რუსეთის კოლონიური ჩაგვრისადმი საყოველთაო დაუმორჩილებლობა


1 2

1802 წლის შეთქმულება
1804 წლის აჯანყება მთიანეთში
1812 წლის აჯანყება კახეთში

 

1802 წლის შეთქმულება

ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის შემოღებით ცარიზმმა ხელისუფლების სადევეებს სამუდამოდ ჩამოაცილა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რომელსაც ქონდა ერის მესვეურობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. რუსულ მთავარმართებლობას მიცემული ქონდა საიდუმლო დავალება, შეეპყრო და რუსეთში გადაესახლებინა მთელი სამეფო სახლი, პირველ რიგში ტახტის პრეტენდენტები.
საუკუპაციო მართველობის წინააღმდეგ აღსდგა ერეკლეს მთელი სახლეული. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში ჩაება არა მარტო დავით გიორგის ძე, რომელიც ადრე რუსეთის თანხმობით უკვე დამტკიცებული იყო ტახტის მემკვიდრედ, არამედ მისი მოქიშპეც. შეთქმულთა ცენტრს წარმოადგენდა თბილისი, მისი სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი იყო ერკელე მეორეს ქვრივი დარეჯან დედოფალი.
რუსული მართველობის წინააღმდეგ შეთქმული უფლისწულების გვერდით აღმოჩნდა ქართლ-კახეთის თავადობა. ეს წარჩინებული წოდება მიჩვეული იყო დიდ პატივსა და უზრუნველ შემოსავალს. სამემკვიდრეო თანამდებობას. ნახევარხელმწიფობას თავის სათავადოში, ყმა-გლეხებზე ხულ-ხორციანად ბატონობას. რუსეთის მიერ დაწესებული რეჟიმი, კი ერთი დაკვრით აუქმებდა და ამსხვრევდა საუკუნოებრივ სისტემას, ქართულ ფეოდალურ-ვასალურ ტრადიციებს. ამიერიდან ქართველნი წარჩინებულნი არსებითად "უგვარო რუსი მოხელის" ხელქვეითი ხდებოდა. მოურავები კაპიტან-ისპრავნიკებმა შეცვალეს, ისინი თავადის განკარგულებას ყურადაც არ იღებდნენ და მის ქონებასაც განაგებდნენ. უმაღლესი და სამაზრო მოხელეობა იმ აზრით იყო განმსჭვალული, რომ ყველა ქართველი რეჟიმის წინააღმდეგი და ამდენად "მოღალატეა". თვით კნორინგი ქართველობას ღირსადაც კი არ თვლიდა რომ რუსეთის ქვეშევრდომად ეღიარებინა. მეფის ყოფილი ელჩი გარსევან ჭავჭავაძე რუსეთის საგარეო საქმეთა რწმუნებულ სოკოლოვს ქართველი თავადობის გაბოროტების მიზეზს ასე უხასიათებდა: რუსრული მართველობა შეურაცხყოფს ქართველებს, ართმევს მათ იმ უფლებებს, რაც იმპერატორმა დაუმკვიდრა. მოხელეთა თავაშვებული, თვითნებური ქცევით უკმაყოფილო მოსახლეობაში ადვილად ვრცელდება ყოველგვარი ჭორი. ქართველებს მართლაც ეშინიათ იმისა, რომ აღსრულდეს ის ხმები, რაც ამჟამად მთელს ქვეყანაშია მოდებული - თითქოს თავადაზნაურობა რუსეთს უნდა გადაასახლონ, რომ ქართველმა წარჩინებულმა წოდებამ დაჰკარგა ძველი პრივილეგიები და სამემკვიდრეო თანამდებობანიო".
თავადობის სახით ბაგრატიონთა სახლეულს ანტირეჟიმულ ბრძოლაში საიმედო დასაყრდენი ქონდა.
დარეჯან დედოფლის სასახლეში მუშავდებოდა რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამხობის ღონისძიებანი. შეთქმულთ ურთიერთობა ქონდათ ყველა უკმაყოფილო ძალებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწეოდნენ მზადებას. დავით გიორგის ძე ბორჩალოშო უყრიდა თავს ლაშქარს. იულონ ერეკლეს ძე იმერეთში იყო გახიზნული და ამზადებდა ჯარს კახეთში საბრძოლო მოქმედებისათვის, შეთქმულებაში მონაწილეობდნენ თეიმურაზ, ვახტანგ ბატონიშვილები, რომლებიც თავიანთ საუფლისწულოებში აგროვებდნენ ძალებს. ვახტანგ ბატონიშვილს დაკისრებული ქონდა ჩაეკეტა დარიალის უღელტეხილი. შეთქმულნი იმედს ამყარებდნენ ალექსანდრე ბატონიშვილზეც. ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ადრევე გაიქცა საქართველოდან და მოთავეობდა ანტირუსულ ძალთა კოალიციას ახლოაღმოსავლურ მუსლიმურ სამყაროში. მოკავშირედ ეგულებოდათ იმერეთის მეფე სოლომონ მეორეც, რომელიც იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს იფარავდა და თავადაც აქტიურობდა რუსეთის მართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1802 წლის ივლისში ვითარება დაიძაბა. საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისი, - რუსული მართველობის რეზიდენცია. ქალაქზე თავდასხმას ბორჩალოდან, საარაგვოდან, ბელაქნიდან ყოველდღიურად მოელოდნენ. თბილისში მთავრობამ გააძლიერა სამხედო ნაწილები, ამასთან საგანგებო რაზმები გაიგზავნა მეამბოხე უფლისწულთა შესაპყრობად.
მოძრაობა უფრო ფართო ხასიათს იღებდა კახეთში. კახელმა თავადებმა აღმასრულებელი ექსპედიციის უფროსს პ. კოვალენსკის მიმართეს საგანგებო წერილით, სადაც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის გამო და მოითხოვდნენ 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატით გათვალისწინებული მუხლების აღდგენას. წერილის მიმტანი კახეთის თავადები მეფის გენერალმა გულიაკოვმა დააპატიმრა. იგი შეუდგა შეთქმულების მოთავეთა საქმის გამოძიებას. ამან კახელ შეთქმულთა აქტივობა გააძლიერა. მათ ანალოგიური შინაარსის წერილი თვით იმპერატორის სახელზე შეადგინეს. 24 ივლისს შეთქმულთა დიდი ჯგუფი შეიკრიბა სოფელ მაღაროს მახლობლად, კელმენჩურზე, იმ მიზნით, რომ ქართლ-კახეთის ტახტზე აეყვანა იულონ ერეკლეს ძე და მისდამი ხალხის შეფიცვა განეხორციელებინა. ბოდბელი მიტროპოლიტის იოანეს ჩვენებაში ნათქვამია: "ხიზიუს ხალხი მოვიდა სოფლიდამ და დაიფიცეს ჯერ ხელმწიფის ერთგულებაზე და ამასუკან იულონის მემკვიდრეობაზე, რადგან მეფის ირაკლის ანდერძი ასე არის, თუ იმის დიდებულება ინებებს". სწორედ შეფიცვის დროს შეთქმულთ თავზე წამოადგათ კაპიტან - ისპრავნიკი ჯარით და მესვეურთა დაპატიმრება განიზრახა. ხალხმა იმარჯვა, მოთავენი გააპარა და სისხლის ღვრა თავიდან აიცდინა.
კელმენჩურზე შეფიცვის ჩაშლის შემდეგ კახეთში შეთქმულთა აქტივობამ იკლო. აქა-იქ გრძელდებოდა სპორადიული გამოსვლები.
მოძრაობის ცენტრმა გადაინაცვლა მანავში. მაგრამ იგი აქაც წარუმატებლად დასრულდა. მთავრობის ჯარებმა გულიაკოვისა და ლაზარევის მეთაურობით შეძლეს დაეტუსაღებინათ მოთავეები და თბილისის საპატიმროში გამოემწყვდიათ.
შეთქმულების მარცხი შეაპირობა ძირითადად იმან, რომ ერთსულოვნება და ორგანიზება აკლდათ. შეთქმულები ცალ-ცალკე, დაქსაქსულად მოქმედებდნენ. მმართველობას შესაძლებლობა ქონდა ძალთა მანევრირებით განეხორციელებინა იზოლირებული საამბოხო კერების ჩაქრობა. შეპირებული ძალები შეთქმულთ ვერც ალექსანდრე ბატონიშვილმა მიაშველა. მეზობელმა მუსლიმურმა სახანოებმაც, შეპირების მიუხედავად პასიურობა გამოიჩინეს.
ნაწილობრივ კონსერვატულობის მიუხედავად, ეს შეთქმულება პროგრესული იყო, რადგან მიზნად ისახავდა საოკუპაციო რეჟიმის დამხობას და რუსეთ საქართველოს ურთიერთობის აღდგენას 1783 წლის ტრაქტატის პირობებში, იგი წარმოადგენდა ეროვნულ-გამათავისულფლებელი მოძრაობის პირველ გამოვლინებას.
ცარიზმმა ამ შეთქმულებით თვალნათლივ დაინახა, რომ საქართველო ვერ იგუებდა თავს მოხვეულ რეჟიმს და მას ბრძოლას უცხადებდა, ამიტომ რეპრესიები გააძლიერა. მთავარი იერიშები სამეფო სახლზე იქნა მიტანილი. დაჩქარდა ყოფილი მეფის ოჯახის წევრთა და ერთგულ დიდებულთა რუსეთში გადასახლება.
ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას, პირველი მარცხის მიუხედავად, იმედი არ ჩაქრობია და განაგრძობდა ბრძოლას 1783 წლის ტრაქტატის აღდგენისათვის. ციციანოვის მოკვლის შემდეგ, 1806 წელს, პეტერბურგში არჩევდნენ მმართველს საქართველოში მოსავლინებლად. ერთერთ კანდიდატად ცნობილი გენერალი, პეტრე ბაგრატიონიც იყო ნაგულისხმევი. პ. ბაგრატიონმა იცოდა კახელ თავადაზნაურთა ფრონდისტული განწყობილება და თავისი ძმის საშუალებით საიდუმლოდ თხოვნით მიმართა ქართველ წარჩინებულთ ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პრეტენზიები. პეტრე ბაგრატიონის წერილის საპასუხოდ საიდუმლო თათბირი მოიწვია დავადების იმ ჯგუფმა, რომელიც ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი. მან თავისი პრეტენზიები 11 მუხლად ჩამოაყალიბა და გაგზავნა პეტერბურგში. მოთხოვნებში მითითებული იყო რომ აღსდგეს ქართული სამართალი, ძალაში დარჩეს მოურავობა, გაუქმდეს კაპიტან-ისპრავნიკობა, აღიკვეტოს ქართველი თავადაზნაურობისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება და გათანასწორდეს იგი რუსეთის თავადაზნაურობასთან, გათავისუფლდეს რუსეთის მტრობაში ეჭვმიტანილი პატიმარი თავადები და სხვ.
ცარიზმმა ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა. მან არც ის ჩათვალა მიზანშეწონილად რომ პეტრე ბაგრატიონისათვის მიენდო მხარის გამგებლობა. ციციანოვის მომდევნო მმართველებს ცარიზმი ავალებდა სასტიკი რეპრესიებით აღმოეფხვრა ქართველ ხალხში რუსული რეჟიმისადმი მტრობა, რომელიც თანდათან მასობრივ ხასიათს იღებდა.

 

1804 წლის აჯანყება მთიანეთში

რუსული მართველობის დამკვიდრებას საქართველოში გლეხობა თავდაპირველად დადებითად შეხვდა. იგი მოელოდა, რომ ახალი ხელისუფლება საზღვარს დაუდებდა მტრული მეზობელი ქვეყნების შემოსევებს, ალაგმავდა ლეკთა თარეშს და ქვეყნად მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებდა. ამიტომაც იყო, რომ ოკუპაციის პირველ წელს გლეხობას არ გამოუმჟღავნებია რეჟიმისადმი შეურიგებლობა, მას ლოდინის პოზიცია ეკავა, ეჭვიანი თვალით აკვირდებოდა და წონიდა ახალი რეჟიმის ხასიათსა და სარგებლიანობას.
სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმმა გლეხობას მალე გაუცრუა იმედები, ორ-სამ წელსაც არ გაუვლია, რომ მან საკუთარ ზურგზე იგრძნო ჩაგვრის გაორკეცება. ახალ ვითარებაში მის საკუთარ ბატონს დაემატა უცხო ტომის მძარცველები, რომლებიც მონღოლი ბასკაკებისა და ყიზილბაშთა ურდოების მსგავსად გლეხის მთელ სარჩო-საბადებელს ითვისებდნენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში დაუნდობლად უსწორდებოდნენ.
ახალი რეჟიმის სისასტიკე და აუტანლობა ყველაზე მეტად ზემო ქართლის მთიანეთმა იწვნია. რუსეთს საქართველოსთან იმ დროს აკავშირებდა ერთადერთი გზა - დარიალის უღელტეხილი. იგი საჭიროებდა ხშირ შეკეთებას, რასაც ხელისუფლება გზის გასწვრივი სოფლების (ჭართალი, ხანდო, გუდამაყარი, ხევი) მოსახლეობას აკისრებდა. საგზაო ბეგარა მძიმა ტვირთად დააწვა მთიელ მოსახლეობას. მას არა მარტო გზები უნდა შეეკეთებინა, არამედ მთავრობისათვის ტრანსპორტი უნდა მიეცა და საოკუპაციო ჯარი გამოეკვება. რუსი მოხელენი გლეხობას, ამასთან, თვითნებურად აწერდნენ ფულად გადასახადს. განსაკუთრებით მძიმე დრო გლეხობას დაუდგებოდათ ხოლმე ზამთარში,როცა უღელტეხილს თოვლი დაფარავდა. დათოვლილი გზა უნდა გაეწმინდა გლეხობას. ზვევების ჩამოწოლა ხშირად იწვევდა მსხვერპლს. ურჩ გლეხებს მოხელეები სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, კლავდნენ. მთიულეთში სალდათებმა ცემით მოკლეს 23 მოხევე. იყო შემთხვევები, როცა ხარების ნაცვლად უღელში აბამდნენ დედაკაცებს. თუ რომელიმე სოფელი რუს მოხელეთა უკანონობაზე საჩივარს აღძრავდა, უარესი დღე ელოდა, რადგან ურჩობის ყოველი გამოვლინება ისე ფასდებოდა როგორც "ფიცის გატეხვა" და მთავრობისადმი ღალატი. მაგალითად ანანურის მაზრის "კაპიტან - ისპრავნიკმა" ჟამურელ გლეხებს საჩივრის პასუხად უსასტიკესი ანგარიშსწორება მოუწყო. სახლები გადაწვა, მოსახლეობა ააწიოკა და არაადამიანურად აწამა.
არაგველ გლეხთა საჩივარში ნათქვამია: "თუ ადრე ჩვენ ღმერთს შევთხოვდით რუსთა მოსვლას ჩვენს ქვეყანაში, ახლა სიკვდილს ვნატრულობთ, რადგან ამ ტანჯვას და მათრახით სიკვდილს, ჩვენის ცოლების უწესო საქმით-დანახვას ეს გვირჩევნია, ასე დავიხოცნოთო".
რუს მოხელეთა ძალადობა რომ ყელში ამოუვიდათ, მთიელმა გლეხებმა გადაწყვიტეს შეიარაღებული ბრძოლით გაერეკათ დამპყრობნი მთიულეთიდან. ანანურის მაზრაში აჯანყება დაიწყო 1804 წლის მაისში. საქართველოს მთავარმართებელი ციციანოვი ამ დროს ერევნის სახანოს უტევდა. ანანურელებმა ეს გარემოება მიიჩნიეს გამოსვლისათვის ხელსაყრელ შემთხვევად.
აჯანყება გაფართოვდა და მთელი მთიანეთი (ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ხანდო, ჭართალი, გუდამაყარი, ცხაოტი, თრუსო, ქარჩახი, ჟამური და სხვ. სოფლები) მოიცვა. აჯანყებას მეთაურობდნენ მთიელი გლეხები ლევან ნაზღაიძე, შიო ბურდული, თათარა ჩქარეული, პაპუნა ჩებოლური, ნ. და ო. ბედოიძენი, ნ. ბენიამიძე და სხვები.
აჯანყებულებმა პირველი იერიში კაიშაურის ციხეზე მიიტანეს და დაიკავეს იგი. ამის შემედგ აჯანყება მიზანდასახულობის მიხედვით სამ ერთეულად, - ხევის, ანანურის და ლომისის დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. თითოეულ ჯგუფს დაკისრებული ქონდა კონკრეტული საბრძოლო ამოცანა. საბოლოო მიზანს შეადგენდა დარიალის სამხედრო გზის ჩაკეტვა რუსებს რომ დამხმარე ძალა არ მიეღოთ, მთიანეთში განლაგებული სამხედრო ნაწილების ლიკვიდაცია, მთაში რუსთა მართველობის მოშლა. აჯანყებულები გამოსვლისათვის აქეზებდნენ ბარის მოსახლეობასაც, ვარაუდობდნენ მთის გამოსვლა საყოველთაო ამბოხებად გადაექციათ და ამ გზით დაემხო სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში.
ციციანოვის მოადგილე ვოლკონსკის სამხედრო ძალების სიმცირის გამო შეეშინდა დაეწყო მოქმედება აჯანყებულთა წინააღმდეგ. მან სცადა კონფლიქტი გადაეწყვიტა მოლაპარაკებით, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. სამხედრო ძალების გაძლიერების შემდეგ ვოლკონსკიმ დაიწყო შეტევითი ოპერაციები ციხისჯვრის უბანზე და იქ მოპოვებული წარმატების შემდეგ ლომისას დაჯგუფებას ეკვეთა, რადგან აჯანყების ბედს ძირითადად სწორედ ეს დაჯგუფება წყვეტდა. ლომისას უბანზე აგვისტოს პირველ რიცხვებში მიმდინარებოდა ცხარე ბრძოლები. აჯანყებულებმა აქ წარმატება მოიპოვეს და გზა გაიკაფეს თუშეთისაკენ.
სექტემბრიდან აჯანყებაში ჩაებნენ ქართველი ბატონიშვილები იულონ და ფარნაოზი, რომლებიც 1802 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ ცარიზმის მიერ ჯერ კიდევ დამორჩილებელ იმერეთში იყვნენ გახიზნულნი. მთიელთა აჯანყებისთანავე ტახტის მაძიებელებმა დაიწყეს მოქმედება. 3 ივლისს ისინი ქუთაისიდან გავიდნენ მცირე ამალით, რათა ბორჯომის ხეობით საციციანოში გადასულიყვნენ. ძმებს იმედი ქონდათ რომ მათი საბრძოლო რაზმი ქართლში გაიზრდებოდა. მრავალრიცხოვანი ლაშქრით შეუერთდებოდნენ აჯანყებულ მთიულებს და ერთიანად შეუტევდნენ დამპყრობლებს. რუსთა რაზმებმა მიაგნეს ქართლში გადმოსულ ბატონიშვილთა სადგომს, იულონი შეიპყრეს, ფარნაოზმა გაქცევა მოასწრო და კახეთს მიაშურა, რომ იქიდან თავადობა მიემხრო. თავადთა ერთი ჯგუფი მართლაც ამოუდგა გვერდით ფარნაოზს და სექტემბერში იგი დიდი ამალით დაიძრა მთიულეთისაკენ. სტეფანწმინდაში ფარნაოზი ჩადგა აჯანყებულთა სათავეში. მან გადაწყვიტა აჯანყების მასშტაბები გაეფართოვებინა, ქართლ-კახეთის ყველა მიმართულებით შიკრიკები აფრინა და თავადობას ამბოხებისაკენ მოუწოდა. ალექსანდრე ბატონიშვილთან დაკავშირებაც სცადა.
მაგრამ ფარნაოზის გეგმები განწირული აღმოჩნდა. საქართველოს მართველობამ კრიზისული მდგომარეობა დასძლია და თანდათანობით აჯანყების ცალკეულ კერათა ლიკვიდაცია მოახერხა, ციციანოვმაც თავი მიანება ერევანში წარუმატებელ ლაშქრობას და უკან დაბრუნებული არმია მთლიანად აჯანყებულებს მიუსია.
ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით ფარნაოზის ამალაში მყოფ კახელ თავადობასაც წარმატების იმედი გადაეწურა. მათგან დიდმა ნაწილმა მიატოვა ბრძოლის ველი და რუსეთის ხელისუფლებას შეურიგდა. 13 ოქტომბერს ფარნაოზის ლაშქარი დაამარცხა დარიალის გზით ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსულმა სამხედრო ნაწილებმა ნესვეტოევის მეთაურობით. რუსთა რაზმებმა უღელტეხილიდან ანანურამდე მთელი გზა გამარჯვებით განვლეს. სამხედრო ნაწილებმა ლიახვის ხეობაში აჯანყებულ ოსთა სოფლებს შეუტიეს. რუსის ჯარებმა დაიკავეს მთიანეთის ყველა სოფელი. აჯანყების მესვეურნი შეიპყრეს.
მარცხის მიუხედავად მთიანეთი არ დამშვიდებულა. მომდევნო წელს გუდამაყრელებმა ისევ ჩაკეტეს დარიალის უღელტეხილი და ანანურის კაპიტან-ისპრავნიკსაც გზები გადაუკეტეს, მაგრამ დამარცხდნენ. ციციანოვმა მთიელთა გულისმოგება იმით სცადა, რომ ბოლო მოუღო კაპიტან-ისრავნიკების აღვირახსნილობას და მას მოქმედების ჩარჩოები დაუვიწროვა. ამიერიდან საგზაო ბეგარა მთავრობას ფურლით უნდა აენაზღაურებინა. ამ ღონისძიებებმა ქართლის მთიანთი დროებით დაამშვიდა, თუმცა მართველობისადმი შეურიგებლობის სულისკვეთა მთაში არ გამქრალა და სპორადული გამოსვლები გრძელდებოდა. XIX საუკუნის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში.

 

1812 წლის აჯანყება კახეთში  

ქართლის მთიანეთისათვის რუსული მართველობის მკაცრ ანგარიშსწორებას არ მოჰყოლია მოსახლეობის სიმშვიდე და მორჩილება. მოძრაობის კერები თავს იჩენდნენ ხან ქვემო ქართლში, ხან ისევ მთიანეთში. რუსეთის მართველობა ამ დროს ბრძოლას ეწეოდა ორ ფრონტზე: ერთი ფრონტი პლაცდარმის გაფართოვებას, ე.ი. ახალ-ახალი ტერიტორიების დაპყრობას ემსახურებოდა. მეორე ფრონტს ანტირეჟიმული-გამათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა და ბატონობის განმტკიცებას ეკისრებოდა. ყველაზე დიდი საშიშროება საშინაო ფრონტზე რუსულ მართველობას შეექმნა 1812 წელს, როცა მის წინააღმდეგ აღსდგა მთელი კახეთი. ისიც აღსანიშნავია, რომ კახეთის აჯანყების კულმინაციურ ფაზაში რუსეთს შემოესია ნაპოლეონის დიდი არმია დასავლეთიდან და რუსეთის ცენტრი-მოსკოვიც კი დაიკავა.
კახეთის 1812 წლის აჯანყება, რეჟიმისადმი საერთო უკმაყოფილებასთან ერთად, გამოიწვიეს კონკრეტულმა მიზეზებმა:
საქართველოში დამკვიდრების პირველ ათწლეულში ცარიზმს ომი ჰქონდა გაჩაღებული თურქეთის და ირანის წინააღმდეგ. რუსეთის ჯარების ზურგის სამსახური თითქმის მთლიანად ქართველ მოსახლეობას დაეკისრა. დამატებით ვალდებულებათაგან ყველაზე მძიმე იყო სატრანსპორტო ბეგარა და არმიის სურსათით მომარაგება.
"სადაც კი ლაშქრობდა ხელმწიფის ჯარი, ჩვენ იქ სურსათი უნდა მიგვეტანა ყველგან, - გომბორში, ერევანში და საითკენაც კი დაიძრებოდნენ, ჩვენც უკან მივსდევდით ურმებით და სურსათს ვეზიდებოდით. მივდიოდით სადარაჯოდ და საომრად და, როგორც სალდათები ანთხევდნენ სისხლს, ისე ჩვენ ვიჟლიტებოდით... როცა ურმების გადასაყვანად გაჩნდებობდნენ სალდათები, საკმარისი იყო ორი საათი დაგვგვიანებოდა ხარების შებმა, რომ დედაკაცები გამოერეკათ და შეებათ ურემში. ორმოცი ურმის მაგიერ ბარგიბარხანას დაუდებდნენ ოც ურემზე, რადგან საქონელი უზომოდ დადებულ ურემს ვერ ერეოდა, მოგვცვივდებოდნენ გაბრაზებული სალდათები და გვცემდნენ. ერთი კვირის მაგიერ თვეობით ვეყარეთ ბეგარაზე. ან ავდარი, ან თოვლი მოგვისწრებდა, საქონელი გვეხოცებოდა და შინ ცარიელ-ტარიელი ვბრუნდებოდით" - ნათქვამია კახელ გლეხთა საჩივარში. რუსთა სარდლობის მოთხოვნით მოსახლეობას ყოველწლიურად უსასყიდლოდ გამოჰყავდა 112000-ზე მეტი ხარ-ურემი და ასი ათასამდე ცხენი თავისი ჩალავადრებით. მთავარმართებელმა მარკიზ-პაულეჩიმ, 1811 წელს მოუსავლიანობის მიუხედავად სიღნაღის მაზრას შეაწერა 40000 კოდი ხორბალი. პურის საფასურად მთავრობა გლეხს კოდში მხოლოდ 6 აბაზს უხდიდა, მაშინ როცა გლეხი მას ბაზარზე იძენდა 4 მანეთად. ხორბლეულის სწრაფი ამოქაჩვის მიზნით რუსეთის მართველობამ ოკუპირებული ტერიტორია 7 ოლქად დაყო. ოლქის უფროსები ჯიბეს ისქელებდნენ მოსახლეობის ხარჯზე. თელავის და სიღნაღის ოლქებს მეთაურობდა მორალურად გახრწნილი ვინმე პოტნიაგინი, რომლის სახელის ხსენებაც კი მოსახლეობის ზიზღსა და აღშფოთებას იწვევდა. "გლეხთა სახლებში პურს რომ ვერ ნახულობდნენ, ჯარისკაცები გლეხის საქონელს და ფრინველს დაერედონენ და უანგარიშოდ ხოცავდნენ. ღვინოს ხომ სვამდნენ და სვამდნენ, რასაც ვერ მოერეოდნენ, მიწაზე ღვრიდნენ და ბაღ-ბოსტნებს შეესეოდნენ და ანადგურებდნენ. ჯარისკაცთა და ოფიცერთა ბოროტმოქმედებანი გლეხის აწიოკებით როდი ისაზღვრებოდა. ისინი ქალებსაც არ ინდობდნენ და ქმრების თვალწინ ნამუსს ხდიდნენ" - წერს ცარიზმის ოფიციალური ისტორიკოს ნ. დუბროვინი.
მარკიზ-პაულიჩიმ, გაუგონარი რეპრესიების მიუხედავად მოსახლეობიდან ხორბლის ნავარაუდევი ნორმის ამოქაჩვა მაინც ვერ შეძლო. მაშინ ურჩ სოფლებში მან ეკზეკუციები ჩააყენა. პორტნიაგინის დრაგუნები მთელ კახეთს მცირე რაზმებად მოედვნენ იანიჩარებისა და ყიზილბაშების მსგავსად. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და დაუბებულმა ბოღმამ შეიარაღებულ აჯანყების სახით ერთბაშად გადმოხეთქა.
აჯანყება წამოიწყეს ახმეტელებმა, რომელთაც 1812 წლის იანვარში იფრინეს რუსის მთავრობის ჯარები. აჯანყების კერა ჩქარა გაფართოვდა და მოედო მთელ კახეთს. აჯანყებულებმა გაილაშქრეს თელავზე და 2 თებერვალს იგი დაიკავეს. 5 თებერვალს ქიზიყელებმა ალყა შემოარტყეს სიღნაღს და იერიშით აიღეს. ჩაკეტილ იქნა თელავიდან და სიღნაღიდან თბილისისაკენ მიმავალი გზები. ძლიერი ბრძოლები კახელებმა გადაიტანეს ბოდბისხევთან, სადაც ერთი პოლკი გაანადგურეს. იგივე განმეორდა ანაგაში. აჯანყების ძლიერი კერები გაჩაღდა მანავსა და კაკაბეთში, მარტყოფსა და საგარეჯოში.
აჯანყების მესვეურები მოქმედებდნენ გეგმაზომიერად. მათ დიდი მუშაობა გასწიეს რათა რუსული მართველობის წინააღმდეგ აემხედრებინათ მთიანეთი და ქართლი. მართლაც, ფშავ-ხევსურეთი ფეხზე დადგა. 10 თებერვალს ფშავ-ხევსურეთთა 1000 კაციანი რაზმი ბრძოლაში ჩაება. მან ხელთ იგდო დუშეთის და ფასანაურის საგუშაგოები და ანანურს ალყა შემოარტყა. დარიალის უღელტეხილს ჩაკეტვა მოელოდა.
კახეთის აჯანყებაში აქტიური პოზიცია დაიკავა თავადობამ. გლეხთა რაზმებს სათავეში ჩაუდგნენ სიმონ და ადამ ბებურიშვილები, ნინია ანდრონიკაშვილი, ოთარ ქართველიშვილი, იოსებ სიდამონიშვილი და სხვები. ასპარეზზე ისევ გამოჩნდა შეურიგებელი და ბობოქარი ალექსანდრე ბატონიშვილი. სექტემბრის დამდეგს იგი ერევნიდან მცირე ამალით თიანეთში აღმოჩნდა. აქედან მორბედნი აფრინა ქართლ-კახეთის ყველა მხარეს და მოუწოდა მათ იარაღი აესხათ რუსთა მართველობის დასამხობად. ალ. ბატონიშვილის გამოჩენამ კახეთში ბერვრ წარჩინებულს მართლაც აღუძრა იმედი დამოუკიდებლობის აღდგენის. კახეთისა და ქართლის სოფლებდან დაიძრნენ პატრიოტი თავადები, აზნაურები და გლეხები. ალექსანდრეს გადამწყვეტი შეტევა ალავერდობის ღამეს უნდა დაეწყო. ტრადიციულად ამ საზეიმო დღეს იგი საქართველოს მეფედაც უნდა ეკურთხებინათ.
მაგრამ რუსული მართველობა ძალებს იკრებდა და გადამწყვეტი შეტევისათვის ემზადებოდა. ყველაზე დიდ საფრთხედ მიჩნეული იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ბანაკი შილდასთან. პოლკოვნიკ ტიხონოვსკის და ორბელიანის რაზმებმა ბატონიშვილს გადაუკეტეს ყველა სავარაუდო სამოქმედო გზა. 25 სექტემბერს შილდასთან მოხდა დიდი ბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება არცერთ მხარეს არ რგებია. მთავრობის ძალებმა უპირატესობა იმ მხრივ მოიპოვეს, რომ გაერთიანდნენ და ამიერიდან ერთობლივი ოპერაციების შესაძლებლობა მიეცათ. მძაფრ შეტაკებებს ქონდა ადგილი 13 ოქტომბერს ისევ შილდისთან, 18 სექტემბერს - სიღნაღში, 24 ოქტომბერს - მაღაროში, 29 ოქტომბერს - ჩალაუბანში.
გადამწვეტი ბრძოლა აჯანყებულებსა და მეფის ჯარებს შორის მოხდა ჩუმლაყში. 4000 აჯანყებული თავგანწირვით იბრძოდა. გმირულად მოქმედებდა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე, რომელიც ქართლიდან იყო მოსული აჯანყებულთა დასახმარებლად. ბრძოლაში გამარჯვება მეფის ჯარებს დარჩათ. ალექსანდრე ბატონიშვილს ჩამოსცილდა ბევრი კახელი თავადი. იგი იძულებული გახდა ისევ ირანს გადახვეწილიყო. გრიგოლ ბატონიშვილი დაღესტანს გაიქცა. მეფის ჯარებს წარმატება ხვდათ სამხედრო გზის გასწვრივაც. 4 მარტს პაულჩი გამარჯვებული შევიდა თელავში. დაეცა თიანეთიც. მარტის შუა რიცხვებისათვის აჯანყების კერები ლიკვიდირებული იქნა. აჯანყებულთა მესვეურებს ადგილზევე უსწორდებოდნენ. მაგალითად, მარტო თიანეთის ბრძოლის წარმატების შემდეგ იქვე 8 კაცი ჩამოახრჩეს.
რუსულმა მართველობამ კახელი გლეხობის მასობრივ გამოსვლაში იგრძნო იმის საშიშროება, რომ მოქმედ ვულკანზე იჯფა. რეპრესიებთან ერთად სჭირო იყო მოსახლეობის მოთხოვნებისათვის ანგარიშის გაწევაც. დაინიშნა საგანგებო კომისა, რომელსაც კახელ გლეხთა აჯანყების მიზეზები უნდა ეძია. კომისიის სახელზე მრავალმა სოფელმა შეიტანა თავისი საჩივარი, სადაც აღწერა მთავრობის მოხელეთა გაუგონარი უწესობანი და ცხოვრების უკიდურესი სიმძიმე. ეს საჩივრები ძვირფასი მასალაა საოკუპაციო რეჟიმის ხასიათის შესწავლისათვის.
მართველობამ აჯანყებულებთან ანგარიშსწორების პროცესში დიდი რაოდენობით ხალხი გაჟლიტა. დაპატიმრებულთაგან სამართალში მისცა 62 კაცი, 29 კაცს მიესჯა სამუდამო კატორღა ციმბირის მაღაროებაში. 31 ჯარისკაცად განამწესეს რუსეთში. მსჯავრდებული, ორი ქალი რუსეთის ერთ ერთ მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს. მაგრამ ამასთან, მართველობამ საჭიროდ ცნო ზოგი ცვლილების შეტანა მხარის განმგებლობაში. გაუქმდა კაპიტან - ისპრავნიკობა. მაზრებში შემოღებულ იქნა მეთვალყურის ("სმოტრიტელ") ინსტიტუტი. ამ თანამდებობაზე ქართველი წარჩინებული უნდა დანიშნულიყო. ქართული ელემენტი მართველობაში საერთოდ მეტო რაოდენობით ჩააბეს.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014