ავლაბარი

1 2

აღწერის ნუსხა მნიშვნელოვანია მრავალმხრივ: ჯერ ერთი ის, რომ აქ ორი ავლაბარია - გარეთა და შიგნითა, გარდა ამისა, ავლაბრისაგან დამოუკიდებლადაა მეტეხი და ციხე.
თბილისის 1600 წლის გეგმაზე დატანილია გალავანშემოვლებული მეტეხი (IX ს.) რომლისგანაც ზღუდის - ზღუდით ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გამოყოფილია ციხე (ასევე გამოყოფილია ავლაბრისაგან), მის ჩრდილოეთ კედელს ებმის ავლაბრის გალავანი, შიგნითა ავლაბარი შემოზღუდულია და აღნიშნულია ლათინური ციფრით (10), ხოლო გალავნის იქეთა ტერიტორია - გარეთა ავლაბარი (12) შემოუზღუდავია, რომელსაც გეგმაზე ეწოდება "ავლაბრის უბანი".
XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილის მიერ ჩატარებულ ქართლ-კახეთის სოფლების აღწერის სიაში წერია: " ქ. თბილისს მიეწერებიან სოფელნი აღმოსავლეთის მხარეს.

"ქ. ტფილისი თვით ქალაქი
ქ. ავლაბარი, შენი მოსახლენი" (49).

ამ ნუსხის მიხედვითაც ავლაბარი ქალაქისაგან დამოუკიდებელი პუნქტია, რომელიც "შენი მოსახლეა".
ავლაბარი ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებისა და უბნებისაგან გამოირჩევა. აქ, არსებული სამეფო თუ ადგილობრივი დანიშნულების მოხელეთა სიმრავლითა და ნაირსახეობით.
ავლაბრის ამ მხრივ შესწავლა საშუალებას გვაძლევს სრულად წარმოვიდგინოთ გვიანი შუასაუკუნეების ქალაქისპირა სოფელი.
ავლაბარში შემდეგ მოხელეებს თუ მსახურს ვხვდებით: მოურავს, მამასახლისს, ხასადარს, მილახვარს, მებაჟეს, მეღალეს, მეკარეს, ყარაულს, ზედამხედველს, სარდარს და სხვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავლაბარი სამეფო-სახასო მამულია. მეფის საკუთარი მამულის მეთვალყურედ XVII -XVIII საუკუნეებში საგანგებოდ შეუქმნიათ სახელო - ხასადარი.
როგორც უკვე ვთქვით, ხასადარი მეურვე - ზედამხედველის ფუნქციების შემსრულებელი მოხელეა და მისი უფლებები მემამულეთა კუთვნილ მამულებზე არ ვრცელდება. აქ ხასადრის სახელო სულ რამდენჯერმე გვხვდება და ის მალე ქრება კიდეც. მის ნაცვლად ავლაბარში სახასო ყმა-მამულის მეურვედ ისევ მოურავია.
სამეფო მამულების გარდა, აქ მემამულეთა ყმა-გლეხთა მიწებიცაა, რომელთაც თავიანთი მოურავები ჰყავთ. ჩვენ ზევით უკვე ვილაპარაკეთ ავლაბარში მოსახლე (ქალაქთან და გარეუბანთან ერთად) საკათალიკოსო ყმა-გლეხებზე და მათ მოურავზე.
1781 წლის 28 თებერვალს გიორგი ბატონიშვილი ქალაქში და ავლაბარში მოსახლე ლორელ ყმა-გლეხთა მოურავად მაყაშვილს სიმონს ნიშნავს (50).
ცოტა მოგვიანებით, უკვე მეფე გიორგი XII 1798 წელს ავლაბარში მოსახლე ერევნელ სახასო ყმა-გლეხთა მოურავის სახელოს უბოძებს: "ერდგულს ყმას მირზა აფარასობს" (51).
ავლაბარში დედოფალსაც ჰქონდა თავისი მამული, დედოფლის კუთვნილი მამულის საქმეთა მწარმოებელს თუ ზედამხედველს, რომელიც საფინანსო და სამეურნეო საქმეებს აწარმოებდა, მილახვარი ეწოდებოდა. XVIII საუკუნის დასასრულს დედოფლის მილახვრის სახელო იოსებ ყორღანაშვილს ეკავა.
გარდა იმისა, რომ იოსებ ყორღანაშვილი დედოფლის მილახვარია, მას ავლაბარში დედოფლის მოურავის სახელოც უკავია".
"ქ. ავლაბრის მოურავო მილახვარო იოსებ ყორღანოვი, ამ არზით ამ ჩვენს აზნაურიშვილს გაბრიელას ავლაბარში ჩვენის ყმის ბეითალმანი ოთია ქაქანასეული სახლი რომ უთხოვნია. ის სახლი ამისთვის გვიბოძებია... მარტის ია. ქ..კს უჟა". (52). (1803) როგორც ჩანს, ყორღანაშვილს სხვა საქმეებთან ერთად ყმების დასახლების საკითხის მოგვარებაც ევალებოდა. ყმა ხურო გოგიას თხოვნაზე საცხოვრებელი ადგილის მიცემის შესახებ , დედოფალი დარეჯანი წერს: " ქ. ავლაბრის მოურაო მილახვარო ყორღანაშვილო იოსებ და ავლაბრის მამასახლისო. მერე ეს გოგიტელა იმერელი რომ ამდენი ხანია აქ ავლაბარში ჩვენს ყმათ სახლობს და ჯერ ამისათვის მამული არ გვიბოძებია" (53). საბუთში ლაპარაკია, რომ გოგიას ბეითალმანი ადგილი მიეცეს. საბუთიდან ჩანს, რომ ავლაბარში მამასახლისის სახელოცაა. ეს სახელო აქ პირველად 1737 წლის სიგელში გვხვდება, სადაც მამასახლისი დოკუმენტის შედგენის თანდამსწრე პირია "...ავლაბრის: მამასახლისი: იობა"
ავლაბრის მამასახლისი, ამ შემთხვევაში დარეჯან დედოფლისა, ვალდებულია სახლ-კარის მაძიებელ ყმა-გლეხებს გამოუძებნოს სამოსახლო და ამის შესახებ მოახსენოს თავის ბატონს - დედოფალს, 1796 წელს დარეჯან დედოფალი ვინმე ივან ეფრემის ავალებს ყურადღება მიაქციოს აღ-მაჰმად ხანის დროს აწიოკებულ ავლაბარს, რომ სანამ ავლაბრის ყმა-გლეხებს "თავიანთ მოურავი მოუვიდოდესთ თვალყური თქვენ ადევნოთ" (54). ეს მოხელე მამასახლისი არაა: " მამასახლისის დავითისათვისაც მოგვიწერია", რომ იმანაც ყურადღება მიაქციოს იქ შექმნილ მდგომარეობას. ე. ი. ავლაბრის დედოფლის ყმა გლეხებს მოურავის, მამასახლისის გარდა კიდევ ჰყოლიათ მოხელე. სამწუხაროდ, დედოფალი კონკრეტულად არაფერს ამბობს ამ მოხელეს რა სახელო უკავია. უკვე ითქვა, რომ ავლაბარი გალავანშემოვლებულია: ბუნებრივია, ყოველ გალავანს კარს ატანდნენ. ზღუდეს შეიძლება ერთი ან მეტი კარი ჰქონოდა. ავლაბრის კედელში, დოკუმენტების მიხედვით, ორი კარია გაჭრილი - "პატარა კარი" და "ავლაბრის კარი".
საბუთებში "ავლაბრის კართან" დაკავშირებით ვხვდებით "მებაჟეს" (55).
"ავლაბრის კარს" "მებაჟის " გარდა "მეკარეცა" ჰყავს, რომელიც თავისი სამსახურისათვის გარკვეულ გასამრჯელოს იღებს (56).
ავლაბრის "მებაჟესა" და "მეკარესთან" დაკავშირებით, გვინდა შევეხოთ ზღუდეში დატანებულ ავლაბრის კართა განლაგების თუ ადგილმდებარეობის საკითხს.
რადგანაც ჟან შარდენისა და ტურნეფორის მიერ შესრულებული თბილისის გეგმები არაა სრული, ამიტომ აქ მათ არ შევეხებით; თუმცა ჟან შარდენთან მეტეხის გალავანში ერთი კარია, სამწუხაროდ, მოგზაური მის სახელს არ გვაწვდის.
ვახუშტი ბატონიშვილის "თბილისის 1735 წლის გეგმაზე" მეტეხის გალავანში "ავლაბრის კარს" პირველად ვხვდებით. აღნიშნული კარი ზღუდეში აღმოსავლეთიდან იყო დატანებული. ცნობილია, რომ ქალაქის კედელში დატანებული კარი იმ სახელს ატარებდა რომელი ქალაქისკენ თუ სოფლისკენაც იყო იგი მიქცეული. მეტეხის გალავანში დატანებული "ავლაბრის კარი" ქალაქს სოფელ ავლაბართან აკავშირებდა.
შ. მესხია, როგორც ვნახეთ ავლაბრის ზღუდეში დატანიებულ თაფთაღის კარს "ავლაბრის კართან" აიგივებს, ხოლო ამ უკანასკნელს კი სოღდებილის კართან.
სამწუხაროდ, ვახუშტის მეტეხის ციხის გალავანში ერთი კარი აქვს დატანიებული. შემდეგი გეგმა, რომელზეც აღნიშნულია "ავლაბრის კარი", ესაა პიშჩევიჩის "თბილისის 1785 წლის გეგმა". ვახუშტის გეგმისაგან განსხვავებით, აქ თვით ავლაბარი უკვე შემოზღუდულია და აქაც "ავლაბრის კარი" გალავნის აღმოსავლეთით N71-თაა დატანილი, ავლაბრის გალავანში "ავლაბრის კარის" სახელით კარიბჭის გაჭრა, ერთი შეხედვით, თითქოსდა ტრადიციის გაგრძელებად ჩანს, მაგრამ ეს ასე არაა. ავლაბრის ზღუდეს იქეთ კიდევაა ე.წ. "გარეთ ავლაბარი", ანდა, როგორც თბილისის 1800 და 1802 წლების გეგმებზე , "ავლაბრის უბნის" დასახლება.
მაშ ასე, ვახუშტის და პიშჩევიჩის თბილისის გეგმების მიხედვით, "ავლაბრის კარი" ზღუდეს აღმოსავლეთით აქვს.
ავლაბარში "პატარა კარიცაა" როგორც აღვნიშნეთ, ვახუშტის ავლაბარში ერთი კარი აქვს დატანებული; პიშჩევიჩთან, ისევე როგორც "თბილისის 1800 წლის გეგმაზე" ავლაბრის გალავანს მეორე კარი ჩრდილოეთის მხრიდანა აქვს. აღსანიშნავია, რომ არც პიშჩევიჩთან და არც "თბილისის 1800 წლის გეგმაზე" აღნიშვნა არა აქვს გალავნის ჩრდილოეთით დატანიებულ კარს. ვახუშტის გეგმაზე "ავლაბრის კართან" თავს იყრიან აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან წამოსული გზები: ბაღების გზა, კახეთის გზა, შუატბის გზა, ავჭალის გზა, ზედა გზა.
პიშჩევიჩთან "ავლაბრის კართან" მხოლოდ ერთი გზაა - "დაღესტანის დიდ გზაზე გამავალი", რომელიც შემდეგი დროის კახეთის გზას უნდა მიესადაგოს. მეორე კართან გზის არავითარი ჩვენება ან აღნიშვნა არაა. როგორც ვთქვით "თბილისისი 1800 წლის გეგმაზე" ავლაბრის ზღუდეს ორი კარი აქვს. ე. წ. "ავლაბრის კართან თავს იყრიან ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული გზები : სოფელ ნავთლუღიდან - ქვემო გზა, კახეთის სოფლებიდან წამოსული "ზემო გზა" და გზა სოფელ მარტყოფიდან.
ჩრდილოეთ კართან მხოლოდ ერთი გზა მოდიოდა - "ავჭალის გზა". გეგმის მიხედვვით აღნიშნული გზით მოსულ მგზავრს "შიგნითა ავლაბარში" - მოხვედრა შეეძლო აღმოსავლეთის კარითაც. მას ამის საშუალებას აძლევდა ადგილობრივი გზა, რომელიც აერთებდა ავლაბრის ორივე კარს.
"ავლაბრის კართან" გზათა ინტენსიური თავმოყრა საშუალებას და უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ავლაბრის მებაჟე და მეკარე ძირითადად "ავლაბრის კარიდან" იღებდა შემოსავალს. XVII საუკუნის ერთ სიგელში "ავლაბრის მეღალეა" (57). ნახსენები, რომელიც აღებულ ღალას სახელმწიფოს აბარებდა.
"დასტურლამალის კარი" – 50 "ქარხნის ნაზირისა ასწაფებისა" ეხება სატისკიპიროს.
მეტიკისპირეობა საპატიო სამსახურია. იგი გაპიროვნებული ყოფილა. სხვა სოფლებთან ერთად ამ სამსახურის შემსრულებლად გვხვდება "ავლაბრელი თამაზა" (58).
"ქარხანა" იყო მეფის მამულებიდან შემოსული ყოველგვარი სურსათ-სანოვაგის, ფრინველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შესანახი "საწყობი", აი, ამ საქონლის მიღება-გაცემას ზედამხედველობას უწევდა ქარხნის ნაზირი, რომელსაც მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა ეკისრებოდა: " მეჯლისის წესების გამგეობა" (59).
მას, ქარხნის ნაზირს 7-8 კაცისაგან შემდგარი მეტიკისპირეთა ჯგუფი ჰყავდა, რომელთა მოვალეობას შეადგენდა ტიკიდან ღვინის ჩამოსხმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მეტიკისპირეთაგანია "ავლაბრელი თამაზა". ეს გვაფიქრებინებს, რომ სხვა სოფლებთან ერთად ამ მოვალეობის შემსრულებლად მუდმივად ერთი ავლაბრელიც უნდა ყოფილიყო, შეიძლება იმიტომ, რომ ავლაბარი სამეფო-სახასო მამული იყო.
"დასტურლამაში" სხვა აუშტართა შორის გვხვდება "ავლაბრელი ზურაბა" (60). აუშტარის მოვალეობა იყო მეფის სასახლის პროდუქტებით მომარაგება. აუშტრებს სათავეში ედგა თავლიდარი, რომელიც საანგარიშო დარგის მოხელეა.
სამეფო მეჯოგეთა შორის "ავლაბრელი ბერუკა"-ა (61). ნახსენები მისი მოვალეობა იყო სამეფო ჯოგის მწყემსვა. ავლაბარს ედო სამეხრეო გადასახადიც. მეხრის შესანახი გამოსაღებიც. (62). "დასტურლამაში" ავლაბარს ცალკე საგანგებოდ შედგენილი კარი (31) აქვს დათმობილი: "ავლაბრისა და მისი მოხელეებისა" - ავლაბრის რიგი და სამსახური.
ავლაბრის რიგი და სამსახური, "რასაც ქალაქის მოყალნე და თარხანი იქს, ისრე ესენიც გაერევიან, ლალა-დღიურზედ სამი ფოხალი პური საბალახე სამართლიანად, ერთი მეხრე ვინც იქნების, ერთის სამეხრეო უნდა შეინახოს, სითარხანე აქვს, და თორმეტი კოდი პური ულუფა მუშას სოფლებიდან აქვს გარიგებული. სამკალი ხარჯი, ბევრი მოვა თუ ცოტა, ნაზირი ისე მისცემდეს. ქათამი თუ აბარია, თავნი 17, ამისი ნაშენი წელიწადში 51" (63).
მაშასადამე, ისევე როგორც ქალაქს, ავლაბარსაც ჰყავდა თავისი მოყალნე-მებეგრე, რომელიც იგივე უფლებებით სარგებლობდა.
ქალაქს ავლაბრის მხარეზე ეყენა ყარაული. "ქ. ბატონო მანუჩარ მდივანო ავლაბრის ყარაულებს ჩიფჩიფ მამადას და იმის ამხანაგებს მორიგის თეთრიდამ ერთი თუმანი მიეც ღუნობისთვის, ქვს. უოე (64).
როგორც ვნახეთ, ავლაბარს ჰყავდა თავისი - ადგილობრივი მრავალსახოვანი მოხელენი, რომელნიც ემსახურებოდნენ და ზედამხედველობას უწევდნენ მეფის, დედოფლის, კათალიკოს-პატრიარქის თუ ბატონიშვილების ავლაბარში მდებარე მამულებს თუ აქ მოსახლე მათ ყმა-გლეხებს.
ავლაბართან დაკავშირებული ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალა ავლაბარს წარმოგვიდგენს, როგორც მრავალდარგოვან სახელოსნო უბანს. ავლაბარში სახლობს და აქვე ხელოსნობს: ხურო, მკალავი, კუპრავი, ყაზაზი, მეთუნე, მეკრამიტე, მეაგურე, მეჭურჭლე, ოქრომჭედელი.
1683 წლის ერთ-ერთ ნასყიდობის სიგელში საბუთის დამმოწმებელთა შორის გვხვდება ავლაბრელი მეჭურჭლე მამუკა (65).
ავლაბარში გაცხოველებულ აღებ-მიცემობაზე მეტყველებს აქ არსებულ დუქანთა სიმრავლე, აღსანიშნავია რომ დუქანი არა მარტო სავაჭრო პუნქტი იყო, არამედ აქვე მზადდებოდა ბაზარზე გა-სატანი საქონელი, ე.ი. დუქანი სახელოსნოც იყო. ხშირად წყალობის წიგნში მთხოვნელს სახლთან ერთად დუქნის ადგილიც ეძლევა. რადგან ტყეობიდან მოსული ხარ, ჩვენი ყრმობა მოინდომე. ჩვენს ავლაბარში. ჩვენს ყმად დაგადგინეთ. დუქნისა და სახლის ალაგიც გიბოძეთ" (66). (1788) ხელრთვა დარეჯან დედოფალი.
დუქანს მიწის მუშა არ მოითხოვდა. ვფიქრობთ, იგი ან ვაჭარია, ანდა უფრო სავარაუდოა, რომ ის იყოს ხელოსანი. ავლაბარში დუქან-სახელოსნოთა სიმრავლე გაპირობებული იყო იმით, რომ ის ქალაქის უახლოესი უბანია. ამავე დროს მის გალავანში დატანიებულ კართა მეშვეობით, აქ თავს იყრიდნენ სხვადასხვა მხრიდან წამოსული მგზავრნი.
ავლაბარს თავისი ბაზარიც აქვს. აქვე დგას ქარვასლა- შორიგზიდან მოსულ მგზავრთა თავშესაფარი - სასტუმრო, ქარავნებით ჩამოტანილი აურაცხელი საქონლის საწყობი - სათავსო.
ავლაბარი თავისი ხუროთმოძღვრული ძეგლებითაცაა მდიდარი. აქ იდგა და ახლაც დგას ქართული მართლმადიდებლური და სომხური გრიგორიანული ეკლესიები. რადგანაც ჩვენ იმ თვალსაზრისს ვადგევართ, რომ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია ავლაბრის ტერიტორიაზე არასოდეს მდგარა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ იგი ავლაბრის ეკლესიათა სიაში არ შეგვაქვს, რასაკვირველია, ისევე როგორც ყველა ქართველს და მართლმადიდებელს, ავლაბრის მაცხოვრებლებსაც შეეძლო აქ სალოცავად მოსვლა. შეიძლება, ამან განაპირობა კიდეც რომ გვიანობამდე, ყოველ შემთხვვაში XVII-XVIII საუკუნებამდე მაინც, ავლაბარში ქართული ეკლესია არ აგებულა.
ზემოთ უკვე ვთქვით, ქალაქმა XIII-XVI საუკუნეების რამდენიმე გამანადგურებელი შემოსევა განიცადა. თბილისის შემოგარენი მოსახლეობისაგან იცლებოდა. დანაკარგის შევსება ხელოვნურად უფრო ხდებოდა ხოლმე, ხიზნობისა და ტყვეობიდან უკან დაბრუნებულობით.
გავიხსენოთ, როსტომ მეფის მიერ წოდორელ გლეხთა ავლაბარში გადმოსახლების ფაქტი. ქართველების გარდა უცხონიც მოდიოდნენ. გარეშე კაცი, უცხო მხარეში მოხვედრილი, ცდილობს გარემოს შეეწყოს, იგი თავისად აქციოს. ამისი ცდაა, სომხურ-გრიგორიანული ეკლესიების აგება თბილისსა და მის შემოგარენში და სხვ. ამიტომაა, რომ ქალაქში და მის სანახებში XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ეკლესიას სომხური სჭარბობს.
ქართულ ეკლესიებიდან ძველ ავლაბარში დღესაც დგას ერეკლე 2-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლის მიერ XVII საუკუნის 70-იან წლებში აგებული კარის ეკლესია. ეკლესია "მოწამეთა ირაკლი და დარეჯანის" სახელზე ყოფილა აგებული. კარიჭაშვილის კატალოგში ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია (67).
მოსე ჯანაშვილი აღნიშნული ეკლესიის შესახებ მოგვითხრობს შემდეგს: "წმ. ირაკლისა და დარიას მონასტერი მეტეხის გორაზედ, ეს სასახლე მისის ეკლესიითურთ შეიძინა ექსარხოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. იონა მიტროპოლიტმა ( 1824 წ. 29 ოქტ.) ტაძარი აკურთხნა მაცხოვრის ფერიცვალების მონასტრად (68).
ეკლესია დღეს უმოქმედოა, ხოლო დარეჯან დედოფლის სასახლეში, ე.წ. "საჩინო"-ში, მოთავსებულია 26 კომისარების რაიონული მუზეუმი.
ავლაბარში,დარეჯან დედოფლის კარის ეკლესიის მახლობლად, იდგა წმ. მარიამის ქართული ეკლესია. მისი აგების თარიღი არაა ცნობილი, ეს ეკლესიაც მეორედ იონა მიტროპოლიტს უკურთხებია (69).
ავლაბარში მდგარი სომხურ - გრიგორიანული ეკლესიებია: "ხოჯა ვანქის ასტვაწაწინ" (ხოჯავანქის ღვთისმშობლის), "სურბ-კარაპეტას" (წმ. კარაპეტა), "ლუსავორისი" (გრიგოლ განმანათლებელი), "კარმირავეტარან" (წითელი სახარება), "ესმიაწინი სურბ-გევორქ", "ძორაბაში სურბ-გევორქ" (ხევისთავის წმ. გიორგი), "სურბ-მინას" (წმ. მინასი).
დასახელებული სომხური ეკლესიებიდან ყველაზე ადრეულია ხოჯავანქის ასტვაწაწინი (XVII ს.) იგი თბილისის რეკონსტრუქციასთან და ძველი სასაფლაოს პარკად გადაკეთებასთან დაკავშირებით აღებულ იქნა, ასევე აიღეს სურბ-მინასის ეკლესია.
დარჩენილი ეკლესიებიდან "ეჩმიაწინის სურბ-გევორქის" ეკლესია XVII საუკუნის დასასრულსაა აგებული სომხეთის სოფელ ეჩმიაწინიდან ჩამოსახლებული სომხების მიერ.
საქართველოში ქართული სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსმა მმართველობამ 1802 წლის 12 ივლისს უმაღლესი ხელისუფლებისადმი განსახილველად წარდგენილ "საქალაქო და სათემო პოლიციის" დაარსების პროექტის პირველ პარაგრაფში ქალაქი თბილისი სამ ნაწილად დაჰყო. თვითოეული ნაწილი თავისთავად კი ორ-ორ კვარტალად. პროექტის თანახმად ავლაბარი ქალაქის მეოთხე ნაწილად ცხადდებოდა.
1603 წლისათვის ავლაბარში დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა 137 კომლი ყმა-გლეხი, აქედან ძველ ავლაბარში 10 კომლი ქართველი, 57 კომლი სომეხი, დავით ბატონიშვილს აქვე 11 კომლი, ფარნაოზ ბატონიშვილს ახალ ავლაბარში 4 კომლი.
ავლაბარში ქართველ ბატონიშვილთა და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა მიწები XIX საუკუნის დასაწყისშივე გადავიდა ხაზინის ხელში, ხოლო გლეხებს სახაზინო ყმა გლეხები ეწოდათ. 1816 წელს ავლაბარი ირიცხებოდა ქალაქის მეორე საპოლიციო უბანში, მიუხედავად ამისა, ავლაბრელი ყმა გლეხები კიდევ რამდენიმე ხანს სარგებლობდნენ აქ არსებული სახაზინო მიწებით და ბეგარასაც იხდიდნენ. "Но жители его продолжали пользоваться авлабарскими казенными землями и платили за ето хлебиую подать в казну вплють до 45 годач когда жители Авлабара были причисленны к составу городсково поселения и подать ета была атменена" (70).
ამგვარად, ძველი თბილისის აღმოსავლეთით მდებარე სახასო მამული - ავლაბარი თავისი ზვრებით და ხოდაბუნებით, სამეფო მოხელეებით, დუქან - სახელოსნოებით და მრავალსახოვანი ხელოსნებით ქალაქის შემოგარენში წარმოადგენდა ერთ-ერთ დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანს.

* * *

1. დ. გვრიტიშვილი. შ. მესხია. თბილისის ისტორია. 1952. გვ.208. შ. მესხია. "თბილისის ისტორია", 1958, გვ. 31
2. მ. ლორთქ იფანიძე. ძველი თბილისის ისტორიული გეოგრაფიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, 1954, გვ 163-164.
3. ვსარგებლობთ ო. ცქიტიშვილის ნაშრომში მოტანილი ადგილით, ძველი თბილისის ისტორიიდან, (ისნის საკითხისათვის), საზ. მეც. გან-ს მოამბე,1963. №6, გვ.43
4. ო. ცქიტიშვილი, ძველი თბილისის ისტორიიდან , (ისნის საკითხისათვის) საზ. მეც. გან-ს მოამბე, 1963. №6 . გვ. 147
5. იოვანე საბანის ძე, "მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაი", ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები. ტ. I, 1963 , გვ. 73
6. ქ. ს. ც. ხ. ტ. II, 1959, გვ. 31
7. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 163
8. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ძალისა-თბილისი-ფაიტაკარანი, თსუ 1900 წლის კრებული, 1950, გვ. 38
9. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი. გვ. 164; ო. ცქიტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 160
10. СМОПУК, 1901, г. вып. 29. გვ 11-15; СМОПУК, вып. 38, 1908, გვ. 89.
11. В. Цинцадзе, Тбилиси, 1968, გვ. 37
13. Ш. Месхиа, города в городской строй, გვ. 402
14. смопмк, 1908, вып. 38, გვ 8
15. ქრ. ცხ. I, 1955, გვ. 299-300
16. ქრ. ცხ. 1959, გვ. 24
17. ჟამთააღმწერელი, ქრ. ცხ. II, 1959, გვ. 272
18. ვახუშტი, აღწერა. გვ. 337, 337-338
19. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქრ. ცხ. IV, 1923, გვ
20. იქვე, გვ. 212
21. ვახუშტი, აღწერა..., გვ. 439
22. ვახუშტი, აღწერა...,გვ. 337
23. იქვე, გვ. 439
24. საქართველოს სიძველენი, ტომი III , 1910წ. გვ. 298
25. ქრონიკები II, 1897, გვ.383
26. ქრონიკები II, 1897, გვ 380
27. ი ქ ვ ე. გვ. 400
28. 1449. #1630
29. ნ. ბერძენიშვილი.ძველი თბილისის ტოპონიმიდან, საქ. ისტ. საკითხები 1. 1964. გვ.319
30. თეიმურაზ ბაგრატიონი, ტფილისისათვის 1838 წ. სანკტ-პეტერბურგი. მარი ბროსეს კოლექცია E-82 ( E-156) ლენინგრადის აზიის ხალხთა ინსტიტუტი.
31. ს. ჯანაშია,მოკლე ისტორიული ნარკვევი, თბილისის საიუბილეო კრებული. 1946. გვ. 18
32. დ. გვრიტიშვილი. შ, მესხია. თბილისის ისტორია 1952. გვ.115 შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი. მ. დუმბაძე. აკ. სურგულაძე. თბილისის ისტორია 1958. გვ. 355
33. И. Бадриащвили. Тбилиси 1957 გვ. 26
34. Персиискои-Русский Словарь. Сост. Б. В. Миллер. М 1958 Арабско-русский словарь. Сост. Х. К. Бараноб. М. 1970
35. Персиискои-Русский Словар. составил Ягело Тащкент . 1910 გვ. 277
36. Персиискои-Русский Словарь. составил Мирза Абдула Гафаарон М. 1914 გვ. 89 . Персиискои-Русский Словарь. Сост. Миллер М. 1953
37. Артем Араратский. Жизн Артиома Араратского. Санкт-Петербург 1813 ст. 39
38. Щ. Месхиа. Города и городской строй 1959 ст. 402
39. Материали по истории териториального развитие города тифлиса. Записки об Авлабаре и авлабарскйх темь სცსა. ფ 29. აღწერა # 638
41. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ, 1955. გვ.320, 335.
42. ქართულ-სპარსული საბუთები. წ. 1. ნაკვ 1. გვ. 244-245
43. ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტი. ფ AD - 2246.
44. ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები. 5. 1913
45. სცსია ფ. 1449. # 2328
46. სცსია ფ. 1449. # 2330
47. სცსია ფ. 1448. # 1418
48. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან 1. 1949 . გვ 285
49. ხელნაწერთა ინსტიტუტი. S _ 3729
50. საქ. სიძვ. II, 1909 გვ. 550
51. სცსია, ფ. 1448, #9599
52. სცსია, ფ. 1448 #7483
53. სცსია, ფ. 1448 #9709
54. საქ. სიძვ. III 1910. გვ 250
55. სცსია, ფ. 1448 1452
56. სცსია, ფ. 1448 8710
57. ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-14966
58. ქართული სამ. ძეგ. 1970 გვ.671
59. ივ. სურგულაძე. დასახ. ნაშრომი, გვ. 184
60. ქართული სამართლის ძეგლები, 672
61. დასახ. ნაშრომი 677
62. დასახ. ნაშრომი 511
63. ქართული სამართლის ძეგლები 1970, გვ 602
64. სცსია, ფ 1448 # 4837
65. საქ. ხელ. ინსტ. ფ- Hd-13696
66. სცსია. ფ 1448, # 438
67. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მასალები ტფილისისა და "სომხეთის სიძველეთა ისტორიისათვის" "ჩვენი მეცნიერება" #5. 1923, გვ.86
68. მოსე ჯინაშვილი. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, 1599. გვ. 184
69. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, დასახელებული ნაშრომი. გვ. 86
70. სცსია ფ 29, აღწ.1. # 638



სტატიის ავტორი თეიმურაზ ბერიძე;

მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება; .


1 2


megobari saitebi

   

01.10.2014