ჯავახეთი
1 2

ფლორა და ფაუნა
ჯავახეთის ისტორიული საზღვრები
II –VIII საუკუნეები
IX–XIII საუკუნეები
XIII – XVI საუკუნეები, მონღოლები
XVI – XIX საუკუნეები, ოსმალები
რუსეთი. უცხო ტომების ჩასახლება და ქართველების შევიწროება
ქართველების იძულებითი გადასახლება


ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი, სრულიად გამორჩეული ლანდშაფტისა და რელიეფის მქონე კუთხეა. გრანდიოზული მთებითა და ქედებით შემოსაზღვრული ზეგანი, ღრმა კანიონები, კამკამა ტბები და მდინარეები, ხასხასა მდელოები, გაუვალი ჭალები, მოშიშვლებული მთის კალთები, მზესავით ნათელი მთვარე და ვარსკვლავებით დახუნძლული ცა, ჯანსაღი ჰავა და კლიმატი, ამ კუთხეში ქართველთა დიდების უტყუარი მოწმე ისტორიული ძეგლების სიუხვე და მრავალფეროვნება ხიბლავს და აოცებს ნებისმიერ მნახველს.

ფლორა და ფაუნა

დღევანდელი ჯავახეთის ტერიტორია ძირითადად მთიანი ზეგანია, უმეტესად უტყეო, მრავალი ტბებითა და მდინარეებით დაფარული. ადრე ჯავახეთის დიდ ნაწილი ტყეებით, ძირითადად, ფიჭვნარით და არყნარით ყოფილა დაფარული (გვხვდება ადგილების დასახელებები: არყნარი, ფიჭვნარი, ლეკნარი, დათვის სოროები), მაგრამ ცალკე მიწათმოქმედობის განვითარებამ და ცალკე დამპყრობთა მიერ ხელოვნურად გადაწვამ კატასტროფულად შეამცირა ჯავახეთის ტყის საფარი, _ დღეისათვის მხოლოდ ჭობარეთის მთის ჩრდილო-დასავლეთით და სამსარის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთითღაა ნაკრძალის სახით შემორჩენილი. მიუხედავად ტყის ნაკლებობისა მდიდარია ჯავახეთის ფლორა და ფაუნა. ჯავახეთს კავკასიის `ჰაერით და წყლით მდიდარ გრილ კუნძულსაც~ კი უწოდებენ.
ჯავახეთის ალპურ მდელოებზე ქართული ფუტკრის მიერ ნაგროვები უნიკალური სურნელების თაფლი საქვეყნოდაა ცნობილი. ჯავახეთის ნაყოფიერ მიწებზე მოწეული ადგილობრივი ენდემური ჯიშის ხორბლის სიუხვის გამო ჯავახეთს `საქართველოს ბეღელსაც~ უწოდებდნენ. ჭარბ ხორბალს დღემდე მრავლად შემორჩენილ მიწისქვეშა ორმოებში (ხაროებში) ინახავდნენ. ცნობილია ასეთი გამოთქმა: როცა ქვეყანა შიმშილობდა ეტყოდნენ - `წადით ხორბალი მურჯახეთში თუ არა მურჯში მაინც ექნებათო~ (მურჯიც და მურჯახეთიც ჯავახეთის ტოპონიმებია).
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჯავახეთის საზაფხულო საძოვრების მნიშვნელობა აღმოსავლეთ საქართველოს მესაქონლეობა-მეცხვარეობის არსებობისთვის. ეს კუთხე იმდენად აუცილებელია ამისათვის, რომ მაშინაც კი როდესაც ის ახალციხის საფაშოს სახით ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა საქონლის პატრონები, განსაკუთრებით, მეცხვარეები ზაფხულობით იძულებით გადადიოდნენ სხვა სახელმწიფოში და იქ აბალახებდნენ თავიანთ საქონელს. დღესაც, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, აღმოსავლეთ საქართველოს მესაქონლეები თავიანთ პირუტყვს თვეობით თრიალეთისა და ჯავახეთის საზაფხულო ნოყიერ ალპურ საძოვრებზე აბალახებენ.

ჯავახეთის ისტორიული საზღვრები

საქართველოს დღევანდელი რეგიონალური დაყოფის მიხედვით ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედის და მოიცავს: ახალქალაქის, ნინოწმინდის, ნაწილობრივ ასპინძის და ბორჯომის რაიონების ტერიტორიებს.
ისტორიულად ჯავახეთი სამხრეთი საქართველოს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის სამხრეთის კარიბჭეს წარმოადგენდა. `ესე არს ჯავახეთი. და არიან ამ ტბებთა და მდინარეთა ზედა დაბნები და მოსახლენი. ხოლო ზღვრის ჯავახეთს: აღმოსავლეთით საზღვარი ქართლისა. ...სამხრით, მთაი ნიალის-ყურისა, რომელი მდებარეობს გულის ტბიდამ ანუ ხაკეთიდამ ყარსის მთამდე ანუ ფოსოს წყაროსთავამდე, - აღმოსავლეთიდამ დასავლეთად... ხოლო დასავლით მზღვრის ჯავახეთს – ძველად მტკვარი და აწ ნიჯგორს-ხერთვისს ზეითი და წყაროს-თავის დასავლით წარსრული მცირე გორანიხოლო ჩრდილოთ პირველი საზღვარი არს კოდიანის მთიდამ წარსული მცირე მთა ნუსხამდე და მერმე ხაზი მის გასწვრივ მტკვრამდე, და აწ კოხტის მდინარის აქეთი სამხრის კერძოს მცირე მთა, ნიჯგორის თავამდე და კოდიანამდე. არამედ არს ესე კოდიანის მთა ტყიანი, ნადირიანი, მდინარიანი, რომელი წარმოვალს ბაკულიანიდამ და ჭობის-ხევიდამ და მოვალს კოხტის-თავამდე, მერმე დამდაბლდების და დასწყდების ნიჯგორს ზეით ხრამზედ. ხოლო ჯავახეთი არს, ვითარცა თრიალეთი, უვენახო, უხილო, უტყეო, ვიეთთა ადგილთა სწვენ წივასა, და მოსავლითაც ეგრეთვე, არამედ ესე უმეტეს ნაყოფიერი და მოუცდენელი. ჰავითაც მზგავსი, განაუმჯობესიცა. ზამთარი, დიდ-თოვლიანი და ყინვიანი. ცხოვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი. თევზნი მრავალნი. ფრინველნი, რომელნიცა მთათა გვარობენ, მრავალნი. თაფლნი მრავალნი. (იხ. ვახუშტი ბატონიშვილი `საქართველოს გეოგრაფია~, I წიგნი, `სამცხე~. ტიფლისი. 1892წ. გვ. 22).
ჯავახეთის ტერიტორია უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი პალეოლითის, მეზოლითის და ნეოლითის ძეგლები. ანტიკურ წყაროებში მოხსენიებულია ქართული პროვინციების სახელები: `ქათარზა~ ანუ კლარჯეთი, `ოძრხე~ (ქალაქი, დღევანდელი დაბა აბასთუმანის ტერიტორიაზე), `ოძრახე~ სამცხის ანუ მესხეთის უძველესი სახელია, `ზაბახა~ კი ჯავახეთის უძველესი სახელია. ესე იგი ჯავახები უძველესი ქართული ტომის `ზაბახები~-ის შთამომავლები არიან, თუმცა, პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას _ ტაოხს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთის, სამხრეთი საქართველოს, მათ შორის, ჯავახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მისსივე აზრით, ტაოხ-ს და ჯავახ-ს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ-ი, ჯავახი (იხ. დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები~. `საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული~. 1975. ურარტუს მეფის, არგიშტ I- ის წარწერაში, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის 785 წელს განეკუთვნება, დაპყრობილ ქვეყნებად მოხსენიებული კლარჯეთი, სამცხე და ზაბახა ანუ ჯავახეთი დიაოხის (ტაო) ქვეყანას ესაზღვრებოდა და სამხრეთით მტკვრის სათავემდე ვრცელდებოდა.
ლეონტი მროველის მიხედვით, ჯავახეთი ლეგენდარულ მამამთავარს, მცხეთოსის ძე _ ჯავახოსს ეკუთვნოდა `ქვეყანა ფარავნის ტბიდან მტკვრის სათავემდე~. მასვე აუშენებია ორი ციხე-ქალაქი: წუნდა და ქალაქი არტანისა, იგივე ქაჯთა ქალაქი. იმავე ქვეყანას ფარნავაზის მეფობის დროს (ძვ.წ.აღ. IV-III სს.) მეფის მიერ დანიშნული ერისთავი განაგებდა, რომელიც წუნდაში იჯდა.
ისტორიულად ჯავახეთი ზემო და ქვემო ნაწილებად იყოფოდა: ზემო ჯავახეთი მოიცავდა ჯავახეთს, ფარვანის ტბიდან მტკვრის კანიონამდე (საკუთრივ ჯავახეთის ზეგანს), ხოლო ქვემო ჯავახეთი _ მტკვრის კანიონს, ნიალისა და ბუზმარეთის ზეგნებს.
ქვემო ჯავახეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს განსაზღვრავდა მტკვრის შენაკადი მდინარეები და ხევები, ნიალისა და ბუზმარეთის მთიანი პლატოები, თითოეულ მათგანს თავისი რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრები გააჩნდათ, მაგრამ ყველა მაინც ემორჩილებოდა წუნდის, შემდგომში კი თმოგვის გამგებელს. ზემო ჯავახეთში კი სადაც გეოგრაფიულად პატარ-პატარა მდინარეების შემკრებ ფუნქციას დიდი და პატარა მთებით შემოსაზღვრული ტბები ასრულებენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების განმსაზღვრელად ამ ტბათა (საღამოს, ხანჯალის, კარწახის, ფარავანის, ტაბაწყურის და სხვ.) ქვაბულებში განლაგებული სოფლებით შექმნილი პატარა ქვეყნები გვევლინებოდნენ.

 

II –VIII საუკუნეები

ქართლის სამეფოში (ძვ. წ. ა III საუკუნე, ახ. წ. აღ. VI საუკუნის 30-იანი წლები) ჯავახეთი, კოლა და არტაანი წუნდის საერისთავოს სახით შედიოდნენ. წუნდის, ოძრხეს და კლარჯეთის საერისთავო ერთობლიობაში შეადგენდა ისტორიულ ზემო ქართლს. `...ზემო ქართლი, ანუ მესხეთი, სამცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაოისპირამდე ერთ საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-ერისთავოს და სამთავროს შეადგენდა...~ (ივ. ჯავახიშვილი, პ. სურგულაძე, პროფ. ა. ლაისტი `ისტორიული რარიტეტები~. თბ. 1989 წ. გვ. 45). ამ პერიოდში ქართლის მეფეებს სამი რეზიდენცია ჰქონდათ: მცხეთა (საგაზაფხულო და საშემოდგომო), გაჩიანი (საზამთრო) და წუნდა (საზაფხულო).
ძველი ჯავახეთის უმჭიდროეს კავშირზე ქართლის სამეფოსთან მიანიშნებს, აგრეთვე, იბერიის პიტიახშების საკუთარი სახელი _ ჯავახ (ზევახ), რომელიც II საუკუნის არმაზის წარწერებში სამჯერაა დადასტურებული. როგორც ირკვევა, იბერიელ ჯავახიანთა პიტიახშების შტოს წარმოადგენდნენ თორელთა საგვარეულოს წარმომადგენლებიც, რომელნიც იმხანად ქართლის საპიტიახშოს ნაწილს ფლობდნენ.
ჯავახეთი _ ესაა წმინდა კუთხე საქართველოსი, საიდანაც შემოვიდა წმინდა ნინომ, ფეხით გაიარა გზა ფარვანიდან მცხეთამდე, იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგად, მირიან მეფემ, 327 წელს, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ლეონტი მროველის ცნობით, მირიან მეფის თხოვნით, რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს საქართველოში მოუვლენია მოციქულნი, რომელთაც უშუალოდ დაუწყვიათ წუნდის ეკლესიის მშენებლობა, სადაც შემდგომ ვახტანგ გორგასალს ჯავახეთის ეპისკოპოსი დაუსვამს. ვახტანგ გორგასლის დროს წუნდის (მაშასადამე ჯავახეთის) ერისთავი იყო ნასარი. VI-VIII საუუნეებში ჯავახეთი კვლავ ქართლის შემადგენლობაშია. VI საუკუნის საქართველოს ეპისკოპოსთა შორის მოხსენიებულნი არიან კუმურდოელი ეპისკოპოსი _ იოსები და წყაროსთაველი _ იოანე. კუმურდო ჯავახეთის მთავარი საეპისკოპოსოა მთელი მომდევნო საუკუნეების განმავლობაშიც.
აქ დღემდე შემორჩენილია 964 წელს აშენებული კუმურდოს დიდებული ტაძრის ნანგრევები, უამრავი ქართული წარწერებით. ერთი წყაროს მიხედვით, ერისმთავარმა არჩილმა (VIII ს.) საგვარეულო განძეული სწორედ ჯავახეთში გადამალა (`გორ-მაკეზე~, ტონთიოს ციხეში).
ისტორიულად, ჯავახეთი განუყრელად იყო დაკავშირებული ძველი საქართველოს წარსულთან და სამცხესთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ათასი ჯურის (სპარსელების, ბიზანტიელების, არაბების და სხვ.) დამპყრობლების წინააღმდეგ საერთო ეროვნულ ბრძოლაში. ჯავახეთისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა არაბების შემოსევა 737 წელს, მურვან ყრუს მეთაურობით. ამ დროს გაწყდა ადგილობრივი ჯავახი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, გადარჩენილთაგან უდიდესი ნაწილი კი დასავლეთ საქართველოში გადაიხვეწა.

IX–XIII საუკუნეები

მოგვიანებით, IX საუკუნეში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და ქართლიდან მოსულმა მოსახლეობამ კვლავ შეავსო სამხრეთ საქართველოს დაცლილი ტერიტორიები და დაიწყო მზადება არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც სათავეში უდგნენ ტაო-კლარჯელი ბაგრატიონები. არაბთა განდევნისათვის აქტიურად ემზადებოდა ქართლიდან გახიზნული ერისთავი აშოთ დიდი კუროპალატი, რომელიც მოღალატეებმა ვერაგულად მოკლეს, 826 წელს. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლა ამით მაინც არ შენელებულა, _ აშოთის მემკვიდრეთაგან ამ საქმეში განსაკუთრებით გამოირჩინა თავი გუარამ მამფალმა, რომელიც მტკვრის ხეობაში შემოვიდა, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, არტაანი და შექმნა ჯავახეთად წოდებული მსხვილი ფეოდალური სამთავრო (იხ. ივ. ჯავახიშვილი `ქართველი ერის ისტორია~, ტ. II. თბილისი. 1948 წ.).
ჯავახეთი სამეფო ქვეყანად გადაიქცა და შემდგომ საუკუნეებშიც მას მეფის მიერ დანიშნული ერისთავები განაგებდნენ. პოლიტიკურად დამოუკიდებლ მხარეში მომრავლდა მოსახლეობა, აღსდგა უამრავი სოფლები და ქალაქები, გაცხოველდა ვაჭრობა, აშენდა უამრავი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტრები, გაშენდა ბაღ-ვენახები, დაიწყო ქვეყნის კულტურული აყვავებაც, გაჩაღდა ლიტერატურული მუშაობა. `აქ ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული საგანგებო სალიტერატურო სკოლა, რომელმაც შეიმუშავა თავისი საკუთარი გრამატიკა, ენა, ხელი და მიმართულება. ქართველთა შემოქმედებითი ენერგია იმდენად გაიზარდა, რომ გავიდა მცირე აზიის სხვადასხვა პუნქტში~ (კ. კეკელიძე. `ძველი ქართული მწერლობის ისტორია~. ტ. I თბილისი. 1951 წ.).
შემდგომ პერიოდშიც ჯავახეთი სამცხესთან ერთად იყო საქართველოს არა მარტო კულტურული ცენტრი, არამედ პოლიტიკური ძლიერების დასაყრდენიც. ეს ვითარება გაგრძელდა XVI საუკუნის ბოლო წლებამდე. X საუკუნის მეორე ნახევრიდან, ჯავახეთი გადადის ეგრისის სამეფოს გამგებლობაში და მას მართავენ ვარდანისძის გვარის წარმომადგენლები. წუნდის _ როგორც საერისთავოს ცენტრის, დაცემის შემდეგ მისი ფუნქცია გადადის თმოგვის ციხეზე (წყაროებში პირველად X საუკუნეში იხსენიება). იგი გადაიქცა ქვემო ჯავახეთის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ეკონომიკურ და თავდაცვით ცენტრად, რაშიც მას ხელს უწყობდა იშვიათად ხელსაყრელი ბუნებრივი მდებარეობა და მიუდგომელი თავდაცვითი ზღუდეების არსებობა. ჯავახეთის ერისთავი თმოგველად იწოდებოდა. XI-XIV საუკუნეებში ჯავახეთი იმყოფება ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში.
XI საუკუნეში ზემო ჯავახეთის ცენტრად ახალქალაქი გადაიქცა. ციხე-ქალაქის კედლის მშენებლობა დაიწყო მეფე ბაგრატ III- ემ (975-1014 წ.წ.) და დაასრულა ბაგრატ IV- ემ (1027-1072 წ.წ.). კედლის მშენებლობის ორი ეტაპი დასტურდება არქეოლოგიური მასალებითაც. ციხის კარიბჭის თავზე ნაპოვნია წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ბაგრატ IV- ის დედა, დედოფალი მარიამი. 1085 წელს, თურქ-სელჯუკებმა ალფარსლანის წინამძღოლობით ალყა შემოარტყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ციხე-ქალაქს და, მიუხედავად ადგილობრივთა მედგარი წინააღმდეგობისა, ციხე აიღეს, ქალაქი კი დააქციეს და გაანადგურეს. იმ დროს, ახალქალაქში იჯდა მეფის დანიშნული მხარის მმართველი – ერისთავი, ქართული ფეოდალური გვარის _ თორელების წარმომადგენელი. შემდგომში, ჯავახეთის ჩრდილო ნაწილი, საუფლისწულოდ გამოცხადდა. თავიდან რეზიდენცია იყო დლივში, მერე ღრტილაში, შემდეგ ბოჟანოში და ალასტანში. ვარძიაში სამეფო სამონასტრო კომპლექსის აშენების შემდეგ სამეფო რეზიდენციამ XII საუკუნის ბოლოს სწორედ ვარძიაში გადაინაცვლა...…
ლაშა გიორგი (1207-1222 წწ.), როგორც ჯავახეთის საუფლისწულოს მმართველი, მოხსენიებულია ბარალეთის ეკლესიის და პრტენის სტელის წარწერებში, აგრეთვე, მონეტაზე: `მეფე გიორგი, თამარის შვილი, ჯავახების მმართველი~.

 

XIII – XVI საუკუნეები, მონღოლები

XIII საუკუნეში ჯავახეთი დანარჩენი საქართველოს მსგავსად მონღოლების ხელში აღმოჩნდა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში, `მესხეთის მთავრის განსაგებელი იწყებოდა ბორჯომის ხეობითგან, ტაშისკარითგან და კარნუ ქალაქამდის აღწევდა...~, მას ეკუთვნოდა ჯავახეთის ნაწილიც. XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან, სამცხის მთავარმა და სპასალარმა სარგის ჯაყელმა დიდი პოლიტიკური მოქნილობით მოახერხა, რომ 1266 წლიდან მისი სამთავრო ხასინჯუდ (შედარებით პრივლიგირებულ ერთეულად) იქცა და უშუალოდ ყაენის მმართველობას დაექვემდებარა. იმდენად დიდი იყო მაშინ ჯაყელების ძალაუფლება, რომ მათ ხშირად ათაბაგებად კი არა `მეფეებადაც~ კი მოიხსენიებდნენ.
მონგოლების წაქეზებით დაიწყო სამცხის საერისთავოს თანდათანობით გამოყოფა დანარჩენი საქართველოდან, რომელიც გიორგი ბრწყინვალემ დროებით შეაჩერა, მაგრამ XV საუკუნის II ნახევარში მაინც დასრულდა. XV საუკუნიდან ჯავახეთს სამცხის მთავრები _ ჯაყელები დაეპატრონენ და სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში მოაქციეს. 1511 წლიდან, სამცხის ათაბაგის ხელში გადავიდა, აგრეთვე, ლაზისტანი ანუ ჭანეთი. სამცხის ახალმა გამგებლებმა _ ჯაყელებმა ჯავახეთიდან, საკუთარი მამულებიდან განდევნეს ძველი ფეოდალური გვარების წარმომადგენლები: თორელები, თმოგველები, გობიარები, ოთარები, ხერთვისარები, კამკამისშვილები, ბულღადარისშვილები და სხვანი. ჯავახეთში დაწინაურდნენ ახალი სათავადაზნაურო ფეოდალური გვარის წარმომადგენლები: შალიკაშვილები, ამატაკისშვილები, რჩეულიშვილები, დიასამიძეები და სხვანი.



XVI – XIX საუკუნეები, ოსმალები

კონსტანტინეპოლის დაცემამ (1453 წ.) და ოსმალთა გაბატონებამ მცირე აზიაში საშინელ განსაცდელში ჩააგდო მთელი სამხრეთი და დასავლეთი საქართველო, მეტადრე, სამცხე-საათაბაგო. შუა საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთი დაუდგრომლად ცდილობდა საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი კუთხის ჩაყლაპვას და ამისათვის არანაირ საშუალებას არ ერიდებოდა.
XVI საუკუნის შუა ხანებში ამ კუთხის ხელში ჩაგდებას სპარსეთიც აქტიურად ცდილობდა. 1551 წელს სპარსელებმა აიღეს ვარძია, სასტიკად დაარბიეს და დაანგრიეს მონასტერი, გაიტაცეს დიდძალი განძი და სიმდიდრე, მათ შორის ცნობილი ვარძიის ღვთისმშობლის ხატი და ოქროს კარი.
1578 წელს, ახალქალაქი თურქებმა დაიკავეს, რომელსაც მაშინ კოკოლა შალიკაშვილი განაგებდა. XVI საუკუნის ბოლოს, მთელი სამცხე-საათაბაგო, ჯავახეთის ჩათვლით, ოსმალებმა დაიპყრეს. ოსმალებმა დაპყრობილ საქართველოს ნაწილს `გურჯისტანის ვილაიეთი~ უწოდეს, სადაც ჯავახეთის საფაშოც შედიოდა. სამცხის მფლობელნი ოსმალეთმა `ახალციხის ფაშებად~ გამოაცხადა და ეს უმშვენიერესი ქვეყანა დედა-სამშობლოს ჩამოაცილა, ახალციხის საფაშო 24 თემად ანუ სანჯაყად დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მემკვიდრეობით სანჯაყბეგები ჩაუყენა.
ქვეყნის პოლიტიკური და სარწმუნოებრივი ექსპანსიის მიზნით დაიწყო მოსახლეობის გამაჰმადიანება, ჯერ ზედა ფენაში, ხოლო შემდეგ, ხანგრძლივი ბრძოლით, ქვედა ფენაშიც. XVII საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული გამაჰმადიანების ეს ინტენსიური პროცესი XVIII საუკუნეშიც გაგრძელდა და XIX საუკუნის დამდეგს დასრულდა. დამპყრობლების მოძალებამ, ცხადია ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვია საქართველოს სხადასხვა კუთხეში, რის შედეგადაც სამცხე-ჯავახეთის ასობით სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა. `გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის~ შედგენისას ე.ი. 1595 წლისათვის, უკვე 297 სოფელი უმოსახლოდ იყო ქცეული. მიუხედავად სასტიკი ზეწოლისა, ოსმალებმა მაინც ვერ შეძლეს მთელი ჯავახი მოსახლეობის გათათრება და ჯავახეთში ქართულის მთლიანად ამოძირკვა. `სულგრძელობა და სამშობლოსადმი სიყვარულის დიდი გრძნობა გამოიჩინა ჯავახეთისა და სამცხის სოფლების იმ მშრომელმა ხალხმა, რომელმაც მიუხედავად ზნეობრივი დამცირებისა და ეკონომიკური გაჭირვებისა ბოლომდე შემოინახა მშობლიური დედა-ენა~. (შ. ლომსაძე. `სამცხე-ჯავახეთი~. თბილისი, 1975 წ.). ასეთი სიმამაცის წყალობით, XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობას მაინც შენარჩუნებული ჰქონდა თავისი ეროვნულ-რელიგიური სახე. აი, რას წერს იმ დროინდელი ჯავახეთის მოსახლეობის თაობაზე ვახუშტი ბატონიშვილი: `...კაცნი და ქალნი მსგავსნი ქართლის გლეხთა, ტნოანნი, შვენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი, ბრიყვნი. სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტიანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, განა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა, დამჭირნეობისათვის ოსმალთა..~. (იხ. ვახუშტი ბატონიშვილი `საქართველოს გეოგრაფია~. წიგნი I. `სამცხე~. ტიფლისი. 1892 წ.). XVIII საუკუნის 70-იან წლებში ჯავახეთში ნამყოფი გერმანელი მოგზაური _ გიულდენშტედტი გვამცნობს: `ჯავახეთი _ საქართველოს კუთხეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ხელში იმყოფება. ...მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია~ (`გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში~. ტ. I. გ. გელაშვილის თარგმანი და გამოკვლევები. თბილისი 1962 წ.). 1778 წელს, თრიალეთში სტუმრად მყოფ გიორგი ბატონიშვილს (ერეკლე II- ის შვილი) პატივისცემის მიზნით, თაფარავნის ტბაზე ამალით ეახლა ახალქალაქის ფაშა (სანჯაყბეგი), რომელიც ქართულად საუბრობდა. (პ. იოსელიანი `გიორგი მეცამეტეს ცხოვრება~.).
XVI საუკუნეში `გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის~ მიხედვით (`გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი~. წიგნი II. 1941 წ.) ჯავახეთის შემადგენლობაში შედიოდა ცხრა რაიონი: ხერთვისის, ტყიანი ჯავახეთის, ბუზმარეთის, აკშეპირის, თმოგვის, ნიალის ყურის, ჯანბაზის, ქანარბელისა და მგლის ციხის, სადაც სულ, დაახლოებით, 450 სოფელი ყოფილა და ყველა მათგანში მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ. ცხადია, საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი კუთხის ჩამოშორებას და ამდენი თანამოძმის სამშობლოსაგან მოწყვეტას ასე ადვილად ვერ შეურიგდებოდნენ ქართველები.
საქართველოს მაშინდელი მეფეები, თეიმურაზ II და მეფე ერეკლე, აგრეთვე, იმერეთის მეფე სოლომონ I, ერთის მხრივ, ცდილობდნენ კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ახალციხის ფაშებთან, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული თავიანთი ქართული წარმომავლობა და მეორეს მხრივ ხელსაყრელ მომენტს ეძებდენენ, რათა საქართველოს ამ ისტორიულ მხარეზე კვლავ აღედგინათ ზეგავლენა. მიუხედავად ამისა მათ არ ჰქონდათ საქართველოს ამ ძირძველი მიწაწყლის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა, რითაც კარგად სარგებლობდნენ ადგილობრივი თუ გარეშე მტრები, _ ძარცავდნენ და აჩანაგებდნენ აქაურობას. მოსახლეობა გარბოდა ან ენით აუწერელი გაჭირვება-დამცირების და გმირობის ფასად ინარჩუნებდა მშობლიურ მიწა-წყალს.
პროფესორ შოთა ლომსაძის აზრით, სომეხ მელიქთა და მდიდარ ვაჭართა ლოლიავს, ერეკლემ ქვემო ქართლი კინაღამ გადააყოლა (შ. ლომსაძე. `სამცხე-ჯავახეთი~. თბილისი, 1975 წ.). ერეკლეს მიერ ნაბოძები პრივლიგიების ხარჯზე ბოლნის-დმანისში ჩასახლებული 700 ყარაბაღელი სომეხისგან, მელიქ აბოვი აგროვებდა რაზმებს, თავს ესხმოდა ჯავახეთს, ძარცავდა, მოჰქონდა ნადავლი და მოჰყავდა ხალხი, რომელთაცა მერე ძალით ასომხებდა.


რუსეთი. უცხო ტომების ჩასახლება და ქართველების შევიწროება

XIX საუკუნის დასაწყისში, ქართველი მეფეების ხელშეწყობით, კავკასიაში, ქრისტიანული რუსეთის შემოსვლას თითქოს წერტილი უნდა დაესვა მთლიანად საქართველოს და, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთის ტრაგიკული ყოფისათვის, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. რუსეთს თავისი იმპერიული მისწრაფებები ამოძრავებდა, რაშიც მთლიანი და ძლიერი საქართველო არაფრით არ ჯდებოდა.
XIX საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად სამცხე-ჯავახეთი გათავისუფლდა თურქეთის ბატონობისგან, მაგრამ ამან ოდნავი სარგებელიც კი ვერ მოუტანა ადგილობრივ, დაბეჩავებულ ქართველ მოსახლეობას. პირიქით, მეფის რუსეთის ვერაგული გეგმის შესაბამისად, ეს კუთხე მაქსიმალურად გაიწმინდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობისაგან და მათ ადგილზე მოხდა უცხოტომელების:^სომხების, ბერძნების, ქურთების, თარაქამების, რუსი სექტანტების _ დუხობორების ჩასახლება. იგეგმებოდა, აგრეთვე, კაზაკების და გერმანელი კოლონისტების ჩასახლებაც.
ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის პირველი ომის (1806-1812 წ.წ.) დროს, რუსი მთავარსარდლის, ტორმასოვის უშუალო ბრძანებით, 1810 წელს, ახალციხის საფაშოდან გასახლებული იქნა 1506 ქართული ოჯახი. მხოლოდ სოფელ კოთელიიდან მაშინ 112 კომლი გაასახლეს ლორეში, რომელთა უმრავლესობა ძალდატანებით გაასომხეს.
საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის პროტესტი და აჯანყებები გამოიწვია, რამაც რუსები დაარწმუნა ქართველობის მათდამი არალოიალურობაში და მათ დაიწყეს საქართველოს, როგორც კავკასიაში მთავარი პოლიტიკური ძალის, ყოველნაირად ნგრევა და დასუსტება, არ მოერიდნენ დემოგრაფიულ ექსპანსიასაც.
მანამდე სომხებმა უკვე მოასწრეს რუსებისათვის `ერთგულების დამტკიცება~ (ჯერ ბაგრატიონთა მმართველობის გაუქმების საზეიმოდ აღნიშვნით სიონის ტაძარში, და მერე ქართველი აჯანყებულებების ბეზღებით და რუსების მხარდამხარ დარბევით) და მათი მეშვეობით საკუთარი მიზნების საქართველოს ხარჯზე განხორციელება. `...რუსეთის ამ დიდმპყრობელური პოლიტიკის განხორციელების იარაღად იქცნენ სომხები, რომლებიც თავის მხრივ შეეცადნენ, რუსული იარაღი დიდი სომხეთის აღსადგენად გამოეყენებიად საქართველოს მიწა-წყლის ხარჯზე~. (შ. თეთვაძე, ო. თეთვაძე. `სომხები საქართველოში~. თბილისი. 1998 წ.).
გარდა ამისა, რუსეთს, თურქეთთან და ირანთან გამუდმებული ომების პირობებში, მათთან თავისი იმპერიის საზღვარზე საიმედო ხალხით დასახლებული ბუფერული ზონების შექმნა ესაჭიროებოდა, ამიტომ დაიწყო ასეთ ზონებში საიმედო უცხოტომელების _ ქრისტიანი სომხების, ბერძნების, დუხობორების და კაზაკების ჩასახლება.
ახალქალაქი რუსებმა პირველად 1811 წლის ბოლოს აიღეს, მაგრამ 1812 წელს, ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით, კვლავ თურქეთს დაუბრუნეს. საბოლოოდ, ახალქალაქი რუსების ხელში 1828 წლიდან გადავიდა. 1828 წლის ანდრიაპოლისის ზავით, რუსეთმა შემოიერთა ახალციხის საფაშოში შემავალი 24 სანჯაყოდან მხოლოდ ათი: ქობლიანის, ოძრხის (აბასთუმნის), ახალციხის, აწყვერის, ასპინძის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჯარაქის, ფოცხოვის და პალაკაციოსი (ჩილდირის). შემდგომ ამ მხარეს რუსეთმა ახალციხის და ახალქალაქის მაზრა და ფოცხოვის უბანი უწოდა.

ქართველების იძულებითი გადასახლება

რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდგომ მესხეთის დანარჩენი ნაწილიც იქნა შემოერთებული, სახელდობრ: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი _ ოლთისი. აქედან პირველ სამს ბათუმის ოლქი ეწოდა, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი ყარსის ოლქში გაერთიანდა.
რუსეთის მიერ (სხვათა შორის, რუსეთის ჯარში იმ დროს ბევრი ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი იბრძოდა საქართველოს ისტორიული მიწების თუნდაც რუსეთის იმპერიაში შემოერთების იმედით) ამ კუთხის შემოერთებისთანავე, კავკასიის მთავარმმართებელს _ პასკევიჩს წარუდგნენ XV-XVII საუკუნეებში მესხეთ-ჯავახეთიდან იმერეთში და სხვა კუთხეებში გაქცეული ქართველი თავადაზნაურები (ციციშვილები, ავალიშვილები, მუსხელიშვილები და სხვ.) და მიუტანეს ქართველ მეფეთა წყალობის წიგნები, რომელნიც სამცხე-ჯავახეთში მათ მფლობელობას ადასტურებდა და მოითხოვეს მათი საკუთრების უკან დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. რუსეთის წარმომადგენელი ამან მხოლოდ განარისხა. 1828 წლის 26 ივლისს მთავარმმართველი პასკევიჩი ნესელროდს სწერდა, რომ: `ჯავახეთი _ საუკეთესო ადგილია რუსი კოლონისტებისათვის...~. დაიწყო თრიალეთიდან და ჯავახეთიდან ქართველების მასიური გასახლება და მათ ადგილზე თურქეთიდან დევნილი სომხების, ბერძნების და სხვა უცხოტომლების ჩამოსახლება. სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი გამაჰმადიანებული ქართველების დიდი ნაწილი, რომელიც არ ენდობოდა რუსეთის ხელისუფლებას, რადგან იგი ყველანაირად ავიწროვებდა მათ, აიყარა (უმეტესად, ახალქალაქის მაზრიდან, დაახლოებით, 100 000 კაცი) და თურქეთის სიღრმეში გადაიხვეწა. უკეთესი დღე არ დაადგა არც დარჩენილ ქრისტიან ქართველობას. ამდენი კოლონისტის მოძალებას არ ეყო გამოთავისუფლებული სახლები და დაიწყეს სომხების ძალად შესახლება მარტოხელა მოხუცებთან, ქალებთან და არასრულწლოვანებთან, რომელნიც ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი საკუთრების – სახლის, კარ-მიდამოს დაცვას, ამიტომ უკანმოუხედავად გარბოდნენ. ქრისტიანი ქართველების დიდმა ნაწილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შეაფარა თავი. დარჩენილი მკვიდრი მოსახლეობის განსადევნად რუსი კოლონიზატორები ათას ხრიკებს იგონებდნენ და ეს მშვენივრად გამოსდიოდათ. ეს ოპერაცია, რომ გაადვილებულიყო, ქართველებს ნება ეძლეოდათ მიეყიდათ თავიანთი მიწები ხაზინისათვის ან არადა არაქართველი კერძო პირებისათვის. გროშებად გაიყიდა მთელი სამცხე-ჯავახეთი. მარტო ჯავახეთის გამუსულმანებულმა ადგილობრივმა თავადმა, ახალქალაქის სანჯაყ-ბეგმა _ ფალავანდიშვილმა, ამ ფორმით, ხაზინას მიჰყიდა ჯავახეთის 29 სოფელი, გარდა ამისა, რუს ჩინოვნიკებს და სომეხ ვაჭრებს დამატებით დაუთმო სოფლები: მურჯახეთი, პრტენა, ნაქალაქევი, გოგაშენი და სხვა. ამ კუთხეში ქართველებს საერთოდ ეკრძალებოდათ გამოთავისუფლებულ მიწებზე დასახლება. განსაზღვრული იყო კაზაკების სამხედრო დასახლებების შექმნა, მაგრამ შემდგომში იგი ძირითადად თურქეთიდან დევნილი სომხებით დაასახლეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ (1828-1830 წ.წ.) წლებში `ახალქალაქის ოლქის~ დროებით მმართველს გენერალ ბებუთოვს.
სამცხე-ჯავახეთიდან განდევნილი ქართველების გამზადებულ სახლებში რუსებმა უკვე 1829-1830 წლებში ყარსის, არზრუმის, არდაგანის და ბაიაზეთის საფაშოებიდან გამოქცეული სომხების 14000 ოჯახი ჩამოასახლეს, თანაც არ დავიწყებიათ მათთვის, დამაგრების მიზნით, დამატებით ხელაყრელი პირობების შექმნა. თითოეულ მათგანს 25 მანეთ დახმარებას აძლევდნენ და 6 წლით ათავისუფლებდნენ სახელმწიფო გადასახადებისგან.
სომხებმა შეიფერეს ეს პრივლიგიები და მეფის მოხელეს საკუთარი დამატებითი მოთხოვნებიც წაუყენეს. ერთ-ერთი ამ მოთხოვნათაგანი: სომხების ჩასახლების სოფლებში ქართველთა ცხოვრების დაუშვებლობა იყო. მათი მოთხოვნების სითავხედემ რუსებიც კი გააოცა, მაგრამ გრძელდებოდა ადგილობრივ ქართველთა იძულება აყრილიყვნენ მამა-პაპისეული მიწა-წყალიდან და გადახვეწილიყვნენ საქართველოს სიღრმეში ან თურქეთის ტერიტორიაზე.
ყოველივე ამან მთლიანად შეცვალა კუთხის დემოგრაფიული სიტუაცია. ადრე თუ აქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, 1832 წლის აღწერამ დაამტკიცა, რომ უმეტესობას უკვე სომხები შეადგენდნენ. სომეხთა ჩასახლების სოფლებში დარჩენილი (ბევრგან 2-3 ქართული ოჯახიღა იყო შემორჩენილი), უმეტესად ქრისტიანი ქართველები, ვერ უძლებდნენ ზეწოლას ტოვებდნენ მშობლიურ კერას და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს (ძირითადად, ქართლს და ქვემო ქართლს) აფარებდნენ თავს, ან არადა სომხდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთ-თურქეთის შემდგომი ომის დროსაც. 1833 წლის მაისში, ბარალეთის ქართველები თხოვნით მიმართავენ რუსეთის ხელისუფალს _ ხერთვისის სანჯაყის გამგებელს რ. ვარაშნიკოვს. წერილში იუწყებოდნენ, რომ 1830 წელს ჩამოსახლბულმა არტაანელმა სომხებმა ძალზედ შეავიწროვეს ადგილობრივი ქართველები, ამიტომ ბარალეთელი ქართველები მოითხოვდნენ თვით ქართველების სხვაგან გადასახლებას (ლ. ჯანიაშვილი `სომხები ჯავახეთში~. თბილისი. 1995 წ.).


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014