Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ანჩისხატის ტაძარი
(VI ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ანჩისხატის ტაძარი, სამრეკლო

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ანჩისხატის ბაზილიკა თბილისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა.

ეკლესიის დღევანდელი სახელწოდება დაკავშირებულია 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან. ეს ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მის წარწერაში ნათქვამია: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათიასა სა საუკუნესა მოიჭედა ხე(ლი)თა ბექასითა...“ ხატი შემკულია ვედრების კომპოზიციით. მისი თავსართი და დასაკეცი ფრთები XIV საუკუნეშია მოჭედილი.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა მწიგნობრების – ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი (ალექსი, დავითი, სოლომონი, ნიკოლოზი, გიორგი, ტარასი და სხვ). 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა.


3. adgilmdebareoba

ანჩისხატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, უძველეს ისტორიულ უბან ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იოანე შავთელის ქუჩაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ანჩისხატის ბაზილიკა თბილისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადზე გამოჩნდა ქვის ორი ფილა რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის ისტორიულ უბან ზემო კალაში მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ნათქვამია: „ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ-წმიდა ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლის შვილის – დაჩი უჯარმელის მეფობის დროს არის აგებული.
ტაძარმა ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილმა და გადაკეთებულმა მოაღწია.
აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო.  634 წელს ტაძრის   მახლობლად აუშენებიათ სასახლეც, რომელშიც „მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის“ რეზიდენცია გადაუტანიათ. გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში „მარიამ-წმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად, მოიხსენიება.
1664 წელს, სამხრეთ საქართველოში თურქთა დამკვიდრების შემდეგ, ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა (ან შეაძენინა) კლარჯეთიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. მის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი – ანჩისხატის ეკლესია.
1675 წელს კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ: აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. ამავე წელსაა აგებული ორსართულიანი სამრეკლოც. 1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათალიკოსის თაოსნობით. XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა. ანჩისხატის უბანი ქართველ წარჩინებულთა სამოსახლო იყო. ტაძრის სამხრეთით მეფის სასახლე იყო აგებული.
გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის – ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.
სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.

ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა, ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. მოიხსნა მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე).   სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც XVII საუკუნეში ჰქონდა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.


7. arqiteqturuli aRwera

Sesasvleli anCisxatis taZari anCisxatis taZari

ანჩისხატის ეკლესია (გარე ზომები –  21,5X13,5 მ) ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს. ტაძარი  სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია ტუფის თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). შესასვლელი სამი მხრიდან აქვს – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძრის გეგმა წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც შიგნით, ბურჯების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად (თავდაპირველად აქ ბოძების სამი წყვილი იყო). შუა ნავი განაპირებზე ორჯერ განიერი და მაღალია. იგი გადახურულია ცალკე ორკალთიანი სახურავით და აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხევლით მთავრდება. მის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ცალკე სადგომები. ერთი მათგანი წარმოადგენს სამკვეთლოს, მეორე – სადიაკვნოს. ისინი გვერდით ნავებს თითო ვიწრო თაღით უკავშირდებიან. ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარი კარგად გათლილი სწორკუთხა ძელით – არქიტავრით არის გადახურული. ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების თავზე ადრეული ხანის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ასევე ნალისებრი მოხაზულობით არის დასრულებული აღმოსავლეთი ფასადის სამი და დასავლეთი ფასადის ყველა სარკმელი.

jvris reliefi

დეკორატიული შემკულობა, რომელიც ჰქონია ანჩისხატის ტაძარს, როგორც დასავლეთ მხარეს, ისე საკურთხეველში – ტრიუმფალური კამარის ქუსლზე, გვიანი ხანის რესტავრაციით დამახინჯებულია. მიუხედავად ამისა, დეკორაციის მოტივი კარგად ჩანს და იგი V-VI სს-ის ორნამენტულ შემკულობას მოგვაგონებს. საინტერესო დეტალია დასავლეთი ფასადის წყობაში ჩადგმული „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიციის ფრაგმენტიანი რელიეფი. მასზე შერჩენილია ე.წ. ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის ძლიერ დაზიანებული გამოსახულებები. ეს რელიეფი მნიშვნელოვანია მასზე მიკვლეული ასომთავრული წარწერითაც. რესტავრატორი რუსუდან გვერდწითელი ასე აღადგენს ამ წარწერას: „უფალო, მეფესა დაჩის შეხეწიე“.
რესტავრაციისას, საკურთხეველში, საუკუნის მხატვრობის ქვეშ აღმოჩნდა XVII ს-ის ფრესკების ნაშთი „მოციქულთ ზიარების“ სცენით. აფსიდის შუბლზე „ძირი იესოსი“ (ქრისტეს გენეალოგია) არის გამოხატული.

დომენტი კათოლიკოსის მიერ აგებული აგურის ორსართულიანი სამრეკლო გვიანი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუშია. იგი ტაძრის გალავნისა და ქუჩის ორგანული ნაწილია. სამრეკლო აგურით  ნაგებ კუბურ მოცულობას წარმოადგენს, რომლის ცენტრში, კვადრატულ მოჩარჩოებაში, ჩასმულია გასასვლელის შეისრული თაღი. შესასვლელის ორსავე მხარეს ორ სართულად მოთავსებულია დეკორატიული ნიშები, მის ზემოთ კი მორთულობის ელემენტის როლს ასრულებს კონტრასტული ყვითელი ფერის ფილა ზედ ამოკვეთილი სამშენებლო წარწერით: „ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ“ (1675). შენობის გასასვლელში მოთავსებულია ეკლესიის ეზოში ჩასასვლელი ფართო კიბე, რომლის გვერდებზე სამრეკლოს კედლებში შექმნილია მცველთა მცირე სადგომები. კიდევ ერთი საცხოვრებელი ოთახი იმყოფება გასასვლელის თაღის ზემოთ. მეორე სართულზე მცირე ზომის სათავსებია. შენობის დამაგვირგვინებელი ფანჩატურის ქვის სვეტები, ორიგინალური სვეტისთავებითა და ლავგარდანი, ისევე, როგორც გასასვლელის თაღის არე, ასახავენ ამ პერიოდის გავრცელებულ ფორმებს და მოტივებს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ანჩისხატის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. შ. ამირანაშვილი – "ქართული ხელოვნების ისტორია", 1944წ.
2. ვ. ბერიძე – თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები, „ძეგლის მეგობარი“ კრ. 25, 1971წ.
3. პ. კარბელაშვილი – "ძველი ანჩისხატის ტაძარი",. 1902წ.
4. ირ. ციციშვილი – "ქართული არქიტექტურის ისტორია", 1955წ.
5. „ჯვარი ვაზისა“ #3, 1988წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://saunje.ge

http://www.orthodoxy.ge

http://dzeglebi.com

http://www.orthodoxy.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016