სოფლური საცხოვრებელი სახლი

1 2

მაჩვიბში, ისევე როგორც მთა საქართველოს სხვა კუთხეთა საცხოვრებლებში, ავეჯს წარმოადგენს მასიური, მკვიდრად შეკრული, სწორკუთხოვანი ზურგიანი სკამები (მათ შორის ე.წ. საუფროსო სკამი) და გრძელი სკამები.
დარბაზი უმეტესად მაჩვიბის თავზეა, მაგრამ შეიძლება საქონლის საზაფხულო სადგომის თავზედაც იყოს. აქ საქონელს ადგილი აღარ აქვს, ამიტომ დარბაზის ფართობი ჩვეულებრივ უფრო მცირეა, ვიდრე მაჩვიბის. „ხშირია ისეთი კომპოზიციაც, როდესაც მაჩვიბის თავზე არამარტო დარბაზია, არამედ თივის საცავიც; მაშინ თივის საცავის იატაკსა და მაჩვიბის ჭერს შორის კეთდება ხვრელი, რომლის საშუალებითაც ზამთარში თივას ყრიან.“ შუა დარბაზშიაც კერაა გამართული. კვამლის საგანგებო გასასვლელი არ არის, არც სარკმლებია, დარბაზიც შესასვლელიდან ნათდება (უკეთესად, ვიდრე მაჩვიბი, რადგან შესასვლელის წინ დერეფანი – ჰაგამი არ არის). თუმცა საერთო პროპორციებით დარბაზი მაჩვიბის მსგავსია, სივრცობრივი შთაბეჭდილება აქ რამდენადმე განსხვავებულია, რადგანაც, ბრტყელი ჭერის ნაცვლად ნივნივები და ორფერდა სახურავი ჩანს. დარბაზს ცალ მხარეს ღია ტერასა აქვს: „ქვემოთ იგი გამოყენებულია, როგორც სამეურნეო დანიშნულების ფარდული, თვით ტერასაზე კი ზაფხულობით მთელ საოჯახო საქმიანობას აწარმოებენ.„.
მეორე უმთავრესი ნაწილი სვანური საცხოვრებლისა – კოშკი (მურყვამ) – საცხოვრებელი სახლის გვერდით დგას. ჩვეულებრივ სახლსა და კოშკს შორის მცირე მანძილია: „როცა საცხოვრებელს თავდასხმის საშიშროება მოელოდა, მთელი ოჯახი კოშკში გადაბრგდებოდა საჰაერო გადასასვლელით, რის შემდეგაც გადასასვლელს დაშლიდნენ... მტრისგან თავდაცვის მოსაზრებითვე კოშკის შესასვლელი კეთდებოდა მიწის დონიდან 5–6 მეტრის სიმაღლეზე მაინც.
გამონაკლისის გარეშე ყველა სვანური კოშკი კვადრატულია. საფუძველთან მისი გვერდი 5.5 × 6.5 მეტრია. უფრო გავრცელებულია 4 და 5  სართულიანი კოშკები, იშვიათია 6 სართულიანი. სიმაღლე 25–30 მეტრს აღწევს. კოშკის შიგნით მთელი ქვემო ნაწილი მიწითაა ამოვსებული (მხოლოდ უშგულში არ არის ასე) და პირველი სართული 5–7 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. უმეტესად ზემოთკენ კოშკი რამდენამდე ვიწროვდება. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჭერში მოწყობილი ხვრელებით და მისადგმელი ძელ–კიბეებით (სართულშუა გადახურვა ზოგი ქვისაა, ზოგი მორების, ორფერდად მოწყობილი). ყველაზე საინტერესო და ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით მეტყველი ნაწილი კოშკის – ზემო დამაგვირგვინებელი სართულია, რომელსაც უმთავრესი სათავდაცვო ფუნქცია ეკისრებოდა. ამ სართულის სახურავი ორფერდაა, კედლების ზემო ნაწილი გარეთ გაწეული და გადმომჯდარი აქვს 50–80 სმ–ით. აქაა გაკეთებული სათოფურები, რომლებიც ამ  „გადმოჯდომის“ წყალობით საშუალებას იძლევა მომხდურს არამარტო თოფი ესროლონ, ლოდებიც დააყარონ და ფისიც დაასხან (შვეულად).
კოშკებს რაიმე კეთილმოწყობა არ გააჩნია, მაგრამ არის იატაკში ჩაკირული ქვევრები წყლის მარაგისათვის.
ორსართულიანი მაჩვიბიანი და დარბაზიანი სახლი, კოშკი და ეზო, რომლის ფარგლებშიაც კალო და სხვადასხვა სამეურნეო ფარდულებია – ასეთია ბალსზემო სვანეთის ძველებური სახლ–კარის აუცილებელი კომპონენტები. ცხადია, ყველა სახლი სტანდარტულად ერთნაირი არ არის. ცალკეული მაგალითი განსხვავდება მასშტაბით, რელიეფზე განლაგებით, კოშკის, სახლისა და ეზოს ურთიერთშეფარდებით. არის კომპლექსები სადაც რამდენიმე მაჩვიბი და ორი–სამი კოშკია,
(სახლების კოშკების გარდა, ზემო სვანეთში აშენებდნენ ცალკე მდგომ კოშკებსაც საერთო თავდაცვისათვის. ეს კოშკები, არაფრით არ განსხვავდება სახლების კოშკებისაგან, მხოლოდ ცოტა უფრო დიდია)
ბალსქვემო  სვანეთი.  რ. ხარაძე და ალ. რობაქიძე გამოყოფენ საცხოვრებლის ოთხ სახესხვაობას:
ა) მურყვამიანი  სახლი, ისეთივე, როგორც ბალსზემოთ იყო.
ბ) სვანირიანი სახლი. შედგება ორი ნაწილისაგან: ერთია  ქორ, ჩვეულებრივი სვანური ორსართულიანი სახლი, ქვის, მაჩვიბითა და დარბაზით; მეორეა სვანირი, ორსართულიანინი ან სამსართულიანი კოშკი, მურყვამთან შედარებით ბევრად უფრო დაბალი. პირველ სართულზე სურსათ–სანოვაგეს ინახავდნენ, მეორე – საცხოვრებელი ოთახი იყო, მესამე – თავდაცვისათვის, ისევე როგორც მურყვამის ზემო სართული (აქ ქონდათ იარაღი, თოფისწამალი, ლოდები და სხვა.). მაშასადამე, კოპოზიციური პრინციპი – კოშკისა და სახლის, ჰორიზონტალისა და ვერტიკალის შეთავსება – აქ თითქოს იგივეა, რაც ბალსზემოურ მურყვამიან სახლში, მაგრამ შეფარდების სიმკვეთრე აქ ძლიერ შენელებულია, ზოგან კი საერთოდ აღარც არსებობს, იმიტომ, რომ ზოგი სვანირი სახლისავე სიმაღლისაა, ზოგი კი უფრო დაბალიც.
ხუროთმოძღვრული ელემენტები, კერძოდ, მაშიკულებიანი გადმომჯდარი გვირგვინი, ისეთივეა, როგორც მურყვამში. ფუნქციურად მურყვამიან სახლთან შედარებით ის განსხვავებაა, რომ: ა) მაჩვიბზე მიშენებული ბეღელი (გვემ) აქ სვანირის ქვემო სართულშია გადატანილი, ბ) საცხოვრებელი ოთახი კოშკშიც (სვანირშიც) არის. სვანირიანი სახლის უკეთ შენახული ნიმუში სოფ. ბარშშია დარჩენილი.
გ) სანცხვირიანი  სახლი. უკოშკოა, „თავდაცვის ფუნქციას ასრულებს სახლის ერთ კუთხეზე მიშენებული ქვის ბუდე, რომელსაც სათოფურები აქვს დატანებული“.
დ) სახლი, რომელსაც  სათავდაცვო ელემენტები არ გააჩნია.
ქვემო  სვანეთი ცხენის წყლის ხეობაში მდებარეობს. მისი უმთავრესი ნაწილებია ლენტეხი, ჩოლური და ლაშხეთი.  ჩვენს საუკუნეში, როცა ზემო სვანეთის სოფლებს ჯერ კიდევ ქონდა (და ნაწილობრივ დღესაც აქვს) შენარჩუნებული ძველებური იერი, ქვემო სვანეთის სოფელს უკვე  შეცვლილი აქვს სახე, ყოველ შემთხვევაში, სოფლის მთლიანი ხუროთმოძღვრული ანსამბლი უკვე კარგა ხანია დარღვეულია.
ქვმო სვანეთში სახლ–კარის კომპლექსი მკვეთრად განსხვავდებოდა ზემო–სვანურისაგან. „სამეურნეო ნაგებობის გარეთ გამოტანა, ეზოს ზრდა, ბოსტნის გაჩენა და ზოგჯერ ვენახის გაშენება არსებითად ცვლიდა დასახლების ძირითადი უჯრედის ხასიათს და დასავლეთ საქართველოს ბარის დასახლებას უახლოვდებოდა“. შენობათა ნანგრევები მოწმობს. რომ წინათ ქვემო სვანეთშიც გავრცელებული იყო „ძველებური ტიპის კარმიდამო (ორსართულიანი ქორ–მურყვამით და გალავნით), შეჯგუფებული დასახლება დაახლოებით ისეთი სახისაა, რომელიც ზემო სვანეთში არის დამოწმებული. გარდა ასეთი, ჩვენთვის უკვე ცნობილი, კოშკიან–გალავნიანი სახლისა, ქვემო სვანეთში არსებობდა უკოშკო – ორსართულიანი ქვის სახლებიც, რომელთაც მკვლევარნი ძველსა და ახალს შორის გარდამავალ ტიპად თვლიან (რ. ხარაძე და ალ. რობაქიძე, გ. ლეჟავა და მ. ჯანდიერი).
ერთი ასეთი სახლი აღწერილი აქვთ ლეჟავასა და ჯანდიერს. სახლი (სოფელ სასაშში) ქვისაა. საერთო იერით საერთოდ არ სცილდება სვანეთის არქიტექტურის ფორმათა წრეს და ციხე–სახლებსაც მოგვაგონებს. მაგრამ ციხე–სახლის სამი სართულის ნაცვლად, აქ მხოლოდ ორი სართულია: ქვემოთ ტრადიციულად მაჩვიბია, რომელშიც ჩვეულებისამებრ, საქონელიც იყო ტიხრებს იქით. იყო ასევე კერაც შუაგულში; მაგრამ მეორე სართლზე არსებითად, გაერთიანებულია დარბაზისა და თავდასაცავი სართულის ფუნქციები. თუმცა თავდაცვის ფუნქცია აქ დიდად შენელებულია და კოშკების დამაგვირგვინებელი თაღოვანი მაშიკულების მოტივი უფრო სამკაულადაა გამოყენებული, ვიდრე პრაქტიკული საჭიროებისთვის (წვრილი სათოფურები ორივე სართულში არის). კერა მეორე სართულსაც ქონდა. ინტერიერის დამუშავების მოტივთან აქ აღსანიშნავია თაღოვანი ნიშა–განჯინები სამეურნეო დანიშნულებისა მაჩვიბის ერთ–ერთ კედელში. ცალ მხარეს სახლს მიშენებული აქვს ხის სვეტებიანი ფანჩატური, რომლის მეორე სართულიც სახლის მეორე სართულის აივანია. ფანჩატურსა და სახლს საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს.
სამეურნეო სადგომები – მარანი, საბძელი – ეზოშია გატანილი. „უმეტეს შემთხვევაში ჯარგვალის ტიპისა და ზოგჯერ ოვალური მოყვანილობის არის“.
ქვემო სვანეთისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბალსზემო სვანეთისაგან განსხვავებით, აქ საცხოვრებლის არქიტექტურაში სოციალური დიფერენციაცია იჩენს თავს: „ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გელოვანების სასახლე შგედში (ლაშხეთი) და გარდაფხაძეების სასახლე თეკალში (ჩოლური). ეს სასახლეები, როგორც გაბარიტებით, ასევე გაძლიერებული დაცვითი ნაგებობებით მნიშვნელოვნად განსხვავდება რიგითი გლეხის საკარმიდამო კომპლექსისგან.

მთა – რაჭა (სოფლები ღები, გლოლა, ჭიორა). ძველებური საცხოვრებელი სახლების არქიტექტურით დიდად ენათესავება სვანეთს, არსებითად, იგი სვანურ წრეშია მოქცეული.
გ. ლეჟავამ და მ. ჯანდიერმა ოცდაათიან წლებში კიდევ ჩაუსწრეს ღებში ციხე–სახლებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლა უკვე განადგურებულია. ამგვარ სახლს აქ დუროიან სახლს უწოდებენ. დუროიანი სახლი და სვანური ციხე–სახლი ერთი და იმავე ტიპის შენობებია: ორივე შემთხვევაში ერთი შენობა ადამიანის საცხოვრებელიც არის, საქონლის სადგომიც და თავდასაცავიც: ორივე შემთხვევაში შენობა ვერტიკალურად ვითარდება და ყოველ სართულზე თითო ოთახია – სულ ქვემოთ საქონლისთვის, შუაში საცხოვრებლად (ღების დუროიან სახლში ორი საცხოვრებელი სართულია და ორივეში კერაა), სულ ზემოთ – თავდაცვისათვის. არის განსხვავებაც: სვანურ სახლში სამი სართულია და პირველი სართული ქვის ორფერდა კამარითაა გადახურული; რაჭულში ოთხი სართულია და ყველა სართულშუა გადახურვა ხის ძელებისაა, ხისავე ფენილისა და დატკეპნილი მიწისაგან შედგება. ამის გარდა: ჩაჟაშის სახლში პირველი ორი სართული ერთმანეთს კედლის სისქეში ჩატანებული ქვის კიბით უკავშირდება, ღებში კი სართულთა დასაკავშირებლად ჭერში გაკეთებული ხვრელი და მისადგმელი ძელ – კიბე აქვთ. მაგრამ ეს განსხვავება არსებითი მაინც არ არის – შენობათა ტიპი ერთია. ჩვენს დრომდე შემორჩენილ დუროიან სახლებში კერა ბუხრითაა შეცვლილი.
ალბათ, საკმაოდ ძველი უნდა იყოს ქვის ორსართულიანი სახლის ტიპიც – თითო ოთახით ყოველ სართულზე: ქვემოთ, ჩვეულებისამებრ, საქონლის სადგომია, ზემოთ საცხოვრებელი. მაღალი ორკალთიანი სახურავის ქვეშ სხვენია.
ისევე, როგორც სვანეთში, მთა – რაჭაშიც გლეხის სახლის ინტერიერის ორგანული კომპონენტი იყო ხის ავეჯი. მაგრამ ინტერიერის არქიტექტურა აქ ნაკლებ გამომსახველი და საინტერესო უნდა ყოფილიოყო (გარდა დუროიანი სახლის ზემო სართულის), ვიდრე სვანეთში.
ხალხური საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრების დიდად საინტერესო სურათს წარმოადგენს კავკასიონის მთიანეთის ის ნაწილიც, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. აქ არის ქართული ისტორიული პროვინციები: მთიულეთი,  ხევი,  თუშეთი,  ფშავი  და ხევსურეთი.
აღმოსვლეთ საქართველოს მთიანეთში საცხოვრებლის ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპთაგანია ციხე – სახლი, რომელიც, არსებითად, ახლოს დგას სვანეთისა და მთა–რაჭის ციხე–სახლთან. ერთმანეთთან უფრო ახლოს არის ხევსურეთისა და თუშეთის ციხე–სახლები, შედარებით გამოირჩევა ხევისა და მთიულეთის.
სვანეთისა და მთა–რაჭისაგან განსხვავებით – მთიულეთში, ხევსურეთში, ხევში – გავრცელებულია ტერასისებრი სახლების სხვადასხვა ვარიანტი: ასეთ სახლებში ზემო სართულის ფასადი ქვემო სართულის ფასადთან შედარებით უკანაა დახეული, ხოლო ქვემო სართულის ბრტყელი ბანი ზემო სართულისთვის ტერასას შეადგენს. ასევე, სვანეთ–რაჭისაგან განსხვავებით, აქ ბანი ხშირად გამოყენებულია როგორც კალო.
სვათენთისა და მთა–რაჭისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (უპირველს ყოვლისა, ხევსურეთში) გვხვდება სოფლები, რომლებშიც ცალკეული სახლი მჭიდროდაა შეჯგუფებული და, არსებითად, მთელი სოფელი სახლების ერთიან ბლოკს ქმნის. „პირიქით ხევსურეთში, ახიელში და განსაკუთრებით შატილ – არდოტში.... ზოგი სოფელი ისე მჭიდროდაა შეჯგუფებული, რომ მეკომურების გარჩევაც კი ძნელია. არხოტში სახლების ბანები გაერთიანებულია და ბანიდან ბანზე გადასვლით კაცი მთელ სოფელს მოივლის. ასეთ ერთიან ბლოკად გადაქცეული სოფლის ყველაზე ცნობილი და ყველაზე განსაცვიფრებელი მაგალითია სოფელი შატილი, რომელიც, არსებითად, ერთ მთლიან ციხეს წარმოადგენს. ამ მხრივ ხევსურეთს მეტი მსგავსება აქვს ჩრდილო – კავკასიის ზოგი კუთხის სოფლებთან.
ხევსურეთი. გ. ჩიტაიას თანახმად, „ხევსურეთის... ეთნოგრაფიულ სინამდვილეში საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო დანიშნულების ნაგებობები შემდეგი ძირითადი სახეებითაა დამოწმებული: „სახლი“, „სამჭედლო“, „ბუჭულა“ (წისქვილი), „ბინა“ (ნაგებობა მთაში, სადაც ზაფხულობით ძროხები აჰყავთ), „სამრეკლო,“ „ბეღელი“, „ხატის კოშკი“, „სამარხი კოშკი“, „ხატი“ და „სალუდე“. ამათგან სალუდე და ბეღელი უმეტესად ხატის შენობის ნაწილს შეადგენს. სახლისგან დამოუკიდებლად კი, გარდა სამარხი და საკულტო შენობებისა, არსებობს სამჭედლო, წისქვილი და „ბინა“.
მისივე მონაცემებით, ხევსურეთში საცხოვრებელი სახლის ოთხი ტიპი გვხვდება: კოშკური სახლი, კალოიანი სახლი, საბძლური ანუ „ფშაური“ სახლი და ბარული სახლი. ძირითადი ტიპებია პირველი ორი.

კოშკური სახლი ანუ ციხე–სახლი გავრცელებული იყო პირიქითა ხევსურეთში. იქ მას ქვიტკირი ეწოდება. როგორც სხვა ციხე–სახლებში. აქაც კედლები შიგნითკენ რამდენადმე დაქანებულია, რაც ყოველთვის მეტი სიმდგრადისა და სიმტკიცის შტაბეჭდილებას ტოვებს. აქაც სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბეებით და ჭერში დატოვებული ასაძრომეთი  („საკვამით“) უკავშირდება. აქაც ყოველ სართულზე თითო ოთახია, სარკმლების მაგირვრობას სათოფურები სწევს და, ამიტომ, ყველა სადგომი ბნელია. ხევსურეთისთვის სპეციფიკურია, რომ არა მარტო სართულშუა გადახურვებია ბრტყელი, არამედ სახურავიც (შეად. სვანეთს, ზემო–რაჭას, თუშეთს. სადაც ორკალთიანი სახურავია). სპეციფიკურია ე.წ. ჩარდახი – ზემო სართულის გადმოშვერილი (თითქოს გადმოკიდებული) მაშიკულები, ჩვეულებრივ – თითო ან ორ–ორი ყოველ მხარეს. გარეგნულად ხევსურულ „ქვითკირს“ სვანური ციხე–სახლისგან ყველაზე მეტად სწორედ ბრტყელი სახურავი და თაღოვანი მაშიკულების გვირგვინის ნაცვლად ამ დაკიდული ჩარდახების არსებობა განასხვავებს. ჩარდახი მარტო ხევსურეთის საკუთრება არ იყო – იგი გავრცელებულია თუშეთშიც (იქ ციხე–სახლს ჩარდახიანი სახლიც კი ეწოდება). მას ვხვდებით ქართლშიც (მაგ. ციციშვილების  ციხე სოფ. ქვემო ნიჩბისში). პირიქითა ხევსურეთისათვის ისიც დამახასიათებელია, რომ ამ ოთხსართულიან სახლში საქონლისთვის ორი სართულია განკუთვნილი. სულ ქვემოთა („ძირისთვალი“) „საძროხეა“, მეორე კი საგანგებო „საცხვარე“, რადგანაც აქ მეცხვარეობას დიდი მნიშვნელობა ქონდა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პირაქეთა ხევსურეთში.
ასეთი ციხე–სახლებისგან (ქვითკირებისგან) შედგება მთლიანად სოფელი შატილი, რომელიც ხევსურეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ინგუშეთის საზღვართან, იქ, სადაც მითხურის წყალი მდინარე არღუნს ერთვის. სოფელი კლდოვან კეხზეა აშენებული, თითქოს ამოზრდილი ამ კლდეებიდან. როგორც ზემოთ ითქვა, შატილის ციხე–სახლები ქმნის ერთიან მასივს, რომელიც საფეხრურებად იზრდება კონცხიდან მთებისკენ. ერთიანობის შთაბეჭდილებას ვერ არღვევს ვიწრო გასასვლელები სახლებს შორის (სახლები ხის ძელური „ხიდებითაც“ უკავშირდება ერთმანეთს). ამ ძნელად მისასვლელ ბლოკის გარეთ „გატანილია“ ე.წ. „საფიხვნო“ – მამაკაცთა თავმოსაყრელი ადგილი, თავისებური კლუბი, რომლის არქიტექტურაც, უმნიშვნელო და უინტერესოა, „სამრევლო“ – ერთოთახიანი მცირე შენობების ჯგუფი, განკუთვნილი მხოლოდ ქალთათვის (ქალები სამრევლოში ბინავდებოდნენ თავისი ცხოვრების ზოგ სპეციფიკურ პერიოდში), სალუდე, წისქვილები, ხატი, სასაფლაო. თვით სოფლის კომპლექსში კოშკებიც იყო ჩართული.
რამდენადაც ხევსრურული ციხე–სახლების ინტერიერები უინტერესოა სვანური სახლის მაჩვიბთან შედარებით, იმდენად მეტყველია შენობათა გარეგნობა, როცა ისინი ასეთ ერთიან ანსამბლს ქმნიან.
კალოიანი  სახლი ტერასისებრი ტიპის ნაგებობაა. უმეტესად გავრცელებულია პირაქეთა ხევსურეთში, აქა–იქ პირიქითაშიც გვხვდება. სამსართულიანია. ხშირად ფერდზეა აშენებული და ზურგით მიწაშია შეჭრილი. პირველი სართული, სახლად წოდებული, ჯალაბობისა და პირუტყვისთვისაა განკუთვნილი, აქ არის კერა (ხევსურეთში მას ყვერფი ქვია) – საკუთრივ საცხოვრებელ ნაწილში, ამ უკანასკნელთაგან დაწნული კედლით გამოყოფილია  საძროხე, პროდუქტების დასამზადებელი ოთახი სენე, სხვა სამეურნეო დანიშნულების ოთახები. მეორე სართულზეა ჭერხო, „მამაკაცთა სადგომია და ადამიანის და საქონლის მარაგის საცავი“, მესამეზე ე.წ. მაღალი  ბანია, „სადაც ზამთარში ყინულზე პურს ლეწავენ“. აქვეა, ბანის უკან,  დაფარებული  კალო – ფარდული ბარგის (საჭურვლის, იარაღის) შესანახად.
ტერასებიან–კალოიანი სახლი, რა თქმა უნდა, წინ წადგმული ნაბიჯია ციხე–სახლთან შედარებით ადამიანის საცხოვრებელი პირობებისა და სამეურნეო საქმიანობის მოხერხებულობის მხრივ, მაგარამ აქ გამოთიშულია თავდაცვის ფუნქცია.
საბძლური  სახლი დამხმარე ნაგებობაა, „რომელსაც ხევსური იყენებს გამძღოლ მეურნეობასთან (მსხვილფეხა მესაქონლეობასთან) დაკავშირებით. კერძოდ,  როცა მსხვილფეხა საქონლის საზამთრო საკვები კალოიანი სახლის ჭერხოში გამოილევა (...გაზაფხულის პირზე), ის თავის საქონელთან ერთად საბძლურ სახლში გადადის, რომელიც სოფლის განაპირას ჭალაში დგას.  აქვეა დაგროვებული საქონლის საკვები მარაგი.... ეს ტიპი სპორადულად გვხვდება, როგორც მირგვალ (პირაქეთა) ხევსურეთში, ისე მიღმა ხევში (პირიქითაში)“. საბძლური სახლი აგრეთვე ქვისაა, ერთსართულიანი, სახურავი კი ორფერდა აქვს, რაც შეადგენს მის სპეციფიკურ, სხვა ხევსურულ სახლთაგან განსხვავებულ, თავისებურებას. ამით საბძლური სახლი ზოგ ფშავურ სახლს გავს და ხევსურები  მას უწოდებენ კიდეც ფშაურ სახლს.
ბარული  სახლი, ერთსართულიანი, სარკმლებიანი, ხევსურეთის სხვა ნაგებობათა შორის „დაწინაურებული ტიპისა“, არხოტშია გავრცელებული და უფრო ახალი უნდა იყოს.
თუშურ სახლს ჩარდახიან სახლს უწოდებენ, რადგანაც მის ზემო მეოთხე სართულს, თავდაცვისთვის განკუთვნილ  ჭერხოს, ისეთივე გადმოკიდებული, ჩარდახად წოდებული მაშიკულები აქვს, როგორც ხევსურულ ქვითკირს. თუ არ ჩავთვლით ორკალთიან სახურავს და მეოთხე სართულის ფართოდ გახსნილ სარკმელს ცალ მხარეს (ე.წ. სანიავოს, რომელიც მაინც ყველა ჩარდახიან სახლს არ უნდა ჰქონოდა), თუშური ციხე–სახლი ძალიან ახლოს დგას ხევსურულთან – სართულების რაოდენობითაც, საერთო აღნაგობითაც და პროპორციითაც. მხოლოდ: აქ საქონლისთვის მარტო პირველი სართულია (ე.წ. ბაშტე), შუა ორი კი (შუა  და  ზედაშუა) საცხოვრებელია. „როდესაც ოჯახის ნამრავლი შუაში არ ეტეოდა, ძმათა შვილების ნაწილი ზედაშუაში გადადიოდა. სართულშუა აქაც ბრტყელი გადახურვაა, სართულები ერთმანეთს აქაც მისადგმელი ძელ–კიბით და ჭერში გამოჭრილი ერდოთი უკავშირდება.
მთიულეთი. აქაც არსებობდა ციხე–სახლები და ტერასებიანი „კალოიანი“ სახლები. ეს უკანასკნელი ტიპი განსაკუთრებით გავრცელებული და დამახასიათებელია. რიგიანად შემონახული ციხე–სახლი აღარც გვხვდება. სოფლები ხშირად ისეთ ციცაბო კალთაზეა შეფენილი, რომ ტერასიანი სახლები თითქოს ერთმანეთს აჯდება. მაგრამ აქ – დღეს მაინც – ერთიანი ბლოკის და, მით უფრო, ციხე – სიმაგრის შთაბეჭდილება არ იქმნება, იმიტომ, რომ ტერასიანი სახლების მასა მცირეა, მათ თავდასაცავი შენობის ხასიათი არა აქვთ; თანაც, სახლებს შორის აქ გარკვეული ინტერვალებია, ზოგჯერ საკმაოდ დიდიც.
მთიულური კალოიანი სახლები პრინციპულად არ განსხვავდება ხევსურული კალოიანი სახლებისაგან, მაგრამ აქ უფრო ორსართულიანი სახლებია, ვიდრე სამსართულიანი. დამახასიათებელია ბანიანი სახურავი–ტერასები, ზემო სართულის უკან დაწევა ქვემოსთან შედარებით და დაქანებულ რელიეფთან შეფარდება; ადამიანთა და საქონლის შეთავსება ერთ შენობაში, ასევე კალო და გადახურული ფანჩატური.
საგანგებოდ აღსანიშნავია შემდეგი: ა) ქართულ–მესხური დარბაზების გვირგვინთა მონათესავე გადახურვის არსებობა ხანდოს ხეობის საცხოვრებელ სახლებში, რაც აქვთ რ. ხარაძესა და ალ. რობაქიძეს. გვირგვინიანთან შედარებით ეს კონსტრუქცია პრიმიტიულია: თვით ხვრელი შუქისა და კვამლისათვის შუაში კი არ არის დატანებული, არამედ გვერდით. მას ერდო ეწოდება. ბ) დედაბოძის არსებობა აქაურ სახლებში. ს. მაკალათიას თანახმად, დედაბოძს აქ გულთაბოძსაც უწოდებენ.
ხევი. აქ წარმოდგენილია  საცხოვრებლების რამდენიმე ტიპი: ა) ციხე – სახლი სოფელ ყანობში. გადმოცემისა და გამოანგარიშების მიხედვით, ვახტ. დოლიძე სახლს XVIII საუკუნეს მიაკუთვნებს. ისევე, როგორც მთა–საქართველოს სხვა კუთხეებშიც, შენობა სიმაგრეს უფრო გავს, ვიდრე საცხოვრებელს. შეფარდება კოშკსა და სახლს შორის აქ სულ სხვაა სვანეთთან შედარებით: იქ დაბალი სახლისა და მაღალი, წერწეტა კოშკის მკვეთრი დაპირისპირებაა; აქ, დაპირისპირება არც გამოდის: სიმაღლეთა სხვაობა მცირეა. აქაურ სახლს აკლია ისეთი მეტყველი ელემენტი, როგორიც სვანური კოშკების გვირგვინია. შენობის საერთო იერი უაღრესად მარტივი და ელემენტარულია. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს საკმაოდ მუქი კედლები, ნაშენი ტლანქად გათლილი ქვიშა–ქვითა და ფიქალით.
ფუნქციური თვალსაზრისით სახლი იგივეა, რაც აქამდე განხილული სახლები: პირველი სართული, ქოითაი, პირუტყვისთვისაა: სიგრძივი კედლით იგი ორად იყოფა – ერთი ნაწილი მსხვილფეხა საქონლისთვისაა, მეორე წვრილფეხისათვის (ე.ი. აქ ერთ სართულზეა შეთავსებული ის, რასაც პირიქითა ხევსურეთის ქვითკირში ორი სართული უჭირავს). II სართულზე ერთიანი დიდი სადგომია, რომლის ფართობიც 60 კვ. მეტრს  აღემატება. ესაა შუასახლი – საცხოვრებელი, რომელსაც კერა ქონდა. III სართულიც საცხოვრებელი იყო. ისევე, როგორც მთიანეთის სხვა სახლების სადგომები, ამ სახლის ოთახებიც თითქმის სრულიად ბნელია, რადგანაც აქ მხოლოდ სათოფურებივით ვიწრო სარკმლებია. ყოველი სართული კარით უშუალოდ უკავშირდება კოშკის სათანადო სართულს, კოშკის სართულები კი ერთმანეთთან მისადგმელი კიბით და ჭერში დატანებული ასაძრომებითაა დაკავშირებული. კოშკის მეოთხე სართული დაზვერვისთვის იყო, მას სათოლმარჯოს უწოდებენ.
ამ შენობაში ვხვდებით საინტერესო კონსტრუქციულ ელემენტებს, რომელიც სხვა აქაურ და მთიულეთის ციხე–სახლებშიც ცნობილია. ეს არის კ უ ლ ა, გამჭოლი საყრდენი ბოძი, რომელიც ორ ზემო სართულის სიმაღლეს წვდება – მასზეა დაბჯენილი სართულშუა გადახურვის და სახურავის კოჭები.
ბ) ციხე – სახლი სოფელ ხურთისში. ეს უკვე სხვა ტიპის ნაგებობაა – უკოშკო, სამსართულიანი. მაგრამ წინა სახლისაგან განმასხვავებელი მარტო უკოშკობა კი არ არის, არამედ ისიც, რომ აქ ტერასებიანი სახლის მოტივიცაა შემოჭრილი – ეს ციხე–სახლისა და ტერასული სახლის შერწყმაა. I სართული აქაც, ჩვეულებისამებრ, საქონლისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მას საკუთარი შესასვლელი არა აქვს: სახლის ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზეა, და საქონელი აქედან ჩადის თავის სადგომში საგანგებოდ მოწყობილი პანდუსის საშუალებით. პირველსავე სართულზე გამოყოფილია მცირე საიდუმლო – სამხედრო საჭურვლის საცავი, რომელშიც მხოლოდ ჭერიდან შეიძლებოდა ჩაძრომა. მეორე–მესამე სართულები კიბითაა დაკავშირებული. მეორე სართული საცხოვრებელია, მესამეზე – უკან ფარდულია, წინ კი დიდი ტერასა, რომელიც იმავე დროს ქვემო სართულის ბანია.  „ციხე – სახლს ქვედა ორი სართულის სადგომები ზევით შევიწროებული, ძლიერი, მონუმენტალური კედლებით არის შემოსაზღვრული სამივე მხრიდან, ხოლო უკანა მხარე შეჭრილია კლდეში. მესამე სართულის გვერდის მხარეები იმავე ძლიერი კედლების გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო წინა პირი ტიხრისაა – იგი ხსენებულ ტერასა–ბანისკენაა მიმართული. ასეთ სახლს, წინა ტიპის სახლთან შედარებით, გარეგნულად მეტი მხატვრული „შესაძლებლობა“ აქვს – სწორედ ტერასულობის, მასიური კედლისა და ზემო მსუბუქი ტიხრიანი ფანჩატურის შეპირისპირების წყალობით. თვით ფასადის დამუშავებაც,  თუმცა აქ არავითარი სამკაული არ არის, მოწმობს, რომ მშენებელნი გარკვეულ მხატვრულ–დეკორაციულ ამოცანასაც ისახავნდნენ: კედლის წყობა საგანგებოდ არის მოფიქრებული: „კარგად გათლილი, ერთი სიმაღლის, მოწითალო, მოყავისფრო და რუხი ქვების რიგების მონაცვლეობა ფიქალის ვიწრო შავ რიგებთან, უხსნაროდ აგებული კედლის შესანიშნავ ზედაპირს იძლევა. გამჭოლი ბოძი კულა აქ სამთავ სართულს სწვდება.
გ) გერგეტი და ყაზბეგი, ორსართულიანი ბანიანი სახლები. – ერთისა და იმავე ტიპის ორი ვარიანტი. კვლავ: ქვემოთ – საქონლის სადგომი, ზემოთ – საცხოვრებელი; მცირე სამეურნეო ოთახები; საცხოვრებელში – კერა; მცირე სარკმლები. კვამლის გასასვლელი არ არის, ამიტომ – იქაურობა, როგორც მთიანეთის უმეტეს სახლებში, გამჭვარტლულია. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ გერგეტის სახლის ფასადს; შესასვლელის თავზე ორთავიანი გველის რელიეფური გამოსახულებაა. მისი შინაარსობრივი ფუნქცია ნათელია – შესასვლელისა და სახლის დაცვა მავნე გავლენისაგან (ეს უძველეს ხალხურ რწმენასთანაა დაკავშირებული). იმავე დროს, ეს დეკორატიული ელემენტიცაა:
ფშავი. ფშავისთვის მცირე მასალა გვაქვს. აქაც გავრცელებული იყო ორსართულიანი ბანიანი სახლები – პირველ სართულზე ბოსელით, მეორეზე საცხოვრებლით. იყო სახლები, რომელთაც ბანს ზემოთ საბძელი ქონდათ დაშენებული – მაღალი, ორკალთიანი სახურავის სივრცეში მოქცეული სხვენი. ზოგს გვერდით ქონდა დერეფნიანი მინაშენი ასეთი საბძლითურთ. ყოველ შემთხვევაში, აქაც შეთავსებულია ადამიანისა და საქონლის ბინა, ადამიანისა და საქონლის საკვები, მარაგის შესანახი სადგომები. ორკალთიანი სახურავი ფშავისთვის სპეციფიკური უნდა იყოს.
ამგვარად, თუმცა ცალკეული რეგიონის ხალხურ არქიტექტურას ზოგი ადგილობრივი თავისებურებაც აქვს, კავკასიონის მთიანეთი მაინც საკმაოდ მთლიან სურათს წარმოგვიდგენს შენობათა ფუნქციური გადაწყვეტის, დაგეგმარების ხასიათის, საშენი მასალის გამოყენებისა და მხატვრულ–ხუროთმოძღვრული ეფექტის თვალსაზრისით. უმეტესად მსგავსია ტექნიკაც, მაგრამ სვანეთი ამ მხრივ მაინც უფრო დაწინაურებული ჩანს: კედლები, როგორც აღვნიშნეთ, კირის ხსნარზეა ნაწყობი და ეს ხსნარი ხშირად ზედმიწევნით მტკიცეა; ფასადები გულდასმითაა შელესილი და შელესილობის ხარისხიც ფრიად მაღალია. კედლების წყობაში ქვა რაციონალურადაა შერჩეული – ქვემოთ უფრო დიდი ქვები, ზემოტ უფრო მცირე ზომისა. კირის ხსნარს  ხმარობდნენ მთა–რაჭაშიც.
ხევსა და პირაქეთ ხევსურეთში კედლებს მშრალად აწყობდნენ, შელესვის გარეშე. ხევში „ქვებშორისი არეები თივაშერეული მიწითაა ამოვსებული. კირის ხსნარი მომჭირნეობითაა ნახმარი საპასუხისმგებლო ადგილებში – შესასვლელებისა და ნაგებობის კუთხეების წყობაში. ხევსურულ კალოიან სახლში „კედელი მშრალადაა ნაგები, ოღონდ საჭიროების მიხედვით ის წვრილი ქვითაა დაჭყორილი და გაგოზილია აზელილი საქონლის პატივით. მუცოში (პირიქითა ხევსურეთში) „ყველა ნაგებობა აშენებულია ადგილობრივი ფიქალით, რომელსაც სიპ–ქვას ეძახიან. კედლები ამოყვანილია მშრალი წყობით. თერმოიზოლაციის მიზნით კედლის წყობისას ფიქალს შორის არსებულ სიცარიელეს ავსებდნენ დუღაბით, რომელსაც განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებდნენ.
სართულშუა გადახურვა, გარდა სვანეთისა, ყველგან მხოლოდ ხისა კეთდებოდა: მორები (კოჭებად), ხისავე ფენილი უფრო წვრილი მორებისაგან, დატყებპნილი მიწა, ზოგან – ფიქალიც ამ მიწაზე ან ხის ფენილზე. სვანეთში, როგორც დავინახეთ, ამას გარდა, I სართულის გადასახურავად გვხვდება ქვის ორფერდა კონსტრუქციაც. ნამდვილი კამარა საცხოვრებელ სახლებსა და კოშკებში არ იხმარებოდა. გადახურვისთვის იყენებდნენ ყავარს და შიფერის ფიქალს.
მთა–საქართველოს საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა ქართული ისტორიული ხუროთმოძღვრების მრავალმხრივ საყურადღებო ფურცელია. ეს არქიტექტურა წარმოშვა მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, კიდევ უფრო მკაცრმა, მოუსვენარმა და შფოთიანმა ისტორიულმა ვითარებამ და  თავისებურმა სოციალურმა წყობამ.

 


 

სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, I ტ,  თბილისი, 1983წ;                                                                 
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის
www.dzeglebi.ge;

 


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014