პომპეუსი და არისტარქე კოლხი

1 2

ძვ. წ. I საუკუნის რომის რესპუბლიკის კრიზისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დაიწყო გაუთავებელი სამოქალაქო ომების, პროსკრიფციების, შეთქმულებებისა და კონსფისკაციების ეპოქა. ცხადი გახდა, რომ რომის რესპუბლიკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და “მსოფლიო ცენტრი”  გარდაუვალ სისტემურ ცვლილებებს მოითხოვდა. სხვადასხვა  სოციალურ-პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პერმანენტული დაპირისპირების პროცესში ისტორიის ასპარეზზე გამოდიან ცალკეული სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც აშკარად აცხადებდნენ პრეტენზიას ერთმმართველობაზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო გნეუს პომპეუსი (ძვ. წ. 106 - 48 წწ.), რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული არა მხოლოდ ძვ. წ. I საუკუნის 70-50-იანი წლებში რომის საშინაო-პოლიტიკური  ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, არამედ გვიანდელი  რესპუბლიკის  გრანდიოზული საგარეო ექსპანსია  აღმოსავლეთში და წინა აზიაში “რომაული წესრიგის” დამყარება. პომპეუსის  აღმოსავლური კამპანიით წინა აზიაში იწყება მის მიერ დანიშნული ცალკეული მეფეების, მმართველებისა თუ დინასტების აღზევების ხანა, რომელთა უმრავლესობაც პომპეუსის დაცემასთან ერთად გაქრა ისტორიის არენიდან. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა კოლხთა დინასტი არისტარქეც.
პომპეუსი ძვ. წ. I საუკუნის 80-იანი წლებში მიწურულს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და აქტიურად ჩაერთო იმ დროს რომში მიმდინარე სამოქალაქო ომში. ძვ. წ. 83 წელს იგი თავისი რაზმით გამოცხადდა სულას ბანაკში და ამ უკანასკნელის განსაკუთრებული კეთილგანწყობაც დაიმსახურა
(Plut., Pomp., 6-8). ამ პერიოდიდან მოყოლებული პომპეუსი რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. მას სრულიად ახალგაზრდას უწოდეს “დიდი” (Magnus). პომპეუსი იმპერატორი  და ტრიუმფატორი გახდა იმ ასაკში, როცა მას ჯერ კიდევ არ შეეძლო სახელმწიფო მაგისტრატურების დაკავება ( Plut., Pomp., 13; Моммзен, 2002: 12-13).
მართალია პომპეუსი ჩინებული მეომარი, მამაცი და გამოცდილი სამხედრო მოღვაწე იყო, მაგრამ იგი არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული მთავარსარდალი (Моммзен, 2002: 11). თუმცა, შესაძლოა რამდენადმე გადაჭარბებულიც იყოს თ. მომზენის შეფასება, რომ პომპეუსი გამოირჩეოდა ზედმეტი სიფრთხილით, რომელიც ხშირად სიმხდალესაც კი  ემსგავსებოდა და იგი მხოლოდ შექმნილმა მდგომარეობამ გახადა მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე (Моммзен, 2002: 11). ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ პომპეუსის სახელთანაა დაკავშირებული ბრწყინვალე გამარჯვებები და მან შეძლო რომის ისტორიის  ურთულეს ეპოქაში ყოფილიყო რესპუბლიკის როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა.
პომპეუსს დიდი ავტორიტეტი შესძინა ანტისენატური ძალების _ ციზალპური გალიის მმართველის იუნიუს ბრუტუსისა და ძვ. წ. 75 – 72 წლებში ესპანეთში სერტორიუსის წინააღმდეგ ჩატარებულმა  წარმატებულმა კამპანიებმა
(Plut., Pomp., 16-20). ძვ. წ. 71 წელს სპარტაკის აჯანყების (ძვ. წ. 74-71 წწ.) დასკვნით ეტაპზე პომპეუსი გამოძახებულ იქნა ესპანეთიდან და ამ აჯანყების უკანასკნელი კერების ჩაქრობით, მას როგორც პლუტარქე  (ახ. წ. 46-120 წწ.) აღნიშნავს, “ბედმა ერთგვარად ამ გამარჯვებაშიც არგუნა წილი” (Plut., Pomp., 21). პომპეუსი კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში და საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის წარმატებულად ლავირებდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ძვ. წ. 70 წელს  თავისი ძველი პოლიტიკური მოწინაღმდეგეების – პოპულარების მხარდაჭერით, პომპეუსი კრასუსთან ერთად, კონსულად იქნა არჩეული. სწორედ პომპეუსისა და კრასუსის კონსულობის დროს მოხდა მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერის – სულას მიერ დამყარებული პოლიტიკური წესრიგის ლიკვიდაცია (Кузищин, 2005: 97-98). კონსულობის ვადის გასვლის შემდეგ პომპეუსი ფაქტობრივად ჩამოშორდა  აქტიურ პოლიტიკას (Plut., Pomp., 23). თუმცა იგი მალევე, თანაც უფრო მაღალ რანგში, დაუბრუნდა სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას და მას იმ დროისთვის რომის სახელმწიფოს წინაშე მდგარი ორი უმწვავესი პრობლემის – ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეობის აღკვეთა და აზიაში მითრიდატე VI- ის (ძვ.წ. 120-63 წწ.) წინააღმდეგ გაჭიანურებული სამხედრო კამპანიის დასრულება დაეკისრა.
ძვ. წ. I საუკუნის პირველ ნახევარში მეკობრეობამ ხმელთაშუა ზღვაზე იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ მასში, აპიანეს ცნობით (დაახ. 90-170 წწ.), აქტიურად იყვნენ ჩართული “კილიკიელები, სირიელები, კვიპროსელები, პამფილიელები, პონტოელები და თითქმის ყველა აღმოსავლელი ხალხები”
(App., Mithr., 92). მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ ხმელთაშუა ზღვაზე მოთარეშე მეკობრეებმა რომი ფაქტობრივად მოწყვიტეს აღმოსავლურ სამყაროს, იტალია შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენეს და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო გახდა ექსტრაორდინარული უფლებებით აღჭურვილი მთავარსარდლის დანიშვნა. ძვ. წ. 67 წელს სახალხო ტრიბუნის ავლუს გაბინიუსის კანონის თანახმად ასეთ მთავარსარდლად პომპეუსი იქნა არჩეული. პომპეუსმა სამი წლით მიიღო უმაღლესი იმპერიუმი, ფაქტობრივად დიქტატორული უფლებები მთელ ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე სანაპირო ზოლზე 75 კმ სიღრმეში. ამ ფარგლებში მას უნდა დამორჩილებოდა ყველა რომაული პროვინციის მმართველი და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, ხოლო აღმოსავლეთის მეფეებსა და ხალხებს დაეგზავნათ განკარგულება, რომ ყოველმხრივ დახმარებოდნენ პომპეუსს. პომპეუსს გადაეცა დიდი არმია, ფლოტი და უზარმაზარი ფინანსური რესურსები. გარდა ამისა, პომპეუსს მიეცა მისდამი რწმუნებულ ტერიტორიებზე დამატებითი ჯარებისა და ფულის შეკრების და მათი საკუთარი სურვილით განკარგვის უფლება. ასეთი ყოვლად უპრეცედენტო უფლებებით აღჭურვილმა პომპეუსმა შეკრიბა 120 000 ქვეითი მეომარი, 4 000 ცხენოსანი, 260 ხომალდი, 25 ლეგატი და მოკლე დროში ხმელთაშუა ზღვა მთლიანად გაწმინდა მეკობრეებისაგან (Plut., Pomp., 25-29; App., Mithr., 94). მეკობრეთა წინააღმდეგ ჩატარებული წარმატებული ექსპედიციის შემდეგ პომპეუსის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა და მომდევნო წელს, ამჯერად უკვე მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მან კიდევ უფრო ფართო უფლებები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მითრიდატულ ომებში რომაელებმა არაერთგზის დაამარცხეს პონტოელები, სარდლები აზიიდან “ბრუნდებოდნენ გამარჯვების ნიშნებით, თვით გამარჯვებით კი ვერა” (Cic., Pro Lege Manilia, III ).  განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლუკულუსის მიღწევები. III მითრიდატულ ომში (ძვ. წ. 74-63 წწ.) ლუკულუსის ლეგიონებმა სასტიკად დაამარცხეს მითრიდატე VI და მოახდინეს პონტოს ტერიტორიის ოკუპაცია, რის შემდეგაც შეიჭრნენ მითრიდატეს მოკავშირე არმენიაში. რომაელებმა ძვ.წ. 69 წ. ტიგრანოკერტთან გამართულ ბრძოლაშიც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლუკულუსმა მაინც ვერ შეძლო სრული გამარჯვების მოპოვება და მითრიდატე VI-ის საბოლოოდ განადგურება. არმიაში დაწყებული უკმაყოფილების გამო, ლუკულუსი იძულებული გახდა უკან დაეხია, ხოლო მითრიდატემ კვლავ აღადგინა თავისი ძალაუფლება პონტოზე (Plut., Lucul., 26-32; Dio Cass., XXXVI, 1-17; App., Mithr., 72-91). ასეთ ვითარებაში  ძვ. წ. 66 წელს რომის აღმოსავლური ჯარების სარდლობა დაეკისრა გნეუს პომპეუსს, რომელმაც გაიუს მანილიუსის კანონპროექტის   (Lex De Bello Mithridaticco) მიხედვით აღმოსავლეთში ერთპიროვნული და განუსაზღვრელი ძალაუფლება მიიღო. ამ კანონპროექტით რამდენიმე მაგისტრანტს შორის გადანაწილებული აზიის საქმეები თავმოყრილი იქნა პომპეუსის ხელში. პომპეუსს გადაეცა ლუკულუსის გამგებლობაში მყოფი ჯარი და ყველა ტერიტორია, ასევე დამატებით კილიკია და ბითინია. გარდა ამისა, პომპეუსის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო ფლოტი და ზღვაზე განუსაზღვრელი მბრძანებლობის უფლება იმავე პირობით, როგორც ეს თავიდან, გაბინიუსის კანონით ჰქონდა. პომპეუსს უფლება ეძლეოდა დამოუკიდებლად ეწარმოებინა ომი და ჩამოეგდო ზავი; სენატის დაუკითხავად ეცნო “რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ” ან მტრებად ისინი, ვისაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ; თავის ნებაზე გამოეყენებინა ყველა არმია და სამხედრო რესურსი, რომელიც იტალიის გარეთ იმყოფებოდა (Plut., Pomp., 30, App., Mithr., 97; Cic., De Imperio Gn. Pompei, III. 8; IV, 9; IX, 22). ამრიგად, პომპეუსმა სრულიად კანონიერად მიიღო მთელი ძალაუფლება. ის ცხადდებოდა მთელი სახელმწიფოს დამოუკიდებელ, სრულუფლებიან და ვადაგანუსაზღვრელ განმგებლად. მხოლოდ თვით რომი და იტალიის ცენტრალური ნაწილი  რჩებოდა რომაული კონსტიტუციის  მოქმედების არეალში [სანიკიძე, 1970: 249].
ძვ. წ. 66 წელს პომპეუსის უზარმაზარი არმია შეიჭრა პონტოს ტერიტორიაზე. მოქნილი დიპლომატიის წყალობით რომაელებმა მოახერხეს მითრიდატეს იზოლაციაში მოქცევა და იმავე წელს ნიკოპოლთან ბრძოლაში, მოკავშირეების გარეშე დარჩენილმა პონტოელთა არმიამ საბოლოო მარცხი განიცადა. დამარცხებული მითრიდატე მცირე რაზმით სომხეთში გაიქცა, მაგრამ მისი ძველი მოკავშირე ტიგრან II (ძვ. წ. 95 – 56 წწ.)  მას ამჯერად მტრულად შეხვდა
(Dio Cass, XXXVI, 59, 1) და იგი იძულებული გახდა ევფრატის ზემოწელის, ხოლო შემდეგ ჭოროხის ხეობის გავლით კოლხეთში გადასულიყო (App., Mithr., 101). რომაელები კი შეიჭრნენ არმენიაში, დაიმორჩილეს ტიგრან II, შემდეგ დაამარცხეს ალბანელები და გაილაშქრეს იბერიაზე. პომპეუსმა სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა იბერები (Plut., Pomp., 34, Dio Cass, XXXVII, 1, 1-5; 2, 1-7) და ძვ.წ. 65 წელს  მითრიდატეს კვალდაკვალ, რომელმაც ძვ. წ. 66/65 წლებში ზამთარი დიოსკურიაში გაატარა (App.,  Mithr., 101)  კოლხეთში შევიდა.
კოლხეთი ჯერ კიდევ ძვ. წ. 105-90 წლებიდან მითრიდატეს ვრცელი სამეფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული და ძვ. წ. 85-83 წლებს შორის ხანმოკლე პერიოდის გარდა, როცა აქ დროებით აღდგენილი იქნა ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება, პონტოს სამეფოს ერთ-ერთ სატრაპიას წარმოადგენდა [ფიფია, 1998: 18-22]. პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ყოფნისას, როგორც ჩანს,  კოლხეთში კვლავ შენერჩუნებული იყო ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა ტრადიციულ  “სკეპტუხიებად”, ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ ერთეულებად, თუმცა ამ პერიოდში მათი  ცენტრიდანული ტენდენციები შეზღუდული იყო [ფიფია, 2003: 193]. პომპეუსის კოლხეთში შესვლის დროისათვის მითრიდატეს უკვე დატოვებული ჰქონდა ეს ქვეყანა და ბოსფორში იყო გადასული. კოლხეთს, როგორც პონტოს სამეფოს ერთ-ერთ სატრაპიას, პონტოს შემადგენლობაში შემავალ მთლიან პოლიტიკურ ერთეულს და მის პონტოურ ადმინისტრაციას რომაელებისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობა არ გაუწევია [ფიფია, 2005: 28].  კოლხეთის უკანასკნელმა პონტოელმა მმართველმა, სტრაბონის დედის ბიძამ  მოაფერნემ
(Strabo, XI, 2,18), როგორც ჩანს, მითრიდატესთან ერთად დატოვა კოლხეთი და ბოსფორში გაიქცა. შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით, მითრიდიტე VI-ის დამარცხების შემდეგ დაწყებული არეულობით ისარგებლეს ადგილობრივმა “სკეპტუხებმა” და კვლავ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება სცადეს. როგორც ჩანს, სწორედ ცალკეულ “სკეპტუხებთან” უწევდა პომპეუსს ურთიერთობა კოლხეთში ლაშქრობის დროს. ამას უნდა გულისხმობდეს დიონ კასიოსის (დაახლ. 153-235 წწ.) ცნობაც, რომ კოლხეთში პომპეუსი “მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით” (Dio Cass., XXXVII, 3,2). პომპეუსს `სკეპტუხთა~ ნაწილის დამორჩილება იარაღის ძალით მოუხდა. ფლორუსის ცნობით, რომაელებს არ დაემორჩილა და კავკასიონის მთებს შეაფარა თავი კოლხთა მმართველმა ორქოზმა (Flor., XL, 28), რომელიც, რეალურად, როგორც ჩანს, ერთ-ერთი `სკეპტუხი~ უნდა ყოფილიყო. რომაელებს მტრულად უნდა დახვედროდა `სკეპტუხი~ ოლთაკეც, რომელსაც აპიანე პომპეუსის ტრიუმფში მონაწილე ტყვეთა შორის იხსენებს [App., Mithr., 117; Меликишвили, 1959: 330. შდრ. ქავთარია 2010 ა]. მკვლევართა ნაწილის აზრით, ოლთაკე შესაძლოა ვანის `სკეპტუხთა~ გვარიდან იყო [ინაძე,ჶ 1987: 55].
ამდენად, პონტოს სამეფოს დაცემის შემდეგ, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული `სკეპტუხიები~ კვლავ გააქტიურდნენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ `სკეპტუხებს~, რომლებიც მითრიდატეს მმართველობის პერიოდში პონტოს სამეფოს მოხელეებს, ცალკეული ადმიისტრაციული ერთეულების მეთაურებს წარმოადგენდნენ, მითრიდატეს საბოლოოდ განადგურების შემდეგაც ებრძოლათ პონტოს ინტერესებისათვის. მათი მხრიდან რომაელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას ერთადერთი ახსნა აქვს: როგორც ჩანს, მითრიდატეს მმართველობის ბოლოს, `სკეპტუხებმა~ კვლავ დაიბრუნეს ის მდგომარეობა, რომელიც მათ პონტოს მიერ კოლხეთის დაპყრობამდე ჰქონდათ [ლომოური, 1968: 21 – 22], და ისინი პონტოს სამეფოს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურებიდან კვლავ დამოუკიდებელ მმართველებად იქცნენ. ასეთ შემთხვევაში კი გასაგებია, რომ `სკეპტუხები~ წინააღმდეგობას უწევენ რომაელებს, რომელთა კოლხეთში დამკვიდრებაც მათ უფლებებს საგრძნობლად შეზღუდავდა.
თუმცა, პომპეუსმა სწრაფად დაძლია კოლხეთის ცალკეულ `სკეპტუხიათა~ წინააღმდეგობა, გაიარა შიდა კოლხეთი და მივიდა ფასისამდე, სადაც მას პუბლიუს სერვილიუსი უცდიდა სამხედრო ფლოტით, რომელსაც ბლოკირებული ჰქონდა კოლხეთის სანაპირო
(Plut., Pomp., 34; Dio Cass., XXXVII, 3,1-3). სწორედ ამ პერიოდში გამოდის ისტორიის ასპარეზზე არისტარქე, რომელიც პომპეუსმა კოლხეთის დინასტად დანიშნა (App., Mithr., 114). წყაროებში არავითარი მინიშნება არაა დაცული არისტარქეს წარმომავლობის შესახებ. მართალია მისი სახელი ბერძნულია, თუმცა ეს ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს მისი ეთნიკური კუთვნილების დამამტკიცებლად, რამდენადაც, ბერძნული სახელები ფართოდ იყო გავრცელებული კოლხთა ზედაფენებში [Лордкипанидзе, 1970: 37]. პომპეუსის მიერ არისტარქეს დინასტად დასმა რომის აღმოსავლური პოლიტიკის კანონზომიერი მოვლენა იყო. დინასტის ხელისუფლება აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული, ადგილობრივი ინსტიტუტი იყო [Reinach, 1890: 77]. რომაელები კი, როგორც  ცნობილია, ახლადდამორჩილებულ ქვეყნებში თავდაპირველად ანგარიშს უწევდნენ ადგილობრივ ნორმებს, არ ცვლიდნენ არსებული სამმართველო აპარატის სტრუქტურას და მას თავიანთ სამსხურში აყენებდნენ [Ранович, 1949: 71]. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პომპეუსის მიერ აღმოსვლეთში ახლადაღზევებული მეფეების, მმართველებისა და დინასტების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში, რომელიც შემონახულია აპიანესთან (მეფეები: ტიგრანე-არმენიაში, ფარნაკე-ბოსფორში, არიობარზანი-კაპადოკიაში, ანტიოქოსი-კომაგენაში; ტეტრარქოსები: გალოგრეკების–დეიოტარი, პაფლაგონიის-ატალოსი; გარდა ამისა, კომანას მთავარი ქურუმი, რაც სამეფო ხელისუფლებას ედრება – არქელაოსი (App., Mithr. 114),” ყველა ადგილობრივი წარმომავლობისაა, მაშინ არისტარქეს კოლხობაც საეჭვო არ უნდა იყოს [ქავთარია, 2010 ბ].
სპეციალურ ლიტერატურაში მიღებულია, რომ არისტარქე იყო ადგილობრივი დიდებული ან ერთ-ერთი `სკეპტუხი~, რომელიც ოლთაკესაგან განსხვავებით, მხარს უჭერდა პომპეუსს და კოლხეთის მმართველად დაინიშნა რომაელთათვის გაწეული სამსახურის გამო [Лордкипанидзе,
1970: 37; Reinach, 1895: 407; Magie, 1950: 374]. გამორიცხული არ არის, რომ იგი თავიდანვე არ ემორჩილებოდა მითრიდატე ევპატორს. შესაძლოა, არისტარქე იყო იმ `სკეპტუხთა~ შთამომავალიც, რომელიც ძვ. წ. 105-90 წლებში იარაღით უწევდა წინააღმდეგობას პონტოელთა დამკვიდრებას კოლხეთში. პონტოს მიერ კოლხეთის დაპყრობისა და განსაკუთრებით ძვ. წ. 85 – 83 წლებში. აქ ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის რესტავრაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ანტიმითრიდატული ძალები იძულებული იქნებოდნენ სამშობლო დაეტოვებინათ. საყურადღებოა უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრება, რომ არისტარქემ მეზობელ იბერიას შეაფარა თავი და იგი პომპეუსის ჯარებთან ერთად შემოვიდა კოლხეთში [ქავთარია, 2010 ბ]. თუმცა, ვფიქრობთ, არც ისაა გამორიცხული, რომ არისტარქეს, მითრიდატული ომების დასკვნით ეტაპზე, როდესაც ლუკულუსმა ფაქტობრივად გაწმინდა პონტოს ტერიტორია მითრიდატეს ჯარებისაგან და ამ უკანასკნელმა, სომხეთს შეაფარა თავი, კოლხეთის ტერიტორიის ერთ ნაწილზე აღედგინა თავისი ძალაუფლება. მართალია, არისტარქეს მოსვლა კოლხეთის ხელისუფლების სათავეში უაღრესად მწირადაა ასახული ანტიკურ ლიტერატურაში, თუმცა წყაროებში დაცული ზოგიერთი მინიშნება, ვფიქრობთ, იძლევა ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა პლუტარქეს ერთი ცნობა, რომელიც ეხება გაიუს მანილიუსის კანონის მიხედვით პომპეუსისათვის მინიჭებულ ძალაუფლებას. პლუტარქეს ცნობით, `ეს კანონი (იგულისხმება მანილიუსის კანონი – კ. ფ.) სინამდვილეში  იმას მოასწავებდა, რომ რომაელთა ძალაუფლება მთლიანად ერთი პიროვნების ხელში მოქცეულიყო. ფრიგია, ლიკაონია, კაპადოკია, კილიკია, ზემო კოლხეთი და სომხეთი, ესე იგი ის პროვინციები, რომლებიც, როგორიც ჩანს, პირველი გადაწყვეტილებით (გაბინიუსის კანონპროექტით – კ.ფ.) პომპეუსის განკარგულებაში არ შედიოდა, ახლა მის გამგებლობაში ექცეოდა მთელი იმ ბანაკებითა და ჯარებითურთ, რითაც ლუკულუსმა მითრიდატე და ტიგრანი დაამარცხა” (Plut., Pomp., 30).
ამდენად, ძვ. წ. 66 წელს პომპეუსისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების ჩამონათვალში პლუტარქე `ზემო კოლხეთსაც~ იხსენიებს. ამ ცნობიდან გამომდინარე იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ დროისათვის კოლხეთი თითქოს უკვე შედიოდა რომაულ სამფლობელოებში. თუმცა,  ეს ასე არაა [Дреер, 1994]. როგორც ზემოთ ვნახეთ, კოლხეთი წარმოადგენდა მითრიდატეს ერთ-ერთ ბოლო თავშესაფარს და საბოლოოდ დამარცხების შემდეგ იგი სწორედ აქედან გადავიდა ბოსფორში.  სხვათა შორის პლუტარქემაც კარგად იცის თუ როდის ხდება რეალურად პომპეუსის მიერ კოლხეთზე კონტროლის დაწესება და რამდენიმე პარაგრაფის შემდეგ, ძვ. წ. 65 წლის კამპანიის აღწერისას, აღნიშნავს `დაამარცხა თუ არა იბერები, პომპეუსი  კოლხეთში შეიჭრა. მდ. ფასისის სანაპიროზე მას შეაგება სერვილიუსი თავისი ფლოტით, რომლითაც იგი პონტოს იცავდა~
(Plut., Pomp., 34). მაშინ რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ პლუტარქე უკვე ძვ. წ. 66 წლისათვის `ზემო კოლხეთს~ პომპეუსისადმი დაქვემდებარებულ ოლქად მიიჩნევს?
მართალია, პლუტარქეს `პარალელურ ბიოგრაფიებში~ გვხვდება მრავალი უზუსტობა [იხ. ბერძენი...1998: 125-134], მაგრამ ვფიქრობთ, ძნელია ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტი უბრალო შეცდომას მიეწეროს და აქ `ზემო კოლხეთი~ შემთხვევით იყოს მოხსენიებული. ამ ცნობაში რაიმე შეცდომასთან ან შემთხვევითობასთან რომ გვქონდს საქმე, მაშინ პლუტარქე პომპეუსის საგამგებლო ტერიტორიების ჩამონათვალში უბრალოდ `კოლხეთს~ მოიხსენიებდა და არ მოახდენდა მის დაკონკრეტება-დაზუსტებას `ზემო კოლხეთად~. აქედან გამომდინარე, პლუტარქეს ეს ცნობა ხომ არ შეიძლება იმის დამადასტურებლად ჩაითვალოს, რომ კოლხეთის მთიან ნაწილში, `ზემო კოლხეთში” ამ პერიოდისათვის უკვე აღარ ვრცელდებოდა მითრიდატეს ძალაუფლება?
ფაქტია, რომ პონტოელთა ძალაუფლება მთელ კოლხეთში ერთნაირი არ იქნებოდა. ისინი მტკიცედ დამკვიდრდნენ კოლხეთის ზღვისპირეთსა და ცენტრალურ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთის მიუვალი, მთიანი ნაწილი კი, ძნელი წარმოსადგენია, რომ მითრიდატეს რეალურად გაეკონტროლებინა. ეს მოგვიანებით რომაელებმაც კი ვერ მოახერხეს. ასეთი ვითარებაში, ცხადია, კოლხეთის მთიანი რაიონები, `ზემო კოლხეთი~ ანტიმითრიდატული ძალების თავშესაფარს წარმოადგენდა. შესაძლებელია, ეს ძალები მონაწილეობდნენ კიდეც მითრიდატე უმცროსის აჯანყებაში, როდესაც რომთან პირველ ომში (ძვ. წ. 89-84 წწ.) ჩაბმული მითრიდატე ევპატორი იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა კოლხეთის მოთხოვნა და აქ დროებით, ძვ. წ. 85-83 წლებში აღედგინა სამეფო ხელისუფლება (
App., Mithr., 64; ფიფია, 1998: 18-22).  მოგვიანებით კი, როცა მითრიდატემ საკუთარი შვილი მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსი სიკვდილით დასაჯა და კოლხეთი კვლავ სატრაპიად გადააქცია, ამ ოპოზიციურად განწყობილ ძალებს კოლხეთში არ ედგომებოდათ. მათი ხელახალი გააქტიურება უნდა დაწყებულიყო ძვ. წ. 72 წელს, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლუკულუსმა მოახდინა პონტოს ოკუპაცია და მითრიდატე ევპატორი სომხეთში გადაიხვეწა. ძვ. წ. 69 წელს ტიგრანოკერტთან გამართულ ბრძოლაში ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა მეფეთა კოალიცია, რომლებმაც დაიწყეს უკანდახევა სომხეთის შიდა რაიონებისაკენ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, და თვით რომაელებიც კი მიიჩნევდნენ, რომ მითრიდატესთან ომი უკვე დასრულებული იყო და მოხუც მეფეს არავითარი რესურსი არ გააჩნდა მის გასაგრძელებლად. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროს, მითრიდატეს მოწინააღმდეგე კოლხები დაეუფლნენ ქვეყნის ერთ ნაწილს, `ზემო კოლხეთს~ და დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პონტოელებს. შესაძლოა, რომ ამ ანტიმითრიდატულ ძალებს კოლხეთში სწორედ არისტარქე მეთაურობდა. თუმცა, ძვ. წ. 67 წელს ტიგრან II და მითრიდატე მკვეთრად გააქტიურდნენ და ამ უკანასკნელმა მოახერხა პონტოზე თავისი კონტროლის აღდგენა. სწორედ ასეთ ვითარებაში იქნა მიღებული ჯერ გაბინიუსის, ხოლო შემდეგ კი მანილიუსის კანონები და აღმოსავლური ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა პომპეუსი. აღმოსავლეთში დიდი გარდაქმნების ხანა დაიწყო. პომპეუსის გარშემო დაიწყო თავმოყრა ყველა ანტიმითრიდატულმა ძალამ, მასთან გამოცხადდა უამრავი ადგილობრივი მმართველი. შესაძლოა, რომ სწორედ ამ ეტაპზე, პონტოს წინააღმდეგ გადამწყვეტი კამპანიის დაწყებამდე დაუკავშირდა `ზემო კოლხეთის~ გამგებელი არისტარქე პომპეუსს და შესთავაზა მას თავისი სამსახური. რომაელებმა კი, ბუნებრივია, არისტარქეს მმართველობის ქვეშ მყოფი რაიონი პომპეუსის საგამგებლო ტერიტორიებს მიაკუთვნეს, რაც აისახა კიდეც პლუტარქეს ნაშრომში.
თუ ეს ასეა, მაშინ კოლხეთში შემოსულ პომპეუსს არისტარქე აქ თავისი ძალებით დახვდებოდა და ხელს შეუწყობდა რომაელებს მითრიდატეს მომხრეთა საბოლოო განადგურებაში, რაც პომპეუსმა მას სათანადოდ დაუფასა კიდეც. ცნობილია, რომ აღმოსავლეთის რეორგანიზაციის საკითხებში დიდ როლს თამაშობდა პომპეუსის პირადი კავშირები იქაურ მცხოვრებლებთან და მის თანამებრძოლებთან. პომპეუსი თავის მომხრეებს გულუხვად აჯილდოებდა
(Plut., Pomp., 38) და მისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, აძლევდა სამმართველო ტერიტორიებს. სწორედ ასე მიიღეს ძალაუფლება ჩვენს მიერ აპიანეს ზემოთ უკვე მოტანილ ცნობაში დასახელებულმა მეფეებმა და მმართველებმა (App., Mithr., 114). არისტარქე რომ აქტიურად ეხმარებოდა პომპეუსს აშკარად ჩანს სტრაბონის (ძვ. წ 64/63. _ ახ. წ. 24 წწ.) ცნობიდანაც: `როდესაც პომპეუსმა [მითრიდატე] დაამარცხა და იმავე საზღვრებში მყოფი ქვეყანა დაიპყრო (იგულისხმება მითრიდატეს სამფლობელოები _ კ. ფ.), არმენიასთან და კოლხეთის ირგვლივ მდებარე [ადგილები] თანამებრძოლ დინასტებს გაუნაწილა~ (Strabo, XII, 3,1).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პომპეუსი კოლხეთში `მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით~
(Dio Cass., XXXVII, 3,2). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვისტომებთან მოლაპარაკებას სწორედ არისტარქე აწარმოებდა და მან, როგორც ჩანს, მოახერხა ის, რომ კოლხებს მალევე შეეწყვიტათ წინააღმდეგობა. კოლხეთი თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო არც თუ ისე ადვილად დასაპყრობი იყო. აქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელი იყო თუნდაც მცირემასშტაბიანი, პარტიზანული ბრძოლების წარმოება, რაც კარგად იცოდნენ რომაელებმაც. ჯერ კიდევ პომპეუსის წინამორბედი სარდალი, ლუკულუსი ამბობდა: `...იქვე ახლოს არის კავკასიონი უამრავი ხეობებით, რომელთაც სულ ადვილად შეუძლიათ შეიფარონ და დაიცვან ბრძოლას თავარიდებული ათიათასობით მეფე~ (Plut., Pomp., 14). როგორც ჩანს, არისტარქეს, როგორც ანტიმითრიდატული ძალების მეთაურს კოლხეთში, `ზემო კოლხეთის~ მმართველსა თუ ერთ-ერთ `სკეპტუხს~ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თანამემამულეთა შორის და სწორედ მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პომპეუსს კოლხეთში დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. კოლხებმა უცხოელ პონტოელ მმართველს   (ე. ი. მოაფერნეს) ისევ ადგილობრივი არისტარქე არჩიეს.
როგორც აღვნიშნეთ, პომპეუსის კოლხეთში შესვლის დროისათვის მითრიდატეს უკვე დატოვებული ჰქონდა დიოსკურია. იგი ბოსფორში გადავიდა, სიკვდილით დასაჯა თავისი განდგომილი შვილი მახარე (
Dio Cass., XXXVI, 50, 1-2. Sdr. App., Mithr., 102) და შეუდგა რომის წინააღმდეგ ახალი გრანდიოზული ომისათვის მზადებას. მითრიდატე ჰანიბალის მსგავსად გეგმავდა იტალიაში შეჭრას. იგი ცდილობდა ბარბაროსული ტომების მხარდაჭერის მოპოვებას და `თრაკიაზე გავლით მაკედონიაში უნდა შეჭრილიყო, მაკედონელებზე გავლით _ პეონებში, ხოლო [შემდეგ] ალპების გადავლით იტალიაში~ (App., Mithr., 102, 109). სანამ მითრიდატე ბოსფორს მართავდა რომის აღმოსავლური კამპანია დასრულებულად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო. მითრიდატეს ყოველთვის შეეძლო რომისათვის პრობლემების შექმნა. გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესებისა, რომის დაუძინებელი მტრის ხელში ჩაგდებით ან მოკვლით, პირადად პომპეუსის პატივმოყვარული ინტერესებიც იქნებოდა დაკმაყოფილებული. მისი აღმოსავლეთში ჩასვლის დროისათვის ლუკულუსს ფაქტობრივად განადგურებული ჰყავდა მითრიდატე ევპატორი. რომში ბევრი მიიჩნევდა, რომ აღმოსავლური კამპანიის მთავარსარდლად პომპეუსის დანიშვნით, `ლუკულუსს დამსახურებული დიდება წაერთვა და ომში შემცვლელზე უფრო მეტად ტრიუმფის მემკვიდრე გაუჩნდა~ (Plut., Pomp., 30). ამდენად, პომპეუსს ახალი გამარჯვებებით უნდა გაემართლებინა სენატისა და კომიციების ნდობა და მომავალი ტრიუმფისათვის მას მხოლოდ და მხოლოდ მის სახელთან დაკავშირებული გამარჯვებები სჭირდებოდა. ბოსფორისაკენ გალაშქრება, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის `ბარბაროსული~ ტომების დამორჩილება და მითრიდატეს ხელში ჩაგდება პომპეუსის ისედაც ბრწყინვალე აღმოსავლურ კამპანიას კიდევ უფრო მეტი დიდების შარავანდედით შემოსავდა. კოლხეთში მყოფი პომპეუსის არმიასა და რომშიც ბევრი მოითხოვდა, რომ რაც არ უნდა დაჯდომოდათ გაეგრძელებინათ მითრიდატეს დევნა. თუმცა, პომპეუსი ძალზე გამოცდილი სარდალი იყო და არ სურდა უცნობი, მეომარი ტომებით დასახლებულ `ბარბაროსულ~ სივრცეში მოუმზადებელი კამპანიის დაწყებით, რომლის შედეგის განსაზღვრაც წინასწარ ძალზე ძნელი იყო, რისკის ქვეშ დაეყენებინა საკუთარი ჯარი და დიდება (Моммзен, 2002:125). მითრიდატეს დევნის შესაწყვეტად მას მალე საბაბიც გამოუჩნდა და ზურგში დაწყებული ალბანთა აჯანყების ჩასაქრობად დაძრა თავისი ლეგიონები (Dio Cass., XXXVII, 3,3). პომპეუსმა რომაული ფლოტის სარდალს პუბლიუს სერვილიუსს უბრძანა “ედარაჯა მითრიდატესათვის, რათა არ მიეცა საშუალება სადმე წასულიყო და მოესპო მისთვის სურსათის მიწოდება” (Dio Cass., XXXVII, 3,3), ხოლო კოლხეთის მმართველობა არისტარქეს ჩააბარა. თუმცა, ამ უკანასკნელის სტატუსი ამ დროს ოფიციალურად დამტკიცებული არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც იურიდიულად პონტოს სამეფო ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული.
ალბანთა აჯანყების ჩაქრობის შემდეგ პომპეუსი პონტოში დაბრუნდა და ჩააქრო  წინააღმდეგობების უკანასკნელი კერები [Моммзен, 2002:130]. ძვ. წ. 64 წელს ამისოში ყოფნისას პომპეუსი შეუდგა მის მიერ დაპყრობილი ქვეყნების ადმინისტრაციულ მოწყობასა და რეორგანიზაციას. პლუტარქეს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, მითრიდატე ბოსფორის სამეფოს მბრძანებელი იყო და საკმაოდ დიდი სამხედრო ძალებიც ჰყავდა, პომპეუსი ისე იქცეოდა, როგორც გამარჯვებული ომის დამთავრების შემდგომ. იგი განკარგულებებს იძლეოდა, საჩუქრებსა და საპატიო რწმუნებებს ანაწილებდა, “ეპარქიებს აწესრიგებდა და საჩუქრების გაბოძებას ახდენდა. იმხანად მის წინაშე მრავალი სარდალი, მთავარი და ბარბაროსთა თორმეტი მეფე გამოცხადდა, რომლებიც მან დააჯილდოვა”
(Plut., Pomp., 38).
პომპეუსის განკარგულებით მცირე აზიის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი ახალი პროვინცია _ ბითინია და პონტო, ხოლო კაპადოკიასა და კომაგენის სამეფოებმა მხოლოდ ნომინალურად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და მთლიანად რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცნენ. თუმცა, მათმა მეფეებმა ჯილდოდ გარკვეული ტერიტორიებიც მიიღეს. პომპეუსმა კაპადოკიის მეფეს არიობარზანს ერთგულებისთვის გადასცა სოფენა და კილიკიის მთიანი ნაწილი, რომლებიც ადრე ტიგრან II_ს ეკუთვნოდა, ხოლო ანტიოქოს კომაგენელმა მიიღო სელევკია და მესოპოტამიის სხვა ნაწილები; გალატების ტეტრარქოსად პომპეუსმა დეიოტარე დანიშნა და ომში გაწეული დამსახურებისათვის მას მომიჯნავე რაიონებიც გადასცა [
App., Mithr, 114, 118; სანიკიძე, 1970: 270]. ტიგრან II-ის ,,დიდი აარმენია” დაიშალა და იგი, ისევე როგორც მეზობელი იბერიის სამეფო, “რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ” გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა. რაც შეეხება კოლხეთს, იგი პომპეუსმა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყო და მის დინასტად არისტარქე დანიშნა, ხოლო კოლხეთის ყოფილი მეტროპოლია – პონტოს სამეფო კი, როგორც აღვნიშნეთ, პროვინციად გამოაცხადა.
ცნობილია, რომ რომაელები კოლხეთს პონტოს სამეფოს ნაწილად მიიჩნევდნენ და მოგვიანებით, პომპეუსის მიერ აღმოსავლეთში შემოღებული მმართველობის სისტემის გაუქმების შემდეგ, იგი კვლავ პონტოს შეუერთეს [იხ. ფიფია, 2005: 32-57]. პომპეუსის მიერ პონტოსაგან კოლხეთის გამოყოფა და მისი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოცხადება, ჩვენი აზრით, შემდეგ მიზეზებით უნდა ყოფილიყო განპირობებული: ჯერ  ერთი, როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთში გატარებული რეორგანიზაციის დროს, პომპეუსი დიდი ყურადღებას აქცევდა ადგილობრივი ლიდერების მიერ მისადმი გაწეულ დახმარებას და ერთგულების სანაცვლოდ გულუხვად ურიგებდა მათ საპატიო რწმუნებებსა და მაღალ ტიტულებს. ამ პოლიტიკით, პირადად მისადმი ერთგულების ნიშნით შერჩეული, უშუალოდ მისგან და არა რომის სახელმწიფოსაგან დავალებული პიროვნებების დაწინაურებით, პომპეუსმა ახალშემოერთებულ წინა აზიაში საფუძველი ჩაუყარა თავის ბატონობას, მოიპოვა იქ აურაცხელი სიმდიდრე, სამხედრო ძალები და დიდება, რაც აუცილებლად სჭირდებოდა მას მომავალში, რომში მოსალოდნელ პოლიტიკურ ბრძოლებში. პომპეუსის ამ პოლიტიკამ გაამართლა კიდეც და მოგვიანებით, კეისრის წინააღმდეგ გამართულ ომში, თითქმის მთელი აღმოსავლეთი მის მხარდამჭერად გამოვიდა. კოლხეთის მმართველად დანიშნული არისტარქეც პომპეუსის კრეატურა და მისი აღმოსავლური პოლიტიკის ნაწილია. მანაც ძალაუფლება, როგორც უკვე აღინიშნა, პომპეუსისათვის გაწეული დახმარებების სანაცვლოდ მიიღო. ახალორგანიზებული პონტოს პროვინციისაგან კოლხეთის გამოყოფა და მისი არისტარქესათვის გადაცემა კი, უდავოდ, ამ უკანასკნელის მაღალ ავტორიტეტზე, მის მიერ პომპეუსისათვის გაწეულ სერიოზულ დახმარებასა და მათ შორის პიროვნულადაც ახლო ურთიერთობებზე მეტყველებს. პომპეუსსა და არისტარეს შორის მართლაც რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებოდა, ამაზე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, არისტარქეს სახელით ვერცხლის მონეტის მოჭრაც ადასტურებს. თუმცა, ჩვენი აზრით, იყო მეორე უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურადაც უფრო პრაგმატული ფაქტორი, რითაც განპირობებული იყო პომპეუსის მიერ არისტარქეს დინასტად აღზევება. როგორც ზემოთ აღინიშნა, პომპეუსის მიერ საბოლოოდ გატეხილი მითრიდატეს ბოლო თავშესაფარი კოლხეთი იყო და სწორედ აქედან, სახმელეთო გზით, გადავიდა იგი ბოსფორში. მიუხედავად იმისა, რომ რომაელები აღმოსავლური ომების დასრულებისათვის აუცილებელ პირობად მითრიდატეს სიკვდილს მიიჩნევდნენ, პომპეუსმა უარი განაცხადა მის შემდგომ დევნასა და ბოსფორისაკენ გალაშქრებაზე. მართალია, აპიანეს ცნობით, პომპეუსი ამას იმით ამართლებდა, რომ მითრიდატე `ვერც პონტოს შემოუვლის და ვერც მეოტისის ტბას და გაძევებულს არც დიდი საქმეების წამოწყება შეეძლებაო~ (
App., Mithr., 103), მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოსფორისაკენ გალაშქრებაზე უარის თქმა სულ სხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. პომპეუსს არ სურდა გაერისკა და აღმოსავლეთში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები, კოლხეთსა და ბოსფორს შორის არსებულ `ბარბაროსულ~ სივრცეში უცნობი მეომარი ტომების წინააღმდეგ უშედეგო კამპანიით დაეჩრდილა. თანაც, არავითარი გარანტია არ არსებობდა, რომ თუნდაც ბოსფორში ჩასვლის შემთხვევაშიც კი, იგი მითრიდატეს ხელში ჩაიგდებდა [Моммзен, 2002 :125] აი, ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ პომპეუსმა შეწყვიტა მითრიდატეს დევნა და არა ის, რომ მითრიდატეს არ შეეძლო `პონტოს შემოვლა...  და დიდი საქმეების წამოწყება~. ფაქტია, რომ მითრიდატემ ბოსფორში კვლავ მოახერხა ძალების მოკრება და ფართო ანტირომაული საქმიანობაც გააჩაღა. იგი იმასაც კი გეგმავდა, რომ კელტების მხარდაჭერით უშუალოდ იტალიაშიც კი შეჭრილიყო (App., Mithr., 102, 109). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძვ. წ. 65 წელს კოლხეთიდან ბოსფორისაკენ მიმავალმა დამარცხებულმა და დევნილმა მითრიდატემ, რომელიც `პატივცემული და საშიშარი იყო, ლტოლვილი და უბედურებაში მყოფიც კი~ (App., Mithr., 102), ყოველგვარი ზედმეტი გართულების გარეშე `გადაიარა მეომარი და  მის მიმართ მტრულად განწყობილი სკვითური ტომები, ზოგან დარწმუნებით და ზოგან ძალით~ (App., Mithr., 102), ფაქტია რომ, მას ბოსფორში ძალების მოკრების შემდეგ არ გაუჭირდებოდა ამავე გზის უკან გამოვლა, კოლხეთში შეჭრა და შესაბამისად, აზიაში რომაელთა წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყება, მით უმეტეს, მაშინ, როცა კოლხეთსა და ბოსფორს შორის მცხოვრები ტომების უმრავლესობა მან მოკავშირეებადაც გაიხადა (App., Mithr., 102). ამდენად, გამორიცხული არ იყო, რომ მითრიდატეს კვლავ ეცადა კოლხეთის გავლით პონტოში შეჭრა. ბოსფორიდან კოლხეთში და შესაბამისად, მცირეაზიურ პროვინციებში ანტირომაული ძალების შემოჭრის საფრთხე რეალური რომ იყო, ეს მოგვიანებითაც დადასტურდა, როცა ძვ. წ. 48-47 წლებში მითრიდატე VI-ის შვილმა, ბოსფორის მეფე ფარნაკემ სწორედ კოლხეთის დაპყრობით დაიწყო პონტოს სამეფოს რესტავრაცია და მცირე აზიაშიც ილაშქრა.

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014