რუსუდან მეფე
(1194–1245)

1 2

გამეფება და მთავრობის წვრილმანი საქმიანობა პირველ წლებში
საქართველოს მთავრობის მედიდური დაუდევრობა და ჯალალედინის შემოსვლა
გარნისის ბრძოლა და მარცხი, დვინისა და ტფილისის აღება ჯალალედინისაგან
საქართველოს მთავარსარდლობის დაბნეულობა და უგეგმო ბრძოლა
პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტფილისის მტრის ხელითგან დროებით გამოგლეჯა
ჯალალედინის უკანასკნელი გამარჯვება და საქართველოთგან გაქცევა მონღოლთა კვლავ გამოჩენის გამო
ჯალალედინის დახასიათება, როგორც სარდლისა და პოლიტიკოსის
რუსუდანისაგან თავისი შვილის დავით IV-ის თანამოსაყდრედ დასმა


გამეფება და მთავრობის წვრილმანი საქმიანობა პირველ წლებში

ლაშა-გიორგის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ, უმალ საქართველოს სახელმწიფო ტახტის კანონიერი მემკვიდრის საკითხი თითქოს უნდა კვლავ წამოჭრილიყო, მაგრამ მაშინდელი ქართული სახელმწიფო სამართლის თანახმად, ”უკანონო” შვილი მამის სრულუფლებიანი მემკვიდრე არ იყო და ლაშა-გიორგიც უნებლიედ თავისი ვაჟიშვილს მხოლოდ სათანადო აღზრდასა და ქონებრივად უზრუნველყოფაზე უკანასკნელი განკარგულების გაცემით უნდა დაკმაყოფილებულიყო. დავითისთვის მას საუფლისწულო დაუტოვებია.
დარბაზის მიერ საქართველოს სამეფო ტახტზე ლაშა-გიორგის და, რუსუდანი, იყო აყვანილი. მისი მეფედ კურთხევა საეკლესიოცა და სამოქალაქოც მის სრულუფლებიანს გახელმწიფებას საყოველთაოდ ცხად-ჰყოფდა.
რასაკვირველია, ყმადნაფიცმა სამფლობელოებმა და მეზობლებმა, საქართველოში ქალის გამეფების გაგებისთანავე, ისევ თავი წამოყვეს. სამწუხაროდ ეხლა საქართველოს მესაჭეობა კვლავ ქალს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ თამარისებრ ბრძენსა და ძლიერი ნებისყოფის პატრონსა და დედის თანამესაყდრეობით გამობრძმედილს - კი არა, არამედ სახელმწიფო საქმეებში სრულებით გამოუცდელსა და პასუხსაგები მოვალეობისათვის შეუფერებელს, განებივრებულ არსებას. სახელოვანი დედისგან მას, ეტყობა, უფრო სილამაზე ჰქონდა დამკვიდრებული, ვიდრე სხვა მისი მაღალი გონებრივი და ზნეობრივი თვისებები. საქართველოს-კი ეხლა წინანდელზე უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონებელი პიროვნება, შორსგამჭვრეტელი და გამოცდილი პოლიტიკოსი სჭირდებოდა, რომელიც შინაურობაშიცა და საგარეო პოლიტიკაშიც დინჯი წინდახედულობით იმოქმედებდა: გათამამებულსა და ერთმანეთში მოქიშპე დიდგვარიან აზნაურებსაც თავიანთ ქერქში ჩააყენებდა და, უცხოეთის ამბებისათვის დროულად თვალყურისდევნებით, გარეთგან მომავალს გრიგალისებურ ქარიშხალსა და კარზე მომდგარ განსაცდელსაც სათანადოდ მომზადებული დაჰხვდებოდა. საერთაშორისო და საეროვნებათაშორისო პოლიტიკაც საქართველოს მთავრობას მაშინ თამარისებრ ბრძნული და შორსგამჭვრეტელი უნდა ჰქონოდა.
ლაშა-გიორგის მოულოდნელი სიკვდილისა და გლოვის წესის გამო, რუსუდანის ნიშნობა უნდა შემწყდარიყო და ქორწინების საკითხიც მერმისისთვის გადადებულიყო. რუსუდანის სამეფო ტახტზე დასმის შემდეგ, შირვანშაჰის მის ქმრად მოყვანაც ჩაშლილა. დარბაზის ერსა და კარზე მყოფ დიდ ხელისუფლებს გადაუწყვეტიათ, რომ რუსუდანისათვის ქმრად რუმის სულტანის, აზრუმის მფლობელის თოღრილ-შაჰის ძე მოღის–ედინი მოეყვანათ. სხვა ღირსებასთან ერთად, ის ლამაზიც იყო და მშვენიერი რუსუდანიც ისე გაგიჟებით უყვარდა თურმე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა, წინასწარ მაჰმადიანობა უარეყო და გაქრისტიანებულიყო, უყოყმანოდ მიეღო. 1223 წელს რუსუდანი დააქორწინეს. მისგან ჯერ ქალი ეყოლა, რომელსაც დედამ თამარი უწოდა, შემდეგ - კი ვაჟი, რომელსაც სახელად დავითი დაარქვა.

ლაშა-გიორგის გარდაცვალებისა და რუსუდანის გამეფების შემდეგ, 1222 წლითგან მოყოლებული 1225 წლამდე საქართველო წვრილ-წვრილ ბრძოლებში იყო გართული. ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ მესვეურთ მაშინდელ საერთაშორისო მდგომარეობის მთელი საშიშროება სრულებით არ ესმოდათ.

 

საქართველოს მთავრობის მედიდური დაუდევრობა და ჯალალედინის შემოსვლა

ჯერ კიდევ ჯალალედინის მამამ მუჰამმედ ხვარაზმშაჰმა თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ადერბაიჯანის მოქცევა განიზრახა და მისი დაცვა-მფარველობა დაიჩემა. მან ეს საქართველოს მთავრობასაც - კი აცნობა, მაგრამ მონღოლთაგან დევნილს სიკვდილმა მოუსწრო და წადილი განუხორციელებელი დარჩა. მონღოლთაგან აგრეთვე დამარცხებულმა და ლტოლვილმა მისმა შვილმა ჯალალედინმაც რომ ერანში ფეხის მოკიდება და გამაგრება სცადა, მაშინვე მოიწადინა თავისი თავი ყველა მაჰმადიანების მფარველადა და სპარსელთა ძლევამოსილების განმაახლებლად მოეჩვენებინა: დადგა დრო, როცა საქართველო დარწმუნდება, რომ მის ძალმომრეობას ერანში ბოლო მოეღება და ყველა მაჰმადიანებიც ქრისტიან ქართველთა მიმძლავრებისაგან განთავისუფლდებიანო. ქართველთა დამარცხების გარდა, მიზნად მე არაფერი მაქვს დასახული და, როდესაც ამას მივაღწევ და ერანს გავაერთიანებ, დანარჩენ მეზობლებთან მშვიდობიან მეგობრულ ურთიერთობას დავამყარებო, სწერდა იგი მახლობელი აღმოსავლეთისა და უპირველესად საქართველოს ყმადნაფიც მუსლიმან სამფლობელოების მმართველებს, რომ ამით ისინი თავისკენ გადაებირებინა და მათგან ყოველმხრივი დახმარება მიიღო. მართლაც ჯალალედინის ამ ანკესს ზოგი წამოეგო და მას, ვითარცა განმათავისუფლებელს, მიემხრო.
მოახერხა თუ არა სამხრეთ ადერბეჯანში ნაწილობრივ მომაგრება, ჯალალედინმა საქართველოს მთავრობას მუქარითა და ქადილით სავსე მომართვა გამოუგზავნა, რომელშიც ნებაყოფლობით დამორჩილებას თხოულობდა.
საქართველოს მაშინდელ მესვეურთ, წინა წლებში დატრიალებული ამბების შემდეგაც, საერთაშორისო ვითარებაში მომხდარი ცვლილება სრულებით შეგნებული არ ჰქონდათ. საინტერესო ასპარეზზე ახლად გამოჩენილი ძალის მთელი საშიშროება მათ ვერ გაუგიათ. ეტყობა, თავიანთი თავი მათ დავით აღმაშენებელისა და თამარის დროინდელ ხანის მსგავსად წინანდებურად მახლობელ აღმოსავლეთში პირობების მოკარნახე, უძლეველ ბატონ-პატრონად მიაჩნდათ. ამიტომაც ჯალალედინმა საქართველოს მთავრობისაგან მედიდურობით სავსე, დამცინავი პასუხი მიიღო: მამა შენი შენზე ძლიერი იყო და რაც მას მონღოლებისაგან დაემართა, შენც კარგად იცი. იგივე მონღოლები ჩვენც შეგვებრძოლნენ, მაგრამ მიზანმიუღწევლივ გაგვეცალნენ და გაიქცნენო. ამ პასუხიდან ჩანს, რომ საქართველოს მესვეურთ მონღოლთა მცირერიცხოვანი ნაწილი, რომელთანაც მათ ბრძოლა მოუხდათ და რომელნიც მართლაც ჩრდილოეთის გზით ისევ თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მონღოლთა ლაშქრის მთავარ ძალად მოსჩვენებიათ და მათი წასვლაც გაუგებრობით მონღოლების დამარცხებად და თავიანთ გამარჯვებად მიუჩნევიათ.

ამრიგად, ირკვევა, რომ საქართველოს მთავარსარდლობა ივანე მხარგრძელის მეთაურობით ჯალალედინს არაფრად აგდებდა. ასეთი დამოკიდებულების გამო, რასაკვირველია, მას პოლიტიკური სიფხიზლე და სამხედრო სიფრთხილის აუცილებლობის შეგნებაც მოდუნებული უნდა ჰქონოდა, საფიქრებელია, რომ ამავე მიზეზით საომარი სამზადისიც მათ ჯეროვანი სიძლიერითა და სისწრაფით არ უწარმოებიათ.

 

გარნისის ბრძოლა და მარცხი, დვინისა და ტფილისის აღება ჯალალედინისაგან 

ჯალალედინმა სამართლიანად განსაჯა, რომ უმჯობესი იყო უმალ მოქმედება დაეწყო, სანამ საქართველო ბრძოლისათვის სათანადოდ მომზადებას მოასწრებდა. ამიტომ მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული ლაშქრითუთრთ 1225 წელს შემოდგომას დაიძრა, დვინის სანახებს შეესია და მის აოხრებას მიჰყო ხელი, თუმცა - კი თვით ქალაქ დვინს არ შეჰბრძოლებია. საქართველოს მთავრობა ამ ამბავს მაინც უნდა გამოეფხიზლებინა. ამის შემდგომ მზადება მართლაც უკვე დაიწყო, მაგრამ ჯალალედინი დიდი სისწრაფით მოქმედებდა: ის წინ მოიწევდა, მას ჩრდილოეთისაკენ ეშურებოდა და ამიტომაც მაღლობზე მდებარე გარნისის მიდამოებს მიადგა. თავისი დიდი ლაშქრითურთ იგი გარნისის დაბლობში დაბანაკდა, რათგან მაღლობი უკვე საქართველოს ჯარისაგან დაკავებული დახვდა.
აქ ჯალალედინმა შეატყო, რომ ქართველთა მთავარსარდლობა არ ჩქარობდა და ცდილობდა საქმე გაეჭიანურებია, ალბათ, სანამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის საკმაო სამხედრო ძალა მოიყრიდა თავს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჯალალედინმა სამართლიანად უფრო ხელსაყრელად სცნო, დაუყოვნებლივ ბრძოლა დაეწყო, და მოწინააღმდეგეზე უმალ იერიში მიეტანა. მისი ანგარიში მთლიანად გამართლდა: სასტიკსა და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჯალალედინმა გაიმარჯვა. იმას გარდა, რომ სამხედრო თვალმსაზრისით გარნისის მტრისაგან დაპყრობა მეტად საზიანო იყო, პოლიტიკურადაც საქართველოსათვის ეს უკვე საგრძნობს მარცხს წარმოადგენდა.
გარნისი რომ აიღო, ჯალალედინმა კვლავ სამხრეთისაკენ იბრუნა პირი. რათგან იქ ქალაქი დვინი ჯერ აუღებელი იყო, რაც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მან ქალაქ დვინის აღება მოახერხა და აღებისთანავე ეს მდიდარი სავაჭრო ცენტრი მთლიანად გაძარცვა.
რაკი დვინიც უკვე დაპყრობილი ჰქონდა, ჯალალედინი სწრაფად საქართველოს დედაქალაქისაკენ გამოეშურა, რომ თავრეჟითგან ცნობა მოუვიდა სამხრეთ ადერბეჯანში მის წინააღმდეგ განზრახული აჯანყების შესახებ. ამის გამო მან საქართველოს უკვე დაკავებულს მიწაწყალზე თავის ლაშქრის ერთი ნაწილი დასტოვა, რომელსაც ამ ქვეყნის რბევა დაავალა, თითონ - კი ლაშქრის მეორე ნაწილითურთ შეთქმულების მოსასპობად თავრეჟისაკენ გაემგზავრა.
თავრეჟი ყოფნის დროსაც ჯალალედინს საქართველოსაკენ ჰქონდა გულისყური. იქვე მან გადასწყვიტა, საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედება აღმოსავლეთის მხრითგანაც დაეწყო. ამ მიზნით მან თავისი ლაშქრის ერთი ნაწილი საქართველოს ყმადნაფიცი სამფლობელოს, ქალაქ განძისა და მისი სანახების, დასაპყრობად წარგზავნა. ეს დავალება ასრულებულ იქნა კიდევაც.
როდესაც ჯალალედინმა შეთქმულების განმზრახნი მოსპო, 1225 წლის დეკემბერში თავრეჟითგან ისევ ტფილისისაკენ გამოემგზავრა. რუსუდან მეფე ჯალალედინის მოახლოვებისთანავე დასავლეთს საქართველოში გაიხიზნა და ქუთაისში გადავიდა, ხოლო ტფილისის დაცვა მემნა და ბოცო ბოცოს ძეთ დაავალა. სწრაფი დაბნეულობის გამო, მთავარსარდლობის საერთო ხელმძღვანელობა მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უკვე არ სჩანდა. ასეთ პირობებში ჯალალედინმა 1226 წლის 9 მარტს, ტფილისელ მაჰმადიანთა ერთი ნაწილის ღალატისა და შინათგამცემლობის წყალობით, როდესაც ციხისთავი მემნა ბრძოლის დაწყების წინ ვერაგულად იქმნა ერთი სპარსელისაგან მოკლული, საქართველოს დედაქალაქის აღება მოახერხა.
ხვარაზმშაჰმა თავის ლაშქარს ტფილისი მთლიანად გააცარცვინა. მისივე განკარგულებით მცხოვრებნი ორ,- ქრისტიანეთა და მაჰმადიანთა,- ნაწილად იყვნენ გაყოფილნი. ქართველები და სომხები, რომელნიც გამაჰმადიანებაზე უარზე იყვნენ, უწყალოდ დახოცილ იქმნენ, ხოლო გამაჰმადიანებულნი მან ტყვეებად გამოაცხადა. ჯალალედინის ყველა მდივან-მწიგნობარნი დილითგან საღამომდის საქართველოს დედაქალაქში ხელში ჩაგდებული უამრავი სახელმწიფო სიმდიდრის აღნუსხვას აწარმოებდნენ და მაინც, ჯალალედინის კარის ისტორიკოსის სიტყვით, დავალებულ სამუშაოს ვერ ასდიოდნენ.
ტფილისში მცხოვრებ მაჰმადიან მოღალატეთა შორის, რომელიც ჯალალედინს მიემხრნენ, თვით არზრუმის მმართველის ის უფლისწულიც-კი აღმოჩნდა, რომელმაც, დედოფლის სიყვარულით თავდავიწყებამდე გატაცებულმა, თავის დროზე მაჰმადიანობას თავი დაანება და გაქრისტიანდა, რომ ამ გზით მის ქმრობას ჰღირსებოდა. საქართველოს მთავრობისა და რუსუდანის ქუთაისში გადასვლის დროს ტფილისში დარჩენილი არზრუმელი უფლისწული, ხვარაზმშაჰისაგან ტფილისის აღების უმალ, ჯალალედინს წარსდგომია და ისევ ისე გამაჰმადიანებულა. ხვარაზმშაჰს, რასაკვირველია, მისთვის მაჰმადიანობისაგან განდგომის დანაშაულებაც უპატიებია და უხვადაც დაუსაჩუქრებია.
თუ შინათგამცემლობით აღებული ტფილისი ჯალალედინის ლაშქარს ჰქონდა დაპყრობილი, საქართველოს დედაქალაქის მთავარი სიმაგრე, ისნის ციხე, კვლავ ქართველების ხელში იყო. იქ ვერაგულად მოკლული ციხისთავის მემნას ძმა ბოცო იყო შერჩენილი მეციხოვნე ჯარითურთ გამაგრებული, მაგრამ ისნის ციხეც მტრისაგან გარემოცული იყო. რაკი საქართველოს მთავარსარდლობას ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიუჩნევია და მისი აზრით მათ წინააღმდეგობას თითქოს საქმის გამოსწორება აღარ შეეძლო, ამიტომ რუსუდანმა მისი დაცვა უმიზნო მსხვერპლის გაწირვად ჩასთვალა და ბოცო ციხისთავს აცნობა, რომ ბრძოლა შეეწყვიტა.
ისანში შემწყვდეული მეციხოვნენი ამის წინააღმდეგნი ყოფილან. მაგრამ მაინც, მთავრობის ბრძანებისამებრ, ბოცომ, ისნის ციხისთავმა, ჯალალედინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები გაუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ხვარაზმშაჰმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა დაანება. ამიერითგან საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალედინს ჩაუვარდა ხელში.
ტფილისის დაპყრობა ჯალალედინისათვის უდიდესი გამარჯვება იყო: ამ ამბავმა მას მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა შორის სახელი მოუხვეჭა მით უმეტეს, რომ აჩქარებით არაერთს ეს გარემოება ქართველთაგან ვითომც დაჩაგრულ მაჰმადიანობის ქრისტიანებზე კვლავ გამარჯვების მომასწავებლად ეჩვენა. საქართველოსთვის ხომ ეს ისეთი მარცხი და უბედურება იყო, რომელთან შედარებით ბუღა თურქის დროინდელი შემოსევა და ტფილისის გადაწვაც-კი პატარა შემთხვევად მოჩანს: საქართველოს სახელმწიფოს უძლეველობის ხმაგანფენილობასაც ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, დიდი ზიანი მიაყენა.

ტფილისის ხელში ჩაგდების შემდგომ ჯალალედინი საქართველოს სხვა ნაწილების რბევას შეუდგა, მაგრამ ერაყითგან ამბავი მოუვიდა, რომ იქ მის წინააღმდეგ შეთქმულების სამზადისში იყვნენ, და ამიტომ საქართველოთგან მას სასწრაფოდ წასვლა მოუხდა, ქვეყნის დასარბევად-კი თავისი ლაშქრის ერთი ნაწილი დასტოვა.

 

საქართველოს მთავარსარდლობის დაბნეულობა და უგეგმო ბრძოლა

1226 წელს სექტემბერში რომ ჯალალედინი ერაყითგან ისევე საქართველოში დაბრუნდა, ბრძოლა კვლავ განახლდა. მის საომარს მოქმედებას ყველაზე მეტად თვით საქართველოს სამხედრო ხელისუფლების დაქსაქსულობა უწყობდა ხელს: შეერთებული ძალით შებრძოლების მაგიერ, მხედართმთავრები ცალ-ცალკე ციხექალაქებში ჩაიკეტნენ და იქ გამაგრდნენ.
იოანე ათაბაგი და მისი ხელქვეითნი ზოგნი ანისში იყვნენ ჩაკეტილნი, ზოგი კარის ციხქალაქში იმყოფებოდა. ამიტომაც ჯალალედინმა ამ ორი მაგარი და მნიშვნელოვანი ციხექალაქის აღება გადაწყვიტა. ამ მიზნით მან თავისი ლაშქარი ორად გაჰყო და ერთი ნაწილით თავის მეთაურობით ანისს შემოარტყა ალყა, მეორე-კი კარის ციხის ხელში ჩასაგდებად გაგზავნა.
ორგანვე ხვარაზმშაჰის ლაშქარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ჯალალედინიც იძულებული იყო მიზანმიუღწევლად ანისსა და კარს დროებით ჩამოსცლოდა და ისევ ტფლისში დაბრუნებულიყო.
მაგრამ ჯალალედინი ტფლისში განზრახ დაბრუნდა: მის ზრახვასა და იდუმალ გეგმას ქალაქ ხლათის აღება შეადგენდა. სწორედ ამ დასახული მიზნის განხორციელების გასაადვილებლად,- ხლათელების სიფხიზლის მოსადუნებლად და შემდეგ მათზე მოულოდნელად თავზე დასასხმელად, - ჯალალედინი ტფილისისაკენ გამოეშურა, ათი დღის შემდეგ-კი თავისი მთავარი ლაშქარითურთ სასწრაფოდ საქართველოს ყმადნაფიც ხალათისაკენ გაემგზავრა.

ასეთი სამხედრო ცბიერებისა და ზრახვის საიდუმლოდ დაცვისდა მიუხედავად ხლათელებს ჯალალედინის მისვლამდე ორი დღით უწინარეს საქართველოთგან მოსალოდნელი საფრთხის ამბავი აცნობეს. ამ გარემოებამ მათ საშუალება მისცა მტერს საკმაოდ მომზადებულნი დაჰხვედროდნენ



პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტფილისის მტრის ხელითგან დროებით გამოგლეჯა

ამ დროისათვის მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა ჯალალედინისადმი დამოკიდებულებაც უკვე ძალზე შეცვლილი იყო: თუ პირველად გამოჩენისას მას თავისი თავი საქართველოსგან შევიწროებული მუსლიმანების მხსნელადა და მაჰმადიანობის განმათავისუფლებლად მოჰქონდა, - არაერთს მათგანს გულუბრყვილოდ მაშინ ეს სჯეროდა კიდეც, - მწარე გამოცდილებამ, ხვარაზმშაჰის ლაშქრის თავაშვებულმა ბრალიანისა და უბრალოს მხეცურმა ხოცვა-ჟლეტამა და თვით მაჰმადიანთა მოსახლეობისაც-კი შეუბრალებელმა დაბეგვრამა და ცარცვამ, ყველას აუხილა თვალები და ჯალალედინი ყველას მშვიდობიანი ხალხის დამწიოკებელ და ქვეყნის გამაოხრებელ, მოხეტიალე მტარვალად წარმოუდგა. მაშინ საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიცობა და მფარველობა მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანობისათვის უკვე სანატრელი გახდა, ჯალალედინისადმი-კი ყველგან მტრული დამოკიდებულება განმტკიცდა. ხლათელებმაც კარგად იცოდნენ, რაც მოელოდათ. თუ რომ ხვარაზმშაჰს ხელში ჩაუვარდებოდნენ, ამიტომაც იყო, რომ ისინი ჯალალედინს თავგანწირულს წინააღმდეგობას უწევდნენ.
ტფილისში ხვარაზმელების ერთი წლის განმავლობაში მბრძანებლობა უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იქაურ მაჰმადიანებსაც, რომელნიც ჯალალედინს პირველად აგრეთვე აღტაცებით შეეგებნენ, თავინთი მოღალატური საქციელი სანანურად გახდომოდათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ მუსლიმანთა მხსნელად თავის თავის მომჩვენებელი ხვარაზმშაჰი თავისი ლაშქრითურთ ნამდვილად სისხლის მღვრელი და ყველაფრის გამანადგურებელი მტარვალი გამოდგა. ამიტომაც გაჭირვებაში ჩავარდნილმა ტფილისში შერჩენილმა მაჰმადიანმა მოსახლეობამ საქართველოს მთავრობას საიდუმლოდ ხვარაზმელთა იქ დატოვეკბული მეციხოვნე ლაშქრის სიმცირე და უილაჯობა აცნობა და ევედრებოდა, ხვარაზმელთა ხელითგან ეხსნა ისინი საჩქაროდ. ვერც ჯალალედინის მხარეზე გადასულმა არზრუმელმა ბატონიშვილმა გაუძლო ხვარაზმშაჰის თავგასულობას, გამოიპარა ტფილისითგან, მაჰმადიანობა კვლავ უარჰყო და დედაქალაქში იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობას დაწვრილებითი საიდუმლო ცნობები მიუტანა.
რაკი ჯალალედინი ხლათის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაიფლა და ტფილისი შორს იყო, რომ მოშველება შესძლებოდა, მისი მეციხოვნე ჯარიც საქართველოს დედაქალაქში უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა და თვით მაჰმადიანნიც-კი იქ ხვარაზმელების განდევნის მონატრულნი იყვნენ, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ ტფილისისაკენ ჯარი გაგზავნა და 1226 წელს დამლევს ტფილისი მტრისაგან გაანთავისუფლა.
ამავე დროს აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს ყმადნაფიცი სამფლობელოების ხვარაზმელ დამპყრობელთა ხელითგან გამოსაგლეჯადაც საქართველოს მთავრობამ შაქსა და კაბალაშიც წარგზავნა ჯარი. საკმარისი იყო კაბალაში ჩაყენებულს ხვარაზმშაჰის მმართველს საქართველოს ჯარის მოახლოვების ამბავი გაეგო, რომ უბრძოლველად გაქცეულიყო და ქალაქი დაენებებინა. ხლათში მდგომმა ჯალალედინმა-კი, საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლისდა მიუხედავად, არამცთუ ხლათელების წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შესძლო, არამედ, თავის სამშობლოს დაცვით გალომებულმა ხალათელებმა მისი ლაშქრის დიდი ზარალით უკუგდებაც-კი მოახერხა. ასეთ პირობებში ხვარაზმშაჰი იძულებული იყო ხლათისათვის თავი მიენებებინა და მთელი თავისი ლაშქრითურთ ისევ საქართველოში დაბრუნებულიყო.

საქართველოს მთავრობასა და სამხედრო ხელისუფლების მეთაურთ ჯალალედინთან იმ დროს შებრძოლება რატომღაც მიზანშეწონილად არ მიუჩნევიათ, მაგრამ ხვარაზმშაჰისათვისაც ტფილისში გამაგრების საშუალება რომ მოესპოთ, ქალაქი დაუცლიათ და 1227 წელს დამდეგს თითონვე გადაუწვავთ.


ჯალალედინის უკანასკნელი გამარჯვება და საქართველოთგან გაქცევა მონღოლთა კვლავ გამოჩენის გამო

ხვარაზმშაჰის თავაშვებული ნავარდით მობეზრებულმა რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყეს შეერთებული ძალით ჯალალედინის გასანადგურებლად. ეს ამბავი ხვარაზმშაჰს არ გამოჰპარვია და ამ შემთხვევაშიც მან დასწრება და შებმა ამჯობინა, სანამ მოკავშირეები მზადებას დაამთავრებდნენ. 1227–8 წლის მიჯნაზე ჯალალედინი მთელი თავისი ლაშქრითურთ საქართველოს ჯარს ბოლნისის ჩრდილოეთით შეებრძოლა. ქართველებს ჯერ საკმაო ძალა მოკრებილი არ ჰქონდათ და მხოლოდ 40000 მეომარზე ცოტა მეტი ჰყავდათ. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ხვარაზმშაჰმა გაიმარჯვა. ჯალალედინმა იმდენი შესძლო, რომ 1229 წელს დამლევს ხლათის აღებაც-კი მოახერხა, მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება-ღა იყო.

მონღოლებს ხვარაზმშაჰის შურისძიების წყურვილი და მისი სრული განადგურების წადილი ოდნავადაც არ ჰქონდათ. 1230 წლის აგვისტოს ახ. ხ. ჯალალედინს ამბავი მოუვიდა, რომ მონღოლები სპარსეთის სამხრეთ ადერბეჯანს უახლოვდებოდნენ. ამის გაგონება და მისი აყრა ერთი იყო. ის ჯერ მარაღაში მივიდა, შემდეგ კვალდაკვალ დადევნებული მონღოლთა ლაშქრისაგან თავის გადასარჩენად, ის, თავისი ჯარისა და ყველა თანამებრძოლთაგან მიტოვებული, ბასიანის მთებში გაიქცა, მაგრამ იქ 1231 წლის 17 აგვისტოს ერთი ქურთის მიერ იქნა მოკლული.

 

ჯალალედინის დახასიათება, როგორც სარდლისა და პოლიტიკოსის

ჯალალედინი, უეჭველია, ნიჭიერი სარდალი და სამხედრო საქმის კარგი მომწყობი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მას ოდნავი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და პოლიტიკური შორსგამჭვრეტელობა არ მოეპოვებოდა. მას, თავისი მამაპაპეული ხვარაზმშაჰების საბრძანებლითაგან გაძევებულსა და მონღოლებისთანა ძლევამოსილი მტრის მყოლს, იმდენი შეგნება ვერ აღმოაჩნდა, რომ, მტკიცე პოლიტიკური ნიადაგის შეუქმნელად, მას არსად ფეხის იმდენად მომაგრება არ შეეძლებოდა, რომ ახალს, უცხო ადგილას სახელმწიფოც შეექმნა და მონღოლებისათვისაც გაეწია წინააღმდეგობა. ჯალალედინს არ ესმოდა, რომ მკვიდრი, პოლიტიკური საფუძვლის დადება მარტო სამხედრო მოქმედებით, ახალ-ახალი ქვეყნების დაპყრობითა და ხალხის ჟლეტით, მომხრე მოსახლეობისაც-კი უკიდურესი დაბეგვრითა და ყველას მომდურებით არ შეიძლებოდა. მისი მუდმივი ლაშქრობა-კი იმოდენა ქონებრივ სახსარს თხოულობდა, რომ თვით იმ მაჰმადიან ქვეყნებსაც-კი, რომელნიც პირველ ხანებში მას, ვითარცა მხსნელს, მიემხრნენ, არ შეეძლოთ მისთვის მისაცემი გადასახადების ტვირთი და მისი ხარბი თანამებრძოლებისა და მოხელეების ცარცვა-გლეჯვა აეტანათ.
ჯალალედინის მთელმა მოქმედებამა და ძალითა, თუ მომხრეობით დასაკუთრებული ქვეყნებისა და მოსახლეობისადმი უხეშმა და დაუზოგავმა მოპყრობამ მის თანამორწმუნეებს აგრძნობინა, რომ მისი ბატონობა წინანდელზე, რომლისაგანაც განთავისუფლებით მას თავი მოჰქონდა, არამცთუ უკეთესი არ იყო, არამედ ქვეყნისა და ხალხისათვის გაცილებით უფრო საზიანო და საზარალო გამოდგა. მისი სამხედრო ძლევამოსილების შედეგი ყველგან, სადაც კი მას ფეხი შეუდგამს, ერთიდაიგივე იყო: განადგურებისა და მოსახლეობის აწიოკება-გატყავებას გარდა, მის აქ ყოფნას არაფერი დაუტოვებია.

ჯალალედინი იმდენად უგუნური პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომ მას ისიც კი არ ესმოდა, თუ მთელი თავისი მოქმედებით როგორ უმზადებდა თვითვე საუკეთესოდ ნიადაგს თავისი დაუძინებელი მტრების გამარჯვებას. განა მისი გამანადგურებელი მოღვაწეობა არ იყო, რომ მონღოლებს შეუწყო ხელი, მის შემდგომ მახლობელ აღმოსავლეთში თითქმის უბრძოლველად გაბატონებულიყვნენ? ერანში და მცირე აზიაში მყოფ სამფლობელოებთანა და საქართველოს სახელმწიფოს მთავრობასთან შეთანხმებისა და მონღოლების წინააღმდეგ შეერთებული ძალით შებრძოლების მაგიერ, მან, თავის ქვეყნითგან ლტოლვილმა, როგორღაც წარმოიდგინა, რომ თითქოს ერთი დაკვრით ერანსაც აღადგენდა, უზარმაზარ სახელმწიფოსაც შეჰქმნიდა და მონღოლებსაც გაანადგურებდა. ნამდვილად-კი ისე გამოვიდა, რომ მახლობელი აღმოსავლეთის განადგურებითა და თავის წინააღმდეგ ყველას ამხედრებით, მან მხოლოდ თავისი დაუძინებელი მტრების მონღოლების გამარჯვებას დაახვედრა საუცხოვოდ შემზადებული ასპარეზი.



რუსუდანისაგან თავისი შვილის დავით IV-ის თანამოსაყდრედ დასმა

აღმოსავლეთ საქართველოში ჯალალედინის ხვარაზმელთა თარეშის დროს, დასავლეთ საქართველოში გადასულმა რუსუდან მეფემ, უეჭველია, სახელმწიფო დარბაზის დასტურით, 1230 წელს ახ. ხ. თანამოსაყდრედ თავისი 5 წლის ვაჟიშვილი დავითი დასვა და აკურთხებინა. მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, დავითის თანამოსაყდრედა და მეფედ დასმა–კურთხევას დარბაზის ერნი და დიდებულნი აღმოსავლეთ საქართველოთგან ვერ დაესწრნენ.
თუმცა ჯერ ჯალალედინის გაქცევამ, ხოლო შემდეგ მისმა მოკვლამ მახლობელი აღმოსავლეთი იხსნა, მაგრამ ვერც ამის შემდგომ დამყარებული მყუდროება გამოდგა ხანგრძლივი. სულ რამდენიმე წელიწადი იყო გასული, რაც საქართველოს მთავრობა რუსუდანის მეთაურობით ქუთაისითგან ისევ დედაქალაქს ტფილისში დაბრუნდა და აფორიაქებულმა ქვეყანამაც თანდათან დაწყნარება იწყო, რომ მონღოლთა ურდოები კვლავ კავკასიას ეწვივნენ, მაგრამ ეხლა-კი უფრო გარკვეული დამპყრობელობითი მიზნითა და ამიტომაც დიდი სამხედრო ძალითურთ.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014