Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

muxranis cixe-galavani
(XVIII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციტადელი, გალავანი, კოშკები, კარის ეკლესია, გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია, დარაბზული ეკლესია, მარანი, სასახლის ნანგრევები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

1512 წელს ქართლის მეფის დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა მუხრანის საუფლისწულოდ გადაცემა და შიდა ქართლის სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავ-გიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითმა მისცა ძმას მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სარდლად დანიშნა. ასე შეიქმნა სამეფო მამულებისაგან სათავადო სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო. XVI-XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1658 წელს მუხრანბატონმა ვახტანგ თეიმურაზის ძემ ქართლის მეფობაც მიიღო და ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) სახელით განაგებდა ქვეყანას. მუხრანის სათავადოს ცენტრი იყო ქართლის ერთერთი უძველესი სოფელი მუხრანი, რომელსაც XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო ქართლის ტახტს განაგებდა 1724 წლამდე. ამ შტომ მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი და სხვა) მოგვცა. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრანბატონო.

სასახლის შესახებ ისტორიულ წყაროებში მითითებულია, რომ მუხრან-ბატონის სასახლეში მეგრელ თავადს - დავით დადიანსა და მის ახლადშერთულ მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძეს ქორწინების პირველი ღამე გაუტარებიათ.

3. adgilmdebareoba

მუხრანის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ისტორიულ შიოსუბანში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.
ივანე მუხრან-ბატონის (უკანასკნელი მფლობელის) გარდაცვალების შემდეგ (1895 წელს), სასახლე კონსტანტინე მუხრან-ბატონის მფლობელობაში გადავიდა, მოგვიანებით კი მან გაყიდა. სასახლეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ: კომუნისტებმა შენობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორატორიები გახსნეს, დამოუკიდებელ საქართველოში კი, არეულობის წლებში, გაძარცვეს და დაანგრიეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ციხე-გალავანი (ფართ. 3,5 ჰა) რთული ნაგებობაა. იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი შედარებით პატარაა, გეგმა კვადრატულია, კუთხეებში თითო ცილინდრული კოშკი დგას, შიგნით – ერთნავიანი ეკლესია. მეორე დიდი გალავანი მიდგმულია პირველზე ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთით ეზოში ორი ეკლესია დგას. მცირე გალავანი ფაქტიურად ციტადელის როლს ასულებდა, აქ იყო მუხრან-ბატონთა სამყოფი; მეორეში იხიზნებოდნენ მტრის შემოსევის შემთხვევაში.
ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (ყველა დაზიანებულია), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – კარის ეკლესია (დაზიანებულია). ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას – გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური.
ა) ციტადელი გეგმით კვადრატს (56X54 მ) უახლოვდება. მასში შესვლა მხოლოდ გალავნის გავლით შეიძლება. ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულკაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად ჩასმულია მაღალ ოთხკუთხედში და ხერხისაბურად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა დასრულებული. ციტადელის კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი 0,5-0,7 მ ვიწრო. ამ სხვაობით იქმნება საბრძოლო ბილიკი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებს. საბრძოლო ელემენტები მხოლოდ ზედა იარუსზე ერთ ჰორიზონტზე, ერთმანეთისაგან 4-5 მ დაცილებით არის განლაგებული. კედლები მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით (შემორჩენილია კვალი).
ციტადელის კოშკებს შორის ყველაზე დიდია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი, ე.წ. მამაბურჯი, შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხარეს; კარის თავზე, კედელში ჩასმული ოყი მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით (ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). კოშკის პირველი სართული ცილინდრულია, გადახურულია დამჯდარი კამაროვანი გუმბათით, კედელში ჩაყოლებულია კიბე. ამ სართულზე სამი სარკმელია. იატაკის შუაგულში ჭაა, რომელიც ახლა ამოვსებულია ქვებით. მეორე სართული დაბალია, აქვს რვაწახნაგა პრიზმის ფორმა და გადახურულია სხივური კამარით. კამარაში გაჭრილია ოთხი სარკმელი. ჩრდილოეთის ერთერთ წახნაგში ბუხარია ჩაშენებული. ღრმა ოთხკუთხა ნიშებში წყვილი სათოფურია, რომლებიც გარეთ ერთიანდება. დანარჩენი სათოფურები მესამე სართულზე ასავლელი კიბის გარე კედელშია განლაგებული. მესამე სართულიც გეგმით მრავალწახნაგაა. წახნაგები სხივური კამარისაგან ლავგარდნებით არის გამოყოფილი, კედლებში სათოფურებია და სარკმლები. ცენტრალური წახნაგი გეომეტრიული და ფოთლოვანიჩუქურთმით მორთულ მაღალ ბუხარს უკავია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომელზეც ასვლა კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ბანის მაღალ კედელში განლაგებულია სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკი მთავრდება ერთ ჰორიზონტალზე განლაგებული ნახევარწრიული ქონგურებით. მამა-ბურჯი მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელ-სათავდაცვო კოშკის ნიმუშია.
დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია. ოთხივე კოშკს ერთნაირი აგურის ჰორიზონტალური კბილანებით დასრულებული, მაღალ სწორკუთხედში ჩასმული შეისრულთაღიანი კარი აქვთ. ერთმანეთისაგან 0,3-0,4 მეტრით დაცილებული აგურის ჰორიზონტალურ ფენებს შორის მოთავსებულია თევზიფხურად ნაწყობი ქვების ორ-ორი ან სამ-სამი რიგი.
ბ) კარის ეკლესია ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას, დარბაზულია (13X7,5 მ). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ფასადებზე აგურის წყობით გამოყვანილია დეკორატიული რომბები და ჯვრები. ლავგარდანი აგურისაა. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის დასავლეთით მიუშენებიათ აგურის მასიური კარიბჭე. იგი ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. იმავე ხანისაა კარიბჭეზე დადგმული ექვსწახნაგა ღია სამრეკლო.
გ) ციტადელის სამხრეთ კედლის გაყოლებაზე მარანია (36X5 მ). მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ორმოცდაათამდე ქვევრი. მარნის კედლები და სახურავი გვიანდელია.
დ) გალავანი ციტადელს აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით აკრავს. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება (155X160 მ). შემორჩენილია დასავლეთის კედელი და სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების ფრაგმენტები. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ცილინდრული კოშკები მდგარა (მხოლოდ კვალია შემორჩენილი).
ე) გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა (19,6X11,5 მ). ეკლესიის გუმბათი ჩანგრეულია. სამხრეთითა და დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელებია. ბემიანი აფსიდის გვერდზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, მათ თავზე – თითოსარკმლიანი საიდუმლო ოთახები. ეკლესიის გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით პილონებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ფასადებზე დეკორატიული თაღებია. ცენტრალურ თაღებს გვერდებზე რომბები და ჯვრები დაუყვება. სამხრეთის კარის არქიტრავზე ქართული და სომხური სამშენებლო წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია აგებულია 1844 წელს მუხრანში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის `კეთილნებითა თავადისა მუხრანბატონებისა~.

ვ) დარბაზული ეკლესია (14,1X5,8 მ) ნაშენია აგურით. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. შეისრული კონქით გადახურულ ღრმა აფსიდში სამი სარკმელი და ხუთი თაღოვანი ნიშია. შეისრული კამარა სამ თაღს ეყრდნობა. სარკმლების გარე, საფასადო პირი ამოყვანილია კარგად გათლილი ქვით. ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით ღია კარიბჭეეები აქვს მიშენებული. კარიბჭეთა სვეტებს მარტივპროფილიანი კაპიტელები და ბაზისები აქვს. თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. პ.ზაქარაია – „საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები“, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://skola.edu.ge

http://dzeglebi.com

http://old-garemo.dlf.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016