წარწერებსოფელ ცხნარიან

ქციის ხრამში, მდინარის მარცხენა, მაღალ ნაპირზე მდებარეობს სოფელი ცხნარი. ეს პატარა სოფელი ფიტარეთის დასავლეთითაა, მისგან დაახლოებით 3 კმილომეტრზე, მაგრამ გზა საკმაოდ დაკიდულ აღმართს მიუყვება.

ზოგიერთ რუკაზე ამ ადგილას აღნიშნულია „წყნარი“, რაც ძველი რუსული რუკიდან შეცდომით გადმოქართულებულ სახელს წარმოადგენს.

აქაურთა მეტყველებაში სოფლის სახელი ახლა გაისმის, როგორც „ციხნარი“, ასევეა შემორჩენილი საფლავის ქვათა წარწერებშიაც, რომელთაგან ზოგი აქ დაკრძალულთა შესახებ გვამცნობს, რომ ისინი 1889 წელს გომარეთიდან გადმოსახლებულან „ციხნარში“.

ქართულში ნარ სუფიქსიანი სახელები ძირითადად მცენარეთა კრებულის აღმნიშვნელია: ფიჭვ-ნარ-ი, კოპიტ-ნარ-ი დაფ-ნარ-ი, და ა.შ. ორიოდე შემთხვევაში ასეთი წარმოება შეიძლება გვქონდეს ისეთი სიტყვებისაგან, როგორიცაა თიხა, ქვიშა, მაგ: თიხნარი, ქვიშნარი, მაგრამ არ გვაქვს სახლნარი, კოშკნარი... ამიტომ „ციხნარიც“ ხალხურ ეტიმოლოგიად გამოიყურება.

სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ხრამს მართლაც დასქერის ციხე. უეჭველია მისმა არსებობამ განსაზღვრა გვიან მოსული მოსახლეობისათვის ცხნარის ,,ციხნარად“ გააზრებაც. გვიანი შუა საუკუნეთა ხანის ქართულ დოკუმენტებში ყველგან მხოლოდ ცხნარი იხსენიება, სადაც ეს სოფელი საბარათაშვილოა (1523 წლის ბარათაანთ გვარის წიგნი), შემდეგ კი ამ გვარის განაყარი სახლების კუთვნილება ჩანს.

სოფლის განაპირას ეკლესია დგას. იგი ერთნავიანი დარბაზული შენობაა, გვიანი მინაშენით სამხრეთიდან. შენობა გათლილი ლოდებითაა ნაგები და ჰორიზონტალურ წყობას იცავს. სახურავი ჩაქცეულია. ორი სარკმელი და შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედლის სარკმელი გრეხილი ლილვით შემოვლებულ, წნულ ჩარჩოშია ჩასმული.

მინაშენი ნაგლეჯი ქვითაა ნაგები, იგი კედლის მთელ სიგრძეს გაუყვება, ოღონდ სიმაღლით ნახევრამდე სწვდება მას. მინაშენის შესასვლელს არქიტრავის ლოდი თავდაყირა ადევს, ამიტომ ზედ ამოჭრილი რელიეფური ჯვრის მოკლე მკლავი ქვევით, ხოლო გრძელი მკლავი ზევითაა მიმართული. მინაშენი სამხრეთ კედლის სარკმლებს ძირამდე სწვდება, სამაგიეროდ მთლიანად ფარავს შენობის შესასვლელსა და დიდ ბალავრის ქვას, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით, რომელიც ამის გამო კარგად შემონახულა.

samstriqoniani asomTavruli warwera

წარწერის ქვევით, გრეხილი ლილვებით ნახევარწრეა გამოსახული, რომლის შუაგული „ბოლნურ მედალიონს“ უჭირავს; მის ორსავე მხარეს კი, მოკლე ასომთავრული წარწერა ავსებს.

წარწერას სიგრძეზე 160 სმანტიმეტრი უჭირავს. ასოთა სიმაღლე 8,5 სანტიმეტრსა და 4 სანტიმეტრს შორის მერყეობს; ისინი მრგვლოვანი ასომთავრულითაა შესრულებული და განკვეთილობის ნიშნებს არ შეიცავენ. ქარაგმის აღმნიშვნელად სწორი ხაზია ნახმარი. ორგან გვხვდება ნუსხური „წ“ და „დ“-ის მუცელში შეწიაღებული „ა“. ასოთა მოხაზულობა უჩვეულოდ ძველია: „ა“, „დ“, განსაკუთრებით თავშეკრული „ბ“... ძველია ბოლნური ჯვრის მოტივიც.

მიუხედავად გულმოდგინე ნამუშევრისა, ხელოსანს წარწერაში შემასმენელი გამორჩენია, რომლის ჩამატებისა და ქარაგმების გახსნით იგი ასე წაიკითხება: „სახელითა ღმრთისაჲთა ესე ეკლესიაჲ დავით[ის] მეფობასა ვაჰრამის პატრონობასა [ვაშენეთ] ყოველმან და წელიწდამდის ბალავარი დავსვით“; ნახევარწრეში, ბოლნური მედალიონის ორსავე მსარეს: „ქრისტე შეიწყალე ამი[ს] მოქმედი“; ბალავრის ქვის ზევით, მარცხნივ ერთ სტრიქონად: „ქრისტე შეიწყალე ჩნდრტჲ“.

გამოდის რომ ეკლესია ერთი წლის განმავლობაში „უშენებიათ“ დავით ულუსა და ვარამ გაგელის დროს XIII საუკუნის შუა წლებში, რადგან ეს უკანასენელი 1250-იან წლებში წყაროებში აღარ იხსენიება.

დავით ულუს გამეფება 1248-9 წლებზე მოდის. ცნობილია, რომ მონგოლებმა საქართეელოში ორი დავითი გაამეფეს - ლაშა გიორგისა და რუსუდანის ძენი; თან ულუ დავითს უპირატესობა მიანიჭეს და რუსუდანის ძე მას დაუქვემდებარეს.

საინტერესოა, რომ მეზობელ ალგეთის ხევში მყოფ სოფელ აბელიის წარწერაში ორივე დავითი ერთად იხსენიება. ეს წარწერა 1250-59 წლებით თარიღდება და ვარამის მოუხსენებლობა იქ, ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ ის აღარ იყო ცოცხალი.

შესაძლებელია ცხნარის წარწერის „დავით მეფობასა“ უნდა გავიგოთ მრავლობით რიცხვში -  „დავით[თა] მეფობასა“ და არა მხოლობითში - „დავით[ის] მეფობასა“. როგორც არ უნდა იყოს, წარწერის თარიღს ვერც ასეთი გაგება ვერ შეცვლიდა. თუმცა „დავით[ის} მეფობასა“ უფრო ბუნებრივი ჩანს, მით უფრო, რომ ნათესაობითი ბრუნვის აღმნიშვნელი „ს“ წარწერის ამომკვეთს სხვაგანაც დაჰკლებია: „ქრისტე შეიწყალე ამი[ს] მოქმედი“.

სიტყვა „მოქმედი“ ძველ ქართულში ფართოდაა გავრცელებული და ნიშნავს მკეთებელს, შემსრულებელს, მუშაკს, თან სულ სხვადასხვა ხასიათის სამუშაოსას. X საუკუნეში, დავით კურაპალატის ჯვრის ოსტატი ასათ, თავის თავს „მოქმედს“ უწოდებს; ოშკის ცნობილ წარწერაში მოხსენიებულია „კალატოზთა და მოქმედთა მიზდი”, „ყოველი ერი და მოქმედი“;” XIII საუკუნის იენაშის ოთხთავის გადამწერი და მხატვარი თავის თავს ანდერძში უწოდებს“ ამისსა მოქმედსა იონას“ და სხვა... ასე რომ ჩვენს წარწერაში „მოქმედი“ არა მხოლოდ ბოლნური ჯვრის, არამედ მთელი წარწერის შემსრულებლადაც შეიძლება ვივარაუდოთ. თითქოს ამისავე საბუთად გამოდგებოდა წარწერის ზოგი ასოსა და ჯვრის მოტივის ფსევდოარქაულობაც, რაც XIII საუკუნეს არ ახასიათებს.

ამ წარწერის ქვევით, ჰორიზონტალური ლილვის დაბლა ერთსტრიქონიანი ხუცური წარწერაა ამოკაწრული, სადაც განირჩევა სიტყვები „გა[ნა]ხლებულ იყო ესე კ[არი]...“ შესაძლოა ეს შესასვლელის ორნამენტულ მოჩარჩოებას გულისხმობდეს, რომელიც მოგვიანებით ჩაუტარებიათ, ალბათ მინაშენის კეთებისას. გაურვვეველია მთავარი წარწერის ზევით, ცალკე მოთავსებული ერთსტრიქონიანი წარწერიდან ასოთა ჯგუფი „ჩნდრტჲ“. არც მისი ეკლესიასთან დამოკიდებულებაა აღნიშნული. აქ მოსალოდნელი იყო სახელი ლოდის შემწირველისა...

წარწერით კარგად მტკიცდება, რომ, ცხნარი და ალბათ მთელი სამშვილდის ქვეყანაც, XIII საუკუნის შუა ხანებში ვარამ გაგელის საპატრონოა. ქართულ და სომხურ საისტორიო მწერლობაში ეს პირი კარგადაა ცნობილი, როგორც ერთი ყველაზე გავლენიანი მოღვაწეთაგანი. მისი მამისათვის ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელისათვის, თამარ მეფეს მიუცია გაგი ქურდვაჭრით განძამდე, როგორც „ქვემოთი სანაპირო“ საერისთავო. ზაქარიას ძე ვარამი და მისი შვილი ადბუდა ფლობდნენ გაგსა და სომხითის ციხე-ქალაქებს: შამქორს, ტავუშს, კაწარეთს, ტერუნაკანს, მაწნაბერდს, ნორბერდს, ქავაზინს, ქარჰერძს, გარდმანს, ზეგამს. მათი მთავარი, მამაპაპეული საკუთრების - გაგის ფლობის გამო, მხარგრძელთა ეს შტო გაგელებად იწოდებოდა.

თამარ მეფემ ვარამ გაგელს მსახურთუხუცესობაც უბოძა. ისტორიკოსები მას სხვადასხვა ეპითეტებით ამკობენ: ის იყოვო „კაცი საპატიო და ლაშქრობათა შინა გამარჯვებული“; ხვარაზმელთა შემოსევის დროს და „უწინარეს ამისსა, ვარამ გაგელს, კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა, ამას აქუნდა შამქორი და მომდგომნი მისნი ქუეყანანი“.

კირაკოს განძაველის ცნობით, რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და ვარამ გაგელის მეშვეობით. გროგოლ აკანელის ცნობით კი, საგიმის ველზე მომხდარ დიდ ომში მონგოლებთან, სწორედ ვარამ გაგელის ფრთას გაუმარჯვია, თუმცა ეს წარმატება ქართველებს ბოლომდე ვერ მიუყვანიათ.

მონგოლთა მიერ საქართველოს დამორჩილების შემდეგ, უმეფების დროს, მონგოლებმა ქვეყანა დუმნებად [მსხვილ პროვინციებად] დაყვეს, რომელთა სათავეში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პირები დააყენეს. ამ დროს „ვარამ გაგელსა ჴელთ უდვეს ყოველი სომხითი; გრიგოლ სურამელს ქართლი“ ეს „ყოველი სომხითი“ მთელი ქვემო ქართლია, ვიდრე შამქორამდე, რომელიც ვარამისათვის ჩაუბარებიათ.

ქართველი ჟამთააღმწერლის მიხედვით, ულუ დავითი საბერძნეთიდან ვარამ გაგელსა და სარგის თმოგველს წამოუყვანიათ. სომხური წყაროს ცნობა გრიგოლ აკანელისა კი, საერთოდ ვარამს აკისრებს მთავარ როლს ულუ დავითის გამეფებაში: „მიიღეს ბრძანება დიდი ღანისაგან, მოიყვანეს და დასვეს დავითი მისი მამის ტახტზე თბილისში. ძლიერ გაიხარეს ქართველემა მთავრებმა, უწოდეს მას „ვარამული მეფე“, ე.ი. „ვარამ დასვი მეფედ“. ახალი მეფის დასმის გამო ერთხანს დაწყნარდა ქართველთა და ალვანთა ქვეყნები.

დავითის გამეფების შემდეგ, მონგოლური დუმნისთავობა უნდა მოშლილიყო და ისევ ქართული სახელმწიფოებრიობა აღდგენილიყო. ასეთ შემთხვევაში რაღაა ჩვენი წარწერის „ვაჰრამის პატრონობასა“? საქმე ისაა, რომ ძველი დუმნისთავები დავითის გამეფების შემდეგაც პატრონობდნენ მათთვის მიბარებულ ქვეყნებს, ოღონდ ახლა ქართული მთავრების ინსტიტუტის რიგზე. ეს ხომ ის დრო იყო, როდესაც საქართველოს მეფემ „ვერ სცვალნის მთავარნი და ერისთავნი შიშისათვის ყაენისა“, მით უფრო ვარამ გაგელი, რომელსაც ამდენი დამსახურება ჰქონდა ულუ დაავითის წინაშე.

1259 წლის რკონის დაწერილი გვამცნობს, რომ მეფეს ვარამისთვის სოფელი ხოვლეც უბოძებია შიდა ქართლში, ხოლო ადბუდასა და მის შვილებს იგი ურტაღებისათვის მიუყიდიათ.

ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ცხნარისა და აბელიის თითქმის თანადროულ წარწერათა შედარება [სხვაობა მაქსიმუმ 10 წელია]. ასოთა მოხაზულუბის საოცარ უთანაბრობასთან ერთად [აბელის წარწერაში XIII საუკუნე აშკარად მოჩანს]. ყურადღებას იქცევს შინაარსობრივი განსხვავებაც. ცხნარში მშენებლობის ინიციატორი არ ჩანს; დავითის მეფობა და ვაჰრამის პატრონობა დროის განსაზღვრისათვისაა ნახსენები, თორემ არც მათი მონაწილეობა ჩანს მშენებლობაში. გამოდის, რომ წარწერის „ყოველმან“ გულისხმობს სოფლის ერთიანი მოსახლეობის მიერ გაწეულ შრომა-დაფინანსებას, რაც ქართულ სინამდვილეში გამონაკლისი არაა. ასეთ შემთხვევაში გასაგებია, რომ ამ საზოგადოების პატრონი ვარამია, ვარამისა კი [უნდა ვიგულისხმოთ] - მეფე.

აბელიის წარწერაში მანგლელი ეპისკოპოსია მშენებლობის ინიციატორი - არსენ მშვილდაჲსძე რომელიც ორი დავით მეფის წვალობით [ფინანსური, თუ სხვა დახმარებით] აშენებს ეკლესიას. ამიტომ საყდარი აიგება უპირველეს ყოვლისა „სამლოცველოდ მეფობისა მათისა“. ეპისკოპოსი ვრცლად [23 სტრიქონზე] მოგვითხრობს, თუ რა გაჭირვებით აშენებს ეკლესიას მონგოლთა მიერ დაპყრობილ საქართველოში და რომ ეს მხოლოდ „პატრონთა წყალობით“ გახდა შესაძლებელი. აქვე გაკვრით ნათქვამია, რომ მშენებლობაში სხვებსაც მიუღიათ მონაწილეობა.

ისევე, როგორც ცხნარის წარწერაში, აქაც ნახსენებია პატრონი [„პატრონთა წვალობით“], რაც დავით ულუს და დავით ნარინს გულისხმობს; ისინი პატრონნი არიან მანგლელი მთავარეპისკოპოსისა. აქ ვარამი უკვე გარდაცვლილი უნდა იყოს, ხოლო ძე მისი ადბუდა, ჩანს ვერ გახდა მამამისის უფლებრივი მემკვიდრე: XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გაგელთა გვარი დაემცრო და მსახურთუხუცესობა სურამელთა საგვარეულოში გადავიდა. მაგრამ მაინც, თუ არსენ მშვილდაჲსძესა და მეფეთა შორის არავინ დგას, ეს მანგლელი მთავარეპისკოპოსის მაღალ მდგომარეობაზე უნდა მიუთითებდეს, რომლის უშუალო პატრონი მეფეა. 

ვარამის დუმნისთავობა, მთავრობა-პატრონობა არ არღვევდა ადგილობრივ ერისთავთა, ან სხვა მოხელეთა უფლებებს, რომლებიც ქვემო ქართლის მცირე ქვეყნებს განაგებდნვნ. თვით სამეფო ქვეყანა „ყოველი სამშვილდეც“ რამოდენიმე მცირე ერთეულად იყოფოდა, რომელთაც ერისთავები, თუ სხვა ხელისუფალნი მართავდნენ. მაგ: ტორნისხევის ჯიგრაშენში ნაპოვნი, XIII საუკუნის ასომთავრული წარწერა იხსენიებს ვინმე ნიკოლოზ ერისთავს, რომელიც ცხადია, პირველ ყოვლისა ტორნისხევის გამგებელი უნდა ყოფილიყო; ან ფიტარეთის მონასტრის მაშენებელი ქავთარ ქჯფჲსძე, „ამირეჯიბი თვითმპყრობელისა ძლიერისა მეფეთ-მეფისა გიორგისი“, რომელიც ისევ XIII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს...

იმასვე ადასტურებს განვითარებული შუა საუკუნეთა ხანის ციხეების აგება მოდამნახესა და ცხნარში, [ე.ი. საციხისთავო ერთეულების გამრავლება], ამავე ეპოქის ფეოდალთა სასახლეებისა, სამონასტრო მშენებლობათა სიმრავლე [ფიტარეთი, პირღებული, გვიანა, მონასტერი].

ზემოხსენებული ციხე სოფელ ცხნარის სიახლოვესაა დაახლოებით 1,5 კოლომეტრზე. აქ სხვადასხვა ზომის კლდის ლოდები ბათქაშზეა ნაწყობი და მოზღუდულია ფართობი დაახლოებით: 25 მX10 მ. კედლებს ხუთი ნახევარწრისებური ბურჯი ამაგრებს. სამზერები აღმოსავლეთ მხარეს აქვს და ქციას ამოყოლილ გზას გასცქერიან, რომელიც ამ ადგილას იკვეთება დმანისხევიდან გადმოსული გზით და ცხნარის გავლით ირაგის ხეობისაკენ მიემართება. როგორც ჩანს ამ ციხეს ემორჩილება ქციის ხრამის სოფლები და გზები ლიპარიტის უბნიდან ბერიქალის ციხემდე, რადგანაც შემდეგ სხვა ციხეთა „შესავალი ქვეყნები“ იყო.

ზევით აღვნიშნე, რომ ცხნარის ეკლესიას სამხრეთიდან მონაშენი აქვს. მისი დაუდევარი წყობა ძლიერ განსხვავდება მთავარი შენობის გათლილი საპირე ლოდებისაგან, ამიტომ მისი მოშენება მოგვიანო ხანებში უნდა ვივარაუდოთ; მაგრამ ამ მინაშენს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შემოუნახავს: ძირითადი შენობის კედელზე პილასტრად არის გამოყენებული ქვაჯვარა თავისი კუბური ბაზისით. ბაზისის ზომებია - 38 სმ. X 26 სმ. სტელაზე ტოლმკლავა ბოლნური ჯვარია ამოჭრილი და მის ქვეშ ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ბაზისი კი მთლიანად უკავია ხუთსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას, რომლის ბოლო სიტყვები აღარ ჩანს.

ასოთა უმრავლესობა სიმაღლით 4 სმანტიმეტრია; უმცირესი ასოა „ი“ - 2 სმ. მე-4 და მე-5-ე სტრიქონის პირველი 3-4 ასო გადაშლილია. ქარაგმების გახსნით წარწერა ასე იკითხება: „სახელითა ღმრთისაჲთა ესე ჯუარი აჰმართეს კოჟოლის ძ[ეთა]  ამისა ძმისა და ძისა...რს ზედა ვინ შე[ცვალოს]“... შესაძლოა ჯვრის ქვეშ მოთავსებული ასოთა ჯგუფი, ბაზისის წარწერის დაბოლოება იყოს, ზევით ატანილი ბაზისზე უადგილობის გამო:..“ძნე საუკუნოი არს”.

orstriqoniani asomTavruli warwera

პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა X საუკუნის შეიძლება იყოს, როგორც ვხედავთ აქ ჯვრის აღმართვაზეა საუბარი, რომელსაც კოჟოლის ძენი განახორციელებენ, როგორც ადგილობრივი მფლობელნი. ბაზისის წარწერის ბოლო სტრიქონის დაზიანების გამო, არ ჩანს, თუ რას „ზედა“ აღმართავენ ჯვარს. აქ შეიძლება იყოს როგორც სალოცველად ჯვრის აღმართვის ფაქტი, ასევე შაწირულებისა, თუ მიწის მიჩემების აღნიშვნა; არაა გამორიცხული მემორიალურ ძეგლთანაც კი გვქონდეს საქმე.

არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ეს ქვაჯვარი სხვა ადგილიდან იყოს მოტანილი საყდრის მინაშენის კეთების დროს. ბუნებრივია მისი აქვე არსებობა ვივარაუდოთ ეკლესიის მშენებლობის დროსვე XIII საუკუნის ნახევარში. შესაძლოა იგი აქ ძველი საყდრის არსებობაზეც მიუთითებდეს, რომელიც იქნებ მხოლოდ გადააკეთეს, თუ „მეორდ ააშენეს“ მონგოლთა ბატონობის პირობებში [სწორედ ამ ქმედების აღმნიშვნელი სიტყვაა გამოტოვებული ბალავრის წარწერაში]. მოგვიანებით უკვე მინაშენიც გაუკეთებიათ ეკლესიისათვის, რომელშიაც მოხვდა ეზოში მდგარი ქვაჯვარაც.

ამრიგად ცხნარის ქვაჯვარი, ეკლესია-სასაფლაო და მისი წარწერები, ციხე, სოფლის მახლობლად მდგარი გზაჯვარედინზე, ამ პუნქტის სიძველესა და მნიშვნელობაზე მეტყველებენ შუა საუკუნეების „ყოველი სამშვილდის“ შემადგენლობაში.



სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014