თერგდალეულთა გამოსვლა ასპარეზზე

60 - იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა ბრწყინვალე პლეადა. "თერგდალეული" პირობითი ტერმინია. ამ სახელწოდებით საზოგადოებრიობამ მონათლა თერგს გაღმა რუსეთში სწავლამიღებული ახალგაზრდობა. თერგდალეულებმა თავიანთ დროშას წააწერეს ლოზუნგი "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!" პირველი რიგის ამოცანად დაისახეს რულს მიცემული საზოგადოებრიობის გამოფხიზლება და გათვიცნობიერება. მათ ერთსულოვნად შეუტიეს ცხოვრების მანკიერ მხარეებს მიცრმული ვინაობის აღსადგენად, ზნეობის ასამაღლებლად, ევროპის იმ დროინდელი მოწინავე იდეების გასავრცელებლად აამოძრავეს მთელი ეროვნული ენერგია.
თერგდალეულთა ბრწყინვალე პლეადას მესვეურებდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. ამ საზოგადოებრივი მიმდინარეობის სათავეში იდგა ილია ჭავჭავაძე.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) იყო სულიერი მამა და მოძღვარი ქართველი ერისა. "მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანმიმდევი უკვდავი სული" - დიდი მოღვაწის ეს სიტყვები ასახავს მის როლს საქართველოს იუსტორიულ ცხოვრებაში დღვანდელობის ჩათვლით.
ილია პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სათავეში ედგა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. სტუდენტობის წლებშივე გამოიკვეთა მისი საბრძოლო ეროვნული პროგრამა, რომელიც 1860 წლეს დაწერილ ლექსში "მესმის, მესმის" - აამეტყველა.

"მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!"

ილიამ სტუდენტობის დროიდანვე "ცისკრის" ფურცლებიდან შეუტია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რუტინას, დრომოჭმულ იდეალებს. 1861 წელს იგი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა სამზადისს ქართული ჟურნალის დაარსებისათვის. 1863 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "საქართველოს მოამბე", რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში.
ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ ილია სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. ამ პერიოდში ღრმად ეცნობოდა მშობლიური ხალხის ჭირ-ვარამს. 70-იანი წლების დამდეგიდან სათავეში ჩაუდგა იდეურ ბრძოლას "მამათა" ჩამორჩენილი იდეოლოგიის წინააღმდეგ. მისი თაოსნობით 1875 წლე სდაარსდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომლის სახსრები მთლიანად ეროვნულ სამქს ხამრდება, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში იდგა დიმიტრი ყიფიანის გვერდით. 1877 წლეს გამოსცა ჟურნალი "ივერია", რომელიც 1886 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად აქცია. "ივერია" საქართველოს სულიერ ცენტრს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მედროშეს წარმოადგენდა.
60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ დავასახელებთ რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის მოთავ ან აქტიური მონაწილე ილია არ ყოფილიყოს. იგი აქეზებდა აქტიური მოღვაწეობისათვის პატრიოტ ახალგაზროდობას, საკადრის პასუხს აძლევდა საქართველოს მტრებს. "ივერიის" სარედაქციო ბინა, სადაც თვითონაც ცხოვრობდა, წარმოადგენდა ეროვნულ შტაბს. აქ სისტემატურად იკრიბებოდა და საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობდა თბილისის მოწინავე ინტელიგენცია. ილიას მხატვრული ქმნილებები ხალხში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ილიას-მახვილი პუბლიცისტიკა მშობლიური ენის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებას ემსახურებოდა.
აკაკი წერეთელი (1839-1915) თერგდალეულთა პლეადიდან იყო ყველაზე პოპულარული პიროვნება. მისი ბრწყინვალე პოეზია ხახლმა გაითავისა, ჭირისა და ლხინის თანაზომიერად გაიხადა. აკაკი, ილიასთან ერთად ებრძოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამორჩენილობას, მის მანკიერ მხარეებს და საზოგადოებრივ აზრს განაწყობდა თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ.
აკაკი წერეთელმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებშივე ამოუდგა გვერდით ილია ჭავჭავაძეს, მისი მახვილი სატირა "ცისკრის" ფურცლებზე რომ იბეჭდებოდა, ამხელდა "მამათა" იდეურ ჩამორჩენილობას.
1863 წლეს დაბრუნდა თბილისში და მთელი გატაცებით ჩაება საზოგადოებრივ მოძრაობაში. პირველ ხანებში ცხოვრობდა ქუთაისში და აქტიურად მონაწილებოდა ეროვნულ მოღვაწეთა იქაური წრის საზოგადოებრივ საქმიანობაში.
1867 წლიდან აკაკი თბილისში გადმოვიდა და გაზ. "დროების" აქტიური თანამშრომელი გახდა. "დროების" რედაქტორი ს. მესხი 1875 წელს აღნიშნავდა აკაკი ყველაზე უფრო ნიჭიერია და ყველაზე უფრო გამოსადეგი გაზეტისათვის. ამისთანა ცოცხალი კალამი, მარჯვე, მკვირცლი სიტყვა, ირონია და ადვილიწერის ნიჭი არცერთ ჩვენ მწერალს არა აქვს. ამიტომ ძვირფასად მიმაჩნია ის გაზეთისათვის და საზოგადოდ ჩვენი ლიტერატურისათვის". მართლაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის თანამედროვე მწერალთაგან არავის არ ჩაუხედია ქართველი კაცის სულის კუნჭულებში ისე ღრმად, როგორც აკაკის, არავის უტყორცნია მტრის ბანაკში ცრემლსა და ნაღველში ნაბანი იმდენი ისარი, რამდენიც აკაკის, არავისარ შეუთრთოლებია ერის გულის სიმები ისე ძლიერად, როგორც აკაკის, და ბუნებრივია ამგვარი პოპულარობა, სახალხო სიყვარული არავის ღირსებია.
აკაკი ერთერთი მთავარი ბურჯი და ფალავანი იყო ახალი თაობისა. ილიასთან ერთდ ეჭირა მას ხელში ის დროშა, რომელზედაც ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლება, დემოკრატიული წყობილება და საზოგადოებრივი პროგრესი იყო წარწერილი.
ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) ევროპული დონისა და მასშტაბის საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი იყო. პეტერბურგის უნივერსიტეტშივე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც. 1864 წლიდან სწავლა განაგრძო ევროპაში, სადაც რუსულ ემიგრაციასთან ერთდ ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. საქართველოს 60-იანი წლეიბის ცხოვრების შესახებ ბრწყინვალე წერილები გამოაქვეყნა ჟურნალ "კოლოკოლში", რომელსაც რუსი რევოლუციონერი-დემოკარატები გერცენი და ოგარევი ლონდონში გამოსცემდნენ. 1866 წელს შვეიცარიაში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა" და სხვა ნაშრომები. 1868 წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები", რომელიც აგრეთვე ფრანგულ ენაზე გამოიცა ჟენევაში.
სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ მოღავაწეობაში. ერთხანს "დროებას" რედაქტორობდა. 1871 წელს დაარსდა ჟურნალი "კრებული",რომელშიც ეროვნული მოძრაობის ბევრი საპროგრამო სტატია იბეჭდებოდა. იყო რუსული გაზეთის "ტიფლისსკიე ვესტნიკის" რედაქტორი. 1878 წელს რედაქტორობდა კავკასიის დიდად ავტორიტეტულ გაზეთ "ობზორს". 1897-98 წლებში გამოსცა რუსული გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე". 1875 წელს პარიზში გამოსცა წიგნი "დეკადანსის პრესა", რომელსაც პარიზის საზოგადოებრიობა აღტაცებით შეხვდა.
ნ. ნიკოლაძე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა 70-80-იანი წლების რუსეთის საზოგადო მოღვაწეთა შორის. აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში, თანამშრომლობდა ჟურნალ "ოტეჩესტვენნიე ზაპიისკის" ფურცლებზე.
70-იანი წლების დამდეგს, ვიდრე ილია ჭავჭავაძე დუშეთში მსახურობდა, თერგდალეულთა პლეადას მესვეურობდა ნიკო ნიკოლაძე. ამ პლეადას მან კიდევ უფრო გაუღვივა მებრძოლი სულისკვეთება. "დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე ნიკო ნიკოლაძეს - იგონებს ამ წლების შესახებ იმდროინდელი ცნობილი ჟურნალისტი იაკობ მანსვეტაშვილი, - მისი სიცოცხლით სავსე წერილები, მისი მწვავე მათრახები მოწინააღმდეგის მიმართ, მისი მახვილი, ბასრი კალამი დიდ შტაბეჭდილებას ტოვებდა ჩვენს გულში. ყველა ჩვენგანი ცდილობდა მოჰყოლოდა იმ წრეში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. გურამიშვილი, ნ. ნიკოლაძის ცოლის ძმა, იმ იმედით, რომ იქ თვით ნიკოლაძესაც ვიხილავდით, პირისპირ ვნახავდით და მის ცოცხალ სიტყვას მის საკუთარ პირიდან გავიგონებდით".
ნ. ნიკოლაძე საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს თერგდალეულთა პროგრამის ერთრთ მთვარ საკითხად თვლიდა. დიდი პრაქტიკული ნიჭით დაჯილდოვებული, იგი ცდილობდა გაეცხოველებინა საქართველოს ეკონომიკური კავშირები, უცხოეთიდან საქართველოს წიაღისეულის დამუშავებაში ჩაება ევროპული მრეწველები. განსაკუთრებით დიდია მისი როლი ფოთის კეთილმოწყობაში, სადაც ქალაქის თავი იყო წლების მანძილზე.
გიორგი წერეთელი (1842-1900) XIX ს. მეორე ნახევრის ეროვნულ მოღვაწეთა პლეადას ეკუთვნის. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ სტუდენტთა იმ სათვისტომოში, რომელსაც მეთაურობდა ილია ჭავჭავაძე. 1861 წელს უნივერსიტეტის სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს ნიკო ნიკოლაძესთან ერთად.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩაება ჟურნალ "საქართველოს მოამბის" გარშემო შემოკრებილ მოღვაწეთა წრეში. ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ ითავა ქართული გაზეთის გამოცემა. 1866 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა გაზ. "დროება". 70-იანი წლების დამდეგიდან ეს გაზეთი თერგდალეულთა მებრძოლი ორგანო გახდა. გაზეთის რედაქცია იყო ბინა, სადაც სისტემატურად იყრიდნენ თავს ქართველი მოღვაწენი ეროვნულ ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გ. წერეთელის თაოსნობით განხორციელდა აგრეთვე "სასოფლო გაზეთის" გამოცემა, ქართველი გლეხობისთვის განკუთვნილ ამ ორგანოში ქვეყნდებოდა მრავალფეროვანი მასალა სოფლის მეურნეობის და გლეხური ყოფა-ცხოვრების, მათი ჭირ-ვარამის შესახებ. გ. წერეთელი თბილისის რუსულ პრესაშიც თანამშრომლობდა. რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში იგი იყო პეტერბურგის გაზეთ "გოლოსის" კავკასიის სამხედრო-კორესპონდენტი და რუს მკითხველს აცნობდა საომარი ოპერაციების მსვლელობას, საქართველოს საზოგადოებრივ აზრს ამ პერიოდში. იგი მხურვალედ თანაუგრძნობდა თურქეთის უღლისაგან აჭარის გათვისუფლებას. გ. წერეთელი იმასაც იმედოვნებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმული ინგლისი საქართველოში თავის ჯარს გამოგზავნიდა და რუსეთს განდევნიდა კავკასიიდან. ამის თაობაზე მას ქობულეთში საიდუმლო მოლაპარაკებაც ქონდა თურქეთის ჯარის სარდლებთან. ამ გაბედული ინიციატივის გამო სასჯელს ძლივს გადაურჩა. გიორგიმ დიდი ამაგი დადო აღორძინებულ ქართულ თეატრს, აქტიურად თანამშრომლობდა "ქარველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც".
გ. წერეთელი მრავალმხრივი ნიჭის მოღვაწე იყო. ღრმად იცნობდა საქართველოს ისტორიულ წარსულს და აქვეყნებდა კიდეც წერილებს შუასაუკუნეების საქართველოს სხვადასხვა საკითხებზე. დიდად იყო დაინტერესებული საქართველოს სიძველეთა შესწავლით. აქტიური მონაწილე იყო რუსეთის არქეოლოგთა (სიძველთმცოდნეთა) ყრილობისა, რომელიც ჩატარდა თბილისში 1881 წელს.
1893 წლიდან გ. წერეთელი იწყებს ჟურნალ "კვალის" გამოცემას. ეს ჟურნალი გაეთიშა თერგდალეულებს და დადგა იმ პოზიციაზე, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ახალმა მიმდინარეობამ ("მესამე დასმა") დაიკავა. თვით გ. წერეთელი ამ ახალ მიმდინარეობას არ გაჰყოლია. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ერთგული იმ იდეალებისა, რასაც ქართველი სამოციანელები ქადაგებდნენ.
იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) თავის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებით მზრუნველობდა ეროვნულ განათელბას. იგი იყო საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი. კიევის სასულიერო აკადემიაში განათლებამიღებული, იაკობი 1863 წელს დაბრუნდა თბილისში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მაგრამ როგროც "პოლიტიკურად არასაიმედო" 1874 ეწლს დაითხოვეს სამსახურიდან. შემდგომ წლებში მთელი ენერგია საზოგადოებრივ საქმიანობას მოახმარა.
იაკობის ბინაზე თავს იყრიდნენ დედაქალაქის ინტილიგენციის საუკეთესო წარმომდადგენლები. ამ შეკრებებზე იბადებოდა ქართველი ერის გათვიცნობიერების, მისი კონსოლიდაციის მრავალი კეთილშობილური იდეა. აქ შემუშავდა აზრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შესახებ, მშობლიურ ენაზე სასკოლო სახელმძღვანელოთა შექმნის შესახებ და სხვა.
1865 წელს იაკობმა გამოსცა "ქართული ენის ამბანი და პირველი საკითხავი წიგნი მასწავლებელთათვის", 1868 წე;ს "ბუნების კარი", 1876 წელს "დედა ენა". ამ წიგნებში ჩამოყალიბებული პრინციპები დაედო საფუძვლად ქართულ პედაგოგიკას. ამ წიგნებზე იზრდებოდნენ თაობები. იაკობის დაუღალავი შრომით ქართველ ბავშვებს მუდამ ქონდათ საინტერესო საკითხავი წიგნები, ("კუნწულა", "აიკიდო", "ხომლი", "კოკორი", "მოსავლის მცველნი" და სხვა). იაკობის მოთხრობები ახალგაზრდობის სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების გრძნობებს უღვივებდა. იაკობმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო "ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებლ საზოგადოებას", რომლის გამგეობაში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.
იაკობი სისტემატრად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. მისი სტატიები შეეხებოდა ეროვნული ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, ხასიათდებოდა მებრძოლი დემოკრატიზმით, რუსიფიკატორული პოლიტიკისადმი შეურიგებლობით, იაკობი მუდამ ედგა გვერდით ილია ჭავჭავაძის ქართული ენის, ტრადიციების, კულტურის დაცვისა და განვითარებისათვის ბრძოლაში. იგი შეურიგებლად ამხელდა კავკასიის რეაქციულ მოხელეთა ბოროტ მცდელობას სკოლიდან ქართული ენის განსადევნად, მათ ერთობლივი დარტყმა მიაყენეს "იანოვსკის ცირკულარებს", ეს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ იაკობის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მახინჯი ჩანასაცი დედის მუცელშიც გაწყალდა". ი. გოგებაშვილი ილიას თანამოაზრე იყო არა მარტო ორგანიზაციულ საკითხებში. მსოფლმხედველობრივად სავსებით თანაუგრძნობდა და აქტიურად იცავდა იმ პროგრამას, რომლითაც საზოგადოებრივ ასპარეზზე თერგდალეულნი გამოვიდნენ.
სერგი მესხი (1845-1883) პეტერბურიგ უნივერსიტეტში სწავლობდა 1863-67 წლებში და აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლიციურ მოძრაობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ქუთაისში მოღვაწეობდა, 1868 წელს მიიწვიეს გაზ. "დროების" რედაქტორად და სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში ამ გამოცემას.
ს. მესხი პუბლიცისტი იყო. მაის კალამი იმდროინდელი ცხოვრების ყველა მტკივნეულ საკითხს ეხებოდა. მის ფელეტონებში თუ მოკლე კორესპოდენციებში იგრძნობოდა ქვეყნის გულშემატკივრობა, მისი პროგრესისათვის დაუცხრომელი ზრუნვა.
ს. მესხის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ქვაკუთხედი ეროვნული საკითხი იყო. იგი დიდი ილიას დროშას მიჰყვებოდა. მიაჩნდა, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ქართველი ხალხის ყველა ფენა, ყველა მდგომარეობისა და ხელობის კაცი უნდა ჩაბმულიყო: გლეხი, თავადი, აზნაური, ვაჭარი, სასულიერო პირი - ყველა შთაგონებული უნდა ყოფილიყო ერთი მისწრაფებით, - ეხილა თავისი სამშობლო კოლონიური ჩაგვრისაგან თავისუფალი და ძლიერი.
ს. მესხს მიაჩნდა, რომ საქართველო, - ძველი ცივილიზაციის ქვეყანა, ჩამორჩა ჟამთა სიავის გამო. მაგრამ იმის ურყევი რწმენაც ქონდა, რომ ამ ჩამორჩენილობას იგი მალე დაძლევდა. ევროპული ქვეყნების დაწინაურებულ ცხოვრებას კარგად გაცნობილი, იმას ოცნებობდა, რომ საქართელოც მათი გზით წასულიყო. ს. მესხი იყო "ევროპეისტი". საქართველოს მომავალი ცხოვრების მისაბაძ მაგალითებს შვეიცარიის ქვეყანაში ხედავდა. მისი ღრმა რწმენით საქართველოს პროგრესი ვაჭრობა - მრეწველობის განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ქართველი ხალხი მისი აზრით მაშინ მოღონიერდებოდა, თუ თვითონ მოკიდებდა ხელს მისი უხვი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავებას. გულს უკლავდა, რომ საქართველოს წიაღისეულს რუსი და უცხოელი მრეწველები ეპატრონებოდნენ.
ს. მესხი ებრძოდა საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლების ცარისტულ პოლიტიკას. ასაბუთებდა, რომ შავი ზღვის სანაპიროებზე სხვა ხალხის დასახლება უკანონო, ანტიეროვნული მოქმედება იყო. ასევე ებრძოდა იგი ქართული ენისა და კულტურის მტრებს.
ს. მესხი დიდი ძალა იყო თერგდალეულთა პლეადაში, მაგრამ სუსტმა ჯანმრთელობამ და გამუდმებულმა შრომამ იგი ადრე მოწყვიტა ამ თაობას.
საქართველოს 60-70-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამოჩენილ პიროვნებათა შორის იყვნენ სხვა მრავალი თავდადებული მოღვაწენიც. (პეტრე უმიკაშვილი, დავით და მიხეილ ყიფიანები, ანტონ ფურცელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ბესარიონ ღოღობერიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ილია წინამძღვრიშვილი, ვახტანგ თულაშვილი და სხვა), რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შექონდათ თერგდალეულთა მრავალმხრივ ეროვნულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ 70-იანი წლებიდან თერგდალეულებს თავიანთი ხმა ქართველმა ქალებმაც შეუერთეს. პრესაში პირველად გამოჩნდა ქართველი პუბლიცისტი ქალების სახელი. ახალგაზრდა მწერალმა ქალმა ნ. ინაშვილმა თარგმნა და 1869 წ. ჟურნ. "მნათობში" დაბეჭდა ინგლისელი ეკონომისტის ჯონ სტიუარტ მილის წერილი "ქალების განთავისუფლება". ქალთა ემანსიპაციის საკითხზე პუბლიცისტურ მოღვაწეობაში ჩაებნენ ელ. ყიფიანი, ღვინიაშვილი. ქარელ ქალთა ჯგუფმა მალე საკითხავი წიგნიც გამოაქვეყნა.
თერგდალეულთა მიმდინარეობას 80–იან წლებში შეემატა ეროვნული მიმართულების უნიჭიერესი წარმომადგენლები ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა ფშაველა, ივანე მაჩაბელი და სხვები.
ალექსანდრე ყაზბეგი (1848–1893) ქართველ მთიელთა წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიყო მწყემსობას იმ მოსაზრებით, რომ ახლო გაცნობოდა თანამემამულეთა ცხოვრებას. 1879 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და გატაცებით ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. ა. ყაზბეგი განსაკუთრებით გაიტაცა ახლად აღორძინებულმა თეატრალურმა საქმიანობამ. წერდა დრამატულ თხზულებებს, მსახობობდა.
ალექსანდრე ყაზბეგის რეალისტურ–რომანტიკულ შემოქმედებაში მძლავრად აჟღერდნენ ის ნოტები, რომელთა ხმა ჯერ კიდევ სუსტად ისმოდა 60–იან წლებში. თუ ილია ჭავჭავაძე 60–იანი წლების ქმნილებებში შენატროდა იმ დროს, როცა ქართველი ხმალზე ხელს გაიკრავდა მჩაგვრელი ძალის მოსასპობად, ალ. ყაზბეგმა 60–იანელთა ამ ოცნებას ხორცი შეასხა და დაგვიხატა დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლეველად დარაზმული მთიელი ხალხი.
მთიელი მოსახლეობის იმდროინდელი მაჯისცემა და გულის წადილი მწერალმა ნიჭიერად ასახა ისეთ მხატვრულ ქმინილებებში, როგორიცაა "ელგუჯა", "ხევისბერი გოჩა", "მამის მკვლელი" და სხვ.
დიდძალი მკითველი ყავდა ალ. ყაზბეგის მხატვრულ ნაწარმოებებს იმი გამო, რომ მათში ეფექუტურად, დინამიკურად იყო ასახული თავისუფლების წყურვილი და მისთვის თანგანწირვის სულისკვეთება. ამიტომ იყო, რომ "ელგუჯას" პირველი გამოცემა მთავრობის განკარგულებით განადგურებულ იქნა.
ვაჟა–ფშაველა (1861–1915) 80–იან წლებში საიმედო ბურჯად შეუდგა ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობას. მის გამოჩენას შემოქმედებით ასპარეზზე დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდა ამაგდარი თაობა. "მთიდან ჩამოფრენილ არწივში" ილია ჭავჭავაძემ თავიდანვე დაინახა გენიალური ნიჭი და უშრეტი ენერგია. ქართულ ლიტერატურაში მან მოიტანა უჩვეულო მგზნებარე ტემპერამენტი და სრულიად ორიგინალური ხმა. გამომსახველობის ახალი ფორმების მოშველიებით, ვაჟა ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო დიდი 60–იანებლების, მისი შემოქმედების მთავარ ლეიტ–მოტივს შეადგენდნენ ის იდეალები, რომლებიც 60–იანელებმა თავიანთ საბრძოლო დროშას წააწერეს.
ვაჟა ფშაველა ფილოსოფიურად მოაზროვნე, ბრძენი, ამასთან უაღრესად ეროვნული შემოქმედი და საზოგადო მოღვაწეა. მის ყოველ სტრიქონში ჩანს ქართული მიწა–წყლისადმი, განუმეორებელი ბუნებისადმი ტრფიალი, საერთო–საკაცობრიო ჰუმანიზმი, იგი მთელი გატაცებითაა ჩაბმული ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში და სწამს მომავალი თავისი ხალხისა. ვაჟასთვის სამშობლო ხან დაჭრილი არწივია, რომელიც ყვავ–ყორნებს ეომება, ხან "მთიანი თავჩაჩქნიანები", რომლებიც "ფიქრს მისცემიან მწარესა", ხან მელი წიფელი, რომელიც მართალია, ტყეს ვეღარ ამშვენებს, მაგრამ მაინც უკვდავია თავისი სიდიადით, ფესვის ბოლოზე ამოსულ ყლორტს შეხარის და მზესა და წვიმას შეღაღადებს მის გასაზრდელად.
ვაჟა ფშაველა მამულისათვის თავდადებული მოღვაწის განსახიერება იყო არა მარტო შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებაშიც. იგი უანგაროდ ემსახურებოდა მშობლიური ერის სწავლა–განათლებას. ვერ ურიგდებოდა ვერავითარ უსამართლობას, რასაც მთავრობის მოხელენი ჩადიოდნენ და მთიელი კაცის პირდაპირობით ებრძოდა ყველა იმათ, ვინც ხალხს ატყუებდა და ძარცვავდა. ყველგან სადაც კი ვაჟას უმოღვაწია, ნამდვილი ომი ქონდა გაჩაღებული ხალხის მჩაგვრელებთან, ყველგან იყო სოფლის მოთავე და ხელმძღვანელი სამართლიანობისათვის ბრძოლაში.
ივანე მაჩაბელი (1854–1898) 80–იან წლებიდან თავდაუღალავი ენერგიით მხარში ამოუდგა თერგდალეულთა თაობას. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომის საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქ გაეცნო იგი პერტერბურგში ბანკის გახსნის თაობაზე ჩასულ ილია ჭავჭავაძეს და მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". შემდეგ სწავლა გააგრძელა უცხოეთში, – გერმანიაში ჰოპენჰაიმის სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში, შემდეგ პარიზში სორბონის უნივერსიტეტში. 1879 წელს დაბრუნდა სამშობლოში და "მოამბის" რედაქციაში თანამშრომლობდა. 1882–83 წლებში თვით იყო ჟურნ. "მოამბის" რედაქტორი. სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლმებზე, სოფლის მეურნეობაზე. ამასთან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართველი საზოგადოებრიობა მას უმადლის შექსპირის ქართულად ამეტყველებას, რაც ახალი სიტყვა იყო ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში.
ივ. მაჩაბელი 80–90 იანი წლების ყველა საზოგადოებრივ წამოწყებათა აქტიური მონაწილე იყო, თანამშრომლობდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასი", თეატრალურ საზოგადოებაში, ვეფხის ტყაოსნის ტექსტის დამდგენ კომისიაში. 1888 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ვეფხის ტყაოსანი. კომპოზიტურ იპოლიტ–ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ამ გენიალური პოემისა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. მაჩაბელის საბანკო მოღვაწეობა. საადგილმამულო ბანკის დანიშნულების გააზრებაში, იგი ოპოზიციაში აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძესთან. ბანკის საკითხზე პაექრობას 80–იან წლებში თბილისის ინტელექტუალურ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა. პრინციპული უთანხმოების გამო ილიასა და ივ. მაჩაბლის ჯგუფები გაითიშნენ. მიუხედავად შეურიგებელი დავისა, ილია ჭავჭავაძე ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა ივანე მაჩაბლის ნიჭს, ენერგიას და პატრიოტულ შემართებას.
ზემოდმითითებულ მოღვაწეებთან ერთად საზოგადოებრივ ასპარეზზე თანდათან გამოდიოდნენ ახალი ძალები, რომელთაც ილიას იდეები ასულდგმულებდათ. 90–იანი წლების ასეთ მოღვაწეთაგან აღსანიშნავია ილია ბახტაძე, გიგა ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კლდიაშვილი, თედო სახოკია, შიო არაგვისპირელი, ვასილ ბარნოვი, ანასტასია ერისთავ–ხოშტარია, იონა მეუნარგია და სხვები.
საზოგადო მოღვაწეთა ილიას ჯგუფი არა მარტო თავისი შემოქმედებით ამდიდრებდა ქართველი ხალხის სულიერ საგანძურს, არამედ შეუპოვრად იცავდა ეროვნულ ინტერესებს ცარისტული რეაქციული ძალების შემოტევისაგან. ილიამ და მისმა თანამებრძოლეებმა განადგურებული პასუხი გასცეს რუს უკიდურეს რეაქციონერ კატკოვს, რომელმაც თავისი გაზეთის მეშვეობით სცადა მასხრად აეგდო ქართველთა ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართულ სცენაზე წარმოდგენილ იქნა პიესა "სამშობლო" და სცენაზე ეროვნული დროშა იქნა გამოტანილი. ("კატკოვის პასუხად") ილია და მის თანამებრძოლები ღირსეულ პასუხს აძლევდნენ კავკასიისა თუ რუსულ რეაქციულ პრესაში კოლონიზატორთა ყოველგვარ გამოხდომას მიმართულს ერის ისტორიული წარსულის გაყალბებისა და გაბაიბურებისაკენ.
ამ ჯგუფის თაოსნობით განხორციელდა სტავროპოლში ვერაგულად მოკლული დიმიტრი ყიფიანის საქართველოში ჩამოსვენება და მისი ისეთი დატირება, რომ იგი დიდ ეროვნულ საპროტესტო დემონსტრაციაში გადაიზარდა. ეს ჯგუფი ედგა სათავეში განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენებას, რაც 1895 წელს განხორციელდა და ეროვნული კონსოლიდაციის სულის კვეთებით ხასიათდებოდა.
დიდი მოძღვარი ილია და მისი თანამებრძოლები თაოსნობდნენ ქართული გიმნაზიის დაარსებას, ეროვნული დარგობრივი სკოლების გახსნას, ხალხური შემოქმედების საგანძურის შეგროვებას და გამოქვეყნებას, ქართული ხალხური მუსიკის აღორძინებას და სხვ. ერთი სიტყვით, ძნელია მივუთითოთ ამ პერიოდის რომელიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე, რომ მისი თაოსანი და პრაქტიკული განმახორციელებელი მოღვაწეთა ზემო აღნიშნული ჯგუფი რომ არ ყოფილიყო.
ილიას და მის თანამებრძოლებს უნდა უმადლოდეს ქართველი ხალხი მისი გონებრივი თვალსაწიერის გაფართოებას, მისი თვით შეგნების ამაღლებას და შემზადებას იმ ბრძოლებისათვის, რომელიც მას ახლო საუკუნის დამდეგიდან მოელოდა.



სტატიის ავტორი აკაკი სურგულაძე და პაატა სურგულაძე;      

მასალა აღებულია წიგნიდან „საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ.      


 


megobari saitebi

   

01.10.2014