რელიგიური სიტუაცია საქართველოში
(ზოგად ისტორიული მიმოხილვა)

1 2

ქართველ კათოლიკეთა სომხებად მიჩნევა იმიტომ მოხდა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, რომის პაპმა ისინი სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას დაუქვემდებარა. მასში წირვა-ლოცვა და საქმის წარმოება სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. ქართველი კათოლიკეებისათვის კი ეს ენა გაუგებარი იყო. ქართველ კათოლიკეებს გაუჩინეს სომხურფუძიანი ახალი გვარსახელები (თუმცა უმეტესობას თავიანთი ძველი ქართული გვარები კარგად ახსოვდა). გაჩნდა ეჭვი ქართველი კათოლიკეების არაქართველობის შესახებ. ზოგიერთი არაქართველი მეცნიერი დღესაც ცდილობს ქართველ კათოლიკეთა სომხური წარმომავლობა "დაამტკიცოს", თუმცა მათი არგუმენტები წინასწარ აკვიატებულ აზრებზეა დაფუძნებული. ქართველ კათოლიკეთა ეთნიკური წარმომავლობა კარგადაა ნაჩვენები თვით ქართველ კათოლიკე მიხეილ თამარაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის". 1886 წლის საოჯახო სიებში ქართველ კათოლიკეებს ეროვნების გრაფაში ყველას ქართველი აქვს მიწერილი, რაც, რა თქმა უნდა, მათი ნებისა და ამდენად ეროვნული თვითშეგნების გამოხატულება იყო. სარწმუნოების გრაფაში კი სომხურ-კათოლიკური სარწმუნოება უწერიათ. მას შემდეგ, რაც 1845 წლის რუსეთის მთავრობამ საქართველოდან განდევნა ევროპელი კათოლიკე მოღვაწენი და ევროპელ კათოლიკეებს აეკრძალათ საქართველოში საეკლესიო მოღვაწეობა, ქართველი კათოლიკეების სრული ბატონ-პატრონი სომხურ-კათოლიკური ეკლესია შეიქმნა. აქამდე თუ ქართველი კათოლიკეები ზოგჯერ ახერხებდნენ ლათინური ტიპიკონის გამოყენებას და ლათინურთან ერთად ქართულად წირვა-ლოცვას, ახლა ყველასი და ყველაფრის პატრონად სომხურ-კათოლიკური ეკლესია იქცა თავისი სომხური რიტით. ქართველმა კათოლიკეებმა კი ახალი ენერგიით გააჩაღეს ბრძოლა ქართული რიტისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე ქართველები გამოირჩეოდნენ. მაგალითად იკმარებს პეტრე ხარისჭარაშვილის მიერ კონსტანტინოპოლში 1861 წელს დაარსებული ქართული კათოლიკური ეკლესია თავისი ქართული რიტით, სასულიერო სასწავლებლითა და სტამბით. თუმცა ქართველ კათოლიკეთა ბრძოლა ქართველობისა და ქართული ტიპიკონისათვის ყოველთვის წარმატებული როდი იყო. მათ წინ ცარიზმის ხელისუფლებაც ეღობებოდა. სამწუხაროდ, ქართველ კათოლიკეთა ნაწილი მაინც გასომხდა. ეს მოხდა ჯავახეთში, სომხურ ენობრივ-ეთნიკურ გარემოში, სოფლებში: ბავრაში, ტურცხში, ხულგუმოში, კარტიკამში, სადაც 1828 წელს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან, არტანის ორი მეზობელი სოფლიდან ველიდან და ურიდან გადმოსახლებული კათოლიკე ქართველები გასომხდნენ, უფრო სწორედ, გაასომხეს საბჭოთა ხელისუფლების დროს. წერილობითი საისტორიო საბუთებითა და ეთნოგრაფიული მონაცემებით ჯავახეთის აღნიშნულ სოფლებში მიგრირებული სომხურ-კათოლიკური სარწმუნოებისანი ორენოვანნი იყვნენ. ისინი თურქულად და ქართულად ლაპარაკობდნენ. კამერალური აღწერების მიხედვით მათ საერთოდ არ იცოდნენ სომხური ენა. კარგად ახსოვდათ თავიანთი ქართული გვარებიც. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც სომხურ-კათოლიკური რწმენის მატარებელნი სომხებად ჩაწერეს და სომხური სკოლები გაუხსნეს. ასე მიაკუთვნეს ისინი სომხებს. მათ შესახებ გ. ბოჭორიძე წერდა: "კარტიკამი, ხულგუმო, ბავრა და ტურცხი, ესენი არტაანის ოლქის სოფ. ურიდან გადმოსული არიან 1828 წელს. ქართველი კათოლიკეები, ისინი გამაჰმადიანებული არ არიან" (ბოჭორიძე, 1992, გვ.148). ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა: "ხულგუმოში თურქულად მოლაპარაკე კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობაა. ასეთივეა ბავრა, კარტიკამი და, როგორც გადმოგვცეს, ტურცხი. სომხურს ესენი ეხლა ითვისებენ. მათ თავიანთი ეროვნული ვინაობის არა იციან რა.
ხულგუმოდან 35-ოდე ყმაწვილი ახალქალაქის ქართულ შვიდწლედში (ეხლა უკვე ათწლედში) სწავლობს და ამიტომაც თავს ქართველს უწოდებენ, სოფელში სომხური სკოლაა გახსნილი და სომხურად მოსწავლენიც თავს სომხად აღიარებენ, მაგრამ ორივე ეს იმ შემთხვევაში, თუ არ მოეშვებით და აიძულებთ თავიანთი ვინაობა სარწმუნოებრივი მომენტის გარეშე განსაზღვრონ, რაც მათ ეძნელებათ. ჩვეულებრივ ისინი თავის თავს ფრანგებს ("ფერენგ") უწოდებენ". "ბავრას აწინდელი მოსახლეობა თურქულად მოსაუბრე კათოლიკეებია". "გზაზევეა კარკიტამიც. აქ თურქულად მოსაუბრე კათოლიკეები ცხოვრობენ" (ბერძენიშვილი, 1964, გვ. 53, 107, 109).
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ებრაელები საქართველოში ყველაზე ძველად მოსული ერთ-ერთი ეთნიკური ერთობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს ეროვნული სარწმუნოება _ იუდაიზმი. თუმცა ოცდაექვსსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ისე შეეწყვნენ ქართველებს, რომ მათ ქართველებისაგან მხოლოდ სარწმუნოება განასხვავებდა. იუდეველების დედა ენა ქართული იყო. ისინი საქართველოში ძირითადად ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში ცხოვრობდნენ და სავაჭრო საქმეებს მისდევდნენ. როგორც ჩანს, საუკუნეთა განმავლობაში იუდეველების რაღაც ნაწილს ქრისტიანობა მიუღია და ისინი ქართველებს შერწყმიან. ებრაელთა (იუდეველთა) განსახლების გეოგრაფია მოცემულია ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში. ისინი მკვიდრობდნენ ატენში, მძორეთში, ცხინვალში, თამარაშენში, ალში, სურამში, ჩიხორში, საჩხერეში, ქუთაისში, ხოტევში, ონში, ოზურგეთში, გოკიაში, ბარალეთში, ახალციხეში... XIX საუკუნეში იუდეველთა განსახლების ადგილები შეიცვალა. თანდათან მათი კონცენტრაცია თბილისში მოხდა. ამავე დროს საქართველოში საკმაო რაოდენობით შემოვიდნენ ევროპელი იუდეველები, რომელთა დედაენაც რუსული იყო.
ვრცლად მოგვიწევს შეჩერება მაჰმადიანებზე. საქართველოს ბედი ისე წარიმართა, რომ მისი ძირითადი დამპყრობნი მუსლიმები იყვნენ. ბუნებრივია, აგრესორი ყოველთვის ცდილობდა მყარად მოეკიდა ფეხი საქართველოში და თავისი იდეოლიგიის საფუძველი - ისლამი დაენერგა და გაევრცელებინა ქართველ ხალხში. ამასთანავე, მუსლიმების დაპყრობებს საქართველოში მათი დასახლებანიც თან სდევდა. არაერთი არაბი მაჰმადიანი გაჩნდა საქართველოში არაბობის დროს. თურქთა აგრესიას შესაბამისად მათი დასახლებანიც მოყვებოდა ხოლმე. სპარსელების (ირანელების) აგრესიას თავის დროზე ცეცხლთაყვანისმცემლების, შემდეგ მაჰმადიანების შემოსახლებანი მოსდევდა. საქართველოს დედაქალაქში _ თბილისში თითქმის ყოველთვის იყო მაჰმადიანი მოსახლეობა. ზემოთ დავით აღმაშენებლის მუსლიმანთა მიმართ შემწყნარებლობის შესახებ ვისაუბრეთ. მრავალი მუსლიმის (ელის თათრების) შემოსახლება მოჰყვა ქვემო ქართლსა და კახეთში შაჰ-აბასის შემოსევებს. სხვათა შორის, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თურქმანული ტომები თითქმის ყოველთვის აქტიური წევრები იყვნენ ქართული სახელმწიფოსი. ისინი ისევე იცავდნენ ქვეყანას მომხდური მტრისაგან, როგორც ქართველები. ქვემო ქართლ-ბორჩალოში განსახლებული ელის თათრები საქართველოს მეფის ერთგული ყმები იყვნენ. თეიმურაზ ბაგრატიონს ასეთი ცნობა აქვს მათ შესახებ მოყვანილი: "ჟამსა ამას (1775 წელს, - რ. თ.) აიყარნენ ბორჩალოელნიცა და დასახლდნენ ყარასუსა ზედა ერევანს. მაშინ მეფემან ირაკლიმ შეიყარა მჴედრობა, მოვიდა ერევანს და აჰყარა იგინი და გარდმოასახლნა ბორჩალოდვე" (ბაგრატიონი, 1983, გვ. 50). იგივე ისტორიკოსს ხუდია ბორჩალოელი მოხსენიებული "ჰყავს ყოვლისა საქართველოს ჩინებულ და მამაც" პიროვნებად (ბაგრატიონი, 1983, გვ. 53). ხუდია ბორჩალოელსა და სხვა ბორჩალოელებს ("სხვანიელი ჩვენნი") არაერთ ბრძოლაში გამოუჩენიათ თავი ლეკების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არაერთმა ქართველმა საქართველოში დამპყრობთა ნაძალადევი პოლიტიკის წყალობით მაჰმადიანობა მიიღო. ასე გაჩნდნენ ქართველთა მაჰმადიანური ჯგუფები თურქთა მიერ დაპყრობილ და ანექსირებულ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ის აჭარლებს, სამცხელებსა და ჯავახებს შეეხოთ. გამუსლიმდა აგრეთვე აღმოსავლეთ კახეთის მოსახლეობა, დღეს ინგილოებს რომ ვეძახით.
ქრისტიანობისაგან ქართველთა ჩამოშორებით ქართველთა მტრები ცდილობდნენ დაესუსტებინათ ქართველთა ერთობა, რასაც, ნაწილობრივ, აღწევდნენ კიდეც. "ქრისტიანობას მიქცეული", ე.ი. ქრისტიანობის დამთმობი ქართველი კი, ხალხის გაგებით, ქართველი აღარ იყო, რადგან საქართველოში ეროვნება და სარწმუნოება ფაქტობრივად ერთმანეთთან იყო გაიგივებული. ამ გზით არაერთი გამაჰმადიანებული ქართველი შევიდა სხვა ეთნოსების (სპარსელების, თურქების, აზერბაიჯანელების, არაბების) შემადგენლობაში. სამცხე- ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანთა დიდი ჯგუფი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თურქულ და აზერბაიჯანულ ეროვნებებს მიაკუთვნეს იმის გამო, რომ მაჰმადიანები იყვნენ. ანგარიში არ გაუწიეს ბევრი მათგანის ქართულ თვითშეგნებას, ქართულ სამეტყველო ენას, ქართულ გვარებს და მათ მიერ შემონახულ ქართულ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტრადიციებს.
იმდენად დიდი იყო გათანაბრება ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომ ქართველ კაცს ვერ წარმოედგინა არამართლმადიდებელი ქართველისათვის ქართველი ეწოდებინა. მაჰმადიანი ქართველი მისთვის ყველა შემთხვევაში "თათარი" იყო. ვიმეორებთ, "ქრისტიანობიდან მიქცევისა" და მაჰმადიანობის მიღების შემდეგ ქართველი მაჰმადიანი მაინც ინარჩუნებდა თავის ეთნიკურ სახეს, თავის ქართველობას, ის თავის თავს თურქად არ აღიარებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ის არათურქი, ადგილობრივი ("იერლი") იყო. ოღონდ ქართველობას ვეღარ ამბობდა, რადგან ქართველობა მასში ქრისტიანობის ასოციაციას აღძრავდა. ქართველ მაჰმადიანებს ქართველობის აღიარებაში მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს - ახალი სარწმუნოება.
როდის წარმოიქმნა სამცხე-ჯავახეთის ქართულ მოსახლეობაში მაჰმადიან ქართველთა კონფესიური ჯგუფები? XVI საუკუნის დასასრულს თურქთა მიერ დაპყრობილი სამხრეთ- დასავლეთი საქართველო მთლიანად ქრისტიანული იყო. ამის დამადასტურებელია 1595 წელს თურქთა მიერ შედგენილი "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", რომელშიც შეტანილი ოჯახის უფროსთა სახელები თითქმის მთლიანად ქართულ-ქრისტიანულია. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რელიგიური სურათი კარგად აქვს დახატული ვახუშტი ბაგრატიონს: "ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მÃნენი, შემართებულნი, შუენიერნი, ცოდნა-ჰელოვნების მოყვარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტესა ჩ~ქკვ (1626), ქართულისა ტ~იდ-მდე სრულიად ქრისტიანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მაჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტიანენი, არამედ კლარჯეთის გლეხნიცა უმეტესნი მოჰმადიანნი; გარნა ვინანიცა არიან ქრისტიანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან" (ბაგრატიონი, 1973, გვ. 660). სხვა ადგილას სამცხის გლეხების შესახებ ვახუშტი წერს: "არამედ გლეხნი კუალადცა მაჰმადიანდებიან ჭირისათჳს დიდისა" (გვ. 669). რაც შეეხება ჯავახებს, ვახუშტი წერს: "სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტიანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა მღუდელნი ქართველნი" (გვ. 672); კოლისათვის: "არამედ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი" (გვ. 675); ისპირისათვის: "კაცნი იუწყე მგზავსნი სამცხისანი, და აწ მოჰმადიანნი სრულიად, ენითა ქართულითა და ზნითა ოსმალთათა" (გვ. 686); თორთომისათვის: "კაცნი მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართულითვე, არამედ უბნობენ თურქულსა" (გვ. 687).

შემდგომი მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმეტესობამ XVIII საუკუნის მანძილზე მაჰმადიანობა მიიღო და მათმა ნაწილმა დედაენაც დაკარგა. გამაჰმადიანება XIX საუკუნეშიც გრძელდებოდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში XIX საუკუნის დასაწყისში გამაჰმადიანება-გათურქების პროცესის შესახებ მიუთითა ნ. მარმაც.
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ საქართველოს ისტორიული პროვინციის – აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) მაჰმადიან ქართველთა შესახებაც. 1886 წლის საოჯახო სიებით ზაქათალის ოკრუგის სულ ოთხ სოფელში მკვიდრობდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიმდევარი ქართველები, დანარჩენი ქართული სოფლების მცხოვრებნი კი ქართველი მაჰმადიანები იყვნენ. აღმწერებმა ქრისტიანებს ეროვნების გრაფაში "ქართველი" ჩაუწერეს, მაჰმადიან ქართველებს კი ინგილო. თუმცა დავთრებში ინგილო მაჰმადიანთა ქართველობის მიმანიშნებელი ქართული დედაენაცაა აღნიშნული.
დაახლოებით ასეთი რელიგიური (და ეთნიკური) ვითარება იყო საქართველოში, როდესაც ის რუსეთის კოლონია გახდა. XIX საუკუნეში ეთნიკურ-რელიგიური სიტუაცია საქართველოში უფრო აჭრელდა. ინტენსიური გახდა მართლმადიდებელი რუსების მიგრაცია. ამავე დროს ბევრად გაიზარდა მონოფიზიტი სომხების რიცხვი. იმატა აგრეთვე სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობამ. პირველი დიდი პარტია სომხებისა სამცხე-ჯავახეთში 1828 წლის შემდეგ მოვიდა. მიგრანტი სომხების რაოდენობა 30000 აჭარბებდა. სომეხ გრიგორიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოში XIX საუკუნის 80-იან წლებში და პირველ მსოფლიო ომის დროს შემოსახლდა. ჯავახეთშივე დაასახლა ცარიზმმა რუსი სექტანტები, სადაც პირველი მიგრაციული ტალღა 1841 წელს მოვიდა. ჯავახეთის რვა დუხაბორულ სოფელში 1841-1845 წლებში 4 097 სული სექტანტი ჩამოასახლეს. სექტანტებს გარდა საქართველოში XIX საუკუნის მთელ მანძილზე მართლმადიდებელი რუსებიც გადმოსახლდებოდნენ. საქართველოში მომსახურე რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა სამუდამოდ რჩებოდა აქ საცხოვრებლად. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც სამხედრო სამსახური დაამთავრა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში რუსი სექტანტებისა და მართლმადიდებლების უკვე 32 სოფელი არსებობდა. 1830-იან წლებში მნიშვნელოვანი რაოდენობით დასახლდნენ საქართველოში (წალკის ველზე) თურქეთიდან ლტოლვილი ბერძენი მართლმადიდებლები. თუმცა თურქეთის გიუმიშხანის პროვინციიდან ბერძნების მიგრაცია XVIII საუკუნის ბოლოსაც მოხდა. 1830-იან წლებში 50-მდე ბერძნის ოჯახი ჯავახეთის ახალქალაქში დასახლებულა, რომლებიც იქაურ სომხურ ეთნიკურ-ენობრივ გარემოში გასომხებულან (ლომსაძე, 1975, გვ. 337), რა თქმა უნდა, მათი მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან მონოფიზიტობაზე გადასვლის გზით. აღნიშნულ დროს მართლმადიდებელი ბერძნულენოვანი ბერძნების 100-მდე ოჯახი სამცხის შავწყალის ხეობის ნასოფლარებში დამკვიდრებულა, რომლებსაც შემდეგ თავი სოფელ ციხისჯვარში მოუყრიათ (ლომსაძე, 1975, გვ. 335). 1886 წელს საქართველოში (თბილისსა და ქუთაისის გუბერნიებში) 28774 მართლმადიდებელი ბერძენი ცხოვრობდა. საყურადღებოა, რომ წალკაში მიგრირებული ბერძნების უმეტესობისათვის დედაენა ბერძნული როდი იყო. ისინი თურქული ენის ანატოლიურ დიალექტზე მეტყველებდნენ. ღვთისმსახურება კი ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა.
XIX საუკუნეში ჩნდებიან საქართველოში ლუთერანები (გერმანელები). 1886 წელს საოჯახო სიებით საქართველოში 5836 სული ლუთერანი გერმანელი ცხოვრობდა. მათი პირველი ჯგუფი (181 სული) თბილისში 1817 წლის 21 სექტემბერს ჩამოსულა, რომლებიც სართიჭალასთან დაუსახლებიათ. 1818 წელს თბილისში გერმანელი ლუთერანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოსულა. სამეცნიერო ნაშრომებით ცნობილია, რომ 1819 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო, რომლებიც პროტესტანტიზმის ლუთერანულ მიმდინარეობას აღიარებდნენ. 1884 წელს მათ სოხუმის მახლობლად ორი კოლონია შეუქმნიათ (მანჯგალაძე, 1974; სონღულაშვილი, 1995).
საქართველოში განსახლებული ყველა რელიგიის წარმომადგენელი იყო თავმოყრილი თბილისში. 1876 წელს მართლმადიდებლები თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენდნენ. ქართველებსა და რუსებთან ერთად (შესაბამისად 22,2 ათასი და 19,6 ათასი) მასში შედიოდნენ ბერძნები (ოთხასი კაცი), ოსები (სამასი სული), აგრეთვე: სომხები (100 კაცი), ასირიელები (100 სული), გერმანელები (44 ადამიანი), პოლონელები (26 ადამიანი), ებრაელები (22 სული), თათრები (9 კაცი), სპარსელები (4 ადამიანი), რომლებსაც მართლმადიდებლობა ჰქონდათ მიღებული. 1825 წელს თბილისში 18 მართლმადიდებლური ეკლესია ყოფილა, რომელთაგანაც 12 ქართული იყო, ოთხი – რუსული და ორი – ბერძნული. მ. მედიჩის ცნობით, 1817 წელს ათი ეკლესია ჰქონიათ თბილისში სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრებს. XIX საუკუნის დასაწყისში მაჰმადიანობის მიმდევრები თბილისში ბევრნი არ ყოფილან. 1825 წლისათვის თბილისში 300 მაჰმადიანი ითვლებოდა, რომელთაგანაც უმეტესობა შიიტები იყვნენ. XIX ს-ში თბილისში მუსლიმებს ჰქონდათ როგორც შიიტური, ისე სუნიტური მეჩეთები. 1876 წელს თბილისში 4, 3 ათასი მაჰმადიანი ცხოვრობდა, რომელთაგან შიიზმს აღიარებდა 3,7 ათასი. 1897 წელს თბილისელი მუსლიმების რაოდენობამ 7,4 ათასს მიაღწია. მთელი XIX საუკუნის მანძილზე იზრდება თბილისის კათოლიკური მოსახლეობა. 1825 წელს აღრიცხულმა 400 სულმა კეთოლიკემ 1897 წლისათვის 7 ათასს გადააჭარბა. ეთნიკური თვალსაზრისით თბილისელ კათოლიკეთა შემადგენლობა ერთობ ჭრელი იყო. მასში შედიოდნენ: ქართველები, სომხები, პოლონელები, ფრანგები, აისორები და რუსები. თბილისის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლს შორის ქართველთაგან 1883 წელს აღრიცხულნი არიან: თუმანიშვილები, ანდრონიკაშვილები, ბაქრაძეები, სააკაშვილები, ზუბალაშვილები, ჯიმშერაშვილები... ამ გვარებიდან კათოლიკე ქართველები – სააკაშვილები, ზუბალაშვილები, ანდრონიკაშვილები – გორის 1842 წლის კამერალური აღწერის დავთარშიც არიან აღრიცხული (სცსსა, 254-1-1939). თბილისში მკვიდრობდნენ რუსი მოლოკნებიც. 1893 წელს თბილისში 1,2 ათასი მოლოკანი ცხოვრობდა. თბილისის გერმანულ კოლონიაში ლუთერანული ეკლესია ჰქონდათ, რომლის მლოცველთა რაოდენობამ XIX საუკუნის ბოლოს 3 ათასს გადააჭარბა. ეთნოკულტურული და ენობრივი თვალსაზრისით ერთგვაროვანი არ იყო თბილისის ებრაული მოსახლეობა. ქართველ ებრაელებთან ერთად თბილისში ე.წ. "ევროპელი ებრაელებიც" ცხოვრობდნენ. თბილისში ცხოვრობდნენ აგრეთვე ქურთისტანიდან მიგრირებული ებრაელების მცირე ჯგუფი, რომლებიც ახალსირიულ ენაზე ლაპარაკობდნენ. 1886 წელს იუდაიზმის რწმენის 1,6 ათასი მიმდევარი ითვლებოდა თბილისში, რომელთა რიცხვი 10 წლის შემდეგ 3,4 ათასამდე გაიზარდა. XIX ს-ში თბილისში ოთხი სინაგოგა ყოფილა. შესაბამისად ყველა აღმასარებლობის წარმომადგენელს თბილისში ცალკე სასაფლაო ჰქონდა. მართლმადიდებელთა წმინდა პეტრესა და პავლეს სასაფლაოსთან ერთად არსებობდა სომხურ გრიგორიანული სასაფლაო (ხოჯევანქი), მაჰმადიანური ანუ თათრების სასაფლაო, კათოლიკეების სასაფლაო, იუდეველების სასაფლაო. ცალკე სასაფლაო ჰქონდათ ლუთერანებსაც.
1886 წელს თბილისის გუბერნიაში 495808 მართლმადიდებელი ცხოვრობდა, ქუთაისის გუბერნიაში _ 799643. თუ დავაჯამებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლები 1295451 იყო. მონოფიზიტების საერთო რაოდენობა 1886 წლისათვის საქართველოში 187348 სულს შეადგენდა (თბილისის გუბერნიაში – 179773 სული, ქუთაისის გუბერნიაში – 7575 სული). 1886 წლის საოჯახო სიებში ცალ-ცალკეა აღნუსხული სომხურ- კათოლიკური და რომაულ-კათოლიკური კონფესიების წარმოამდგენლები. ორივე გუბერნიაში ერთად სომხურ-კათოლიკური სარწმუნოებისანი კი 4554 სულს ითვლიდნენ. ასევე ცალ-ცალკე იყვნენ კონფესიების მიხედვით აღრიცხულნი მაჰმადიანები. საქართველოს ტერიტორიაზე სუნიტები ჭარბობდნენ შიიტებს. სუნიტების რაოდენობა თბილისის გუბერნიაში 30524 სულს შეადგენდა, შიიტების – 19504 სულს. ქუთაისის გუბერნიაში სუნიტების რაოდენობა 96930 იყო და ისინი ძირითადად ბათუმისა და ართვინის ოკრუგებში ცხოვრობდნენ. შიიტების რაოდენობა ქუთაისის გუბერნიაში 1314 სულით განისაზღვრებოდა. სულ ერთად 98244 სული. თბილისის გუბერნიაში მცხოვრები შიიტების ძალიან დიდი ნაწილი ბორჩალოს მაზრაზე მოდიოდა. საერთოდ, 1886 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 148272 მაჰმადიანი ცხოვრობდა.
რუსი სექტანტებიდან მოლოკნები და დუხობორები თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდნენ. მოლოკნები ძირითადად მკვიდრობდნენ ბორჩალოს, თბილისის და აგრეთვე სიღნაღის მაზრებში, დუხობორები კი ძირითადად ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში იყვნენ კონცენტრირებულნი. გარკვეული რაოდენობით ისინი ბორჩალოს მაზრაშიც ცხოვრობდნენ (663 სული). 1886 წლისთვის მოლოკნები 4812 ხული იყო აღრიცხული, დუხობორები – 7263 სული. რაც შეეხება ქუთაისის გუბერნიას, აქ მოლოკნების მხოლოდ 33 სული ცხოვრობდა ბათუმის ოკრუგში.
ლუთერანების საერთო რაოდენობა 1886 წლისათვის საქართველოში 6186 სული იყო, მათ შორის, თბილისის გუბერნიაში 5072 სული ლუთერანი ცხოვრობდა, ქუთაისის გუბერნიაში კი – 1114 სული. თბილისის გუბერნიაში ისინი ძირითადად თბილისის მაზრაში მკვიდრობდნენ, აგრეთვე ბორჩალოს მაზრაში. ქუთაისის გუბერნიაში ლუთერანები სოხუმის ოკრუგში აღირიცხებოდნენ.
1886 წლისათვის თბილისში 96 ბაპტისტი ცხოვრობდა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ბაპტისტები არ იყვნენ აღრიცხულნი. თბილისის გუბერნიაში 1886 წელს 122 სუბოტნიკი მკვიდრობდა. იუდეველების საერთო რაოდენობა 13268 სულს შეადგენდა (თბილისისგუბერნიაში 6186 სული, ქუთაისის გუბერნიაში – 7082 სული).
1886 წლისათვის თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის 61,35% მართლმადიდებელი იყო. დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნიაში) ეს მაჩვენებელი 86,61%-ს შეადგენდა. თბილისის გუბერნიაში მონოფიზიტების პროცენტული რაოდენობა 22,25% იყო. ქუთაისის გუბერნიაში სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებისანი 0,83%-ს შეადგენდნენ. სომხურ- კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობის რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოში 2% იყო, დასავლეთ საქართველოში – 0,97%. უმნიშვნელო პროცენტულ რაოდენობას შეადგენდნენ რომაულ-კათოლიკური სარწმუნოებისანი: თბილისის გუბერნიაში 0,46%, ქუთაისის გუბერნიაში _ 0,07%. იგივე შეიძლება ითქვას ლუთერანებზე (შესაბამისად, 0,63% და 0,12%). თბილისის გუბერნიაში სუნიტები მთელი მოსახლეობის 8,43%-ს შეადგენდნენ, შიიტები კი 2,41%-ს. ქუთაისის გუბერნიაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 10,5%-ს და 0,13%-ს უდრიდა. რაც შეეხება იუდეველებს, ისინი ქუთაისის გუბერნიაში 0,76% იყვნენ, თბილისის გუბერნიაში _0,94%. ასეთი იყო ზოგად ხაზებში რელიგიურ-კონფესიური სურათი ისტორიულ საქართველოში. XX საუკუნეში არსებული ვითარება კვლავ შეიცვალა და მისი ცალკე შესწავლაა საჭირო. თუმცა, სრული სურათის დახატვა გაჭირდება, რადგან საბჭოთა ხელისუფლება კონფესიური თვალსაზრისით სტატისტიკურ მოაცემებს არ აწარმოებდა. მხოლოდ ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან გაასახლეს ქართველი მაჰმადიანები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ თურქებად აღრიცხა. ამავე პერიოდში ქართველი მონოფიზიტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებლობას დაუბრუნდა; სომხურ-კათოლიკურ ეკლესიაზე მიწერილი ქართველი კათოლიკეები რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლნი შეიქმნენ. სტატიაში არაფერი ვთქვით ქისტებზე, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX საუკუნის შუა ხანებში გადმოსახლდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან. გადმოსახლებისას ისინი მართლმადიდებლებად მოინათლნენ, რამაც განაპირობა მათი ქართულსუფიქსიანი გვარები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პანკისელი ქისტები მაჰმადიანობას დაუბრუნდნენ.
ნაშრომი გვინდა დავამთავროთ იმის აღნიშვნით, რომ ისტორიულად საქართველოში მცხოვრები არაქართველები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: საქართველოში "უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი" (შარდენი, 1975, გვ. 297-298). მეორე ევროპელი, გიულდენშტედტი იგივეს ადასტურებდა: "მმართველობა და სამღვდელოება ამჟღავნებს სრულ რჯულშემწყნარებლობას სომხების, კათოლიკეების, მაჰმადიანების და ებრაელი მოსახლეობის რელიგიის მიმართ, რომლებიც სრულებით არ ეკუთვნიან ბერძნულ ეკლესიას და არ სდევნიან მათ" (გიულდენშტედტი, 1962, გვ. 209).
ასე რომ, ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობები ისტორიულ საქართველოში თანამედროვე დასავლური ურთიერთობების დონეზე იყო.

დამოწმებული ლიტერატურა

1. ანჩაბაძე, ვოლკოვა, 1990 _ Ю.Д. Анчабадзе, Н.Г. Волкова, Старый Тбилиси (город и
горожане в XIX веке), М., 1990.
2. აფაქიძე, 1963 _ ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, I, თბ., 1963.
3. ბაგრატიონი, 1973 _ ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა; ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1973.
4. ბაგრატიონი, 1983 _ თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ლ. მიქიაშვილის გამოცემა, თბ., 1983.
5. ბარდაველიძე, 1957 _ В.В. Бардавелидзе, Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.
6. ბერძენიშვილი, 1964 _ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. I, თბ., 1964.
7. ბოჭორიძე 1992 _ გ. ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში თბ., 1992.
8. გიულდენშტედტი, 1962 _ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გ. გელაშვილის გამოცემა, თბ., 1962.
9. ვოლკოვა, 1984 _ Н.Г. Волкова, Материалы экономических обследований Кавказа 1880-х годов как этнографический источник, «Кавказский этнографический сборник», VIII, М., 1984-85
10. თამარაშვილი, 1952 _ მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902.
11. თოფჩიშვილი, 1991 _ რ. თოფჩიშვილი, ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკეები, ქართველი გრიგორიანები_კრ.“დიდგორი”, თბ., 1991.
12. თოფჩიშვილი, 1999 _ რ. თოფჩიშვილი, საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა (ზოგადისტორიული მიმოხილვა) _ ქართველური მემკვიდრეობა, III, ქუთაისი, 1999.
13. კოხი, 1981 _ კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარი დაურთო ლ. მამაცაშვილმა, თბ., 1981.
14. ლომსაძე, 1975 _ შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., 1975.
15. მანჯგალაძე, 1974 _ გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბ., 1974.
16. მასალები..., 1964 _ მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, I წიგნი (X-XVII სს. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით), ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოცემა, თბ., 1964.
17. მელიქიშვილი, 1959 _ Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, Тб., 1959.
18. მაისურაძე, 1982 _ გ. მაისურაძე, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში, თბ., 1982.
19. პაპაშვილი, 1995 _ მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს. თბ., 1995.
20. სი, 1958 _ საქართველოს ისტორია, თბ., 1958.
21. სინ, 1970 _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
22. სინ, 1973 _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973.
23. სონღულაშვილი, 1995 _ ა. სონღულაშვილი, გერმანელები საქართველოში, თბ., 1995.
24. ქც, 1955 _ ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955.
25. ქც, 1959 _ ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა თბ., 1959.
26. ქპ, 1981 _ ქართული პროზა, ტ. I, თბ., 1981.
27. ქსძ, 1965 _ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II თბ., 1965.
28. ქსძ, 1970 _ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III თბ., 1970.
29. ქსძ, _ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, თბ., 1985.
30. შარდენი, 1975 _ ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975.
31. ჯავახიშვილი, 1960 _ ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბ., 1960.
32. Свод..., 1893 – Свод статистических данных о населении Закавказского края, извлеченных из посемейных списков 1886, Тф., 1893.




სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  ეთნოისტორიული ეტიუდები,  წიგნი I, ენა და კულტურა, თბილისი, 2005წ.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014