ოჯახური ტრადიციები კახეთსა და აფხაზეთში

1 2 3

შაირები
თქმულებები
გველი, მერცხალი და ხოჭო
გვალი, მერცხალი და კოღო
ავადმყოფობა
მიცვალებულის გაპატიოსნება
დღესასწაულები
აღდგომა
ლიხნაშთა
მეტსახელები
ბოლოსიტყვაობა

 

შაირები
 
28 მაისს ჭერემს ვეწვიეთ. ჭერემი ძველი კახური მთის სოფელია. მოსახლეობა ბევრი არ არის, სულ რამდენიმე კომლია, ძირითადად _ მოხუცები. ახსოვთ, როგორ აყარეს ძალით კომუნისტებმა და, გადაასახლეს გამარჯვებაში...
აქ ყველა გვარს თავისი სალოცავი და დღესასწაულები აქვს. მაგალიტად, ჯაჭვაძეები კვირიკობას დღესასწაულობენ, მახათაძეები _ გიორგობას, გელაშვილები _ თევდორობას, ბარბაქაძეები _ კოზმანობას.
ჭერემი ირგვლივ ტყით დაფარული მთებითაა გარშემორტყმული. თურმე ამ ტყეში ერთხელ დევი ცხოვრობდა. ერთ კაცს კი შეთქმული ჰყოლია მოზვერი, რომ პირიმზეზე უნდა დაკლას. ეს მოზვერ გაეპარათ. დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა. მაინც დაკლეს. მერე თქვეს, რატომ წავიდაო, გაყვნენ ნაკვალევს და ნახეს, რომ წყალია და სადტაც იკარგება. თურმე ამ მოზვერს დევთან უომნია და უჯობნია. ამ წყალს დევის ნამუხლარი დაერქვა.[18]
როცა სოფელში შევედით, ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო, თითქოს აქაურობა მიუტოვებიათო. სკოლაში შევიარეთ. სადღა იყო ბავშვების ჟრიამული და მათი სიცილ-კისკისი. სამასწავლებლოში მხოლოდ ორი მასწავლებელი დაგვხვდა. ყველა მოხუცი მინდორში იყო გასული, სიმინდისა და ლობიოს დასათეად. ის კარგი მოლექსეები და მოშაირეები, ტკბილად მოუბარი მოხუცები აუცილებლად უნდა გვენახა, გვესაუბრა და მოგვესმინა მათგან საინტერესო ამბები.
ჩვენი “კოლხოზნიკი” მდუმარე სოფლის ორღობეებში დაეშვა. მანქანით დავიარეთ ჭერმის ველ-მინდვრები. ერთად მოვუყარეთ თავი ჭერემელ კოლორიტ მოხუცებს. გული გვეტკინა მათი საკერებელდადებული შარვლისა და იდაყვგამოხეული პერანგების დანახვისას. სამაგიეროდ, სახენათელები და გულკეთილები არიან, სიტყვაუხვები და ქართული პოეზიის მოყვარულები.
სახელდახელოდ გაიშალა სუფრა მინდორში. და “შეუბერეს” ჩვენმა ლექსო პაპამ და კუკლა პაპამ (სიკოხტავე ჰყვარებია და ამიტომ შეურქმევიათ ეს მეტსახელი ალექსი წიკლაურისთვის).
გაშაირდნენ. ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ასე ეშაირებოდნენ სოფლის ტალახიან შუკაში შემთხვევით შეხვედრილი აწითლებული, მხარზე კოკაშედგმული გოგო და მასზე გულშევარდნილი ბიჭი:
_ გოგო, აქეთ მოიხედე,
მხარზე რო გიდგას კოკაო,
საკოცნად მომზადებულხარ,
დაგწითლებია კოკაო.
_ ბიჭო, პირი მოგიპარსამს,
სალამაზოდ _ კისერიო,
რატომ არ დაინიშნები,
საგაისოდ ვის ელიო.
_ ანაგის ხეობაზედა
წყალი ჩამოდის ჩანთური,
ნეტავი წინდა ჩამაცვა
შენი ხელებით დართული.
_ ანაგის ხეობაზედა
წყალი ჩამოდის ტინზედა,
მაგ სიტყვა-პასუხისთვისა
მოდი, გაკოცო პირზედა.
 
ჩავიწერეთ მშოიბიური სოფელისადმი მიძღვნილი ლექსი:

ჩემო ლამაზო ჭერემო,
სიპით ნაგებო ქვისაო,
ჭერმის ციხე და გორისა,
ორთავე ერთი ხნისაო.
შუა დგას უჯარმის ციხე,
ვახტანგ გორგასლის ხნისაო,
იქ მოკვდა ქართველი მეფე
ისარნასროლი მტრისაო.

კუკლა პაპამ მიულექსა:

აღბულაღში დავინიშნე,
გამიწყრა გამჩენელია.
სასიდედრო მომეგება,
აღვირს მიტაცა ხელია.
სამი რძალი გამიტყიპა,
მეოთხე _ დედაჩემია.
დედაჩემს ვიღა ჩიოდა,
ახლა მე მიმყო ხელია,
კარებიდან ვერ მოვასწარ,
ფანჯრიდან გადავძვერია.
ერთი ისეთი მისართა,
ზურგზე მავარდა მტვერია.
მეზობლებში დაიკვეხა:
მურაბას მივაგენია,
გავლოკე ქონის ქილები,
ძირზე მოვუსვი ხელია.

 

   
თქმულებები

ორივე კუთხის ბებიებმა ბევრი ზღაპარი და თქმულება იცოდნენ. ისინი ამოკლებდნენ ზამთრის გრძელ ღამეებს. ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებში აღმოჩნდა მსგავსი შინაარსის საინტერესო თქმულებები. ჭერმის ექსპედიციის დროს ჩაწერილი მერცხლისა და კოღოს ამბავი ნაწილობრივ იმეორებს აფხაზური ფოლკლორის “გველი, მერცხალი და ხოჭო”-ს შინაარსს.

გველი, მერცხალი და ხოჭო[19]
ძველად ერთი ბრძენი კაცი იყო. დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი უჯერებდა ამ ბრძენკაცს. ცუდი ამინდი იდგა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გადაუღებლად წვიმად. ბრძენი მიხვდა, რომ ზღვა ნაპირებს გადმოლახავდა. შეკრიბა ოსტატები და დაავალა, ორმოც დღეში გემი აეშენებინათ. მართლაც, უფრო მალე დაასრულეს. ბრძენმა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმულის თითო წყვილი შეიყვანა გემში, რომ გადაერჩინა. მარტო კამეჩი დაავიწყდა.
სანამ კამეჩს გემზე აიყვანდნენ, წყალდიდობაც დაიწყო. გემი წავიდა. ეს რომ კამეჩმა დაინახა, გემს ”ნოე _ ნოეს” ძახილით გამოეკიდა (ბრძენკაცს ნოე ერქვა). ახლაც თუ ყურს მივუგდებთ, მივხვდებით, რომ კამეჩი როცა ბღავის, ”ნოე _ ნოეს” იძახის.
გემი მიცურავდა. თაგვს მოშივდა და ხვრელი გააკეთა. გემში წყალი შემოვიდა. ბრძენმა თქვა:
_ ვინც გადაგვარჩენს, რასაც მთხოვს, მივცემო.
გველმა ხვრელი კუდით დაგმანა, მაგრამ მალე შესცივდა და გემში ისევ დაიწყო წყალმა დენა.
ბრძენმა იცოდა, გველის ნდობა არ შეიძლებოდა და ფრინველებს სთხოვა, დამეხმარეთო. გაფრინდნენ ფრინველები, მაგრამ მხოლოდ მტრედმა მოიტანა ნისკრტით თიხა.
_ მტრედო, გაგვიძეხ და გვიჩვენე, საიდან მოიტანე თიხაო, _ უთხრეს მტრედს.
მტრედიც გაუძღვა. იმ ადგილამდე რომ მივიდნენ, გემიც გაჩერდა. ბრძენმა ყველანი გამოუშვა გემიდან.
ერცახუს ყველაზე მაღალ ადგილას, უარშაჰიმუას რომ ეძახიან, ახლაც ყრია გემის ნამსხვრევები. იმ მთაზე ვერავინ ადის, მიუდგომელია.
_ გველმა გადაგვარჩინა და რასაც მთხოვს, მივცემო, _ თქვა ბრძენმა და მერცხალი და ხოჭო გაგზავნა, _ მიდით და გველს ჰკითხეთ, რა უნდაო.
გველმა: _ ადამიანის ხორცი მინდაო.
უკან რომ ბრუნდებოდნენ, მერცხალმა თქვა:
_ ნუ ვიტყვით, გველი ადამიანის ხორცს რომ თხოულობს, ვთქვათ, ბაყაყის ხორცის ჭამის უფლება უნდა-თქო.
_ არა, რაც გავიგეთ, ის უნდა ვთქვათო, _ დაიჟინა ხოჭომ.
მერცხალმა ხოჭოს ენა ამოგლიჯა და ბრძენთან რომ მივიდნენ, ვეღარაფერი თქვა.
ბრძენმა მერცხალს მოუსმინა და უთხრა:
_ გველს გადაეცი, რომ ბაყაყის ხორცის ჭამის უფლება მიმიციაო.
გველმა ეს რომ გაიგო, მიხვდა, რომ მერცხალმა რაღაც იეშმაკა, ახტა და მერცხალს კუდში სწვდა. მერცხალმა გაფრენა მოასწრო მაგრამ მისი კუდის რამდენიმე ბუმბული გველს პირში შერჩა. ამიტომ აქვს მერცხალს კუდი ორად გაყოფილი.
ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ღრუბლებში შეხვდნენ. ამიტომ არის, რომ კაცს მუხლები აქვს ცივი, ქალს _ საჯდომი.
ქალსა და კაცს ოცდაათი ქალი და ოცდაათი ვაჟი ეყოლათ.
_ ქვეყანა რომ გავავსოთ, ჩვენი შვილები უნდა შევაუღლოთო, _ თქვეს ქალმა და კაცმა.
შვილები გაჯავრდნენ.
_ გაგიჟებულან ჩენი მშობლები, და-ძმის შეუღლება სად გაგონილა?! ჩვენი მშობლები უნდა დავხოცოთო. მშობლები შეწუხდნენ:
_ ეს რა უფიქრიათ ჩვენს შვილებსო? _ ადგნენ და შვილებს ენა შეუცვალეს.
რაკიღა ერთმანეთისა არ ესმოდათ, კიდეც შეუღლდნენ.
ბრძენმა კაცმა კამეჩი დალოცა, ცხოველთა შორის ყველაზე კარგად იცურავებ და არ ჩაიძირებიო.


სოფელ ჭერემში 2006 წლის 28 მაისს ჩაწერილი თქმულება კი ასე ჟღერს:

გველი, მერცხალი და კოღო[20]

ღმერთმა გაანაწილა საჭმელი: შენ ესა ჭამე, შენ _ ისაო. ადამიანსაც, მხეცსაც თავთავისი საკვები მისცა. მერე გველი მიცურდა და უთხრა: მე რაღას მაძლევ საჭმელადაო?
_ შენ რა უნდა მოგცე საჭმელადაო, _ უთხრა ღმერთმა, _ ვისი სისხლიც მოგეწონება, მოდი და მითხარიო.
_ მოდი, კოღო გავგზავნოთ სისხლის ასაღებადო.
გაგზავნეს კოღო. იგი მივიდა და ადამიანს დაეტაკა, აუღო სისხლი და წაიღო. წინ შეხვდა მერცხალი და შეეკითხა:
_ რა მიგაქვსო?
_ ადამიანის სისხლი მიმაქვსო, _ უპასუხა კოღომ.
_ წადი და ბაყაყის სისხლი აირეო, _ უთხრა მერცხალმა.
_ არაო.
_ მიდი, თორემ ენას ამოგაძრობო.
_ არაო, _ კიდევ იუარა კოღომ.
ამოაძრო მერცხალმა კოღოს ენა და ჩაუსხა ბაყაყის სისხლი.
წავიდნენ და მივიდნენ უფალთან.
კოღო ბზუოდა: ბზზზზზზ-ო. (ენა აღარ ჰქონდა და ვერ ლაპარაკობდა).
_ რას ამბობსო? _ იკითხა ღმერთმა.
_ რასა და ბაყაყის სისხლია უკეთესიო, _ უპასუხა მერცხალმა.
გველმა ყველაფერი გაიგო და კუდი ჩაარტყა. მერცხალს ბოლო ორად გაეყო.
გველმა უთხრა:
_ სად წაიხვალ, მაინც შეგჭამო. ხეზე ახვალ და მაინც შეგჭამო.
მერცხალმა უპასუხა:
_ როგორ შემჭამ, ღმერთმა ხომ თქვა, რომ ადამიანი ქუსლს ჩაგარტყამს და მოგკლავსო. სადაც ადამიანი იცხოვრებს, მეც იქ მივალო.

ამიტომ ცხოვრობს მერცხალი ადამიანთან ახლოს.[21]

ავადმყოფობა

ავადმყოფის განსაკურნავად იყენებდნენ სხვადასხვა ხალხურ საშუალებებს: ასმევდნენ ბალახის ნაყენებს, მძიმე ავადმყოფი მიჰყავდათ სოფლის ექიმბაშთან. რიგ შემთხვევებში ატარებდნენ გარკვეულ რიტუალებს, რომელთაც ავადმყოფობა უნდა გამოედევნათ.
აფხაზეთში როდესაც ვინმე ავად გახდებიდა, თვლიდნენ, რომ მას მიწის სული დაეპატრონა და არ უშვებდა ავადმყოფს, მიწის ქალღმერთს ევედრებოდნენ მის გამოჯანმრთელებას. ეს ჩვეულება სრულდებოდა მამულის “სუფთა” ადგილას, სადაც ადამიანის ფეხი არ იყო დადგმული. აცხობდნენ ყველიან პურს, მახვეწარი სთხოვდა მიწის ქალღმერთს, გაეთავისუფლებინა და გამოემთელებინა ავადმყოფი. ამასთან, აკეთებდნენ ადამიანის სიმაღლის თოჯინას, აცმევდნენ და მარხავდნენ ორმოში. ავადმყოფის მაგივრად მახვეწარი იწყებდა ყვირილს, ახდენდა დაკრძალვის იმიტაციას. ავადმყოფი კი ხელით გაჰყავდათ ნათესავებს. მას ეკრძალებოდა უკან მოხედვა.
მსგავსი ჩვეულება ახლაც შემონახულია აფხაზეთის ზოგიერთ სოფელში.
რიგ შემთხვევებში მიმართავდნენ შელოცვებს. სწამდათ, რომ შელოცვებს მაგიური განსაკურნებელი ძალა ჰქონდათ.
ჩვენ მოვიპოვეთ რამდენიმე შელოცვა _ ავი თვალისა, წითელასი, გველის ნაკბენისა.

ავი თვალისა[22]
ვინც მთიდან ნასროლ ქვას
ზღვის ნაპირს უწვდენს,
ვინც ზღვის ნაპირიდან
ნასროლ ქვას
მთას უწვდენს.
ვინც ღმერთების ხბო დაამაკე,
ვინც ღმერთების ხბო ააბრავლე,
ვინც წყარო დამპალ წყლად აქციე, ბოროტო თვალო,
ვინც ავი თვალი ყორნად აქციე, ბოროტო თვალო,
მუხის ყლორტი ვინც გაახმე, ბოროტ თვალო,
ვისია ბოროტი თვალი?
შენი ბოროტი, ავი თვალი
მაგ ჯამში გიდევს.

წითელასი[23]
წითელი კაცი წითელ ცხენზე ზის,
წითელ კაცს წითელი ყაბალახი ახვევია,
წითელ კაცს წითელი წაღა აცვია.
წითელი კაცი წითელ უნაგირზე ზის,
წითელ კაცს წითელი მათრახი უჭირავს,
გაიქცა _ გავიქეცი,
შეხტა _ შევხტი.
ასინისები გავიარეთ,
წითელ კლდეზე წითელი გველი მოვკლაით.

გველის ნაკბენისა[24]
ვისიც თავი ხორცია და
ვისაც კუდი გაჭრილი აქვს,
ახთი, ახთი, მამის კისერი.
ზღვაზე ვინ გადო ხიდი?
ზღვიდან ვინ ამოიღო თესლი?
ზეცის თავანს ვინ მიადგა კიბე?
წითელი ღორი ვინ ჩამოკიდა,
ან ვინ აქნა?
წითელი თხა ცეცხლზე ვინ შერუჯა?
შვიდი მთის გადაღმა გადაგრეკავ,
შვიდ მთაზე შვიდი ციხე დგას,
მათი კარები ჩაკეტილია.
შაშის თხის ფარაში შეგრეკავ,
თუ გაუშვებ, მეც გაგიშვებ,
თუ არ გაუშვებ, არც მე გაგიშვებ.

მიცვალებულის გაპატიოსნება

სამწუხაროა, რომ იკარგება ბევრი ძველი და საინტერესო ტრადიცია, ვგულისხმობთ დატირებისა და დაკრძალვის როგორც კახურ, ისე აფხაზურ ტრადიციებს. დატირება და გოდება ყველგან ხმამაღლა, სიტყვიერი მასალით წარმოითქმება. მოტირალი გადმოსცემს გარდაცვლილის საქმიანობას, მის გარეგნობას. ძველად თურმე არსებობდნენ პროფესიონალი მოტირალები. მათ ჰქონდათ ტექსტი, რომელიც იცვლებოდა გარდაცვალებულის დამსახურების, საქმიანობის მიხედვით.
ოჯახი, რომელიც ძვირფას ადამიანს კარგავს, იძულებულია იფიქროს, როგორ გაუმასპინძლდეს მოსამძიმრე ადამიანებს. ჩვენს სოფელში ასეთი გამოთქმაცაა გავრცელებული: ”ცოცხალზე მდიდარი მოცვალებულია და დაუმარხავი არავინ დარჩენილაო დედამიწაზე”. ”სიმდიდრეში” იგულისხმება ის თანხა, რომელსაც ვალად იღებს ოჯახი და მისი გასტუმრება ისევ მიცვალებულს აკისრია.
თანხის შეგროვება ხდება სპეციალურად დადგმულ მაგიდასთან. იწერება სია და აღებული ფული გადაეცემა ჭირისუფალს. გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იმ ოჯახებს, რომლებიც წელში ვეღარ გასწორებულად ქელეხის ამ წესების შესრულების შემდეგ.
ხომ არ ჯობია აღდგეს უძველესი ტრადიცია: შავსუფრაგადაფარებული სამგლოვიარო მაგიდა, გაწყობილი მარილით, პურითა და ღვინით. იხარშებოდა ლობიო, წანდილი, კორკოტი და ფლავი. ისმებოდა მხოლოდ სამი სადღეგრძელო.
სოხუმიდან დევნილი ნაირა ხარაიშვილის თქმით, აფხაზები ზოგჯერ საკუთარ ეზოში მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულს. მისი მეზობლის დედა სახლის უკან, სასაფლაოზე ყოფილა დამარხული, შვილის გვერდით.
დასაფლავების დღეს ქელეხი არ იმართებოდა. მთელ სოფელს პატიჟობდნენ, ეზოს კუთხეში წარწერას აკეთებდნენ, სადაც ეწერა, თუ როდის შედგებოდა დაკრძალვა და მთელ სოფელს ეპატიჟებოდნენ. სამძიმარზე მოსვლისას არავინ მიდიოდა უპურმარილოდ, მასპინძელს ყველა ეხმარებოდა ამ დროს, კერძოდ, ოჯახს ამარაგებდნენ საჭირო საკვებით.
ახლო ნათესავის გარდაცვალებისას ქალებიც და მამაკაცებიც ატარებენ შავებს. მამაკაცები შავებს უფრო მოკლე დროის განმავლობაში ატარებენ, ვიდრე ქალები _ დაახლოებითY ერთი თვის განმავლობაში. ქვრივებს ძაძები სიკვდილამდე აცვიათ.
აფხაზეთში მგლოვიარეს მძიმე შავები აცვია. სამგლოვიაროდ მხოლოდ შავ სატინას იყენებენ, კაბის სიგრძე კოჭებამდეა, ბოლო არ უნდა შეეკეცოს. კაცები წვერს მოუშვებენ.
ნათლულს კელაპტარი უნდა მიეტანა გადაცვლილი ნათლიისათვის, ნათლიას კი სასახლე უნდა გაეკეთებინა ნათლულისათვის. მღვდელს მოიყვანდნენ ოჯახში, მაგრამ საფლავამდე არ მიაცილებდა მიცვალებულს.
კახეთში მიცვალებულს დააფარებენ თეთრ მიტკალს, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის. მღვდელი წესს აუგებდა ოჯახში, გასვენების დღეს, განსვავებით აფხაზებისგან, სასაფლაომდე მიაცილებდა მიცვალებულს, პროცესიას წინ მიუძღოდა. თუ ვინმე უმძრახად იყო მკვდრის პატრონთან, აუცილებლად შეურიგდებოდნენ.
კომუნისტების დროს მიცვალებულის გასვენებისას პროცესიას წინ მიუძღოდა ორი კაცი, რომელთაც ხელი ალმები ეჭირათ ლენინისა და სტალინის გამოსახულებით.
ფულის დადება კახეთში არ იცოდნენ. ახაშენში მცხოვრები 80 წლის ვარდო ღვინიაშვილმა გვიამბო, რომ ცოლად ჰყავს იმერელი ქალი, ქუთაისიდან. იქ ნახა, თუ მიცვალებულზე ფულს დადებდი, შეგეძლო ნებისმიერი რაოდენობის სტუმარი მიგეყვანა. ისიც აღნიშნა, რომ კახეთში ბოლო წლებში შემოვიდა ეს წესი.
სოფელში გასვენების დრეს იცოდნენ ეზოებიდან გარეთ გამოსვლა, სიტყვისა და ცრემლის დადევნება, აუცილებლად ფეხზე წამოდგებოდნენ, მამაკაცები ქუდს მოიხდიდნენ და თავდახრილნი მიაცილებდნენ.
ეს მომენტი _ მიცვალებულის გაცილებისაა, კარგად აქვს აღწერილი რევაზ ინანიშვილს მოთხრობაში ”ზარი კახეთში”:
”თოვს. თეთრად გადაფიფქულ შავი ადამიანების ბრბოს დაღუნული თავების მაღლა ციმციმით მოაქვს თეთრი კუბო, რომელშიც წევს ტრაგიკულად დაღუპული ორმოცი წლის ლამაზი ფემკრთალი ქალი. ძველებური ჭიშკრის წინ გამომდგარა ჯოხზე დაყრდნობილი, ქუდმოხდილი, დალეული, დამუმიავებული ბერიკაცი და შემაძრწუნებელი ხმით იძახის:
_ ეგ როგორ მოÁდიხარ, გოგო?”[25]
სასაფლაოდან მობრუნებული ხალხისათვის იშლებოდა ჭირის სუფრა, ცალკე _ მოწვეული სტუმრებისათვის, ცალკე _ ჭირისუფლებისათვის; ქალები და მამაკაცები ამ სუფრაზე ცალცალკე ისხდნენ. იმ ოთახში, სადაც ესვენა მიცვალებული, სხდებოდნენ გარდაცვლილის ახლობლები: შვილები, მეუღლე თუ სხვები (ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება). “ზაკუსკეულსაც” მოიტანდნენ. აუცილებელი იყო ძროხისა და ცხვრის დაკვლა, შილა ფლავისა და კორკოტის გაკეტება. (შილა _ მოხარშული ბრინჯი, ცხვრის დუმა წვრილად დაჭრილი, სანელები: ძირა, პილპილი, დაფნის ფოთოლი).
უკან მობრუნებული ჭირისუფლის ტირილი არ შეიძლებოდა, ოჯახისთვის არ ვარგა ამდენი ცრემლიო. თუ მიცვალებულთან შემთხვევით გაეცინებოდა ვინმეს, იტყოდნენ, კარგია, იმ საიქიოს ნათელი დაადგებაო.
სოფელში იყვნენ განთქმული მოტირლები. ისინი თავს ვალდებულად თვლიდნენ, განსაკუთრებით ღირსეული ადამიანის გარდაცვალებისას, მოსულიყვნენ ოჯახში და დატირებით გამოეხატათ თავიანთი გულისტკივილი. ამით მკვდრის “გაპატიოსნებაც” ხდებოდა.
სოფელში ტრაგიკულად დაღუპული საყვარელი ძმა ასე დაიტირა დამ:
“ბუნებაში სულდალეულო, რატომ შენს გვერდით არ ვიყავი, სიკვდილი ტოლად გაგვეყო. იქნებ დაგვემარცხებინაო.”
აფხაზურ ფოლკლორში მოვიძიეთ მსგავსი შინაარსის “დის ნატირალი”:
“მზე ჩადის, უკვე საღამოვდება, ვაი შენს დას!
შენი მზეც ჩაესვენა, ვაი შენს დას!
დღე შეგიმოკლდა, ვაი შენს დას!
შენს დასაც დაუბნელდა მზე, ვაი შენს დას!
სად წავიდე, ვისღა მივმართო? ვაი შენს დას!
ვაიმე კერაჩაშრეტილს, ვაი შენს დას!
ასე უღმერთოდ რასდ მომექეცი? ვაი შენს დას!
რატომ მოსწყდა ცას შენი ვარსკვლავი?  ვაი შენს დას!
გამიქრე კერა, დააქციე ჩემი ოჯახი, ვაი შენს დას!”[26]
საინეტრესოა ცოლის ნატირალიც.
ვაი, მე ბედშავს, ვაი!
ვაი, ამ უბედურების მომსწერეს!
ვაი, ბიჭები გყავდა გამოზრდილი _ მთელი სოფელი...
შვილები სასწავლებლად გყავდა  გაგზავნილი,
ვაი, შინ მოსვლა აღარ უნდათ...
ვინ შემიბრალებს მე უბედურს!
შენ სიკვდილი როდი გინდოდა.
მაგრამ გამჩენმა დღე შეგიმოკლა,
სულ მარტო დავრჩი ქვეყანაზე მე უბედური.
სახლ-კარის დარაჯად დავრჩი...
ვიდრე პირში სული მიდგას
შენს დანატოვარს მე არ წავახდენ!
ვაი შენ, თორემ აქ დარჩენილთ არა უჭურთ რა!
აქ არიან შენი და-ძმანი,
არიან შენი ძმისშვილები და დიშვილები...
ბევრია შენი მოყვარული, დამფასებელი...
სადაც იქნები, დალოცვილი გამყოფოს ღმერთმა!
შვილების დარდი არ გაიყოლო!
ჩვენს მონაგარს გავუფრთხილდები,
მოვუვლი, ვიდრე სული მიდგას, ვაი!
მაგრამ დიდხანს მედგმება სული? ვაი!
მეყოფა ძალა? ვაი...”[27]

სოფელ ახაშენში ცხოვრობენ ცირა და კლარა კეჟერაშვილები _ ბიძაშვილები. (კლარა ჩვენს მხარეში ცნობილი მუსიკოსი, რეჟისორი და კომპოზიტორია). ისინი თანატოლები არიან და ბავშვობაში სულ ერთად თამაშობდნენ. უყვარდათ ”დატირობანას” თამაში. ერთხელ მოისმინეს, როგორ დაიტირეს რძლებმა დედამთილი. შემდეგში კლარა კეჟერაშვილმა ეს შემთხვევა გამოიყენა საკუთარი სიმღერის შესაქმნელად. ასე შეიქმნა ”დედამთილის დატირება”. ცირა კეჟერაშვილი სოფელში ცნობილია, როგორც კარგი მოტირალი.
რევაზ ინანიშვილი საკუთარი თვალით ნანახ კახელი დედაკაცის გლოვას ასე გადმოგვცემს:
”ავააი! _ ამოიგმონებს შვილმკვდარი ქართველი დედაბერი და უცებ აშკარა ხდება, თუ როგორ შეიქმნა მითი ექოზე. შავი სამოსის ქვეშ აღარაფერია დარჩენილი, გარდა ამ გმინვისა.”[28]
თუმცა, კახელ ქალს გაუტეხელობა მსგავსი შეჭრივების ჟამს მაინც შენარჩუნებლი აქვს:
“სიკვდილო, შვილი გაგიზარდე,
მე სხვა დედებს კი არ ვგევარ!
ძალიან დაღონებული ვარ,
სისხლის და ცრემლის ტბაში ვზივარ.
აქამდე ბედნიერი ვიყავ,
ეხლა კი მწუხარების მზე ვარ,
დაღონების მზე გადახრილი,
გორს იქით გადაფარებული...
ვაჰმე, სიკვდილო, რა ყოფილხარ,
ხანჯრებით ჩამიკაფე გული!”[29]
დაქვრივებული ქალი კახეთში ვალდებული იყო, სიკვდილამდე ეტარებიან ძაძები. თუმცა, უკვე მიცვალებულს, ჭრელი კაბით ჩაასვენებდნენ სასახლეში, ვინაიდან ისევ შავეთს იყო მიმავალი.
ფეხმძიმე ქალის სიკვდილი ცოდვად ითვლებოდა. “იქ” მისვლისას იტყოდნენ, ცოდვიანი მოვიდა, სხვისი სიცოცხლეც შეიწირაო. საიქიოს პირნათელი რომ წარმდგარიყო, აქაური ცოდვა აქვე უნდა დაეტოვებინა.

მიცვალებულის ხსენებისას მხოლოდ დადებითზე საუბრობდნენ. მის უარყოფით მხარეებს გვერდს უვლიდნენ, არ ლაპარაკობდნენ. ამით გამოხატავდნენ მიცვალებულისადმი პატივისცემას.

დღესასწაულები

ახალი წელი
უნმიშვნელოვანესი დღესასწაულია ახალი წელი,  რომელიც ორივე კუთხეში 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება, და ე. წ. ძველი ახალი წელი, რომელსაც იულიანური კალენდრით 13-დან 14 იანვრის ღამეს აღნიშნავენ. ამ დროს ოჯახი იკრიბება ერთად.
ორივეგან აკეთებდნენ გოზინაყს, კლავდნენ ქათამს, ინდაურს, კახეთში – ღორსაც. ღორის დაკვლას კახელები “ღორის ქელეხს” ეძახიან, სადაც აუცილებლად სვამენ სადღეგრძელოს: “ღმერთმა ასეთი “ქელეხები” გიმრავლოთ”. მოხარშავდნენ ღორის თავ-ფეხს და საახალწლო სუფრას დაამშვენებდნენ.
აფხაზეთში საახალწლოდ ამზადებდნენ ღომს.
ჩურჩხელა და მეკვლეობა განუყრელი ნაწილი იყო ახალი წლისა როგორც კახეთში, ასევე აფხაზეთში. მეკვლედ ფეხბედნიერ, ზნეკეთილსა და სასურველ ადამიანს ირჩევნენ. მის “ფეხზე” იყო დამოკიდებული მთელი წლის ოჯახის ბარაქა.
მაია ბეგაძე თავის ბაბოზე საინეტრესო ამბებს გვიამბობს, რითაც გამოხატავს თავის უსაზღვრო სიყვარულსა და მოწიწებას მისადმი:
“ახალი წლის წინა დღეს გამოაცხობდა შოთებს, გადაზელილ ან გულიან ნაზუქებს. გულში უკეთებდა ე.წ. ხავიწს (ზეთში ან, საერთოდ, ცხიმში მოშუშული ხახვი და გემოვნებით შაქარი). აგრეთვე, აცხობდა “ბასილებს” _ ცომს პატარა კაცუნების ფორმას მისცემდა, ჩამიჩისაგან უკეთებდა თვალებს, პირს. მთელი წლის ბარაქააო, იტყოდა. რელიგიური არ იყო, მაგრამ მაინც თავისებურად სწამდა ამ რიტუალების შესრულების აუცილებლობა.
ახალი წლის დილას პირველად ჩაჭრიდა ნაზუქებს, ჩამოურიგებდა გომში საქონელს. ამის შემდეგ შემოვიდოდა შვილიშვილებთან მოსალოცად.”
80 წლის ვარდო ღვინიაშვილი ახალი წლის ტრადიციებს ასე იხსენებს: “ახალი წლის დღეს ოჯახიდან ოჯახში შევდიოდით, ვმხიარულობდით. წინა დღეებში აუცილებლად იკვლებოდა ღორი. მანამდე არ ავიჩინებდნენ, სანამ ყველა მეზობელს არ უწილადებდნენ ხორცს. ის მეზობელი თვითონ მოდიოდა და რომელი ნაჭერიც მოეწონებოდა, იმას წაიღებდა.”


აღდგომა

აღდგომისათვის მზადებას ჯერ კიდევ “ყველიერიდან” იწყებდნენ. ჩამოაბამდნენ დიდ საქანელებს და ე.წ. ”კაჩაიებს” (ღერძზე მბრუნავი საქანელა). ახალგაზრდობა ერთად იყრიდა თავს, ეცნობოდნენ ერთმანეთს, ხდებოდა ქალ-ვაჟის შეთვალიერება. სავალდებულოდ ითვლებოდა ყველის შეჭმა. ემზადებოდნენ მძიმე მარხვისათვის. კეცებში აცხობდნენ ნაზუქებს. სააღდგომო ქადას ზემოდან კვერცხის გული ესმებოდა. იღებებოდა კვერცხი, სუფრა უნდა დაემშვენებინა ბარაქის მაჩვენებელ ვიჩინასა და ჩურჩხელას. ასკილის ტოტზე აგებდნენ მწვადს. ყველაფერს წაიღებდნენ მინდორში, ბუნების ლამაზ ადგილებში და იქ ქეიფობდნენ. ეს რიტუალი უკავშირდებოდა სახლიდან თაგვების განდევნას, გადიოდნენ ოჯახიდან შემდეგი სიტყვებით:
“თაგო, თაგო, გარეთ გადი,
ანგელოზო, შინ შამოდი!”
ყველგან მხიარულება სუფევდა.
დღევანდელი სააღდგომო რიტუალი განსხვავებულია ძველისაგან, “პასკა” ცხვება, უფრო მაღალია რწმენა და რელიგიური შეგნება. სააღდგომო მარხვასაც ინახავენ. ადრე თუ მინდორში აღნიშნავდნენ ამ ძვირფას დღესასწაულს, დღეს ეკლესიაში ესწრებიან წირვა-ლოცვას.

ლიხნაშთა

ლიხნაშთა აფხაზური დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავენ მოსავლის აღების შემდეგ. მთელი აფხაზეთის მოსახლეობა მიეშურება სოფელ ლიხნიში. აქ მაყურებლები უყურებენ ჯირითს, და სხვადასხვა სახის შეჯიბრებებს.  1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ აღნიშნავენ, როგორც გათავისუფლების დღეს _ როდესაც ქართულმა შეიარაღებულმა ძელბმა დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია. ამ დღეს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების აღლუმი და სიმღერისა და ცეკვის ფესტივალები ტარდება.
 
 

მეტსახელები

კახეთში მეტსახელის შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია. ერქმევა გარეგნობის, ქცევის, შინაგანი ბუნების გამო და ხაზს უსვამს ადამიანის ამა თუ იმ თვისებას. თუმცა, ვერ მოვიძიეთ აფხაზეთში მეტსახელების არსებობის დამადასტურებელი მასალები. სამაგიეროდ, წარმოვადგენთ ჩვენი სოფლის მეტსახელებს. 

ვალერი ფეიქრიშივილი _ თაფლა
ბავშვობაში თაფლისფერი თმები ჰქონია, დედა ხშირად ეძახდა: ”ჩემი თაფლა, თაფლისფერო”. შერჩა ეს მეტსახელი.

ილო ბეგაშვილი _ ბუთა
ბავშვობაში ბურთივით მრგვალი ყოფილა, ყველა ეძახდა: ბურთა! ბურთა! ბუთა!

დავით გოდელაშვილი _ ქულა
ბამბის ქულასავით თეთრი ყოფილა და ამიტომ ეძახდნენ ”ბამბის ქულა!” ”ბამბის ქულა!” ”ქულა!” “ქულა!”
დავითის შვილს დღემდე ქულიჩით მოიხსენიებენ.

თამაზ ჯაჭვაძე _ მურა
ბავშვობიდან შავი ყოფილა. დედამისი მოფერებისას მიმართავდა ხოლმე: ”ჩემო მურიანო ბიჭო! ჩემო საყვარელო მურიკო!”

ვალიკო ბეგაშვილი _ ჰაცი-ვალა
მამამისს ჰყოლია ვირი. პატარა ვალიკო სულ ვირზე იჯდა და სეირნობდა. როცა ვირი გაჯიუტდებოდა, შესძახებდა ხოლმე: ”ჰაცე, ვირო!” ”ჰაცე, ვირო!” ასე შეერქვა ეს მეტსახელი.

მერაბ მამულაშვილი _ კურიცა
მერაბი მოყვარული ყოფილა მამლების ჩხუბის. უბანში დიდი სანახაობა იმართებოდა ხოლმე _ თავისი მამალი მეზობლის მამალთან დაჰყავდა საჩხუბრად.

გოგია მელექსიშვილი _ წკიპა
ძალიან პატარა ტანისაა და ამიტომ ეძახიან ”წკიპას”.

ანზორ ბეგაშვილი _ ძუნძულა
ბავშვობაში ძალიან მსუქანი ყოფილა, კი არ დარბოდა, დაძუნძულებდა. “ძუნძულა, ძუნძულა!” _ ეძახდა ყველა.

ნასყიდა სააკაშვილი _ ჩურჩხელაანთ ნაყო
მამა ძალიან მაღალი, ჩურჩხელასავით სწორი, გამხდარი კაცი ყოფილა, დაარქვე ”ჩურჩხელა”, ხოლო მის შვილს _ ჩურჩხელაანთ ნაყო.

ამირან ბერიკაშვილი _ მანჭია
ამირანს სახის გამომეტყველების გამო დაერქვა მანჭია. აქვს ძალიან დაღარული, დამანჭული სახე, რაც მკაცრ შეხედულებს აძლევს მას. მეზობლებს დაავიწყდათ მისი ნამდვილი სახელი და მანჭიას ეძახიან.

ვახტანგ ბეგაშვილი _ ჩხვინკო
ბავშვობიდანვე ძალიან გამხდარი, ჩხირივით ძვალტყავა ყოფილა, ხუმრობით დაძახილი ”ჩხვინკო!” დღემდე შერჩა.

გიორგი ბეგაშვილი _ რადიო
გიორგის ჰყვარებია მაღალი ხმით ლაპარაკი. თანაც გაჩერება არ იცოდა. ეტყოდნენ, რა რადიოსავით ლაპარაკობ, ცოტა ხმას დაუწიეო.

ალექსი გოგინაშვილი _ აფერისტი
ბავშვობაში სცოდნია ბევრი ტყუილი, ყველას ატყუებდა, ოსტატურად გააცურებდა და არასოდეს ასრულებდა მიცემულ სიტყვას. ამიტომ დაარქვეს აფერისტი.

ლევან გოდელაშვილი _ კოჭლო
ბავშვობიდანვე კოჭლობდა.

ტარიელ კობიაშვილი _ ფლანჩო
სულ უწესრიგოდ ჩაცმული დადიოდა, ფლარჩვებით. მეზობლებმა ამიტომ შეარქვე ”ფლანჩო”.

ალექსანდრე მაზანიშვილი _ კულულა
ბავშვობაში ხვეული თმები ჰქონია, ყოფილა გოგოსავით ლამაზი. ახლობლები მოზრდილსაც კულულას ეძახდნენ.

ნინა ბუხიაშვილი _ ცინგლიაანთ ნინა
ნინას მამას გამუდმებით სურდო ჰქონია, ცხვირიდან სულ ცინგლი ჩამოსდიოდა, ცინგლიანი შეარქვეს, მის შვილს ნინას კი _ ცინგლიაანთ ნინა.

კობა კობიაშვილი _ სანჩო
კობა თავისი გარეგნობით მართლაც ჰგავს დონ კიხოტის თანამგზავრ სანჩოს.

შალვა ქართლელიშვილი _ ხუჭუჭა
მელოტია, თავზე თმის ერთი ბეწვიც არ აქვს, ხუმრობით შეარქვეს “ხუჭუჭა”.

მიშა ბეგაშვილი _ დამწვარი მიშა
ამბობენ, როცა მიშა ბეგაშვილს სახლი დაეწვა, თვითონაც მიიღო დამწვრობა სახეზე და ამიტომ შეარქვეს ეს მეტსახელი.

ოთარ ყოჩოშვილი _ ქონო
ერთ დღეს ზეთი ჩამოუტარებიათ სოფელში. ოთარ ყოჩიშვილი პატარა ყოფილა, დედასთან გაქცეულა, დავიწყვებია ზეთი და უხარებია: ჩქარა, დედიმ ქონია, ქონიო. შერჩა ზედმეტსაელად ”ქონო”.

ვალერი თათრიშვილი _ მტრედა ვალა
რამდნიმე წლის წინ ვალერი თათრიშვილი გატაცებული ყოფილა მტრედების მოშენებით და ამიტომ შეერქვა ეს მეტსახელი.

ბეგაძე მამუკა _ კურდღელა
ეს მეტსახელი ბავშვობაში შეერქვა, რადგან კურდღელივით გრძელი დაცქვეტილი ყურები და წინ წამოწეული კბილები ჰქონდა.

ბეგაშვილი გიორგი _ ჟამო
ძალიან მტირალა ბავშვი ყოფილა, რომელსაც ადვილად ვერ გააჩუმებდი. ბებიამისი მოფერებით “ჟამოს” ეძახდა, ჩვენი ჟამიაო. დღემდე შერჩა ბებიას შერქმეული სახელი.

თენგიზ თევდორაშვილი _ პარო
თურმე ბავშვობაში თენგიზი და მისი ძმა დადიოდნენ ხოლმე მსხლის მოსაპარად. ერთხელ თენგიზს მონდომებია მსხალი, მისულა ძმასთან და უნდოდა ეთქვა: მოდი, ორივემ ერთად მოვიპაროთო. თენგიზი პატარა ყოფილა და გამართულად ლაპარაკი ჯერ არ იცოდა. ძმისთვის უთქვამს: ”შენც პარე და მეც პარეო”. ამის შემდეგ დაერქვა მას “პარო”.

თოდაშვილი გელა _ ბადე
მას უყვარდა ნადირობა. ერთხელაც სანადიროდ წასულან ბიჭები და მანდ ყოფილა გელაც. თოფმომარჯვებულები სხედან და ელოდებიან, ან ახლა ჩამოივლის ნადირი, ან ახლაო. ამასობაში მშვენიერმა შველმა გელას ასე სამ მეტრში გაუარა. ის კი დაიბნა, თუ რა მოუვიდა არ ვიცით, მაგრამ ცხადია, რომ შველი ვერ მოკლა. ბიჭებს დაუწყიათ ჩხუბი, სამ მეტრში გაგირბინა შველმა და ვერ მოკალიო? მას კი თავი გაუმართლებია და უთქვამს: ბიჭო, ბადე რომ მქონოდა ნამდვილად დავიჭერდიო.
ამის შემდეგ დაერქვა მას “ბადე”.

ბოლოსიტყვაობა

თემისათვის მასალების მოპოვების პროცესში ვხვდებოდით ჩვენი და მეზობელი სოფლების მოხუც ადამიანებს, აფხაზეთიდან დევნილებს. არასოდეს დაგვავიწყდება ექსპედიცია ჭერემში, ჭერემელი მოხუცები და მათი ნაამბობი.
ჩვენთვის ეს შეხვედრები და მოგზაურობები ახალი სამყაროს, ახალი ღირებულებების აღმოჩენის ტოლფასი იყო. ცხოვრებას უფრო ახლოს გავეცანით, შევიგრძენით ადამიანთა მაღალი სულიერება, გავეცანით ”ცოდვილთა” და “უცოდველთა”, გაჭირვებულ, უბრალო ადამიანებს, მათ მაღალ შინაგან კულტურას. მძიმე და ძნელი იყო აფხაეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩამეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი სოხუმიდან, გუდაუთის, ოჩამჩირის, რაიონებიდან იძულებით ჩამოსახლდნენ. ჩვენს კითხვებს სიამოვნებით პასუხობდნენ, მაგრამ საკუთარ დარდსა და ვარამსაც შეურევდნენ ხოლმე. იგონებდნენ მშობლიურ სახლ-კარს, კარ-მიდამოს...

სამწუხაროდ, აფხაზური ყოფის შესახებ სასურველზე ნაკლები მასალა აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკითხი კარგად არაა შესწავლილი. ამიტომ ჩვენს მიერ შეტანილი წვლილი ამ საქმეში იმედია დააინტერესებს ფართო საზოგადოებას. აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრებმა, მართალია, დაგვიხატა მათი ყოფის ზოგადი სურათი, მაგრამ მთლიანად ვერ დააკმაყოფილა ჩვენი ცნობისმოყვარეობა. მოვიპოვეთ წერილობითი წყაროებიც, მხატვრული ლიტერატურა, თუმცა ეს მასალაც მწირი აღმოჩნდა. ამიტომ საკითხის შესახებ მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ.



სტატიის ავტორი – მაია შალაშვილი 
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
 
1. აფხაზური პროზის ანთოლოგია. ”სახელგამი”, თბილისი, 1957წ.
2. ამბავი ნართებისა (აფხაზური ხალხური ეპოსი). ”ნაკადული”, თბილისი, 1980წ.
3. აფხაზური ფოლკლორი. ”კავკასიური სახლი”. თბილისი, 2003წ.
4. 2006 წლის 28 მაისს სოფ. ჭერემში ჩატარებული ექსპედიციის ჩანაწერები
ნაზიბროლა ბარბაქაძესთან _ 80 წლის
ნიკა ჯაჭვაძესთან _ 80 წლის
წიკლაური ალექსისთან _ 77 წლის
ჯავახიშვილი ნიკოლოზთან _ 78 წლის
გურამ გოგოლაძესთან _ 79 წლის
5. 2006 წლის 23 მაისს სოფ. ახაშენში გიორგი ქემაშვილთან შეხვედრის ჩანაწერები
6. 2006 წლის 20 მაისს სოფ. მუკუზანში “ჯამბაზასთან” (ნუგზარ ბრეგვაძე) შეხვედრის ჩანაწერები
7. 2006 წლის 22 მაისს ქ. გურჯაანში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრების ჩანაწერები:
ნაირა მაისურაძე-ხარაიშვილთან 46 წლის
მედიკო მეტრეველთან _ 45 წლის
გოგია ბარბაქაძესთან _ 48 წლის
ირინე ქაფიანიძესთან _ 46 წლის 
8. 2006 წლის 21 მაისს სოფ. ახაშენში 90 წლის ნანა კობიაშვილთან შეხვედრის ჩანაწერები.
9. ლადო მრელაშვილი “იყალთოელი ბიჭები”, თბილისი, 1982წ.
10. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941წ.
11.  ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, 1990წ.
12. რ. ინანიშვილი. ერთტომეული. თბილისი, 1981წ.
13. ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები

14.  http://www.everyculture.com/wc/Costa-Rica-to-Georgia/Abkhazians.html
15.  http://www.socsci.uci.edu/istudies/abkhazia/culture.html
16. http://www.apsny.ru/culture/culture.php?page=content/igrushki.htm



[1] ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, 194წ წ., გვ.171-172
[2] იქვე, გვ.146
[3] მუშნი ხაშბა, “მაქითათის ნაამბობი”, აფხაზური პროზის ანთოლოგია. თბილისი, 1957წ, გვ.48
[4] მუშნი ხაშბა, “მაქითათის ნაამბობი”, აფხაზური პროზის ანთოლოგია. თბილისი, 1957წ.
[5] ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს. მთქმელი: წიკლაური ალექსი, 77 წლის 
[6]. ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს. მთქმელი: ნაზიბროლა ბარბაქაძე, 80 წლის
[7] დიმიტრი გულია, “ელკანი”, აფხაზური პროზის ანთოლოგია, თბ., 1957წ.
[8] სამსონ ჭანბა. ”პაპისეული კერიის ქვა”. აფხაზური პროზის ანთოლოგია, თბ., 1957წ, გვ.43
[9] მუშნი ხაშბა. ”მაქითათის ნაამბობი”, აფხაზური პროზის ანთოლოგია, თბ., 1957წ. გვ50
[10] ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს. მთქმელი: ნიკა ჯაჭვაძე, 80 წლის.
[11] “ხოჭიჭი _ საგოგავების მქონე თხელი ფიცარი, რომელზეც ახალ დაბადებულ ბავშვს დააკრავდნენ.” ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, 1990წ. გვ.1094
[12] “შიბაქი _ შარდის სადენი ხის მილი, აკვანში გასაკეთებელი”. იქვე, გვ.1260
[13] აფხაზური პროზის ანთოლოგია. თბილისი, 1957წ.
[14] აფხაზური პროზის ანთოლოგია. თბილისი, 1957წ. [15] მუშნი ხაშბა.”მაქითათის ნაამბობი”, აფხაზური პროზის ანთოლოგია. თბილისი, 1957წ., გვ.51  
[16] ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს. მთქმელი: ნიკა ჯაჭვაძე, 80 წლის
[17] ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს. მთქმელი: ნაზიბროლა ბარბაქაძე, 80 წლის.
[18] ჩაწერილია სოფ. ჭერემში 2006 წლის 28 მაისს, მთქმელი: ჯავახიშვილი ნიკოლოზი, 78 წლის..
[19] აფხაზური ფოლკლორი, თბ., 2003, გვ.35
[20] ჩაწერილის 2008 წლის 28 მაისს ჭერემში ექსპედიციისას. მთქმელი: გურამ გოგოლაძე, 79 წლის.
[21] ნაზიბროლა ბარბაქაძე, 80 წლის.
[22] აფზახური ფოლკლორი. “კავკასიური სახლი”. თბილისი, 2003წ, გვ.29
[23] აფზახური ფოლკლორი. “კავკასიური სახლი”.თბილისი, 2003წ, გვ.29
[24] აფზახური ფოლკლორი. “კავკასიური სახლი”. თბილისი, 2003წ, გვ.31
[25] რ. ინანიშვილი. ერთტომეული. თბილისი, 1981წ
[26] აფხაზური ფოლკლორი. თბილისი, 2003წ. გვ.17
[27] აფხაზური ფოლკლორი, თბილისი, 2003წ, გვ.17-18
[28] რ. ინანიშვილი. ერთტომეული. თბილისი, 1981წ, გვ.226
[29] ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები. გვ.104

 

1 2 3



megobari saitebi

   

01.10.2014