მაშ შურისძიება დამნაშავეს პირადად სდევნის, ხოლო დაურვება დამნაშავეს ქონებაზე ყრილობს ჯავრსა და რომ დაურვებაც შურისძიების ნიადაგზე აღმოცენდა, ამას ისტორია მოწმობს: როცა დამნაშავე, მაგალითად, მკვლელი შურისძიების ასაცილებლად გადაიხვეწებოდა, იმის ქონება და მამული მოკლულის პატრონს რჩებოდა, ქონებასა და მამულს უნდა მიეცა პასუხი. სულ ძველად ამ ჩვეულებას მისდევდნენ, შემდეგ მთელ ქონებასა და მამულს თავი დაანებეს და სასისხლო ნიხრი შემოიღეს, რაც უნდა იყოს, დაურვება მაინც შედარებით მაღლა დგას შურისძიებაზე. იგი მაშინ აღორძინდა, როცა ვნებათა ღელვა დაცხრა და საზოგადოებაში მშვიდობა და სათნოება დამყარდა~. ფშაური ტერმინოლოგიიდან მოსისხლე მტრებს შორის ურთიერთობის გამოსახატავად ხმარობდნენ `მესისხლეობას~ (ან `მოსისხლეობას~), `მამკალ-მამკვდრობას~, `თავ-სისხლს~. მაგალითად, `თავ-სისხლი მართებსო _ თუ არ იყო მოკლული მტერი, თავ-სისხლი აიღოო _ როცა მოკლავდნენ და ანგარიშს გაუსწორებდნენ, ე.ი. თავ-სისხლი იყო მკვლელის მოვალეობა, აერო სისხლი, მესისხლეობა, ჩვენ ვეძახით მოსისხლეობას _ მკვლელსა და მოკლულის გვარს შორის ჩამოვარდნილი მტრობაა _ განმარტავს ფშაველი მთხრობელი. სხვა მთხრობლის განმარტებით კი, `თავ-სისხლი~, `მესისხლეობა~, მამკალ-მამკვდრობა ფშავურად ნიშნავს სისხლის აღების წესებს. თუ, მაგალითად, ერთი კაცი ჩაიდენდა მკვლელობას, მთელი გვარი მესისხლედ ითვლებოდა და პასუხს აგებდა. ვინც კლავს, იმას ეძახიან მამკლავს, ხოლო ვინც მოკლავს, იმას - მამკვდარს. თავსისხლი ნიშნავს იმას, რომ მამკლავს თუ მაჰკლავ, იმის სისხლს რომ აიღებ, ეს არის თავ-სისხლი~. არა ერთი მაგალითიდან ჩანს, რომ დამნაშავის მხრიდან დაზარალებულის სასარგებლოდ სათანადო საზღაურის გადახდა უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე მკვლელობისათვის სამაგიეროს მიზღვა. როგორც ირკვევა, ამას დამნაშავის მოკვლის, გაძევებისა თუ თვითგადახვეწის წესიც მნიშვნელოვანწილად უწყობდა ხელს. ამ შემთხვევაში, ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებსაც სასჯელის დანიშნულებაც ჰქონდა, ამავე დროს, კომპოზიციასთან ერთად, სისხლის აღების ერთგვარ შემაკავებელ გარემოებადაც გვევლინება. ასეთი გარემოებების არსებობა, რომელსაც კარგად იცნობს ხალხური სამართალი, არის მიზეზი იმისა, რომ ფშავში პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი შურისძიებით მკვლელობის შემთხვევები. როგორც ძველი, ისე შედარებით ახალი ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როგორც წესი, მკვლელობები აქ უპირატესად შერიგებითა და კომპოზიციების (სისხლის დაურვება) გადახდით მთავრდებოდა. მაგალითად, ერთი ხანდაზმული ფშაველი კონკრეტულ მესისხლეობის ფაქტზე თხრობისას იხსენებს: ... `მათ ვერ შეძლეს სისხლი აეღოთ... ხელი შეუშალათ იმ წესმაც, რომ ფშაველები ყოველთვის ცდილობდნენ სისხლის აღება და ახალი მკვლელობები თავიდან აეცილებინათ~.
სისხლის აღების პრინციპისადმი ასეთი შერბილებული დამოკიდებულება საქართველოს დანარჩენი ნაწილისთვისაც (მაგალითად, ხევსურეთი, გურია, აჭარა) არ ყოფილა უცხო და მიუღებელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ქართული რეგიონი (მაგალითად, სვანეთი), ამ მხრივ, როგორც ჩანს, მეტ პრინციპულობას იჩენდა. გასული საუკუნის სვანური სამართლის მკვლევრის, ბესარიონ ნიჟარაძის დაკვირვებით, სვანეთში მკვლელთან შერიგება ოდითგანვე სამარცხვინოდ ითვლებოდა და ასეთ მორიგებაზე წამსვლელ დაზარალებულ მხარეს ხალხი მკაცრი გაკიცხვის ნიშნად `უჭმელის მჭამელს~ (`უმაამუზვებ~) უწოდებდა.6 თუმცა ისიც ანგარიშგასაწევია, რომ, როგორც თვით ამავე ცნობითაც დასტურდება, პრაქტიკულად ამ პრინციპის დარღვევას მაინც ჰქონია ადგილი, რაც, თავის მხრივ, გარდა საზოგადოებრივი გაკიცხვისა და შერცხვენისა, სხვა უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, გინდაც სასჯელს, არ იწვევდა.
ქობულეთ-აჭარაში მიკვლეული ცნობებითაც, ამ რეგიონისათვის სისხლის აღება ასევე მკაცრად დაცულ პრინცი პს წარმოადგენდა და ამ წესისაგან გადახვევა - `სისხლის შეჭმა~, მეტად სამარცხვინოდ ითვლებოდა.7 მაგრამ რაიმე სასჯელის
არსებობა ამ ჩვეულების დაუცველობისათვის, არც აქ დასტურდება, ე.ი. დანაშაულის დამოუკიდებელ შემადგენლობად არ მიიჩნეოდა.

ამის მიზეზი კი, ცხადია, იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ სასისხლო ურთიერთობებში კერძო საწყისი ჭარბობდა საჯაროს (თემის, საზოგადოების დამოკიდებულება) დაზარალებულ მხარეს შეეძლო ესარგებლა თავისი უფლებით - სამაგიეროს მიზღვით დაესაჯა მოსისხლე მტერი, ანდა გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინებით, თავი შეეკავებინა ამ უფლების გამოყენებისაგან. ასეთ გარემოებათაგან კი იმავე აჭარაში დასტურდება მაგალითად, მოსისხლეს მიერ მტრის მოკვლის განუხორციელებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (მცდელობის მდგომარეობა). თუ მკვლელს ვერ მოკლავდნენ, დაჭრიდნენ ან ტყვიას ააცილებდნენ, ასეთ დროს შეიძლებოდა ხელი აეღოთ მისი მოკვლისაგან, რასაც ასე ხსნიდნენ: `ჩემი ხელიდან მკვდარია, ღმერთმა დაინდო, დღეი ჰქონებია და ვეღარ ვესვრიო~. ფშავთან შედარებით, უფრო მკაცრია ხევსურული შურისძიება, რომელიც შერიგებისას სისხლის აღების რიდით სოფლიდან გადახვეწილი `მეხელის~ (მკვლელი) სახლ-კარის დარბევასა და სოფლელებისაგან `ჭირის პატრონის~ `ცხვარ- ბატკნითა~ და კურეტით დაშოშმინებას და უკან გამობრუნებას გულისხმობდა. ასეთი რამ ფშავის სინამდვილეში არ დასტურდება. აქ შურისძიების ინსტიტუტი კომპოზიციის (სისხლის დაურვების) გავლენით აშკარად შერბილებული ჩანს.
დღევანდელ ფშავში პრაქტიკულად არ გვხვდება შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ფაქტები. მაგრამ უძველეს ჩვეულებებსა და "ანდერძებზე" (`ანდრეზი~) აღზრდილი საზოგადოების რწმენაში ჯერ კიდევ ცოცხლობს ტალიონის პრინციპის ერთგვარი ანალოგია (`სისხლი სისხლისა წილ~). ამიტომ დღესაც ხანდაზმულ ფშაველებს არ უჭირთ საკუთარი თვალით ნანახისა თუ გაგონილი შურისძიების მაგალითების გახსენება.
სამართლებრივი ჩვეულებების შემოქმედ საზოგადოებას არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწია იმ გვაროვნული საწყისებისათვის, რომლებშიც მძვინვარე შურისძიების პრაქტიკა თვითონვე კარნახობდა შესაბამისი ქცევის წესების (ნორმების) შემოღებას. ამიტომ იყო, რომ ჩვეულებითი სამართალი, ერთი მხრივ, ებრძოდა შურისძიებას, მეორე მხრივ კი, განსაზღვრავდა შურისძიების პირობასა და წესს, ე.ი. არაპირდაპირ აღიარებდა მას. სხვათა შორის, ასეთი პოზიცია ეკავა ძველ ქართულ კანონმდებლობასაც. ფშავის შესახებ ჩვენს მიერ ეთნოგრაფიული მასალებით თუ ვიმსჯელებთ, შურისძიება აქ თავის დროზე საკმაოდ მტკიცე ჩვეულებად იყო ჩამოყალიბებული: `ფშაველებს წესად ჰქონდათ სისხლის აღება - მოგვითხრობს ერთ-ერთი ფშაველი, _ რაც შემდეგს ნიშნავდა: თუ ვინმეს მოკლავდნენ, მისი გვარის წარმომადგენლები ხალხში ვერ გამოჩნდებოდნენ ისე, თუ მკვლელის გვარზე მკვლელობითვე არ იძიებდნენ შურს...~. მეორე ფშაველის თქმით: `ჩვენი ფშაური წესის თანახმად, მკვლელის მიმართ აუცილებელი იყო სისხლის აღება და თუ ამ წესს არ დაიცავდა ვინმე, ეს დიდი სირცხვილი იყო...~. საკმაო მასალა მოიპოვება იმის თაობაზე, რომ შურისძიების რიდით მკვლელი მთელი ოჯახით გასცილებია სოფელს და სხვაგან გადახვეწილა. ეს კი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც უტყუარად მიუთითებს ძველ ფშავში შურისძიების ჩვეულების ცხოველმყოფელობაზე. `თუ ვინმე მკვლელობას ჩაიდენდა, მკვლელისა და მოკლულის გვარი თუ აუმტერდებოდა ერთ-ურთს, მკვლელი გაიქცეოდა~. სხვა ინფორმატორი კიდევ უფრო კატეგორიულად ახასიათებს მკვლელობით გამოწვეული შურისძიების გარდუვალობას: `ჩვენში საერთოდ, ვინმე რომ შერიგებოდეს მკვლელს, არ გამიგია. მამკალი მხარე თვალში არ ეჩრებოდა მოკლულის მხარეს. შერიგებას და საზღაურის მიღებას რატომღაც ერიდებოდა ჩვენი კაციო~ _ აცხადებს უკანაფშაველი 76 წლის თედო სოხურაშვილი. სოფ. ჭიდალელი, 70 წლის იოსებ წელაურის ცნობით კი, ფშაველებისათვის მესისხლეობისას ძირითად მიზანს შეადგენდა არა "თავსისხლის" აღება, არამედ მკვლელისა და მოკლულის ახლობლებისადმი მისი გვარის მუდმივ რიდში ყოფნა. მთელი პროცესუალური რიტუალიც ამისკენ ყოფილა მიმართული: `ჩემს მეხსიერებაში, _ ამბობს იგი, _ მხოლოდ ერთხელ მოხდა მკვლელობა, წყაროსთავის ხატობისას, როცა არჩემაშვილმა მოკლა ღვთისო მურლაშვილი. ამ საქმეზე შერიგება არ მომხდარა. ისე დასცილდნენ ერთმანეთს მამკლავ-მამკვდარი თაობებიც კი. მამკლავი დააპატიმრეს. თავისიანები კი გადასახლდნენ აქედან. შემდეგ მკვდრის ოჯახიც გადასახლდა და ისე დამთავრდა ეს საქმე, რომ შერიგება დღემდე არ მომხდარა. საერთოდაც ერიდებოდნენ ჩვენში შერიგებას და თავ სისხლის (სისხლის მატერიალური საზღაური _ დ.ჯ.) აღებას. ჩვენთან, როგორც მკვლელობის, ისე დაჭრის საქმეში, შერიგება არ ხდებოდა. ამიტომ მოერიდებოდა მამკლავი მამკვდარის არეს და შემდგომაც მორიდებას იჩენდა. გადმოცემით, თუ მამკლავი არ გაძევდებოდა, ადგილობრივი თემის ხალხი შეიკრიბებოდა და გადაწყვეტდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, რა ეშველათ ამ საქმისათვის.~
როგორც ვხედავთ, მოყვანილ ცნობაში უარყოფილია შერიგების შესაძლებლობა მოსისხლე მხარეებს შორის. ამგვარი განცხადების გაზიარება კი არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმატორთა უმრავლესობა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული წყაროებიც საწინააღმდეგოს ადასტურებენ, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ მსგავსი განმარტებით ხაზი ესმება შურისძიების პრინციპის შეუვალობას, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, თავის დროზე მართლაც შეიძლებოდა `ერთადერთი სამართალი~ ყოფილიყო, რაც, მიუხედავად შემდგომი სახეცვლილებისა, სიმბოლურად მაინც აისახა თანამედროვეთა წარმოდგენებში. აქედან გამომდინარე, არც ასეთი განცხადება უნდა გაგვიკვირდეს: `ჩვენში საერთოდ სასისხლო საქმეზე შერიგება არ მოდის. ფულის მიღება სამარცხვინოდ ითვლება. თუ ისისხლებ, ხომ ისისხლებ, თუ არა და ჩაივლის...~.
აქვე მოვიყვანთ კიდევ რამდენიმე ცნობას შურისძიების კონკრეტულ ფაქტებზე: `გომეწარში ჩემი მახსოვრობის დროს ჩემმა ბიძამ ქიქუა ვაჩეშვილმა მოკლა მეზობლის ბიჭი (ჩხუბი მოუხდათ). გავიდა დრო და ბიძაჩემი ერთხელ ჩუმად მოვიდა სოფელში, მაგრამ გაიგეს ეს მოკლულის ბიძაშვილებმა და მოჰკლეს. გავიდა ხანი და ბიძაჩემის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის ძმები და ბიძაშვილები შერიგდნენ, მშვიდობით დაამთავრეს საქმე. ამ შემთხვევაში მათი შერიგება გაამარტივა იმ საქმემ, რომ ორივე მხრიდან თითო-თითო კაცი იყო მოკლული~ _ მოგვითხრობს თვითმხილველი ფშაველი; `თუ ვინმე მკვლელობას ჩაიდენდა, იგი სოფლიდან გადაიხვეწებოდა, რადგან მას მოკლულის გვარი სდევნიდა და შურს იძიებდა. მაგრამ ხშირად კი საქმე შერიგებით მთავრდებოდა, იტყოდნენ: `სისხლი სისხლით არ გაიბანებაო~ _ ადასტურებს სხვა ფშაველი.
ცნობები სისხლის აღების ჩვეულებაზე გვხვდება ბარად ჩამოსახლებულ ფშავლებთანაც. დავიმოწმებთ ზოგიერთ მათგანს: `ჩვენი ძველი წესებით, როგორც გადმოცემებით გამიგია, მკვლელობას მოყვებოდა სისხლის აღება. ამისგან, რომ თავი დაეღწია, მკვლელი სხვა სოფელში გადასახლდებოდა, რომ მიუწვდომელი ყოფილიყო...~. სხვასთან: `სოფელში მკვლელობა რომ მოხდებოდა, მოკლულის მხარე ცდილობდა სისხლი აეღო. მკვლელი, შურისძიებისაგან თავის დაღწევის მიზნით, ოჯახით გადაიხვეწებოდა სხვა სოფელში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლებოდა შერიგებაზე ზრუნვა დაეწყოთ; ან სალოცავის ხათრით შერიგდებოდა ანდა უფროსების ხათრით~. თუმცა დამოწმებული მასალები გარკვეული წინააღმდეგობების შემცველია, მაგრამ როგორც ცნობათა უმეტესობით დასტურდება, ფშაური სამართალი მოსისხლე მხარეებს უპირატესად შერიგებისა და სისხლის აღებისაგან თავის შეკავებისაკენ უბიძგებდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფშაველთა ბარად ჩამოსახლება მხოლოდ სოციალური და ყოფითი პირობებით როდი ყოფილა განპირობებული, არამედ ისევე, როგორც მთის სხვა ტომთა ცხოვრებაში, იგი პირდაპირაა დაკავშირებული მოსისხლეობის ჩვეულებასთან. აღნიშნული მასალები შურისძიების ერთ დროს მძლავრად მოქმედი ინსტიტუტის პოზიტიური სურათის წარმოსადგენად მოვიყვანეთ, მაგრამ აქვე გვერდს ვერ ავუვლით საპირისპირო ხასიათის ცნობებსაც, რაც აქა-იქ მაინც გვხვდება. ხალხური სამართალმცოდნე ფშაველთა გარკვეული ნაწილი კატეგორიულად უარყოფს შურისძიების (სისხლის აღება) არსებობას მათში. მოჰყავთ საამისო კონკრეტული მაგალითებიც, კერძოდ, 79 წლის ბაიდაური ჩუგო ს. საკობიანოდან (პანკისის ხეობა) მოგვითხრობს: `1922 წელს ქისტებმა ჩვენს მთებში მამა მოკლეს სადავლაოდ მომავლებმა. სულ უბრალოდ მოკლეს თურმე. ეს ქისტები პირიქითელები იყვნენ, გავიგეთ კიდეც ვინ მოკლა, მაგრამ ჩვენ არ გვისისხლია მკვლელი. მამაჩემი ჩვენებურ კაცს რომ მოეკლა, მაინც არ ვეძებდით სისხლს, ისე შევრიგდებოდით.~ მეორე მაგალითიც: `თიანეთის რაიონში ს. ლიშოში ლაშარის ხატში ჭაბაურმა ვანომ მოკლა ახალგაზრდა კაცი... მოკლულის მამამ თქვა, შვილი მაინც აღარ გამიცოცხლდებაო და საქმე მთავრობას მიანდო~. თვით ამ ცნობის მომწოდებელი ფშაველიც ამ მაგალითს ფშავისათვის დამახასიათებლად მიიჩნევს.

რით შეიძლება დამოწმებულ ცნობებში არსებულ თვალშისაცემ წინააღმდეგობათა ახსნა? _ ალბა იმით, რომ ყოველი ჩამოთვლილი შემთხვევა კონკრეტულ ფაქტებზე მითითებაა. შესაძლებელია ჩვენს ინფორმატორებს აღარ ახსოვთ საქმის დეტალები, მაგრამ მათ მიერ მოწოდებული მასალები ძირითადად შეესაბამება სინამდვილეს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უარყოფს სისხლის აღების არსებობას, გაუმართლებელი იქნებოდა ეჭვი შეგვეტანა მათ სისწორეში. საქმე იმაშია, რომ ისინი მხოლოდ მათთვის ცნობილ ცალკეულ ფაქტებს ეყრდნობიან და ესაა მათი დასკვნების სიმცდარის მთავარი მიზეზიც. ეთნოგრაფიულ-ისტორიული მასალის განზოგადებით კი ვრწმუნდებით, რომ სასისხლო საქმეების დამთავრებას, შურისძიების გარეშე, მართლაც ჰქონია ადგილი, მაგრამ ეს არ შეიძლება საფუძველი გახდეს მისი არარსებობის მტკიცებისა.

რეალურად, წარმოუდგენელიცაა ყოველ ცალკეულ მკვლელობას სამაგიერო მკვლელობა მოჰყოლოდეს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელებული წესის თანახმად, მკვლელი უმალ განერიდებოდა ხოლმე დანაშაულის ადგილს და მიუწვდომელი ხდებოდა შურისმაძიებელთათვის. მეორეც, ჩვეულებითი სამართლისათვის დამახასიათებელი თვითგასწორების პრინციპის შესაბამისად, დაზარალებული გვარი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დამნაშავის ბედი, იძიოს მასზე შური სამაგიეროს მოკვლით, თუ საქმე გასარჩევად რჯულს (სათემო სასამართლოს) მიანდოს. ფშავური სამართალი, როგორც ჩანს, მხარეებს ამაში მკაცრად არ ზღუდავდა. შურისძიება მხოლოდ კანონმდებლობამ აღიარა დანაშაულად, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ საამისო წინაპირობები თვით ჩვეულებითი სამართლის წიაღში მომზადდა (კომპოზიცია, შერიგების ინსტიტუტი). ამდენად, მართალია, ჩვეულებით სამართალს შურისძიებით მკვლელობა პირდაპირ არ გამოუცხადებია დანაშაულად, მაგრამ მისი შემზღუდველი გარემოებები კი გაითვალისწინა. ამის მაგალითია ზოგიერთ რეგიონში გავრცელებული წესი (კერძოდ, ხევსურეთში), რომლის თანახმადაც, შურისმაძიებელი, რომელმაც უკვგანახორციელა შურისძიების აქტი სამაგიეროს მოკვლით, იხდიდა `საუკენ-მამკვდროს~ (120 ცხვარს). ამ მხრივ, ჩვეულებითი სამართალი მხოლოდ ლოკალური საშუალებებით დაკმაყოფილდა და უფრო შორს ვერ წავიდა. ამიტომაც ძნელია ფშაველთა სამართალში მოსისხლეობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების პოვნა. ფშაურ შურისძიებაზე უფრო უპრიანი იქნება ვილაპარაკოთ როგორც მკვლელობისაგან წარმოშობილ სამართლებრივ ღონისძიებაზე. ხოლო, როცა შურისძიებაზე, ვითარცა დანაშაულზე (ანდა დანაშაულის მოტივზე), ვსაუბრობთ, მაშინ, პირველ რიგში, პოზიტიური სამართლის კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ასეთი კუთხით დაყენებული საკითხის უფრო ნათლად ასახსნელად, განვიხილოთ პირობები და გარემოებები, რომლებიც თან ახლავს ფშავში ცნობილ შურისძიებით ჩადენილ მკვლელობებსა და ზოგადად, შურისძიების ინსტიტუტს. შურისძიების საფუძვლები რა აღძრავს შურისძიებას? - როგორც წესი, შურისძიების მოტივს უპირატესად ახლობლის, ოჯახის ან გვარის რომელიმე წევრის მკვლელობა იწვევს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ბრალის ფორმას, გაუფრთხილებლობითაა იგი ჩადენილი თუ განზრახვით. თვით მკვლელობის ფაქტი, აღჭურვავს მოკლულის მხარეს სამაგიეროს მიზღვის უფლებით. ამ პრინციპს კარგად გამოხატავს ცნობილი ეთნოგრაფის, ფშავ-ხევსურული ჩვეულებების მკვლევარის, ალ. ოჩიაურისეულის, ფორმულირება ხევსურული შურისძიებისა: ` ...კაცი რომ მოკვდეს – წერს იგი, - მაინც თავი დაკდება, არაფერი არ შვეულის. არც იშობრობა (გაუფრთხილებლობა _ დ.ჯ.) და არც სხვა. ხევსურები იტყოდნენ: მაგან მამიკლა, თუნდაც კოცნით მოვეკალ, იარაღით კი არ, მაინც კაც მაგისგან მამიკვდ~. აიღებდნენ იარაღს და ეძებდნენ მკვლელს და მის ნათესავებს მოსაკლავად და სისხლის ასაღებად. მკვლელი და მისი ნათესავები გაიხიზნებოდნენ და იმალებოდნენ~. ფშაური მასალების ანალიზითაც თითქმის იგივე დასტურდება. გ. თედორაძის დაკვირვებით, ფშავხევსურული რჯული (სამართალი) ერთმანეთისაგან პრინციპულად არ განასხვავებს განზრახვასა (`ნებსით~) და გაუფრთხილებლობას (`უნებლიედ~). ორივე შემთხვევაში ერთნაირი შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო22 . თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გარკვეული პირობების არსებობისას, ფშაური სამართალი უშვებს ბრალის გათვალისწინებას შურისძიებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შორის. შურისძიების წრე (ფარგლები) ფშავში მიკვლეული მასალებით, კარგად ირკვევა როგორც შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის სუბიექტის, ასევე იმ პირთა წრე, რომლებიც ამ შურისძიების ობიექტის როლში გამოდიან. შურისმაძიებლად მთელი გვარი გამოდის, უშუალოდ ამ აქტს რომელიმე მათგანი აღასრულებს. მისი აღსრულების ტვირთი უპირატესად მოკლულის ძმებს ან ბიძაშვილებს აწევთ. რაც შეეხება შურისძიების ობიექტს, იგი კარგად ჩანს იმ ცნობებიდან, სადაც ლაპარაკია, რომ მკვლელის მთელი გვარი, როგორც წესი, ტოვებს სოფელს და სხვაგან გადაიხვეწება, ხოლო დაზარალებულის ახლობლები საზოგადოებაში ვერ გამოჩნდებიან პირნათლად, თუ მკვლელის გვარის მიმართ სათანადო ზომები არ იქნება მიღებული _ შურს არ იძიებენ, მაგალითად, `...მკვლელი შურისძიებისგან თავის დაღწევის მიზნით გადაიხვეწებოდა სხვა სოფელში მთელი გვარით~, ანდა: `...თუ ვინმეს მოკლავდნენ, მისი მოგვარენი ხალხში ვერ გამოჩნდებოდნენ ისე, თუ მკვლელის გვარზე მკვლელობითვე არ იძიებდნენ შურს~.
ამასთან, ფშავის სამართალი ზღუდავს იმ ნათესაურ წრეს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სამაგიეროს მიზღვა. ეს წრე ძირითადად დამნაშავის ახლო სისხლით ნათესაური კავშირით (შვილები, ძმები, ბიძაშვილები) განისაზღვრებოდა.
როგორც შედარებითი დაკვირვება გვიჩვენებს, ამ მხრივ, ქართული ჩვეულებითი სამართალი (ფშავ-ხევსურეთი, იმერეთი, აჭარა) თითქმის ერთიან პოზიციაზე იდგა. ასეთი დამოკიდებულება ვრცელდება, კერძოდ, დამნაშვე მხარის მდედრობითი სქესის წარმომადგენელზეც, რომელიც, როგორც წესი, შურისძიების ობიექტად არ შეიძლებოდა ქცეულიყო: `ქალიდან საქმე არ სწორდებოდა~ - ამბობენ აჭარაში და `თუ მკვლელის გვარში მამაკაცი არ იყო, მაშინ მას დაეხსნებოდნენ~, ე.ი. ხელს იღებდნენ სამაგიეროს მიზღვაზე. ამის დასტურია ისიც, რომ აჭარელი მთხრობელის თქმით: `თუ გვარში მკვლელს არ ჰყავდა მამაკაცი, მაშინ დაზარალებული `შეჭამდა~, ე.ი. შეურიგდებოდა~.
აჭარული სამართლით, ქალი არ შეიძლებოდა შურისძიებისას მკვლელობის ობიექტი გამხდარიყო. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ამ ვითარებით ზოგჯერ მოხერხებულად სარგებლობდა მკვლელი მამაკაცი და იმ იმედით, რომ მოსისხლე არ მოკლავდა, კაბაგადაცმული დადიოდა. სწორედ ქალისადმი განსაკუთრებულ რიდსა და კრძალვასთან იყო დაკავშირებული რწმენა, რომლის ძალითაც შურისმაძიებელი ერიდებოდა ქალის გვერდზე მდგომი მოსისხლე მტრის მოკვლას.
ფშავის მომიჯნავე ხევსურული რჯული შურისძიებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ პირის ასაკს, რომლისკენაც მიმართული იყო უშუალოდ შურისძიების აქტი. ამასთან, მის ფიზიკურ მდგომარეობასაც ითვალისწინებდა. აქ შეუვალ წესად იყო დადგენილი, რომ `არ შეიძლებოდა მოეკლათ მამკლავის გვარის ბავშვი, სანამ ამ ასაკს არ მიაღწევდა, როცა შარვლის ჩაცმას დაიწყებდა, ამიტომ იყო შემთხვევებიც, როცა შურისძიებისაგან თავის დაღწევის მიზნით, მოზრდილებიც კი ცდილობდნენ შარვალი მოგვიანებით ჩაეცვათ~. იმავე წესს იცნობდა ფშავის სამართალიც, სადაც მწირად, მაგრამ მაინც იქნა მოპოვებული ამის დამადასტურებული ზოგიერთი ცნობა. კერძოდ, აქ პირდაპირ დასახელებულია ასაკი, რომლის მიღწევამდეც არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი შურისძიების მსხვერპლი გამხდარიყო: `თუ შვილი 16 წლის ასაკს არ იყო მიღწეული, დააცლიდნენ გაზრდას და მერე მოკლავდნენ. მცირეწლოვანზე სისხლის ძიება არ შეიძლება~ _ ამბობს ერთ-ერთი ხანდაზმული ფშაველი. ზოგიერთი სრულწლოვანების ასაკად 20 წელს ასახელებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შურისძიების ფარგლების განსაზღვრისას, ხალხური სამართალი პრინციპულად უწევდა ანგარიშს შურისძიების ობიექტის ასაკს. საფიქრებელია, რომ ფშავში ასეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა ხანდაზმულობას, თუმცა საამისო პირდაპირ ცნობას ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ სისხლის აღების განხორციელებისას სისხლის მაძიებელი მხარე ცდილობდა ის მოეკლა ვინც გვარში საუკეთესო იყო, ანდა კონკრეტული ცნობა იმის შესახებ, რომ ხანდაზმულ მამკლავს შვილები არ ჰყოლია, ამიტომ `სისხლის აღებაც არ მომხდარაო~, ასევე არაპირდაპირი მინიშნებაა აღნიშნულზე. შურისძიების გამომრიცხველი გარემოებები ფშავის ხალხური სამართლის განვითარების დონის უტყუარი მაჩვენებელია ისეთი გარემოებების გათვალისწინება, რომლებიც გამორიცხავს პასუხისმგებლობას (პასუხისმგებლობაში ამ შემთხვევაში შურისძიების გარდაუვალობას ვგულისხმობთ.
მკვლელი ხომ, ზოგადად მიღებული პრინციპით, ვალდებულია პასუხი აგოს შურისმაძიებლის წინაშე, ხოლო დაზარალებულის მხარემ _ განახორციელოს შურისძიების, თვითგასწორების აქტი). ასსეტ გარემოებათაგან ფშაურ მასალებში გამოიკვეთა შემდეგი:
ა) მკვლელის სიკვდილი მოკლულის მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, როგორც შემდგომი შურისძიების გამომრიცხველი გარემოება. ამ დროს მოკლულის მხარემ ხელი უნდა აიღოს შურისძიებაზე და დათანხმდეს შერიგებაზე. ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ვალდებულება გარკვეული მატერიალური ხარჯებითა და სათანადო რიტუალების სავალდებულო დაცვით ამოიწურება და მისი შესრულების შემდეგ მხარეებს შორის ურყევი მშვიდობიანობა მყარდება, რასაც ხშირად `ფიცვერცხლის ჭამითაც~ ადასტურებენ.
ერთ-ერთი ფშაველი მოგვითხრობს, რომ მის შვილს ჩხუბის დროს მეზობლის ბიჭი მოუკლავს. მკვლელი გაუსამართლებიათ და დახვრეტა მიუსჯიათ. შურისძიებით აღვსილი მოკლულის გვარი მოსვენებას არ აძლევდა მკვლელის ოჯახს, რისთვისაც ეს უკანასკნელი გარკვეული დროით სოფლიდან გადახვეწილა. 20-25 წლის შემდეგ, როცა უკვე დასჯილი მკვლელის დაბრუნების იმედიც აღარ ჰქონდათ, მკვლელის მამას შუაკაცები გაუგზავნია მოკლულის ოჯახისათვის და შერიგება უთხოვია, პირველივე თხოვნას ვერ გაუჭრია, შემდეგ კი შეთანხმებულან. ამ ამბის მთხრობელის თქმით, `ფშაველებს წესად გვაქვს _ თუ მკვლელი მოკვდება, მოკლულის მხარეს უფლება აღარა აქვს, რომ მკვლელის გვარს უარი უთხრას შერიგებაზე.~  შერიგებულ გვარებს შორის შემდგომში მომხდარი მკვლელობა, ცხადია, შურისძიების აქტად აღარ ჩაითვლებოდა და მას სხვაგვარი სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა (მტრობა ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა).
დამნაშავის სიკვდილი, როგორც შემდგომი შურისძიების გამორიცხვის ერთ-ერთი საფუძველი, ცნობილი ყოფილა აჭარაშიც, სადაც მიკვლეულ იქნა ასეთი ცნობა: ამ სამოცი-სამოცდაათი წლის წინათ `...ვერულიძის გვარის კაცმა მოკლა მესხიძის გვარისა, მათ შორის ჩამოვარდა მტრობა. 3-4 წელს ერთმანეთს ემტერებოდნენ, მაგრამ მკვლელი იყო თურქეთში და ამიტომ ვერ იძიეს შური. ...მკვლელი ისევ დაბრუნდა, ვერ გაძლო თურქეთში. ასე უთქვამს: `ვერ გავძელ თურქეთში, მე თუ მოვკვდები, დაე ჩემს მიწაზე მოვკვდეო, თუნდაც შურისმაძიებლებმა მომკლანო. დაბრუნებული თვითონვე დამარცხდა თოფი გაუვარდა და თავისივე თოფით მოკვდა... ამის შემდეგ ხუსეინ ვერულიძემ აღძრა საქმე შერიგებაზე~. შერიგების აქტიც, თავის მხრივ, შემდგომი შურისძიების გამომრიცხველ გარემოებად გვევლინება. მაგალითად, ფშაველის უკვე დამოწმებული ცნობით: `...ფშაური წესებით , შერიგება იმდენად მტკიცეა, რომ ამ შერიგების შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა კვლავ გაგრძელებულიყოს შუღლი და მტრობა~. შერიგების აქტის ასეთი მნიშვნელობა დადასტურებულია ფშავის მეზობელ ეთნოსშიც (ხევსურები, ქისტები). ნათლად ირკვევა, რომ შერიგება ისეთი სამართლებრივი მექანიზმია, რითაც ხალხური სამართალი გზას უღობავს შურისძიების განახლებას.
ბ) შერიგება შურისძიების აქტის აღსრულების შემდეგ თუკი შურისმაძიებელი მოახერხებდა და ისისხლებდა მტერს, მის შემდეგაც შესაძლებელი იყო, მოშუღლე მხარეები სამკვდროდ გადაჰკიდებოდნენ ერთმანეთს და კვლავ ბევრი სისხლი დაღვრილიყო. ეს კი ჩვეულებითი სამართლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ის ხომ მხოლოდ სამაგიერო მკვლელობის მიზანშეწონილებით შემოიფარგლება და არ აღიარებს გვარებს შორის გაუთავებელ სისხლისღვრას, არამედ ამის შემდეგაც (შურისძიების აქტის აღსრულების შემდეგ) აუცილებლობას წარმოადგენს, რომ გამოირიცხოს შემდგომი მკვლელობები შურისძიებით. ამ შემთხვევაში შერიგების საფუძველი ხდება ის, რომ სისხლი უკვე აღებულია. ამის მაგალითად გამოგვადგება შემდეგი ცნობა: `გომეწარში ჩემს მახსოვრობაში ჩემმა ბიძამ, ქიქუა ვაჩეშვილმა, მოკლა მეზობლის ბიჭი (ჩხუბი მოუხდათ), _ მოგვითხრობს თვითმომსწრე ფშაველი, _ რის გამოც გაეცალა სოფელს და წავიდა სადღაც, გადაიხვეწა. გავიდა დრო და ბიძაჩემი ჩუმად მოვიდა სოფელში, მაგრამ გაიგეს ეს მოკლულის ბიძა-ძმებმა და მოკლეს. გავიდა ხანი და ბიძაჩემის მოკლული ახალგაზრდა კაცის ძმები და ბიძაჩემის ბიძაშვილები შერიგდნენ, მშვიდობით დაამთავრეს საქმე. ამ შემთხვევაში მათი შერიგება გააადვილა იმან, რომ ორივე მხრიდან თითო კაცი იყო მოკლული~. სხვათა შორის, ასეთივე წესს იცნობს აჭარული სამართალიც (`ორივე მხარეს რომ თითო კაცს მოკლავდნენ, მაშინ უკვე შეიძლებოდა შერიგება მომხდარიყო~).38გამომდინარე იქიდან, რომ შერიგების ინსტიტუტე ეფექტურად უპირისპირდება შურისძიების თანამდევ უსასრულო სისხლისღვრას, ფშავური წესით მომხდარი შერიგება უნდა აღსრულდეს უსიტყვოდ. ამას უკავშირდება ფშავში მოარული გამონათქვამები: `სამართალი იქმნიანო, ისევ ძმები იყვნიანო~; ანდა: `სამართალი კი არ აცილებდა ხალხს ერთმანეთს... არამედ გულშეჯერებას უწყობდა ხელს, როცა იცოდა კაცმა, რომ სამართალმა გაამტყუნა, გული არ წყდებოდა წაგებულზე. ამაში იყო კარგი შერიგება~. ასეთივე რწმენა აქვთ ხევსურეთშიც (`სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინების~).
გ) შერიგება ბრალის გათვალისწინებით ფშავზე არსებულ ზოგიერთ ეთნოგრაფიულ ცნობას თუ გავიზიარებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შერიგება, როგორც შემდგომი შურისძიების გამომრიცხველი გარემოება, ზოგჯერ ბრალსაც უკავშირდებოდა. ამ დროს ბრალი შურისძიების გამომრიცხველ ერთგვარ ალტერნატიულ გარემოებად მოჩანს (იგი ყოველთვის არ გამორიცხავს შურისძიებას), ზოგჯერ შესაძლებელი ყოფილა გამონაკლისი იმ საერთო წესიდან, რომლის მიხედვითაც ანგარიში არ ეწევა ბრალის ფორმას. ფშაველი მთქმელის ცნობით, `თუ მკვლელობა შემთხვევით, გაუფრთხილებლობით მოხდებოდა, ასეთ დროს საქმე შერიგებით უნდა დამთავრებულიყო. ამ დროს მკვლელს `კაცის თავს~ _ 60 ძროხას გადაახდევინებდნენ~. მართალია, ფშავის ჩვეულებითი სამართალი პრინციპულად ვერ მიჯნავს გაუფრთხილებელ ბრალსა და ბრალის გარეშე (შემთხვევა, კაზუსი) მოქმედებას, მაგრამ პრაქტიკაში ამის ცალკეული შემთხვევაც უნდა ყოფილიყო. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ფშავლებისთვისაც ცნობილ `ფათერაკში~ სწორედ შემთხვევა, ბრალის გარეშე მოქმედება იგულისხმება, რაც გამორიცხავს ბრალის არსებობას და ზოგჯერ _ შურისძიებასაც. ფშავში ფათერაკით მკვლელობასთან გაიგივებულია შემთხვევით შემოკვდომა. `თუ კაცს კაცი შემთხვევით შემოაკვდებოდა, განმარტავს ფშაველი, მაშინ მათ შორის შურისძიება არ უნდა მომხდარიყო. და საქმე შერიგებით უნდა დამთავრებულიყო~...~.
იმავე ინფორმატორთან შემთხვევითი მკვლელობის დროს, შურისძიებაზე უარის თქმა `სისხლის პატიებად~ იხსენიება. ასეთივე ტერმინი (ქისტურად `ფაბითერ~ ) გამოიყენება მეზობელ ქისტთა სამართალშიც, სადაც მას საფლავზე შეწირვის ძველი წესის აღსრულების სიმბოლური მნიშვნელობა აკისრია, ე.ი. ამ ტერმინებს შორის მხოლოდ გარეგნულ მსგავსებაზე შეიძლება ლაპარაკი. მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი ფათერაკით მკვლელობაზე: `საძოვარზე მეზობლის ბიჭები თამაშობდნენ. ერთს თოფი გაუვარდა და მოკლა მეორე. ფათერაკით მოკლაო, ამაზე იტყვიან. რადგან ეს შემთხვევა იყო, მტრობა არ გამოუწვევია~ _ განმარტავს მოხუცი ფშაველი. თუმცა ფშავის ჩვეულებითი სამართალი ფათერაკს ბრალის გამომრიცხველ გარემოებად მხოლოდ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში მიიჩნევს, მაგრამ ასეთი რამ ხალხური სამართლებრივი კულტურისათვის მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. ამ აზრს ისიც ამტკიცებს, რომ თვით ცივილიზებულ სამართალსაც (იგულისხმება ფეოდალური პერიოდის სამართლის წიგნები) კი უჭირს ბრალის მკვეთრი დიფერენციაცია პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. მაგალითად, ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის 388-ე, სომხური სამართლის ქართული ვერსიის 383-ე, ვახტანგ VI სამართლის 210-ე, 92-95-ე მუხლებით, ფათერაკი (უნებური) სრულებით არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას და მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოების მნიშვნელობა გააჩნია. კერძოდ, ვახტანგის სამართლის 92-ე მუხლით, პირმა, რომელსაც ფათერაკით მკვლელობა შეემთხვა, `საფათერაკო~ სისხლი უნდა მისცეს. 95-ე მუხლით კი, ბრალდებულმა `საფათერაკო უნდა მისცეს და წყალობა რამე უყოს~. ანალოგიურ წესს, როგორც ირკვევა, თანამიმდევრულად იცავდა ქართული სასამართლო პრაქტიკაც. ამის მაგალითია ერთი განჩინება სასისხლო საქმეზე (`განჩინება ბაგრატ და ნოდარ ციციშვილების სა-სისხლო საქმეზე 1717 წლის 8 თებერვალი~).
დ) ნათესაურ წრეში მომხდარი მკვლელობა, როგორც შურისძიების გამომრიცხველი გარემოება ფშაური სამართლის მიხედვით შურისძიება იკრძალება თუ მკვლელსა და მოკლულს შორის სისხლით ნათესაური კავშირი არსებობს. ფშავში არ მოგვეპოვება მასალა, ერთი გვარის წარმომადგენელთა შორის სისხლის აღებას რომ ადასტურებდეს. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვეულებითი სამართლის მოთხოვნით, შურისმაძიებლად მთელი გვარი გამოდის, ამავე დროს, შურისძიების რისხვაც მთელ გვარს ატყდება თავს. ამდენად, წარმოუდგენელია შურისძიების სუბიექტი იმავდროულად შურისძიების ობიექტად მოგვევლინოს. ამიტომაც იყო, რომ გვარის შიგნით (ძმებს ან ბიძაშვილებს შორის) მომხდარი მკვლელობის საქმეები საერთო წესით არც განიხილებოდა. ეს კარგად დასტურდება ფშავის მაგალითზე. თავის დროზე ს. მაკალათიასაც მიუქცევია ამ გარემოებისათვის ყურადღება. მისი ცნობით, ფშავში `... სისხლის აღება შიგ თემში და ძმათაშვილებში არ შეიძლებოდა. არც ძმისშვილსა და მამის მკვლელს სთხოვდნენ პასუხს, მაგრამ ასეთ დამნაშავეთ ზიზღით უცქერდნენ და `ცოდვიანებს~ ეძახდნენ~. `საერთოდ, ჩვენი, ფშაური წესის თანახმად, მკვლელის მიმართ აუცილებელი იყო სისხლის აღება... მაგრამ გვარის შიგნით მკვლელობას, მკვლელობა არ მოჰყვებოდა~ _ ადასტურებს ფშაველი მთქმელი. გარდა მტკიცე წესად ჩამოყალიბებულისა, ფშავში გვხვდება ცალკეული შემთხვევებიც, როცა მოკლულის ჭირისუფლის მხრივ გარკვეული მოქმედების შედეგად, შურისძიება ორ გვარს შორის წყდება, სანაცვლოს მოკვლის გარეშე. თვითმხილველი გვიამბობს, თუ როგორ აღუდგა წინ შვილმოკლული დედა შურისმაძიებელ ძმას და ბიძაშვილებს და შერიგებაზე დაიყოლია ისინი. მისი გადმოცემით: `... ნიკა წელაურმა მოკლა ივანე ბობლიაშვილი, მკვლელი დაუყოვნებლივ ასახლდა და გაეცალა სოფელს... მოკლულის ბიძაშვილებსა და ერთ-ერთ ძმას განუზრახავს თავ-სისხლი აეღოთ მკვლელზე, სათანადოდ თადარიგსაც შესდგომიან. ეს ცნობილი გამხდარა მოკლულის დედისათვის. მან შეყარა თავისი ვაჟი (მოკლულის ძმა) და ბიძაშვილები, მოიხადა მანდილი, დადო მათ წინ და თქვა: `ჩემი თხოვნაა ნუ მოჰკლავთ მკვლელს, ცოდვიანის ცოდვას ნუ დაიდებთ. იგი ისე მოკვდეს მიწა არ ეღირსოს. რა თქმა უნდა, შვილი და ბიძაშვილები შეწუხდნენ, მაგრამ სხვა რა ძალა იყო, დაემორჩილნენ დედის თხოვნას...~. ამ ცნობით კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს მიკუთვნებული დაზარალებულ მხარეს შურისძიების პირობის განსაზღვრაში, რომ მთლიანად მასზეა დამოკიდებული, ეძიოს სისხლი თუ უარი თქვას მის აღებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის აღებით შურისძიება სავალდებულო მოთხოვნა არ უნდა იყოს მაშინაც კი, როცა იგი დაშვებულია ჩვეულებითი სამართლით. დაზარალებული მთავარი ფიგურაა შურისძიებასთან დაკავშირებულ მთელ პროცესში, დაწყებული პირველი მკვლელობიდან, დამთავრებული სამაგიეროს მოკვლით (ან შერიგებით). ამდენად, ამ პროცესისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი ინსტიტუტებისა თავის ნამდვილ ძალას მხოლოდ მისი ნების გამომჟღავნების შემდეგ იძენენ. საფიქრებელია, რომ ასეთი ვითარება ერთგვარ წესად იქცეოდა მხოლოდ შურისძიების ჩვეულების განვითარება-დახვეწის შედარებით გვიანდელ ეტაპზე, იმ დროს, როცა შურისძიების სავალდებულობამ დაკარგა თავისი მყარი საფუძვლები და გზა დაუთმო მატერიალურ საზღაურებს, ე.ი., როცა სისხლის აღების ვალდებულება მისი გამოსყიდვის ვალდებულებით შეიცვალა.

დაქირავებული პირის გამოყენება შურისძიებისას

საველე-ეთნოგრაფიული გზით მოპოვებულ ფშაურ მასალებში ვხვდებით რამდენიმე ცნობას დაქირავებული მკვლელის გამოყენების ცალკეულ ფაქტზე. ამასთან, ამ სახის დანაშაული უშუალოდ დაკავშირებულია შურისძიების (სისხლის აღება) ჩვეულებასთან. ფშავში მიკვლეული ცნობებით, დაქირავებულ (ან მოსყიდულ) მკვლელს სწორედ შურისმაძიებელი მიმართავდა თავისი წადილის აღსასრულებლად. დაქირავებული პირის გამოყენება, მცირედი განსხვავებით, საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნა დადასტურებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი ზოგადქართულ ჩვეულებით სამართლებრივ ინსტიტუტებს განეკუთვნებოდა. მაგალითად, აჭარული წესით, `თუ მოკლულს არ დარჩებოდა სისხლის ამღები ან რაიმე მიზეზით მისი გვარის ნათესავი უარს იტყოდა სისხლის აღებაზე, მაშინ მოკლულის ცოლი ქირაობდა მკვლელს და მისი მეოხებით ისისხლებდა. დაქირავებულს მოკლულის თითი ან სხვა რაიმე ნიშანი უნდა მოეტანა. საერთოდ, ქობულეთ-აჭარაში დაქირავებულ მკვლელთა ხელით შურისძიება ხშირი ყოფილა~. ხოლო მესხეთში, სადაც არც თუ ისე იშვიათი ყოფილა სისხლიანი კონფლიქტები ადგილობრივ მუსულმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის, ხანდაზმული მესხების მეხსიერებას შემოუნახავს ცნობები ე.წ. `თათრებსა~, (`გათათრებული მესხები~) და ქრისტიან მესხებს შორის მტრობაზე, რომელშიც, როგორც გადმოგვცემენ, მუსულმანური ნაწილი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. სწორედ აქ ახსოვთ ფაქტი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ მხარეს შურისძიების ნიადაგზე მის მიერ დაქირავებულმა პირებმა, დავალების პირნათლად შესრულების ნიშნად, მოკლული ძმის მკვლელის მტევანი მიუტანეს. ფშაურ მასალებში მოიპოვება მოკლულის დის მიერ შურისძიების მიზნით დაქირავებული მკვლელის გამოყენების რეალური მაგალითი, რომელიც ფშაველი პოეტის, მიხა ხელაშვილის, მკვლელობის ფაქტს უკავშირდება. ფშაველი მთხრობელის ნაამბობით, `ეს კაცი _ მიხა ხელაშვილი, ყაჩაღად იყო გავარდნილი. სალომე ხელაშვილმა, მიხას დამ, იძია შური (რადგან ძმა პატარა ჰყავდა). მან მოაკვლევინა (მისი მითითებით) ლ.გ. (რომელმაც უშუალოდ ესროლა და მოკლა მძინარე მიხა ხელაშვილი). ასე იძია შური მოკლულის დამ _ სალომე ხელაშვილმა~. ჩვენს გაოცებას იწვევს ის, რომ შურისძიების ჩვეულებასთან ახლოს მდგარი ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა, მაგალითად, ხევსურეთში კარგად ცნობილი `მძევლობა~ (დაზარალებული მხარის წარმომადგენლობა დამნაშავე მხარისაგან კომპოზიციის მიღების უზრუნველსაყოფად) და `მაძახურობა~ (დაზარალებულის სახელით მისსივე დავალებით შურისძიების აქტის აღსრულება), ფშავში ეთნოგრაფიული მონაცემებით დადასტურებული ვერ იქნა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მის უშუალო მეზობელ რეგიონში არსებულ ჩვეულებას რაიმე გამოძახილი არ ჰქონოდა ფშავის სამართალშიც. ეს მით უფრო ძნელად დასაჯერებელია იმის გამო, რომ სხვა მხრივ ფშავ-ხევსურული შურისძიების (მათ შორის `სისხლის დაურვების~) წესებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი პრინციპული განსხვავება არ არსებულა, ამიტომ ასეთი ვითარების მთავარ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ როგორც ჯერ კიდევ გასული საუკუნის პერიოდის ქართველი მკვლევარი, ნ. ხიზანაშვილი, აღნიშნავდა, მძევლობა უფრო ძველი ჩვეულება იყო და მოგვიანებით მან ასპარეზი დატოვა თვით ხევსურებშიც: `ახლა მძევლობა მეტად იშვიათი საქმეა, ხალხს იგი თითქმის დავიწყებული აქვს, მაგრამ ძველად კი მას ძალა ჰქონია. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ მძევლობას წინ აღუდგა თვით ხალხი, როგორც დამ- ღუპველ ჩვეულებასო~ _ წერდა იგი. სავარაუდოა, რომ ამავე მიზეზით ამ ჩვეულებას ფშავში უფრო ადრე გამოეცალა ნიადაგი. ეს წესი რომ საკმაოდ ძირძველი ჩვეულება უნდა ყოფილიყო, ამაში თვით სალიკური L XII ტიტულის (`მუჭა მიწის შესახებ~) შინაარსიც გვარწმუნებს, რომლითაც კომპოზიციის აღებისას წარმომადგენლის თავდებობის გამოყენების თითქმის ანალოგიური წესი ყოფილა დადგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულადაც საქართველოსთვის უცხო არ ყოფილა დაქირავებული მკვლელის გამოყენების ფაქტებიც, თუმცაღა, იგი სტაბილურ ხასიათს არ ატარებდა. ერთი ასეთი ცნობათაგანია, მაგალითად, გ. მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში აღწერილი ვინმე ცქირის ამბავი, რომელზედაც ივ. ჯავახიშვილს შეუჩერებია ყურადღება. მასზე დაყრდნობით, მკვლევარი წერდა, რომ `მე-9 საუკუნეში საქართველოში მოსყიდული მკვლელ-ის შოვნა შესაძლებელი ყოფილაო...~ ამ ცნობის მიხედვით, `ანჩის ეპისკოპოსად მძლავრ დამჯდარმა ვინმე ცქირმა თავისი მამხილებელისა და მტრის, გრიგოლ ძანძთელის, მოკვლა განიზრახა და ამის განსახორციელებლად `ფარულად მოუწოდა ერისკაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა მაგრიად მოისარსა, და აღუთქვა მიცემად სამაგრივი ფეტვ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკვლად მამისა გრიგორისა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშვილდი გარდაცმული ხეკთა აქუნდაო~.55 ამ ზოგადი ქართული პრეცედენტის ერთგვარი გამოხატულებაა ერთი ფშავური მაგალითიც. მკვიდრი ფშაველი მოგვითხრობს: `გადმოცემებით გამიგია, რომ ერთი კაცი, ზ. პ., სოფელ ყვარელწყლიდან თხოულობდა თავისივე სოფლელ ქალს, ს. თ-ს, მაგრამ ერთ-ერთმა მეზობელმა მას მიუტანა ამბავი, რომ შენი საცოლე მეზობლის კაცთან, პ. ს-თან, `დადისო~. ზ-მ მოკლა პ. ს. შემდეგ კი მოკლულის ნათესავებს შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ. მათ ჩოხაახალუხით მოისყიდეს მეღორე, ნ. ხ., და სთხოვეს მოეკლა პ. ზ. ხ-მ ესროლა ზ-ს, მაგრამ მხოლოდ დაჭრა. ამის შემდეგ პ. ზ. გადაემტერა ნ. ხ-ს. მათ შორის მტრობა დიდხანს გაგრძელდა. ზ-მ ქისტებში, სოფელ დუისში დაიწყო მუშაობა.
ერთ დღეს მან ბოლოს და ბოლოს მოახერხა ნ.ს. მოკვლა. მოკლულს თან მიაძახა: `სროლაც ასე უნდაო~... ამის შემდეგ პ. ზ. კიდევ დიდხანს დადიოდა თავისუფლად, უვნებელი... ნ-ს ნათესავებმა განიზრახეს მისი მოკვლა. ერთ დღეს ისინი ახმეტის თავში, სოფელ საბუეში ჩაუსაფრდნენ და მოკლეს. ამით დამთავრდა ამ გვარებს შორის შუღლი. ეს საქმე არავის გაურჩევია და ყველაფერი უბრალოდ დამთავრდა...~. დამოწმებული მაგალითი მრავალმხრივ საყურადღებოა დაქირავებული მკვლელობის ინსტიტუტთან დაკავშირებული შემდეგი საკითხების გასარკვევადაც:
1. შურისმაძიებელი მხარე გარკვეული მატერიალური საზღაურის ფასად გადაიბირებს პირს და გადასცემს მას უფლებას, მისი სახელით (მის ნაცვლად) განახორციელოს შურისძიების აქტი (მკვლელობა). ამ მომენტიდან მოსყიდული (დაქირავებული) პირი მხოლოდ შურისმაძიებლის ნების აღმასრულებელი კი არ არის უბრალოდ, არამედ მას შემდეგ, რაც იგი უშუალოდ იწყებს დავალების შესრულებას (ე.ი. ესვრის მსხვერპლს მოსაკლავად), შურისძიების ტვირთი მთელი სიმძიმით მასვე აწვება, ხდება შურისძიების უშუალო ობიექტი, ე.ი. ფაქტობრივად ჩაენაცვლება შურისმაძიებელ პირს. სწორედ ამ მიზეზით მოუკლავთ ნიკო ხადილაშვილი ზურაბაულებს (თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, დავალება ბოლომდე ვერ აღასრულა).
2. მოსყიდული ხადილაშვილის მოკვლის საპასუხოდ, მისი ნათესავები კლავენ მკვლელს _ პეტრე ზურაბაულს. ამით კი მთავრდება შუღლი გვარებს შორის, ე.ი. დაცულია შურისძიების მთავარი პირობა _ ორივე მხრიდან მოკლულია თითო კაცი, რაც მიღებული წესით, გამორიცხავს მოსისხლეობის შემდგომ გაგრძელებას; 3. ამგვარ ცნობებს თუ ბოლომდე ვირწმუნებთ (რადგანაც ამ მხრივ სხვა ცნობები მეტად ღარიბია), მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მკვლელობის მცდელობა ფშაური სამართლით არ გამორიცხავს შურისძიებას, არამედ ჩვეულებრივ, სისხლის აღების საკმაო მოტივე ხდება. ნ. ხადილაშვილმა მოკვლის მიზნით ესროლა ზურაბაულს, მაგრამ მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოკლა (მხოლოდ დაჭრა), ე.ი. ობიექტურად სახეზეა მკვლელობის მცდელობა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სისხლის აღებისათვის.
ჩვენ ზემოთ შევეხეთ ფშავური შურისძიებისა და მისი თანამდევი შერიგების ინსტიტუტის ზოგიერთ საკითხს. ამ საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართა დაკვირვებით, ეთნოგრაფიული ცნობებითა და ჩვენს მიერ მოპოვებული ამ რეგიონის ჩვეულებათა ამსახველი ცნობებით დასტურდება, რომ ფშავური ხალხური (ჩვეულებითი) სისხლის სამართალი უპირატესად წარმოდგენილი იყო შურისძიებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციული სამართლებრივი ინსტიტუტებით. მართალია, ცნობები ფშავური შურისძიების ინსტიტუტის შესახებ გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია, მაგრამ მაინც საკმაო წარმოდგენას გვიქმნის ამ უძველესი ჩვეულების მთელ რიგ სამართლებრივ ასპექტებზე. ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იძლევა განზოგადების საფუძველს საქართველოს ამ მხრივ გამორჩეული სხვა რეგიონებისა და მთლიანად ზოგად ქართული სამართლის ანალოგიურ ინსტიტუტებთან შედარებისა და საერთო კანონზომიერებათა დასადგენად.
უმთავრესი მომენტები, რაც ფშავურ შურისძიებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, მდგომარეობს შემდეგში:
1. ფშავური შურისძიების ინსტიტუტი მჭიდრო კავშირშია კომპოზიციის ინსტიტუტთან. მიუხედავად სისხლის აღების უმკაცრესი ჩვეულებისა, ფშავური სამართალი მოსისხლე მხარეებს უტოვებს შესაძლებლობას თავიდან იქნას აცილებული უაზრო სისხლისღვრა და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, შერიგებით დასრულდეს, რისთვისაც მატერიალური საზღაურის (კომპოზიცია) სისტემას იყენებს;
2. ფშავური სამართლის შესახებ არსებული მასალები შეიცავს როგორც შურისძიების, ასევე სასისხლო საქმეების უსისხლოდ მოგვარების ფაქტებსაც. თუმცა თვალშისაცემია ის, რომ უპირატესობა მაინც ამ უკანასკნელს – კონფლიქტის შერიგებით, უსისხლოდ დამთავრებას ენიჭება. ყოველ შემთხვევაში, ეს ითქმის ბოლო პერიოდის ფშავურ სინამდვილეზე. შურისძიების ადათი, თავისი მძვინვარე სახით, ფშავის უფრო შორეულ წარსულში უნდა არსებულიყო. შესაბამისად, ჩანს ამ ინსტიტუტის ერთგვარი ტრანსფორმაციის პროცესი, სამაგიეროს მიზღვიდან - კომპოზიციის (საზღაურის) პრინციპის დამკვიდრებისაკენ;
3. არსებული სამეცნიერო-ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, იკვეთება ფშავური შურისძიების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი გარემოებებისა (შურისძიების წრე, ფარგლები, მექანიზმი, შურისძიებაზე მოქმედი გარემოებები), რაც უფრო ნათლად გვიჩვენებს ამ ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებას. ფშავური შურისძიების ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნების უფრო ღრმად შეცნობისათვის საჭიროა მისი მომიჯნავე ინსტიტუტების, დანაშაულისა და სასჯელის, აგრეთვე, შურისძიების სხვა ფორმების შემდგომი შესწავლა და მათი მეცნიერული ანალიზი.

 



სტატიის ავტორი - დავით ჯალაბაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქართული სამართლის ისტორიის საკითხები“. ოქტომბერი, თბილისი, 2000წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014