saweri saSualebebi
Zvel saqarTveloSi

მსოფლიოში დამწელობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული საწერი საშუალებები გამოიყენებოდა. ასევე იყო საქართველოშიც. დამწერლობის ისტორიამ შემოინახა მოკლე, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი ტექსტები უძველეს საწერ მასალებზე: ქვის ფიცრებზე, ხის ფიცრებზე, თიხის ფირფიტებზე და სხვა. ბიბლიაშია არაერთგზის მოხსენიებულია უძველესი საწერი მასალა – ე.წ. "ფიცარნი ქვისანი". ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები უმრავლესობა სწორედ ქვაზეა გამოყვანილი. შემდგომი პერიოდის საწერი მასალაა პაპირუსი, რომელსაც ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ და ჭაობის მცენარის ღეროებისგან ამზადებდნენ. ქართულად მას ჭილი ჰქვია. საწერ მასალად პაპირუსის (ჭილის) გამოყენება საქართველოში ცნობილი არ არის. შემონახულია ჭილზე შესრულებული ორი ხელნაწერი, მაგრამ ისინი პალესტინაშია დაწერილი. საქართველოში საწერ მასალად უფრო გავრცელებული იყო ეტრატი ანუ პერგამენტი (ეტრატი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ოთხეულს, ოთხფურცლედს ნიშნავს). მას ცხოველის (თხის, ხბოს ...) ტყავისგან ამზადებდნენ. ქართული ეტრატი ძალიან მაღალი ხარისხისა იყო. სწორედ ეტრატზე წერის დროს გაჩნდა პალიმფსესტები, რომლებსაც როგორც სხვა, ისე ქართული დამწერლობის კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია . ქაღალდის არსებობა და ხმარება საქართველოში VIII საუკუნიდან უნდა სცოდნოდათ. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ VII საუკუნიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ მათში მიღებული ქაღალდი ქართველებისთვის უცნობი არ დარჩებოდა. ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენამდე მოღწეული ქაღალდზე შესრულებული პირველი ქართული ხელნაწერი XI საუკუნისაა, ვეფხისტყაოსანში უკვე ნახმარია სიტყვა "ქაღალდი": "მე გული შენი ქაღალდად გულსავე შენსა ვაწები". როგორც მკვლევარმა რ. პატარიძემ გაარკვია, XVI საუკუნის ანდერძ-მინაწერებში დაცულია საინტერესო ცნობები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამ დროიდან სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნახევარფაბრიკატი ქაღალდის (ე. წ. ბომბიცინის) საბოლოო დამუშავება (გახამება, გასარკვა-გაპრიალება) თვით საქართველოში ხდებოდა. ეს შეეხება როგორც აღმოსავლურ, ისე ევროპულ ჭვიშნირიან ქაღალდს. ჩვეულებრივ, საქართველოში თეთრ ან მოთიხისფერო ქაღალდს ხმარობდნენ. მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოდან გვხვდება ფერადი (ლურჯი და მწვანე) ქაღალდი, რომელიც მეტწილად რუსეთიდან შემოჰქონდათ. საწერი იარაღების რაობას არსებითად საწერი მასალის ბუნება განსაზღვრავდა. იცვლებოდა საწერი მასალა, იცვლებოდა საწერი იარაღებიც. მაგარ მასალაზე ასოების აღბეჭდვა შეიძლებოდა : ჩაღრმავებით, ამოჭრა-ამოკაწვრით ანუ "შთაწერით" და ამოწევა-ამობურცვით ანუ "ამოქანდაკებით". ამისათვის იხმარებოდა იხმარებოდა საჭრეთელი, სტილი (სპეციალური ჯოხი). პერგამენტზე კი წერდნენ ჯერ ლერწმის, შემდეგ ფრთისა და ბოლოს – ფოლადის კალმით. კალმის შემოღებას თან მოჰყვა საწერი საღებავები – მელნები. საქართველოში ოდითგან ნაირგვარი შემადგენლობის მელანი უხმარიათ. მელანს ადგილობრივ ამზადებდნენ და საკმაოდ მაღალხარისხოვნად. VI-VII საუკუნის პალიმფსესტთა ნაწერის ქიმიური ანალიზით ი. ქუთათელაძემ ცხადჰყო, რომ იმხანად რკინის ფხვნილით დამზადებული მელანი უხმარიათ. წერდნენ ძირითადად შავი მელნით. ძველ ქართულში "მელანი" მარტო შავ საწერ სითხეს ერქვა (ბერძნ. მელანოს – შავი). წითელ მელანს ეწოდებოდა წითელი, განსაკუთრებით მაღალხარისხოვან წითელ სითხეს – სინგური. წითლისა და სინგურის სინონიმად ძველ ქართულში ნახმარია ბერძნული ტერმინებიც: "კინაბარი და ზანდუკი". ხელნაწერებისთვის იყო ოქრონარევი მელანიც ("ოქროს მელანი").



სტატიის ავტორინინო ივანიაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
კ. დანელია, ზ. სარჯველაძე - "ქართული პალეოგრაფია", 1997w.



 


megobari saitebi

   

01.10.2014