პირი ღმრთისა ტიმოთესუბნის მოხატულობაში

წინამდებარე წერილში ხელთუქმნელი ხატის მხოლოდ ერთი ქართული მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ. კერძოდ, მსურს თქვენი ყურადღება ტიმოთესუბნის მოხატულობაში არსებულ მანდილიონის გამოსახულებაზე შევაჩერო. მისი საკმაოდ ცუდი დაცულობის გამო მკითხველი გაიკვირვებს კიდეც _ “რატომ მაინცდამაინც ახლა უკვე თითქმის დაკარგული ტიმოთესუბნის მაცხოვრის სახე? ხომ გვაქვს, საბედნიეროდ, ხელთუქმნელი ხატის სხვა, გაცილებით კარგ მდგომარეობაში მოღწეული ნიმუშები?~
ტიმოთესუბნის არჩევა ხელთუქმნელი ხატის სრულებით უჩვეულო ადგილზე გამოსახვის შემთხვევამ და, შესაბამისად, უჩვეულო შინაარსობრივმა კონტექსტმა განსაზღვრა: “დღე განკითხვის” ჯოჯოხეთის ამსახავ სცენათა ფონზე წარმოდგენილი პირი ღმრთისა მართლაც რომ საგანგებო დაფიქრებასა და გააზრებას ითხოვს (ნახ. 1-2).
ტიმოთესუბანში ხელთუქმნელი ხატი გუმბათის საყრდენ ჩრდილოეთ ბურჯზეა გამოსახული, მის სამხრეთ პილასტრზე. ე. პრივალოვა ტიმოთესუბნის მოხატულობისადმი მიძღვნილ მონოგრაფიულ ნაშრომში მხატვრობას, როგორც ცნობილია, XIII საუკუნის დასაწყისით ათარიღებს, მაგრამ პირიღმრთისას შესრულების თარიღად XIII საუკუნის მიწურულს ასახელებს. ეს კომპოზიცია მთელ მოხატულობაში ერთადერთი გადაწერილი მონაკვეთია, აქ იგი თავდაპირველად გამოსახულ ჯოჯოხეთის “ხატს” ენაცვლება _ ზედ გველეშაპის წიაღში, ცეცხლოვან ენებში გახვეული შიშველი ფიგურისა და შემზარავ კბილთაღრჭენის ამსახველ სახეთა გამოსახულებებზე, მოგვიანებით, შეუბათქაშებლად, პირი ღმრთისა დაიხატა.
როგორც ჩანს, ბათქაშის უქონლობამ განსაზღვრა ამ შედარებით მოგვიანო მოხატულობის ნაწილობრივი ჩამოცვენა, რის შედეგადაც პირველი, ქვედა ფენის მხატვრობაც გამოჩნდა. ამჟამად მაყურებელს ორი ერთმანეთზე დადებული კომპოზიცია წარმოუდგება, მაგრამ დაკვირვებისას მანდილიონის ნაწილობრივ ამოკითხვა მაინც არის შესაძლებელი და მის ზოგად ხაზებში წარმოსახვაც ხერხდება. (ნახ. 3) განსაკუთრებით კარგად არის შემორჩენილი მანდილი _ თეთრი, უნაოჭო, გაშლილი ტილო სინგურით დატანილი ვარსკვლავების გამოსახულებებით. ტილოს მოჩარჩოებას უქმნის სამი პარალელური კონტური (გარე_სინგური, შუა შავი), რომელიც გადაკვეთაზე ოთხ სეგმენტად დაყოფილ მართკუთხედებს იძლევა. ყოველ სეგმენტში ვარსკვლავების გამოსახულებებია ჩაწერილი. ამ მოჩარჩოებას, თავის მხრივ, ინტენსიური სინგურის საკმაოდ მსხვილი სარტყელი დაუყვება, რომელიც ერთიანად კრავს გამოსახულებას და ხატის სახეს ანიჭებს მას. ეს გამოყოფა გამოსახულებისა საერთო ფონიდან მით უფრო თვალსაჩინოა, რომ დასავლეთ მკლავში გამოსახული საშინელი სამსჯავროს კომპოზიციებს მხოლოდ რეგისტრების აღმნიშვნელი ჰორიზონტალური ზოლი ანაწევრებს, რის გამოც დასავლეთი მკლავის ქვესკნელის ამსახველი სცენები ხალიჩისებრ ეფინება კედელს და ერთიანად, ერთი თვალის შევლებით იკითხება (თითქოს მხატვარს თვალის შეჩერება არ სურსო).

nax. 1 dasavleTi mklavis moxatulobis sqema

ხელთუქმნელი ხატი საკმაოდ დიდი ზომისაა, ის ფაქტობრივად მის თავზე არსებულ მთელი ტანით წარმოდგენილ ფიგურებს უტოლდება. მაცხოვრის სახე აქ დიდი, სინგურის შარავანდის ფონზეა წარმოდგენილი. შარავანდს შავი ორმაგი კონტური შემოუყვება. შარავანდი კვეთს “ტილოს~ შიდა მოჩარჩოებას, რის ხარჯზეც მაცხოვრის სახის ისედაც უზარმაზარი გამოსახულება კიდევ უფრო “ფართოვდება~, მასშტაბურად “იზრდება~. მაცხოვრის თავის მოხაზულობა ძლივსღა იკითხება _ ამჟამად მხოლოდ თმების ღია წაბლისფერი ერთიანი ტონალური ნიადაგი მოჩანს. თმები ვარძიის მიძინების ტაძრის ხელთუქმნელი ხატის მსგავსად ტალღოვანი მოხაზულობის იყო, მაგრამ ვარძიის პირიღმრთისასთან შედარებით ვარცხნილობა გაცილებით დაბალია; საგრძნობლად დადაბლებულია შუბლიც, რაშიც ახლა წარბების აღმნიშვნელი ძლივსღა დასანახი რკალისებრი მოყავისფრო-მოწითალო კონტური გვარწმუნებს. ნაკვთებზე უფრო ზუსტად საუბარი, სამწუხაროდ, შეუძლებელია _ ჩვენ იმის დაბეჯითებით თქმაც კი არ შეგვიძლია, ეს მხოლოდ თავის გამოსახულება იყო თუ კისრიანი სახისა. ამჟამად ამ ადგილზე გველეშაპის სხეული მოჩანს. მაგრამ კომპოზიციური წყობა, დიდი შარავანდი, რომელიც, ზომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპოზიციის ქვედა ზღვარზე შეუკრავი წრის სახით ჩამოდიოდა, უფრო უკისრო გამოსახულებას გვაფიქრებინებს.

nax. 2 dasavleTi mklavis moxatulobis sqema. detali

ამ შემთხვევაში ხელთუქმნელი ხატის იკონოგრაფიულ თუ სტილურ თავისებურებებზე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი შეიძლება აღინიშნოს-ეპოქის შესატყვისად გამოხატული ხაზგასმული დეკორატიულობა, რომელიც ტილოს ზედმიწევნით დამუშავებაში იჩენს თავს _ მოჩარჩოების თავისებურებები, სეგმენტურად დაყოფილი მართკუთხედი იქნება ეს თუ ფერადოვნება (შავი, სინგურისფერი კონტურები), სინგურით დაჩნეული ვარსკვლავები, რომლებიც ამ შემთხეევევაში მნიშვნელოვან სიმბოლურ აზრსაც ატარებს (როგორც ვნახავთ, განკაცების ხატს _ ცხოვნების ხატად “აქცევს”).
ტიმოთესუბნის შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელთუქმნელი ხატის საერთოდ გაჩენის ფაქტზე, მის, როგორც აღვნიშნე, სწორედ ჯოჯოხეთის სცენათა ადგილზე დახატვის შემთხვევაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ის ხომ სრულებით არატრადიციულ, ერთი შეხედვით გაუგებარ ადგილზე თავსდება. ეს კი სრულებით ახალ შინაარსს აძლევს, სხვაგვარად ააჟღერებს განკაცების ხატს.
ტაძარს ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთის და სამხრეთისა. დასავლეთი მხრიდან შესვლისას ხელთუქმნელი ხატი ფაქტობრივად მაყურებლისთვის “დაფარულია~, მთავარი ყურადღება შესულისა ჯერ კონქის უზარმაზარი ჩვილედი ღმრთისმშობლისკენ არის მიმართული, ცენტრისკენ მოძრაობისას კი მოხდენილი, ზეაზიდული არქიტექტურული ფორმების დამასრულებელ გუმბათზე ჩერდება. მასში გამოსახული ჯვრის დიდების საოცარ კომპოზიციაზე. ხელთუქმნელი ხატი მხოლოდ ტაძრის შუაგულში გუმბათის ქვეშ მოხვედრილი მლოცველისათვის ხდება “დასანახი~ და, როგორც ითქვა, მოჩარჩოებისა და მასშტაბის ხარჯზე, საგანგებოდ გამოყოფილიც. მაგრამ მხატვრობით ერთიანად დაფარულ სივრცეში ის მაინც რამდენადმე იკარგება. სულ სხვაგვარად დაისმის მახვილი სამხრეთიდან შესული მლოცველისათვის. სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილ კარს მლოცველი დასავლეთის მკლავში შეჰყავს; შესვლისთანავე თვალს არქიტექტურული ფორმები აძლევს მიმართულებას: წაისრული ფორმის ჩრდილო-დასავლეთის თაღი, თავისი მახვილი ფორმით და მის ტეხილზე გამოსახული ფერად სეგმენტში ჩაწერილი ჯვრით, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად, ტეხილზე განთავსებით და ინტენსიური ფერადოვნებით, განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება და თაღის ფორმას მეტ “სიმახვილეს~ აძლევს; ჩრდილოეთ კედელზე გაჭრილი დიდი ზომის სარკმელი, რომელიც განცდისეულად თაღის ტეხილის ქვეშ, ვერტიკალური ღერძის გაყოლებაზე გაჭრილად აღიქმება (სინამდვილეში იგი აღმოსავლეთით არის გადახრილი) და, ბოლოს, ამ “ღერძული~ მახვილების გვერდით, პილასტრზე  გამოსახული ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თაღი ღონივრად უერთდება და თვალი თითქოს ხელთუქმნელი ხატისკენ “მიყავსო~.

nax. 3 jojoxeTis scenaze (qveda fena) daxatuli piri
RmrTisa. avtoris Canaxati

ამის გამო სამხრეთიდან შესული ადამიანისთვის, ტაძარში შესვლა ხელთუქმნელ ხატთან მიახლოვებად აღიქმება, ამ მიზეზით კი უფლის მყოფობა, მის წინაშე “პირისპირობის~ განცდა საოცარ ქმედითობას იძენს (შდრ. “და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? აღ-თუ-ვÁდე ცად-შენ მუნ ხარ, შთა-თუ-ვÁდე ჯოჯოხეთად ახლოსვე ხარ...~ ფს. 138.7-8).
ისიც ხომ აღსანიშნავია, რომ მთავარი შესასვლელი სწორედ სამხრეთისა იყო, რასაც ადასტურებს აქ XIV საუკუნეში კარიბჭის მიდგმის ფაქტი.
ისედაც, ტაძარს ხომ გზა სამხრეთიდან უდგება. ვინ იცის, იქნებ ხელთუქმნელი ხატის გაჩენა სწორედ შესასვლელის ”გამოყოფასთანაც” იყოს დაკავშირებული.
ახლა ამის მხოლოდ ვარაუდიღა შეგვიძლია. ერთი რამ კი ცხადია, ხელთუქმნელი ხატი სამხრეთიდან შესულ მლოცველს პირველი “ხვდებოდა~, აქედან მისულისათვის იშლება ის მთელი სისრულით და, ამდენად, როგორც ჩანს, სწორედ სამხრეთიდან აღქმისათვის არის გათვალისწინებული.
მაინც რა საკვირველია მეორედ მოსვლის ბჭედადებულ ჯოჯოხეთში მაცხოვრის გამოსახვის ფაქტი? ეს შემთხვევა, ალბათ, შუა საუკუნეების ხელოვნების მართლაც რომ უსაზღვრო შემოქმედებითი თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითთაგანია, ერთი იმათთაგანი, რომელსაც საეკლესიო ხელოვნების “კანონიკურობის~ დღევანდელი ქომაგნი ძნელად თუ მოუძებნიან ახსნას. შინაარსობრივად თითქოს “გაუმართლებელი~, სულ ცოტა, ერთი შეხედვით “გაუგებარი~, ეს კომპოზიცია თავისი ზემოქმედებით, ტაძარში შემოსულ მლოცველზე მოხდენილი უშუალო შთაბეჭდილებით გვაძლევს პასუხს. ჯოჯოხეთის წიაღ გამოსახული პირი ღმრთისა ჯოჯოხეთის წარმომტყვევნელი განკაცებული უფლის, კაცობრიობის მხსნელის ხატად იშლება (შდრ. თუნდაც იოანე მინჩხის “დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი~: “რა ჟამს მოხუედი ზეცით ქუეყანად, მÁსნელო ჩუენო... შთაჰÁედ ქუესკნელად და განაქარვე მთავრობაÁ ბნელისაÁ და აღადგინე ბუნებაÁ კაცთაÁ დანთქმული...~ ჯოჯოხეთის ამსახველი კონტრასტული ფონი.თანმხლები წარწერებით _ “მდიდა[რ]ი უწყლოÁ~, “ცეცხლი უშრეტი გეჰენიისაÁ~, “მატლი უძი[ლ]ო~, “ბნელი გარესკნელი განუნათლებელი~ მეტად აკონკრეტებს ჯოჯოხეთის სცენებს და, ამდენად, კიდევ უფრო ძლიერად აახმიანებს ქუესკნელის ფონზე გამოსახული ხსნის ხატს; უფლის განკაცების ხატი აქ თვალხილულად ქვეყნიერების “განმანათლებლის~, “დაუღამებელი ნათლის~ ხატებად გვევლინება. ამასვე გვეუბნება უზარმაზარი, საზღვარს გაცდენილი სინგურის შარავანდი, რომელიც აქ “ზღვარდაუდებლობით~ დაუტევნელი ნათლის სიმბოლოდ ცნაურდება; მანდილზე სინგურითვე “დაწინწკლული~ ვარსკვლავები, რომლებიც აქ აღდგომის სიმბოლოდ იკითხება. სინგურის ასეთი აქტივობით ხელთუქმნელი ხატი “ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის~ კომპოზიციასთან თითქოს ფერადოვნებითაც ასოცირდება _ “ჯოჯოხეთის წარმოტყვევნაში~ ხომ მაცხოვარი ხშირად წითელ სამოსში მოსილად გამოისახება, არა მხოლოდ როგორც ნათელი, არამედ როგორც ცეცხლი. (შდრ. “შენ ცეცხლად საცნაურად ღმრთისა სიტყუაო შეგიწყნარა ქუესკნელმან ჯოჯოხეთისამან შანთი უსხეულოÁ~) აღსანიშნავია ისიც, რომ ტიმოთესუბნის მხატვრობაში სამართლმადიდებლოში მაცხოვრის აღდგომის ხატად ნაგულვები და ქართულ მხატვრობაშიც ფართოდ გავრცელებული ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენა გამოსახული არ ყოფილა. აღდგომის თემა აქ მენელსაცხებლე დედათა საფლავად მისვლისა და აღდგომასთან შინაარსობრივად დაკავშირებული რამდენიმე სხვა კომპოზიციით (მაცხოვრის ხილვა დედათა მიერ, სავარაუდოდ მოციქულთა მიერ მაცხოვრის საფლავთან ან ემაუსში უფლის ხილვა) იყო წარმოდგენილი. აღდგომა-ამაღლების კომპოზიციები სამხრეთისა და ჩრდილოეთ მკლავებშია განთავსებული და მოხატულობის ერთიან დინამიკურ-თხრობით ქარგაში ისეა ჩართული, რომ მაინცდამაინც არც კი გამოიყოფა. ეს განსაკუთრებით თავალსაჩინოა ბეთანიისა და ყინცვისის მოხატულობათა ფონზე, სადაც აღდგომის თემის საგანგებო აქცენტები მენელსაცხებლე დედათა საფლავად მისვლის კომპოზიციით ხდება, ყინცვისში კი აღდგომის მაუწყებელი ანგელოზი არა მხოლოდ სამხრეთი მკლავის წამყვან ხატად იქცევა, არამედ მთელს სივრცეში გაბატონებულადაც გვესახება. ტიმოთესუბანში, პირუკუ, ეს კომპოზიცია საკმაოდ მოკრძალებულ ადგილს იკავებს. თუ გავითვალისწინებთ აქ ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენის უქონლობას, ეს რამდენადმე უცნაურად მოგვეჩვენება კიდეც. ასეთ გადაწყვეტას ე. პრივალოვა მოხატულობის სხვა იდეური მიმართულებით ხსნის.  მართლაც, აქ უძირითადეს მახვილად მეორედ მოსვლა, “მომავალი საუკუნე~ იქცევა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ _ მაცხოვრის ვნებით, მსხვერპლის გზით მოპოვებული საუკუნო ცხოვრება (დასავლეთი მკლავის სამოთხის ხატი და ვნებათა “მრავალსიტყვა~ კომპოზიციები). ხელთუქმნელი ხატის გამოსახვით კი დასავლეთი კედლის სამოთხის “საპასუხოდ~ ჩრდილოეთ კედელზე “მცირე~ სასუფევლის ხატი იქმნება _ უფალი ტაძარში შესულთ მხსნელ ნათლად, კაცობრიობის მაცხოვნებლად “ეგებება~. მოგვიანებით დახატული ეს კომპოზიცია მთელი მოხატულობის საერთო განწყობით არის ნაკარნახევი, ის თითქოს პირვანდელი მოხატულობის შინაგანმა წყობამვე დაბადაო: იმ ლხენის, ზეიმის განცდამ, რომელიც ტიმოთესუბნის მხატვრობაში ესოდენ შესაგრძნობია _ ლაჟვარდისფერი, სინგურის, ხასხასა მწვანე, თეთრი თუ ღია მოწითალო-ყვითელი ტონის შარავანდები, ფერად სეგმენტებში ჩაწერილი, პატიოსანი ქვებით მორთული და თვითონვე ძვირფას ქვებს მიმსგავსებული ჯვრების გამოსახულებები... აქაც ის განწყობილებაა, რომელსაც ე. პრივალოვა საერთოდ XII-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების მახასიათებელ თვისებად ასახელებს და “ოპტიმიზმის~ განსაზღვრებასაც აძლევს. სწორედ ამ განცდამ შეაქმნევინა ტიმოთესუბნის მხატვარს დღე განკითხვის უმაგალითო კომპოზიცია, რომელიც აქ სამოთხის უზარმაზარ ხატად იშლება. მოთეთრო-მონაცრისფრო ფონზე 20 კვადრატულ მეტრზე გაშლილ ამ კომპოზიციას ვარდისფერი ვაშლებისა და ბროწეულების გამოსახულება უქმნის ფონს და ერთიან ხალიჩისებრ “ფრიზად~ აერთიანებს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებდა ის ტაძრიდან გამოსულ მორწმუნეზე _ ნაცვლად განკითხვის დღის, საშინელი სამსჯავროს მოგონებისა, ის კაცობრიობის აღდგომის მოსაგონრად აღიბეჭდებოდა. აქვე, ალბათ, უნდა აღინიშნოს დასავლეთი მკლავის ვედრების კომპოზიციის ერთი თავისებურებაც: მაცხოვრის მანდორლა აქ უჩვეულოდ დიდი ზომისაა და მის რკალში კაცობრიობის მეოხნიც _ ღმრთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელიც ეწერება. ღვთაებრივი ნათელი _ სინგურისა და მოთეთრო მოვარდისფრო ფართო რკალების მონაცვლეობით _ მაცხოვრის გაშლილ, ოდნავ დახრილ ხელებთან ერთობით, მართლაც რომ თვალხილულად ნათლის გადმოსვლას, ქვეყნიერების გაბრწყინებას განასახიერებს, რაც, ასევე განცდისეულად გუმბათის ჯვრის დიდების კომპოზიციის შესატყვისად მთელი სივრცის საფარველად “ჩამოსულ~, თაღებსა და სარკმლების წირთხლებზე “გაბნეულ~ მცირე ზომის გაბრწყინებული ჯვრების გამოსახულებების წყალობით შეიგრძნობა.
ბუნებრივია, ალბათ, რომ ამგვარი საერთო განწყობილების უფრო შესაფერისად სწორედ მთავარი კარით მოსულთათვის ცხოვნების ხატების დახვედრება მიიჩნიეს. და მართლაც, დღევანდელ დღეს სამოთხის მჭვრეტელ ადამიანს თვალსა და გულს უმძიმებს თითქოს ჯოჯოხეთის კვლავ თავჩენილი კრებითი ხატი.


სტატიის ავტორი – ეკატერინე გედევანიშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო ლაბორატორია.                     

სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, N1, თბილისი, 2002წ.



megobari saitebi

   

01.10.2014