კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში
(მინიმალური სტანდარტი)


1 2 3 4

12. თურქ-სელჩუკები საქართველოში
13. დავით აღმაშენებელი (დიდგორი)
14. თამარის ეპოქა:
15. მონღოლების იმპერია
16. მონღოლები საქართველოში
17. გიორგი V ბრწყინვალე და მისი დრო
18. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად
19. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
20. აღორძინების ეპოქა
21. რეფორმაცია ევროპაში
22. საფრანგეთის რევოლუცია

12. თურქ-სელჩუკები საქართველოში

XI ს-ში ახლო აღმოსავლეთში ახალი ხალხი გამოჩნდა. ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ. სელჩუკთა სახელწოდება მათ თავისი მეთაურის, სელჩუკის სახელიდან მიიღეს.ეს ტომები ჯერ ცენტრალური აზიის სტეპების და შემდეგ კი შუა აზიის საძოვრების კრიზისმა მოიყვანა. სულთან თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი,ერაყი,ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. 1055 წელს თოღრულ-ბეგმა დაიპყრო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი და ხალიფამ სულთნად დალოცა.თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები მომდევნო ორი სულთნის ალფ- არსლანის (1063-1072) და მისი ვაჟის მალიქ-შაჰის (1072-1092) დროსაც გაგრძელდა. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა 1064 და 1067 წლებში. ამ დროს საქართველოს მეფე ბაგრატ IV იყო, რომელმაც დამარცხების მიუხედავად ხარკი არ იკისრა.
ბაგრატ IV -ის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი გიორგი II ავიდა. 1074 წელს ფარცხისთან განძის ათაბაგი დაამარცხა. თუმცა ის სუსტი მმართველი გამოდგა. XIს-ის 80-იან წლებში (1080 წელს) საქართველოში დაიწყო ე.წ „დიდი თურქობა“. თურქული ტომები ყოველ წელს, გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და მოსახლეობას სარჩოს ართმევდნენ. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც მათ აქ დასახლება დაიწყეს. მომთაბარე თურქები სამეურნეოდ ვარგის მიწებს საძოვრებად იყენებდნენ, რაც ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა. ისინი იძულებულები იყვნენ სხვაგან ეძებნათ თავშესაფარი. საქართველოს სამხრეთი ქართველებისგან დაიცალა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო და 1083 წელს გიორგი II ეახლა მალიქ-შაჰს. მან ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

 

13. დავით აღმაშენებელი (დიდგორი)

გიორგი II 1089 წელს გადადგა თავის სვილის დავითის სასარგებლოდ. დავით IV აღმაშენებელი მეფობდა 1089–1125 წწ. მან პირველ რიგში შექმნა პატარა მუდმივი არმია, რომლითაც მომთაბარე თურქებს ებრძოდა. მან მეფობის დასაწყისშივე დასაჯა ურჩი ფეოდალები - 1097წ. კლდეკარის საერისთავო გააქმება და ლიპარიტ ბაღუაში ბიზანტიაში გადაასახლა. იმავე წელს თურქებს ხარკი შეუწყვიტა. 1103–1104 წწ. (ზოგგან 1105 წელი) მოიწვია რუის- ურბნისის საეკლესიო კრება. ამ კრებაზე ეკლესიიდან გააძევეს უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირები. აქვე გაერთიანდა ჭყონდიდელის (სასულიერო) და მწიგნობართუხუცესის (საერო) თანამდებობები. დავითმა შექმნა სავაზირო. ყველა უწყებას უხუცესი ანუ მინისტრი ხელმძღვანელობდა. მათზე ზემოთ იდგა მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ანუ ფაქტიურად პრემიერ–მინისტრი, რომელიც მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა. პირველი მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები იყვნენ: მეჭურჭლეთუხუცესი–ფინანსების, მანდატურთუხუცესი–შინაგან საქმეთა (აქვე შედიოდა „მსტოვართა ინსტიტუტი“–შიდა და საგარეო დაზვერვა), ამირსპასალარი–სამხედრო საქმის. უზენაეს სასამართლოს–„სააჯო კარს“ მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ნებისმიერს შეეძლო მისთვის მიემართა და სამართალი ეპოვა. სამხედრო რეფორმა- ჯარი სამ ნაწილად გაიყო: „მონასპა“–მეფის პირადი გვარდია; მეციხოვნეები–ციხეებს და ქალაქებს იცავდნენ და მოლაშქრეები (ძირითადი ჯარი). 1118წ. დავითმა ჩამოასახლა 40 000 ოჯახი ყივჩაღი, რომელთაც მუდმივ ჯარში ოჯახიდან ერთი მოლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. დროთა განმავლობაში დავითმა მთელი საქართველო გააერთიანა. 1103-1104 წლებში კახეთი შემოიერთა. შემდეგ თბილისის საამიროს ტერიტორიებიც დაიკავა და თბილისს ხარკი დააკისრა. 1121 წელს თბილისის, დმანისის და განჯის ვაჭრებმა დახმარებისთვის მიმართეს არაბთა ხალიფას, რათა დაეცვა ქართველი მეფისაგან. გაერთიანებულ მუსლიმთა ჯარს ნეჯმ ედ დინ ილღაზი (მაიფარაკინის მმართველი, ჯვაროსნებთან ომის გმირი) მეთაურობდა. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოხდა ბრძოლა. ბრძოლის წინ ქართველთა მეფემ უკან დასახევი გზა ხეობაში ჩაიკეტა. ბრძოლის დაწყების წინ 200 მეომარი გაემართა მტრისკენ. მტერს ეგონა ზავის სათხოვნელად ან დასანებებლად მოდიანო და თავის განლაგებაში შეუშვეს. მათ კი ხმლები იშიშვლეს და არეულობა შეიტანეს მტრის ჯარში. შემდეგ დავითმა და მისმა ვაჟმა დემეტრემ მტერს ორი მხრიდან დაარტყეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 1122წ. დავითმა თბილისი აიღო. დავით IV აღმაშენებელი1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

 

14. თამარის ეპოქა

ა) ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა
თამარ–მეფე 1178 წელს მამამისმა გიორგი III–მ თანამოსაყდრედ გამოაცხადა, თუმცა ერთპიროვნულად მმართველობა მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1184 წლიდან დაიწყო. თამარმა იმეფა სხვადასხვა ცნობით 1207, 1210 ან 1213 წლამდე. თამარის ტახტზე ასვლისთანავე დიდგვაროვნებმა თავი წამოყვეს და მეფისგან დათმობები მოითხოვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა. ამ დასის წევრებმა მოითხოვეს ისანში, მეფის სასახლიდან მოშორებით დაედგათ კარავი, სადაც დიდებულები შეიკრიბებოდნენ და სამეფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტდნენ. შემდეგ მეფეს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ აცნობებდნენ და მას ის უნდა შეესრულებინა. ფაქტიურად მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. თამარმა ყუთლუ–არსლანი დააპატიმრა, თუმცა მისმა დასელებმა გააგრძელეს გამოსვლა. თამარმა მათთან გაგზავნა ორი საპატიო ქალბატონი–ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და სამძივრების დედა კრავაი ჯაყელი. მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. „კარვის“ დაარსების იდეა შეთქმულებმა უარყვეს; სამაგიეროდ თამარმა ყუთლუ–არსლანი გაათავისუფლა, თუმცა თანამდებობაზე აღარ დატოვა. ამავე დროს ამიერიდან დიდმნიშვნელოვან საკითხებს თამარი დარბაზის წევრთა თანადგომით, მათთან მოთათბირებით და საერთო გადაწყვეტილებით წყვეტდა.

ბ) ბასიანის ბრძოლა
საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვლად დიდი ხანია უკვე თურქ–სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204). რუქნადდინმა საქართველოში ლაშქრობა გადაწყვიტა და 1202 წელს ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით, სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა. თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქართველების მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.

გ) ტრაპიზონის იმპერიის დაარსება
1204 წელს უცხოეთის სავანეებიდან ჩამოსულ ქართველებს თამარმა დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. სწორედ ამ დროს 1202–1204 წლებში IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, თუმცა, იმის მაგივრად რომ იერუსალიმისაკენ წასულიყვნენ, მათ კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს. ბიზანტია რამდენიმე სამეფოდ დაიშალა.თამარმა ქართველთა გაძარცვის გამო შურისძიების საბაბით 1204 წელსვე ჯარები გაგზავნა ბიზანტიის შავი ზღვის სანაპიროსკენ, სადაც ქართველთა მონათესავე ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ. ქართველთა ჯარმა დაიკავა ტრაპიზონი, სამსუნი, სინოპი, კერასუნი და ჰერაკლიამდე მივიდა. აქ, შავი ზღვის სამხრეთ– აღმოსავლეთ სანაპიროზე ცალკე საკეისრო, ტრაპიზონის იმპერია შეიქმნა. თამარმა მის სათავეში მამით ბიზანტიის იმპერატორთა შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა ნათესავი და თამარის კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი ჩაუყენა.


15. მონღოლების იმპერია

მონღოლური ტომები ცენტრალური აზიის სეპებში მომთაბარეობდნენ. ისინი კარგი ცხენოსნები და მეომრები იყვნენ. 1206 წელს ტომებს შორის გაუთავებელ ომებს ბოლო მოუღო ერთ-ერთი ტომის ბელადის ვაჟმა თემუჩინმა. მან მონღოლთა ტომები გააერთიანა და მას ჩინგიზ ყაენი ანუ“ჭეშმარიტი ხელისუფალი“ უწოდეს. 1211 წელს მათ დიდი დაპყრობითი ომები წამოიწყეს.მათ დაიპყრეს ჩინეთი და დასავლეთისაკენ დაიძრნენ. მონღოლები კარგი მეომრები იყვნენ, სალაშქროდ ცოლშვილიანად მიდიოდნენ. მონღოლების ლაშქარი ათეულებად, ასეულებად და ათიათასეულებად( დუმნებად) იყო დაყოფილი. ათიათასეულების მეთაურებად ანუ დუმან–ნოინებად ხშირად უფლისწულები ინიშნებოდნენ. ჩინეთის შემდეგ დაიპყრეს შუა აზია, ხორეზმი, რუსეთი, ირანი. ხორეზმ შაჰმა მუჰამედმა და მისმა ვაჟმა ჯალალედინმა თავს გაქცევით უშველეს.

16. მონღოლები საქართველოში

მონღოლები საქართველოში პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. საქართველოს მეფე, თამარის ვაჟი გიორგი IV–ლაშა შეებრძოლა მათ, მაგრამ დამარცხდა. თუმცა მაშინ მონღოლები საქართველოში არ დარჩენილან (ეს იყო ხორეზმშაჰის მუჰამედის მდევარი რაზმი), მათ გზა ჩრდილოეთისაკენ განაგრძეს და კავკასიონით სამხრეთ რუსეთში გადავიდნენ. აქ 1223 წელს დაამარცხეს რუსების და ყივჩაღების გაერთიანებული არმია. ისინი 30-იან წლებამდე საქართველოში აღარ გამოჩენილან. ამასობაში მონღოლებისგან დამარცხებული მუჰამედ ხორეზმშაჰის ვაჟმა ჯალალედინმა შეძლო ახალი არმიის შეკრება, დაიპყრო ირანი და აზერბაიჯანი და 1225 წელს საქართველოს მოადგა. დაბა გარნისთან (თანამ. სომხეთი) ქართველები დამარცხდნენ და ჯალალედინმა თბილისი აიღო. ამ დროს საქართველოს მეფე იყო ლაშა-გიორგის და, რუსუდანი(1223–1245 წწ.). თუმცა მალე ირანში მონღოლების გამოჩენის გამო ჯალალედინი გაიქცა და ლტოლვილობაში დაასრულა სიცოცხლე.
XIII საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად დაიმორჩილეს. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველო შევიდა როგორც ცალკე სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეული– „გურჯისტანის ვილაეთი“. მას ჩამოაცილეს ვასალური მუსლიმური ქვეყნები რანი და შირვანი. ვილაეთებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში და ეხადათ ხარკი.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოში დაამტკიცეს ორი მეფე: დავით VII ლაშა–გიორგის ძე (ულუ–უფროსი) და დავითVI რუსუდანის ძე(ნარინი–უმცროსი). შემდგომში დავით ნარინი დას. საქათველოში გადავიდა და ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. 1254 წელს მონღოლებმა დაპყრობილ ქვეყნებში აღწერა ჩაატარეს. აღიწერა ყველაფერი– ადამიანები, საქონელი, ტყეები,მდინარეები და ა.შ. დავთარში შეიყვანეს 15–დან 60–წლამდე ყველა სალაშქროდ გამოსადეგი მამაკაცი. გადასახადი დააკისრეს ყველას– სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს, მეთევზეებს. გადასახადისგან გათავისუფლდნენ მხოლოდ– მოხუცები, ქალები, ბავშვები, კულტის მსახურები, ეკლესია და მისი მიწა–წყალი. საქართველო დაიყო რვა დუმნად (ათიათასეულად). ეს იყო სამხედრო ერთეული, რომელსაც სამოქალაქო ფუნქციაც ჰქონდა. ყველა სამოქალაქო ხელისუფალი დუმნის თავს – მხედართმთავარს ემორჩილებოდა. საქართველოში 14–მდე სახეობის გადასახადი მოქმედებდა, რომლებსაც ქართველები ,,სათათროს“ ეძახდნენ. ეს გადასახადები იყო: მალი-სოფლის მეურნეობაზე, წლიური სემოსავლის 60%, ყაფჩერი-ას სულ საქონელზე ერთი, ულუფა-მონღოლი მოხელეებისთვის განკუთვნილი საჩუქარი ფულის და ცხვრის სახით, ტამღა-სავაჭრო გადასახადი 3%-ის ოდენობით, საიამე-გზებზე აგებული სადგურების შეკეთების და იქ გაჩერებული მონღოლების საკვებით უზრუნველყოფა, ულაყი-საფოსტო ცხენების გადასახადი, სატუზღუე-მონღოლი მოხელისთვის ფეოდალებისგან გაღებული ძღვენი ძვირფასი ნივთების სახით, თაღარა-სალაშქროდ მიმავალი მონღოლის საკვები, ნემარი-სახელმწიფოსგან დაწესებული დამატებითი გადასახადი, თარხი-მოუსავლიანობის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის პროდუქტების დაბალ ფასებში მიყიდვა, საელჩო-ელჩების საჭიროებისთვის ულაყის და ულუფის გადასახადი, ბაჟი-საგზაო გადასახადი ვაჭრებისთვის, ბეგარა-იძულებითი მუსაობა სასახლეების, გზების, არხების მშენებლობაზე და სამხედრო ბეგარა-მონღოლთა ჯარში სამსახური, ცხრა კომლიდან ერთი მოლაშქრე.

17. გიორგი V ბრწყინვალე და მისი დრო

ჩინგიზ–ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა იმპერია მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა 4 ნაწილად გაყვეს. ირანი, ავღანეთი, ერაყი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ქურთისტანი და მცირე აზიის აღმ. პროვინციები ჰულაგუ ყაენს ერგო.მისი მემკვიდრეები ილხანის ტიტულს ატარებდნენ, რაც „ ტომის ყაენს“ ნიშნავს, სახელმწიფოს კი ილხანთა სამეფოდ მოიხსენიებენ. საქართველოს მეფეები მათი ვასალები გახდნენ: ისინი ხარკსაც იხდიდნენ და ომის შემთხვევაში ჯარის გამოყვანაც ევალებოდათ. მალე, ილხანთა სახელმწიფო დაუპირისპირდა ოქროს ურდოს მონღოლურ სახელმწიფოს, რომელიც დას. ციმბირში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იყო გადაჭიმული. მისი ყაენები სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელი უღელტეხილების დაკავებას და სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას ცდილობდნენ. ამ გადმოსასვლელებსა და საზღვრებზე ჯერ კიდევ ჰულაგუ ყაენმა სანგრები, სიბები ააგო; აქ მონღოლთა და ქართველთა გაერთიანებული არმია მორიგეობდა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მოსული მტერი უნდა შეეჩერებინა. აქ ხშირი იყო ეპიდემიები, სწორედ აქ გავრცელებული სენისაგან დაიღუპნენ დავით ულუს უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე გიორგი და თავად დავით– ულუ. გარდა ამისა, ჰულგუიდებს ომები ჰქონდათ ეგვიპტის სულთნებთან სირია–პალესტინის გამო.ამ ომებში ხშირად იწვევდნენ ქართველებს; ასევე, წარმართი მონღოლები კავშირს სთავაზობდნენ დას. ევროპის ქვეყნებსაც, თუმცა, ეს კავშირი არ შედგა. XIII-ს–ის ბოლოს ყაზან–ყაენმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
1318–1346 წლებში საქართველოში მეფობდა გიორგი V ბრწყინვალე. მან კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანთა სამეფოს პირველ ემირ (ვეზირ) ჩობან ნოინთან, რომელიც გიორგის ძალიან ენდობოდა და საქართველოდან ხარკის აკრეფაც მონღოლი მოხელის ნაცვლად მას დაავალა. მალე ყაენმა გიორგის მთელი საქართველოს მეფობა დაუმტკიცა (ამ დროს დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის შვილი მეფობდა). 1327 წელს აბუსაიდ ყაენმა პირველი ემირი ჩობანი და მისი ოჯახი ამოწყვიტა. ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოში მდგარი მონღოლური რაზმები გარეკა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე. გიორგი გადავიდა დასავლეთში, ქუთაისი დაიკავა და საქართველო გააერთიანა.
გიორგი ზრუნავდა ქართულ კულტურაზეც. მან ორჯერ გაგზავნა ელჩები ეგვიპტის სულთანთან და მისი თხოვნის საფუძველზე გაუქმდა ქრისტიანებისთვის იერუსალიმში შესვლისას დაწესებული დამამცირებელი წესი-ცხენ-სახედარზე ორივე ფეხის ერთ მხარეს უნდა მსხდარიყვნენ. ქართველებს ნება დართეს იერუსალიმში აეგოთ ტაძარი. მის დროს აშენდა ახალი ეკლესიები და ციხე-ქალაქები, განახლდა ძველები. 1330 წელს რომის პაპის ბრძანებით თბილისში სმირნიდან გადმოიტანეს კათოლიკეთა საეპისკოპოსო. გიორგი ბრწყინვალეს დროს შედგენილ იქნა „ ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც სახელმწიფოს მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი და იქ აღწერილია საქართველოს მართვა-გამგეობის სისტემა. მის დროს საქართველოს მთიანეთისთვის შეიქმნა სპეციალური სამართლის კრებული „ძეგლისდება“.

18. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

ერთ-ერთი თურქულენოვანი ტომის ბელადის - ოსმან I ღაზის ხელმძღვანელობით თურქებმა მცირე აზიაში, ბიზანტიის იმპერიის საზღვრებთან შექმნეს გაერთიანება - ოსმანთა კავშირი. XV ს-ის II ნახევრისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თანამედროვე თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი. 1453 წელს სულთან მეჰმედ II-ის (1432-1481 წწ.) თაოსნობით თურქებმა უკვე კონსტანტინოპოლიც აიღეს და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. რომის პაპ პიუს II-ის ინიციატივით დაიწყო მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, რომელშიც ბურგუნდიის, უნგრეთის, ნეაპოლის, ვენეციისა და პოლონეთის გარდა ქართველი მეფე-მთავრები, ტრაპიზონის სამეფო და ირანის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა ჩაბმულიყვნენ. 1459 წელს ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. 1461 წელს თურქებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს.
ამ პერიოდში საქართველოს მეფე იყო გიორგი VIII (1446-1466 წწ.). 1463 წელს სამცხის მთავრის ყვარყვარეს წაქეზებით იმერეთის ერისთავმა, დავით ნარინის შთამომავალმა ბაგრატმა თავი მეფედ გამოაცხადა. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა ჯარით. ჩიხორთან შედგა ბრძოლა, სადაც გიორგი დამარცხდა. 1465 წელს ყვარყვარემ თავფარავანთან გიორგი VIII ღალატით შეიპყრო. ამ დროს გიორგის ძმისწულმა კონსტანტინემ გაქცევა მოახერხა. ბაგრატმა ამით ისარგებლა, 1465 წელს ქართლში გადავიდა და ბაგრატ VI-ის სახელით თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარემ მეფე გიორგის დაპატიმრებით ვერ იხეირა, ამიტომ ის გაათავისუფლა, რათა ბაგრატისა და გიორგის დაპირისპირებით ესარგებლა. თუმცა გიორგიმ 1466 წელს მხოლოდ კახეთში გამეფება მოახერხა. ამ დროიდან დაიწყო კახეთის, როგორც ცალკე სამეფოსა და მისი დინასტიის ისტორია.

1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ალექსანდრემ ტახტზე ასვლა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. ქართლსა და იმერეთში გიორგი VIII-ს ძმისწული კონსტანტინე II გამეფდა. 1483 წელს სოფ. არადეთთან ბრძოლა მოხდა კონსტანტინესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის, სადაც მეფე დამარცხდა. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, ქუთაისი დაიკავა და მეფედ ეკურთხა. ამ დროიდან იწყება იმერეთის სამეფოს ისტორია. კონსტანტინე მეფე დარწმუნდა, რომ მის ცდებს საქართველოს გაერთიანებაზე შედეგი არ მოჰქონდა. 1490 წელს მან მოიწვია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და წარჩინებულები. მათი რჩევით ის დაუზავდა კახეთის და იმერეთის მეფეებს, ასევე სამცხის ათაბაგს. საქართველო საბოლოოდ დაიშალა სამ სამეფოდ: ქართლი, კახეთი, იმერეთი და ხუთ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი და სვანეთის სამთავროები).

19. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

1587 წელს ირანის ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. სამი წლის შემდეგ ის იძულებული იყო, თურქებთან დაედო ზავი, რომლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო. შაჰ აბასი ხვდებოდა, რომ არმიის ძირეული რეფორმის გარეშე თურქებს ვერ მოერეოდა. თურქებს მუდმივი ჯარი ჰყავდათ, ირანელების არმიის ძირითად ნაწილს კი ფეოდალური ლაშქარი შეადგენდა. მან ჯარი ოსმალურ ყაიდაზე გადააწყო. 12 000-იანი მსროლელთა კორპუსი და ცხენოსანთა გვარდია შექმნა. მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და გლეხებს ნაკვეთებად დაურიგა. რეფორმების გატარების შემდეგ თურქებს ომი გამოუცხადა და წარმატებასაც მიაღწია. მან ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნა და ქართულ ციხეებში ირანელები ჩააყენა. ქართლისა და კახეთის მეფეები ლუარსაბ II და თეიმურაზ I ვალდებულები იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ირანის მხარეზე ჯარით გამოსულიყვნენ.
1612 წელს ირან-ოსმალეთის ომი დასრულდა და შაჰ-აბასმა საქართველოსთვის მოიცალა. 1614-1617 წწ-ში აღმოსავლეთ საქართველოში მან ოთხჯერ ილაშქრა.
შაჰ აბასმა პირველი ლაშქრობისას კახეთის სატახტო ქალაქი - გრემი დაიკავა, შემდეგ ალავერდი, რომელსაც გალავანი შემოავლო და იქ ირანული გარნიზონი ჩააყენა. ლუარსაბმა და თეიმურაზმა თავი იმერეთს შეაფარეს. შაჰ-აბასმა კახეთში მმართველად ირანში გაზრდილი უფლისწული იესე, იგივე ისა-ხანი დანიშნა. შემდეგ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეებში ირანული გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთში ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუთვალა, რომ დანაშაულს აპატიებდა თუ მასთან გამოცხადდებოდნენ. ლუარსაბ II-ის დარწმუნება ქართლის ერთ-ერთმა თავადმა შადიმან ბარათაშვილმა შეძლო და ის შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰმა ის ირანში გაიყოლა (მანამდე ირანში უკვე გაგზავნილი ჰყავდა თეიმურაზ I-ის დედა ქეთევანი და მისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი). ირანში შაჰ აბასმა ასევე წაიყვანა ქართლ-კახეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც შაჰის მეგობრებში - `შაჰსევანში~ ჩაეწერნენ. მის ლაშქარში ჩაწერილთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო და ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად ირანში გადაასახლეს.
1615 წელს ქართლ-კახეთში აჯანყება დაიწყო. შაჰმა 15 000-იანი ჯარი გამოგზავნა ცნობილი სარდლის ალი ყული-ხანის მეთაურობით. თეიმურაზმა შეძლო ირანელების დამარცხება. 1616 წელს შაჰ აბასი საქართველოში თავად გამოემართა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ქართლის მმართველად გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. აღმოსავლეთ საქართველოს დარბევის შემდეგ ის უკან ირანში დაბრუნდა. 1617 წელს შაჰი საქართველოს მეოთხედ შემოესია. ამ დროს მან კახეთი ორად გაყო. აღმოსავლეთი განჯის მმართველს - ფეიქარ-ხანს, ხოლო დასავლეთი ბაგრატ-ხანს ჩააბარა. 1619 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მმართველად მისი ძე, სიმონ-ხანი დაამტკიცა, ვექილად ე.ი. რეგენტად გიორგი სააკაძე დაუნიშნა. შაჰმა კახეთიდან 200 000-მდე ადამიანი ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა. ირანში გადასახლებული კახელები სოფლის მეურნეები და შაჰის ერთგული მეომრები იქნებოდნენ. მართლაც, ყულის ჯარში, რომელშიც 12 000 მხედარი და 10 000 ქვეითი იყო, ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები და სომხები იყვნენ.
1620 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისებინა (ლევანი გარდაიცვალა, ალექსანდრე გაგიჟდა). 1622 წელს სიკვდილით დასაჯა ლუარსაბ II (მან ისლამი არ მიიღო). 1624 წელს აწამა და სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი.
1625 წელს შაჰმა ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოაგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მას დარჩენილი კახელები უნდა გაენადგურებინა და ქართლიდან მოსახლეობა აეყარა. ჯარს თან ახლდნენ შაჰის კარზე დაწინაურებული გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მაგრამ შაჰი მათ ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ მძევლებად გიორგის ვაჟი - პაატა და ზურაბის მეუღლე დაიტოვა. გიორგი სააკაძემ აჯანყების გეგმა შეიმუშავა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფთან მოხდა ბრძოლა, სადაც ქართველებმა ირანელები გაანადგურეს, გიორგი სააკაძემ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. შაჰმა ახალი ჯარი გამოაგზავნა. მართალია, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ორ ბრძოლაში ირანელებმა ისეთი ზარალი მიიღეს, რომ შაჰ აბასმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, ოღონდ ვასალობის პირობით. მალე თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. 1626 წელს მათ შორის ბაზალეთთან ბრძოლა მოხდა. თეიმურაზმა გაიმარჯვა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა და იქ დაიღუპა.

20. აღორძინების ეპოქა

შუა საუკუნეების კულტურის ხასიათი ქრისტიანული ქვეყნებისთვის ქრისტიანობამ, ხოლო მუსლიმური სამყაროსთვის ისლამმა განსაზღვრა. თუმცა დროთა განმავლობაში სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულება შეიცვალა. XIII საუკუნის ბოლოდან კულტურის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები (მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები...) ანტიკურ ტრადიციებს, სადაც მთავარი იყო ადამიანი თავის სხვადასხვა თვისებებით, უბრუნდებიან. დასავლეთ ევროპის კულტურის ისტორიაში ამ ხანას აღორძინების ხანა, ანუ რენესანსი ეწოდება. „რენესანსი“ ფრანგული სიტყვაა, იტალიურად კი „რინაშიმენტო“ - ანტიკური ხელოვნების აღორძინებას ნიშნავს.

მწერლები დანტე (XIII-XIV სს.), პეტრარკა და ბოკაჩო (XIV ს.) ადამიანს, თავის მიწიერი ვნებებით და სურვილებით წარმოაჩენდნენ. ასეთი რამ მანამდე ქრიატიანულ ასკეტურ ლიტერატურაში წარმოუდგენელი იყო. მხატვრობასა და ქანდაკებაში ბრტყელი, თითქოს უსხეულო გამოსახულებები იცვლება სამგანზომილებიანი, რელიეფური სამყაროთი. ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი (XIV-XV სს.) გვიხატავდნენ სრულყოფილ პიროვნებებს, სადაც ფიზიკური და სულიერი სილამაზე შერწყმული იყო.

21. რეფორმაცია ევროპაში

XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყო რელიგიური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული სწავლებისა და ეკლესიის ორგანიზაციის გარდაქმნისკენ - რეფორმისკენ იყო მიმართული. ეს მოძრაობა სწრაფად გავრცელდა ევროპაში და ამ მოვლენას რეფორმაცია ეწოდა. რეფორმაციის დასაწყისად ითვლება 1517 წელი, როცა გერმანელმა ღვთისმეტყველების დოქტორმა მარტინ ლუთერმა 95 თეზისი გამოაქვეყნა. მან გაილაშქრა ინდულგენციების გაყიდვის წინააღმდეგ. მარტინ ლუთერისთვის მიუღებელი იყო კათოლიკური პრინციპი, რომლის თანახმად ადამიანის სულის ხსნა შეიძლება წირვა-ლოცვაზე სისტემატური დასწრებით, მარხვით, წმინდა ადგილების მონახულებითა და მოლოცვით, შემოწირულობების გაღებით. ლუთერს მიაჩნდა, რომ სულის ხსნა პირადი რწმენის გარეშე წარმოუდგენელია. პირადი რწმენა კი ნიშნავს ადამიანის უშუალო კავშირს ღმერთთან და მას არ სჭირდება შუამავალი პაპის, მღვდლების, ხატების, წმინდანების სახით. ეკლესია არ არის სავალდებულო რგოლი ადამიანს და ღმერთს შორის. ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე თანასწორია, მათ შორის მღვდელიც. მარტინ ლუთერმა გაილაშქრა საეკლესიო იერარქიის წინააღმდეგ. მისი აზრით, რწმენის საფუძველი მხოლოდ ბიბლიაა და მისი განმარტება ნებისმიერ ადამიანს (არა მარტო მღვდლებს) შეუძლიათ. ლუთერმა საკუთარ სწავლებაში ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა.
გერმანიის მხარეების (სამთავროების) და ქალაქების ნაწილი რეფორმაციას მიემხრო. 1529 წელს გერმანიის რაიხსტაგმა (წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც გერმანიის უმაღლესი წოდების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. მას ჰქონდა საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქცია) ამ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელების საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამან რეფორმაციის მომხრეთა პროტესტი გამოიწვია.
კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებულ ლუთერის მომხრეებს პროტესტანტები ეწოდათ, ხოლო ახალ ქრისტიანულ სწავლებას - პროტესტანტიზმი.
ლუთერის იდეების წინააღმდეგ 1545 წელს რომის პაპმა პავლე III იტალიის ქალაქ ტრენტში კრება მოიწვია, სადაც ახალი მოძღვრება დაგმეს. დაპირიპირება მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის ომში გადაიზარდა. 1555 წელს, აუგსბურგის რელიგიური ზავის თანახმად, სამთავროებს, რომლებიც ლუთერის მოძღვრებას იზიარებდნენ, რწმენის თავისუფლება ებოძათ.
მეორე დიდი რეფორმატორი იყო ფრანგი თეოლოგი ჟან კალვინი, რომელიც ჟენევაში (შვეიცარიაში) მოღვაწეობდა. მისი აზრით, მთელი ადამიანური ცხოვრება ღმერთის სამსახურია. რაკი ღვთის ნება წინასწარ არავინ იცის, ნებისმიე5რ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ არის რჩეული. რჩეულობის ერთ-ერთი ნიშანი კი მისი ადგილია ცხოვრებაში, წარმატებული საქმიანობაა, რომელიც არა ამქვეყნიური სიკეთეების მოსაპოვებელი საშუალებაა. რადგან ეს მოძღვრება საერო საქმიანობასაც ღვთის მსახურების ასპარეზად განიხილავდა, ამიტომ პროტესტანტისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. პროტესტანტული თემები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მაგ., ნიდერლანდებში, ინგლისში).
ჩამოყალიბდა ახალი რელიგიური თემები, გაუქმდა მღვდლის ინსტიტუტი, სასულიერო პირებს - პრესვიტერებს, პასტორებს მრევლის შიგნით ირჩევდნენ. კულტმსახურება გამარტივდა და ნაციონალურ ენებზე მიმდინარეობდა.
ზოგადად რეფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ ქრისტიანულ მოძღვრებას პროტესტანტიზმი ეწოდა. თუმცა პროტესტანტებს შორისაც არსებობდა განსხვავება. მაგ., ლუთერის სწავლება განსხვავდებოდა ჟან კალვინის სწავლებისგან. ამიტომ ლუთერის მიმდევრებს ლუთერანები უწოდეს, ჟან კალვინის მიმდევრებს - კალვინისტები. რეფორმაციის პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიას ჩამოცილდა ინგლისის ეკლესიაც და მას ანგლიკანური ეკლესია ეწოდა.


22. საფრანგეთის რევოლუცია

XVIII ს-ის შუა ხანებიდან საფრანგეთის მესამე წოდება (გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, მეწარმეები), რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, უკმაყოფილო იყო მეფის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკით. გადასახადების გადამხდელი მხოლოდ ეს წოდება იყო, ხოლო პირველი ორი - თავად-აზნაურობა და სამღვდელოება გათავისუფლებული იყო ამ ვალდებულებისგან. სწორედ ამ წოდების წარმომადგენელთა ინტერესებს გამოხატავდა ახალი იდეური მოძრაობა, რომელიც განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. დიდი ფრანგი განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, რუსო, დიდრო, მონტესკიე. ისინი აკრიტიკებდნენ ხელისუფლების არსებულ მოდელს და ახალ შეხედულებებს ამკვიდრებდნენ. მაგ., მონტესკიეს ეკუთვნის ის აზრი, რომ პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელ პირობას ხელისუფლების სამ შტოს შორის დანაწილების პრინციპი წარმოადგენს. ის თვლიდა, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და ერთმანეთს თვითნებობის საშუალება არ უნდა მისცენ. განმანათლებობისთვის დამახასიათებელი იყო რაციონალიზმი. ამ დროს აღმოცენდა ათეიზმიც. ცნობილია ვოლტერის ფრაზა: „ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოგვეგონა“. დიდრო კი წერდა: „თუ გონება ზეციური საჩუქარია და იგივე შეიძლება რწმენის შესახებაც ითქვას, მაშასადამე, ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა ორი საჩუქარი, რომელიც შეუთავსებელია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ხელისუფლება ესაა საზოგადოების შეთანხმების პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის შემთხვევაში ძალადობას ძალადობით პასუხის გაცემა და მისი დამხობა უნდა.
ამ პერიოდში საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია იყო. ლუი XVI სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა, ამიტომ მას სულ უფრო და უფრო მეტი ფული ჭირდებოდა. 1787 წლის 5 მაისს მეფემ მოიწვია გენერალური შტატები, წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რათა მათთვის ახალი გადასახადები დაეტყუა. მაგრამ მესამე წოდების წარმომადგენლებმა თავი ჯერ ეროვნულ კრებად, შემდეგ კი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადეს, რათა ახალი კონსტიტუცია შეემუშავებინათ. 1789 წ. 14 ივლისს პარიზელებმა ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენი ციხესიმაგრე - ბასტილია აიღეს და მეფე აიძულეს, დამფუძნებელთა კრება ეცნო. 1789 წ. 26 აგვისტოს კრებამ `ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია მიიღო.~ ამ დეკლარაციით ყველა ადამიანი თავისუფლად და თანასწორად, ხოლო ძალაუფლების საფუძვლად ხალხი გამოცხადდა. 1791 წ. სექტემბერში საფრანგეთში მიიღეს კონსტიტუცია, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანოდ ეროვნული კრება, ხოლო აღმასრულებლად მეფე და მისი მინისტრები გამოცხადდნენ. კრების დეპუტატებს აირჩევდა 25 წელს მიღწეული დაბადებით ფრანგი მოქალაქე. 1792 წელს აპრილში ახლად არჩეულმა კრებამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და პრუსიას, რომლის მონაქები საფრანგეთის რევოლუციის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. სწორედ მათთან კავშირის გამო 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზის მოსახლეობამ მეფე დააპატიმრა და მონარქია დაამხო. ლუი XVI-ს და მის ცოლს მარია-ანტუანეტას თავი მოკვეთეს. იმავე წლის სექტემბერში აირჩიეს ახალი კონვენტი (ეროვნული კრება). კონვენტში გამოიყო სამი დაჯგუფება - იაკობინელები (რადიკალური ფრთის წარმომადგენლები), ჟირონდელები (მსხვილი ბურჟუაზიის პარტია) და ე.წ. ჭაობი (მერყევი უმრავლესობა, რომელიც ხან ერთი ფრთუსკენ და ხან მეორისკენ იხრებოდა). ხელისუფლების სათავეში ჯერ ჟირონდელები მოვიდნენ, მაგრამ 1793 წ. 2 ივნისს ისინი იაკობინელებმა შეცვალეს. იაკობინელებმა ჟირონდელთა ლიდერები სიკვდილით დასაჯეს.
იაკობინელების ლიდერები იყვნენ მ.რობესპიერი, დანტონი, მარატი, სენ-ჟიუსტი. 1794 წ. 27 ივლისს იაკობინელები დაამხეს და კონვენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება 5 კაცისგან შემდგარ დირექტორიას გადასცა. 1799 წ. 3 ნოემბერს დირექტორიას ძალაუფლება ჩამოართვეს და სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სამი კონსული. რეალურად ქვეყანას პირველი კონსული, გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი მართავდა, რომელმაც 1804 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა.

 



1 2 3 4



megobari saitebi

   

16.09.2016