ბოშები

ისტორიული ნარკვევები
საცხოვრებელი გარემო და საქმიანობა
რელიგია და რწმენა-წარმოდგენები
ფოლკლორი

ბოშები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ხალხია. მათ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ (ინგლისელები: Gypsies — „ეგვიპტელები», უნგრელები: Cig'any ჰოლანდიელები: Heidens — „წარმართები», ფინელები: Mustainen — „შავები” და სხვ.).
მიიჩნევა, რომ ბოშები წარმომავლობით ინდოეთიდან არიან. ბოშების წინაპრებს ინდოეთი პირველი ათასწლეულის ბოლოს უნდა დაეტოვებინათ. სავარაუდოდ, ისინი პირველად წინა აზიის (ირანის ტერიტორია), ეგვიპტისა და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში განსახლდნენ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ისინი ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენაც დაიძრნენ. XV-XVI საუკუნეებში ბოშები უკვე ევროპასა და ჩრდილო აფრიკაშიც სახლდებიან, XIX საუკუნეში კი ამერიკის კონტინენტსა და ავსტრალიაშიც. ევროპაში ბოშების მიმართ თავდაპირველი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მალე მათი დევნით შეიცვალა. ბოშებს კანონგარეშე პირებად აცხადებდნენ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ასახლებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში 500 ათასზე მეტი ბოშა განადგურდა. ომის შემდეგ ბევრმა მათგანმა მკვიდრი ცხოვრების წესი აირჩია. 1971 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბოშათა მსოფლიო კავშირი შეიქმნა, რომელიც ევროპის ბოშური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ბოშები მთელ მშოფლიოში იბრძვიან თავიანთი სოციალური და კულტურული უფლებების დასაცავად, სურთ მათ მიმართ გულგრილად განწყობილ მსოფლიო საზოგადოებას საკუთარი დისკრიმინაციული და გაუსაძლისი მდგომარეობა დაანახონ.
მშოფლიოში მათი საერთო რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემით, 6-იდან 10 მილიონამდე მერყეობს. ბოშები უმეტესად უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და რუსეთში სახლობენ. ბოშური ენა ინდოევროპული ოჯახის ინდო-არიულ ჯგუფს მიეკუთვნება, მას მრავალი დიალექტი აქვს. განსახლების პროცესში ბოშათა მრავალრიცხოვანი სუბეთნიკური ჯგუფებიც გაჩნდა: კელდერარები, ლოვარები, სერვები და სხვა.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. მათ შორის: თბილისში — მხოლოდ 53; აფხაზეთში — 412; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში — 126; ქუთაისში — 251; რუსთავში — 32. მაგრამ ეს მონაცემები დღეს უკვე არ ასახავს რეალობას. 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები ბოშების რაოდენობის შესახებ არაფერს გვაუწყებს.

 

ისტორიული ნარკვევები

ბოშების საქართველოში ჩამოსახლების ზუსტი ისტორიული თარიღი უცნობია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბოშათა მომთაბარე ჯგუფები საქართველოში პირველად XIX საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ. მათ ძირითად საქმიანობას მცირე ვაჭრობა და მკითხაობა წარმოადგენდა. საქართველოში პირველად ხელისუფლება ბოშათა პრობლემებით 1921 წელს დაინტერესდა. მათთვის გამოიყო სპეციალური საცხოვრებელი ადგილები, შეიქმნა ბოშათა ანსამბლები, რომლებიც წარმოაჩენდა მათ ეროვნულ კულტურასა და ყოფას.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ის, რომ ბოშებმა დაიწყეს საშუალო განათლების მიღება (რუსულ ენაზე). ბოშათა დიდი ნაკადი საქართველოში 1930-იან წლებში, ძირითადად, უკრაინიდან და მოლდოვიდან შემოვიდა. ისინი უმთავრესად შავი ზღვის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ ბოშათა მომთაბარე ცხოვრების სტილს, ამ პერიოდში ბოშებს საქართველოში შენარჩუნებული ჰქონდათ კულტურული იდენტობა და პოპულარიზაციას უწევდნენ თავიანთ კულტურულ ტრადიციებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოშები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფი გახდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ანკლავებს შორის. 90-იან წლებში ბევრმა ბოშამ დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად უმეტესად რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ. ამის მიზეზად, ერთი მხრივ, ეკონომიკური სიდუხჭირე და, მეორე მხრივ, ნაციონალისტური იდეოლოგიის გააქტიურება სახელდება.
ამჟამად ბოშათა უმრავლესობა დასახლებულია თბილისში, სადაც დაახლოებით 250-300 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. ბოშები ცხოვრობენ აგრეთვე იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, როგორც პატარა სოფლებში, ასევე სხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებსა თუ ქალაქებში.

 

საცხოვრებელი გარემო და საქმიანობა

ბოშები ერთიანდებოდნენ მომთაბარე ჯგუფებად, რომელთა წევრები შეიძლებოდა ნათესავები არ ყოფილიყვნენ. ბანაკი, როგორც წესი, 10-იდან 25 კარავს ითვლიდა. ნებისმიერ ოჯახს შეეძლო ბანაკს გამოყოფოდა. ბოშები, როგორც წესი, თავს გარკვეულ ე.წ. «როდოს», ორ-სამთაობიან დიდ ოჯახს მიაკუთვნებენ, რომელიც დიდი წინაპრის სახელს ატარებს. ჩვეულებრივ უპირატესობას მამის შტოს ანიჭებენ, თუმცა შესაძლებელია თავი დედის გვარსაც მიაკუთვნო. არ არის აუცილებელი ერთ «როდოში» გაერთიანებული ადამიანები ერთ ადგილას, ერთად ცხოვრობდნენ.
ოჯახის წყობა პატრიარქალური იყო. კაცები ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ოჯახის უფროს წევრებს ხაზგასმულ პატივს სცემდნენ. გათხოვილი ახალგაზრდა ქალი «უწმინდურად» ითვლებოდა და სხვებთან ურთიერთობისას მრავალი აკრძალვა უნდა შეესრულებინა. ახალგაზრდა გოგონები შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდნენ. მათ ქალიშვილობის სიწმინდის დაცვა ევალებოდათ. მოხუც ქალებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.
შრომა კოლექტიური იყო, დოვლათი თანაბრად ნაწილდებოდა, მათ შორის მათზეც, ვისაც შრომა არ შეეძლო. ბანაკს ხელმძღვანელობდა ბელადი, როგორც წესი უფროსი თაობის ადამიანი, ვინც კარგად ფლობდა გარშემომყოფთა ენას. კონფლიქტებსა და სადავო საკითხებს განიხილავდა სასამართლო («სენდო»). მასში შედიოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. სენდოს გადაწყვეტილება უსიტყვოდ სრულდებოდა.
ბოშებში ყველაზე გავრცელებული საქმიანობა იყო ცხენებით ვაჭრობა, ქალებში — მკითხაობა; მისდევდნენ მჭედლობას, ხეზე კვეთას, საიუველირო საქმესა და სხვ. ბოშურ ოჯახში დღეში ერთხელ იკვებებოდნენ, როდესაც დედა სოფლიდან ან ქალაქიდან ბრუნდებოდა და სანოვაგე მოჰქონდა. ამ დროს სუფრასთან ბოშათა ბანაკის სხვა წევრებსაც პატიჟებდნენ. ერთობლივი ჭამა ბოშებისთვის სხვისი პატივისცემის, მეგობრობისა და თანასწორობის ნიშანია. გამასპინძლებაზე უარის თქმა შეურაცხყოფის მიყენების ტოლფასი იყო. დიდ დღესასწაულებზე ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ.
ნაციონალური ტრადიციული სადღესასწაულო საკვებია: ფქვილში მომზადებული კომბოსტოს, ბრინჯისა და ხორცის შეჭამადი («შახ ტულიარდო»), სქელი სუპი ხორცით, წიწაკითა და პომიდვრით («პაპრიკაში»), ხაჭოთი, ქიშმიშითა და შაქრით მომზადებული რულეტა («სავიაკო»).
ბოშებში დაქორწინების საფუძველს გარიგება წარმოადგენდა. ბავშვები ხანდახან ჩვილობის ასაკშიც ინიშნებოდნენ. არსებობდა ქალიშვილების გაცვლის ტრადიციაც. როდესაც ქალს ათხოვებდნენ, საქმროს და ცოლად საცოლის ძმას მიჰყვებოდა. არსბობდა პატარძლის «ყიდვის» ტრადიციაც. გავრცელებული იყო მოტაცებით ქირწინებაც.
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ბოშები მომთაბარეობდნენ. ამ დროს ისინი კარვებში ცხოვრობდნენ. კარვების შიდა მოწყობილობა მკაცრად იყო სტრუქტურირებული. «წმიდა» ნივთები: ხატები, მათრახი, სარკე, ჭურჭელი, ჩაიდანი განლაგებული იყო ერთ კუთხეში, შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს. ქალებს მათთან მიახლოება ეკრძალებოდათ.
დღეს საქართველოში ბოშები ცხოვრობენ ნაქირავებ ან ნაყიდ საკუთარ სახლებში, საბჭოთა სტილის საერთო კორპუსებში, დროებით თავშესაფრებსა და კარვებში. საქართველოში ბოშები უმთავრესად წვრილმანი ვაჭრობითა და მკითხაობით ირჩენენ თავს. ბოშათა უდიდესი ნაწილი საქართველოში უმუშევარია.
ტრადიციული ბოშური ჩასაცმელი ქალებისათვის ე.წ. «შეუკერავი» ქვედაბოლოა, რომლის შეერთების ნაწილი თავში შემჭიდროებული წინსაფრით («კიტრინცი») იფარება. ზედა ჩასაცმელს, როგორც წესი, ფართო მკლავები და ამოღებული გულისპირი ჰქონდა, რათა მოსახერხებელი ყოფილიყო ძუძუს საწოვებლად. გათხოვილი ქალის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია თავსაფარი — ხშირად მონეტებჩაკერებული («მეჟედია»). ბოშა ქალებს ძალიან უყვართ სამკაულები, განსაკუთრებით, ოქროსი. კაცების სამოსია ფართო შარვალი, ჩექმები, პიჯაკი ვერცხლის ღილებით და ღია ფერის აბრეშუმის პერანგები.

რელიგია და რწმენა-წარმოდგენები

მორწმუნე ბოშები ევროპის ქვეყნებში ძირითადად კათოლიკეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე — მართლმადიდებლები, ბალკანეთის ქვეყნებში — სუნიტი მუსლიმები. მათში გავრცელებულია აგრეთვე ტრადიცული რწმენა-წარმოდგენებიც. საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცა საქართველოში სხვა რელიგიური იდენტობის ბოშათა ჯგუფებიც არიან, მათ შორის ევანგელისტური აღმსარებლობის ქრისტიანები.

ფოლკლორი

ბოშები სახელგანთქმულნი არიან, როგორც კარგი მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები. მათი ფოლკლორი მეტად პოპულარულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სერბეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. ითვისებდნენ რა იმ ხალხების ფოლკლორულ ელემენტებს, ვის გვერდითაც ცხოვრობდნენ, ბოშებს ამ ქვეყნების კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეჰქონდათ. რუმინულ და უნგრულ სავიოლინო მუსიკასა და ესპანურ ფლამენგოში ნათლად იგრძნობა ბოშური ფოლკლორის გავლენა. საქართველოში ბოშათა ფოლკლორული ანსამბლები საკმაოდ იყო წახალისებული საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ამაჟამად საქართველოში ისინი აღარ მოქმედებენ.



სტატიის მომზადებულია – მომზადებულია ტოლერანტობის ცენტრის მიერ


megobari saitebi

   

01.10.2014