ბერძენ და ლათინელ ავტორთა ამოუხსნელი ცნობები ძველ კოლხეთზე
(ფაზისი)

1 2

პომპონიუს მელას ცნობები
ფსევდო სკილაქს კარიანდელის ცნობები
ტოპოგეოგრაფიული ცვლილებები
“ქართლის ცხოვრების“ ცნობების საიდუმლოება
პომპონიუსის ცნობების კვლევის გაგრძელება
ციხე სულორის მიდამოები დღეს და ძველად

 

პომპონიუს მელას ცნობები

Zveli kolxeTis ruka

ლათინელმა მწერალმა პომპონიუს მელამ (ჩვენს ერამდე I საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე) I საუკუნის შუა წლებში დასახლებული მსოფლიოს ერთი მთლიანი, გეოგრაფიული ხასიათის მიმოხილვა შეადგინა, რომელიც „ქვეყნის აღწერილობის“ სახელით არის ცნობილი. ნაშრომს „გეოგრაფიასაც“ უწოდებენ. პომპონიუსი მოგზაური და ბუნების მკვლევარი არ ყოფილა. თავისი ნაშრომი მან სხვადასხვა დროისა და სახის მრავალფეროვანი თხზულებებიდან ამოკრეფილი საინტერესო მასალებით შეადგინა. ცნობების ხასიათის მიხედვით ჩანს, რომ იგი ისეთი ძველი წყაროებითაც სარგებლობდა, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, პომპონიუსის ცნობები მოკლე და სქემატურია, ერთმანეთშია არეული და უთარიღოა. თარიღები მხოლოდ ცნობების ხასიათის მიხედვით შეიძლება დადგინდეს. პომპონიუსის შრომიდან ჩვენ ამჟამად გვაინტერესებს მხოლოდ ის ცნობები, რომელთა შინაარსი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ჯერ–ჯერობით გარკვეული არ არის. ერთ–ერთ ასეთ ცნობას შეიცავს „ქვეყნის აღწერილობის“ პირველი წიგნის 108 და 109 პარაგრაფები, სადაც მოცემულია კოლხური ტომის საბინადრო ადგილმდებარეობის აღწერილობა. აი ამონაწერი პომპონიუსის ტექსტიდან (პარ. 108): „იქ, სადაც მთავრდება ბოსფორიდან მომავალი სანაპირო ხაზი და იქიდან დაწყებული სანაპირო კლაკნილი წარმოქმნის პონტოს ყველაზე ვიწრო კუთხეს, ცხოვრობენ კოლხები. აქ ჩაედინება მდინარე ფაზისი (მდ. რიონის ძველი სახელწოდება). აქ არის მდინარის მოსახელე ქალაქი თემისთაგორა მილეტელის (მილეტელი კოლონიზატორი, რომელსაც მიაწერენ ქ. ფაზისის დაარსებას) მიერ დაარსებული. აქ არის ფრიქსეს (კოლხეთის მეფის აიეტის სიძე, არგონავტიკის მიხედვით) ტაძარი და ჭალა (ოქროს ვერძის ტყავის ადგილსამყოფელი) სახელოვანი ოქროს საწმისის შესახებ ძველი თქმულებით“ (პარ. 109): „აღმართული აქედან მთების ქედები გრძელდება რიპეის (სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით ჩრდილოეთის მთები) მთების შეერთებამდე. ის ერთის მხრივ მიემართება ევქსინისაკენ (სტუმართმოყვარე პონტო, სტუმართმოყვარე ზღვა), მეოტიისა (აზოვის ზღვა) და ტანაისისაკენ (დონის სახელწოდება), მეორეთი კასპის ზღვისაკენ და იწოდება კერავნისად, სხვა ადგილას ტავრისად, ამაზონელებისად, კასპიისად, კორაქსემისად. იქ მცხოვრები მისი მფლობელი ტომების მიხედვით, იწოდებიან ისინი სხვადასხვა სახელით...“ ასეთი „ნატურალური ორიენტირებით“ მინიშნებული ტერიტორია, თავის დროზე უთუოდ ადვილი მისაგნები იქნებოდა, რადგან აქ წარმოდგენილი თითოეული ორიენტირი მნიშვნელოვან გეოტოპოგრაფიული პუნქტი იყო. სხვა მდგომარეობა გვაქვს დღეს, როცა ძველი ზედაპირული ლანდშაფტები არსებითად არის შეცვლილი. გავარჩიოთ ზოგიერთი ორიენტირი. „ვიწრო კუთხე“, როგორც ტექსტი გვამცნობს, ზღვის სანაპირო კლაკნილის მიერ ყოფილა შექმნილი, რაც გულისხმობს ზღვის ხმელეთში შეჭრას, ე.ი. ტექსტში მოცემული „ვიწრო კუთხე“ უბის წვერი უნდა იყოს. თუმცა ასეთი რამ კოლხეთში ისტორიულად ცნობილი არ არის. დღეს კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე უბეს ვერსად ვხედავთ თრაკიის ბოსფორიდან ქიმერის ბოსფორამდე, აზიის სანაპიროს გაყოლებით, თუ კი სადმე შეიმჩნევა, იგი ფართო და ბლაგვია. მით უმეტეს, არ მოეპოვება იგი შავ ზღვას მდ. რიონის შესართავთან. პირიქით, აქ რიონის სადინარი თვითონაა შეჭრილი ზღვაში. ქობულეთიდან ოჩამჩირამდე, რომელთა შორისაც რიონი ზღვას ერთვის; 20 კმ–ის მანძილზე, სანაპირო თითქმის სწორი ხაზით არის გადაჭიმული. აქ კუთხეებზე ლაპარაკიც ზედმეტია. იქნებ პომპონიუსი სხვა სანაპიროს ორიენტირებს იძლევა და არა რიონის შავ ზღვასთან შესართავისა? ამას ეწინააღმდეგება შემდეგი ძირითადი ორიენტირი, 109–ე პარაგრაფში რომ ვკითხულობთ. „აღმართული აქედან მთების ქედები გრძელდება რიპეის მთების შეერთებამდე. ის ერთის მხრივ მიემართება ევქსინისაკენ. მეოტიისა და ტანაისიისაკენ, მეორეთი კასპიის ზღვისაკენ.“ ეს ეჭვმიუტანელი ორიენტირია, კავკასიის ქედების აღწერითურთ, მაგრამ როგორ შევუთანხმოთ მას ის ცნობა, რომ ზღვის „ვიწრო კუთხე“ ამ მთების ძირში ყოფილა? და ფაზისსაც შესართავი ზღვასთან ამ მთების ძირში ქონია? დღევანდელ ფოთს (თუ იგი ფაზისია) ხომ არც მთები ეახლოვება და არც ვიწრო კუთხე? ხომ არ არის პომპონიუსის ცნობებში შეუსაბამობანი ან ფანტაზიის ელემენტები? მითუმეტეს, რომ მრავალი მეცნიერი მას ფანტასტიკური ცნობების მოყვარულ ავტორადაც თვლის? მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ პომპონიუსი სწორია, მაშინ გამოდის, რომ ძველი ქალაქი, რომელზედაც პომპონიუსი გვესაუბრება, დღევანდელი ფოთი არ არის. დღს, მთების დასაწყისი ფოთიდან, სულ ცოტა, 18–20 კმ–ით არის დაშორებული. ამრიგად, მთები, „ვიწრო კუთხე“ და ქ. ფაზისი ერთ ადგილას უნდა მოინახოს, ფოთიდან გარკვეულ მანძილზე მოშორებით. სწორედ მაშინ, ქ. ფოთს მიეცემა გარკვეული საძიებელი–ორიენტირები. ახლა, რაც შეეხება ფოთს, პომპონიუსის ცნობებში მოცემული ორიენტირები–ფრიქსის ტაძარი, არესის ჭალა, ოქროს საწმისი და სხვა, ძვ. წ. აღ. XIII საუკუნის ძეგლებშია მოხსენიებული. ისინი ჯერ კიდევ არგონავტიკაში გვხვდება. ფოთი კი ჩვ. წ. აღრიცხვის საუკუნეთა ქალაქია და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ძვ. წ. II, I საუკუნეებში მისი ადგილსამყოფელიც კი არ არსებობდა ბუნებაში. ამრიგად, ჩვენ უნდა ვეძებოთ არა ფაზისი (ფოთი), გვიანდელი ხანის ქალაქი, არამედ უძველესი ქ. ფაზისი, რომელიც დაარსებული უნდა ყოფილიყო II და I ათასწლეულების მიჯნაზე, ან არა უგვიანეს ძვ. წ. აღრიცხვის VIII-VI საუკუნეებისა. ძველი ფაზისი რომ დღევანდელი ფოთი არ არის, ეს პომპონიუსის ცნობებმა უკვე ცხადყო. ახლა საჭიროა დადგინდეს ძველი ფაზისის ლოკალური მონაცემებიც. ამასთანავე უნდა მოვახდინოთ მეორე დიქოტომიაც, ე.ი. ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ მდ. ფაზის–ზღვის შესართავი და მდ. რიონ–ზღვის შესართავი. რადგან სხვა არის ფაზისის შავ ზღვასთან შესართავი და სხვა არის რიონის შესართავი შავ ზღვასთან. ყოველივე ის, რასაც ჯერჯერობით პომპონიუს მელას ცნობები იძლევა არ კმარა შემდგომი ძიებისთვის. მხოლოდ ამით ძველ ფაზისსა და ძველ კოლხეთს ვერ ვიპოვით. საჭიროა დამატებითი ცნობებიც და ამ მხრივ, შემდგომი წინსვლისათვის მშვენიერ მასალას იძლევა ფსევდო სკილაქს კარიანდელი. მაგრამ სანამ ამის განხორციელებას შეუდგებოდა, მეფემ მთელი თავისი ყურადღება საეკლესიო საქმეებს მიაქცია და დიდი ცვლილება მოახდინა, რომლის შესახებაც საუბარი დაწვრილებით ქვემოთ იქნება.

 

ფსევდო სკილაქს კარიანდელის ცნობები

კარიანდელი ყველაზე გარკვეულ და ზუსტ ლოკალიზაციას აძლევს კოლხური ტომების დასახლებას. მან კოლხების საბინადროს ღერძად მდ. ფაზისი დაუდო, მარჯვენა ფრთა დაამაგრა შავი ზღვის სანაპიროზე საქვეყნოდ ცნობილი ქალაქით–დიოსკურიით, მარცხენა ფრთა კი–მდ. აფსარონით (ჭოროხი). ამრიგად, კარიანდელის ცნობა ფანტავს ყოველგვარ ბურუსს, კოლხთა ადგილ–სამყოფელის შესახებ. მან ყოველგვარი შესაძლებლობა წაგვართვა, ვეძებოთ კოლხეთი ან ფაზისი მეოტიაში ან სკვითიაში, ანდა ხაზარეთში და სხვაგან. ზემოთ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი მკაცრი ორიენტირი მოგვცა პომპონიუს მელამაც კავკასიონის მთაგრეხილების სახით. მაგრამ. ამავე დროს ფსევდო სკილაქსსაც აქვს დღემდე აუხსნელი ცნობა „დიდი ბარბაროსული ქალაქის“ შესახებ. „მსოფლიოს გარსშემოვლის“ 81–ე პარაგრაფში კარიანდელი წერს: „კოლხები. ამათ შემდეგ არის ტომი კოლხები. მდინარე ფაზისი და ელინური ქალაქი ფაზისი, მდინარის ზევით აყოლებით 180 სტადიონის მანძილზე არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა“. თუმცა ტექსტში ქალაქის სახელი მოხსენიებული არ არის, მაგრამ ძველ მწერლობაში კოლხთა მეფის ასულის, მედეას ქალაქად ქ. ქუთაისი ითვლება. ამის შესახებ მრავალი ავტორი ლაპარაკობს. მაგრამ ამგვარი ლოკალიზაციისაგან ზოგიერთი დღევანდელი მკვლევარი თავს იკავებს. საქმე ის არის, რომ „დიდ ბარბაროსულ ქალაქსა“ და ზღვას შორის ავტორს მოცემული აქვს 180 სტადიონი, ანუ 33 კმ. მაშინ, როცა დღეს ფაქტიურად მათ შორის 95 კმ–ია. მეტწილად, სწორედ ამან განაპირობა მკვლევართა დაეჭვება „დიდ ბარბაროსულ ქალაქად“, ქუთაისის მიღებაში. ამიტომაცაა, რომ დღესდღეისობით „დიდი ბარბაროსული ქალაქის“ ლოკალიზაციის საკითხი ღიად არის დატოვებული. ასეთია დღევანდელი სამეცნიერო ლიტერატურის აზრი ამ საკითხზე, რაც რეზიუმირებულია პროფ. თ. ყაუხჩიშვილის ბოლო ნარკვევში–„ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ“ (თბ., 1967 გვ. 36). ცდომილების მიზეზი ის არის, რომ ცნობა დაწერილი „პერიპლუსის“ ჟანრზე (პერიპლუსი ნიშნავს საგეოგრაფიო მწერლობის ჟანრს, ზღვით მოგზაურობის აღწერილობას), გარკვეულ მირაჟს ქმნის. მას მკვლევარი მცდარი გზით მიყავს. სწორად ამას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ძველი მწერლების უნიკალური ცნობები დღემდე არ არის გარკვეული და შესწავლილი. რა ქმნის მირაჟს? დღევანდელი ფოთის მიდამოებში ათეული კილომეტრების რადიუსით რატომ ვერსად ვერ მოიძებნა რაიმე სერიოზული ნანგრევის ნაშთი? საქმე ის არის, რომ პერიპლუსის ტექსტი მკლევარს კარნახობს მანძილი გაიზომოს ზღვის პირიდან ვინაიდან პერიპლუსის ჟანრის ავტორებიც ასე ზომავდნენ თავის დროზე. ამრიგად, პერიპლუსი მკვლევარს სთავაზობს ორიენტირს: „ზღვის პირიდან 180 სტადიონი“, ან კიდევ „ზღვის პირიდან 15000 ნაბიჯი“ და ა.შ. პერიპლუსის ავტორთათვის ამოსავალი იყო ზღვის ნაპირი რადგან ქვეყნებს ზღვაზე, ნაპირნაპირ მოგზაურობისას სწავლობდნენ. ასევე ზომავდნენ მანძილს მკვლევარები ჩვენს დროშიც. ათასეული წლების შემდეგაც, რაც სწორედ ცდომილების საფუძველს წარმოადგენს. როგორ გამოვიყენოთ პერიპლუსის ცნობები? ამისათვის საჭიროა წარმოვიდგინოთ შემდეგი: ვთქვათ, რომ კარიანდელმა ზღვიდან კი არ გაზომა მანძილი, არამედ იბერიიდან, ანუ ხმელეთიდან. როგორც ხმელეთით მომავალი, ის რომ „მედეას ქალაქში“ მოხვედრილიყო და ვინმესთვის ეკითხა: „აქედან ზღვამდე რა მანძილია და ქალაქი ფაზისი საით არისო?“ რა უნდა ეპასუხათ ქუთათურებს? ჩვენ დარწმუნებული ვართ, შემდეგ პასუხს მიიღებდა კარიანდელი: აქედან ზღვამდე, მდ. რიონის დაბლა დაყოლებით 180 სტადიონია. ქ. ფაზისი კი იქვე, დგას, მდ. ფაზისის ზღვასთან შესართავშიო.“ კარიანდელიც ამასვე ჩაიწერდა. ამრიგად, ამ მეორე წარმოდგენილ ტექსტში იგივე ობიექტური მოცემულობა გვაქვს, 33 კმ. ზღვასა და ქალაქს შორის, მაგრამ მიმართულება და ძიების გეზი სულ სხვანაირად არის დაყენებული. ამ უკანასკნელის საფუძველზე საჭიროა „მედეას ქალაქიდან“ 180 სტადიონზე ვეძიოთ ყოფილი ზღვის პირი და უძველესი ქ. ფაზისი. ამრიგად, იმ პერიოდში, როცა კარიანდელის წყაროდან ავტორი ცნობებს იღებდა „დიდ ბარბაროსულ ქალაქზე“, ზღვა დიდი ბარბაროსული ქალაქიდან უფრო ახლოს ყოფილა, ვიდრე დღეს. ახლა მათ შორის 95 კმ–ია, მაშინ კი მდინარე ფაზისის (რიონის) მიყოლებით 33 კმ. ყოფილა, ხოლო პირდაპირი ხაზით–დაახლოებით 22–25 კმ. სად მივყავართ 180 სტადიონს ქ. კვიტაიიდან მდ. რიონზე დაყოლებით?–სოფელ ციხესულორთან! რა უპირატესობა აქვს გაზომვის ასეთ ხერხს? ის, რომ ორიენტირების არჩევისას არჩეულია არა მერყევი, ცვლადი ორიენტირი (ზღვა), არამედ ურყევი, უძრავი ორიენტირი ქ. კვიტაია, „დიდი ბარბაროსული ქალაქი“. რომლიდანაც იყო მედეა. ამრიგად როგორც ირკვევა, კარიანდელის დროიდან ჩვენს დრომდე კოლხეთის გეოგრაფიული ზედაპირი დიდად შეცვლილა. ზღვის ნაპირი მაშინ სულორში მდგარა. დღეს კი ფოთის მიდამოებში დგას. პერიპლუსის ცნობის „გაყინულად“ მიღება არ იძლევა საშუალებას გავითვალისწინოთ ამ ხნის მანძილზე მომხდარი ბუნებრივი ცვლილებები. პერიპლუსის ცნობის ჩვენს მიერ წარმოდგენილი წაკითხვა მკაცრ მეცნიერულ ლოგიკას უთმობს ადგილს. ზღვისა და ხმელეთის ამგვარი ცვლილებები ერთი შეხედვით, შეიძლება მოულოდნელი და უჩვეულო მოგვეჩვენოს, რადგან ისტორიულ დოკუმენტებში ფიქსირებული არ არის. იმ ცვლილებებთან შესაგუებლად, რომლებიც კოლხეთმა განიცადა და რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, გავეცნოთ რამდენიმე მსგავს შემთხვევას, რომელთაც ადგილი ქონდა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. აგრეთვე, მსოფლიოს სხვა მხარეებშიც.

 

ტოპოგეოგრაფიული ცვლილებები

ცნობილია, რომ მსოფლიოს ზედაპირი დროთა განმავლობაში უწყვეტ ცვლილებას განიცდის. ეს პერმანენტული ცვლილებანი განსაკუთრებით ზღვისპირა დაბლობებზე იჩენს თავს. ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ზღვის დონის მატება (ტრანსგრესია) ან კლება (რეგრესია). ამისდა მიხედვით სანაპირო ხაზი ათეული კილომეტრობით იცვლის ხოლმე თავის მდებარეობას. ამასთანავე, ხშირად ხდება, სხვა მოვლენებიც, როგორიცაა ნიადაგის აწევა–დაწევა, რაც, აგრეთვე, იწვევს რელიეფურ ცვლილებებს მცირე თუ დიდი მასშტაბით. ამგვარი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს კოსმიური რადიაციის ცვლამ, მტვეროვანმა ღრუბლოვანებამ, რომელშიც გაივლის დედამიწის სფერო, ამგვარ ცვლილებათა მიზეზად შეიძლება დასახელდეს თვით პლანეტარული მოვლენებიც: დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შეცვლა, დედამიწის ღერძის დახრილობის შეცვლა და სხვა. ზოგიერთ გეოგრაფიულ ცვლილებას ვხვდებით ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებზეც, აგრეთვე, სხვაგანაც. ამ მოვლენებმა ცხადია, კვალი დატოვა. ასეთი ცვალებადობის კლასიკური მაგალითია სერაპისის ტაძრის სვეტებზე აღბეჭდილი ზღვის დონის ცვლა უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში. სერაპისის მიცვალებულ სულთა ტაძარი აშენებულია იტალიაში, ნეაპოლის უბის სანაპიროზე, დაბა პოცუოლის მახლობლად ძვ. წ. აღ. მეორე საუკუნიდან დღემდე ტაძარმა ორჯერ აიწია და ორჯერ დაიწია. რხევის ამპლიტუდა უდრიდა 12; 13 და 9 მეტრს. ამჟამად ზღვის დონე აწეულია 2 მეტრით. ზღვის დონის ასეთ მერყეობას მიაწერენ დედამიწის ბრუნვის ცვალებადობას, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებული უნდა ყოფილიყო მზის რადიაციისა და ატმოსფეროს ცვალებადობაზე ან შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სხვა რაიმე მიზეზით. საინტერესოა ამ მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტიც. ნეაპოლის მეფე 1501–1503 წლებში იაფად ყიდდა ზღვისაგან დატოვებულ მიწებს. შემონახულია დოკუმენტიც, რომ ერთი დიდი ნაკვეთი მას უფასოდ მიუძღვნია პოცუოლის უნივერსიტეტისათვის, ანალოგიური ცვლილებები ფიქსირებულია სხვა ადგილებშიც. ვენეცია ყოველ ათ წელიწადში 5 სანტიმეტრით ძირს იწევს; მდ. პოს შესართავთან ნიშნულმა 1902–1950 წლებში 18.7 სმ–ით დაიწია. ისტორიიდან ცნობილია ჩრდილოეთის ზღვის „შემოსევა“, როცა კიმერიელებისა და კელტების მიწა–წყალი ზღვამ შთქნთქა. ძვ. წელთაღრიცხვის X საუკუნიდან ა.წ. IV საუკუნამდე არ შეჩერებულა ჩრდილოეთის ზღვის მოწოლა გერმანელთა ტერიტორიაზე და ამდენად არც კიმერიელების, კელტების, გველტების და სხვა ჩრდილო ტომთა (ბალტიის პირას მცხოვრებთა) ლტოლვა და შემოსევები აღმოსავლეთისაკენ, დასავლეთისა და სამხრეთისაკენ ახალი მიწების მოსაპოვებლად. ამ ხალხების მებრძოლ სულს კი არ უნდა მიეწეროს მათი გალიაში, იბერიაში, იტალიაში, დუნაის შუა წელზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე და მეოტიის აღმოსავლეთ სანაპიროზე გალაშქრება მიწებისათვის, არამედ ზღვის შემოსევის შედეგად შექმნილ ვითარებას. ჩრდილოეთის ზღვის ეს შემოსევა იმდენად ფართო მასშტაბის ყოფილა, რომ პირველი საუკუნის ცნობილ გეოგრაფ სტრაბონს არც კი სჯეროდა ეს ფაქტი და მას ზღვის ჩვეულებრივი მოქცევის გაზვიადებად თვლიდა. ხოლო ხსენებული ტომების ლტოლვას ახალი მიწების ასათვისებლად, მათ ყაჩაღურ ხასიათს მიაწერდა. ზოგჯერ ზღვა ზოგიერთ ადგილში ისე სწრაფად მოდიოდა წინ, რომ ხალხი ევაკუაციასაც ვერ ასწრებდა. ეფორეს გადმოცემის თანახმად, ზღვას შთაუნთქავს იმდენი ხალხი, რამდენიც არც ერთ ომში არ დაღუპულა. ზღვას მაშინ ცხენოსნებიც ვეღარ ასწრებდნენ თურმე. ამ მოვლენას უნდა მიეწეროს ისიც, რომ გერმანელმა ლტოლვილმა ტომებმა, რომიც კი აიღეს IV საუკუნეში და აიძულეს რომაელები, მათთვის დაეთმოთ მიწები. ანალოგიურ შემთხვევას ვხედავთ სკვითიაშიც. წყალმა ისინიც აყარა ადგილებიდან და აიძულა თავს დასხმოდნენ კიმერიელებს ხოლო ლტოლვილი კიმერიელები, თავის მხრივ, თავს ესხმიან ბალკანელებს, აგრეთვე სირიელებს. თვით ქართული სიტყვა „გმირის“ ივ. ჯავახიშვილისეული ანალიზი იმას ადასტურებს, რომ კიმერიელები მიწებისათვის საქართველომდეც მოვიდნენ. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც კიმერიელბმა დაამარცხეს ქართველი ტომები, საქართველოში სიტყვა კიმირი გმირი დარჩა, როგორც სიმბოლო გმირისა. ისტორიულ ხანაში, შუამდინარეთსა და მესოპოტამიაში ზღვის შესევამ წარღვნის ლამაზი ლეგენდა წარმოშვა: წარღვნას სინამდვილეში მართლაც ქონდა ადგილი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილებში (მსოფლიოს ერთდროულ და მთლიან წარღვნას ფიზიკური გამართლება არ ეძებნება). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ ხალხში ლეგენდები წარღვნის შესახებ ნაკლებად მოიპოვება ან სრულებით არ მოიპოვება. წყლის ზემოხსენებულ მიმოსვლას ხშირად განიცდიდა რუსეთის ველებიც. ვაწყდებით ფაქტებს, როცა ერთი და იგივე ქალაქი რამდენჯერმე იქვე მახლობლად არის გადატანილი, იმისდა მიხედვით, წყალი ზევით იწევდა, თუ – ქვევით. (ნოვგოროდი, კიევი, ხორეზმი და სხვა) ამგვარი ვითარებაა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზეც (მილანი, კართაგენი და სხვა). საინტერესოა ერთი ფაქტიც: ერატოსთენე ჰომეროსს კიცხავს, ნილოსისა და მისი დელტების სახელი არ იცოდაო. იგი ამას ჰომეროსის უვიცობით ხსნის. ერატოსთენეს (276–194) თვითონვე მოსდის შეცდომა. ჰომეროსის დროს ნილოსს ეგვიპტე ერქვა. ხოლო დელტის სიგრძე მაშინ 55 კმ. თუ აღწევდა (ახლა 180 კმ) და წარმოადგენდა ერთიან ტბას, რომელშიც დელტას ტოტები გამოვლენილი არ იყო. ამიტომაც მათ სახელწოდება არ ქონდათ. როგორია ვითარება შავი ზღვის სანაპიროზე? შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, კოლხეთის დაბლობზე, 1804–1892 წლებს შორის, ქ. ფოთთან სანაპიროს 750 მეტრის სიგრძის ხმელეთი შემატებია, ხოლო 1576–1960 წლებს შორის–2700 მეტრი. ბერძენი მწერლის აგათიას დროიდან (VI ს.) 1967 წლამდე შავი ზღვის სანაპიროს 7 კმ–ის სიგრძის ხმელეთი მომატებია. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კოლხეთის ველი ფოთთან ფართოა და ზღვა მის ნაპირთან ღრმა, და აქედან გამომდინარე იმას რომ ასეთ ვითარებაში აქ ყოველი გრძივი მეტრი მატერიკის წარმოსაქმნელად დიდი ოდენობის ნალექებია საჭირო, თუ მხედველობიდან არ გავუშვებთ იმასაც, რომ რიონს ადრეულ ხანებში დაახლოებით ათჯერ მეტი წყალი და კიდევ მეტჯერ დიდი ოდენობის ნალექი ჩამოჰქონდა, ალბათ, ადვილი წარმოსადგენი იქნება, რომ კოლხეთის ხევის ზემო წელში, სადაც იგი უფრო ვიწროა, რიონი მას უფრო სწრაფად ამოავსებდა დროის ერთნაირ ერთეულში ვიდრე ზღვის პირთან არსებულ ფართო და უფრო ღრმა სივრცეებს. ამრიგად, პირველი ათასწლეულის დასაწყისში, დასაშვებია, რომ ფაზისის შესართავი ზღვასთან, ხოლო ქ. ფაზისი სწორედ რომ სულორთან, ან მის მახლობელ მიდამოებში ცოტა ზემოთ, მდ. ფერეთას, ან რამდენიმე ქვემოთ მდებარეობდა, როგორც ამას ფს. სკილაქს კარიანდელი გვეუბნება.

 

“ქართლის ცხოვრების“ ცნობების საიდუმლოება

კოლხეთის მიწებისა და საზღვრების, აგრეთვე ზღვის ყურის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს საქართველოს მატიანე–„ქართლის ცხოვრება“. ჩვენთვის საყურადღებოა ერთი ადგილი, სადაც თარგამოსი შვილებს უნაწილებს თავიანთ ხვედრ მიწებს. უმცროს შვილს ეგროსს სწორედ კოლხეთი ერგო „ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვისა ყურისა და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით მთა მცირე, რომელსაც აწ ჰქვან ლიხი, დასავლეთით ზღვა, ჩრდილოეთით მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარუწუთების წევრი კავკასისა, ხოლო ამან ეგრის აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი“ (ოდიში). ჩვენს ყურადღებას იქცევს გეოგრაფიული ტერმინი „ქვეყანა ზღვისა ყურისა“ რომელშიც გამოხატულია კოლხეთის უბე და უბესთან მდებარე ქვეყანა დედაქალაქით–ეგრისი. ამ ლოკალიზაციას კიდევ უფრო ეფინება ნათელი, მეორე მნიშვნელოვანი ცნობით. ეს უკანასკნელი იმითაცაა საინტერესო, რომ გარკვეულად თარიღის დადგენის საფუძველსაც იძლევა. „ქართლის ცხოვრების“ მე–5 გვერდზე ვკითხულობთ: „ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არ იყო ხვედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიათა ჩრდილოთ.“ ე.ი. მიუხედავად იმისა, ეკუთვნოდა იგი თარგამოსს თუ არა, კავკასიის გადაღმა მხარეები დასახლებული არც კი ყოფილა. „უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი კავკასიიდგან ვიდრე მდინარედმდე დიდათ, რომელი შედის ზღვასა დარუბანდისასა.“ მაშასადამე, დღევანდელი კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეში, მისი ქედიდან, ვიდრე „მდინარე დიდადმდე“, მოსახლეობა არ არსებულა იმ ხანებში. თარგამოსს უფიქრია ამ მიწების შემოერთებაზე, მის დასახლებაზე. ამ მიზნით მას გამოუყვია „მრავალთა გმირთაგან“ ორი გმირი, ლეკანი და კავკასი და მიუცია პირველისათვის „ზღვიდან დარუბანდისათ, ვიდრე მდინარემდე ლომეკისა,“ ანუ თერგისა, ხოლო „ჩრდილოეთ ვიდრე მდინარემდე დიდად“, ანუ მდინარემდე დიდი ხაზარეთისად. „და მისცა კავკასს ლომეკის მდინარედან ვიდრე დასასრულამდე კავკასისა დასავლეთით,“ ე.ი. მდ. ყუბანის გადაღმა ბოლომდე, აზოვის ზღვამდე (გავიხსენოთ რომ მდ. ყუბანის გადმოღმა მხარეები მიცემული ჰქონდა ეგროსს). საჭიროა ორიენტირების გარჩევა. ჩრდილოეთის „მდინარედ დიდად“ შესაძლოა ვიგულისხმოთ მდ. დონიც (ტანაისი), მაგრამ ის დარუბანდის, ანუ კასპის ზღვაში არ ჩაედინება. არის კიდევ ერთი მდინარეც, მდ. კუმა, კუმა–მანიჩის სადინარის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ჩაედინება კასპიის ზღვაში, მაგრამ ეს მდინარე მცირეა, ვიდრე მდ. ყუბანი ან მდ. თერგი და მას „დიდად ეპითეტი არ შეესაბამება. აქეთ მხარეებში სხვა მდინარე, რომელიც დარუბანდის ზღვას ერთვის და „მდინარედ დიდად“ შეიძლება იწოდოს–არ მოიპოვება. მდ. ვოლგის ხსენება, კი ძალიან გივან იწყება როგორც ქართულ წყაროებში, ისე ბერძნულ და ლათინურში. მაშინ, რომელ მდინარეზეა საუბარი ქართულ მატიანეში? აქ საკითხის გადაჭრა შეუძლია ცნობის მიახლოებითი თარიღის დადგენას. ეს ცნობა იმ ძველ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა ჩრდილოეთის გამყინვარებები დნობას იწყებდნენ. ხოლო ნადნობი ნაკადები ავსებდნენ მდინარეთა სადინარებს და ქმნიდნენ დიდ მდინარეებს. მართლაც, ცნობილია, რომ კუმა–მანიჩის სადინარში ყინულებიდან დამდნარი წყალი ძლიერ ნაკადად მიედინებოდა და ერთ დროს ეს მდინარე ყველა სხვა მდინარეზე წყალუხვი ეგონათ. ეს მდინარე ერთი თავით აზოვის ზღვაში ჩაედინებოდა, ხოლო მეორეთი–კასპიის ზღვაში. საფიქრებელია რომ აზოვის ზღვაში ჩამდინარე თავი უფრო ადრე დაშრა რადგან ყინულოვანი მასების აქეთა მხარე უფრო ადრე დადნა, აქეთკენ მზის მეტი აქტიური მოქმედებით, ხოლო კასპიის, ანუ დარუბანდის ზღვაში ჩამდინარე ნაკადი კიდევ დიდხანს არსებულა ყინულის აქეთა მასივებზე, მზის სუსტი მოქმედების გამო. სწორედ ამ დროს უნდა ეკუთვნოდეს „ქართლის ცხოვრების“ ეს ცნობაც. მაშინ ისიც გასაგები გახდება თუ რატომ არ იყო დასახლებული ეს ადგილები. საქმე ის არის, რომ ნამდნარი ნაკადები ხშირად წალეკავდა ცივი წყლის მასებით ველ–მინდვრებს ზაფხულში, ხოლო ზამთრობით ველ–მინდვრებს გამყინვარებულ მასივებად აქცევდა. ამრგიგად, „დიდად მდინარეში“ იგულისხმება ნამდინარნი წყლების ნაკადები. ბერძნები ხან არაქსად, ხან „ამუდარიად რომ ნათლავდნენ (შესაძლოა იმის ანალოგიითაც, რომ ერთ დროს ამუდარია კასპიისა და არალის ზღვაში ჩაედინებოდა სხვადასხვა ტოტებით). კავკასიის ჩრდილოეთ ფერდობზე და მხარეებში, კუმა–მანიჩის ღრმულამდე, როგორც ჩრდილოეთ დაქანაებაზე, ყინულის დნობა და მიწების ათვისება ყველაზე გვიან უნდა დამთავრებულიყო, რადგან ეს ადგილები უმზეო და ცივია. ამრიგად, ცნობა ასახავს იმ ისტორიულ მომენტს, როცა ეს ყინულოვანი მასები დნებოდნენ ან უკვე დადნენ. მაგრამ მიწები ჯერ კიდევ დაუსახლებელი იყო, ხოლო „დიდი მდინარის“ ერთი თავი, რომელიც კასპიაში ჩაედინებოდა ჯერ კიდევ საზრდოობდა გამდინარი წყლებით. როგორც გაირკვა, თარგამოსმა შვილს ეგროს, მცირე ხაზარეთამდე–მდ. ყუბანამდე იმიტომ დაუწესა საზღვარი, რომ იმის იქით იმ ხანებში, ბუნებრივი პირობების გამო, ცხოვრება არ შეიძლებოდა. როგორც ითქვა, პირველად ჩრდილო–დასავლეთი მხარე გათავისუფლდა ყინულისაგან. ამას ხელი ერთგვარად კიდეც იმან შეუწყო, რომ შავი ზღვის თბილი ჰაერის, მასები უფრო ახლოს იყო ამ მხარეებთან, ვიდრე აღმოსავლეთით მდებარე კასპიის ზღვის. მაშასადამე, თარგამოსის გავლენის ფარგლები ჩრდილოეთით დიდ მდინარემდე, ხოლო დასავლეთით მეოტიის ტბამდე ვრცელდებოდა. საფიქრებელია, ამ მდგომარეობამ წარმოშვა ბერძენი მწერლების თქმა, რომ კოლხები სკვითიაში ცხოვრობენო. მოდევნო საუკუნეებში ვითარება შეიცვალა. ტავრისა და მეოტიის მიწებს ჯერ სკვითები ხოლო უფრო გვიან კიმერიელები ფლობენ. ყოველივე ზემოთქმული კოლხეთის უბის ანუ ზღვის ყურის გარშემო დასახლებული კოლხი ტომების საბინადროს მკაცრი ლოკალიზაციის სურათს იძლევა. „ქართლის ცხოვრების“ ცნობების სისწორეს პირდაპირი უცილობელი სიზუსტით იმეორებს „არგონავტიკის“ ზოგიერთი ადგილი. თქმულება ასე აღწერს არგონავტთა მოახლოებას შავი ზღვის სანაპიროზე: „და აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე და კავკასიის მთების მაღალი მწვერვალებიც აღიმართნენ.“ აქ ნათლად ჩანს, რომ უკიდურესი ყურე არსებულა, სადაც აღმართულია კავკასიის მთები (გურია–აჭარის მთებიც იგივე კავკასიონის მთებია). არგონავტების თქმულებათა სხვადასხვა ვერსიებზე, რომლებიც განუწყვეტლივ იზრდებოდნენ ფაქტებითა და ცოდნით ბერძენ მოგზაურთა ცოდნის პარალელურად, აპოლონ როდოსელმა შექმნა პოემა „არგონავტიკა“, ძვ. წ. აღ. III საუკუნეში. საინტერესოა, რომ მასაც აქვს ნახსენები ეს უბე–ყურე. იქნებ მან ჩაუმატა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ყურეს ჩამატება–ამოღება არც არაფერს უმატებს და არც არაფერს აკლებს პოემას, მაშინ ეს ეჭვი უსაფუძვლო გამოდგება. პონტოს ეს უბე პოეტს ხალხური თქმულებებიდან აქვს აღებული. ხალხური თქმულება კი უფრო დასაშვებია მითურ არსებებს უმატებდეს ამბავში, ხოლო ბუნების აღწერილობას შედარებით ზუსტად იცავს, იშვიათად ამახინჯებს. პონტოს უბე–ყურე რომ როდოსელის პოემაში ხალხური ვერსიებიდან არის გადასული, ამას ისიც მოწმობს, რომ აპ. როდოსელის დროს, ე.ი. III საუკუნეში უბე უკვე ძველი მასშტაბით აღარ არსებობდა, რადგან ამ დროისათვის იგი თითქმის ამოვსებულია. პოეტს კი იგი პირადად არ უნახავს. მას რომ პირადად ენახა ეს ადგილები, თავის პოემაში ყურეს აღარ შეიტანდა, მაგრამ იგი ამ შემთხვევაში ეყრდნობოდა ძველ წყაროებს, ძვ. წ. XIII საუკუნიდან ჩვ. წ. აღრიცხვამდე. ამასთანავე, საინტერესოა როდოსელის პოემის სხვა რეალიაც: „ღამით არგოს გამოცდილების წყალობით, მათ მიაღწიეს „ფართოდ მომდინარე“ ფაზისს და „პონტოს უკიდურეს კიდეს“. ბოსფორის სრუტეში გამოსული მენავეები ნუთუ მიიღებდნენ ვიღაც შემთხვევით მგზავრს, ვინმე არგოს და მას ანდობნენ გემის მიმართულების კონტროლს? როგორც ჩანს, არგოსს კარგად სცოდნია ამ დროისათვის აქ არსებული წყალმარჩხი შესართავის (ფაზის–პონტოს) რელიეფი და იგი მეგზურად, ლოცმანად გაჰყოლია ბერძნებს. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ კოლხეთის უბის მაქსიმალური სიღრმე ფოთის მერიდიანზე 40 მ. უნდა ყოფილიყო. სულორთან კი ისე წყალმცირე, რომ ხიფათს უქმნიდა უცხო და მით უმეტეს დიდ გემებს თავისი დაფარული, საშიში რიფ–მეჩეჩებით. ასეთ ადგილებში, მართლაც საჭირო იქნებოდა ადგილობრივი მეგზური და აი, ბერძნებს შეხვდათ არგოსი, რომელმაც იკისრა ლოცმანობა და „ღამით არგოს გამოცდილების წყალობით მათ მიაღწიეს ... ფაზისს.“ ამრიგად, კოლხეთის უბე არსებობდა და არსებობდა მასში „ფართოდ შემდინარე“ ფაზისითურთ. არგონავტიკაში მოხსენებული უბე, ძველი ცნობების ანარეკლია. იგი აპ. როდოსელის დროს არ შეესაბამება, მაგრამ იმითაა საინტერესო, რომ ძველი დროის ნამდვილ ვითარებას გვამცნობს. ჩვენ რომ როდოსელის ეს ცნობა III საუკუნის (ძვ. წ.) რეალური ვითარების ამსახველ ცნობად მივიღოთ, მაშინ გამოვა, რომ უბე III საუკუნეშიც არსებობდა და ეს კიდევ მეტად დაადასტურებდა უბის არსებობას უფრო ადრეც. მაგრამ სხვა წყაროებიდან ვიცით, რომ III საუკუნეში დიდი უბე აღარ არსებობდა. ა.პ. როდოსელის კოლხური პეიზაჟები თქმულებიდან გადმოტანილის ანაქრონიზმს წარმოადგენს.

 

პომპონიუსის ცნობების კვლევის გაგრძელება

კარიანდელის ცნობას ნათელი რომ მოეფინა, ამიტომ მეტად საყურადღებო გახდა პომპონიუსის ცნობები. პომპონიუსს ეკუთვნის: „იქიდან აღმართული მთები,“ სადაც ნაგულისხმევია, რომ მდინარე ფაზისის შესართავი ზღვასთან მთების ძირში ყოფილა. ეს რომ სწორია, ამას ამტკიცებს არგონავტიკის თქმულების შემდეგი ადგილიც. როცა არგონავტები მდინარეზე ცოტათი აცურდებიან და არესის ჭალას გაუსწორდებიან, დაინახავენ, თუ როგორ სხედან მდინარის ახლო, ფერდობებზე კოლხები და უცქერენ მას. „როცა არგონავტებმა თავიანთი „არგო“, არესის მინდორს გაუსწორეს, აიეტი უკვე ელოდა მათ, ხოლო მთის ფერდობზე კოლხები მოგროვილიყვნენ.“ როგორც ვხედავთ, პომპონიუსის ცნობა ემთხვევა არგონავტების თქმულებას. მაგრამ დღეს ხომ რიონი ამ მთებიდან ერთი კილომეტრით არის დაშორებული? როგორ ავხსნათ ეს? საქმე ის არის, რომ დღესაც ამ მთების ძირში ადგილებს „ნარიონალს“ ეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც რიონი მთის ძირში გადიოდა. ახლა უკვე ცხადი ხდება ზემო ორი ცნობის სიზუსტეც. ამრიგად, ახსნილია პომპონიუსის ორიენტირი–„იქიდან აღმართული მთები.“ მეორე ორიენტირი–„ვიწრო კუთხეც“, სწორედ აქ, სულორთან ინაკვთება. გეოგრაფიულ რუკას რომ დავხედოთ, მაშინვე ნათელი გახდება ამ კუთხის მოხაზულობის ბოლო სულორთან, გურია–აჭარის მთების ძირში. ყოველივე ამის შემდეგ უფრო ნათელი ხდება გამოთქმები: „უკიდურეს აღმოსავლეთ ნაპირზე“ „იქ, სადაც მთავრდება დასახლებული სამყარო“ („ოიკუმენა“) „აია–კოლხეთი ზღვისა და მიწის დასალიერში მდებარეობს“, „აია–კოლხეთი ხომ იქ მდებარეობს, იმ კიდესთან, სადაც მთავრდება ხომალდის უკანასკნელი სრბოლა“ და ა. შ. ასეთი გამოთქმები ხშირია ბერძნულ მწერლობაში. არგონავტების მოგზაურობის შემდეგ, ვიდრე ბერძნები შავი ზღვის აუზს ხელმეორედ და უკეთ გაიცნობდნენ, კოლხებს ზოგი მათგანი მეოტიაში ასახლებს, ზოგი სკვითიაში, ზოგიც ხაზარეთში (ეს ზემოთაც განვმარტეთ). იყო შემთხვევებიც, რომ სკვითებს კავკასიაში ასახლებდნენ. ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გარკვეულობა. დავუშვათ, რომ „ვიწრო კუთხე“ კავკასიაში ვერ მოინახა. სად შეიძლება მაშინ იგი ვეძებოთ? იქნებ მდ. ტანაისის (დონის) შესართავთან? ეს ყოვლად შეუძლებელია შემდეგი გარემოების გამო. ჯერ ერთი, ძველი დროისათვის ამ მხარეში, ჩრდილო სანაპიროზე, ნავიგაცია არ იყო შესაძლებელი. მთავარი ის არის, რომ ეს ადგილი ვერ ჩაითვლებოდა უშორეს კუთხედ, რადგან მისი შესართავის მერიდიანი გაცილებით უფრო დასავლეთით არის, ვიდრე კოლხეთის თუნდაც დღევანდელი სანაპიროსი. შევადაროთ ერთმანეთს: ტანისის შესართავის მერიდიანია 39°. 20´, ფოთის კი 41°, 40´. თუ ამას კოლხეთის უბეს დავუმატებთ, მაშინ იქნება 41°, 40+40´=42°20´ (სხვაობა კილომეტრებში 250–უდრის). თანაც, იმ ხანებში ეს სხვაობა კიდევ მეტი იქნებოდა ზღვის დონის აწევის გამოც. უფრო ადვილად რომ წარმოვიდგინოთ,–დონის შესართავი ტრაპეზუნდის მერიდიანზე დგას. ყოველივე ამასთან უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის უბე შავ ზღვას მხოლოდ კავკასიაში შეიძლება ქონდეს, მისი თავისებური მოხაზულობის გამო. რაც შეეხება ტანაისის შესართავს, იგი წარმოადგენს ჩრდილო აღმოსავლეთს, ხოლო ბერძნებისათვის უფრო ჩრდილოეთია, ვიდრე ჩრდილო–აღმოსავლეთი. და ბოლოს: ისტორიული გეოლოგია შავი ზღვის სანაპიროებზე უბის არსებობას სწორად კოლხეთის ველზე გულისხმობს. რაც შეეხება სკვითების კოლხეთში მოხსენიებას (ჰეკატე), ეს იმის ბრალია, რომ ამ ტომებს შორის, როგორც მეზობელ ტომებს შორის, არსებობდა კავშირურთიერთობანი, ზოგჯერ მტრული, ხანაც მოყვარული. ამის მაგალითები მრავლად მოგვეპოვება. შესაძლოა ხდებოდა ერთმანეთში ტახტის მემკვიდრეთა დამოყვრება, რის შედეგადაც ესა თუ ის დინასტია განაგებდა ორივე მხარეს. ეს საკითხი ჯერ კიდევ მოითხოვს დაწვრილებით განხილვას. ამის ნათელსაყოფად ისიც კმარა, რომ კოლხებს ერთ დროს კავკასიის გადაღმა მიწებიც ეჭირათ ვიდრე „მდინარემდე დიდად“. ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზღვის პირი მდგარა ციხესულორის მიდამოებში.

 

ციხე სულორის მიდამოები დღეს და ძველად

როგორც ვთქვით, ქუთაისიდან მდ. რიონის დაყოლებით, 180 სტადიონზე სოფ. ციხესულორთან მოვხვდებით. ეს არის ამჟამად კარგად ცნობილი სოფელი, ქ. ვანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების გამო, სადაც აღმოჩენილია უძველესი ქალაქი აკროპოლით, ტაძრები და სხვა მრავალი ნაგებობა. ვანში მიმავალ მგზავრს გზად ციხესულორი ხვდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ციხესულორი ვანის ავანპოსტი, მისი დამცველი სიმაგრე ყოფილიყო ოდესღაც. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ქ. ვანი და ციხესულორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი ყოფილან. ციხესულორი ვანიდან 2 კმ. მდებარეობს. იქვე, მახლობლად მაშველი ციხე დგას–ზედა ციხესულორი. ახლო–მახლო სერებზეც სხვა სიმაგრეები თუ სადარაჯო კოშკები მოჩანს. ეს სერები და ქედები კი მიეკუთვნება გურია–აჭარის მთების კალთებს. რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან კოლხეთის დაბლობი და ციხესულორი? კოლხეთის დაბლობი ციხესულორის ბორცვების ძირში გადის. იგი ფაქტიურად მდ. ფერეთის შესართავთან იწყება. სულორამდე დაბლობი 4–5 კილომეტრამდე ფართოვდება და შემდეგ სამკუთხედის ფორმით დასავლეთისაკენ მიემართება. აქედან 72–ე კილომეტრზე შავი ზღვის სანაპიროზე ჩადის, სადაც მისი სიგანე სუფსასა და ინგურს შორის 40 კმ–ია, ხოლო აქედან ოჩამჩირემდე კიდევ 40 კმ. როგორც კარიანდელის ცნობებით მივიღეთ, ზღვა, მდ. ფაზისის შესართავი ზღვასთან და ქ. ფაზისი ციხესულორთან მდგარა. თუ ზღვა აქამდე უწევდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სანაპირო ხაზი იმ ჰორიზონტალს გაჰყვებოდა, რომელიც ციხესულორის ძირში გადის. ამ უკანასკნელის სიმაღლის ნიშნული +40 მეტრია. ე.ი. მეორმოცე ჰორიზონტალს დაბლა მთელი კოლხეთის ტერიტორია, ყველა ტბორებიანი და ჭაობიანი ადგილი დაბლობისა, წყლით ყოფილა დაფარული (3–3.5 ათასი კვ. კმ. ფართობი). ძველი კოლხეთი აქ, ამგვარ პირობებში წარმოგვიდგება სულ სხვა გეოგრაფიულ ქვეყნად, ვიდრე დღეს არის თავისი ჭაობიანი ლანდშაფტებით. კარიანდელის ცნობა მეტად მწირეა. მისი „ლაკონურობა“ ხუთი სტრიქონით ფარგლავს კოლხეთის მთელ ისტორია–გეოგრაფიას, იგი იძლევა სათაურს, ხოლო შინაარსი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი წარმოდგენები ეფუძნება ბერძენ ავტორთა ცნობებში მიჩქმალულ რეალურ მომენტებს, რის შედეგადაც საშუალება გვეძლევა წარმოვიდგინოთ ერის ისტორია, ბუნებრივი პირობები და სხვა. ფსევდო სკილაქს კარიანდელისა და პომპონიუს მელას ცნობების ჩვენეული ინტერპრეტაცია არსებითად თავდაყირა აყენებს მთელი კოლხეთის ისტორია–გეოგრაფიის აქამდე არსებულ ძველ წარმოდგენებს. ამრიგად, როცა ზღვის პირი სულორთან აღზევდა, ხოლო იქვე აღმართული იყო ტყით დაფარული მთები, რაღა თქმა უნდა, სულ სხვა ბუნებრივი პირობები ექნებოდა მაშინდელ კოლხეთს, იმ კოლხეთს, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობდა „დიდ ბარბაროსულ ქალაქთან“, ვიდრე ამას მოველოდით. ზღვისა და უბეს გარშემორტყმული მთების შეზავებული ჰაერი მუდმივი სიჯანსაღის ფაქტორი იქნებოდა. ხშირი ტყეებითა და სხვა მწვანე საფარით დაფარული მთები, თავის მხრივ, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას გამოიწვევდა. წყალუხვი და ჩქარი მთის მდინარეებში იქნებოდა შესანიშნავი თევზეული, რომში სადელეკატესოდ რომ იგზავნებოდა. ხოლო ნოყიერ, ეროზიისაგან დაცულ მინდვრებსა და ფერდობებზე მიწათმოქმედებისათვის საუცხოო პირობები იქნებოდა. ამის გარდა, კოლხურ ტომებს შორის, რომლებიც უბის გარშემო ბინადრობდნენ, საფიქრებელია, გაცხოველებული სანაოსნო მიმოსვლა არსებობდა. ამას ხელს შეუწყობდა ის, რომ ზღვის წყალი შეჭრილი იქნებოდა ყოველი პატარა თუ დიდი მდინარის სადინარებში და ხევებში. აქ ის შექმნიდა წყნარ გემმისადგომ უბე–ფიორდებს. პონტოს კოლხური სანაპირო ჭოროხიდან ცხუმამდე მოფენილი უნდა ყოფილიყო ასეთი უბე–ფიორდებით. შავი ზღვის ამ უბის მცირე სიგანის გამო სანაპირო ნაოსნობის მაგიერ განვითარებული უნდა ყოფილიყო გეზური (პირდაპირი) ცურვა. ასეთი რამ კი მხოლოდ ეგეოსის ზღვაში იყო მოსახერხებელი და გავრცელებულიც. კოლხებს ამ პირობების გამო ექნებოდათ ძლიერი სავაჭრო და სამხედრო ფლოტი. ქ. ფაზისი კი უთუოდ სახელგანთქმული იქნებოდა, როგორც ამ ადგილების ავანპოსტი და უფრო გვიან–როგორც ქალაქი სავაჭრო ემფორიონით. ყოველივე სიკეთით შემკულ ფაზისს, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი როლი უნდა ეთამაშა. ამ უკანასკნელისათვის მას, ასევე, მოხერხებული სტრატეგიული პუნქტიც ეკავა. ფს. სკილაქსის კოლხეთი: „ოქროს ხანის“ კოლხეთი უნდა ყოფილიყო. ამაზე უკეთესი ხანა ბუნებრივი პირობების მიხედვით კოლხეთს სხვა დროს არ შეიძლებოდა ქონოდა. სწორედ ასეთი კოლხეთი უნდა ყოფილიყო ის ზღაპრული ქვეყანა, რომლისკენაც მოილტვოდნენ ბერძნები თუ რომაელები და რომელსაც ბერძენმა ხალხმა არგონავტების თქმულება უძღვნა. ასეთად გვესახება სკილაქსის კოლხეთი.

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014