arqiteqturuli leqsikoni

ზალა (ფრან.) – დარბაზი; საგანგებოდ მოწყობილი დიდი ზომის ოთახი.

ზარაფხანა (სპარ.) – ძვ. “ფულის მოსაჭრელი ადგილი” (დ. ჩუბინაშვილი).

ზარადხანა (სპარ.-არაბ.) – ძვ. არსენალი; შენობა, სადაც წარმოებდა სამხედრო იარაღის დამზადება, შეკეთება და შენახვა.

ზედაციხე – შიდაციხე, შუაციხე, ციტადელი; დასახლების (ქალაქის) შიგნით, ჩვეულებრივ, მაღალ, გაბატონებულ ადგილზე განლაგებული ციხე-სიმაგრე.

ზედა სინათლე – სათავსის ზემოდან – სახურავიდან განათების ხერხი.

ზეპნა – დატკეპნილი მიწა ბანზე.

ზეძირკველი – ცოკოლი; კედლის ქვედა, შეკიბული ნაწილი.

ზიკურატი – საფეხუროვანი პირამიდის მსგავსი საკულტო ნაგებობა მესოპოტამიაში.

ზოლურა – კედლის სიბრტყიდან უმნიშვნელოდ გამოწეული, თარაზული, ხშირად არქიტექტურული დეტალების მომჩარჩოებელი, პროფილირებული (ქვის ან მობათქაშებული) სარტყელი.

ზოომორფული ორნამენტი – ორნამენტი, რომლის ძირითადი შემადგენელი ელემენტია ცხოველთა სამყაროს სტილიზებული გამოსახულება.

ზოოფორი (ბერძ.) – ცხოველებისა და მცენარეულობის ამსახველი სკულპტურული ზოლი.

ზღუდარი – 1. ზღუდე; ქალაქის ან სხვა დასახლების, ეზოსი და მისთ. გარშემო შემოვლებული კედელი (ღობე, გალავანი და ა.შ.). 2. ბარიერი, ზღუდე, ნაგებობა, რომელიც აფერხებს თავისუფალ გასვლას. 3. კაშხალი, მოლო, ოფო, ონჯარი, რაბი, სათავანი ჯებირი; წყლის დასაგუბებლად დინების განივად ამოყვანილი კედელი. 4. ბალავარი, გამირი; კონსტრუქციული ელემენტი რომლითაც გადაიხურება კარის ან ფანჯრის ღიობი.

ზღურბლი – ბჭე, დირე (კარისა), კარობანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის ჩარჩოს ქვედა ძელი ან ის უხილავი ხაზი, რომელიც გასდევს დახურულ კარს იატაკზე.


 

 

 

 


megobari saitebi

   

23.09.2014