დვალთა ეთნიკური ვინაობისათვის

საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი კუთხე დვალეთი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. დვალეთი საქართველოს ისეთივე მთიანი პროვინცია იყო, როგორც ფხოვი, თუშეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, ხევი... ამასთანავე, დვალები აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართულ კულტურულ და საეკლესიო ცხოვრებაში. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ 1801 წელს რუსეთმა საქართველოს ანექსია დვალეთთან ერთად განახორციელა. 1858 წელს კი მეტროპოლიამ დვალეთი საქართველოს (თბილისის გუბერნიას) ადმინისტრაციულადაც ჩამოაშორა და ის რუსეთის თერგის ოლქს დაუქვემდებარა. ისევე როგორც საქართველოს ზოგიერთ სხვა მხარეში, გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში დვალეთში მოხდა მოსახლეობის ეთნიკური ცვლა. დვალეთიდან გამოდევნილი ადგილობრივი ქართულ-ქართველური ეთნიკური ერთობის ადგილი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსახლებულმა ირანულენოვანმა ოსებმა დაიკავეს. დვალთა მამა-პაპათა საცხოვრისიდან გამოდევნა XV საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოსთა მძლავრობის, თავდასხმების, მეკობრეობის შედეგად საქართველოს მთიანეთის აღნიშნული მხარე მოსახლეობისაგან თითქმის მთლიანად დაიცალა. დვალები განსახლდნენ: რაჭაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და სამცხეშიც კი. ადგილზე დარჩენილი დვალთა გარკვეული ნაწილი, ოსთა აქ მიგრაცია-დასახლების შედეგად, დროთა განმავლობაში ასიმილირებულ იქნა მოსული ეთნიკური ერთობის მიერ. დვალეთში ოსთა დასახლკარება XV საუკუნის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI საუკუნეში დასრულდა. XVII საუკუნეში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან გადმოსახლდნენ და მათი აქ (აგრეთვე შიდა ქართლის მთიანეთში) მიგრაცია XVIII საუკუნის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი – დვალი (ოსურად "თუალი") საკუთარ ეთნონიმად აქცია. ასეთი შემთხვევა მსოფლიოს ეთნოისტორიიდან არაერთია ცნობილი.
დვალების ეთნიკური ვინაობის შესახებ მეცნიერებაში რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. მანამ, სანამ ამ შეხედულებებს ჩამოვთვლით, უნდა გავიმეოროთ ვახუშტი ბაგრატიონის ყველასათვის ცნობილი ფრაზა, რომ მათ "ენა აქუთ ძუელი, დვალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად". ვ. გამრეკელს დვალები ვაინახებად, უფრო სწორად, ქართიზებულ ვაინახებად მიაჩნდა. მისი აზრით, დვალთა ქართიზაცია VII საუკუნეში უნდა მომხდარიყო, როდესაც, არაბობის გამო შეწუხებული ქართლის მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით მიგრირდებოდა". ამ ავტორმა ბოლოს ეს შეხედულება შეიცვალა და დვალები, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ სტატიაში ქართველურ ტომად – ზანებად მიიჩნია. ვ. აბაევი და ნ. ვოლკოვა დვალებს იბერიულ-კავკასიური ენობრივი ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, რუსი ეთნოგრაფი დვალთა ირანიზაციას VI-VII საუკუნეებით ათარიღებდა. ერთ-ერთი შეხედულებით დვალები სვანები სვანურ ენაზე მოლაპარაკენი იყვნენ. ბევრად ადრე იგივე მოსაზრებას კოლეგებთან პირად საუბრებში ჩვენც გამოვთქვამდით. მაგრამ პრობლემებზე მუშაობისას და არაერთი მასალის გაცნობა-დამუშავებისას დავრწმუნდით, რომ ვ. გამრეკელის საენციკლოპედიო სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას დვალთა ზანური წარმომავლობის შესახებ რეალური საფუძველი ჰქონდა. თუმცა ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ დვალები არ იყვნენ ზანების იდენტურნი. ისინი ერთ-ერთი ქართველური ენის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ლაპარაკობდნენ ზანურსა და სვანურს შორის მდგომ ენაზე. ამავე დროს, დვალური ენა უფრო ახლოს იდგა ზანურთან. არ შეიძლება დავიწყებულ იქნას აგრეთვე დ. გვრიტიშვილის სტატია, რომელშიც ქართულ მეცნიერებაში პირველადაა უარყოფილი დვალთა ოსობა. რაც შეეხება ოს ავტორებს, ვ. აბაევისა და გ. თოგოშვილის გამოკლებით, ისინი დვალებს, ხელაღებით ოსებად აცხადებენ. თუმცა, ყველა ოსური გადმოცემით, დვალეთში ოსთა მიგრაცია გვიან განხორციელდა. ვ. აბაევს ძველი დვალები იბერიულ-კავკასიურ ტომად მიაჩნდა, ოსური ენისა და ტოპონიმების შესწავლის შედეგად. ქართველ ავტორთაგან დვალთა ეთნიკური წარმომავლობის საკითხს ბოლოს ბ. გამყრელიძე შეეხო, რომლის დასკვნით, დვალეთი "ძველთაგანვე ეთნიკურად, კულტურულად, ადმინისტრაციულად ქართული სამყაროს შემადგენელი ნაწილი იყო”. ამავე ავტორის მიერ მოყვანილი ზოგიერთი მასალა, ვფიქრობთ, ჩვენს მოსაზრებას უჭერს მხარს. რაც მთავარია, მას თავის დროზე დვალეთში დაუფიქსირებია საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალები ოსთა მიგრაცია-განსახლებისა და ადგილობრივი გვარების შესახებ. აი, ერთ-ერთი გადმოცემა: "ადრე აქ (დვალეთში – რ. თ.) ბერძნებს უცხოვრიათ, შემდეგ ქართველებს. ქართველებს განუდევნიათ ბერძნები, როდესაც ოსები საქართველოს დაემორჩილნენ. შემდეგ მოდიან ოსები მიზურიდან, როდესაც კავკასიას მონღოლები შემოესივნენ. თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან გამოქცეულან და ამ ადგილებისათვის შეუფარებიათ თავი". ლოგიკურია ავტორის მსჯელობა, როდესაც ბერძნებში დასავლურ-ქართულ ელემენტს გულისხმობს, რადგან, ცნობილია, რომ ეკლესიურად დასავლეთ საქართველო და დვალეთის, რაჭის მიმდებარე ნაწილიც IX საუკუნემდე ბერძნული იყო. აშკარაა, რომ დვალეთმა დასავლეთ საქართველოსთან ერთად გადაიგდო ბერძენთა (ბიზანტიელთა) საეკლესიო უღელი და ბუნებრივი სწრაფვის გზით ქართულ ეკლესიას აქაც გაეხსნა გზა. ზემომოყვანილი გადმოცემის ლოგიკური ახსნა სწორედ ესაა.
წინამდებარე სტატიის მიზანია სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომლითაც აშკარაა, რომ დვალეთი კულტურულ-ისტორიულად ქართული ქვეყანა იყო. შესაძლებელია დვალებს ჰქონდათ საოჯახო სალაპარაკო დვალური ენა, მსგავსად მეგრულის, სვანურის და წოვათუშურის, მაგრამ კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით დვალები ქართველები იყვნენ და აქ ქართულ ენას და ქართულ წიგნს დიდი ასპარეზი ჰქონდა. მხედველობაში გვაქვს 1920 წლისათვის ონის საჯანის კარის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული XIV-XV საუკუნეების ნუსხახუცურით შესრულებული სახარების იმავე და მომდევნო პერიოდის მინაწერები. ე. თაყაიშვილი აღნიშნული სახარების შესახებ წერდა: "დაწერილია ეტრატზე ორ სვეტად, XIV-XV საუკუნეთა ნუსხახუცურით. სათაური და მეთაური ასოები სინგურითაა დაწერილი. ყდა ტყავგადაკრული ხისაა, გატეხილი. ხელნაწერს ბოლოში დართული აქვს სარჩევი. ერთ ადგილას სარჩევში წითლურით სწერია: "ლც~ვა: ყვ~თ: გლხ~კისა: გ~ისთ~ს: რ~ნ ვთარგმნე სხ~რბჲ". ამრიგად, სახარება გიორგი მთაწმინდელის რედაქციისა არის". ოთხთავზე რამდენიმე მინაწერია, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ერთი იქცევს. სანამ აღნიშნულ წარწერას მოვიყვან, საჭიროდ ვცანით მკითხველს ორი სხვა მინაწერი გავაცნოთ. ლუკას სახარების ბოლოს გადამწერს მიუწერია: "ყთ~ა ღ~თა მდლ~ითა შეუიდვნეს ღ~ნ ნიკ~ლზს ამისსა მწერალსა: ვინცა თქ~ას მს~ცა შ~ნდვნ~ს ღ~ნ: ღ~ნ იცის ამისებრი ოთხთ~ვი ქართლს არა ძეს. და უმრ~თლესი: ამისა სიკეთისთ~ს ესეთნი მოვიჭირვე რ~ლ ორსა წელსა ვ~წერე: და ვამოწმე: ქართულთა ოთხთვ~თა სიკეთისთ~ს". მათეს სახარების ბოლოს ხუცურითვე შემდეგი მინაწერი ყოფილა: "ესე ოთხთავი სახარებ~ჲ წედის ციხე რომ აიღო ერისთ~ვნმ, მაშინ წულუკიძემ წაიღო: მე ლელა ჯიბრიაშვილის ქა~მნ დავიხსენი". ეს, სხვათაშორის, აღნიშნული სახარების მნიშვნელობისათვის. რაც მთავარია მარკოზის სახარების ბოლოს ხუცურითვე შემდეგი მინაწერია: "ქ. ღუდისა ღთის მშ-ბლისა ხატნი და წიგნები წაჳდა თათრობასა ბერციხეს და ესე, ოთხთავი ხორაულსა ეპოვნა: სლ~სა ხორაულისა ივანაჲსა და მისთა დედა მმთასა შ~ნდნეს ღ~ნ ა~ნ: – ფარუხაულსა დედისა მისისათჳს დვალეთს გაეგზავნა გასასყიდლად და ღჳჭისშვილსა წაერთუა. ს~ლსა ღჳჭისშვილისა კჳრიკაჲსსა და მისთა დედა მმთასა შ~ნდნეს ღ~ნ ა~ნ: ვინცა გამოაჴუას დედისა ღ~თისა ეკლესიასა რისხვამცა მ~მა ძე და სლ~იწ~ა: და ყ~დწ~იღ~თის მშ~ბელი: და ამამცა ოთხთავისა მადლი და დაისჯების ს~ლი მისი: ვინცა ამსახუროს კხ~ლმცა არის".
ამრიგად, ჩვენს წინაშეა მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო, რომლითაც დასტურდება, რომ დვალეთი ქართული ქვეყანა იყო ქართული საღვთისმეტყველო ენით, სადაც მოთხოვნილება იყო ქართულ სახარებაზე, სადაც ქართულ სახარებას მყიდველი ყავდა. მანამ, სანამ ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მინაწერში მოხსენიებული ღუდა ეს არაა მთიულეთის ღუდა. ამ შემთხვევაში საუბარია რაჭის სოფელ ღუდაზე, რომელიც შემდეგ და ახლაც ღუნდად მოიხსენიება. ვახუშტი ბაგრატიონს თავის ატლასში ღუნდა ჯეჯორის ხეობაში, პიპილეთის სამხრეთით აქვს დატანილი". 1886 წელს ღუდა (ღუნდა) შედიოდა ბაჯისხევის სასოფლო საზოგადოებაში (ამავე საზოგადოებაში შედიოდნენ სოფლები: ბაჯისხევი, ფსორი, ცხმორი, ჩორდი), სადაც 23 კომლი (242 სული) მკვიდრობდა. 1904 წლის მონაცემებით, ღუდაში (ღუნდაში) მხოლოდ ორი გვარის ხალხი ცხოვრობდა: გოცირიძეები (10 კომლი) და საბანაძეები (11 კომლი). 18 1843 წლის აღსარების მთქმელთა დავთრით, გოცირიძეები და საბანიძეები ცხმორის მთავარანგელოზის ეკლესიის მრევლს შორის არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული სახარება რაჭის სოფელ ღუდის (ღუნდის) ღვთისმშობლის ეკლესიას ეკუთვნოდა. მინაწერიდან ირკვევა, რომ ოთხთავი საგარეო ვითარების გამო (თათრობა) სხვა წიგნებსა და ხატებთან ერთად ინახებოდა ბერციხეში. მაგრამ ისინი ბერციხეში შენახვამაც ვერ დაიცვა. აქ წახდენილა და დაფანტულა თათრობის დროს. გასარკვევია რომელ ბერციხეზეა საუბარი, სად იყო ბერციხე? აგრეთვე: თათრობაში მაჰმადიანთა რომელი შემოსევა იგულისხმება, თანაც დასავლეთ საქართველოში, რაჭაში?
დღევანდელი მონაცემებით, რაჭაში ბერციხე ვერსად დავადასტურეთ. საფიქრებელი იყო ბერციხის ფრონეების ხეობის სათავეში არსებობა. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ სახარებას პოულობს ხორაულის გვარის კაცი. ხორაულები (იგივე ხარაულები) კი ფრონეების ხეობის სათავეში, სოფელ ბეყმარში მკვიდრობდნენ. ფრონეების ხეობასა და ჯეჯორის ხეობას ერთმანეთისაგან მხოლოდ ყვირილას ვიწრო ხეობა ყოფს. საერთოდ, ისტორიოგრაფიაში ორი ბერციხეა ცნობილი: ერთი ქსნის ხეობის სათავეში – ჟამურში და მეორე – იმერეთში, ქვევრულას ხეობაში. ვახუშტი წერდა: "ამ ძევრულას, ამ ქუაბს ზეით, ერთვის ჴევი ქუევრულა. სდის ოკრიბა-მუხურას შუას მთას და მოდის სამჴრეთად. ამ ჴევზედ არს ბერ-ციხე, კლდისა ზედა შენი, მაგარი. ამ ჴევს ზეით, ძევრულსავე ეყრების ტყირბულის ჴევი". ქსნის ხეობის სათავის ჟამურის ბერციხე ხალხურ ლექსშიცაა მოხსენიებული. ერთ მთიულურ ლექს- გადმოცემაში, რომელსაც "ხორეშნული" ეწოდება, ვკითხულობთ:
"ხორაშანს ლაშქრად ვიყვენით ჩვენ ლომნი ლომისისანი;
იქ შემოგვესმა ჟღერანი ჟამურს ბერციხის კლდისანი?"
რაჭასა და ფრონეების ხეობაში თუ არ იყო ბერციხე, მაშინ მინაწერში მოხსენიებული ბერციხე ქვევრულას ხეობის ბერციხე უნდა იყოს, რადგან ის რაჭაში გადასასვლელ გზებსაც აკონტროლებდა. რაც შეეხება თათრობას, ვფიქრობთ, მასში თემურ-ლენგის გამანადგურებელი შემოსევები იგულისხმება. ცნობილია, რომ მერვე შემოსევისას, 1403 წელს ის დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და ყველაფერი მიწასთან გაასწორა, 700 დაბა, ყანა და მონასტერი დაარბია და გაძარცვა.
ხორაულის (ხარაულის) შემდეგ ოთხთავი ხელში უვარდება ფარუხაულის გვარის კაცს, რომელიც სახარებას გასაყიდად დვალეთში დედამისს უგზავნის. მაგრამ დვალეთში გაგზავნილი ოთხთავი ადრესატამდე ვერ აღწევს და, როგორც ჩანს, გზაში კვირიკა ღვიჭიშვილი (რაჭაში ან შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები) ხელთ იგდებს, სახარებას წამღებს წაართმევს და პატრონს უბრუნებს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ოთხთავის დვალეთში გასაყიდად გაგზავნის ფაქტი. აშკარაა, რომ დვალეთში ქართულ სახარებაზე დიდი მოთხოვნილება იყო, სადაც XV საუკუნეში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა; დვალები ქართულად კითხულობდნენ სახარებას, ღვთისმეტყველება დვალეთში ქართულ ენაზე ხორციელდებოდა. ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ XV საუკუნეში დვალეთში ჯერ კიდევ არ იყო შემოსახლებული ოსური მოსახლეობა, არც მათი თავდასხმები იყო დაწყებული, რადგან ომიანობის პირობებში სახარების შესაძენად ვერავინ მოიცლიდა. ასე რომ, XV საუკუნეში დვალეთი კულტურულ-ისტორიულად ქართული ქვეყანაა, სადაც ღრმადაა შესული ქრისტიანობა. სავარაუდოა, რომ ოთხთავის მყიდველი დვალეთში ადგილობრივი აზნაურობა და სასულიერო წრის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.
მინაწერი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში მოხსენიებული ანთროპონიმი – ფარუხაული ქართული გვარსახელია. ფარუხაულები დვალები იყვნენ. ფარუხაულთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი დვალეთიდან საცხოვრებლად მუდმივად ან დროებით აქეთაა გადმოსული (რაჭაში ან შიდა ქართლის ფრონეების ხეობაში). გვარსახელი ნაწარმოებია აღმოსავლეთ საქართველოს მთის გვარებისათვის დამახასიათებელი _ ურ (-ულ) სუფიქსით. ამ სუფიქსით ნაწარმოები გვარები დვალეთში სხვებიც არსებობდა. დვალები იყვნენ წარმოშობით ხადურები, ჩიფჩიურები, ბიგულები, თვაურები, ჩოჩოურები (იგივე ჩოჩიშვილები), ბეღელურები, გუდიაურები, ბაგაურები, გერგაულები, თაბაურები, ხერხეულიძეები, ქესაურები; აგრეთვე: ბიგანები (ბიგანიშვილები), ხაბარელები, ხეთერელები, ხაჩიძეები (ადრინდელი ხაჩიურები). ყაბარდოდან მიგრირებული ხეთაგის შთამომავალნიც -ურ სუფიქსით იფორმებენ გვარს (ხეთაგური), რადგან სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. ქართულ ენობრივ-ეთნიკურ გარემოში გვარსახელი მხოლოდ ქართული სუფიქსით ფორმდება. რაც შეეხება აღნიშნული გვარსახელის (ფარუხა-ულ-ი) ფუძეს, ეს არის იგივე ძველი ებრაული სახელი ბარუქ (ბარუხ), რაც კურთხეულს ნიშნავს და რომელიც ქართულ- ქრისტიანულ სამყაროში ერთობ გავრცელებული იყო. ფარუხი ბარუქის (ბარუხის) ფონეტიკური ვარიანტია. ქართულში არაერთი შემთხვევაა დადასტურებული ბ-ს ფ-ში გადასვლისა და პირიქით. აღნიშნული სახელი სვანურში ბარუყ-ის ფორმით გვხვდება. ფარუხ (ფარუხია) სამეგრელოში გავრცელებული მამაკაცის სახელი იყო (ესეც ერთი ნიშანდობლივი მაგალითია დვალეთის ზანურ სამყაროსთან სიახლოვისა). მაგალითად, 1611 წლის ილორის წ~ა გ~ს ხატის წარწერა გვამცნობს: "ზუგდიდს ნადირობასა ცხენის რბევასა შიგან შეიძგერენ ბატონი (მანუჩარ) და გოშაძე ფარუხია და ცხენი წააქცია, ამიერ სოფლით მიიცვალა". სხვათაშორის, ქართლსა და კახეთში XVII-XVIII საუკუნეებში ფარუხაშვილების გვარიც მკვიდრობდა. გამორიცხული არაა, რომ ისინი დვალი ფარუხაულების შთამომავალნი იყვნენ.
დღეს ფარუხაულებიცა და ფარუხაშვილებიც ცოცხალ გვართა შორის აღარ არიან. ამრიგად, XV საუკუნეში დვალეთი ჯერ კიდევ ქართული ქვეყანაა. ამ დროს ოსური ეთნოსი აქ ჯერ შემოსახლებული არაა და, ბუნებრივია, არც მხარის დეეთნიზაციაა დაწყებული. გავიმეორებთ ადრე თქმულ დასკვნას, რომ დვალეთში ოსები ძირითადად XVI საუკუნეში ესახლებიან. XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთი თითქმის უკვე ოსური ეთნოსითაა დასახლებული, თუმცა ამ დროს აქ დვალთა კუნძულოვანი დასახლებანი, ჯერ კიდევ არის. 1601 წლის ერთ საბუთში "დუვალეთი" უკვე ოსეთთან არის გაიგივებული. ამასთანავე, XVII საუკუნიდან ზოგჯერ ქართველ ხელისუფალთ დვალეთში მახვილის მიმართვა სჭირდებათ, რაც, ბუნებრივია, ეთნოსთა ცვლის კვალობაზე: "ქ~კსა სპთ (289) (ე.ი. 1601 წელს _ რ. თ.) აქა დაიპყრა სრულებით დუვალეთი, ოსეთი და აღიღო ციხე და სოფლები მეფემან როსტომ იმერეთისამან". ცნობილია, აგრეთვე დვალეთის მოურავის გიორგი სააკაძის ლაშქრობა დვალეთში: "კუალად ჟამთ ამათ არა მოსცეს დუალთ ბეგარა მოურავსა, გარდავლო სპითა მოურავმან ზეკარა, შთავიდა და მოსრნა ურჩნი და ყვნა კუალად მებეგრედ და მოვიდა ქართლს". დვალეთში შესვლას აპირებდა ვახტანგ V-ც: "მერმე არღარა მოსცეს დუალთა მეფესა ბეგარანი. ამისთას მივიდა სპითა ქრცხინვალს შესვლად ოსეთად. მსმენელნი დუალნი შეშინდნენ და მოერთუნენ თავნი მათნი ქრცხინვალს, მოსცეს ბეგარანი და დაემორჩილნენ, ვითარცა პირველ". მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ჩათვლით, ქართული წყაროები და საბუთები მკვეთრად მიჯნავენ ერთმანეთისაგან დვალეთსა და ოსეთს. ისიც ნიშანდობლივია, რომ დვალეთში შემოსახლებული ოსები, რომელთა შორის გაოსებული დვალებიც იყვნენ, ქართველთათვის კვლავ დვალებს წარმოადგენდნენ.



სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  „ეთნოისტორიული ეტიუდები“, წიგნი I, თბილისი, 2005 წ.


 


megobari saitebi

   

11.11.2012