Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 


საფარის სამონასტრო კომპლექსი
(X-XIVss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

საფარა სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი არსენ I (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ ივანე და გაბრიელ საფარლები, XII საუკუნეში - იოანე მტბევარ-საფარელი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე - მწიგნობარი ეფრემი, XVI საუკუნეში - ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, XVIII-XIX საუკუნეებში - გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.

3. adgilmdebareoba

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მესხეთში, ახალციხის რაიონში, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მთაში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა. ვახუშტის ცნობით: „ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით... ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა:
ტაძრის სამხრეთი კედლის ასომთავრული წარწერა - (საბა ათაბაგი) იდენტიფიცირებულია სამცხის ცნობილ ათაბაგთან სარგისთან (ე.თაყაიშვილი), რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას უკან დგას ბექა მანდატურთუხუცესი, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი ქტიტორია ტაძრის, რომელიც მამის - სარგისის ბერად აღკვეცის შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე, დიდად ნაამაგარი სარგისყოფილ საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟამთააღმწერელის უწყებაც ადასტურებს: „განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს... იყო ესე ბექა... მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა...“ ჟამთააღმწერელის თანახმად, ვიდრე ბექა ჯაყელი (სარგისის შვილი) და დემეტრე თავდადებული მონღოლებთან ერთად ეგვიპტეს გაილაშქრებდნენ 1281 წელს, „არღუნ წამოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბერებული იყო და სენთაგან სიბერისათა“. სავარაუდოდ, ამ პერიოდში უნდა აღკვეცილიყო სარგისი ბერად და ბექა მანდატურთუხუცესსაც 80-იან წლებში უნდა აეგო წმიდა საბა განწმენდილის ტაძარი მამისთვის. მას შემდეგ საფარა ჯაყელთა რეზიდენციადაც გადაიქცა.
ტაძრის დასავლეთის კედლის, კარის ტიმპანის და პატრონიკეთა განაპირა მრგვალი სარკმელების ირგვლივ არსებული ეპიგრაფიკული წარწერები იმ კერძო პირთა ვინაობას გვატყობინებს, რომელთაც გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ ეკლესიის მშენებლობაში, ან შეწირულობები შეუწირავთ. მათგან იკითხება: „სვიმეონ ბე(რი...)ს“, ოქროპირ გაბეცას ძის“, „ღავასა შვილის“ და „მწირის გიორგი მალეს“ სახელები.
წარწერის შერჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურთუხუცესი ყოფილა, ხოლო ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა, ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული.
ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ.
საერთოდ სახელი „საფარა“ X საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. ცნობილია შემდეგი მოღვაწეები: ივანე საფარელი (X ს.), ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი (XI ს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XII ს.). ვარაუდობენ, რომ თხზულებაში „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“ ნახსენები „მცხეთელი კათალიკოზი“ არსენი, „რომელი იყო სანახებითგან სამცხისთა საფარით“ და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული ქართლის კათოლიკოსი არსენ დიდი ერთი და იგივე პიროვნება იყო. თუ ეს ასეა, საფარა IX საუკუნეში უკვე არსებობდა. საფარელის წოდება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრაც იყო. XI საუკუნეში საფარა უკვე წარმოადგენდა მონასტერს.
XIV ს–ში სამცხის გათურქებასთან ერთად, დაიწყო ამ ტერიტორიის დაცარიელება. მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა. უმთავრესი ხატი-წმ. საბასი - იმერეთს წაუღიათ და ჩხარის ეკლესიაში დაუსვენებიათ. მეფე თეიმურაზ I-ის 1630 წლის ერთი სიგელი ადასტურებს, რომ საფარის წიმამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ მონასტრიდან. სიგელში ნათქვამია ,,უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წამოსუნებულიყო, მამულნი, სოფელნი, და ბანი წახდომილიყუნეს”... XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საფარის მონასტერში მხოლოდ ერთი მღვდელი, გიორგი, ყოფილა. მცირე სამლოცველოებში წირვა ზოგჯერ ტარდებოდა, მაგრამ მონასტერი მაინც უპატრონოდ იყო.
1828 წელს, როცა რუსებმა ახალციხე აიღეს, საფარა შტატის ეკლესიად გამოცხადდა. 1891-1892 წლებში საფარაში ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული ქართველი მღვდელ-მონაზონი მამა ათანასე სამ მორჩილთან ერთად დამკვიდრებულა. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და „მათ მაგიერ გაამწესეს რუსეთიდან არხიმანდრიტი პაისი რუსთა მღვდელ-მონაზონებითა და მორჩილებით“. მათ მონასტრის შესასვლელთან ააგეს ორსართულიანი შენობა და სენაკები, სამლოცველოები შეათეთრეს, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტრადიციული გუმბათები, ე.წ. „ხახვის თავები“ დაადგეს (1935-1940 წლებში გუმბათები პირვანდელი სახით აღადგინეს).
მონასტერმა კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა.
ამჟამად საფარაში მამათა მონასტერი მოქმედებს, ასევე აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
fasadi Wrili

სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მონატერი მოიცავს ცხრა დიდ და მცირე ეკლესიას. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს). საფარის მონასტერი-ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი-თავის დროზე ნამდვილ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით დღესაც დგას ციხის ძველი ნანგრევები, აქ ბექა ჯაყელის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა. ციხიდან დიდი გალავანი იწყება: ჩრდილოეთითა დასავლეთის გალავანი ტყეში იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კლდეს ჩამოუყვება და მონასტრის შესასვლელის მარცხნივ კლდოვან ხევში თავქვე ეშვება. მონასტრის მთავარი შენობა – წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარია. შესასვლელთან, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველოა – ერთნავიანი უგუმბათო შენობა. აქვეა კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები-თვალები. მისგან ოდნავ მოშორებით, გზაზე საგრძნობლად მაღლა, თლილი ქვით ნაშენები სასახლის ნანგრევებია, რომელიც "ზურგით” კლდეებს ებჯინება, მისი სარკმელები კი აღმოსავლეთით, ხეობის მხარეს გადაჰყურებს. მონასტრის ცენტრში შენობები ძალიან მჭიდროდაა შეჯგუფებული, მარჯვნივ 2-3 მ-ის სიმაღლეზე სამრეკლოა აღმართული, ჩრდილოეთით კი მას იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო აკრავს. მარცხნივ კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის – აქ დგას წმ. საბას ტაძარი, რომელსაც მერცხლის ბუდეებივით ეკვრის დანარჩენი მცირე ეკლესიები სამხრეთით მიძინების ტაძარი (ეს არის ყველაზე ძველი შენობა საფარის ტერიტორიაზე, სიდიდით კი – მეორეა), აღმოსავლეთით მცირე ზომის სამლოცველოა – წმ. დიმიტრის სახელობისა. აქვეა წმ. გიორგის სახელობისა პატარა ეკლესია, ჩრდილო–აღმოსავლეთით იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას.
ა) წმ. საბას ტაძარი, ზარზმის ტაძართან ერთად, ყველაზე დიდია ბექას დროინდელ ეკლესიათა შორის. იგი ერთი პირველთაგანია საქართველოს იმდროინდელ (XIII-XIV სს მიჯნა) ძეგლთა შორისაც, როგორც სიდიდით, ისე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ხარისხით.

foto
Wrili fasadi

ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსოთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნისა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული.
ტაძრის ცენტრალური სივრცის დამაგვირგვინებელი გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. წმიდა საბას ეკლესიის კედლის ძველი მიძინების კედელზე მიშენების გამო ერთმანეთში შესასვლელი კარი არის გაჭრილი. ეკლესიათა იატაკების დონეთა დიდი სხვაობის გამო ახალი ტაძრიდან ძველში ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ახალ ტაძარში, სადიაკვნოს ქვეშ დუღაბის კამაროვანი გადახურვითა და დიდ ლოდებიანი კედლებით ნაშენი სათავსი - საძვალე სამარხი ყოფილა. დასავლეთის კარიბჭე სანახევროდ ღია სათავსს წარმოადგენდა. მისი სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უკავია, ხოლო მოპირდაპირე - ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი ღიაა სამი შეისრული თაღით.
საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას. მასში ჯერ კიდევ ჩანს ქართული საეკლესიო არქიტექტურის სიდიადე, იგი გრანდიოზულისა და დიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზომებია 21,6X16, 6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. მას საკმაოდ ვრცელი ინტერიერი აქვს. ინტერიერის ყველა ნაწილი კარგადაა ურთიერთშერწყმული, შიდა კედლების ჰორიზონტალური დაყოფა ჰარმონიას ქმნის.
ტაძრის თავისებურებას, რომელიც ორიგინალობადაც ითვლება წარმოადგენს პატრონიკე. იგი მდებარეობს დასავლეთით, გვერდითი ნავების თავზე. პატრონიკეები ორმხრივ ღიაა. მსგავსი დეტალი დამახასიათებელი არ არის ამ ტიპის ტაძრებისათვის, მაგრამ დროდადრო მაინც მიმართავენ ხოლმე. საფარაში პატრონიკეებს მუდმივი კიბე არა აქვთ, ამიტომ აქ მოხვედრა მხოლოდ ხის კიბით შეიძლებოდა ჩრდილოეთის პატრონიკედან არსებული ხვრელებით, მაგრამ, ეს ხვრელი ისე პატარაა, რომ ასვლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა. ამის გამო საფარის პატრონიკეთა ფუნქციურობაზე სერიოზული ეჭვი არსებობს (ვ. ბერიძე). ინტერიერის გაფორმების მრავალფეროვნებას გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხის ორ-ორი დამუშავებული ლილვით წარმოდგენაც მიანიშნებს. ლილვებს ბურთულების კაპიტელები და ბაზისები აქვს. ინტერიერის თავისებურებას ასევე წარმოადგენს ნიშა აფსიდში, რომელიც ცენტრში, სარკმლის ქვეშ მდებარეობს. იგი განკუთვნილი ყოფილა მღვდელმთავრის ჩამოსაჯდომად. იგი საგანგებოდაა მორთული შეწყვილებული ლილვებით, რომელთაც მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვთ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული. საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი.
საფარის ტაძრის ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.
საფარის გუმბათის ყელისა და კარიბჭეთა მორთულობის შესახებაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს, რითაც იგი წინა და შემდეგდროინდელი ტაძრებიდან მკვეთრად გამოირჩევა. საფარელ ოსტატს მორთულობის გამარტივებისა და სისადავისაკენ სწრაფვა ახასიათებს. ტაძარი თავდაპირველად ლორფინით იყო გადახურული. ძველი სახურავი, ნაწილობრივ, ახლანდელი თუნუქუს სახურავის ქვეშაა. ტაძრის კედლები მოხატულია. გავრცელებული წესის თანახმად, ბექამ ტაძრის შიგნით, სამხრეთის კედელზე, თავისი თავი და ჯაყელთა იჯახის სხვა წევრები დაახატინა. მხატვრობა დაზიანებულია, მაგრამ მისი ნაწილი თავისუფლად გაირჩევა, ნაწილობრივ გადარჩენილია ძველი წარწერაც. თვით ჯაყელთა წინ, საგანგებოდ დახატულ ჩარჩოში, მოთავსებულია წმინდა საბა, რომლის სახელზეც ეს ეკლესია იყო აშენებული. ჯაყელები მისკენ არიან მიმართულნი, თითქოს მას ევედრებიან ხელაპყრობით. ყველაზე წინ შავმოსასხამიანი მოხუცი გრძელწვერიანი პირია, მის თავთან გარკვევით იკითხება ,,საბა ათაბაგი”. (ყველა წარწერა ასომთავრულია.) მის უკან ბექა ჯაყელია (მას ხელში ტაძრის მოდელი უჭირავს) მისი სამოსელი საზეიმოა-წითელი, ოქროსარშია შემოვლებული. ბექას უკან მისი ვაჟები სარგის II და ყუარყუარე (ჯერ კიდევ, უწვერულვაშონი) დგანან. სარგის II ზევით მოთავსებულია წარწერა, რომლის დიდი ნაწილი უკვალოდაა მანდატურთუხუცესი ამბობს: ,,მე აღვაშენე და შევამკე ეკლესიაო”.
ბ) ყველაზე ძველი მიძინების ეკლესიის დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, არც თვით შენობაზეა სააღმშენებლო წარწერა, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს-რომ იგი X ს-შია აგებული. მიძინების ეკლესია ერთნავიანი, უგუმბათო შენობაა. ის დარბაზული ტიპის ეკლესიებს მიეკუთნება. დარბაზი კრამიტითაა გადახურული, აღმოსავლეთით (ისევე, როგორც ყველა ეკლესიაში) საკურთხეველია. ეკლესიის თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე (აივნისებური სადგომი) რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი (პატრონიკეს ეკლესიაში სხვადასხვანაირი დანიშნულება ჰქონდა - აქ ან წარჩინებულნი თავსდებოდნენ, ან ქალები. ადრინდელ ხანაში-კათაკმეველნი, ზოგჯერ მგალობელნი) სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. ეკლესიას მინაშენი აქვს თაღოვანი კარიბჭე-აქედანაა შესასვლელი, მის პირდაპირ არის მეორე კარი, რითაც სამლოცველო წმ. საბას ტაძარს უკავშირდება. მხატვრობა XIV ს-ის I ნახევარს მიეკუთვნება. ამ პერიოდში ეკლესია საუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის შვილების ბრძანებით. XIX ს-ის I ნახევრამდე აქ არსებობდა ბექას ვაჟების-სარგის სამცხის სპასალარის, ყუარყუარესა და სალვას პორტრეტები... მიძინების ეკლესიას ძვირფასი სამკაულებიც ჰქონდა. მას ამშვენებდა XI საუკუნის მწვანე ფერის ქვაში ნაკვეთი მოაჯირიანი და რელიეფებით დამშვენებული უნიკალური კანკელი რომელიც დარბაზს საკურთხევლისაგან აცალკევებდა. ასეთი კანკელები – დაბალი მოაჯირი, ზედ აღმართული სვეტებითა და თაღებით – წინათ საქართველოში იყო გავრცელებული. მისი გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
გ) საფარის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია საქართველოში. სამრეკლო, ისევე როგორც ეკლესია, თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ აქვს. ჩვეულებისამებ, ორსართულიანია. მეორე სართული – ღია თაღებიანი ფანჩატური – საკუთრივ სამრეკლო, პირველში კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხი იყო. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშემრდომნი იყვნენ. ერთი მათგანი მსახურთუხუცესი იყო.
დ) აქვეა ბაქას დროინდელი სასახლის ნანგრევი. (მთის კალთაზე, წმ. საბას ჩრდილო–დასავლეთით). ნანგრევთა დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია სასახლის პირვანდელი სახე. დარჩენილია მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით, სარკმლები ძალიან პატარაა.
საერთოდ კი საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში ერთი მხრივ ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად გვევლინება.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

საფარას სამონასტრო კომპლექსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

პარმენ ზაქარაია „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს“, 1990წ.
ინტერნეტ ბმულები:

http://www.orthodoxy.ge
http://children.wanex.net
http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://children.wanex.net

http://www.orthodoxy.ge

http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

http://dzeglebi.com

http://www.igvirtual.net

http://lemill.net/content

http://www.regions.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016