რუსეთის კოლონიური ჩაგვრისადმი საყოველთაო დაუმორჩილებლობა


1 2

1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში
გურიის აჯანყება 1841 წელს
ბატონყმურ ურთიერთობათა კრიზისი. ანტიბატონყმური აჯანყება
ხელოსნური ჯანყი თბილისში 1865 წელს
სოციალური ურთიერთობათა გამწვავება სოფლად

 

 

1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში

დასავლეთ საქართველოს დაპყრობა ცარიზმმა იარაღით განახორციელა, საოკუპაციო რეჟიმს მოსახლეობა მტრულად შეხვდა. სოლომონ მეფის მომხრე თავად-აზნაურობის ერთი ნაწილი ტყეში იყო გახიზნული და ბრძოლას განაგრძობდა. სოფლებში ჩაყენებული საეკზეკუციო სამხედრო ნაწილები მოსახლეობას განუკითხავად ძარცვავდნენ.
ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში მძიმე იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, მისთვის დამახასიათებელი მცირემიწიანობისა და თავად-აზნაურული ფენის სიმრავლის გამო. მძიმე სოციალურ ჩაგვრას, რასაც მოსახლეობა ადგილობრივ თავად-აზნაურთაგან განიცდიდა, ზედ ერთვოდა საოკუპაციო ხელისუფლების ბეგარა-ველდებულებანი და მოხელეთა აღვირახსნილი მოქმედება.
ოკუპაციის პირველ წლებში იმერეთს თავს დაატყდა სტიქიური უბედურებას - მკაცრი ზამთარი და დიდი წყალდიდობა, რამაც ჭირნახული მთლიანად გაანადგურა. 1811 წელს მასობრივ შიმშილობას მოყვა შავი ჭირის ეპიდემიაც, რომელიც ახალციხის მხრიდან გავრცელდა. შიმშილობამ და ეპიდემიამ მარტო ერთი წლის განმავლობაში 32.750 კაცი იმსხვერპლა. ხალხი რკოსა და ვაზის რტოების ნაფქვავით, ხის ძირებითა და ბალახით იკვებებოდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი აიყარა და გადასახლდა. კავკასიის მთავარმართებელი ერმოლოვი იმერეთში შექმნილ მდგომარეობას ასე ახასიათებდა: "იმერეთში მძვინვარე უძლიერესი შავი ჭირი და შიმშილი იმდენად საშინელი იყო, რომ მამები თავიანთ შვილებს სამუდამოდ მონობაში ყიდიდნენ ლუკმაპურისთივს, სასოწარკვეთილი დედები კი შიმშილისაგან გალეულ ბავშვებს ტყეში და შარაგზაზე ტოვებდნენო".
ასეთ მძიმე პირობებში რუსის მთავრობა მოსახლეობისაგან ბეგარავალდებულებათა შესრულებას მოითხოვდა. გლეხობა საჩივარში აღნიშნავს: "ოჯახშიდ იმერეთშიდ დღს თავისთავის მუშაობა არ არის თუ გზის ჩეხით, თუ ციხის შენებით, თუ მშიერის მუშაობით თქვენთვის, თუ სხვისი და სხვისი მწუხარებით, რომელიც ჩვენის მეფის ხელშიდ არც ერთი არა გვქონია და თავისუფალი ვიყავით. შეუძლებელიც არის რომ მოგართვათ 480 ცხენი. არ ძალგვიძს დახოცვითა და აოხრებითა."
რეჟიმის მიმართ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გამწვავდა საეკლესიო რეფორმის შედაგად. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას და რუსიფიკაციას ეკონომიკური დაწოლაც მოჰყვა. მთავრობა ეკლესიას ართმევდა ქონება-შემოსავალს და იგი სახაზინო უწყებაში გადაქონდა. იზრდებოდა ყმა გლეხთა საეკლესიო გადასახადიც. მცირდებოდა ეპარქიათა რიცხვი. საეკლესიო რეფორმა პირველ რიგში ქართველ მემამლეთა და სასულირეო პირთა ინტერესებს უპირისპირდებოდა, მაგრამ აზნაურობის, დაბალი სასულიერო წოდების და ყმა-გლეხობის ინტერესებსაც ბღალავდა. ეს რეფორმა საზოგადოების ყველა ფენისათვის მძიმე და აუტანელი იყო.
1819 წლის ივნისში ხელისუფლების განკარგულებით საეკლესიო ყმა-მამულების აღწერა დაიწყო. ხალხმა ამ აღწერაში თავისი ისედაც ბეჩავი მდგომარეობის გაუარესება დაინახა და მას წინ აღუდგა. მან აღერის შეწყვეტა, შედგენილი სიების დაწვა-მოსპობა და იმერეთიდან ეგზარქოს თეოათილაქტის დაუყოვნებლივ გაწვევა მოითხოვა.
აჯანყების პირველი კერა გახდა შორაპანის ოლქი. იგი იმერეთის ყველაზე ღარიბი მხარე იყო და მოსახლეობასაც ყველაზე მეტად უჭირდა. საერთო ძალისხმევით გლეხებმა გარეკეს აღწერის მიზნით სოფლებს მოდებული მოხელენი. ამასთან განახორციელეს თავდასხმა რუსთა გარნიზონებზე. აჯანყების ტალღა შორაპნიდან ქუთაისის სოფლებში გადავიდა, მოსახლეობა შეირაღდა, მოთავეები ამოარჩია, რომელთაც იმერეთის მართველ კურნატოვსკის წაუყვანეს მოთხოვნები რომ საეკლესიო რეფორმის გატარება დაუყოვნებლივ გაეუქმებინა.
შორაპანსა და ქუთაისს რაჭაც გამოეხმაურა. მალე ფეხზე დადგა არა თუ მთელი იმერეთი, არამედ გურიაც. რეფორმისადმი მასობრივი შეურიგებლობა პირველ ხანებში არ ატარებდა შეიარაღებულ ხასიათს. იგი ულტიმატუმს არ გასცილებია, მაგრამ დიდად დამაფიქრებელი იყო თავისი ერთსულოვნებით.
მოსახლეობის ანტირეჟიმული განწყობილების საჯარო გამოვლინებამ იმრელ თავად-აზნაურობათა იმ ნაწილში, რომელიც სოლომონ მეფეს თანაუგრძნობდა და საოკუპაციო რეჟიმთან შეგუებული არ ყოფილა, ააღორძინა დამოუკიდებლობის აღდგენის იმედები. ეს ჯგუფი იმედოვნებდა გარედან დახმარებას. ყველაზე რეალურ მხარდჭერას მოელოდა საქართველოს სამეფო ტახტის უიღბლო და ხანგრძლივ მაძიებელ ალექსანდრე ბატონიშვილისაგან, რომელსაც მისვლოდა იმერეთში ამბოხების ამბავი და მოქმედებისათვის ემზადებოდა.
ქართველ პრივილეგიურ წოდებაში არ იყო ერთსულოვნება. ერთ ნაწილს უკვე მოესწრო მეფის სამსახურში ჩადგომა და გვერდში ედგა მას აჯანყების დასათრგუნავად. რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მომხრე იყო სამეფო ტახტი ალექსანდრე ბატონიშვილისათვის გადაეცა, მეორე ნაწილი მხარს უჭერდა ივანე აბაშიძეს (სოლომონ პირველის შვილიშვილს) თუმცა ი. აბაშიძის მერყეობა და პოზიციის ხშირი მონაცვლეობა არ იძლეოდა გარანტიას, რომ იგი იქნებოდა დასავლეთ საქართველოს იმედიანი მესვეური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
აჯანყებულთა ერთმა ნაწილმა ივანე აბაშიძე გამოაცხადა კიდეც იმერეთის მეფედ. ორჭოფ ივანეს არ ქონია ფართო მხარდაჭერა, ბევრმა ისიც იცოდა, რომ ივანე რუსეთის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. იგი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადს აყენებდა. ზურაბ წერეთელმა სამეფო ტახტზე ივანეს დაუპირისპირა თავისი შვილი გრიგოლი. ზაფხულში მღელვარებამ მთელი რაჭა მოიცვა, აჯანყებულებმა ჩაკეტეს ქუთაისისკენ მიმავალი გზები, ხოლო იქ განლაგებული გარნიზონი კვარას ციხეში გამოამწყვდიეს. შეშფოთებული კურტანოვსკი მთავრობას სთხოვდა ჯარების მოშველიებას.
საყოველთაო შფოთმა მართველობა დააფრთხო. მან ენერგიულ ზომებს მიმართა, ქუთაისის მოსადგომები გამაგრებულ იქნა. ერმოლოვის ბრძანებით ქუთაისისაკენ გენერალ რენიაკინის რაზმები გაემართნენ. აჯანყებულებმა ჩახერგეს სურამის უღელტეხილი. ერმოლოვი ამ დროს დაღესტანში ლეკთა წინააღმდეგ ეწეოდ ენერგიულ ლაშქრობას და არ გააჩნდა გამოთავისუფლებული სამხედრო ნაწილები. მისი მითითებით მართველობამ აირჩია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზა. რენიაკინი შეპირდა ხალხს თეოფილაქტის გაწვევას, საეკლესიო ყმა-მამულების აწერის შეწყვეტას. მოსახლება მაინც არ დამშვიდდა. სწორად ამ დროს ალექსანდრე ბატონიშვილისაგან და ახალციხის ფაშასაგან მოდიოდა გამამხნევებელი ცნობები, ისინი დაპირებას იძლეოდნენ რომ აჯანყებულთ შეიარაღებული ძალებით დაეხმარებოდნენ. ეს ცნობები ერმოლოვის ყურამდეც მივიდა. იგი დაფრთხა, უინიციატივო კურნატოვსკი იმერეთის მართველის პოსტიდან გადააყენა. მის ნაცვლად დანიშნულ გენერალ პუზირევსკის დავალება მიეცა აქტიური და სწრაფ მოქმედებაზე გადასულიყო. პუზირევსკიმ პირველყოვილისა მიმართა აჯანყების მოთავეთა იზოლაციის პოლიტიკას. მან 1820 წელს ქუთაისში მოტყუებით მიიწვია სტუმრად მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, თავად სეხნია წულუკიძე,მდივანბეგი მიქელაძე და დააპატიმრა. ხელიდან გაუსხლტა ივანე აბაშიძე, რომელმაც თავი შეაფარა გურიის მთავრის ბიძას ქაიხოსრო გურიელს. შემოქმედში ბიძისა და მისი სტურმის წინააღმდეგ აღსდგა გურიის მთავარი, რომელიც რუსულ მმართველობას უჭერდა მხარს. პუზირევსკი თავად გაემგზავრა ჯარით გურიელის დასახმარებლად. შემოქმედში ჩასული პუზირევსკი აჯანყებულებმა მოკლეს, მათვე დაამარცხეს მთავრობის ჯარი შემოქმედის ციხესთან და დაბა ჩოხატაურში.
აჯანყებული გურულები მალე შეტევაზე გადავიდნენ. მათ აიყოლიეს სამეგრელოც, სადაც მღელვარებას სათავეში ჩაუდგა მთავრის ძმა გრიგოლ დადიანი. მთავარი ლევანი რუსული ორიენტაციის იყო და ძმის წინააღმდეგ თანამოაზრენი აამოქმედა. გამარჯვება წილად ხვდა ლევანს, რომელმაც დაპატიმრებული მოქიშპე რუსთა სარდლობას ჩააბარა.
ივანე აბაშიძე გადავიდა იმერეთში, სადაც 1820 წლის ზაფხულში მოძრაობამ კვლავ მიიღო აქტიური ხასიათი. ერმოლოვმა დაყვავების ტაქტიკა უკუაგდო და გადავიდა გადამწყვეტ ბრძოლაძე. დიდ სამხედრ ექსპედიციას გენერალ ველიამინოის მეთაურობით დავალება მიეცა დაესაჯა ამობოხებული სოფლები და ურჩთ ადგილებზე გასწორებოდა. დაიწყო გადამწყვეტი შეტევა ხანაში დაბანაკებული ივანე აბაშიძის წინააღმდეგ. იმერეთსა და რაჭის სოფლების "დასამშვიდებლად". სამხედრო ლაშქრობანი ერთდროულად წარმოებდა გურიაში. შემოქმედთან გადამწვეტ ბრძოლაში გურულები დამარცხდნენ. 1820 წლის შემოდგომაზე მთავრობამ შესძლო იმერეთსა და გურიაში აჯანყების კერების საბოლოო ლიკვიდაცია. სოფლებს უსასტიკესად გაუსწორდნენ. ამბოხების მოთავეები დააპატიმრეს და გადაასახლეს რუსეთის გუბერნიებში. მიუხედავად გამარჯვებისა. მართველობამ საეკლესიო რეფორმის გატარება ჩაფიქრებული გეგმით მაინც ვერ შეძლო. ამ რეფორმას იგი შემოვლის გზით თანდათან და შეპარვით ახორციელებდა.

გურიის აჯანყება 1841 წელს

1841 წელს დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა გურიაში. ეს აჯანყება თავისი ხასიათით ასახავდა იმ სოციაულ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელსაც ადგილი ქონდა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის - 40-იან წლებში ფეოდალურ-ბატონყმური ექსპლოატაციის ზრიდისა და კოლონიური ჩაგვრის გამწვავების გამო. ორმხრივი ჩაგვრით სულშეწუხებული მოსახლეობა თავისი ადამიანური უფლებების დასაცავად სხვადასხვა ზომას მიმართავდა. სამაზრო და საგუბერნიო მართველობის სახელზე ათასობით საჩივარი შედიოდა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებული გლეხები ურჩობას იჩენდნენ და უარს ამბობდნენ დაკისრებულ ვადლებულებათა შესრულებაზე.
ურჩობის ათეულობით შემთხვევებია აღრიცხული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. რუსული მართველობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის აქტიური ხასიათი მიეცა ქართლში, განსაკუთრებით ოს მოსახლეობაში, აგრეთვე კახეთსა და იმერეთში.
ამ გამოსვლათა შორის ყველაზე მასობრივი იყ გურიის გლეხთა აჯანყება, რომელმაც იმერეთის რიგი სოფლებიც მოიცვა.
გურიის მცირემიწიანი გლეხობა თავიდანვე სულშეხუთული იყო ფეოდალური ვალდებულებებითა და სახელმწიფო გადასახადებით: 1841 წელს მთავრობამ განიზრახა გადასახადები ფულადი სახით აეკრიფა. მთავრობის მოხელეები გურიაში თვითნებურად იქცეოდნენ და ტყავს აძრობდნენ დამშეულ მოსახლეობას. ხალის მოთმინების ფიალა იმითაც აივსო,რომ დაირხა ხმები სალდათობაში გაწვევის შესახებ.
პირველი გამოსვლები 1841 წლის მაისის თვეში დაიწყო. მოსახლეობამ უარი თქვა სახაზინო გადასახადზე და მთავრობის მხრივ დარბევის თავიდან ასაცილებლად დაიწყო შეიარაღებული რაზმების შექმნა. მოძრაობის ცენტრი გახდა სოფელი აკეთი. შეიარაღებული რაზმები ხატზე იფიცებდნენ აჯანყებისადმი ერთგულებას. მოძრაობის ტალღა სწრაფად იზრდებოდა და ახალ-ახალ სოფლებს ედებოდა. აჯანყების მოთავეებიდან აქტივობითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები, აზნაურებიდან - ა. ბოლქვაძე, ს. გოგოლაშვილი, თავადებიდან - ა. შალიკაშვილი, ქ. გუგუნავა და სხვები. აჯანყებულთა რიცხვმა მალე 7000 კაცს გადააჭარბა. მათ ხელში მოექცა გურიის სტრატეგიული ადგილები. 7 აგვისტოს აჯანყებულთა დიდი ლაშქარი სოფელ გოგორეთთან შეეტაკა პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმს და დაამარცხა იგი. აჯანყებულებმა გადაკეტეს ქუთაისთან დამაკავშირებელი გზები. ხელისუფლების განკარგულებაში მხოლოდ ოზურგეთი აღმოჩდა. ეს სამაზრო ცენტრიც ყველა მხრიდან ალყა შემორტყმული იყო.
აჯანყებას პირველ ხანებში თანაუგრძნობდა გურული აზნაურობაც, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას ვარაუდობდა, მაგრამ მალე აზნაურ და გლეხ წინამძღოლთა შორის თავი იჩინა განხეთქილებამ. წარჩინებული წოდება არა თუ ჩამოცილდა აჯანყებას, არამედ ფაქტიურად მონაწილეობდა კიდეც მის ჩახშობაში. გურიის დადკაცობას წამოეშველა სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი, მაგრამ აჯანყებულებმა ისინი დაამარცხეს. აჯანყებულთა მთავარი იერიშები ამის შემდეგ ოზურგეთის ციხე-სიმაგრეზე იქნა გადატანილი, მაგრამ მას წარმატება არ ქონია. გურიის აჯანყების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეეცადა ოსმალეთი, რომელსაც ხელს ქა რუსული მფლობელობის დამხობა. ქობულეთის ბეგი ჰაიდარ თავდგირიძე თავიდანვე აქეზებდა გურულებს რუსების წინააღმდეგ. აჯანყებულთა დასახმარებლად თავისი რაზმიც გამოგზავნა, მაგრამ ქუთაისის გუბერნატორის მკაცრი გაფრთხილების შემდეგ იგი აჯანყებას გამოეთიშა.
ქუთაისის გუბერნატორმა გურიაში აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა რეგულარული არმია პოლკოვნიკ ართუთინსკ-დოლგორუკოვის მეთაურობით. 5 სექტემბერს გადამწყვეტ ბრძოლაში გურული ამბოხებულები დამარცხდნენ. მთავრობამ აჯანყების მოთავე 50 კაცი დააპატიმრა და სამხედრო წესებით გაასამართლა, მაგრამ გლეხთა შემდგომი აჯანყების შიშით მათ მიმართ იოლი სასჯელით დაკმაყოფილდა.

ბატონყმურ ურთიერთობათა კრიზისი. ანტიბატონყმური აჯანყება

ყირიმის ომში თვალნათლივ გამოვლინდა მეფის რუსეთის უძლურება და შინაგანი სიდამპლე. ცხადი გახდა, რომ ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმი იყო ქვეყნის ჩამორჩენილობის მთავარი მიზეზი. მართლაც, ომის წლებში გლეხთა ანტიბატონყმურმა მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში რუსეთის ახალი იმპერატორი ალექსანდრე II იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უმჯობესია ბატონყმობა გავაუქმოთ ზემოდან, ვიდრე გლეხები ქვემოდან (ე. ი. რევოლუციური გზით) დაგვამხობდნენო.
ანტიბატონყმურმა იდეოლოგიამ მძლავრად მოიკიდა ფეხი რუსეთის მოწინავე ინტელიგენციის აზროვნებაში.
ყირიმის ომის შემდგომ პერიოდში ანტიბატონყმური მოძრაობა გააქტიურდა საქართველოშიც. ომის პერიოდში განცდილ ზარალს თავადაზნაურობა გლეხობის ზურგით ინაზღაურებდა. გლეხთა ექსპლუატაციამ აუტანელი ხასიათი მიიღეო, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელიც ომერ-ფაშას შემოსევის შემდეგ ეკონომიკურად განადგურებულ მხარეს წარმოადგენდა.
1856 წლის შემოდგომაზე სამეგრელოში ლიისა და ხობის სოფლებში გაჩნდა მღელვარების პირველი კერები. შეიარაღებულმა გამოსვლებმა მალე მიიღო საყოველთა ხასიათი და მთელი სამეგრელო მოიცვა აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მჭედელი უტუ მიქავა, რომელიც ჭკვიანი და ენერგიული ხელმძღვანელი გამოდგა. მისი მეთაურობით აჯანყებულებმა სამეგრელოს მთავრის რეზინდენცია (ზუგდიდში) დაიკავეს, გამარჯვებული გლეხები თვითონ აწესებდნენ ახალ მართველობას, ახორციელებდნენ სამართალს. სამეგრელოს მთავარი ეკატერინე დადიანი ამ დროს პეტერბურგში იმყოფებოდა. აჯანყების ცნობა რომ მიუვიდა, სასწრაფოდ დაბრუნდა სამთავროში და წესრიგის აღსადგენად დახმარება სთხოვა ქუთაისის გუბერნატორ კოლუბიაკინს. დიდძალი ჯარით კოლუბიაკინი ქუთაისიდან ზუგდიდისაკენ გაეშურა.
1857 წლის 20 მაისს კოლუბიაკინი შეხვა აჯანყებულებს იმ მიზნით, რომ მათი უკმაყოფილების მიზეზი გაერკვია. გუბერნატორის თანდასწრებით ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა უტუ მიქავამ, რომელმაც შთამბეჭდავად აღწერა გლეხებისადმი თავადაზნაურთა არაადამიანური მოპყრობა. მან თქვა: "ჩვენ სამშობლო შეგვჯავრდა, გადავწყვიტეთ მოვშორდეთ აქაურობას და სამუდამოდ სადმე ჯანდაბას გადავიკარგოთ... ერთმანეთს შევფიცეთ - არაფრის გულისათვის არ დავბრუნდეთ უკან. ოხრადაც კი დარჩეს ისეთი სამშობლო, როცა თავიც კი ვერ შეგიფარებია სადმე, როცა შენზე ნადირობენ, ნადირივით დაგსდევენ... ჩვენ არც ავაზაკები ვართ და არც მეამბოხენი; სამართალვ მითხოვთ, მეტს არაფერს, გვიწყალობა, გენერალო, ეს სამართალი, გვიყავი სიკეთე..." მიქავამ კოლუბიაკინს აჯანყებულთა სახელით მოსთხოვა აღკვეთილიყო მოსახლეობისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება, აკრძალულიყო ყმებით ვაჭრობა, თვითნებური გადასახადები, აღკვეთილიყო გლეხთა დასჯის ველური მეთოდები, "კაცის კაცრი არ უნდა იყოსო" - მოითხოვდა იგი. კოლუბიაკინი შეპირდა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას და სთხოვა ხელი აეღოთ შეიარაღებულ გამოსვლებზე, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. ხალხი ისევ მოიცვა მღელვარებამ. მთავრობის ჯარებთან აგვისტო-სექტემბერში აჯანყებულთ არა ერგზის მოუხდათ სისხლიმღვრელი შეტაკება. მთავრობის გაძლიერებულმა რაზმებმა შეძლეს გაეტეხათ აჯანყებულთა წინააღმდეგობა. აჯანყება დამარცხდა. მისი მესვეურებიუტუ მიქავა, კოჩა თოდუა, ლევან კვარაცხელია და სხვები შეიპყრეს და დიდი ხნით შორეულ რუსეთში გადაასახლეს.
სამეგრელოს აჯანყება ერთ-ერთი ძლიერი ანტირეჟიმული და ანტიბატონყმური გამოსვლა იყო, რომელშიც 20 000 - ზე მეტი კაცი მონაწილეობდა, მაგრამ იგი ერთადერთი არ ყოფილა. 1856-1864 წლებში საქართველოს სხვადასხვა მაზრებში ადგილი ქონდა მღელვარებებს. 1857 წლის ნოემბერში მღელვარება მოედო იმერეთს. ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ბაღდადის რეგიონის გლეხები, რომელთა მებატონემ სამკვიდრო მიწა-წყლიდან აყარა და სხვაგან გადასახლება მოსთხოვა. ბაღდადელთა აღშფოთებას მეზობელი სოფლებიც შეუერთდნენ. ეს მოძრაობა მთავრობამ ჩააქრო სამხედრო ძალების გამოყენებით. იმერეთიდან მღელვარების ტალღამ ქართლშიც გადაინაცვლა. 1858 წელს ანტიბატონყმური მოძრაობის კერები გაჩნდა გორის მაზრაში, რომლის 60 სოფელი ყალყზე იყო შემდგარი და მემამულე-თავადებს აღარ ემორჩილებოდა. 1862 წელს მოძრაობამ გურიაშიც იჩინა თავი. გლეხები აუმხედრნენ გურიელებსა და ნაკაშიძეებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ლანჩხუთელი, გურიანთელი და ნიგოითელი ყმა-გლეხები. მომდევნო წელს გურიიდან აჯანყების ტალღამ ისევ სამეგრელოში გადაინაცვლა. ამჟამად აჯანყების ცენტრად იქცა სოფელი თამაკონი. მთავრობა აქაც სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. 1864 წელს გლეხთა მღელვარებებს ადგილი ქონდა თბილისის მაზრასა და თიანათის ოკრუგში.
1866 წლეს აგრარული ბრძოლა გაჩაღდა აფხაზეთში. მოძრაობის მთავარი კერა იყო სოფელი ლიხნი. ლიხნელ გლეხებს მალე სოხუმელები შეუერთდნენ. აჯანყებული გლეხები, რომელთა რიცხვმა 20 000 მიაღწია, დაერივნენ მეფის მოხელეებს, რომელთაც თავი შარვაშიძის სასახლეს შეაფარეს. გლეხებმა ამოხოცეს 50-ზე მეტი კაზაკი და მათი მეთაური. აჯანყებულები მედგრად უტევდნენ სოხუმის ციხე-სიმაგრეს. მთავრობამ ჯარები გამოიძახა ფოთიდან, ქუთაისიდან. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით მეფის ჯარებიშეტევაზე გადავიდნენ, და აჯანყებულთ სოხუმიდან დაახევინეს. მათ შეუერთდნენ გლეხები წებელდიდან, ბზიფიდან. აგვისტოს პირველი რიცხვისათვის მთავრობის ჯარს ახალი მაშველი რაზმები მოუვიდა. აჯანყებულები იძულებულნი გახდნენ იარაღი დაეყარათ.
ზემოთ მოტანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანი წლების პირველ ნახევარში მთელ საქართველოში გლეხთა ანტიბატონუმურ გამოსვლებს სისტემატური და მასობრივი ხასიათი ქონდათ. ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმი აქაც გამოუვალი კრიზისის წინაშე იდგა და ის საშიშროება, რომელსაც რუსეთის ახალი იმპერატორი აღნიშნავდა, საქართველოზეც მთლიანად ვრცელდებოდა.
გლეხტთა მოძრაობის ზრდის კვალდაკვალ საქართველოში თანდათან იდგამდა ფეხს ანტიბატონყმური იდეოლოგია. ქვეყნის მოწინავე შვილები გრძნობდნენ, რომ ბატონყმობა აფერხებდა ქვეყნის პროგრესს და ამწვავებდა კლასობრივ ბრძოლას. ახალმა იდეოლოგიამ ფეხი მოიკიდა ჟურნალ "ცისკარშიც". მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი რევოლუციურ-დემოკრატიულ აზრებს ქადაგებდა. ამ ჯგუფის იდეური განწყობილება მხატვრულ ფორმებში გადმოსცა დანიელ ჭონქაძემ, მოთხრობაში "სურამის ციხე", სადაც შთამბეჭდავადაა დახატული ბატონყმური წყობილების უსამართლობა.

ხელოსნური ჯანყი თბილისში 1865 წელს.

1865 წელს თბილისში ღარიბი მოსახლეობის გრანდიოზული გამოსლვა მოხდა. ამ აჯანყებაში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ ხელოსნები, რომლებიც სხვადასხვა ამქარში იყვნენ გაერთიანებულნი. ამიტომ ამ მღელვარებას "ამქართა ბუნტსაც" უწოდებენ. ამქრების გარდა აჯანყებაში მონაწილეობდნენ სოფლიდან ქირაზე ჩამოსული გლეხები და წვრილი ვაჭრები.
აჯანყების მიზეზი იყო ქალაქის დაბალი ფენების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. თბილისში ლუკმა პურის საძიებელად სოფლიდან ჩამოსულ მუშა ხელს ულმობლად ყვლეფდნენ ადგილობრივი მსხვილი ბურჟუაზია და მთავრობის მოხელენი. მძიმე ტვირთი აწვა წვრილ მოვაჭრეებსაც. ხალხის მოთმინების ფიალა აავსო იმან, რომ მთავრობამ, ვითომცდა ქალაქის ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მიზნით, დააწესა ახალი გადასახადი, რომლის გადახდა გაძვალტყავებულ მოსახლეობას აღარ შეეძლო.
გადასახადების თაობაზე მთავრობის განკარგულების წინააღმდეგ 1865 წლის გაზაფხულზევე დაიწყო კრებები. მღელვარების მოთავეებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის თავს, მეფის ნაცვალს და თვით იმპერატორსაც კი გაეუქმებინათ უკანონო გადაწყვეტილება. საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია. 26 ივნისს ვაჭართა და ხელოსანთა მონაწილეობით გაიმართა მიტინგი, სადაც გადაწყდა დაეკეტათ ყველა მაღაზია და დუქანი, როცა პოლიცმესიტერმა ხალხს მუქარა დაუწყო, მის რეზიდენციასთან 10 000 კაცი შეგროვდა და მოითხოვა არა მარტო გადასახადების გაუქმება, არამედ პოლიცმეისტერის გადაყენებაც. მღელვარების დაშოშმინება სცადა გრიგოლ ორბელიანმა, რომელიც მაშინ საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი იყო.. მან ხალხს მიმართა: "შვილებო, გონს მოდით, დამშვიდდით, კანონი ყველასათვის ერთია. კაცი მთავარმართებელი ვარ და ცხენის ხარჯს მეც ვიხდიო". მას დაცივით გამოეპასუხნენ: "თქვენ ცხენს აჭმევთ, ჩვენ კი ცხენი გვაჭმევსო". პოლიცმეისტერი შეეცადა თავშეყრილთა გაფანტვას სამხედრო ძალის გამოყენებით. შეტაკებისას სისხლიც დაიღვარა. მღელვარების მონაწილეებმა დალეწეს ქალაქის თავის სასახლე, გადასახადების ამკრეფი მოკლეს და მისი სახლი დაარბიეს.
ქალაქის ხელისუფლებამ აჯანყებულებთან მოლაპარაკება გამართა, მაგრამ უშედეგოდ. 28 ივნისს აჯანყებულებს ჯარის ნაწილები მიესივნენ. ამ შეტაკებას მსხვერპლიც ახლდა. აჯანყება ჩაქრობილ იქნა. მოთავეები სასტიკად დასაჯეს.
ცარიზმის რეაქციულმა პრესამ ეს აჯანყება ანტირუსულ გამოსვლად შეაფასა. არარუსი ხალხების მოძულე კატკოვი, რომელიც მთავრობის გაზეთს რედაქტორობდა, აფრთხილებდა მთავრობას, რომ საქართველოში, ისე როგორც პოლონეთში, მოქმედებს ანტირუსული საიდუმლო ორგანიზაცია "მოლოდაია გრუზია". რომელიც ანტირეჟიმულ აჯანყებას ამზადებსო. ეს დასმენა გამიზნული იყო იქითკენ, რომ მთავრობას საქართველოში რეპრესიები გაეძლიერებინა.
კატკოვის პროვოკაციულ გამოლაშქრებას ჟურნალ "კოლოკოლში". რომელიც ლონდონში გერცენისა და ოგარევის ხელმძღვანელობით გამოდიოდა, 1865 წ. სექტემბრის ნომერში ნიკო ნიკოლაძემ გასცა საკადრისი პასუხი. ნიკოლაძემ თბილისის ღარიბობის გამოსვლა შეაფასა "მთავრობის უჭკუობის და თავისი სამწესოს გაძღოლის უუნარობის" მორიგ გამოვლინებად. მანვე სასაცილოდ აიგო "რუსულ-კატკოვური ნაციონალური პოლიტიკის თვალსაზრისი" და ამხილა არარუსი ხალხებისადმი ცარიზმის ვერაგული დამოკიდებულების ფაქტები. "თქვენ გადაასახლეთ ჩერქეზები სამშობლო მთებიდან და ახლა თხოულობთ სხვა ეროვნებათა აღმოფხვრას.... როგორ მოჩანს ყველა ამაში მონღოლური მიდრეკილება, რომელიც ფიქრობს ააგოს თავისი დიდება განდაგურებასა და ნანგრევებზე". - აღნიშნავდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ქართველი ერის კოლონიური ჩაგვრის პირველი საჯარო მხილება ევროპულ ასაპრეზზე.
აჯანყებას დადებითი შედეგები მოჰყვა, მთავრობა იძულებული გახდა წასულიყო ზოგიერთ დათმობაზე. განხორციელდა ცვლილება ქალაქის მართველობაშიც.

სოციალური ურთიერთობათა გამწვავება სოფლად

რეფორმის შემდეგ საქართველოს გლეხთა მდგომარეობა გაუარესდა. მემამულე მიწათმფლობელთა მხრივ გლეხთა ექსპლუატაციას ზედ დაერთო სოფლად მოძლავრებული კულაკებისა და ჩარჩ-ვაჭრების მხრივ ჩაგვრა. გაიზარდა სახელმწიფო გადასახადებიც.
ჩაგვრის გაძლიერებამ გამოხატულება პოვა გლეხთა აჯანყებაში, რომელსაც 70-80-იან წლებში ადგილი ქონდა სამეგრელოში, სვანეთში, კახეთში და სხვაგან.
1876 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლიასა და ფახულიანის გლეხებმა საჯაროდ განაცხადეს უარი შეესრულებინათ ვალდებულებანი თავად დადიანისათვის. მოლაპარაკებამ არ გაჭრა. გლეხებმა იარაღს მოკიდეს ხელი. მათ ახლომახლო სოფლების გლეხებიც შეუერთდნენ. მაზრის უფროსმა აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა, შეტაკებას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოყვა. უფრო ხანგრძლივი იყო სვანეთის გლეხთა აჯანყება, რომელიც დაიწყო იმავე პერიოდში. მთავრობამ სვანეთში ახალი გადასახადების დაწესება განიზრახა, რისთვისაც შეუდგა მიწების აზომვა-აღწერას. გლეხობამ ამ ღონისძიებას ენერგიული წინააღმდეგობა გაუწია. მოხელეთა დასახმარებლად მთავრობამ ჯარი მოიშველია, აჯანყებულმა გლეხებმა ჯართან შეტაკებისას მოკლეს მაზრის უფროსი და სამხედრო ნაწილის მეთაური: მთავრობამ ჯარის ახალი ნაწილები გაგზავნა. იერიშით აიღეს და მიწასთან გაასწორეს სოფელი ხალდე. აჯანების მოთავენი მთავორობამ დააპატიმრა.
აჯანყებულთა მესვეურებს მთავრობამ მოუწყო სასამართლო. აღსანიშნავია რომ დაპატიმრებულ გლეხთა დასაცავად გამოვიდნენ ნ. ნიკოლაძე, აკ. წერეთელი. ქართული პრესის ფურცლებზე დაიწერა პუბლიცისტური წერილები, სადაც მხილებული იყო გლეხთა უმძიმესი მდგომერაობა და მთავორის მოხელეთა უკანონობა.
1878 წელს აჯანყება მოხდა კახეთში. თურქეთის წინააღმეგ ომის გამო მთავრობამ აქ ახალი ბაგარა-გადასახადების დაწესება სცადა, რასაც გლეხობა წინ აღუდგა. აჯანყების მთავარი კერა იყო ქიზიყი, ფიწლებით, ხანჯლებით, ცულებით შეიარაღებული გლეხობა დაიძრა სიღნაღისაკენ და გარს შემოერტყა მაზრის უფროსის რეზიდენციას. 5 ივლისს აჯანყებულებმა სოფელ ბაკურციხეში ალყა შემოარტყეს თავად ვაჩნაძის სახლს, სადაც მაზრის უფროსი ნადიმობდა. გლეხებმა დაარბიეს ვაჩნაძის სახლკარი, სცემეს მაზრის უფროსი, შემდეგ ადგილობრივ კულაკებსა და ჩარჩ-ვაჭრებს დაერივნენ.
მთავრობამ ეს აჯანყებაც სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო. აჯანყების 21 თავკაცი სასამართლოში მისცეს და ციმბირში გადაასახლეს.
გლეხთა მღელვარებები საქართველოს სხვა სოფლებშიც იყო. ეს მღელვარებანი იმას მოწმობდნენ, რომ გლეხურ მოსახლეობაში იზრდებოდა სოციალური და კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლო სულისკვეთება.



სტატიის ავტორი – აკაკი სურგულაძე და პაატა სურგულაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან –"საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014