მეფე ვახტანგ გორგასალი
(431-???)

1 2

ვახტანგ მეფის დაბადების თარიღი
ვახტანგ მეფის მშობლები
სიყრმის წლები
პირველი დარბაზი
ოსებზე გალაშქრება
აფხაზეთისა და ჯიქეთის დამორჩილებაა
ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრება

 

ვახტანგ მეფის დაბადების თარიღი

vaxtang mefis freska. sveticxoveli

ვახტანგ გორგასალი ქართველ მოღვაწეთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელთაც ჯერ კიდევ თანამედროვეებმა უწოდეს `დიდი~. დიდად, თუნდაც ქართველ მეფეთაგან, საქართველოს ისტორიაში არც ისე ბევრი მოიხსენიება. ვახტანგ გორგასალი ამ მხრივ ერთ-ერთი პირველია. ვახტანგ გორგასალი ძვ. წ. III საუკუნის დამდეგს, ახალი ქართლის სამეფოს შემქმნელისა და ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის დამაარსებლის – ფარნავაზის ერთ-ერთი გამოჩენილი შთამომავალი იყო. ვახტანგ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ძირითადად, მის თანადროულად შექმნილი საისტორიო თხზულებიდან (მას `ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა~ ეწოდება) ვიცით. ამ თხზულების ავტორად ვახტანგის სპასპეტი – ჯუანშერ ჯუანშერიანი ითვლება. ვახტანგის `ცხოვრებამ~ XI საუკუნეში გარკვეული რედაქციული ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც, ვახტანგ გორგასლის პიროვნება ლეგენდარული ელფერით შეიმოსა. მის `ცხოვრებაში~ არაერთი ლეგენდარული ამბავი იქნა ჩართული, რაც შემდეგმა გარემოებამ განაპირობა: მიუხედავად იმისა, რომ XI საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის დროიდან 500 მეტი წელი იყო გასული, ვახტანგ გორგასლის პიროვნებისადმი ინტერესი, პატივისცემა და სიყვარული მაინც დიდი იყო. ასეთი პატივისცემისათვის ქართლის სამეფოს დედაქალაქად თბილისის გამოსაცხადებლად დაწყებული სააღმშენებლო სამუშაოებიც კმაროდა. ირანელებთან ბრძოლისას სასიკვდილო ჭრილობის მიღების გამო, მართალია, ვახტანგ მეფემ ამ დიდი სახელმწიფოებრივი საქმის დამთავრება ვერ მოასწრო, სამუშაოები `დაჩი მეფემ განასრულა~ და `ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი (თბილისი ვ.გ.) შექმნა სახლად სამეფოდ~, ქართული საისტორიო ტრადიცია ვახტანგ გორგასალს მაინც თბილისის დამაარსებლად თვლის. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი ეროვნული მოღვაწის – ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ზუსტი წლები ამ უკანასკნელ ხანებამდე გარკვეული არ იყო. საქმეს ის ართულებდა, რომ თარიღი, საიდანაც მისი `ცხოვრების~ ავტორს – ჯუანშერს ვახტანგის მოღვაწეობისა და ქართლში მომხდარი ამბები აქვს ათვლილი, იმთავითვე არ არსებობდა. ჯუანშერი ათვლას ვახტანგის დაბადებიდან იწყებს და მოგვითხრობს, ვახტანგი 7 წლის რომ გახდა მამა გაერდაეცვალა და ასე შემდეგ. მემატიანე თხრობას ირანელებთან `იორსა ზედა~ ბრძოლაში დაჭრილი 60 წელს მიღწეული მეფის გარდაცვალებით ამთავრებს. ე.ი. თუ გვეცოდინება ამ ბრძოლის თარიღი, ვახტანგის დაბადების წელსაც ზუსტად გავარკვევთ. ვახუშტი ბატონიშვილიდან (გარდაიცვალა 1757 წ.) დაწყებული, მკვლევრები დიდი გულმოდგინებით ეძებდნენ ამ ომის თარიღს, მაგრამ იგი ვერც ძველ ქართულ და ვერც უცხოენოვან წყაროებში ვერ იქნა მიკვლეული. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა, სამეცნიერო ლიტერატურაში ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების თარიღი, თითქმის, 50 წლის ფარგლებში – 484-დან 532 წლამდე რომ მერყეობდა. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების თარიღად აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული 502 წელი იყო მიღებული, მაგრამ ჯერ კიდევ 1962 წელს ისტორიკოსმა ლაშა ჯანაშიამ დეტალურად გაანალიზა საისტორიო წყაროთა მონაცემები და აღნიშნა: 502 წელი არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას, ჩვენს ხელთ არსებული ცნობები საშუალებას არ იძლევიან ზუსტად დავათარიღოთ ვახტანგ გორგასლის მეფობა. ჯერჯერობით ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ ვახტანგი მეფობდა V საუკუნის მეორე ნახევარში. ლაშა ჯანაშიას ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა მკვლევარმა კვლავ სცადა ვახტანგ გორგასლის ცხოვრების წლების დადგენა, მაგრამ ყურადღება მივაქციე ახალ წყაროს `ფირან გუშნასპის მარტვილობა~. ამ თხზულებაში ქართლ-ალბანეთის მარზპანის _ ფირან გუშნასპის გაქრისტიანებისა და ირანის შაჰის მიერ მისი სიკვდილით დასჯის ამბავია გადმოცემული. ეს პიროვნება ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართლის მარზპანის – არვანდ გუშნასპის უფროსი ძმა იყო. მარზპანებს ქართლსა და ალბანეთში მდგარი ჯარების სარდლობა, ამ ორი ქვეყნის გამგეობა ევალებოდათ. გუშნასპთა (იგივე მიჰრანთა) საგვარეულო ირანის იმპერიაში დიდი გავლენით სარგებლობდა. მათ ძირითადად სამხედრო თანამდებობები ეკავათ. ხშირად იყვნენ ირანის ჯარების მთავარსარდლები. რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო ცნობას. სირიელი აგიოგრაფის თანახმად, ფირან გუშნასპის მარზპანობისას `როცა სპარსელებსა და რომაელებს შორის გურზანისა და არანის მხარეში ომი დაიწყო... (ზავის დადების) მეორმოცე წელს ტახტზე ავიდა ხოსრო~. ძეგლში მოხსენიებული `გურზანი~ ქართლის სირიული სახელია, ,,არანი" ძველ ალბანეთს ერქვა. მეფე `ხოსროში~ ირანის შაჰინ-შაჰი ხოსრო I ანუშირვანი იგულისხმება. იგი 531 წელს ავიდა ირანის ტახტზე. მეორე მხრივ, აგიოგრაფის თანახმად, მისი გამეფების წელი რადგან ამიერკავკასიაში `გურზანისა და არანისათვის~ მიმდინარე ომის დამთავრების (ზავის დადებიდან) მეორმოცე წელი იყო, ირანსა და ბიზანტიას შორის ზავი (531-40) 491 წელს დადებულა. სათანადო მასალის გაანალიზების შემდეგ გაირკვა: ჯუანშერის მიერ აღწერილი `იორსა ზედა~ ბრძოლა, სადაც ვახტანგ გორგასალი სასიკვდილოდ დაიჭრა, ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე მომხდარი, ირან-ბიზანტიის ომის, ერთი ეპიზოდი იყო. ე.ი. სირიელი აგიოგრაფი და ჯუანშერი 491 წლის ირან-ბიზანტიის ომის ერთი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვახტანგ გორგასლის გარდაცვალება ჩემს მიერ 491 წლით იქნა დათარიღებული. გარდაცვალებისას ვახტანგ მეფე რადგან 60 წელს იყო მიღწეული, მისი დაბადება (491-60) 431 წელზე მოვა. ვახტანგ გორგასლის `ცხოვრების~ ავტორს – ჯუანშერს სწორედ 431 წლიდან აქვს ათვლილი ვახტანგის ცხოვრებისა და ქართლის სამეფოში მომხდარი ამბები. ამ მიკვლევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა ზუსტად განმესაზღვრა ვახტანგის მამის – მეფე მირდატის გარდაცვალების, ვახტანგის დების, მისი ძეების დაბადების წლები და იმდროინდელ ქართლის სამეფოში მომხდარი სხვა მრავალი ამბავი.

 

ვახტანგ მეფის მშობლები

ვახტანგ გორგასალი და მისი წინაპრები, ფარნავაზიანთა დინასტიას განეკუთვნებოდნენ. ძველთაგანვე საქართველოს დიდ საგვარეულოებში გაჩნდა ტენდენცია, თავიანთი საგვარეულოს ფუძემდებლად უცხოეთიდან მოსული პიროვნება გამოეცხადებინათ ან თავიანთი გვარი უცხოელ საგვარეულოსთან დაეკავშირებინათ. ასე იყო სამეფო გვარშიც – ბაგრატიონები თავიანთ წინაპრებად ძველ ებრაელ მეფეებს: სოლომონსა და დავითს თვლიდნენ. ფარნავაზ მეფის შთამომავლებიდან სწორედ მირიანის `ცხოვრებაში~ იქნა ასეთი ჩასწორება შეტანილი. XI საუკუნის მემატიანემ ლეონტი მროველმა მირიანი ირანის შაჰის ძედ გამოაცხადა, მიჰრანთა საგვარეულოს ქალისაგან ნაშობად. ვახტანგ გორგასალი კი მირიანის უმცროსი ძის – ბაკურის (ბაქარის) უშუალო შთამომავალი იყო. ვახტანგ გორგასალი მამის მხრივ იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალი იყო (ვახტანგის მოღვაწეობის დროისათვის ფარნავაზიანთა დინასტია ქართლის ახალი სამეფოს შექმნიდან – ძვ. წ. 301 წელს, თითქმის 8 საუკუნეს აითვლიდა). დედა კი მას სპარსელი ჰყავდა, ქართლ-ალბანეთის მარზპანის-ბარზაბოდის ასული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარზაბოდიც მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოდან უნდა ყოფილიყო. ასე რომ, დედის მხრივ ვახტანგ მეფე ირანის ერთ-ერთი განთქმული საგვარეულოს ჩამომავალი იყო. ქართლ-ალბანეთის მარზპანთა ძირითადი რეზიდენცია ქ. ბარდა (ბარდავი) (ამჟამად პატარა ქალაქია აზერბაიჯანში) იყო. იქიდან განაგებდნენ ისინი ამ ორ ქვეყანას. როგორც ვახტანგ გორგასლის `ცხოვრებაშია~ ნათქვამი, ვახტანგის პაპა მეფე არჩილი (402-426 წწ.), მაინცდამაინც დიდად არ მორჩილებდა ბარზაბოდს. მან `განაცხადა მტრობა სპარსთა, გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით (ე.ი. ბიზანტიიდან, ვ.გ.) და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა~. ეს ბრძოლა, როგორც აღვნიშნე, ძირითადად ბარდაში მჯდომი მარზპანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში გამოიხატებოდა. ბარზაბოდი ურჩ ქვეშევრდომს, რა თქმა უნდა, ასეთ ქმედებას არ აპატიებდა. მან `შეკრიბა სპა რანისა, მოვაკანისა და ადარბადაგანისა და მომართა არჩილს~. მეფე არჩილი, ქართლის ჯარით `მინდობითა ღმრთისათა~ ბარზაბოდს ქართლ-ალბანეთის საზღვარზე `მდინარესა ზედა ბერდუჯისასა~ დახვდა `და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა~ ბარზაბოდის მებრძოლები. შემდეგ შევიდა ალბანეთის ტერიტორიაზე მოარბია იგი და `მოვიდა შინა გამარჯვებული~. მთელ სამეფოს ამცნო ჯვრის ძალით ცეცხლთაყვანისმცემელ ბარზაბოდზე გამარჯვების ამბავი. ბარზაბოდის წინააღმდეგ არანაკლები სიმამაცით იბრძოდა არჩილ მეფის ძე მირდატი. მამასავით ისიც `მორწმუნე და ღმრთის მსახური~, `ქუელი და შემმართებელი~ იყო. როცა მირდატი `დადგა ასაკსა მამაკაცობისასა,~ `უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესვლად და ტყუენვად~ ალბანეთს. ძველი ქართველი ავტორის ცნობით, ქართველთა ასეთ გააქტიურებას ირანის შაჰი ვერ პასუხობდა, რადგან `ბრძოდა ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდსა გამოგზავნად~. ამიტომ `ემძლავრებოდეს ქართველნი~. მართალია, ბარზაბოდი ციხეებსა და ქალაქებს ამაგრებდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა, სანამ მირდატის ცხოვრებაში გარდამტეხი ამბავი არ მოხდა. იმხანად უფლისწული მირდატი უცოლო იყო, ხოლო ბარზაბოდს, მემატიანეს თქმით, `ესუა ასული ქმნულკეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ~. ერთხელაც, მირდატს მხლებლებმა მოახსენეს `სიშუენიერე მისი~. საგდუხტის სილამაზით მონუსხული `ტრფიალ იქმნა მირდატ მის ზედა.~ ამის შემდეგ მირდატს, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა ბარზაბოდის სამფლობელოები დაერბია. თავისი ტრფიალის ამბავი მამას – მეფე არჩილს ასე მოახსენა: `ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშვიდობა~. მართალია, დასძინა უფლისწულმა, ქრისტეს ძალით ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ როცა ირანის მეფე მოიცლის, ჩვენზე შურს იძიებს. ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიებს მოაოხრებს. ჯობია დღეიდან დამთავრდეს ჩვენს შორის მტრობა. ამ გზით უფრო შეურყევლად დავიცავთ ქართლის საზღვრებს, უფრო განმტკიცდება ქართლში ქრისტეს სჯული, სპარსთა გაძლიერებისას, `ქრისტეს სჯულის გმობის~ შიში აღარ გვექნება. მეფე არჩილი კარგად მიხვდა ყოველივე ამას, ახალგაზრდა უფლისწული ქალის სიყვარულის გამო რომ ამბობდა. ამიტომ, შვილის თხოვნას წინააღმდეგობა აღარ გაუწია და `აღასრულა ნება მისი~. წარგზავნა მოციქული ბარდავს – ბარზაბოდის კარზე `და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თვისისა~. არჩილ მეფის წინადადება ბარზაბოდმა დიდი სიხარულით მიიღო, თან ქართველთაგან `ითხოვა ფიცი და აღთქმა~ მშვიდობისა, ქართველებმაც დადეს ფიცი. ასე დამყარდა მშვიდობა. საქმის კეთილად წარმართვით გახარებულმა ბარზაბოდმა `მოსცა ასული თვისი ზითვითა დიდითა~. საგდუხტი `მოიყვანეს მცხეთას _ `ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა~. ქორწილის შემდეგ მეფე არჩილმა მირდატსა და მის მეუღლეს საუფლისწულო მამულად მისცა სამშვილდე* `საერისთაოთა მისთა და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ~. ასე შეიქმნა სამშვილდის საერისთავოს ცენტრი – ციხე-ქალაქი სამშვილდე ახალგაზრდა ცოლ-ქმრის რეზიდენციად. დიდად `მორწმუნე და ღმრთის-მსახური~ მირდატის მეუღლე საგდუხტ დედოფალი, ცეცხლთაყვანისმცემელი იყო. ცხადია, მას გაქრისტიანებას მოსთხოვდნენ და `საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი~, მირდატმა `მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი~ (ე.ი. ქრისტიანული რელიგიის მცოდნენი, ვ.გ.). დედოფალმა, რა თქმა უნდა, არც ქართული იცოდა, ამიტომ `უთარგმნეს სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი~. აუხსნეს _ `ჭეშმარიტი ღმერთი~ რომ იესო ქრისტე იყო, `რომელი განკაცნა (ე.ი. ადამიანის სახე მიიღო, ვ.გ.) ხსნისათვის ჩუენისა~. ყოველივე ამის შემდეგ, საგდუხტ დედოფალმა `გულისხმა ყო~, `იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე~. მან აღაშენა სიონი სამშვილდისა (ესაა სამშვილდის ძველი ეკლესია. VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე ქართლის ერისმთავარმა ვარაზ-ბაკურმა და სხვებმა სამშვილდეში კვლავ ააგეს დიდი ტაძარი, რომელთაგან დღეს ნანგრევებიღაა შემორჩენილი, ვ.გ.). 426 წელს არჩილ მეფე გარდაიცვალა – ქართლის სამეფო ტახტზე ახალგაზრდა მირდატი ავიდა. ამიერიდან მან დედოფალ საგდუხტთან ერთად მცხეთის სამეფო სასახლეში დაიდო ბინა. მირდატი შეუდგა ქვეყნის მართვას.

 

სიყრმის წლები

ზემოთ ვახტანგ გორგასლის დაბადების თარიღად 431 წელი მივიღეთ. იმაზეც მივუთითე, ვახტანგის პაპა მეფე არჩილი რომ 426 წელს გარდაიცვალა და ქართლის ტახტზე მირდატი ავიდა. იგი მეფობდა ისე, `ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა~. ახლა, რაც შეეხება ვახტანგის ოჯახის წევრებს, მეფე მირდატსა და დედოფალ საგდუხტს. მათ პირველად ქალიშვილი შეეძინათ და მას ხუარანძე დაარქვეს. სამეფო კარისათვის, უპირველეს ყოვლისა, ვაჟიშვილის გაჩენა იყო დიდად სასურველი, ამიტომ `კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხი წლისა საგდუხტმა... შვა ძე და უწოდა სახელი... სპარსულად `ვარან-ხუასრო-თანგ~, ხოლო ქართულად უწოდა ვახტანგ. მემკვიდრის დაბადების გამო `აღივსნეს სიხარულთა მშობელნი მისნი~, `განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა და გამოიღეს ხუასტაგი (ქონება, საქონელი, ვ.გ.) დიდძალი, ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა~. მეფემ `დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა~. როგორც გვიანფეოდალურ საქართველოში, მაშინაც, უფლისწულებს დიდგვაროვანი მამამძუძენი ზრდიდნენ. ჯუანშერი პირდაპირ მიუთითებს: წესი იყო `რომელ შვილნი მეფეთანი, წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან~. ვახტანგის გაზრდა საურმაგ სპასპეტმა `დიდითა ვედრებითა~ ითხოვა. მეფემაც `მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ". უფლისწული ქვეყნის მომავალ მმართველად, უძლეველ მებრძოლად, საურმაგ სპასპეტის ხელმძღვანელობით აღიზარდა. ახლა გავარკვიოთ როდის დაიბადნენ ვახტანგის დები. ვახტანგის დაბადების თარიღი ვიცით. ისიც ვიცით რომ ვახტანგი ხვარანძეს დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიბადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხვარანძე (431-4) 427 წელს დაბადებულა. ვახტანგ გორგასალის `ცხოვრების~ ავტორის შემდეგი ცნობით, ვახტანგის დაბადებიდან `შემდგომად... მეექუსისა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუა და უწოდეს სახელი... მირანდუხტ~. ე.ი. ვახტანგის უმცროსი და მირანდუხტი – (431+6) 437 წელს დაბადებულა. მირანდუხტი გასაზრდელად კასპის სპასალარმა წაიყვანა. მირანდუხტის დაბადებაზე მითითების შემდეგ ვახტანგის `ცხოვრების~ ავტორი – ჯუანშერი გვამცნობს: `შემდგომ, ამისსა, წელსა მეორესა, მოკუდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შვიდისა წლისა ყრმა~. 437 წელს მირანდუხტის დაბადებიდან `შემდგომად მეორე წელი~ 438 წელია – ეს ახალი მითითებაა მირდატ მეფის გარდაცვალების შესახებ. ამ დროს ვახტანგი შვიდი წლის იყოო და, მართლაც 431 წელს დაბადებული ვახტანგი 438 წელს შვიდი წლისა იქნებოდა. ამ ამბების თხრობისას ჯუანშერიგვამცნობს: `ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი~ _ მათ კასპიდან გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. 438 წელს მეფე მირდატის უდროოდ გარდაცვალების გამო, ქართლის სამეფო მძიმე ვითარებაში ჩავარდა. შვიდი წლის უფლისწული ქვეყნის მართვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ქვეყანა დედოფალ საგდუხტს უნდა ემართა ქართლის ერისთავების დახმარებით, მაგრამ სინამდვილეში ქართლის მმართველად ითვლებოდა ბარდაში მჯდომი მარზპანი ბარზაბოდი. იგი, მართალია, დედოფალ საგდუხტის მამა იყო, მაგრამ მაინც ირანელი მოხელე იყო. ამასთანავე, დედოფალს კარგად ახსოვდა: ჯერ არჩილ მეფე, შემდეგ კი მისი მეუღლე – მირდატი როგორ არბევდნენ ალბანეთში ბარზაბოდის ქვეშევრდომებს. ამიტომ, იგი შიშობდა ვაითუ `მამამან ჩემმან~ შური იძიოს მამამთილისა და ჩემი ქმრის ნამოქმედარზე, მათ ხომ `ეგოდენნი ბოროტნი მოაწივნეს მის ზედა~-ო. ამასთანავე, იმასაც არ გამორიცხავდა, რომ რადგან ცეცხლთაყვანისმცემლობა უარყო და ქრისტიანობა აღიარა, მასზე შურისძიების გამო `წარწყმიდოს შვილი ჩემი, განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი~-ო. დედოფალი დიდ მწუხარებაში იყო, მაგრამ, ბოლოს მაინც `განიზრახა წარსვლა წინაშე მამისა მისსა და შევრდომა მისი~. თუმცა, მცირეწლოვანი უფლისწულის წაყვანა ვერ გაბედა და ვახტანგი `ცრემლითა სიმწარისათა~ ქართლის სპასპეტსა და ერისთავებს შეავედრა. ქართლის დედოფალი მხოლოდ მცირე მხლებლებით მიადგა ქ. ბარდაში მამის რეზიდენციას. მამის წინ მოიყარა მუხლი, მამას ფეხებზე ემთხვია _ `დაალტობდა (ე.ი. დაასველებდა, ვ.გ.) ფერხთა მამისა თვისითა ცრემლითა~. დედოფალმა მამისაგან ითხოვა შეწყალება და მიტევება, ასევე სურდა მამას მისთვისაც შეენდო `სჯულის დატევება~. დედოფალს ეშინოდა მამას არ აეძულებინა იგი უარეყო ქრისტეს სჯული, რადგან იესო ქრისტე მისთვის უკვე იყო `ღმერთი ჭეშმარიტი~. ამასთანავე მამისადმი უმთავრესი სათხოვარი მაინც ის იყო, რომ მისი ძე – ვახტანგი დაეტოვებინა თავისივე მამულში და თვით გაეწია შუამავლობა ამის შესახებ შაჰის წინაშე. დედოფლის შეშფოთება შემთხვევითი არ იყო, მან კარგად იცოდა მამის ხასიათი. ბარზაბოდი, მართლაც, მზად ყოფილა `ბოროტის ყოფად ქართველთათვის~, თუმცა, საყვარელი ქალიშვილი მაინც დაინდო _ `შეიწყალა ასული თვისი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი~. მარზპანმა ასულს მხოლოდ ერთი პირობის შესრულება მოსთხოვა: თვითონ არცერთ ქართველს იძულებით არ `დააგდებინებდა~ ქრისტეს სჯულს, სამაგიეროდ ქართლში გააგზავნიდა ცეცხლთაყვანისმცემლებს მათი რჯულის მოძღვრებთან ერთად და თუ რომელიმე ქართველი თავისი ნებით აირჩევდა ირანელთა რელიგიას – ცეცხლთაყვანისმცემლობას, ხელისუფალთ მისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. ჯუანშერის სიტყვით, `საგდუხტ ერჩდა (ემორჩილებოდა, ვ. გ.) მამასა თვისსა შიშისაგან დიდისა~, ამიტომ მას უარი ვეღარ შეკადრა. მართლაც, ბარზაბოდის მიერ გამოგზავნილი ცეცხლის მსახურნი მცხეთაში `დასხდეს მოგუთას*~.ქ. ბარდადან საგდუხტ დედოფლის გამომგზავრების შემდეგ, აღარც ბარზაბოდს უცოცხლია დიდხანს. იგი გარდაიცვალა და ირანის შაჰმა მარზპანად ბარზაბოდის ძე – ვარაზ-ბაკური დასვა. იმავე ხანში ქართლში გარდაიცვალა ვახტანგის მამამძუძე საურმაგ სპასპეტი. ქართლის სპასპეტად დედოფალმა ჯუანშერი დანიშნა. საქვეყნო საქმეებით დაკავებულმა დედოფალმა საგდუხტმა ცეცხლთაყვანისმცემელთა შეტევის შეჩერება ვერ შეძლო. განსაკუთრებით ცეცხლთაყვანისმცემელთა `ეპისკოპოსი~ ბინქარანი აქტიურობდა. მის ქმედებას ქართლის წარჩინებულნი წინააღმდეგობას არ უწევდნენ. ამის გამო `წურილი ერი~ (ე.ი. მოსახლეობის დაბალი ფენები) მიიქცა მრავალი ცეცხლისმსახურებას... შეერია ქართლს წურილსა ერსა ცეცხლმსახურება~, `ამისთვის მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი~, მაგრამ `მძლავრობისაგან სპარსთა ვერას იკადრებდა~, თუმცა იმდენი მაინც შეძლო, რომ ბიზანტიიდან მოიყვანა `მღდელი ჭეშმარიტი~ მიქაელი და ქართლის ეკლესიის მეთაურად დაადგინა. დედოფლის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გაამართლა. მიქაელ ეპისკოპოსი მედგრად აღუდგა წინ ცეცხლთაყვანისმცემელთა ძალადობას _ `ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა~. ის-ის იყო ქვეყანაში რელიგიური ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა, რომ ქართლის მოსახლეობამ ჩრდილო კავკასიიდან დიდი თავდასხმა განიცადა. როცა ვახტანგი 10 წლისა გახდა (ე.ი. დაახლოებით 441 წელს), ჩრდილო კავკასიიდან დარიალის გზით `გადმოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი~ და მოაოხრეს ქვეყანა მტკვრის სათავეებიდან ხუნანამდე (ეს ციხე-ქალაქი საერისთავოს ცენტრი იყო და სამეფოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა). მომხდურებმა კასპის გარდა ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. კასპიდან კი ვახტანგის და მირანდუხტი გაიტაცეს. ქართლში ჩრდილოელთა ლაშქრობის თანადროულად, ბიზანტიელები დასავლეთ საქართველოში (ეგრისის სამეფოში) შეიჭრნენ და დაიპყრეს ტერიტორია `ეგრისწყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე~. ეს ორი ლაშქრობა, რა თქმა უნდა, ერთი დიდი სამხედრო ოპერაციის შემადგენელი ნაწილები იყო. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორის კომიტ მარცელინუსის `ქრონიკაში~ არსებული ცნობა 441 წელს ბიზანტიასა და ირანს შორის ზავის დადების შესახებ. ზავის დადების წინ – 438 წელს ირანის ტახტზე იეზდიგერდ II-ის ასვლის შემდეგ ბიზანტიასა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 440 წელს კი ირანის არმია ბიზანტიის საზღვრებს მიადგა. ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, ბიზანტიამ სასწრაფოდ მიიღო ზომები. იმპერიამ, არმიის მაგისტროსების (მხედართმთავრების) _ ანატოლისა და ასპარის სარდლობით აღმოსავლეთში ლაშქარი გამოაგზავნა, ხოლო ამიერკავკასიის ირანულ სამფლობელოებში ჩრდილო კავკასიიდან ჰუნებისა და ოსების შემოჭრით ირანს საქმე გაურთულა. ოსებისა და ჰუნების გასადევნად, ქართლში ირანის ლაშქარი შემოვიდა. ამით უნდა აიხსნას, ჩრდილო კავკასიიდან შემოსულებმა კასპის გარდა, ვერც ერთი ციხე რომ ვერ აიღეს, თუმცა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ და დარუბანდის გზით უკან გაბრუნდნენ. 441 წლისათვის, აღმოსავლეთ ევროპაში ჰუნები უკვე კარგა ხნის მოსულები იყვნენ. მათ ჩრდილო კავკასიის ველებიც ეკავათ. ძველი ქართველი ავტორი ქართლში შემოჭრილ ხალხს, მართალია, ოსებს უწოდებს, მაგრამ შემოსეულთა ძირითადი ნაწილი, ცნობილი ჰუნთა ბელადის ატილას დაქვემდებარებაში მყოფი და მისი სამფლობელოს აღმოსავლეთ ნაწილში დამკვიდრებული ჰუნები უნდა ყოფილიყვნენ. ამიერკავკასიაში ატილას ქვეშევრდომი ჰუნების ლაშქრობის ამბავი, ბიზანტიელმა დიპლომატმა და ისტორიკოსმა პრისკოს პანიელმა 448 წელს ატილას ბანაკში ყოფნისას შეიტყო. მას უთხრეს, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ველებიდან წამოსული ჰუნები 15 დღეში ამიერკავკასიაში შეიჭრნენო. ასეთი სწრაფი ტემპით ამიერკავკასიაში გამოლაშქრება ჰუნებს, რა თქმა უნდა, ბიზანტიის ხელისუფალთა მოთხოვნით, სათანადო საზღაურის საფასურად უნდა მოეწყოთ. შავი ზღვის ჩრდილო ველზე მომთაბარე ჰუნებისათვის, როგორც კავკასიის ზეკარები, ისე ამიერკავკასიის გზები უცნობი იქნებოდა. ამ მხრივ, მათთვის გზის მაჩვენებლები ოსები იქნებოდნენ. მირანდუხტის ადგილსამყოფელიც მათვე უნდა სცოდნოდათ. დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელთა მიერ `ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე~ ტერიტორიის დაპყრობამ, ხოლო აღმოსავლეთში ოსების წინამძღოლობით ჰუნთა გამანადგურებელმა ლაშქრობამ `ყოველთა ზედა ქართველთა~ დიდი `გლოვა და წუხილი~ გამოიწვია. დატრიალებულ უბედურებას `ღმრთისა მიმართ~ ცოდვების გამრავლებით ხსნიდნენ. ქართლის სამეფოს ყველა მესვეური ერთი აზრისა იყო: პირველ რიგში ოსებზე უნდა ეძიათ შური, შემდეგ ეზრუნათ ბიზანტიელებისაგან წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე. გადიოდა წლები, `ვახტანგ იზრდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა~, იწრთობოდა სამხედრო საქმეში. ახალგაზრდა უფლისწული დიდად წუხდა ქართლის მოსახლეობის დაბალ ფენებში ცეცხლთაყვანისმცემლობა რომ მძლავრობდა, მაგრამ `სპარსთა მძლავრობის~ გამო ვერაფერს ამბობდა. ამასობაში ვახტანგი თხუთმეტი წლისა გახდა.

 

პირველი დარბაზი

446 წელს 15 წლის მეფემ პირველად მოიწვია დარბაზი, რომელიც მცირე სახალხო კრება უფრო იყო. ესაა ერთ-ერთი უძველესი მონათხრობი, რომელშიც V საუკუნის შუახანებში ქართლის სამეფო სახლში გამართული დარბაზობის მიმდინარეობაა გადმოცემული. მეფემ `მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად~. სადარბაზოდ გაამზადა ერთი სახლი, დაჯდა `საყდართა ზედა მაღალთა~, გვერდით _ `საყდარსავე~ დასხდნენ ჯუანშერ სპასპეტი და ორივე ეპისკოპოსი (ე.ი. ქრისტიანთა და ცეცხლთაყვანისმცემელთა). `სხუანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა~ (ე.ი. სელის ბალიშებზე), ათასის-თავნი, ასის-თავნი და ყოველი ერი ფეხზე იდგა. თხუთმეტი წლის მეფემ, თავისი ასაკის შეუფერებლად `ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა~ მაღალი ხმით განაცხადა: მეფისა და ერის (ხალხის) წინაშე მაშინ მოაწევს განსაცდელი, როცა მორწმუნენი ღმერთს მსახურებას აკლებენ და მამა-პაპათა სარწმუნოებისაგან გადაუხვევენ. ასეთ ვითარებაში ხალხი ჩავარდება ისეთ განსაცდელში, როგორშიც ჩვენ ვართ. როცა კეთილი მამა (მშობელი) ზრდის შვილს კეთილი საქმეებისთვის, შვილი უნდა კეთილ გზაზე დააყენოს, მაგრამ შვილმა თუ კეთილად არ შეისმინა მშობლის მითითება, მაშინ მშობელი იტანჯება. ასევე `გუწურთნა ჩვენ ღმერთმან~, _ დასძინა მეფემ. ამის შემდეგ, მეფემ დიდებულებს მიმართა: მართალია, მე ყრმა ვარ და ჩემგან კეთილი საქმეები არ გინახავთ, მაგრამ გინახავთ წინაპართა დიდი თავდადება. დღეს, როგორც მე, ისე თქვენ დიდი განსაცდელის წინაშე ვართ. უნდა `ვიძიოთ შური ოვსთა ზედა~. ეს უბედურება რომ სპარსელების ან ბერძნებისაგან მოდიოდეს კიდევ მოვითმენდით, მაგრამ უბედურება `მოწევნილ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან~ (დამამცირებელი ტერმინია, ვ. გ.), ამიტომ `არა ხამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათვის~. მეფის შემდეგ ჯუანშერ სპასპეტი წამოდგა ფეხზე და მეფეს მიმართა: `ცხოვნდი მეფეო უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით მეფეო შენ უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა~ ხარ, `მსგავსი ნებროთ* გმირისა~, ღმერთმა გამოგაჩინა ჩვენ წინამძღვრად, ჩვენ ძველ და ახალ ჭირთა (უბედურებათა) განსაქარვებლად. ამ ხუთი წლის განმავლობაში, შენი ყრმობისას დიდ მწუხარებაში ვიყავით ოვსთაგან მიყენებული შეურაცხყოფის გამო. აქამდე თუ არ შეგეძლო მხედრობას წინ წაძღოლოდი და არც სამეფოს საქმეებს განაგებდი, ამჯერად `სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმხნითა და ასაკითა~, თუმცა, ჯერ კიდევ არაა ჟამი თავი საფრთხეში ჩაიგდო. ჩვენი სურვილია რომელიმე ჩვენგანი შეარჩიო `სპათა წინამძღვრად~, შენ კი აქ დარჩი ქვეყნის მეთაურად, რომ დამარცხების შემთხვევაში ქვეყანას შენ მიხედო. ჯუანშერ სპასპეტის ამ სიტყვებს ერთხმად დაეთანხმნენ ქართლის წარჩინებულნი და ერისთავები. მაგრამ მეფე დათმობას არ აპირებდა. მეფემ საპასუხოდ მიუგო: `ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფია~, ჩემი დის სიბრალულით გული მელევა, თითქოს ცეცხლის მახვილით ვიყო დაკოდილი. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია – ღმერთის მინდობითა და ჯვრის წინამძღოლობით წამოვალ – არ გამწირავს ღმერთი და მომცემს ძალას. მას შემდეგ, რაც დარბაზობაზე ერთხმად გადაწყდა ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა, მოდარბაზენი სახლებში გაბრუნდნენ, რათა ლაშქრობისათვის მომზადებულიყვნენ. ზემოთ ითქვა, რომ იმ ხანაში ქართლი და ალბანეთი ბარდაში მჯდომ მარზპანს ექვემდებარებოდა. ასეთი დიდი ლაშქრობის მოსაწყობად აუცილებელი იყო მარზპანის ვარაზ-ბაკურის თანხმობა და ვახტანგმაც `წარავლინა მოციქული~ და `აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა~. მარზპანი ვალდებული იყო ასეთ ლაშქრობაში თავისი სამხედრო ძალებით მიეღო მონაწილეობა. ვარაზ-ბაკურმა ვახტანგს 12 000 მხედარი გამოუგზავნა. თვით მეფემ კი `მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა~, სულ ცოტა ხანში ქართლის საერისთავოთა ლაშქარი `შეიკრიბა~ და `დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა~. მემატიანეს ცნობით, იმ ხანად ქართლიდან ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი შეგროვდა. ვარაზ-ბაკურის მიერ გამოგზავნილ მხედრობასთან ერთად 172 ათასი მეომარი შეიკრიბა. როცა მეფემ ლაშქარი დაათვალიერა, `მოეწონა სიმრავლე, ცხენკეთილობა და მოკაზმულობა~, რაც მთავარია, ყოველი მეომარი იყო მხნედ, `სავსენი იყვნეს შურითა ოვსთათა~, უხაროდათ, ბოლოს და ბოლოს რომ დადგა დრო, როცა მტერს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. მოლაშქრეთა საბრძოლველად ასეთი მზადყოფნის გამო, მეფემაც გაიხარა, `მადლობა შესწირა ღმერთს~ მოლაშქრეთა შემართებისათვის. ამის შემდეგ, მეფე მცხეთაში დაბრუნდა და `აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა და მარხვითა, ღამის თევითა~. შემდეგ გლახაკთ დიდძალი საბოძვარი დაურიგა. სამეფოს გამგებლობა კი დედას და უფროს დას – ხუარანძეს დაავალა. დარბაზობაზე, ჯუანშერ სპასპეტი მეფეს იმიტომ ურჩევდა ლაშქრობაში არ წასულიყო, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში, ქვეყანა მეფის გარეშე რჩებოდა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგად უწყოდა ვახტანგ მეფემ. ამიტომ, როდესაც სამეფოს მართვა-გამგებლობა დედასა და დას დაავალა, საიდუმლო ანდერძიც დაწერა და დედას გადასცა. ამ ანდერძის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა სცოდნოდა. ანდერძში ვახტანგი წერდა: `უკუეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაი ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან... მან იპყრას მეფობა~. ანდერძში დასახელებული მირიანი, ჯუანშერის განმარტებით, ვახტანგის მამის ძმისწული იყო. აი, ეს მირიანი დატოვა მცხეთაში, ლაშქრობაში არ წაიყვანა და თუ ვახტანგი ვერ დაბრუნდებოდა, მას უნდა დაეკავებინა ქართლის ტახტი. ვახტანგის მამას – მეფე მირდატს ძმა არ ჰყავდა. ჯუანშერი კი ვახტანგის თანამედროვე მირიანს, ვახტანგის `მამის ძმისწულად~ იხსენიებს. უნდა განვმარტო, რომ იგულისხმება შორეული ძმისწულობა ანუ მეფეთა გვერდითი შტო.


ოსებზე გალაშქრება

ახლა ისევ ოსების წინააღმდეგ ლაშქრობის ამბავს დავუბრუნდეთ. სამეფო საქმეების მოგვარების შემდეგ, ვახტანგი თიანეთს დადგა. იქ შეუერთდნენ მას `ყოველნი მეფენი კავკასიისანი~ ორმოცდაათი ათასი მხედრით და დარიალის გავლით შევიდნენ ოსთა მიწაზე. ჯუანშერის სიტყვით, `შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა~ _ ე. ი. 447 წელი იდგა. ვახტანგის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის შესახებ ოსებს, რა თქმა უნდა, წინდაწინ ეცოდინებოდათ და ვახტანგის ლაშქარს მდინარის პირას მომზადებულნი დახვდნენ (მათ, როგორც ჩანს, ჰუნები დაიხმარეს). მდინარის მეორე ნაპირზე ვახტანგ მეფის ლაშქარი დადგა (ლაშქარი მდ. თერგის ნაპირზე განლაგდა). მდინარის ორივე ნაპირზე `იყვნეს ქარაფნი კლდისანი~, ასევე `ჭალაკნი და ველოვანნი~. შვიდი დღე ემზადებოდა ორივე ლაშქარი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მანამდე კი ყოველდღე ბუმბერაზთა ბრძოლები იმართებოდა. ოსთა მიერ ჰუნებისაგან დაქირავებულ ლაშქარში იყო `კაცი ერთი გოლიათი~ სახელად თარხანი. პირველად ბრძოლის ველზე სწორედ ის გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა: მეფის ლაშქარში ვინც უძლიერესად თვლიდა თავს, მის წინააღმდეგ საბრძოლველად გასულიყო. თარხანის მოწოდებაზე, იმ ლაშქრიდან, რომელიც ვახტანგ მეფეს ბიძამ ქართლ-ალბანეთის მარზპანმა გამოუგზავნა, გამოვიდა ერთი მეომარი – ფარსმან-ფარუხი. მისი მოწინააღმდეგე ბრძოლაში არავინ იყო, მას მრავალჯერ ლომიც კი ჰყავდა ხელით შეპყრობილიო, _ წერს ჯუანშერი. აი, ეს გოლიათი გავიდა თარხანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყვირილით `მიეტევნეს ურთიერთს~, მაგრამ პირველივე შეტაკებისას თარხანმა დაასწრო _ `უხეთქნა ხმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე~. ამ შეტაკების მხილველი ვახტანგ მეფე და მისი ლაშქარი შეწუხდა, რადგან მის ლაშქარში არავინ დარჩა მსგავსი ფარსმან-ფარუხისა. გაილია ის დღე. ვახტანგი შევიდა თავის კარავში `დადგა ლოცვად და ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა~. გათენებამდე ილოცა _ `ითხოვდა ღმერთისგან შეწევნას~. გათენდა თუ არა, თარხანი კვლავ მოადგა მდინარის ნაპირს და მოითხოვა კიდევ გასულიყო ვინმე ვახტანგის ლაშქრიდან მასთან შესაბმელად. მეფემ განაცხადა, რომ თვით გავიდოდა `ბრძოლად თარხანისა~. მეო, _ აღნიშნა მეფემ, _ მოიმედე ვარ არა მხოლოდ ჩემი ძალისა და ჩემი სიმხნისა, `მინდობითა ღმრთისათა~ გავიმარჯვებო. მეფის გადაწყვეტილებამ წარჩინებულები გააკვირვა, მრავალჯერ სთხოვეს უარი ეთქვა ორთაბრძოლაზე, რადგან ყრმა იყო და არ ჰქონდა სათანადო საბრძოლო გამოცდილება. მაგრამ როგორც ჩანს, მან კარგად შეისწავლა ბრძოლის ხელოვნება თავისი მამამძუძის საურმაგ სპასპეტისაგან. საბრძოლველად გასვლის წინ იგი გადმოვიდა ცხენიდან `თაყუანის-ცა ღმერთსა~, რათა მისი შემწე ყოფილიყო. ვახტანგის დანახვაზე თარხანმა დაიძახა: `მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, და არა ყმაწუილთა~-ო. ამ სიტყვებთან ერთად მოქიშპეები `მიეტევნეს ურთიერთას~. ახალგაზრდა ვახტანგი, რა თქმა უნდა, თარხანზე სწრაფი იყო, ამიტომ პირველსავე შერკინებისას მან სცა შუბი `სარტყელსა ზედა~ თარხანს. საჭურველმა ვერ გაუძლო დარტყმას და შუბი ზურგამდე ჩაესო – თარხანი უსულოდ დაეცა მიწაზე. ქართველთა ლაშქარი ხმამაღლა ზეიმობდა ახალგაზრდა მეფის პირველ გმირულ გამარჯვებას – უძლეველი თარხანის დამარცხებას. თვით მეფე კვლავ გადმოხტა ცხენიდან და `თაყვანის-ცა ღმერთსა~, შემდეგ თარხანს თავი მოკვეთა, შეჯდა თავის ბედაურზე და ქართველთა ლაშქარს მიეახლა. ყოველი მოლაშქრე მაღალი ხმით ქებას ასხამდა მეფეს და ასევე ღმერთს სწირავდა მადლობას. ორთაბრძოლები თარხანის სიკვდილით არ დამთავრებულა. მეორე დღეს `გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქვა ბაყათარ~. ამ ბაყათარსო, _ წერს ჯუანშერი, წინააღმდეგობას ვერავინ უწევდაო. და აი, ეს ბაყათარი მოადგა დილით მდინარეს და ხმამაღლა დაიწყო ყვირილი: ვახტანგ მეფე ნუგალაღდები თარხანზე გამარჯვებით. არ იყო ის გოლიათთა სადარი, ამიტომ მოიკლა ყმაწვილის მიერ. ახლა მე შემებრძოლე, ჩემს ფიცხელ შეტევას ვერ გადაურჩები. თუ გინდა შენი ლაშქრიდან სხვა გამოვიდეს, ამისთვისაც მზად ვარო. მეფემ ბაყათარს შესძახა: მე თარხანს არამარტო ჩემი ძალითა ვძლიე, `არამედ ძალითა დამბადებლისა ჩემისათა~ _ მე შენი არ მეშინია, როგორც ერთი ძაღლისა. ამ სიტყვების შემდეგ მეფემ თავისი ლაშქარი საბრძოლველად გაამზადა. თვითონ კი `აღჯდა ტაიჭსა (ცხენს, ვ. გ.) შეჭურვილსა ჯავშნითა~, `აღიღო ფარი მისი ვიგრის* ტყავისა, რომელსა ვერ ჰკვეთდა მახვილი~, მიადგა მდინარეს და ბაყათარს შესძახა: მე მეფე ვარ, არ გადმოვალ მდინარეზე, არ მივეახლები ოსთა სპას. შენ კი მონა ხარ, გადმოდი მდინარის აქეთ. ბაყათარი დათანხმდა და თან მეფეს სთხოვა, ნაპირიდან უკან დაეხია სამი უტევანი (ერთი უტევანი 125 ნაბიჯია). ვახტანგი უკუდგა, ბაყათარი გადმოვიდა მდინარის მეორე ნაპირზე და დაიწყო ისრების სროლა. ვახტანგი ირიდებდა ისრებს, მდინარის ორივე ნაპირზე მდგარ ლაშქარში იყო `ცემა ბუკისა და დაბდაბთა~. ისეთი ხმაური იდგა, რომ `იძრვოდეს მთანი და ბორცუნი~. ბაყათარის ნასროლი ისრებისგან მხოლოდ ორი მოხვდა ვახტანგის ფარს. ბაყათარის ისრებმა ფარში ვერ გააღწიეს, სამაგიეროდ მისი ნასროლი ერთი ისარი ვახტანგის ცხენს მოხვდა. ამასობაში ვახტანგი მიიჭრა ბაყათართან და ვიდრე ცხენი დაეცემოდა, `უხეთქნა ხრმალნი მხარსა ბაყათარისსა და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე~. ამის შემდეგ, ქვეითები და ცხენოსნები ოსთა წინააღმდეგ დაიძრნენ. ცხენ-თოროსნებმა აიარეს თუ არა ქარაფის გზა და ვაკეზე ავიდნენ, მათ მიჰყვნენ ქვეითნი, მხედრები და იქ გაძლიერდა ბრძოლა. პირველ რიგებში იბრძოდა ვახტანგ მეფე. ჯუანშერის სიტყვით, მეფე `მარჯუენით-კერძი~ (მხარეს, ვ.გ.) თუ `მარცხენით-კერძი~ იბრძოდა, მოწინააღმდეგენი ყველგან შიშით ძრწოდნენ. მეფის ლომისებრ ხმას ყველა ცნობდა. მეფის გვერდით მხნედ იბრძოდა ორი გამორჩეული მხედარი: `არტავაზ ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპეტისა და ბივრიტიან სეფეწული*~. ოსთა ლაშქარმა ვეღარ გაუძლო ქართველთა შეტევას _ `იძლივნეს ოსნი და ივლტოდა (გაიქცა, ვ.გ.) ბანაკი მათი~. გაქცეული ოსები ქართველებმა მრავლად დაატყვევეს, რათა ქართლიდან წაყვანილ ტყვეებში გაეცვალათ. დევნიდან უკანმობრუნებულმა ქართველმა მოლაშქრეებმა ისევ მდინარის პირას დაიბანაკეს. სამი დღე დაისვენეს. შემდეგ შევიდნენ ოსეთის ტერიტორიაზე და შემუსრეს ციხე-ქალაქნი, მრავალი ტყვე და ურიცხვი ალაფი იგდეს ხელთ.


აფხაზეთისა და ჯიქეთის დამორჩილება

ოსთა დამორჩილების შემდეგ, ვახტანგის ლაშქარი ჯიქეთში შევიდა და კვლავ ოსეთში დაბრუნდა. ვახტანგის დესპანებმა კავკასიის მთებში თავშეფარებული ოსთა ბელადები მოიხმეს და დაზავდნენ. ამის შემდეგ ვახტანგის უმცროსი და _ მირანდუხტი გამოიხსნეს. ვახტანგ მეფე უამრავი ტყვითა და ალაფით მობრუნდა ოსეთიდან. ეს ლაშქრობა 4 თვეს გაგრძელდა. ჯერ კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყოფნისას, მეფემ ლაშქრობიდან გაათავისუფლა ის თორმეტი ათასი მხედარი, რომელიც მას ვარზ-ბაკურმა დაახმარა. `ნიჭითა დიდითა~ (დიდი საბოძვრებით) გაათავისუფლა `მეფენი კავკასიანთანი~. თავისი დაი, მრავალი ტყვე დარიალის გზით ქართლში გამოისტუმრა, თვით კი ქართველთა ლაშქრით `გზასა აფხაზეთისასა~ დაადგა. 447 წელს ჩრდილო კავკასიიდან ქართველთა ლაშქრით ვახტანგ მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და სამი წლის მანძილზე აფხაზეთის ყველა ციხე აიღო `ვიდრე ციხე-გოჯამდე~. 450 წელისთვის გამარჯვებული ვახტანგი მცხეთაში დაბრუნდა. გამარჯვებულ მეფეს დიდი სიხარულით მიეგებნენ დედა და დები, `სიმრავლე ქალაქისა~ ქალი და კაცი თავის სამოსს უფენდა მეფეს, ხმამაღლა შესძახოდნენ მეფეს სადიდებელ სიტყვებს, რადგან მანამდე, ასეთი გამარჯვება არც ერთ მეფეს არ მოეპოვებინა. მეფემ მადლობა შესწირა ღმერთს, გლახაკთ საბოძვარი დაურიგა, უბრალო მეომრები და წარჩინებული მხედრები, რომლებმაც ოსეთში ლაშქრობისას თავი გამოიჩინეს, დიდი საბოძვრით დააჯილდოვა. სათანადო ძღვენი გაუგზავნა ქართლ-ალბანეთის მარზპანს – ვარაზ-ბაკურსა და ირანის შაჰს. შაჰთან ბინქარან `ეპისკოპოსი~ წარავლინა და `ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად~.


ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრება

იმ ხანად ირანის ტახტზე იეზდიგერდ II იჯდა. ვახტანგ მეფის პირველი მეუღლე – ბალენდუხტი მისი ასული იყო თუ არა, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება. ბალენდუხტისაგან შეეძინა მეფეს ქალ-ვაჟი – დაჩი და მისი ტყუპისცალი და, თვით ბალენდუხტი კი დაახლოვებით 455 წელს მშობიარობისას გარდაიცვალა. რაც შეეხება ვახტანგის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობას, იმ ხანად ზღვისპირა ტერიტორია ბიზანტიის გავლენაში იყო. ეს ტერიტორია მათ, ვახტანგ მეფის მცირეწლოვნობისას მიიტაცეს. ამჯერად ვახტანგის ლაშქრობის შედეგად, ეს მხარე ეგრისის სამეფოს დაუბრუნდა. როგორც ვარაუდობენ, ვახტანგის მოქმედება დასავლეთ საქართველოში ირან-ბიზანტიის ომის ერთ ეპიზოდად უნდა იქნას მიჩნეული. V საუკუნის 50-60-იან წლებში ეგრისის სამეფო ირანის გავლენაში მყოფი ქვეყანა იყო. ირანის შაჰმა ბალენდუხტ დედოფალს მზითვად `სომხითი* და ყოველნი მეფენი კავკასიანნი~ მისცა. შაჰი ვახტანგ მეფისადმი გამოგზავნილ წერილში, მას ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას სთხოვდა. გარდა იმისა, რომ ვახტანგი ირანის შაჰის სიძე იყო, იმ ხანად ქართლის სამეფო, როგორც ითქვა, ირანის გავლენაში მყოფ ქვეყნად ითვლებოდა, ამიტომ ვახტანგ მეფემ შაჰის მოთხოვნაზე უარი ვერ თქვა. ლაშქრობას ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სერიოზული მომზადება და დიდი ძალები სჭირდებოდა. ლაშქრობაში, ფაქტობრივად ირანის ჩრდილო ნაწილში შემავალი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ლაშქრობის საერთო ხელმძღვანელად ქართლ-ალბანეთის მარზპანი ვარაზ-ბაკური დაინიშნა. ამ ლაშქრობის შედეგად, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ვახტანგ მეფემ ბიზანტიელთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნა. ბიზანტიის წინააღმდეგ მოწყობილი ამ ლაშქრობის შესახებ ყველაზე ვრცელი თხრობა ჯუანშერის `ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში~ გვაქვს. თუ მივიჩნევთ, რომ ჯუანშერი მის მიერ აღწერილი ლაშქრობის მონაწილე და თვითმხილველი იყო, ჯუანშერის ცნობები ბიზანტიის ისტორიისთვისაც უნიკალურად უნდა ჩაითვალოს (V-VI სს. ბიზანტიელ ავტორებს ამ ომის შესახებ, არაპირდაპირი ცნობები აქვთ). ლაშქრის მიერ განვილილ გზას, ჯუანშერი ორ ეტაპად წარმოგვიდგენს: 1. გზა მცხეთიდან ბიზანტიის სასაზღვრო ციხე-ქალაქ კარნუ ქალაქამდე (იგივე თეოდოსიოპოლი); 2. საომარი მოქმედებები თვით იმპერიის ტერიტორიაზე. ამ ლაშქრობის დაწყებისას ვახტანგი 22 წლისა იყო. ე. ი. 453 წელს `წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად და მიიწივნეს სომხითს და შევიდნენ პეროჟა-კაფას~. აქ მოხდა ლაშქრის თავმოყრა. აქედან გაემართნენ კარნუ-ქალაქისაკენ. ქართლიდან ბიზანტიის შუაგულისაკენ მიმავალმა ლაშქარმა აღმოსავლეთით რომ დაიწყო მოძრაობა, ეს ერთი მხრივ იმით იყო გამართლებული, რომ აქ გადიოდა უძველესი `გზა რანისა~ (გზა ადარბადაგანისა – აქემენიანთა ხანის ყოფილი `სამეფო გზის~ ჩრდილო განშტოება), მეორე მხრივ კი იმით, რომ ალბანეთში იყო თავმოყრილი ირანის ჩრდილო ნაწილის ძირითადი ძალები. იმ დროს თვით კარნუ-ქალაქი კარგად გამაგრებული სამგალავნიანი ციხესიმაგრე იყო (თეოდოსიოპოლი 450 წელს გარდაცვლილ იმპერატორ ოეოდოსიოს II-ის პატივისაცემად ეწოდა). მოლაშქრეებმა ეს ქალაქი ვერ აიღეს. მოცდაც არ შეიძლებოდა, ამიტომ ქალაქის მოალყედ ორი ერისთავი დატოვეს 12 000 მხედარით, დანარჩენი ლაშქრით იმპერიის შუაგულისაკენ გაემართნენ. ლაშქარმა გზად აიღო და მოაოხრა ქალაქები: ანძორეთი, ეკლეცი, სტერი. მცირე აზიის შიდა რაიონებიდან ლაშქარი გავიდა ზღვისპირას და მიადგა `პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა~. მკვლევრებს ამ ბოლო ხანამდე, `პონტო ქალაქად~ ქ. ტრაპიზონი მიაჩნდათ. მაგრამ, როგორც გაირკვა, `პონტო ქალაქი~ ქ. სინოპია, რომელიც ძველი პონტოს სამეფოს დედაქალაქი იყო. ამ ქალაქს ალყა შემოარტყეს და სამი თვე იბრძოდნენ მის ასაღებად. სამი თვის განმავლობაში მარბიელი ლაშქარი უფრო დაშორებულ ადგილებშიც გავიდა. ლაშქარში მყოფი ირანელები სადაც `ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლავდის~. ვახტანგ მეფემ ირანელთა ასეთი მოქმედება არ მოიწონა. მან ირანელები და სომხებიც გააფრთხილა ღვთისმსახურები არ მოეკლათ, რადგან `ჩუენც ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა, აღმსარებელ ქრისტესა~, ქრისტიანისაგან ქრისტიანის მოკვლა დიდ ცოდვად ითვლებაო, ასწავლიდა მათ მეფე. ქ. სინოპთან უცხო ქვეყნების ლაშქრის ყოფნას ბიზანტიის ხელისუფლება ცხადია, დიდხანს ვერ მოითმენდა. საიმპერატორო ხელისუფლებამ სათანადო ზომებიც მიიღო. ვახტანგ მეფეს მოახსენეს, რომ მათ წინააღმდეგ `პონტოს გზით~ (ე.ი. ზღვის პირზე გამოვლით) დიდი ლაშქარი მოემართებოდა. ზღვაზე კი 500 ხომალდი მოცურავდა. მეფემ სასწრაფოდ გაანალიზა შექმნილი ვითარება და ვარაზ-ბაკურთან შეთანხმებით, გადაწყვიტა ალყა მოეხსნათ და აღმოსავლეთით დაეხიათ. ქ. სინოპის მდებარეობის გათვალისწინებით, ლაშქრის იქ დატოვება, მართლაც, საშიში იყო. ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი თუ მათ აღმოსავლეთით, ზღვისპირზე გადმოსხდებოდა, ხოლო ხმელეთით მომავალი ლაშქარი დასავლეთიდან სინოპს მოადგებოდა, ვარაზ-ბაკურის ლაშქარი, სწორედ ხაფანგში მოემწყვდეოდა. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთ კავკასიის მთებიდან თრაკიის ბოსფორის სანაპირომდე გადაჭიმულია ფართო და ძნელად გასასვლელი მთაგრეხილი, რომელიც განსაკუთრებით მაღალია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ზღვის სანაპიროს მცირე აზიის შიდა რაიონებთან, – კერძოდ ქ. ამასიასთან მხოლოდ ქ. ამისოსზე (ახლანდ. ქ. სამსუნი) გამავალი გზა აკავშირებს, რომელიც ერთადერთი ღია კარი იყო დიდი ლაშქრის გადასაადგილებლად. ეს, ჩანს, კარგად იცოდა ქართველთა მეფემ. თუ ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი ამ გასასვლელს დაიკავებდა, სინოპთან მდგომი ვარაზ-ბაკურის ლაშქარი დასავლეთისაკენ ქვეყნის სიღრმეში ვეღარ შევიდოდა. სამხრეთით გაუვალი მთები იყო, ხოლო ჩრდილოეთით ზღვა. ამიტომ `აღიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო~. ქ. სინოპიდან უკანდახევის შემდეგ ბრძოლა ბიზანტიელებთან რადგან მაინც ზღვისპირას მოხდა, ჩანს ლაშქარმა სწორედ ზემოხსენებულ გასასვლელისაკენ დაიხია. მას შემდეგ, რაც ქ. სინოპს ალყა მოხსნეს, ვახტანგ მეფემ ბრძანა ტყვეები გაეთავისუფლებინათ. მეფემ ასევე `განავლინა ქადაგი~, რათა ხალხი სამალავებიდან გამოსულიყო და `გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა (ე. ი. მონაზონი ქალები, ვ.გ.), ქვაბებით და მთათაგან~. მათ შორის იყო `პეტრე მღდელი... და სამოელ მონაზონი~ (იმ ხანად პეტრე, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე აშენებული ეკლესიის მღვდელი იყო). ისინი წარსდგნენ ვახტანგ მეფის წინაშე და მადლობა მოახსენეს ტყვეების გათავისუფლებისათვის. მეფემ იმ ტყვეებს, რომელთაც სიარული არ შეეძლოთ, `მისცა სახედრები, ხოლო ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი და განუტევა~. მეფის ასეთი დამოკიდებულება პონტოს მოსახლეობისადმი, მხოლოდ მისი ქრისტიანული მორალით არ აიხსნება. მან კარგად იცოდა პონტო-კაპადოკიის მოსახლეობის დიდი ნაწილის ქართული წარმომავლობა. პეტრე და სამოელი მის თვალში ქართველები იყვნენ. მეფემ ისინი თავისთან დაიტოვა და რელიგიურ საკითხებზე საუბრისას, მათ ვახტანგ გორგასალზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს, რომ მეფემ პეტრე ქართლის პირველ კათალიკოსად დასახა (პეტრეს შემდეგ კათალიკოსის ტახტი სამოელმა დაიკავა). მათი შუამდგომლობით დადო მეფემ ზავი ბიზანტიელებთან. რადგან ვარაზ-ბაკური ამ ზავს არ შეუერთდა, გადამწყვეტი ბრძოლა ბიზანტიელებსა და ვარაზ-ბაკურის ლაშქარს შორის ზღვასთან მდინარის შესართავთან (ხერთვისი) მოხდა. ჯუანშერის თანახმად, ეს იყო `ზღვის კიდე, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა~. სპეციალურად შევისწავლე ამ ხერთვისის ადგილმდებარეობა. ძველად `ხერთვისი~ (ესაა სიტყვა `ერთვის~ _ `ხანმეტი~ ფორმა) ორი მდინარის, ან ზღვასთან მდინარის შესართავს ნიშნავდა. სწორედ ასეთ ადგილს წარმოქმნის ქ. სამსუნთან ზღვასთან შესართავში მდ. მერედ-ირმაქი. ზაფხულში, რადგან ამ მდინარის ყველა შენაკადი შრება, იქ, სადაც იგი ზღვას ერთვის რიყე წარმოიქმნება. მდინარე სანამ ზღვას შეურეთდება, დაახლოებით 13 კმ. ვაკეზე მიედინება. აქ მისი ნაპირები დაბალია, რის გამოც გაზაფხულის წყალდიდობებისას მდინარის წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და ზღვის სანაპიროს მიმდებარე ვაკეს ფარავდა. წყლით დაჭაობებულ ტერიტორიაზე ლერწამი იზრდებოდა. წყალდიდობისას წარმოქმნილ გუბეებში დარჩენილი წყალი ქ. ამისოს (სამსუნის) ჰავაზე მოქმედებდა, რის გამოც მაისის ბოლოდან ოქტომბრის დამდეგამდე ქალაქსა და მის შემოგარენში ციების (ციებ-ცხელება) ეპიდემია ვრცელდებოდა. აი, სწორედ ამ ადგილებში მოხდა ბრძოლა 456 წლის შემოდგომაზე ბიზანტიელებსა და ვარაზ-ბაკურის ლაშქარს შორის. ბიზანტიელებთან ზავის დადების გამო, ქართველთა ლაშქარმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. იქნებ, ამანაც განაპირობა ის, რომ `იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა~. ბრძოლაში დაიღუპა ვარაზ-ბაკური, ლეკთა მეფე იპაჯაჯი და მრავალი სხვა. ასე რომ, ზღვის პირას `ხერთვისის რიყეზე~ მომხდარი ბრძოლა `აღმოსავლეთის ბანაკისათვის~ მეტად სისხლისმღვრელი გამოდგა, რაც ბიზანტიურ სინამდვილეშიც აისახა. `აღმოსავლეთის ლაშქრის~ ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობა რიყეზე ბრძოლით არ დასრულებულა. ბიზანტიელთა ერთ-ერთმა სარდალმა – პალეკარპოსმა ვახტანგ მეფე ორთაბრძოლაში გაიწვია; როგორც ჩანს, ბიზანტიელებმა იფიქრეს, ისინი თუ ქართველთა ლაშქარსაც დაამარცხებდნენ, მაშინ საზავო მოლაპარაკებისას დადებული პირობებისაგან თავისუფალი იქნებოდნენ. ვახტანგ მეფე დათანხმდა ორთაბრძოლას. მან `აღმოიხადა ხრმალი და შეამთხვია ჯვარსა~, გავიდა საბრძოლო რიგებს შორის და თქვა: ლომი და ხარი არ ებრძვიან ერთმანეთს, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე _ `მოეტევა პალეკარპოს~, ორივე მეომარი ისეთი ხმით ყვიროდა, რომ მათი ხმა ქუხილს ჰგავდა, `დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა~, ვიგრის ტყავის ფარში განვლო ლახვარმა ერთი წყრთა. რადგანაც ლახვარის სიმსხო იყო ვითარ მკლავი კაცისა, მეფემ ფარი მიატოვა ლახვარზე, `მიეტევა პირისპირ, და სცა ხმალი ჩაბალახსა ზედა განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე~. ამის შემდეგ, `მიეტევნეს სპანი ვახტანგისანი სპათა ბერძენთასა, და აოტეს იგინი,... და მიაწყუდინეს ზღვის პირსა~. მათგან არვინ გადარჩა, გარდა იმისა, ვინც მოასწრო ზღვაში მდგარ ნავებზე გადასვლა _ `ივლტოდეს ნავითა~. ამ გამარჯვების შემდეგ შემობრუნდა ვახტანგის სპა _ `მივიდეს გუამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვდეს და შემურეს იგი საბრითა (ერთგვარი ბალახია, ვ.გ.) და მურითა (ერთგვარი სურნელოვანი ზეთი, ვ.გ.) და წარსცეს ბარდავად~. ზემოაღნიშნული ბრძოლით დასრულდა 456 წლის შემოდგომაზე ბიზანტიის წინააღმდეგ სამწლიანი (453-456 წწ.) ლაშქრობა. ვახტანგის გამარჯვების მიუხედავად, ეს ომი ბიზანტიურ წყაროში იმპერატორ მარკიანეს დროს აღმოსავლელთა ლაშქრის დამარცხებად იქნა მიჩნეული. იმპერატორი მარკიანე გარდაცვალებამდე მწოლიარე ავდმყოფი იყო და 457 წ. 26 იანვარს გარდაიცვალა. ჯუანშერის ცნობით კი, ზავის დადებაში, რადგან ბიზანტიის იმპერატორი მონაწილეობდა, უფრო სარწმუნოა, ზავი ქართველ მეფესთან მარკიანეს შემდეგ საიმპერატორო ტახტზე ასულ ლეონს დაედო (ლევ I 457-474 წწ. ლეონი იმ ხანად ბიზანტიის ლაშქარს სარდლობდა). სწორედ მისი ასული იყო ვახტანგის მეორე მეუღლე – დედოფალი ელენე და მისგან შეძენილ ერთ-ერთ ვაჟს ვახტანგ მეფემ სიმამრის სახელი ლეონი დაარქვა (ელენესაგან ნაშობ მეორე ვაჟს ვახტანგის მამის სახელი – მირდატი ერქვა). ლეონი და ვახტანგ მეფე ადვილად შეთანხმდნენ საზავო პირობებზე. ზავის პირობით: `უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდე და ხევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა~ (ვახუშტის თანახმად, ესაა `მთა ფერსათი, ლომსიათ წოდებული~). შემდეგ იმპერატორმა გამოიკითხა, თუ სად გადიოდა ბიზანტიელთა საზღვარი აფხაზეთში (როგორც ვნახეთ, ეს ტერიტორია ბიზანტიელებმა 441 წელს დაიკავეს, ხოლო 447-450 წლებში ვახტანგ მეფემ კვლავ დაიბრუნა). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა ბიზანტიის მხარემ. ამიტომ ლეონმა ვახტანგს უთხრა: `ეგრის წყლითგან (ითვლება, რომ ეს არის ღალიძგა, ვ.გ.) ვიდრე მდინარემდე მცირისა ხაზარეთისა – ესე საზღვარი არს საბერძნეთისა... რომელი შენ მიგიღია მკლავითა ჩუენგან~. ახლა ის უკან მოგვეცი და როცა ჩემს ასულს ცოლად წაიყვან, მას მზითვად მივცემო. ე.ი. ლეონმა მას სამზითვო ტერიტორიად `განუწესა მიწები: ეგრის წყალსა და კლისურას შუა~. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ V საუკუნეში ეგრისი ცალკე სამეფო იყო, ამიტომ ქართლის მეფის მიერ იქ სამხედრო ოპერაციების ჩატარება, და ბოლოს, მისი მეუღლის მიერ მზითვად აღნიშნული ტერიტორიის მიღება, უცნაურად არ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ ხანად, ორივე ქვეყანა ირანის გავლენაში იყო და ვახტანგი იქ მოქმედებდა, როგორც ირანის პოლიტიკის გამტარებელი. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 453 წელს ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში ეგრისიც მონაწილეობდა. არსებობს ცნობა, რომ ბიზანტიელებმა ზავი ეგრისის მეფე გუბაზთანაც დადეს 456 წელს. ასე დასრულდა ირანის ჩრდილო მხარის ჯარების ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ. ლაშქრობა ქართლის მეფემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა: 1. დაიბრუნა ადრე რომაელებისაგან მიტაცებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორია (მცხეთაში მომავალმა მეფემ კლარჯეთის ერისთავს – თავის ძუძუმტეს არტავაზს უბრძანა შემოერთებულ ტერიტორიაზე აეგო არტანუჯის ციხე, გამოენახა სამონასტრო ადგილი და ისეთი მონასტერი აეგო როგორიც საბერძნეთში იხილა); 2. მზითვად მიიღო ტერიტორია აფხაზეთში; 3. განიმტკიცა მდგომარეობა ქართლში. ჩამოიცილა სამეფო სახლის მოქიშპე შტო. ვახტანგ მეფის საიმპერატორო კართან დანათესავება, იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან, ქართლი ბიზანტიური ორიენტაციის ქვეყანა ხდებოდა, რაც ირანის შაჰისათვის მიუღებელი იყო. ცხადია, შაჰი შეეცდებოდა ქართლში ირანის გავლენა აღედგინა. საქმე რომ ასე წარიმართებოდა, ეს ვახტანგ მეფემაც იცოდა. ამიტომ ქართლში დაბრუნებისთანავე, ირანელთა მოსალოდნელი თავდასხმისაგან ქვეყნის დაცვის სამზადისს შეუდგა: `ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, ჰკაზმიდა მხედართა და განამზედებდა ბრძოლად სპარსთა~. მეფემ სხვა ღონისძიებებიც გაატარა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ქართლის ქრისტიანი მოსახლეობა ბინქარან ცეცხლთაყვანისმცემელთა `ეპისკოპოსის~ მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა. ამიტომ მეფემ შეაგდო `საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა, მოსრნა, განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა~.

1 2


megobari saitebi

   

01.10.2014