ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია და ოჯახები

1 2 3

XI. ნესიტური (ანუ კანესური) და ლუვიური (მკვდარი ენები)

კანესური ანუ ნესიტური ენა (ისევე, როგოც ლუვიური) მკვდარი ენაა. ერთ-ერთი ენა იყო ხეთების სახელმწიფოში (1900_1200 წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე). ტექსტები (მეტწილად XIV ს.) აღმოჩენილია მცირე აზიაში, ბოღაზქოის არქივში. ბოღაზქოიში ჰ. ვინკლერმა და მაკრიდი-ბეიმ 1906-12 წწ. აღმოაჩინეს წარწერებიან თიხის ფირფიტათა ბიბლიოთეკა (ათი ათასამდე ფირფიტა იყო; დღეისთვის _ ოცი ათასს აღწევს). ეს ბიბლიოთეკა სამეფო არქივს წარმოადგენდა. ხეთური ლიტერატურის უძველეს ძეგლად ითვლება მეფე ანითას წარწერა (ძვ. წ. XVIII ს.). წარწერათა გარჩევისას რამდენიმე ენა დადასტურდა. მათში სახელმწიფო ენა უნდა ყოფილიყო კანესური ანუ ნესიტური. იგი ინდოევროპულ ენად მიიჩნია ჩეხმა ასირიოლოგმა ბედრჟიხ ჰროზნიმ. ამ მკვლევრის აზრით, კანესურის ბრუნება და უღვლილება ინდოევროპულია, ლექსიკა კი არსებითად არაინდოევროპული, ადგილობრივ მკვიდრთა ენებისააო. ნესიტურის `ბევრი არსებითი სახელი და ნასახელარი ზმნა _ წერს ა. მეიე _ არ შეიძლება მივიჩნიოთ ინდოევროპული წარმოშობისად". ინდოევროპული ჩანს (ტიპოლოგიურადაც და მასალობრივაც) ნესიტური ენის მორფოლოგია: ბრუნება, უღვლილება, თუმცა აქაც ყველაფერი არ იხსნება ინდოევროპულიდან (მაგ., დაშორებითი ბრუნვის ნიშანი -აზ). ყურადღებას იქცევს გრამატიკული სქესების უქონლობა; გრამატიკული სქესები ძვ. ინდურში, ბერძნულში, ლათინურში კარგად არის განვითარებული; ნესიტურში კი _ არა გვაქვს (ისევე, როგორც იბერიულ-კავკასიურ ენებში, რომელთაც ადამიანისა და ნივთის კატეგორიათა გარჩევა ახასიათებს). ბგერით სისტემაში ნესიტურს აკლია სონორები. `ეს მოვლენა, შენიშნული შუმერულში, მიტანიურსა (ჰურიტულსა) და ელამურში, მეორდება კავკასიურ ენებში. გვხვდება ეტრუსკულშიც". რაკი ხეთის სახელმწიფოს ერთი ენა _ ნესიტური _ ინდოევროპულს ეკედლება, ხეთური ენები, საერთოდ, ინდოევროპულად გამოაცხადეს. ხეთური ეწოდება ადგილობრივ მკვიდრთა ენას (თუ ენებს): `ძველი ეგვიპტური სახელწოდება ხეთებისა _ ხათთუ _ ეკუთვნის არა იმ ხალხს, რომელსაც ჩვენ ხეთებს ვუწოდებთ (იგულისხმებიან _ ნესიტები), არამედ _ სხვას, სულ სხვა ენის პატრონს. ხათთუ ლაპარაკობდა ადილობრივ მკვიდრთა ენაზე, ალბათ, კავკასიური წარმოშობისა.

XII. ტოქარული ენა

ტოქარული ენა; მკვდარი ენაა. აღმოაჩინეს საექიმო და რელიგიური შინაარსის ტექსტებში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩინეთის თურქესტანში. ტოქარული სალაპარაკო ენა უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წელთაღრიცხვის ვჳჳ საუკუნეში. დამწერლობა ინდური წარმოშობისაა. ტოქარულში განასხვავებენ ორ დიალექტს: ტურფანისა და კუჩიას იმ ადგილთა სახელწოდების მიხედვით, სადაც ტოქარული ტექსტები იპოვეს.

სემიტურ ენათა ოჯახი. ქამიტურ ენთა ოჯახი

სემიტური ენები სამ ჯგუფად იყოფა: აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრულად. ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებრივ აერთიანებენ დასავლურ სემიტურ ენათა ჯგუფში (და, ამრიგად, სულ ორი ჯგუფი გამოდის: აღმოსავლური და დასავლური).
I. აღმოსავლურ სემიტური ენებია: ძველი მკვდარი ენები _ ასურული და ბაბილონური; ასურულსა და ბაბილონურს ერთად აქადურს უწოდებენ. უძველესი ძეგლები სემიტური ენებისა წარმოდგენილია ლურსმული დამწერლობის ასურულ ტექსტებში, რომელთა ამოშიფვრა იწყება მეცხრამეტე საუკუნეში (ჰ.კ. როულინსონი, ე .ჰინქსი, ჟ. ოპერტი, უ.ფ. ტოლბოტი). ყველაზე ძველი ასურული ძეგლი თარიღდება 1400 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
II. ჩრიდოლოსემიტური ენები ორ ჯგუფს ქმნის: ქაანურსა და არამეულს. ქაანური ჯუგფისაა: ფინიკიური, ძველი ებრაული, მოაბიტური. არამეული ჯგუფისაა: ბიბლიის არამეული, თანამედროვე სირიული, რომელზედაც აისორები ლაპარაკობენ, მანდეური...
III. სამხრულსემიტური ენები: ჩრდილოარაბული და სამხრულარაბული (თავისი კილოებით); აბაშური (ანუ ეთიოპიური).
სემიტურ ენათაგან ევროპაში ყველაზე ადრე დაიწყეს ებრაულის, როგორც დაბადების (ბიბლიის) ენის, შესწავლა (ი.როიხლინი, XV_XVI სს.). ებრაულის უძველეს ძეგლად მიჩნეულია დებორას საგალობელი მსაჯულთა წიგნიდან (მიახლოებით ხ ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სემიტურ ენათაგან ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არაბული ენა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი სამწერლო ენა აქვს. უძველესი დოკუმენტი _ წარწერა საფლავის ქვაზე _ თარიღდება 328 წლით ჩვენი წელთაღრიცხვისა. ძველ არაბულ ენაზე მოიპოვება მდიდარი ფილოსოფიური, მათემატიკური და ფილოლოგიური ლიტერატურა. ისლამის გავრცელებასთან დაკავშირებით არაბული ენის როლი აღმოსავლეთში დიდად გაიზარდა: ახლო აღმოსავლეთში არაბულს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც _ ლათინურ ენას დასავლეთ ევროპის ხალხებისათვის.
ამჟამად არაბული ენის ქვეყნებია: ეგვიპტე (დედაქალაქი კაირო), ერაყი (დედაქალაქი _ ბაღდადი), სირია (დედაქალაქი _ დამასკო), ლიბანი (დედაქალაქი _ ბეირუთი), საკუთრივ არაბეთი (ე.წ. საუდის არაბეთი და იემენი) და ნაწილობრივ პალესტინა (ცენტრი _ იერუსალიმი).
ძველად პალესტინა ებრაელთა სამშობლო იყო. შემდგომ აქ არაბობა სჭარბობდა. ებრაელთა იმიგრაციას პალესტინაში არაბები ენერგიულ წინააღმდეგობას უწევდნენ. მიუხედავად ამისა, 1919 წლიდან 1948 წლამდე პალესტინაში 452 ათასი ებრაელი ჩავიდა. 1948 წელს პალესტინაში შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო _ ისრაელი (დედაქალაქი თელ-ავივი). სემიტურ ენათა (არაბულის, სირიულისა და ეთიოპიურის) ნათესაური ურთიერთობა ორიენტალისტებმა (ბუქსტორფმა, ლუდოლფმა, კასტელმა, ჰოტლინგერმა) შენიშნეს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში; ეს ურთიერთობა ხელშესახებად დადასტურებულ იქნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში (შულტენსი, შრედერი). ასე რომ, სემიტურ ენათა ნათესაობის აღიარება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ინდოევროპულ ენათა ოჯახისა.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნათესაობის დადასტურება აქ მოხდა ისტორიულ-შედარებითი მეთოდის შემოღებამდე, მარტივი შედარების გზით. ასეთი შედარება მეცნიერული არ არის, ჩვეულებრივ ის მცდარ შედეგებს იძლევა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ნათესაური ურთიერთობა ამ მარტივი შეპირისპირების მეოხებითაც შეიძლებოდა შემჩნეული ყოფილიყო, მეტადრე თუ მონათესავე ენები დიდად არ იყვნენ ერთმანეთს დაშორებული, _ თუ სიახლოვე ენათმეცნიერების თვალში საცემი იყო. სწორედ ასეთი ვითარება გვქონდა სემიტურ ენათა შემთხვევაში. სემიტურ ენებთან აახლოებენ ქამიტურ ენებს (ე. წ. ქამიტურ ენათა ოჯახს). ქამიტური ენებია: ძველი ეგვიპტური და მისგან მომდინარე კოპტური, შემდეგ _ ლიბიური, ბერბერული (ყველანი _ ჩრდილო აფრიკაში) და კუშიტური ენები. ქამიტური ენებიდან ყველაზე დიდი ხნოვანებისაა ძველი ეგვიპტურის ძეგლები, იეროგლიფებით ნაწერი (მიახლოებით 4000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). იეროგლიფური დამწერლობის ეგვიპტური ძეგლები ამოშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ფ. შამპოლიონმა (1822 წ.).
სემიტურსა და ქამიტურ ენებს ხშირად ერთ სემიტურ-ქამიტურ ოჯახადაც სახავენ (ეს, რასაკვირველია, იმის მაუწყებელია, რომ ქამიტურ და სემიტურ ენათა ისტორიული ურთიერთობა გარკვეული არაა). ტერმინები `სემიტური", `ქამიტური" (ისევე, როგორც `იაფეტური") ბიბლიური ნოეს შვილთა სახელებიდანაა ნაწარმოები (ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იმ ნოეს, რომელიც მსოფლიო წარღვნას გადაურჩა, სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი, მათგან მოშენდა წარღვნის შემდეგ კაცობრიობა).
სემიტურ ენებს რიგი ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურება ახასიათებს. ფონეტიკაში აღსანიშნავია: ხმოვანთა სიმცირე, უკანაენისმიერთა სიუხვე, თავისებურ წინაენისმიერთა (სპირანტთა) მქონეობა. წინადადება სიტყვებად იშლება; სიტყვის ჩონჩხია ძირი; იგი შედგება თანხმოვნებისაგან; ჩვეულებრივ ასეთი თანხმოვანი სამია (`ძირთა სამთანხმოვნობის პრინციპი"; ამჟამად ფიქრობენ, რომ მესამე თანხმოვანი ძირეული არ უნდა ყოფილიყო, ფუძის საწარმოებელი, დეტერმინატივი, უნდა ყოფილიყო). ხმოვნები ფორმანტების (აფიქსების) როლში გვევლინება (თუმცა აფიქსი ყოველთვის უთანხმოვნო არაა). ბრუნება მარტივია, უღვლილება _ რთული. ბრუნება სუფიქსურია, უღვლილება _ სუფიქსურ-პრეფიქსული. ზმნაში პოლიპერსონალიზმი (ორპირიანობა) შეიმჩნევა: ზმნის ფორმაში სუბიექტის გარდა ობიექტის პირებიც აისახება, უღვლილება სუბიექტურ-ობიექტურია. შესაბამისად რთულდება ქვემდებარე-დამატების სინტაქსური გამიჯვნა: ინდოევროპული ენებიდან ცნობილი სინტაქსური დაპირისპირება ქვემდებარისა და დამატებისა აქ შეუძლებელია გვქონდეს.
აღსანიშნავია სახელებისაგან შემდგარ წინადადებათა ხვედრითიწონის სიდიდე (უზმნო პრედიკაცია). სემიტურ ენებში ორი სქესი გაირჩევა: მამრობითი და მდედრობითი (ისტორიულად ამოსავალია ცოცხალისა და არაცოცხალის კატეგორიათა გარჩევა).

უნგრულ–ფინურ ენათა ოჯახი

უნგრულ-ფინურ ენებს, ალათაურ (თურქულ-მონღოლურ) და მანჯურიულ-ტუნგუზურ ენებთან ერთად ურალურ-ალათაურ ენათა ოჯახში აქცევდნენ. ამჟამად გავრცელებული შეხედულების თანახმად, ყველა ეს ენა ერთი წარმოშობისად ვერ მიიჩნევა; არათუ მანჯურიულისა და ფინურის გენეზისური ერთიანობა არაა დამტკიცებული, არამედ თურქულისა და ფინურის ერთიანი წარმომავლობაც არა ჩანს სარწმუნო. ამრიგად, ტრადიციული ტერმინი _ ურალურ-ალათაური ენები – აერთიანებს ენათა სამ ოჯახს. ეს ოჯახები ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი. უნგრულ-ფინური ოჯახის შემადგენლობაში შედის:
1. ფინური ენა ანუ სუომი ენა (5,3 მლნ.); მწერლობა აქვს XV საუკუნიდან ფინეთის სახელმწიფო ენას შვედურთან ერთად ფინური წარმოადგენს. ფინურთან ყველაზე ახლოს დგას კარელიური (77 ათასი კ., ცენტრი პეტროზავოდკსი).
2. ესტონური ენა (მწერლობა აქვს XVII საუკუნიდან) ესტონე- თის სახელმწიფო ენაა; ამ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 1,1 მილიონი კაცი (ესტონეთის დედაქალაქი _ ტალინი, ყოფ. რეველი); გაირჩევა ორი დიალექტი: ტალინისა და ტარტუსი.
3. ლაპლანდიური ანუ საამური _ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო მხარეებში (სულ 50 ათასი კაცი ლაპარაკობს).
4. მორდოვული (მორდოვეთი, ცენტრი _ ქ. სარანსკი); მორდოვულს ლაპარაკობს დაახლოებით 1 მლნ. კაცი.
5. ჩერემისული ანუ მარიული (მარეთი, ცენტრი _ ქ. იოშქარ-ოლა; სულ 539 ათასამდე კაცი).
6. ვოტიაკური ანუ უდმურტული (უდმურტეთი, ცენტრი _ ქ. იჟევსკი; დაახლოებით 546,6 ათასი კაცი).
7. ზირიანული ანუ კომი (კომი, ცენტრი _ ქ. სიქტივკარი; დაახლოებით 327 ათასი კაცი).
ამ ენებმა (მორდოვულმა, მარიულმა, უდმურტულმა და კომიმ) მწერლობა გაიჩინეს საბჭოთა ხელისუფლების დროს.
8. უნგრული _ უნგრეთის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ ბუდაპეშტი); უნგრულს მწერლობა აქვს XIII საუკუნიდან. უნგრულზე ლაპარაკობს დაახლოებით 14,4 მლნ. კაცი.
9. უნგრულთან ახლოს მდგომი მანსი ანუ ვოგულური (3,7 ათასი კ.) და ხანტი ანუ ოსტიაკური (14 ათასი კ.) დასავლეთ ციმბირში, მდინარე ობის აუზში.
10. ე.წ. სამოედური (სამოდიური) ტომების ენა-კილოები, მათ შორის ნენური, ტავგიური, სელკუპური; გავრცელების არე _ ტუნდრები კანინის ნახევარკუნძულიდან (თეთრ ზღვაზე) ტაიმირის ნახევარკუნძულამდე (ციმბირში). სულ ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვია 26,8 ათასი.
ამ ენათაგან არქაული მოვლენები ყველაზე მეტად დაუცავს სამოედურს (ნენურს); ამ უმწერლო ენას ფინურ-უნგრულ ენათა ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფინურ-უნგრულ ენათა წრეში ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრული, ფინური და ამ უკანასკნელთან ახლომდგომი ესტონური. ფინურ-უნგრული ენების თავისებურებათაგან აღსანიშნავია: სახელისა და ზმნის სიახლოვე (დიფერენციაციის სისუსტე), თანდებულები ბრუნებაში (ინდოევროპულ ენათა წინდებულების ნაცვლად); სუბიექტური უღვლილების გარდა ობიექტური უღვლილების მქონეობა (გარდამავალ ზმნებში).

ალთაურ (ტურქულ–მონღოლურ) ენათა ოჯახი

1. აზერბაიჯანული _ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ ბაქო). აზერბაიჯანული ნაწილობრივ გავრცელებულია საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე თურქეთში, ერაყსა და ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში. ამ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობაა 14 მლნ., აქედან 5 მლნ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოდის.
2. თურქმენული _ თურქმენეთის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ აშხაბადი). გავრცელებულია აგრეთვე, ნაწილობრივ, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და სტავროპოლის მხარეში, ასევე, ირანში (დაახლ. 700 ათასი კ.), ავღანეთში (დაახლ. 350 ათასი კ.), თურქეთში (დაახლ. 120 ათასი კ.), ერაყში (დაახლ. 200 ათასი კ.). თურქმენულზე ლაპარაკობს მთლიანობაში 4 მლნ-მდე ადამიანი.
3. უზბეკური _ უზბეკეთის სახელმწიფო ენა; (დედაქალაქი _ტაშკენტი), უზბეკეთის გარდა, გავრცელებულია ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ავღანეთსა და ჩინეთში; სულ მოლაპარაკეთა რიცხვია 13,9 მლნ. მეთხუთმეტე საუკუნის დიდი უზბეკი მწერალია ალიშერ ნავოი.
4. ყაზახური (ძველად: ყაზახ-ყირგიზული) _ ყაზახეთის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ ასტანა); გავრცელებულია აგრეთვე უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანსა და თურქეთში _ სულ 8 მლნ.-მდე კაცი.
5. ყირგიზული (ძველად: ყარა-ყირგიზული) _ სახელმწიფო ენა ყირგიზეთისა (დედაქალაქი _ ბიშკეკი); ახლოსა დგას ყაზახურ ენასთან. გავრცელებულია ძირითადად ყირგიზეთში, აგრეთვე _ უბზეკეთში, ყაზახეთში, ჩინეთში, ავღანეთსა და პაკისტანში. სულ 2,4 მლნ. კ.
6. ბაშკირული _ ბაშკირეთის (ცენტრი _ ქ. უფა) მკვიდრი მოსახლეობის ენა. მასზე ლაპარაკობს 920 ათასი ადამიანი.
7. ჩუვაშური _ (ჩუვაშეთი, ცენტრი _ ქ. ჩებოქსარი, 1,43 მლ. კ.).
8. თათრული _ გავრცელებულია თათარისტანში (დედაქალაქი _ ყაზანი), აგრეთვე, ბაშკირეთში, ჩუვაშეთსა და რუსეთის ზოგიერთ სსხა ოლქში. თათრულ ენაზე ლაპარაკობს 5,4 მლნ. კ.
9. იაკუტური _ აღმოსავლეთ ციმბირში, იაკუტიაში, ცენტრი _ იაკუტსკი, დაახლ. 300 ათასი კ.
10. თურქული (1923 წლამდე _ თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადებამდე, ოსმალურიც ერქვა) _ თურქეთის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ ანკარა); გავრცელებულია თურქეთის რესპუბლიკაში, აგრეთვე, რუმინეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის მიწა-წყალზე, საბერძნეთში, კვიპროსზე, ბულგარეთში... სულ თურქულად ლაპარაკობს 45 მლნ. კ.
იმავე წრეს ეკუთვნის ყუმიკური ენა (ძირითადად დაღესტანში, აგრეთვე, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ჩრდ. ოსეთში; 224 ათასი კ.), ნოღაური, გავრცელებული სტავროპოლის მხარეში, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში; 54 ათასი კ.; გაგაუზური ენა _ უმთავრესად მოლდოვეთში, ნაწილობრივ უკრაინაში, ყაზახეთისა და უზბეკეთის რამდენიმე სოფელში. სულ ამ ენაზე ლაპარაკობს 173 ათასი კ.; ყარაჩაულბალყარული, გავრცელებული ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, აგრეთვე, ნაწილობრივ, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში, სულ _ 190 ათასი კ. და ალათაუს თურქ ტომთა ენა-კილოებში: ალთაური ენა (1948 წლამდე ოიროტული ერქვა), მთის ალთაის, ყოფ. ოიროტთა ოლქში; ცენტრი: გორნო-ალტაისკი (ყოფილი ოიროტ-ტურა), მოლაპარაკეთა რაოდენობა 52 ათასი; ყარაყალპაკური ენა (უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ცენტრი _ ქ. ნუკუსი; 290 ათასი კ.); ხაკასური (ხაკასთა ავტონომიურ ოლქში, ცენტრი ქ. აბაკანი; 573 ათასი კ.); ტუვიური ენა (ტუვა ენა) _ ტუვის ავტონომიური რესპუბლიკის ენა (მდ. ენისეის სათავესთან, დედაქალაქი კიზილი), ნაწილობრივ გავრცელებულია, აგრეთვე, მონღოლეთსა და ჩინეთში, მოლაპარაკეთა რიცხია 185 ათასი.
შორული ენა (კრასნოიარსკის მხარეში), _ 9,8 ათასი კ. ალთაურ ენათა უძველესი დოკუმენტაცია მოცემულია ორხონის წარწერებში (VII-VIII სს. ჩვენი წელთაღრიცხვისა).
11. მონღოლური ენა: ხალხა-მონღოლური ენა, მონღოლეთის სახელმწიფო ენა (დედაქალაქი _ ულან-ბატორი), ნაწილობრივ გავრცელებულია ჩინეშთიც, სულ _ 5 მლნ-მდე კ. ბურიატულ-მონღოლური (ბურიატული) ენა _ ბურიატ-მონღოლთა და შიდა მონღოლეთის მკვიდრთა ენა (ჩინეთში) _ 353 ათასი კ. მონღოლურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება ყალმუხური _ ყალმუხთა (ოირათთა) ენა, გავრცელებულია ძირითადად ყალმუხეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასტრახანის, ვოლგოგრადის, როსტოვის ოლქებსა და სტავროპოლის მხარეში, აგრეთვე _ ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ტბის მიდამოებში. ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 134 ათას კაცს აღემატება.
თურქულ ენათა ჯგუფისაა აწ მკვდარი ენებიც: ყივჩაყური (მსგავსებას ავლენს ყარაიმულსა და ყუმიკურთან), ხაზარული (კავშირი ჩანს ჩუვაშურთან, ყარაიმულთან, ყუმიკურთან და აზერბაიჯანული ენის ჩრდილოურ დიალექტებთან), პაჭანიკური...

მანჯურულ–ტუნგუსურ ენათა ოჯახი. კორეული. იაპონური.
პალეოაზიური ენები

მანჯურიულ-ტუნგუსურ ენათა ოჯახში ორი ჯგუფი გაირჩევა: მანჯურიული და ტუნგუსური. მანჯურიულის ჯგუფში შედის: საკუთრივ მანჯურიული, გოლდური ანუ ნანაიური (5,9 ათასი კ.), უდეური (480 კ.). ტუნგუსურ ჯგუფს შეადგენენ ენები: ევენკური, ლამუტური ანუ ევენური (7 ათასი კ.), ნეგიდალური (224 კ.).
ცალკე უნდა გამოიყოს შორეული აღმოსავლეთის ორი ენა: კორეული და იაპონური. კორეული ენა _ სახელმწიფო ენაა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეაში. იგი გავრცელებულია აგრეთვე ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. კორეული ენა მანჯურიულ-ტუნგუსურ ენებთან ახლოს მდგომად ითვლება. მორფოლოგიური ტიპის მიხედვით კორეული ენა აგლუტინაციური ტიპისაა.
კორეულ ენაზე ლაპარაკობს 60 მილიონზე მეტი კაცი (ჩრდილო კორეაში _ 18,8 მლნ., სამხრეთ კორეაში _ 40, 47 მლნ. კაცი); ჩრდილო კორეის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქია ფხენიანი; სამხრეთ კორეის დედაქალაქი _ სეული). კორეულ ენაზე დამწერლობა არსებობს მეოთხე საუკუნიდან; თავდაპირველად ჩინური ნიშნები იხმარებოდა, XV საუკუნიდან კორეელებმა გამოიმუშავეს საკუთარი ანბანი.
იაპონური ენა _ მორფოლოგიური ტიპის მიხედვით აგლუტინაციურია. დამწერლობა აქვს VIII საუკუნიდან. წარმოშობით რა ენებს უკავშირდება, ბოლომდე გარკვეული არ არის. იაპონურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი იაპონიაში 121,5 მლნ-ია.
აღმოსავლეთ ციმბირში, ნახევარკუნძულ კამჩატკაზე, კუნძულ სახალინსა და კურილის კუნძულებზე ვხვდებით პატარა ხალხებს, რომელთა ენებიც არქაულ წყობას ამჟღავნებს. ამ ენებს უწოდებენ პალეოაზიურ (ე. ი. ძველისძველ აზიურ) ენებს. პალეოაზიურ ენებს ეკუთვნის: ლუორავეტლანური (ანუ ჩუკჩური_ დაახლ. 11 ათასი კ.), ნიმილანური (ანუ კორიაკული_ 5,4 ათასი კ.), ეტელმენური (ანუ კამჩადალური _ 200 კ.); შემდეგ: ოდულური (ანუ იუკაგირული _ დაახლ. 250 ათასი კ.), ნივხური (ანუ გილიაკური _ დაახლ. 1,3 ათასი კ.), კეტური (700-მდე კ.), უნანგანური (ანუ ალეუტური _ 700-მდე კ.) და ესკიმოსური (ნაწილობრივ _ ამერიკაშიც, სულ _ 105 ათასი კ.).
გრამატიკული წყობის მხრივ პალეოაზიური ენები დიდ ინტერესს იწვევენ. წარმოშობითი ურთიერთობა გარკვეული არ არის. ამ მხრივ ახლოს დგას ერთმანეთთან: ლუორავეტლანური, ნიმილანური და იტელმენური.

იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახი.

იბერიულ-კავკასიური ენები _ მონათესავე ენების წყებაა კავკასიაში; ამჟამად ყველა ეს ენა _ ბასკურისა და უბიხური ენის გარდა, რომელიც 1864 წლიდან თურქეთში მთლიანად გადასახლებულ უბიხთა ენაა _ გვხვდება კავკასიაში, ისტორიულად კი ისინი ხეთურ-იბერიულ ენათა ოჯახის  გადმონაშთს წარმოადგენენ.
ამ ენებს ჩვეულებრივად კავკასიურს უწოდებენ. `კავკასიური ენები" ირევა `კავკასიის ენებში". კავკასიის ყველა ენა როდია `კავკასიური" (ე. ი. იბერიულ-კავკასიური): კავკასიაში წარმოდგენილია ინდოევროპული ენები (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული), სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული)... ინდოევროპულ, ალთაურ, სემიტურ ენათა დიდი წილი კავკასიის გარეთ მოიპოვება, იბერიულ-კავკასიური ენები კი ამჟამად კავკასიის მიწა-წყალზე გვაქვს.
იბერიულ-კავკასიურ ენებს ნ.მარი უწოდებდა იაფეტურს (თუმცა ტერმინი `იაფეტური" ყოველთვის ამ გაგებით არ იხმარებოდა), ივ. ჯავახიშვილი ამ ენებს უწოდებდა _ ქართულ-შარომატულს, ფრ. ჰომელი _ ალაროდიულს... ტერმინი `იბერიულ-კავკასიური" გეოგრაფიულ მომენტსაც აღნიშნავს და ი ს ტორიულ ვითარებასაც სათანადოდ გახაზავს: ეს არის კავკასიის ის ენები, რომლებიც იბერიულ ანუ ქართველურ ენებს ენათესავება; ქართველურ ენებზე ლაპარაკობს იბერიულ-კავკასიურ ენებზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობის თითქმის ორი მესამედი; ქართველური ენაა ქართული, ერთადერთი ძველი სამწერლო ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის. `იბერიული" აკავშირებს ხეთურსა და კავკასიურს, ძველ ისტორიასა და  თანამედროვევითარებას (ძველად იბერები პირენეის ნახევარკუნძულზედაც იყვნენ ცნობილი). იბერიულ-კავკასიური ენები შედგება ოთხი ჯგუფისაგან; ეს ჯგუფებია:
1. ქართველური ანუ იბერიული
2. აფხაზურ-ადიღური
3. ნახური
4. დაღესტნური.
ქართველური ენებია: ქართული, ზანური და სვანური. ამათგან ქართული ენა სალიტერატუროც არის და დიალექტების სახითაც არის წარმოდგენილი. ზანური და სვანური უმწერლო ენებია. ქართული სალიტერატურო ენა ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობის ენა იყო ისტორიულად და არის ამჟამადაც. ქართლელი და აჭარელი, კახელი და იმერელი, თუში და მეგრელი, ხევსური და რაჭველი, ფშაველი და სვანი, ინგილო და ლაზი... ამ ენაზე სწავლობს სკოლაში, ამ ენას იყენებს კულტურული წინსვლის იარაღად. ასე იყო ეს მრავალი საუკუნის მანძილზე: არც სვანებს, არც მეგრელებსა და არც ჭანებს (ლაზებს) სხვა სამწერლო ენა არა ჰქონიათ. მეფის მთავრობის ცდა (მეცხრამეტე საუკუნის მეოთხმოცე წლებში) მეგრულად შემოეღო სწავლა სამეგრელოს სკოლებში და მით ქართული ენა სამეგრელოს სკოლიდან განედევნა, მარცხით დამთავრდა: თუ დედაენას ასწავლიდნენ ქართველ ბავშვს სკოლაში, ეს ენა ქართული იყო ყველა ქართველი ტომისათვის. ქართულ სამწერლო ენას ძეგლებში დადასტურებული თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია მოეპოვება; ქართული დამწერლობის ყველაზე ძველი ძეგლია წარწერა ბოლნისის სიონზე; იგი თარიღდება მეხუთე საუკუნის დასასრულით (მიახლოებით 493/4 წ.). თარიღიანი უძველესი ხელნაწერი 864 წელს არის შესრულებული (`სინური მრავალთავი") და დაცულია სინას მთაზე (არაბეთის ნახევარკუნძულზე) ქართველთა მონასტერში. ბევრად ადრინდელია ხელნაწერთა ჩვენამდე მოღწეული ნაწყვეტები _ პალიმფსესტები (ბერძ. პალიმპსēსტონ < პალინ `ისევ, ხელახლა" და პსაō `ვფხეკ; ვშლი") _ ეტრატი, რომელზეც ძველი ტექსტი გადაფხიკეს და ახალი დაწერეს. ერთი მათგანია, მაგალითად, ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ფურცლები (დაცულია ოქსფორდსა და კემბრიჯში), რომლებიც VI-VII საუკუნეების მიჯნაზე იერუსალიმში შექმნილი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტებია. XI ს–ში ხელნაწერი გამოუყენებიათ ებრაული ტალმუდისათვის.
ქართული სამწერლო ენის განვითარებაში გაირჩევა ორი პერიოდი:
ძველიქართულისა (V-XV სს.) და ახალი ქართულისა (XII საუკუნიდან დღემდე). ახალი ქართულის ჩამოყალიბება მეთორმეტე საუკუნიდან იწყება საერო მწერლობის ძეგლებში; მეთვრამეტე საუკუნისათვის ეს პროცესი დამთავრებულია: დავით გურამიშვილის `დავითიანი" და სულხან-საბა ორბელიანის `მოგზაურობა ევროპაში" უდავოდ ახალი სალიტერატურო ქართულის ნიმუშს წარმოადგენს. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე _ მთელი საუკუნის განმავლობაში _ ანტონ პირველის სკოლის ხელოვნური ნორმები ზღუდავდა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებას. ანტონის სკოლის გავლენა აღიკვეთა მეცხრამეტე საუკუნის მესამოცე წლებიდან მწვავე ბრძოლის შედეგად, რომელიც გაიმართა ილია ჭავჭავაძესა და ანტონ პირველის მიმდევართა შორის. ილია ჭავჭავაძის გამარჯვება ახალი სალიტერატურო ქართული ენის გამარჯვება იყო, ამ ენის კანონიერ უფლებათა აღდგენას მოასწავებდა. ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების გაწყვეტილი ხაზი ამ დროიდან გამრთელდა. ახალი სალიტერატურო ენის ისტორიას ხშირად მეცხრამეტე საუკუნის მესამოცე წლებიდან ანგარიშობენ; წინა საუკუნეებს (XII_XIX სს.) `საშუალო ქართულის" სახით გამოყოფენ. საქმის ვითარებას ასეთი გაგება არ შეეფერება. ახალი ქართულისა და ძველი ქართულის გვერდით ვერ დავაყენებთ XII_XVI საუკუნეთა ქართულს; მას დამოუკიდებელი სახე არა აქვს არც გრამატიკული წყობისა და არც ძირითადი ლექსიკური ფონდის მხრივ, ე. ი. არც ერთი იმ მომენტის მიხედვით, რაც ენის საფუძველს ქმნის. XII_XVI სს. ქართული შემზადებაა ახალი ქართულისა. ამ შემზადების პერიოდს მეჩვიდმეტე საუკუნეს აქეთ ვერ გადმოვწევთ. მას, როგორც გარდამავალ საფეხურს, ცალკე პერიოდად _ ძველი და ახალი ქართულის გვერდით _ ვერ გამოვყოფთ. ქართული სამწერლო ენა ერათდერთი იბერიულ-კავკასიური ენაა, რომელსაც დიდი ხნოვანების ძეგლებში დამოწმებული ისტორია მოეპოვება. სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა დოკუმენტაცია მე-18 საუკუნეს იქით არ მიდის (ბასკურ ენას მწერლობა მეთექვსმეტე საუკუნიდან აქვს). ამ მხრივ ქართული ენის მონაცემებს ძვირფასი საკონტროლო საშუალების როლი ენიჭება იბერიულკავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის პროცესში.
ქართული სამწერლო ენის, კერძოდ, ძველი ქართულის, ფასდაუდებელი ჩვენება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მეტად სუსტადაა გამოყენებული იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიისათვის. ქართული ენა მდიდარია კილოებით. ქართული ენის კილოებია: ქართლური მესხურ-ჯავახურითურთ, კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ფშაური, ხევსურული, _ აღმოსავლეთ საქართველოში; გურული, აჭარული, იმერული, რაჭული და ლეჩხუმური _ დასავლეთ საქართველოში; საქართველოს ფარგლებს იქით: ინგილოური (აზერბაიჯანში, კახის რაიონის ზაქათალის აღმოსავლეთით); იმერხეული _ შავშეთში (თურქეთის მიერ მიტაცებულ მიწა-წყალზე); ფერეიდნული _ ირანში (ისფაჰანის მხარეში, თეირანის სამხრეთით 150-ოდე კილომეტრიც დაშორებით); აქ 14 ქართული სოფელია; საქართველოდან შაჰაბაზის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში აყრილი კახური მოსახლეობის შთამომავალთ ქართული მეტყველებაღა დარჩათ ძველი სამშობლო მხარის მოსაგონრად. ქართული სოფლები მოზდოკის რაიონშიც (ჩრდილო კავკასიაში) მოიპოვებოდა: ეს სოფლები ქართველი მთიელებისა იყო; უმიწობის გამო გადასახლებულან. ქართული აქ დავიწყებას ეძლევა (ამჟამად კარაჩაევსკის, ყოფილი ქლუხორის, რაიონში არიან გადმოსული). ზანური პირობითი სახელია იმ ენისა, რომლის კილოებსაც ჭანურისა და მეგრულის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს პირობითი სახელი ნებისმიერი არაა: სვანები (აგრეთვე ყაბარდოელები) მეგრელებს ახლაც ზანებს უწოდებენ. საზანო, ზანა, ზანათი იმერეთსა და სამეგრელოში სოფლების სახელებია დღემდე. ზანი-ტომის არსებობა ამრიგად ფაქტია. ეს ტომი ერთ-ერთი იმ ტომთაგანი უნდა ყოფილიყო, რომლის მემკვიდრეებსაც ახლანდელი ლაზები და მეგრელები უნდა წარმოადგენდნენ. მეგრული მეტყველება ამჟამად ცხენისწყლის დასავლეთით იწყება და მდ. ღალიძგამდისაა (სამურზაყანოში) გავრცელებული. მეგრულის კილოკავებია: სენაკური და ზუგდიდურ-სამურზაყანული. თხუთმეტიოდე საუკუნის წინ მეგრული მეტყველება აღმოსავლეთით აღწევდა შორაპან-ჩხარის ხაზამდე. ოკრიბა, წყალტუბო (წყალ-თბილი) და არაერთი სხვა გეოგრაფიული სახელწოდება მოწმობს, რომ ზანური მეტყველება ძველად აქ გავრცელებული ყოფილა. ჭანური (ანუ ლაზური) შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ჭანთა (ლაზთა) მეტყველებაა. პირველი ჭანური სოფელია სარფი, ბათუმიდან 18-ოდე კილომეტრის დაშორებით (თურქეთის საზღვარზე), სამხრეთ- დასავლეთით ჭანური მეტყველება ს. ქემერამდე აღწევს. მეჩვიდმეტე საუკუნეში, როგორც ამას მისიონერი ლუი გრანჟიეს წერილი გვაენათმეცნიერებისუწყებს, რიზეშიც კი ჭანური მეტყველება ისმოდა. ძველად ჭანეთი ტრაპიზონს სცილდებოდა (დასავლეთით). ბევრი ჭანი გაბერძნდა, ბევრი გაათურქეს (XVI საუკუნიდან). ულმობელი თურქიზაციის პირობებში ჭანებმა შეინარჩუნეს თავიანთი ეთნიკური ვინაობის შეგნება, ენა, ჩაცმულობა, ბევრი ადათ-წესი. ჭანური კილოკავებია: ხოფური, ვიწურ-არქაბული და ათინური. ჭანური მეტყველება ყველაზე უკეთ დაცულია არქაბეში; ყველაზე მეტად შერყეულია ათინაში (სამხრეთ-დასავლეთის კიდეზე). ხოფელი და ათინელი ყოველთვის ვერ გაუგებენ ერთმანეთს დაუბრკოლებლად. ჭანური და მეგრული ერთი ენის ორი კილოა; ამას ცხადყოფს: ფონეტიკური სისტემა, მორფოლოგიური წყობა, ლექსიკის ძირითადი მარაგი.
ჭანური და მეგრული ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, როგორც, მაგალითად, ხევსურული და გურული; როგორც ეს ორი უკანასკნელი ვერ ჩაითვლება ცალკე ენებად, ისე _ ჭანური და მეგრული. ჭანური და მეგრული ისეთივე ორი კილოა ერთი ენისა, როგორც ხევსურული და გურულია ქართული ენის კილო. შესაბამისად, ქართველურ ენათა ჯგუფში სამი წევრი გამოიყოფა: ქართული, ზანური და სვანური (და არა ოთხი: ქართული, მეგრული, ჭანური, სვანური).
სვანური ენა ოთხი კილოსაგან შედგება; ეს კილოებია: ბალსზემოური , ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური (ა. შანიძე). პირველი ორი ენგურის ხეობაშია, ორი დანარჩენი _ ცხენისწყლისაში.
სვანური ენის დიალექტები ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდება. განსხვავება, პირველ ყოვლისა, ფონეტიკაში იგრძნობა (`გრძელი ხმოვნები", უმლაუტი, ხმოვანთა ამოღება, ე. ი. ფუძეთა შეკვეცა თუ შეუკვეცაობა); შემდეგ მოდის სხვაობა ბრუნება-უღვლილებასა და ლექსიკაში. სვანურის შემადგენლობაში გამოირჩევა: ზანური ფენა, ადიღეური (ჩერქეზული) ფენა, ძველი ქართულის დამახასიათებელი ერთი ფენა. ქართველურმა საწყისმა გაიმარჯვა ადიღეურზე. სვანურ ენას ქართველურ ენათა ისტორიის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ მას ძველი ქართული თუ შეედრება.
ტერმინი ქართველური ენები იხმარება უკვე ალ. ცაგარელის შრომებში; საენათმეცნიერო ლიტერატურაში ის დამკვიდრდა ჰუგო შუხარდტის შრომათა მეოხებით. ალ. ცაგარელი ამ ენებს უპირატესად იბერიულს უწოდებდა (XIX საუკუნის სამოცდამეათე წლებში). აკ. შანიძემ ერთ წერილში სცადა ეხმარა ახალი ტერმინი `ქამესური ენები" (ქართულ-მეგრულ-სვანური). შემდეგში ამ ტერმინს არა ვხვდებით.
აფხაზურ-ადიღური ჯგუფი შედგება ხუთი ენისაგან: აფხაზურის, აბაზურის, ადიღეურის (ანუ ჩერქეზულის), ყაბარდოულისა და უბიხურისაგან. აფხაზთა ძირითადი მასა (დაახლოებით 86 ათასი კაცი) ცხოვრობს აფხაზეთში (ცენტრი _ ქ. სოხუმი).
ამჟამად აფხაზური ენის კილოებია: 1. ბზიფური (სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით), 2. აბჟუური (მდ. კოდორზე). წინათ აფხაზური ენის დიალექტები გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. აფხაზური დამწერლობა მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. იგი პირველად რუსული გრაფიკის საფუძველზე შემუშავდა, შემდეგ, 1926- 1928 წლებში, იყენებდნენ ნ. მარის ანალიზურ, ხოლო 1928-1938 წლებში _ ლათინიზებულ ანბანს; 1938-1954 წწ. მოქმედებდა ქართული ანბანის ნიადაგზე ჩამოყალიბებული ანბანი, 1954 წლიდან ძირითადადრუსული გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ანბანი იხმარება. აფხაზურს ბრუნება არა აქვს, უღვლილება კი მეტად რთულია; ზმნაში აღინიშნება სუბიექტი, ობიექტი (ერთი ან ორი), დრო, კილო, ადგილი (მოქმედებისა)... ზმნა თავს უყრის მთელ წინადადებას ელემენტების (ფორმანტების) სახით. თუმცა აფხაზური აგლუტინაციური წყობისაა, მასში პოლისინთეზურობის გარკვეული ელემენტებიცაა წარმოდგენილი. აფხაზურ სიტყვებს _ უპირატესად სახელებს _ თვალსაჩინო ფონეტიკური ცვლილება აქვთ გამოვლილი (უმთავრესად ბოლოკიდური ბგერების მოკვეცისა და სიტყვის შიგნით ხმოვნების ამოვარდნის სახით). მორფოლოგიური სტრუქტურა კი აფხაზურს ძველი დაუცავს. აბაზური იმდენად ახლოს დგას აფხაზურთან, რომ ერთ დროს მის დიალექტადაც ითვლებოდა. აბაზები ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში. ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 27 ათასს აღემატება. აქვს ორი დიალექტი: ტაპანთური და აშხარული. პირველი სალიტერატურო ენას უდევს საფუძვლად, მეორე ფონეტიკური სისტემითა და გრამატიკული წყობით ძალიან უახლოვდება აფხაზურს. ადიღეურში (ანუ ჩერქეზულში) განასხვავებენ ქვემო ადიღეურს (ანუ კ~ახურს) და ზემო ადიღეურს (ანუ ყაბარდოულს). სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად `ადიღეურს" ხმარობენ ქვემო ადიღეურის აღსანიშნავად, ზემო ადიღეურს მარტივად `ყაბარდოულს" უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში `ადიღეური" და `ყაბარდოული" უპირისპირდება ერთმანეთს. ნამდვილად კი ადიღეური გვაროვნული ცნებაა და მოიცავს როგორც ზემო, ისე ქვემო ადიღეურს. თუ შეპირსიპირებაზე მიდგება საქმე, ყაბარდოული და კ~ახური (ე.ი. ზემო და ქვემო ადიღეური) უნდა შევუპირისპიროთ ერთმანეთს. ამჟამად ადიღეური და ყაბარდოული ორ ენად განიხილება, რომელთაც თავ-თავისი სალიტერატურო ენები აქვთ. ადიღეური ძირითადად გავრცელებულია ადიღეში (ცენტრი _ ქ. მაიკოპი), მასზე ლაპარაკობს 104 ათასი კაცი; ყაბარდოული _ ყაბარდო-ბალყარეთში (ცენტრი _ ქ. ნალჩიკი) და ჩერქეზეთში (ცენტრი _ ქ. ჩერკესკი). ყაბარდოულად ლაპარაკობს 370 ათასი ადამიანი.
ქვემო ადიღეური რიგ დიალექტს განასხვავებს; მთავარი დიალექტებია: აბძახური, შაფსუღური, ჭემგუური, ბჟედუღური... ყაბარდოულში დიალექტთა სხვაობა ისე ხელშესახებიარაა. ყაბარდოულთან ახლოს დგას ბასლენური. ისტორიულად ადიღე ძლიერი ხალხი იყო. ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში მას ეკავა აზოვის ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო. მეცხრამეტე საუკუნის ოცდამეათე წლებში მარტოოდენ შაფსუღთა რიცხვი 200 ათასს აღწევდა. 1864 წ. დიდძალი ადიღე (ჩერქეზი) გადასახლდა თურქეთში (ამ სამოცდაათიოდე წლის წინათ, თვით თურქული სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ თურქეთის ქალაქებში 130 ათასი ჩერქეზი ცხოვრობდა). ადიღეური არსებითად იმავე სტრუქტურის ენაა, როგორიც აფხაზური; სიახლოვე თვალსაჩინოა ზმნაში. სახელს ადიღეურში ბრუნება გასჩენია. გრამატიკული კლასები მოშლილია. უბიხური ენა _ აფხაზურ-ადიღეური ჯგუფის მეხუთე წევრი _ ამჟამად კავკასიაში აღარ მოიპოვება. 1864 წელს უბიხთა ტომი მთლიანად გადასახლდა თურქეთში. იქ უბიხთა მოსახლეობა შერჩენილია ქ. იზმირის მიდამოებში.
ნახურ ენათა ჯგუფი მოიცავს ჩეჩნურს, ინგუშურსა და ბაცბურს. ჩეჩნური ენა გავრცელებულია ჩეჩნეთში (ცენტრი _ ქ. გროზნო), ინგუშეთში, დაღესტანსა და შუა აზიაში. ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 760 ათასია.
ინგუშები ჩეჩნების მოძმე ხალხია. ისინი საბჭოთა კავშირში რუსეთის ფედერაციის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნიდნენ (ჩეჩნეთ- ინგუშეთის ავტონ. ოლქს _ 1934 წლიდან, ავტონ. რესპუბლიკას _ 1936 წლიდან). 1943-44 წლებში ინგუშები გადაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთში. მშობლიურ ადგილებში დააბრუნეს 1957 წელს. ნახური ჯგუფის ენები საქართველოში წარმოდგენილია ბაცბურის ანუ წოვათუშურისა და ქისტურის სახით. წოვათუშური უმწერლობო ენაა, რომელიც გავრცელებულია ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანში. მასზე ლაპარაკობს 3 ათასი კაცი. ქისტების გადმოსახლება საქართველოში XVII საუკუნიდან დაიწყო და XIX საუკუნის 60-იან წლებამდე გაგრძელდა. ისინი კომპაქტურად არიან დასახლებული პანკისის ხეობის 3 სოფელში. ეს სოფლებია: ომალო, დუისი, ჯოყოლო (ახმეტის რ., კახეთი). ბაცბურში შემორჩენილია ნახური ჯგუფის ენათა არაერთი დამახასიათებელი ძველი მოვლენა. წოვათუშები და პანკისის ქისტები ქართულ ენას ფლობენ ისე, როგორც დედაენას. სკოლებში ქართულადსწავლობენ. გვარებიც ქართული აქვთ.
დაღესტნის იბერიულ-კავკასიური ენების ჯგუფი სამ ქვეჯგუფად იყოფა; ეს ჯგუფებია:
1. ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფი,
2. დარგუული და ლაკური ქვეჯგუფი,
3. ლეზგიური ქვეჯგუფი.
ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფებში შედის: ხუნძური (ანუ ავარიული) ენა და ანდიური ხეობის ენა-კილოთა წყება: ანდიური, ბოთლიხური (ღოდობერიული კილოთი), კარატაული, ტინდიური, ჭამალური, ახვახური, ხვარშიული, ბაგვალური (ანუ კვანადური), დიდოური და კაპუჭური.
ხუნძური ყველაზე გავრცელებული ენაა დაღესტნის იბერიულკავკასიურ ენათა შორის. მთელ დასავლეთ დაღესტანში ესაა ურთიერთობის საშუალება ანდიური ხეობის ენა-კილოებზე მოლაპარაკე ტომთათვის. ხუნძურად მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა 472 ათასს აღწევს. ხუნძების სარაიონო ცენტრებიდან შეიძლება დავასახელოთ ხუნძახი და ღუნიბი. ხუნძური ენა გადაჭრის მთელ დაღესტანს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, და ბარში აზერბაიჯანის მიწა-წყალზე რიგი სოფლებითაა წარმოდგენილი (ჭარ-ბელაქნის ლეკობა ხუნძებია). ხუნძურის დიალექტებია: ხუნძახური (ჩრდილოური), ჰიდურანდალალურ-ყარახული, ანწუხური და ჭარული (აზერბაიჯანში). ხუნძური სამწერლო ენა ჩრდილოურ დიალექტზეა (ჭირკეულ კილოკავზე) აღმოცენებული. ამჟამად მასში გზა გაუხსნეს ანდალალის მეტყველების თავისებურებებსაც, ე. ი. სამხრული წრის დიალექტებსაც. დაღესტანში გამოვლენილია XIV-XV საუკუნეებში შესრულებული ხუნძური წარწერები, რომლებიც ემყარება ქართულ ანბანს.
დარგუული ენა (ერთ-ერთი რაიონული ცენტრი _ ლევაში) სამი დიალექტითაა წარმოდგენილი; ეს დიალექტებია: ჰურახული, ახუშური და წუდახარული, აგრეთვე კუბაჩური და ხაიდაკური ანუ კაიტაღური (ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებცალკე ენად თვლიან). თანამედროვე სამწერლო დარგუულ ენას საფუძვლად უდევს ახუშური დიალექტი. დარგუულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 320 ათასს სცილდება.
ლაკური ენა ხუნძურს, დარგუულსა და ლეზგიურ ენებს შორისაა მოქცეული შუაგულ დაღესტანში. ლაკურში დიალექტური სხვაობა სუსტადაა წარმოდგენილი. სხვაობა კილოკავის ფარგლებს არ სცილდება. ეს კილოკავებია: ვიცხიური, ღუმუხური, ვიხლიური და სხვ. ლაკების რიცხვი 100 ათასამდე ადის (ადმინისტრაციული ცენტრი _ ყუმუხი). დაღესტნურ ენათა შორის ლაკური მეტისმეტად საინტერესოა (განსაკუთრებით _ ზმნა) და მისი ჩვენება იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიისათვის მნიშვნელოვანია.
დარგუული და ლაკური გრამატიკული წყობის მიხედვით ერთგვარად გარდამავალი საფეხურია ხუნძურსა და ლეზგიურს შორის. ლეზგიურ ენაზე (უსლარის ტერმინით `კიურული" ენა) 347,6 ათასამდე კაცი ლაპარაკობს. ლეზგიური გავრცელებულია სამურის ხეობაში. ლეზგიურთან ახლოს დგას: წახურული, რუტულური და აღულური. ცალკე უნდა აღინიშნოს: თაბასარანული ენა (დაღესტანში), ხინალუღური, ბუდუხური და კრიწული (აზერბაიჯანში _ შაჰდაღის მთებში). ლაკურისა და ხუნძურის გარემოცვაშია არჩი ენა (ერთ აულში _ არჩიბში). აზერბაიჯანში ნუხის მახლობლად ორ სოფელში _ ნიჯსა და ვართაშენში _ დაცულია უდური ენა. ვართაშენელთა ნაწილი კახეთში გადმოსახლდა ამ ოთხმოცი წლის წინათ და ყვარლის რაიონში სოფ. ოქტომბერი დაიარსა. უდურის სახით ძველი ალბანეთის ერთ-ერთი გადმონაშთი ენა უნდა გვქონდეს.
დაღესტნის ყველა ენაში ბრუნება კარგადაა განვითარებული. კერძოდ, აღსანიშნავია თანდებულიან ბრუნვათა სიმრავლე. ზმნა ფორმებით ღარიბია, მეტადრე აფხაზურთან შედარებით. გრამატიკული კლასები კარგად დაუცავს ხუნძურს, დარგუულს, ლაკურს, წახურულს, რუტულურს, არჩიბულს, თაბასარანულსაც... ლეზგიურსა, უდურსა და აღულურში ეს კატეგორია მოშლილია. ფონეტიკურ სისტემაში აღსანიშნავია ლატერალები (გვერდითი წარმოების თანხმოვნები) ხუნძურში, არჩიბულში... ხუნძური, დარგუული, ლაკური, ლეზგიური და თაბასარანული სამწერლო ენებია.
დაღესტნის ადმინისტრაციული ცენტრი მეფის მთავრობის დროს იყო თემირ-ხან-შურა (ახლანდელი ბუინაქსკი), ახლა _ ქ. მახაჩყალა (ყოფ. პეტროვსკი, კასპიის ზღვის სანაპიროზე).
იბერიულ-კავკასიური ენები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან; ზოგჯერ ეს სხვაობა მორფოლოგიური ტიპის სხვაობამდე მიდის; ვთქვათ, აფხაზური და ლეზგიური; აფხაზურს ბრუნება არა აქვს, ზმნაში იყრის მთელი წინადადება თავს, ლეზგიურის ბრუნება საკმაოდ მდიდარია ფორმებით, ზმნა კი ღარიბია; არც პირი, არც კლასი, არც რიცხვი ზმნის ფორმებში არ აისახება. უღვლილება დრო-კილოთა ცვლაშიღა მდგომარეობს. ქართულს საშუალო ადგილი უჭირავს ამ ორ უკიდურეს სახეობას შორის: აქ ბრუნებაც განვითარებულია და უღვლილებაც; უკანასკნელის როლი სჭარბობს პირველისას. ამ სხვაობისდა მიუხედავად, რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით იბერიულ- კავკასიურ ენათა განვითარების ისტორიას, მით უფრო ახლოს აღმოჩნდებიან ეს ენები ერთმანეთთან, მით უფრო მეტი საერთო მომენტ აღმოაჩნდება ისტორიულ-შედარებითი შესწავლის შედეგად ამ ენების გრამატიკულ წყობასა და ძირითად ლექსიკურ ფონდს. ეს საერთო მოვლენებია პირველადი, სხვაობა _ მეორეულ მოვლენას წარმოადგენს, სხვაობა გაჩნდა იმ რთული ისტორიული განვითარების შედეგად, რაც ამ ენებმა განიცადეს. იბერიულ-კავკასიური ენების შესწავლის თანამედროვე საფეხურზე შეიძლება მივუთითოთ რიგ ნიშან-თვისებაზე, რაც ისტორიულად საერთო უნდა ყოფილიყო ყველა იბერიულ-კავკასიური ენისათვის.
ასეთია, სახელდობრ: თანმხოვანთა სიმდიდრე და ხმოვანთა სიმცირე; იგი ყველა იბერიულ-კავკასიურ ენაში დემონსტრაციულად ჩანს. თანხმოვნებში აღსანიშნავია მკვეთრთა წყება (ყველა იბერიულ-კავკასიურ ენაში): პ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. მორფოლოგიაში ხაზგასასმელია: სახელისა და ზმნის სუსტი დიფერენციაცია; ამის გამოხატულებაა ერთი და იმავე აფიქსების გამოყენება სახელებსა და ზმნაში (მაგ., რიცხვის აღსანიშნავად).
2. ბრალდებითი ბრუნვის (აკუზატივის) უქონლობა (მხოლოდ უდურში გვაქვს, ისიც მიცემითის დერივატია) და სპეციფიკური ბრუნვის მქონეობა მოქმედის აღსანიშნავად გარდამავალ ზმნებთან; ესაა მოთხრობითი ქართული ენისა, ერგატივი (`მოქმედი") მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა.
3. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას იძლევა (მოქმედი სახელი მოთხრობითში დაისმის)35. აფხაზურს ბრუნვები არა აქვს, მაგრამ ზმნის უღვლილება განასხვავებს ერგატიულ კონსტრუქციას ნომინატიურისაგან.
4. მოქმედებითი და ვნებითი გვარი მხოლოდ ქართველურ ენებშია სისტემატურად ჩამოყალიბებული (და აქაც ეს მეორეული, შედარებით ახალი მოვლენაა). მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში ზმნის გვართა კატეგორია ახლა ისახება.
5. გარჩეულია გრამატიკული კლასები ადამიანისა და ნივთისა (პირველში გამოიყოფა კაცი და ქალი). რიგ ენას მოშლია ეს კატეგორია; ასეთია, მაგ., ქართველური ენები, ადიღეური, ლეზგიური, უდური, მაგრამ ამ კლასების არსებობა ჩვენს ენებში ძველად ეჭვმიუტანლად დასტურდება.
6. სიტყვის ძირი შედგება ერთი თანხმოვნისაგან, რომელსაც დეტერმინატიული სუფიქსი დაერთვის. რა ენებს უკავშირდება წარმოშობით იბერიულ-კავკასიური ენები?

1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014