მეფე ბაგრატ IV
(1027-1072)

1 2


ბაგრატ მეფის გამეფება და იმდროინდელი ვითარება
მარიამ დედოფლის ბიზანტიას გამგზავრება და ბაგრატის ორჯერ დაქორწინება 
შემოერთება ანაკოფიის ციხისა
ბრძოლა თბილისის ამირას წინააღმდეგ
გალაშქრება კახეთისკენ და ლიპარიტთან დაზავება
1045-1046 წლების უშედეგო ბრძოლები
ბრძოლა ლიპარიტთან

ბაგრატ მეფის გამეფება და იმდროინდელი ვითარება

გიორგი I სულ წვრილშვილები დარჩა, ორი ვაჟი იყო: ბაგრატ და დემეტრე, და ორი ასული: გურანდუხტ და კახაჲ (კატაჲ?); მამის გარდაცვალების ჟამს მესამე ცოცხალი აღარა ყოფილა. ყველაზე უფროსი განსვენებული მეფის შვილებში ბაგრატი იყო და ისევ ავიდა ამავე წელიწადს საქართველოს სამეფოს ტახტზე. გამეფების დროს ბაგრატი ყოფილა «წელიწდისა ცხრისასა»296; მაშასადამე, მცირეწლოვანი მეფე დაბადებულა 1020 წელს, იგივე თარიღი გამოდის, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ბაგრატონიანთა მემატიანის სუმბატის სიტყვით 1023 წელს, როდესაც ბაგრატი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, “სამისა წლისა ყრმა ჩვილი” ყოფილა. ცუდს დროს მოუხდა მცირეწლოვანს მეფეს სახელმწიფო ტახტზე ასვლა: ქვეყანა მოქანცული იყო იმ გამანადგურებელი ხანგრძლივი ომით, რომელიც საქართველოს გიორგი I დროსა ჰქონდა ბიზანტიის კეისართან; აოხრებული გადაბუგული მესხეთი და მრავალი დაკარგული მიწები მძიმე მემკვიდრეობა იყო გამოუცდელი ყრმა ბატონისათვის. ამასთანავე სწორედ ბაგრატ IV თანამედროვე კეისარმა კონსტანტინემ ბიზანტია – საქართველოს საზღვრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და დაუცხრომლად ცდილობდა თანდათანობით როგორმე გამოეგლიჯა საქართველოსათვის მონაპირე ქვეყნები. მან დააარსა ივერის თემი – საკატაპანო, რომელიც თავდაპირველად დავით კურაპალატის სამფლობელოსაგან შესდგებოდა, მაგრამ მერე სხვა მიწებიც მიემატა. ბერძნები არავითარს საშუალებას, ქრთამსა და მოსყიდვასაც, არ ზოგავდნენ, რომ ქართველი დიდებულები თავიანთი მეფის წინააღმდეგ აემხედრებინათ და კეისრის მხარეზე გადმოებირებინათ .
თავიანთი ვერაგულის ქცევით და ცბიერებით ბიზანტიელებმა წადილს ადვილად მიაღწიეს. ბაგრატ IV გამეფების პირველსავე წელს «წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა», ზოგი მათგანი ციხიანნი ყოფილან, ზოგი კიდევ უციხონი; ყველა ეს აზნაურები «განუდგეს ბაგრატს დამიერთნეს კონსტანტინეს» კეისარსა. 1028 წელს, ანუ როგორც “მტ˜ნე ქ˜ჲ” ამბობს “მოქცევასა ოდენ წელიწადისასა”, თავისი მეფობის «წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტი მეფემან პარაკიმანოსი თჳსი მიუწდომელისა ძალითა, ლაშქრითა თჳსითა და განძითა ურიცხვითა. ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისასა მოვლო და მოაოჴრნა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოხრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა და უმეტესცა»; თრიალეთში კლდეკარის ციხესაც-კი მიადგა, მაგრამ ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავმა ლიპრიტის ძემ შეკრიბა “სხუანიცა აზნაურნი”, ერთად მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს და “დაუდგეს განძთა”. რაკი ნიკიტა პარაკიმომენმა კლდეკარს ვერა ავნო რა, უკან გაბრუნდა; მაგრამ ის-კი მაინც მოახერხა, რომ ზოგიერთი ქართველი დიდებულები კეისრის მხარეზე გადიბირა. მისის ჩაგონებით «განდგეს კუალად აზნაურნი» და «წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა და არჯევან ჰოლოლას ძემან გასცა ბერძენთა ციხე წერეფთისა». ბერძენთა მეფის სარდლის ზემომოყვანილი ლაშქრობა საქართველოში და მისი მოხერხებული გაიძვერაობა, აგრეთვე ქართველ აზნაურთა გადაბირება და ღალატი აღწერილი აქვს სომეხთა ისტორიკოსს არისტაკეს ლასტივერელს, რომელიც ამ ამბის თარიღად აგრეთვე კონსტანტინე კეისრის მეფობის მეორე წელიწადს ასახელებს, ესე იგი 1028 წელს.
რაკი სხვა ღონე აღარ იყო, და დიდებული აზნაურები თავიანთი ღალატითა და ვერაგობით სხვებსაც რყვნიდნენ და სამშობლოსაც ღუპავდნენ, ამ საქმეში ტბეთის ეპისკოპოსი ჩაერია: «აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ებისკოპოსმან მახლობელად ტბეთისა ეკლესიასა და სახელ სდვა მას სვეტი და შეკრიბა მაშინ მან იერი თჳსი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა, მტბევარი ებისკოპოსი, და ეზრა, ანჩელ ებისკოპოსი, და შავშეთისა აზნაურნი და განძლიერდა მას შინა». მღვდელმთავარი სამშობლოსა და სამეფოს დამცველად გამოვიდა, უნებლიედ სამხედრო ხელისუფლად, გულად მეომრად და ქვეყნის გამგედ გახდა; მან «დაიმჭირა ქუეყანა შავშეთისა» და «ქმნა დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისა თჳს». მედგარმა და მხნეობით აღსავსე მოქმედებამ თავისი ნაყოფი გამოიტანა და სტეფანე მტბევარმა შავშეთი ბერძენთა მიტაცებისაგან დაიცვა.
აქამდის თუ განდგომილების მოთავენი და მოღალატენი მარტო დიდებული აზნაურები იყვნენ, ეხლა ცბიერმა ბიზანტიელმა მოხელემ ისე მოაწყო საქმე, რომ ერიც ააღელვა და აამოძრავა. რომ თავიანთი მტაცებლობისათვის რაიმე გარეგნობით საპატიო მიზეზი შეექმნათ და ამით ადგილობრივ მკვიდრთათვის თვალები აეხვიათ, ბერძნებმა თავიანთ სარდალსა და ჯარს გამოატანეს «ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე». ეს ის დემეტრეა, რომელიც ბაგრატ III დროს მისის მამის ციხეში ჩამწყვდევის შემდგომ, 1012 წელს კონსტანტინეპოლში გაიქცა და ამით სიკვდილს გადაურჩა. როდესაც ბიზანტიის მთავრობამ თავის ლაშქარს ეს დემეტრე გამოატანა, ამით ქართველებისათვის, მეტადრე კლარჯთათვის, უნდა ეჩვენებინა, ვითომც იგი საქართველოს მეფის მიერ შელახული სამართლისა და დათრგუნვილი უფლების აღსადგენად იღვწოდა მხოლოდ. ქართველი მემატიანენი არა სცდებოდნენ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დემეტრე მარტო კლარჯეთის მცხოვრებთა მისაზიდავად გაბმული მახე იყო, «შესატყუევნელად ქუეყანისა მკჳდრთა» მიჰმართეს ასეთს ხერხსაო. აკი ბერძნებს წადილი აჰსრულებიათ კიდეც: «ამით მიზეზითა მიიქციეს მრავალნი კაცნი მის ქუეყანისანი წურილისა ერისაგან»-ო, მოგვითხრობს “მტ˜ნე ქ˜ჲ”; «ექმნა ესრეთ, რამეთუ მიიქცეს ერნი სოფლიონი, უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა»-ო, ამბობს აგრეთვე სუმბატ დავითის ძე. მაშასადამე, ბერძნებს ამ შემთხვევაში ისე მოხერხებულად მოუწყვიათ საქმე, რომ ხალხიც-კი შეუცდენიათ და აუჯანყებიათ. რაკი ამას გარდა ბერძნები თავისი ჩვეულებრივი იარაღით, მოსყიდვითაც მოქმედებდნენ და «ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილთა და საფასეთათა», ამიტომ საქართველო შეიძლებოდა დიდს განსაცდელში ჩავარდნილიყო.

მარიამ დედოფლის ბიზანტიას გამგზავრება და ბაგრატ მეფის ორჯერ დაქორწინება

მაგრამ იმავ 1028 წელს გარდაიცვალა კეისარი კონსტანტინე VIII და ჩვენმა ქვეყანამ ცოტას ხნით მაინც თავისუფლად ამოისუნთქა. ასეთი გამწვავებული მტრობის დასაცხრომელად და თითქმის შეუწყვეტელ ომიანობის ქართველ-ბერძენთა შორის მოსასპობად, რაკი სხვა საშუალება არ მოიპოვებოდა, ბაგრატის დედამ, მარიამ დედოფალმა, «შეიმოსა სიმჴნე და ახოვნება» და კონსტანტინეპოლში წავიდა. ეს მომხდარა ზემოაღნიშნულ ამბების «შემდგომად წელსა მესამესა», ესე იგი 1030-131 წელს მარიამ დედოფალი ბიზანტიის ბატონს სთხოვდა, რომ «არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართუელთა და გლახაკნი დაწყნარუბულ და მყუდრო იყუნენ»; იგი კეისართან წასული იყო საქართველოსათვის «ძებნად მშვიდობისა და კუალად ძებნად პატივისა კურაპალატობისასა ძისა თჳსისა» ბაგრატისათვის და მისთვისვე «მოყუანებისა თჳს ცოლისა». ბაგრატი კარგა ხანია მაგისტროსად იყო; ბიზანტიელი მემატიანე გიორგი კედრენის სიტყვით ბაგრატს ეს პატივი ნაწყალობევი ჰქონდა უკვე 1023 წელს, როდესაც იგი მძევლად ნამყოფი კონსტანტინეპოლითგან შინ გამოუშვეს მაშასადამე, მას მხოლოდ  კურაპალატობა აკლდა.
თავისი მოციქულობა და განზრახვა მარიამ დედოფალს ბრწყინვალედ აუსრულებია: კეისარმა მას «აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით, მისცნა ფიცნი და სიტკიცენი ერთობისა [და] სიყუარულისათჳის დაუწერა ოქრობეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა და მოსცა ცოლად ბაგრატის თჳს ელენედედოფალი». ქართველი მემაიანის ცნობას ადასტურებს ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი გიორგი კედრენი; რომელიც ელენეს ბაგრატზე გათხოვების თარიღად 1029-1030 წელს სდებს. დედამ თავის შვილს თანამეცხედრე მოჰგვარა და ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. დაწიოკებული და ხშირის ომებით მოქანცული ქვეყნისათვის კეისრის მოყვრობა და მეგობრობა ნამდვილი სალბუნი იყო. გახარებულმა დედამ შვილს «აღუსრულა ქორწილი, უკურთხნეს ვირგვინნი» ბანას დიდებულს ტაძარში.
სამწუხაროდ ელენე დედოფალს დიდხანს არ უცოცხლია, იგი მიიცვალა ქუთაისში  და მისი სიკვდილის შემდგომ შესწყდა აგრეთვე  ის ნათესაობრივი კავშირი, რომელიც დამყარდა საქართველოს მეფესა და ბიზანტიის კეისარს შორის. ბაგრატმა შეირთო «ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფეთა ასული, დაი დურღულელისა».

შემოერთება ანაკოფიის ციხისა

ბაგრატ IV ჰყავდა ნახევარ-ძმა დემეტრე, რომელიც ეყოლა გიორგი მეფეს «ოვსთა მეფეთა ასულსა, მეორესა ცოლსა თანა»; ამ მეორე ცოლს, გიორგი კედრენის სიტყვით, ალდე რქმევია. გიორგის გარდაცვალების შემდგომ დედა და შვილი ცხოვრობდნენ ციხე ანაკოფიაში. როგორც წინათ არა ერთხელ მომხდარა საქართველოში, ეხლაც აზნაურები შეუჩდნენ დემეტრე უფლისწულს და უნდოდათ ბაგრატ IV წინააღმდეგ აემხედრებინათ: «აზნაურთაგან იყო მთა შუა მი-და-მო საუბარი» მაგრამ ამ მოლაპარაკებიდან არა გამოვიდა რა: დემეტრე «ვერცა გაამეფეს, თუ–ცა ვის გულს ედვა.»
მეფე ბაგრატი და მისი მომხრე დიდებულებიც ცდილობდნენ, რომ საქმე დემეტრესთან შეთანხმებით გაეთავებინათ, მაგრამ «ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან და ვერცაღა თავადთა დიდებულთა». დემეტრე თავის გვირგვინოსანს ნახევარს-ძმას არ ენდობოდა და რაკი თავის წადილს ვერ მიაღწევდა ამიტომ «წარვიდა... მიმართა ბერძენთა მეფესა და წაუტანა თანა ანაკოფია აფხაზთა მეფეთა». ბიზანტიელი ისტორიკოსიც ადასტურებს და მოგვითხრობს, რომ მალე დედოფალსა და მის შვილს დემეტრეს კეისრისათვის ანაკოფია გადაუციათ; ეს მომხდარა 1032 წელს. ამგვარად, ბერძნებმა ეხლა მარტო საქართველოს დასავლეთ-სამხრეთის ნაწილიკი არ ჩაიგდეს ხელში, არამედ ჩრდილოეთითგანაც მოუარეს და საზღვარზე ფეხი ჩადგეს. მაგრამ დემეტრეს გახიზვნა საბერძნეთში ბაგრატისათვის იმ მხრივ იყო მაინც ხელსაყრელი, რომ ამით საქართველოთგან მას გაეცალა საშიშარი მეტოქე. ეხლა მას ცოტადაც არის შეეძლო დამშვიდებული ყოფილიყო; მართლაც ბაგრატ მეფე «შემდგომად ამისსა მოირჭუნა და დაეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავისსა მამულსა ზედა».

ბრძოლა თბილისის ამირას წინააღმდეგ

«ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავისსა მამულსა ზედა»). ბაგრატ IV მეფობაში იწყება ბრძოლა თბილისის ამირას წინააღმდეგაც; პირველად ქართველთა დიდებულებმა «ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბასას ძემან ქართლისა ერისთავმან მუხათგუერდს გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ და შეიპყრეს და დიდი ხანი დააყენეს პატიმრობასა და წაუღეს ბირთვისი»-ო. ეს ამბავი მომხდარა «სიყრმესავე შინა ბაგრატ მეფისასა». მემატიანის ზემომოყვანილს ცნობას ამტკიცებს ერქუშაანთ სოფლის (ამბარლო) ეკლესიის წარწერა, რომელშიაც ნათქვამია «ქორონიკონი იყო სმიბ (252)... ღირს ვიქმენ აღშენებად წმიდისა საყდრისა, ადიდენ ღმერთმან, ბაგრატ მეფისა სალოცველად და შემდგომად ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისა. მას ჟამსა მიწყია ბალავარი, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავმან ამირაჲ. მაშასადამე, ლიპარიტსა და აბასას ძეს თბილისის ამირა ჯაფარ შეუპყრიათ 1032 წელს. მაშინ ბაგრატ მეფე მხოლოდ თორმეტი წლისა იყო და მემატიანეს და მემატიანეს მართლაც შეეძლო ეთქვა, რომ ეს ამბავი მოხდა «სიმცირესავე შინა ბაგრატ მეფისასა».
მას შემდგომ, როდესაც ამირას ბირთვისი წაართვეს ქართველებმა, მცირეწლოვან გვირგვინოსანსაც შებრალებია ტფილისის მფლობელი, «შეიწყალა აფხაზთა მეფემან და განუტევა ტფილისს ზედა ამირად». თუმცა თვით ბაგრატ მეფემ განათავისუფლა ამირა ჯაფარი, მაგრამ როგორც ჩანს, მერე თითონვე დარწმუნებულა, რომ საქართველოს დედაქალაქი ტფილისი მაჰმადიანი მფლობელისათვის არ უნდა დაებრუნებინა. «შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ წაღება ტფილისისა». მეფეს მოსწონებია ეს განზრახვა და მის განსახორციელებლად ბაგრატ IV კახთა მეფე მოუწვევია მეშველად. ამ დროს კახეთში დავით მეფის მაგიერ, რომელიც მოკლა შურის ძიებით ერთმა ოსმა მონამ, მეფობდა კჳრიკეს დისწული გაგიკი, სომეხთა მეფის, სამშვილდისა ზორაკერტის მფლობელის, დავითის შვილი. როდესაც კახნი მოვიდნენ, ქართველთა შეერთებული მხედრობა და მოკავშირენი “მოადგეს ტფილისსა”, მებრძოლი ჯარი ორ ჯგუფად იყო გაყოფილი: ერთის მხრით «მტკუარსა იმიერით, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი» იდგა, მეორე მხრით, «წყალსა ამიერით, ჰისნით კერძო, მოდგინნა ლაშქარნი კახნი და ჰერნი». თუ არ გარემოცვით ისე ტფილისის აღება, ძალიან ძნელი იყო. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ქართველები «ჰბრძოდეს ორი წელ ტფილისს». ქართველთ გარდა ტფილისის ამ გარემოცვის ამბავი აღწერილი აქვს არაბ მემატიანეს იბნ ალ-ასირს; მას, სხვათა შორის თარიღიცა აქვს შენახული. გარემოცვა ქართველებს 1037-1038 წელს (429 წ. ჰიჯრ.) დაუწყიათ; ტფილისის ამირას და მკვიდრთ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ. მაგრამ რაკი გარემოცვა გაგრძელდა, ქალაქში მყოფნი ძალიან შეწუხდნენო306. რაკი არაბი მემატიაენეც ადასტურებს, რომ გარემოცვა ხანგრძლივი იყო, ამიტომ ქართველი მემატიანის ცნობა, რომ გარემოცვამ  სახელდობრ  ორ წელიწადს გასტანა, მართალი უნდა იყოს, მაშასადამე დაწყებულა 1037-1038 წელს, გათავებულა 1039-1040 წელს.
ამ ხანგრძლივმა გარემოცვამ «ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ჴორცი ხუთას დრამად იყიდდეს და ვერღარა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა». იბნ ალ-ასირიც ადასტურებს, რომ მაშინ ტფილისში სურსათის დიდი ნაკლებობა ყოფილა. ამ გარემოცვის დროსვე ქართველებმა ამირას წაართვეს და «წარტყუენე ციხნი ორბეთ და ფარცხისი». ასეთს განსაცდელში ჩავარდნილმა ამირამ ჯაფარ ალის ძემ საგანგებო მოციქული აახლა ადერბეჯანში და სთხოვდა, მიშველეთ და დამიფარეთ, ქართველები მაჰმადიანებს გვაწიოკებენო. ქართველი მემატიანის სიტყვით, როდესაც ტფილისის საამიროს არსებობის დღენი დათვლილი იყო და სასოწარკვეთილი ამირა უკვე გაპარვას აპირებდა ისე, რომ ამირამ «შეჰმზადა ტივები და ნავები, ღამით წარსულად განძას» ფიქრობდა, უცებ ქართველები აჩქარდნენ და კარგად დაწყებული საქმე თითონვე ჩაშალესო. ასეთი უცნაური საქციელის მოთავედ ზოგიერთი დიდებულები ყოფილან, რომლებმაც «ლიპარიტისაგან ფარულად განაზრახეს მეფესა არა განძევებად ამირასი და ფარულად ლიპარიტისაგან... ზავი ამირას გამოუცხადეს და დაამკჳდრეს ამირა ტფილისსა-ვე ზედა». თუ ამ მოთხრობას დავუჯერებთ, მაშინ ისე გამოდის, თითქოს მთელი ეს საქციელი დიდებულებს ლიპარიტის მტრობით ჩაედინოთ. ასე შეუხედავს ამ  ზავისათვის თვით ლიპარიტსაც, მხოლოდ იგი უმთავრესს ბრალს მაინც მეფესა  სდებდა, რომელმაც დიდებულებს დაუჯერა და მისგან ფარულად ასეთი ძნელი საქმე გადასწყვიტა; «მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავისა პატრონისა გან». იბნ ალ-ასირს შენახული აქვს ერთი ძვირფასი ნობა, რომელიც ქართველთა უცნაური აჩქარების ალბათ ერთ-ერთ მიზეზად უნდა ყოფილიყო. არაბი მემატიანე ასე მოგვითხრობს: ქართველებმა შეიტყეს, რომ სელჩუკიანნი ამირას მოსაშველებლად მოდიოდნენ, რომ მათ გზა და გზა სომხეთი უკვე აეოხრებინათ; ამიტომ ქართველებმა სელჩუკიანთა შიშით ქალაქ თბილისს სწრაფად ალყა მოხსნესო. ეს გარემოება სრულებით ახალ შუქსა ჰფენს ქართველ დიდებულთა და ბაგრატის საქციელს. ალბათ, ისინი დარწმუნებულებიიყვნენ, რომ სელჩუკიანთა შემოსევა ქართველებს კეთილს არაფერს ოუტანდა და ქვეყნის აოხრებას ისევ ნებაყოფლობით დაზავება არჩიეს. ამ მხრივ ბაგრატისა და დიდებულთა გადაწყვეტილება გონივრული და ფრთხილი იყო. ვგონებ ასე უნდა მომხდარიყო.

გალაშქრება კახეთისკენ და ლიპარიტთან დაზავება

თბილისის ამირას რომ ზავით შეეკრა, ბაგრატ მეფემ თავისგუშინდელ მოკავშირის კახთა მეფის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. მან საიდუმლო მოლაპარაკებით “იბირნა”, მიიმხრო “მთავარი მარილელი” და სხვები; გაილაშქრა კახეთს, «შეება და შეუჴდა მთასა ზედა მიქელ გაბრიელთასა და წყობასა შინა შეიპყრეს სტეფანოს ვარჯანის ძე, პანკისისა ერისთავი, და ვაჩე ძე გურგენისა, ხორნაბუჯისა ერისთავი, დ ჯედი, დისწუი გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა, და გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი კჳრიკე მეფისა აგებული». კახთა სამეფოს დაპყრობის საქმე, ასეკარგად დაწყებული, ბაგრატმა მაინც ბოლომდის ვერ იიყვანა, «ვერღარა ჩავიდეს კახეთს» და შინაურმა მტრებმა და განდგომამ აიძულა კახეთისათვის საჩქაროდ თავი დაენებებინა, მეფე დაბრუნდა თავის სამფლობელოში.
ბაგრატზე გადამტერებულმა ლიპარიტმა მეფის წინააღმდეგ ცხადი ბრძოლა დაიწყო. კახეთში გალაშქრების «შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყუანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, სამეფოდ ბერძენთა მეფისა ლაშქრითა და მიერთნეს სხუანიცა ვინმე დიდებულნი აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩავიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი». ყურადღების ღირსია, რომ აქაც გაერთიანებული საქართველოს მეფის წინააღმდეგთა ჩვეულებრივ მოკავშირეებად ბერძნები არიან; მოთავეებად როგორც ყოველთვის, რასაკირველია, ქართლის დიდებული აზნაურები იყვნენ. მათ მეშველად «ჰყუეს... კახნი და ბერძენნი». ლიპარიტსა და ქართლის აზნაურებს ვითომც დემეტრეს გამეფება ჰსურდათ; ბერძნებისა და კახთათვისაც ხელსაყრელი იქნებოდა დემეტრეს ტახტზე აყვანა იმიტომ, რომ იგი უნებლიედ მათი მომხრე და მორჩილი იქნებოდა. ატენის ციხის აღება მოკავშირეებმა ვერ შესძლეს, «რამეთუ ციხის უფალნი კაცნი მტკიცე იყუნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისასა», მხოლოდ ფარსმან თმოგველმა და თუხარისის ერისთავმა ბეშქენ ჯაყელმა უღალატეს მას. შეუდგნენ «ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო». რაკი ზამთარი მოახლოვებული იყო, ბერძნებს შინ დაბრუნება ჰსურდათ «ენება შეღმართ წასულა»; რათგან უიმათოდ ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი იყო, ამიტომ «დეაზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა». მაგრამ რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო ლიპარიტი, ისიც გვიჩვენებს, რომ თავის გუშინდელს მტერსა და მოღალატეს მეფემ «უბოძა ქართლის ერისთავობა». ესეც-კია, რომ ბაგრატ მეფე არც თუ ძალიან ენდობოდა თავის გულფიცხს ქვეშევრდომს; დაზავების დროს მას, როგორც ეტყობა «ძე ლიპარიტისა ივანე  მძევლად»  ჩამოურთმევია  მამისათვის.
მაინცა-და-მაინც ამ დაზავებით არც ბაგრატს უზარალია; რაც უნდა იყოს შინაური მტრები დააშოშმინა, ხოლო გარეულები თავითგან მოიშორა: «წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა». ამის შემდგომ მეფეს შეეძლო კვლავინდებურად შესდგომოდა სამეფო საქმეებს; მართლაც «კუალად განძლიერდა, მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა». ლიპარიტ ერისთავის ეს პირველი განდგომა უნდა მომხდარიყო  არა უგვიანეს 1047 წელს, დაახლოვებით 1044–1045 წლებში.

1045- 1046 წლის უშედეგო ბრძოლები

ლიპარიტთან მორიგების უმალ «იგდო სუემან ბაგრატისამან ჟამი, მოერთო ვესტი თ˜(9) ციხითა ანისისათა თჳნიერ ამბერდისათა და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულ ეყოდეს სომეხნი, სენაქერიმ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა». ამ ამბავის მსგავსი ცნობა არისტაკეს ლასტივერელსაც მოეპოვებოდა. როდესაც ბიზანტიის კეისარმა სომეხთა მეფე გაგიკი მოტყუებით თავისთან მიიწვია და შემდეგ თავის სამეფოში აღარ გამოუშვა, 1045 წელს ქ. ანისი უმეფოდ დარჩა, სომხებმა, მეტადრე ქალაქის ბერებმა გადასწყვიტეს ანისი ან დავით დვინელისათვის, ან არა და «ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის» მიეცათ. დედოფალს ანისში ერისთავი აბუსერი დაუდგენია გამგედ.
დემეტრე უფლისწულის კვლავ საბერძნეთში წასვლის შემდგომ, ბაგრატ მეფემ აფხაზეთი მიტაცებული ციხის დაბრუნება მოიწადინა: «ყო ჟამი გაზაფხულისა», როდესაც აფხაზეთში მყოფი მეფე ბაგრატი «მოადგა ანაკოფიას და მისწურა წასაღებლად». თუ გავიხსენებთ, რომ 1044-1045 წლებში, როდესაც ბაგრატი და ლიპარიტი შერიგდნენ, «არე ზამთრისა მოწევნილ იყო», ხოლო როდესაც ბაგრატს ანისი შეაძლიეს, რომ იმ დროს 1045 წელს იყო, მაშინ ირკვევა, რომ ანაკოფიის ციხის გარემოცვა და მიწურვა ასაღებად 1046 წლის გაზაფხულის ჟამს უნდა მომხდარიყო.
რაკი ამაზე უწინ, „მის  ჟამისა პირველ”, თბილისის ამირა ჯაფარი გარდაცვლილიყო, ქალაქის ბერებმა ქართველთა მეფეს «უქადაგეს ქალაქი და უჴუმეს». ბაგრატმა “სასწრაფოდ დააგდო” ანაკოფია. თავის მაგიერ მიუყენა ქუაბულელ ჭაჭას ძე უთაღო, თითონ-კი საჩქაროდ გადმოვიდა ქართლს. აქ მასთან «მოვიდეს სხუანი მჴმობელნი ბერნი ტფილელნი» და კვლავ ქალაქის ჩაბარება სთხოვეს. მეფე ტფილისისაკენ წარემართა; მას «მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა», ხოლო «ყოველი ერი ქეითი, დაკაზმული უმედეულსა»; დანარჩენნი მცხოვრებნი-კი, “დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანსა”, მეფე ბაგრატი დიდის ამბით საქართველოს დედაქალაქში შეაბრძანეს: «იყო ჴმობა ბუკთა დაუდუმებელთა ორკერძოვე» და «იყო სიხარული ორკერძოვე განსაკვირვებელი»; მეფე ქალაქში შემოატარეს და «ასხმიდეს დრაჰკანსა»; შემდეგ «მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი» და ყველა უმაღლესი პირნი «შეიყარნეს საამიროსა არბაზსა»; ქ «დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად», აიღო «აღიხუნაკოშკნი კართანი», ამასთანავე «აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორისანი და დაადგინა შიგა ერისთავნი თჳსნი». მთელი ქალაქი დაემორჩილა ისანს გარდა, «ისნელთა ჩააგდეს ჴიდი და არა მისცნეს ისანი». რაკი თავისი ნებით არ დაემორჩილნენ, ისანს «დაუდგნ ეს ფილაკავანნი და ბრძოდეს ისნთა და ესროდეს ისარსა.»
როდესაც ბაგრატ მეფე ისანს ებრძოდა, «ისნისა ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავი გოდერძი და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშვიდობისა ძებნად». მეფემ მიიღო სადარბაზოდ მოსულნი კახელები და «მისცა მშვიდობა»; რაკი ბაგრატმა კახეთის მეფეს და დიდებულებს მშვიდობიანობა აღუთქვა, რასაკვირველია ამით კახეთის სამეფოს არსებობა, დროებით მაინც, უზრუნველყოფილი იყო. სხვაფრივ ბაგრატს არც შეეძლო მოქცეულიყო: ჯერ თბილისის გარეთუბანს ისანს ებრძოდა და მერე ლიპარიტის მხრივაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი ასეთს მდგომარეობაში კიდევ კახელების მომდურება არაფერი ჭკუა იქმნებოდა.
მთელი ზაფხული ბაგრატმა ისნის წინაამღდეგ ბრძოლას მოანდომა და მაინც ვერ აიღო.
«ვითარ გარდაჴდეს ამას შინა დღენი ზაფხულისანი», ლიპარიტმა ბაგრატ მეფეს ისევ მტრობა დაუწყო: გამოტყუებით მან «გამოიყუანნა ანისით [დადგენილი] აბუსერი ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხის-ჯუარისა და აწყურის ციხის პატრონი და იოვანე ერისთავ დადიანი და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა». ამ ამბავმა ისე შეაწუხა მეფე, რომ მან ისანს თავი დაანება და «დააგდო ტფილისი მეფემან და გავიდა ჯავახეთს». ამგვარად, თბილისი ქართველთა მეფეს ისევ ხელითგან გამოეცალა. იგივე ბედი ეწია ქ. ანისსაც; არისტაკეს ლასტივერელის სიტყვით სომეხთა კათალიკოზს პეტროსს ისინი ანგაარებით ბერძნებისათვის გადაუცია.

ბრძოლა ლიპარიტთან

თბილისითგან წასული ბაგრატ მეფე ღრტილას დადგა; მაწყვერელმა მეფეს მესხნი მოაშველა; ლიპარიტს მიემხრნენ, როგორცმოსალონელიც იყო, კახნი და შეერთებულის ძალით ლიპარიტ ბაგრატ მეფეს ფოკათა მხრივ მიადგა. მაგრამ სწორედ ამ დროს მაწყვერელმა მეფეს უღალატა და «შეეზრახა ლიპარიტს». ეს რომ ბაგრატმა შეიტყო, მორიდება არჩია: “ზამთრისა ბუქთა საშინელთა”, მაშასადამე, 1046 წელს დამლევს, ან 1047 წელს დამდეგს, დაიძრა და ქართლში ჩავიდა. ლიპარიტმა მეფე ბაგრატის დასაუძლურებელად საბერძნეთითგან მისი ძმა დემეტრე გამოიყვანა; ამასთანავე «ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო». ამას გარდა ჩვეულებისამებრ ლიპარიტის მომხრედ და მეშველად «იყუნეს თანამდგომნი კახნი ძალითა მათითა და დავით, სომეხთა მეფე, ძალითა მისითა ამის კერძოსა ქართლისათა». ბაგრატისათვის მეტად სახიფათო იყო ლიპარიტის უკანასკნელი ხერხი; როგორც პირველად, ეხლაც საქართველოს მკვიდრთაგან ბევრნი მეფის მეტოქე ბატონისშვილს მიემხრობოდნენ, მეტადრე მდაბიო ხალხი. მართლაც მეფის ძმის მოსვლამ «განხეთქნა ამისსა მეფობისა კაცნი: რომელნიმე წარუდგინნა დემეტრეს და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთგულებასა შინა». რაკი ბაგრატ მეფეს ლიპარიტის შვილი ივანე მძევლად ჰყავდა, ხოლო ერისთავი აბუსერი ლიპარიტთან იყო დატყვევებული, ამით ისარგებლა ლიპარიტმა და თავისი შვილი განსაცდელისაგან იხსნა: მან თავისი შვილი «ითხოვა ბაგრატისაგან და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავისა ციხითა».
ამით მაინც ბრძოლა არ შეწყვეტილა, ბაგრატი და ლიპარიტი «შეიბნეს თავსა სასირეთის ჭალისასა». ამ ომში ლიპარიტისა და ბერძენთა შეერთებულმა მხედრობამ «კულა შეიპყრნეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მის თანა». თუმც «მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემატრე», მაგრამ ლიპარიტის მტრობამ მეფე, მაინც დიდს საგონებელში ჩააგდო, საქმე გაუჭირა იმიტომ, რომ «შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა განხეთქილებასა». რაკი თავისი ქედფიცხელი და ძლიერი მოყმის დამარცხება არ შეეძლო, «უქმნა მუდარა ლიპარიტს და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლესა». მაგრამ ლიპარიტს შერიგება არ ჰსურდა, არც უნდოდა რომ ბაგრატი თვალით დაენახა. ამიტომ «რა ცნა ლიპარიტ მოსულა მისი, არა ნახა, გარიდა მუნით, შეიქცა და წარვიდა აფხაზეთს».
თუ ბიზანტიელს ისტორიკოსს გიორგი კედრენს დავუჯერებთ, არც გასაკვირველია, რომ ლიპარიტს მეფის ნახვა არ უნდოდა და ბაგრატის დაუძინებელ და შეურიგებელ მტრად გადაქცეულა. ბიზანტიელ მემატიანეს 1048 წელს ქვეშე მოთხრობილი აქვს, რომ ბაგრატ მეფეს თავისი ურჩი მოყმის დასამცირებლად ყოვლად საზიზღარი საქციელი ჩაუდენია: პირადად რომ ლიპარიტს ვერა დააკლო რა, ბაგრატმა ლიპარიტის ცოლს პატიოსნება აჰხადაო. ამგვარი ბარბაროსული შურისძიება და მტრობა ბიზანტიაში მიღებული ყოფილა. საქართველოს შესახებ ეს ერთადერთი ცნობილი მაგალითია. ამის ჩამდენს ბაგრატ მეფეს ან რა პირით უნდა ენახა ლიპარიტი, ან რა გასაკვირველია, თუ ლიპარიტმა შესარიგებლად მიმავალს მეფეს ზურგი შეაქცია და ბაგრატთან ლაპარაკი არ ჰსურდა. იგივე ბიზანტიელი მემატიანე მოგვითხრობს, რომ ლიპარიტმაც იმგვარივე სამარცხვინო სამაგიერო შურისძიება ჩაიდინა: მეფე აფხაზეთში განუდევნია, სამეფო სასახლეს თავს დაეცა და ბაგრატის დედა გააუპატიურაო. ამ ორივე საზიზღარი საქციელის შესახებ არც ქართველი, არც სომეხი ისტორიკოსები არას ამბობენ.
რაკი პირადის მოლაპარაკებით მშვიდობიანობა ვერ ჩამოაგდო, სულა, კალმახის ერისთავისა და არტანუჯის ერისთავის გრიგოლ აბუსერის ძისა და სხვა მესხ-აზნაურთა თხოვნის გამო ბაგრატ მეფე ერთხელ კიდევ შეებრძოლა ლიპარიტს; მეფემ ლაშქრითურთ «გარდამოვლო გზა რკინის ჯუარისა» და თავის ერთგულს ყმებს არყის ციხესთან შეეყარა. როდესაც ლიპარიტმა ეს ამბავი შეიტყო, თავისი ჯარი შეკრიბა, მეშველად ისევ კახნი, სომეხნი და ბერძენნი მოიწვია. სანამ ბაგრატი თავისიანებით სამზადისში იყო, ლიპარიტი სწრაფად «მიუჴდა უგრძნეულოდ არყის ციხეს და შეიბნეს; სძლია ლიპარიტმა და გააქციეს მეფე». ამ ბრძოლითგანაც გამარჯვებული ლიპარიტი გამოვიდა; მას ძლევამოსილს ტყვედ ჩაუვარდა ხელში მისი მტრები “სულა კალმახისა პატრონი” და გრიგოლ ძე აბუსერისი; ლიპარიტმა და მისმა მოკავშირეებმა სულას «მრავლითა ტანჯვითა და ძელისა გასუმითა სთხოვეს კალმახი», მაგრამ მან არ დაუთმო; გრიგოლსაც «სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა» და ამან-კი ვერ გამოიჩინა შესაფერისი გულადობა და მისცა.
იმას გარდა რომ ლიპარიტი თვით იყო ერმრავალი, ძლიერი და მდიდარი – მას ბიზანტიის კეისრისგანაც ზურგი ჰქონდა გამაგრებული; ესეც-კია, რომ ბერძნებისათვის ძალიან ხელსაყრელი იყო ლიპარიტის მეგობრობა. თითქმის ყოველს დიდს ლაშქრობაში, რომელიც-კი ბერძნებს აღმოსავლეთში შემთხვევიათ, ბიზანტიელების მოკავშირედ ლიპარიტი იყო. 1047 წელს მაგ. «წარვიდა ლიპარიტ დვინად და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა». ერთი წლის შემდგომ, «შემდგომად წელიწადის მოქცევისა», როდესაც სულტანი იბრაჰიმ ალიმიანი შეესია ბასიანს და მის წინააღმდეგ ბერძენთა მხედრობამ გამოილაშქრა, ბერძნებმა «უჴმეს ლიპარიტს და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა». ამ ბრძოლითგან გამარჯვებული თურქები გამოვიდნენ: «გააქციეს ყოველი სპა საბერძენეთისა და ლიპარიტისა», დიდძალი ხალხი დახოცეს თურქებმა და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყუანეს ხუარასანს სულტანსა თანა»,. ეს ბრძოლა 1048 წელს ენკენისთვეში მომხდარა.



1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014