გიორგი II
(1072-1089)

საქართველოს სამეფო ტახტზე დაჯდა ბაგრატის შვილი გიორგი კურაპალატი. თუმცა ახალგაზრდა მეფე სათნო ხასიათის ადამიანი იყო, მოწყალე, გულუხვი და პურადი ისე, რომ მემატიანის სიტყვით იგი ყოფილა «უუხვესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა», პირადადაც კარგ რაინდად ითვლებოდა, «ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული», - მაგრამ მეტად რბილი და სუსტი ხასიათის კაცადა ჩანს. ამასთანავე მას ჰკლებია ის სიდინჯე და საქმიანობა, რომელიც ქვეყნის ბატონისათვის აუცილებლად არის საჭირო. ვერც თავგასულს დიდგვარიან აზნაურებს უწევდა ღირსეულს წინააღმდეგობას, ვერც გათამამებულ გარეშე მტრებს იგერებდა.
მისის მამის სიკვდილის შემდგომ გასული იყო მხოლოდ «ზამთარი ერთი მშვიდობით და ზაფხულისა ნახევარი», ესე იგი 1073 წლის ზაფხული იყო, რომ დიდგვარიანი მოხელეები ნიანია ქუაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი განუდგნენ ყრმა მეფეს და «აუშალეს ქუეყანა»; ნიანია ქუაბულის ძე ამასთანავე იმდენად გაკადნიერდა, რომ «წაიღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს შიგა»; ვარდანმა სვანები ააჯანყა და დაარბია და აიკლო საეგრო; ხოლო ივანე ლიპარიტის ძემ კახნი მოიშველია და ქსნის პირი დაიპყრა. თუმცა გიორგი მეფემ განმდგარნი დაიმორჩილნა, მაგრამ, როგორც მემატიანე ამბობს, «სიკეთითა სიბრძნითა» დასჯის მაგიერ მეფემ ივანეს, ლიპარიტის ძეს, უბოძა სამშვილდე, ხოლო მის შვილს ლიპარიტს რუსთავის ნაცვლად, რომელიც მეფემ კახთ მისცა, ლოწობანი უწყალობა; ნიანიამ თმოგვი «და სხუანი საქონელნი რჩეულნი» მიიღო; ვარდანს-კი ასკალანა უწყალობა.
როდესაც დამნაშავენი ასე უხვად იყვნენ დასაჩუქრებულნი, ან რა საკვირველია, რომ ისინი კვლავ აჯანყებულიყვნენ. მართლაც, მალე ივანე ლიპარიტის ძე ისევ განდგა. ამის გაგონებაზე გიორგი მეფე ქუთაისითგან სამცხეში გადავიდა და შემდეგ მესხთა ლაშქრითურთ სამშვილდეს მიადგა, სადაც გიორგი მეფეს კახთა მეფე აღსართანი მოუვიდა მეშველად. ივანე შეერთებულს ჯარს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ამიტომ გაიქცა, «მირიდა მთათა სომხითისათა». გიორგი მეფემ ამის შემდგომ წაართვა, «წაიხუნა ლოწობანნი ლიპარიტისაგან» და ჯავახეთში გადავიდა. აქ შეთანხმება მოხდა, «დაიფიცნეს ეკრანთას და დაიმტკიცა ივანე კლდეკართა და სამშვილდეს ზედა» მაგრამ არც ეს შერიგება ყოფილა ხანგრძლივი: ეხლა-კი ივანემ ისეთი თავხედობა ჩაიდინა, რომ «გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა»; ამაზე მეტის კადნიერებისა და აღვირახსნილობის წარმოდგენაც-კი ძნელია, მაგრამ მან არც ეს იკმარა. მოვიდა თუ არა სულტანი მელიქშაჰი «მტერობად ყოველთა ქრისტიანეთა», ივანემ «მიაგება ძე მისი ლიპარიტ წინა»; სულტანმა, რასაკვირველია, სიხარულით "შეიწყნარა", მაგრამ მცირედი ხნის შემდგომ ივანეს შვილი იქითგან გამოიპარა. მაშინ სულტანი დაიძრა, «მოადგა სამშვილდესა და წაუღო სამშვილდე». ამ ქალაქის აღების დროს ივანე თავისი ცოლ-შვილითა და შვილის-შვილითა და მისის ხელქვეით აზნაურთა სახლობითურთ სულტანს ტყვედ ჩაუვარდა (იქვე). სულტანმა «დაიჭირა სამშვილდე» და იქითგან მოარბია ქართლი, ბევრი ტყვე წაასხა და ნატყვენავი წაიღო და უკან წავიდა.
იმავე წელიწადს მოვიდა სარჰანგი სულტანის ლაშქრითურთ და სამშვილდის ბარს დაიბანაკა; გიორგი მეფის მხედრობაც იქითკენ გაეშურა და ბრძოლა ფარცხისს მომხდარა. ქართველმა ჯარმა დიდად გაიმარჯვა და მტერი განდევნა.
გიორგი მეფე აქეთგან წავიდა «მამულსა თჳსსა ტაოს» და ბანაში დაბინავდა. იქვე მოვიდა და მეფეს ეახლა «ზორავარი აღმოსავლისა» გრიგოლი, ერისთავთ-ერისთავის ბაკურიანის ძე, განთქმული ქართველი მოღვაწე, პეტრიწონის მონასტრის დამაარსებელი, ბიზანტიის კეისრის სამსახურში მყოფი. ამ გრიგოლ ბაკურიანის ძეს ჰქონდა ოლთისნი, კარნო-ქალაქი და კარი. მეფეს ძალიან იამა გრიგოლის მოსვლა და ნახვა. გრიგოლმა «მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა». გახარებულმა მეფემ კარში მცველად შავშელი აზნაურნი ჩააყენა და თითონ შინისაკენ გამოემგზავრა.
ამავე დროს თურქები ისე გაძლიერდნენ, რომ «დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი, ციხენი და ქალაქნი მათნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს». ბერძენთაგან დატოვებული ქვეყნები დაიპყრეს, «აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს». დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ეს ცნობა სრულებით ჭეშმარიტია: 1074 წელს დადებული ხელშეკრულებისაგან ბერძნებმა თურქებს აღმოსავლეთში დაპყრობილი ქვეყნები დაუთმეს.
თუ თურქების მიერ ბიზანტიის სამფლობელოს აღმოსავლეთის ქვეყნების დაპყრობა 1074 წელს მომხდარა, მაშ მელიქშაჰის მიერ სამშვილდის აღება და ქართლის აოხრება, შემდეგ სარჰანგის შემოსევა და მისი დამარცხება 1073 – 1074 წლებში უნდა მომხდარიყო.
1074 წლის შემდგომ საქართველო დიდს განსაცდელში ჩავარდა: ეხლა მას ორთავ მხრივ მტერი ერტყა, წინათ თუ მარტო აღმოსავლეთით საზღვრავდა მაჰმადიანთა სამფლობელო, ამიერითგან თურქები დასავლეთითაც მოადგნენ საქართველოს. «მეზობლობით მოეახლნეს საზღუართა ჩუენთა» და თანაც «განმრავლდა შიში და ჭირი», ქვეყნის აოხრება და ტყვევნა. თურქებმა თურმე ჯერ ქ. კარი აიღეს და შემდეგ ისე გათამამდნენ, რომ ა[ჰ]მად ამირას მეთაურობით ისინი გიორგი მეფეს «ყუელსა გარე მდგომსა» მოულოდნელად "უგრძნეულად" დაეცნენ. მათი გაბედულობა გაორკეცდა თურმე «შინაგაცემითა ქრისტიანეთათა» ღალატით, რომელსაც მათი განზრახვის განხორციელება უნდა გაეადვილებინა. გიორგი მეფე შემოსევას არ მოელოდა და, რასაკვირველია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო; «აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი». გამარჯვებულს მტერს დიდძალი დავლა ჩაუვარდა ხელში: "საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი ოქროსა და ვერცხლისანი ბაგრატეულნი, სასმურნი და სამწდეონნი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი". გიორგი მეფე აჭარითგან აფხაზეთში გაიქცა. ამ მაგალითით სხვა თურქებიც წაქეზდნენ და ვინმე იასისა და ბუჟდობის მეთაურობით საქართველოს მოადგნენ: «მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი» და «დღესა ივანობასა» ასისფორი, კლარჯეთი ზღვამდის, შავშეთი აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი თურქებით აივსო; მაშინვე დაწვეს ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნონი. თურქები საქართველოში თოვლის მოსვლამდე დარჩნენ, «მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს», დიდძალი ტყვე წაასხეს და წავიდნენ. «ესე იყო პირველი დიდი თურქობა»-ო, ამბობს დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი და მაშინ «ქრონიკონი იყო: - ტ:-» (300)-იო ანუ 1080 წელს; მაშასადამე, თურქების მიერ ქართველთა მეციხოვნეთა და მონაპირის ქ. კარითგან განდევნა და გიორგი მეფის ოტება ყუელის ციხითგან 1074-1080 წლების შუა უნდა მომხდარიყო.
მკაცრმა ზამთარმა, რომელიც ამ აოხრებას თითქოს განგებ მოჰყვაო, მთიულეთში შეხიზნული ქართველი ხალხი შეაწუხა და «უსახლობითა შიმშილობით» ბევრი დახოცა. უბედურება ის იყო, რომ თურქები მიეჩვივნენ საქართველოში თარეშს და «არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათვე პირველთა საქმეთა იქმოდიან და ზამთრის წავიდიან», ყოველ წლივ საქართველოს აწიოკებდნენ. რასაკვირველია, ასეთს გარემოებაში, როდესაც მიწისმოქმედის სიცოცხლე ყოველს წამს განსაცდელში იყო, მეურნეობა შეუძლებელი იქნებოდა; ამიტომაც «არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა, მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, ნაცულად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა». მოსახლეობა მოიშალა, «ეკლესიანი შეიქმნეს სახლად ჰონეთა მათთა»; ერთი სიტყვით, საქართველო საშინელს მდგომარეობაში ჩავარდა. სომეხი ისტორიკოსიც მოგვითხრობს, რომ სწორედ ამავე დროს 1079-1080 წლებში სომხეთიც თურქთაგან აკლებული იყო, ხვნა-თესვა მოისპო და ქვეყანას შიმშილისაგან ძალა ჰქონდა მიხდილი. როგორც ეტყობა, სადაც-კი თურქები გაჩნდებოდნენ, ყველგან მათის მოღვაწეობის ძეგლად უაღრესი ბარბაროსობა, გაოხრებული და გადაბუგული ქვეყნები რჩებოდა...
«ხედვიდა მეფე გიორგი... რამეთუ არა სადათ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისა»; თითონ მარტო თურქების წინააღმდეგ ვერა გაეწყო რა, ხოლო ბერძნები, რომელნიც კვლავ ამისთანა შემთხვევაში მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს ქართველებთან ერთად იბრძოდნენ, თითონაც განსაცდელში იყვნენ. ამ დროს «ძალი ბერძენთაცა შემცირებული იყო და, რომელნი ქუეყანანი აღმოსავლეთს ჰქონდეს, ზღუასა გარეთ ყოველი თურქთა დაეპყრა»-ო, მოგვითხრობს ქართველი იმდროინდელი ისტორიკოსი და ეს ცნობა სამართლიანია340. მაშინ გიორგი მეფემ სახელმწიფოს გაჭირვებულ საქმეებზე მოსალაპარაკებლად შეჰყარა თავისი თანამშრომელნი და «იყო განზრახვა დიდებულთა თჳსთა თანა»; ამ საგანგებო ბჭობის დროს «დაამტკიცეს წარსვლა მაღალსა სულტანსა მელიქშაჰს წინაშე».
გიორგი მეფემ აასრულა ეს გადაწყვეტილება და «წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარცა შვილი საყუარელი». მელიქშაჰმა «ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის» და საქართველო «განათავისუფლა ზედა მარბეველთაგან»; ამასთანავე სულტანმა გიორგი მეფეს «მოსცა კახეთიცა და ჰერეთიც». ეს ორი ქვეყანა სულტანს არ ეკუთვნოდა და თავისი უხვი წყალობით არაფერს ჰკარგავდა. მელიქშაჰის საქციელი, რასაკვირველია, არც "ქრისტიანეთა სიყვარულით", არც მისის "მართლმსაჯულებით" არის ნაკარნახევი, როგორც ქართველი ისტორიკოსი გულუბრყვილოდ ფიქრობდა (იქვე), არამედ უბრალო ანგარიშით. მან ზემოაღნიშნულ "წყალობათა" სამაგიეროდ «ხარაჯა ითხოვა სმეფოსა მისისა». ყოველწლიური ხარკი სულტანისათვის ოღონდაც რომ ცარცვა-გლეჯით შეძენილსა სჯობდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი ნატყვენავის რაოდენობა ცვავლებადი იყო და განუსაზღვრელი, - მეორე ისა, რომ ნადავლითგან სულტანს მარტო1\5 ერგებოდა, დანარჩენი 4\5 ლაშქრისა იყო; ხარაჯა-კი მთლად სულტანის საჭურჭლეში შევიდოდა. მაშასადამე ის, რაც ითაკილა ბაგრატ IV და არას გზით ხარკზე არ დასთანხმდა, მისმა შვილმა გიორგიმ და იმდროინდელმა ქართველებმა თითქმის სიხარულით შეიწყნარეს და დაიდეს, - ამდენად ილაჯ-გაწყვეტილი იყო მაშინ საქართველო თურქების გამუდმებული ცარცვა-გლეჯისაგან! დადებულს ხარაჯას თურქები ქართველებისაგან «აიღებდეს ჟამთა მრავალთა».
რაკი მელიქ შაჰმა საქმე ასე კარგად მოაგვარა, გიორგი მეფისათვის რატომ არ უნდა ეცა პატივი; მართლაც, საქართველოს ბატონი სულტანმა «განდიდებითა დიდითა გამოგზავნა სამეფოდ თჳსად»-ო, ამბობს ქართველი ისტორიკოსი და ადასტურებს სომეხი ისტორიკოსი ვარდანი.
"განდიდებული" გიორგი მეფე შინ დაბრუნდა; საქმე "ნაწყალობევი" ჰერეთ-კახეთის აღება იყო; კახთა მეფე ხომ ნებაყოფლობით არ დაუთმობდა თავის სამფლობელოს? მელიქშაჰმა გიორგი მეფეს «წარმოაყოლნა სპანი დიდნი", რომ მათის დახმარებით კახთა ბატონს «წაართუან კახეთი». გიორგი მეფეს უნდა მოეფიქრა, რომ ამგვარი ხერხი და საშუალება საქართველოს გასაერთიანებლად სრულებით უვარგისი იყო და სახიფათო; მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამ ბრძოლაში უცხო სახელმწიფოს გარევა ქვეყანას ხეირს არ დააყრიდა, ამგვარისავე იარაღით კახთა მეფესაც შეეძლო აეტეხა გაერთიანებული საქართველოს ბატონისათვის ომი და ძმათა შორის მტრობა და სიძულვილი ჩამოეგდო. გიორგი II ამ უგუნურმა საქციელმა ისედაც მოქანცული საქართველო დიდს განსაცდელში ჩააგდო.
«ჟამსა სთვლისასა» გიორგი მეფე თავისისა და თურქთა მეშველ ჯარითურთ კახეთს მივიდა და ვეჟინის ციხეს მიადგა. მთელმა შემოდგომამ ისე გაიარა, რომ გარემოცული ციხე მეფემ ვერ აიღო. მოვიდა თოვლიც. აქ-კი გიორგი II გასაოცარი დაუდევრობა და ქარაფშუტობა გამოიჩინა: მას «მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არღარას ზრუნვიდა სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისასა». თითონ ყველაფერს თავი დაანება, ხოლო «ლაშქართა თურქთა, რომელიც ჰყუეს, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირისა კახეთი». რასაკვირველია ეს თურქთათვის შესაჭმელად მიცემული საქართველოს კუთხე გატიალდებოდა; მემატიანე მოგვითხრობს, ეს ქვეყანა იმ დროითგან «მოოჴრდა დღეინდელად დღემდე»-ო; მაშასადამე, დავით აღმაშენებლის მეფობაშიაც ვეღარ გამობრუნებულა. გიორგი მეფის პოლიტიკურმა სიბეცემ თავისი შხამიანი ნაყოფი გამოიღო. თუ საქართველოს ბატონს კახეთ-ჰერეთის დაპყრობა მელიქშაჰის წყალობითა ჰსურდა, კახთა მეფემაც იმავე გზით თავისი საქმის გამოკეთება მოინდომა; ადვილადაც მიაღწია თავის წადილს, მას მხოლოდ უფრო მეტი მსხვერპლის შეწირვა დასჭირდა, - და ასეც უნდა მომხდარიყო, რაკი ქართველმა მოქიშპე მეფეებმა ასეთი სახიფათო გზა აირჩიეს. გიორგი II-ისაგან შევიწროებული კახთა მეფე აღსართანი მელიქშაჰთან წავიდა და იქ, იქნებ იმიტომ, რომ თავისი ერთგულება დაემტკიცებინა, უფრო-კი იმიტომ, რომ სელჩუკიანთა სულტანმა, ალბათ, ამგვარი პირობა დაუდვა, აღსართანმა «დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი». ასეთს გარემოებაში მყოფს საქართველოში, რასაკვირველია, «არავე დამშუიდნა ქუეყანა, არცა-ღა იქმნა ლხინება კაცთა» (იქვე).ამ ძმათაშორისს მტრობასა და ბრძოლას, თურქთა ნავარდობას, ბუნების მრისხანებაც ზედ დაერთო. 1088-1089 წელს საშინელი მიწისძვრა იყო; მემატიანე ამბობს: «უფალმან... შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, სახლნი დაითქუნეს და დაირღუნეს და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა, რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ». ეს საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მრავალი ხალხი იმსხვერპლა, არ დამცხრალა «განსრულებადმდე წელიწადისა». ყველა ამ უბედურებათა გამო თავზარდაცემულმა, თუ კიდევ სხვა რაიმე მიზეზის გამო, გიორგი II მეფობაზე უარი სთქვა და სახელმწიფო თავის ჭაბუკს შვილს დავითს დაულოცა.

სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://qim.ge



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ივანე ჯავახიშვილი", თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014