Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

martvilis samonastro ansambli
(VI-VII ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, ოთკუთხა სათავსი, მთავარი ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო, ეგვტერი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-მ მოიწვია აღმოსავლეთში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, ისტორიკოსი და პედაგოგი გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოს მეფის დავით აღმამშენებლის აღმზრდელი იყო.
მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები: გიორგი ჭყონდიდელი, ცნობილი კალიგრაფი და გადამწერი - სვიმონ ჭყონდიდელი, ჰიმნოგრაფი - იოანე მინჩხი, ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო") და ა. შ.

3. adgilmdebareoba

მარტვილის სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამეგრელოში, ქალაქ მარტვილში, მაღალ გორაკზე.

4. ruka

bana

5. istoriuli mimoxilva

სიტყვა მარტვილი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც ნიშნავს წამებულს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.
გადმოცემის თანახმად უწინ, დღევანდელი ტაძრის ადგილას ვებერთელა „ჭყონის“ (მუხის) ხე იდგა, რომელზედაც კერპთაყვანისმცემლების კერპი იყო მიმაგრებული და ხდებოდა ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვა. როდესაც მარტვილში მოვიდა ანდრია პირველწოდებული, მან გაანადგურა კერპი, მოჭრა ის მუხა, რომელზეც კერპი იყო მიბმული და მის ადგილას აღმართა ჯვარი;

ტაძრის აგების თარიღად, გ. ელიავა, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი VI-VII საუკუნეების მიჯნას მიიჩნევენ. იგი თავდაპირველად ჯვრის ტიპს განეკუთვნებოდა.
735-737 წლებში, მურვან ყრუს შემოსევისას მისი ჯარი ჭყონდიდის მიდამოებში დაბანაკდა, საიდანაც შემდეგ გაილაშქრა და აიღო ციხე გოჯი. მტერმა მონასტერის მთელი ანსამბლი დაარბია. არაბმა სარდალმა ტაძარი გამოაწვევინა და შემდეგ ცხენების თავლად აქცია.
დანგრეულ-გაპარტახებული შენობის აღდგენა გიორგი II-მ გადაწყვიტა. ამ რელიგიური და არქიტექტურული ანსამბლის აღდგენა ხელს შეუწყობდა ბიზანტიის გავლენის შესუსტებას ქართულ ეკლესიებზე. ამიტომ გიორგი II-მ გარდა მონასტრის აღდგენისა, განიზრახა მის საეპისკოპოსოდ გადაქცევა. „აფხაზეთის მეფის გიორგი II-ს დროს (922-957 წწ.) გაუქმებულ იქნა ზღვის სანაპირო ზონაში ფასისის კათედრა და იგი გადატანილ იქნა შიდა მხარეში, ახალ ცენტრში - ჭყონდიდში““- წერდა პავლე ინგოროყვა.
იმავე საუკუნეში, რამოდენიმე წლის შემდეგ ტაძარს დასავლეთ კარიბჭე მიუშენეს.
X საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრს - ჭყონდიდ-მარტვილს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ყოველმხრივ ცხოვრებაში. აქ მოღვაწე ბერები თუ საერო ბრძენი კაცები ხელს უწყობენ ქვეყნის კულტურულ დაწინაურებას.
დიდი ჰიმნოგრაფი ივანე მინჩხი, იყო გიორგი II აფხაზთა მეფის მეგობარი. მის მიერ არის დაწერილი ერთ-ერთი პოეტური ნაწარმოები „გალობანი გიორგისნი“. სწორედ აქ XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-მ მოიწვია აღმოსავლეთში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, ისტორიკოსი და პედაგოგი გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოს მეფის დავით აღმამშენებლის აღმზრდელი გახდა. გიორგი ჭყონდიდელის მეთაურობით მარტვილის სავანეში სააღმზრდებლო-საგანმანათლებო დაწესებულება-სასწავლებელი არსებობოდა.
აღსანიშნავია აგრეთვე ივანე დიაკონი - შესანიშნავი მჭედელი, რომელიც მოღვაწეობდა XI საუკუნეში და რომელიც არის ავტორი მარტვილის საწინამძღვრო ჯვრისა, რომელიც XI საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული. დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ამჟამად იგი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ერთ-ერთი მათგანი იყო იოანე მესტვირი - კალიგრაფი, რომელიც მოღვაწეობდა XI საუკუნეში. მისი სამყოფელი იყო სვეტი (კოშკი). იგი მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში.
XI საუკუნის ბოლოს თურქ-სელჩუკების შემოსევის შედეგად მარტვილის მონასტერი კვლავ სასტიკად აოხრებულ იქნა.
ეკლესიის კანკელის წინ დასაფლავებულნი არიან სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ქალიშვილები თამარი და ნინა. აქვე მარხია ლევან დადიანი. მეორე მწკვრივზე დასაფლავებულნი არიან ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი, ანდრია და ნიკო დადიანები. სამხრეთ-დასავლეთის აფსიდის სვეტთან ბალდახინის ქვემოთ მარხია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.
მარტვილის მონასტერში არა მხოლოდ სამეგრელოს მთავართა და მათი ოჯახის წევრების სამარხია, აქ დასაფლავებულია საქართველოს მეფე ბაგრატ IV, თუმცა მისი სამარხი მიგნებული არ არის.
მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ საბჭოთა წლებში უმოქმედო იყო. 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრირქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება, აშენდა ახალი კარიბჭე და გალავანი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არსებობს შემონახული გადმოცემა ანდრია პირველწოდებულის მიერ აქ წარმართული მუხის მოჭრის და ქრისტიანობის ქადაგებაზე. იქ სადაც დღეს დგას ქრისტიანული ტაძარი, ოდესღაც იდგა წარმართული, თუჯისგან დამზადებული „კაპუნია-ს“ კერპი, რომელიც გამოსახავდა პირღია ადამიანს. ამ პირში ცოცხალად სწირავდნენ დედისერთა ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლად. კერპი მიბმული იყო მუხის ხეზე. ყრმის შერჩევა ხდებოდა წლის ერთ-ერთ „თუთაშ დღას“ – „თუთაშხას“ (ორშაბათს). ამ დღეს მოგვები სხდებოდნენ ყრილობაზე და კენჭის ყრით ირჩევდნენ სამსხვერპლო ყრმას. შემდეგ მშობლები ღვთის არჩეულის პატივსაცემად მართავდნენ „საბატონ“ დღეს (შაბათ დღეს) დიდებულ ლხინს, ხოლო მეორე დღეს „ბჟას დღას“ (მზის დღეს - კვირას) დიდებული ეტლით მიამგზავრებდნენ ყრმას მუხის ეზოსაკენ, სადაც დედა ამთავრებდა მსხვერპლად შეწირვის რიტუალს. როდესაც ანდრია და სიმონი მივიდნენ მარტვილში, გაანადგურეს „კაპუნიას“ კერპი, მოჭრეს ის მუხა, რომელზეც ის იყო მიბმული და მის ადგილას აღმართეს ჯვარი;

7. arqiteqturuli aRwera

ა) მარტვილის ანსამბლს შემოვლებული აქვს მაღალი, მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი გალავანი, რომელიც აშენებულია სხვადასხვა დროს; შემონახულია უძველესი ნაგებობის ნაშთებიც. გალავნის უმეტესი ნაწილი უფრო გვიანდელი დროისაა. იგი დაახლოებით ოვალური ფორმისაა. კედელი გამაგრებულია ერთმანეთისაგან 5-6 მ-ით დაშორებული ბურჯებით. გალავანი ნაგებია რიყის ქვით და დატანებული აქვს კერამიკული მილები - წყალსაწრეტი ღარები. ზოგან ჩართულია ნათალი და მხატვრულად გაფორმებული ლოდები. ეს ჩანართები უფრო გვიან დროს ეკუთვნის.
სამხრეთით გალავანში ჩაყოლებულია რამდენიმე ლოდი, რომლებზეც რელიეფურად ამოკვეთილია სამკუთხოვანი სხეულები. ლოდის ფორმა თაღოვანია. სავარაუდოდ, ეს ქვები (ხუთზე მეტი) ჩამოხსნილია რომელიღაც წინანდელი ნაგებობის ლამაზად გაფორმებული თაღებიდან. დასავლეთის რკალს მთელ მონაკვეთს გარედან თახჩებიანი კედელი მიუყვება.
გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდურში რკალად ეკვრის აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების შესაყარს. იგი დაშენებულია უძველესი კედლის საკმაოდ მაღალ პიედისტალზე. აღმოსავლეთის მხარეზე გალავანში გზიდან მონასტრის ეზომდე შედის თლილი ქვის საფეხურები. გალავნის კედელში ვიწრო კარია დატანებული, რომელიც მოგვიანებითაა გაკეთებული.
ბ) აღმოსავლეთი მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდურზე, პირდაპირ გალავანში ამოყვანილია ოთკუთხა სათავსი. მის გარე კედლებზე მრავლადაა გამოყენებული ძველი ნაგებობის კედლებიდან ჩამოცვენილი ლოდები. ერთ ლოდზე ნუსხა-ხუცური წარწერაა. ერთზე რელიეფურად ამოკვეთილია შესანიშნავი ჯვარი. სხვაზე შემორჩენილია ზოგან მხატვრულად გაფორმებული გონიო, ზოგან რელიეფური მხატვრობის ნაშთი.
მის 4-4.5 მ-ის სიმაღლეზე არის სართულშორის გადახურვის კვალი. აღმოსავლეთით ამ სათავს დატანებული აქვს ერთი ვიწრო სარკმელი, ჩრდილოეთით - ერთი კარი. დასავლეთის მხარეს, ძეგლის ქვეშ, არის აგურით ამოყვანილი გვირაბის პირი, რომელიც შესასვლელიდან მეტრნახევარი სიღრმის შემდეგ ამოვსებულია. ამ სათავსის ზემოთ ბერების ფიცრული სენაკი იდგა, ხოლო ეს სარდაფის მსგავსი ოთახი გამოყენებული ყოფილა სტუმრების დროებით მოსაცდელად. აქვე უნდა ყოფილიყო მცველთა ბინაც, რომლის წინ, დამრეც ველზე, არის ერთიმეორის გვერდით ჩაყრილი უზარმაზარი ამოკირული ქვევრები. სავარაუდოდ, მონასტრის მომსახურე პერსონალი ღვინოსა და ჭირნახულს აქ ინახავდა.
გ) ჩრდილოეთის გალავანში დგას სამსართულიანი ჯვრის ტიპის პატარა ჩიქვანების ეკლესია (აგებულია X საუკუნეში). ამ ნაგებობის პირველი სართული გალავნის ქვემოთაა ამოყვანილი. სართულშორის გადახურვა თაღოვანი აქვს. სათავსი სწორკუთხოვანია და აქვს თაღოვანი ჭერი. აქ დღესაც დაცულია თლილი ქვის ტრაპეზი. კედლებში დატანებულია თახჩები. სინათლე მხოლოდ ჩრდილოეთით გაჭრილი კარიდან შედის. სავარაუდოდ იგი მცირე სენაკი - სამლოცველო იყო.
ამ სართულის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან იწყება ლამაზი პროპილეი, რომელიც თაღოვან კარებში შედის და თლილი ქვის საფეხურებით გადის ამ ნაგებობის მეორე სართულზე. თაღედურად გადახურულ ტალანში, რომელსაც ჩრდილოეთის მხრივ სამი სარკმელი ჰქონდა დატანებული, ჩაწყობილი იყო საფეხურები, რომელიც მცირე ქვითკირის მოედნიდან ბრუნდებოდა სამხრეთისაკენ და ადიოდა სამსართულიანი ნაგებობის მეორე სართულზე, საიდანაც თავისუფლად შეიძლებოდა შესვლა მონასტრის ეზოში. ეს უძველესი დროიდან ერთდერთი და საიმედოდ დაცული შესასვლელი იყო ეზოში. შესასვლელი ტალანისა და გალავნის კედლის გასწრივ თაღოვანი გადახურვით საიდუმლოდ დაცული ოთახი ყოფილა. ოთახი ამოყვანილია ძველი აგურისა და ქვის წყობით. აქედან მეორე სართულის კიბის ქვეშ თლილი ქვის საფეხურები შედის გვირაბში, ან საიდუმლო სათავსში, რომელიც დღეს ამოვსებულია. ოთახი მხოლოდ სინათლით თუ შუქდებოდა, მას არსაიდან არც სარკმელი აქვს და არც სხვა, თუნდაც უმნიშვნელო სამზერი. ტალანში ჩრდილოეთით ვიწრო კარი გადის. 1952 წელს ძეგლის გაწმენდისას აქ საიმედოდ დაცული სამარხი აღმოჩნდა. სამარხში მიცვალებულის ძვლებთან ერთად იყო საოჯახო ჭურჭლები, რომელთა ნიმუშები დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ცხედრის დამარხვის შემდეგ, ოთახი ამოუქოლიათ და საიდუმლოდ დაცული მიუვიწყებიათ.
თაღედებზე დაყრდნობილ ამ ოთახის გუმბათოვანი ჭერს, რომელიც ძლიერ დაზიანებულა, მაინც ეტყობა მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული ფრესკების კვალი. ცარილესა და ვრცელ თაღდებს შორის სივრცე შემდეგ ამოუვსიათ, ოთახის აღმოსავლეთით თლილი ქვის მცირე ტრაპეზი დაუდგამთ და უქცევიათ სამლოცველოდ, საიდანაც მონასტრის ეზოსკენ კარი გაუჭრიათ.

Ciqvanebis eklesia axla Ciqvanebis eklesia XIX saukuneSi

მეორე სართულზე დაშენებულია ადგილობრივი ტუფით მოპირკეთბული და გარედან ლამაზად გაფორმებული მესამე სართული. იგი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით მას დატანებული აქვს თითო სარკმელი. შიგნითა სათავსის აღმოსავლეთით დგას თლილი ქვის ტრაპეზი. კედელში არის მცირე ნიშები, რომლებიც თაღისებრ იჭრება აფსიდებში. მასზე დადგმულია მაღალი და მრგვალი გუმბათი 6 ვიწრო ფანჯრით. ფასადები შვერილებს წარმოადგენს, ხოლო კედლების შესაყარი წიბოები ჰქმნის ვიწრო სამკუთხოვან ნიშებს; ფასადებზე თაღოვანი სამი რელიეფური არშიაა თვით შვერილის შუბლამდე. შუა არშია ფანჯრის პირდაპირ საკმაოდ მაღლა ადის, დანარჩენი ორი კი შედარებით დაბლა არის ამოკვეთილი კედლის მთელ მასივზე. მასიური რელიეფური არშიები გასდევს ნიშის კედლებსა და გუმბათის მთელ ყელს სარკმლების ირგლივ.
ამ ეკლესიას დასავთის მხრიდან დატანებული აქვს კარი, რომელისკენაც მონასტრის შიგა ეზოდან საფეხურები მიემართება და კარის წინ მცირე ქვითკირის მოედნით მთავრდება. კარის ჩარჩოებზე ადრე მხედრული წარწერა ყოფილა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს გადმოუწერია და ამოუკითხავს. აგრეთვე, სამხრეთით, აფსიდის ფრთებზე შემორჩენილი იყო შესანიშნავად შესრულებული XIV საუკუნით დათარიღბული ორი ფრესკა.
ჩიქვანების ეკლესია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე. ამ ნაგებობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „ჩრდილოეთის მხრით ეკლესიისა (იგულისხმება მთავარი ტაძარი) ფერდობზე პატარა თლილის ქვის სამ სართულიანი ეკლესია არის ჯვრის გეგმისა, სრულიად შებურვილი სუროთი (რესტავრაციის შემდეგ ძეგლი განთავისუფლდა სუროსაგან). სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს, რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში“.
დ) მონასტრის ანსამბლის მეორე - მცირე ერთეულია „სვეტი“. იგი მდებარეობს მთავარი ტაძრიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ადრე მას სამხრეთი მხარე მთლიანად მონგრეული ჰქონდა. აგების თავისებურებათა მიხედვით იგი ორ სხვადასხვა დროს უნდა იყოს აშენებული და შემდეგ გადაკეთბულ-გამაგრებული. გეგმით მართი ოთკუთხედი ფორმისაა.

sveti

სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრზე მეტია. გვერდების სიგრძი 5 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლები მასიურია, ხოლო დასავლეთით და აღმოსავლეთით - თაღებია. თაღებს შორის სივრცე თავისუფალ გასასვლელს წარმოადგენს. შიგა კედლებზე მხატვრობის ნიშნები არ არის. გადახურულია თუნუქით. ადრე გარედან სვეტი მოჩუქურთმებული იყო.
ამ სვეტის ზედა ნაწილში კოშკურ ოთახში, ცხოვრობდნენ მესვეტეები. ხალხი მათგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად ბაგირის კიბით ადიოდა. ამჟამად კოშკურ ოთახში შესვლა რკინის დახვეული კიბით არის შესაძლებელი.
ე) მონასტრის ნაგებობათა კომპლექსში შედიოდა ულამაზესი სამსართულიანი სამრეკლო, რომლის სიმაღლე 20 მეტრს აღემატებოდა. იგი თლილი ქვით მოპირკეთბული და შესანიშნავი მოდილიონებით ყოფილა შემკული. 1825 წელს, ბესარიონ ჭყონდიდელმა სამრეკლო ხელახლა ააგო. მან, საფუძვლიანად დაანგრია ძველი სამრეკლო და ააშენა ახალი, უფრო მაღალი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა. სამწუხაროდ 1930 წელს, ეს სამრეკლო დაინგრა. მის მაგივრად ამჟამად აშენებულია ახალი ორსართულიანი სამრეკლო.

1825 wels aSenebuli samreklo axali samreklo

taZris gegma

ვ) კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VI-VII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ბევრჯერ გადაკეთებულ-განახლებულია.
ამჟამად გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგით შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ.

aRmosavleTi fasadze SemorCenili lavgardani

ტაძრის თავდაპირველი გეგმა ჯვრისებრი იყო. მას ორმხრივ შვერილები და შვერილებს გვერდით ლამაზი ნიშები ჰქონდა. სამხრეთით და ჩრდილოეთით შედარებით უფრო ვრცელი შვერილები ჰქონდა, ვიდრე აღმოსავლეთით და დასავლეთით. შვერილთა შუბლზე ერთ კომპოზიციურ ჩარჩოშია ჩასმული მთელი ლავგარდანი, რომელშიც რელიეფურად ამოჭრილი რამდენიმე კომპოზიცია უწყვეტ მოთხრობად გრძელდება ერთიმეორის მიყოლებით. კოზმიდის ქვემოთ მოწყობილია მოდილიონები წნული ჩუქურთმით შესრულებული ჯვრებით, სხვადასხვა სახის ჩუქურთმებითა და წმინდათა გამოსახულებით.
დღესდღეობით ხელშეუხლებლად მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადია დარჩენილი.

aRmosavleTi fasadi

დასავლეთ ფასადი დაფარულია გვიან მინაშენი კარიბჭით, რომელმაც სრულიად დაფარა მთელი ფასადის მხატვრობა.

მხოლოდ სანათლავის ზედა სართულზე, რომელიც განძსაცავს შეადგენდა შემდეგ, დაცულია ხელუხლებლად ლავგარდანი და კოზმიდის მთელი მხატვრული გაფორმება.
დასავლეთ კარიბჭე (აგებულია X საუკუნეში), ცენტრალური და ორი გვერდითი ეკვდერი გვიან და სხვადასხვა დროსაა მიშენებული.
როგორც აღინიშნა, ტაძარს თავდაპირველად აბსიდებზე დაყრდნობილი უფრო მცირე გუმბათი ჰქონია, შემდეგ იგი მაღალი და უფრო ნათელი თქვსმეტ ფანჯრიანი ნაგებობით შეუცვლიათ.

gumbaTis yeli dResdReobiT gumbaTis yeli XIX saukuneSi

ტაძრის შიგნით ვრცელი, მაღალი კამარა შეკრულია ოთხი ნახევარწრიული აბსიდით, რომელზეც დაყრდნობილია გუმბათი. კამარებს ქვეშ ოთხმხრივ მცირე ნიშებით შესაძლებელია ოთახებში შესვლა, რომლებიც შენობის ოთხსავე წიბოსთან კვადრატულ კიდურებს შეადგენენ. ჩრდილო-დასავლეთის კიდურ ოთახში აგებულია საფეხურები, რომელიც შუა ეგვტერის ზედა სართულისაკენ - განძსაცავისაკენ მიემართება. განძსაცავის წინ შვერილის შიგა თაღოვან სივრცეში არის რიკულებიანი მცირე მოედანი, რომელიც ტაძრის მთელ შიგა სათავსს გასცქერის. სამხრეთ-აღმოსავლეთის კიდური ოთახების შიგა კედლებში დატანებულია საიდუმლო ხვრელები ქვის საფეხურებით, რომელიც შვერილთა სხვენზე სწორი კედლის აშენებით შექმნილ საიდუმლო ოთახებში შედის. ამ ოთახებს თითო ვიწრო სარკმელი აქვს. ამ საიდუმლო ხვრელებს და ოთხებს, სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი შიშიანობისა და თავდასხმების დროს აქ ინახავდნენ განძეულს და იმალებოდნენ კიდეც ტაძრეულნი თუ სხვა ერის შვილნი.
ტაძრის იატაკზე დაგებულია ქვაფენილი, რომელიც ცენტრიდან წრიულადაა დაწყობილი. იატაკი უძველესია, ხოლო მარმარილოს ტრაპეზი გაკეთბულია გვიან, XVIII საუკუნეში.
უძველესი ფრესკების კვალი ტაძრის შიგა კედლებზე თითქმის სრულიად არ არის შემორჩენილი, გარდა ორიოდე ფრაგმენტისა, რომელიც სახმრეთის სამხროს მარცხენა კედელზე და დასავლეთის სამხროშია შემორჩენილი. კანკელის ზემოთ შემორჩენილია XIV საუკუნის ფრესკა ღვთისმშობლისა.

RvTismSoblis moxatuloba sakurTxevlis Tavze

ალაგ-ალაგ შეინიშნება მსგავსი კომპოზიციები, რომლებიც ხელახლა მოხატვისას შეუნარჩუნებიათ თავისი კარგი მხატვრული ღირებულების გამო. ყველაზე უნიკალურად დაცულია ჩრდილოეთის სამხროს მხატვრული მორთულობა, აქ რამდენიმე რეგისტრზე დაცულია XVI და XVII საუკუნეებში შესრულებული ფრესკები - ჩიქოვან-დადიანთა ოჯახების წევრთა სურათები. მარჯვენა მხარეს პირველ რეგისტრზე დახატულია წმინდა პავლე და წმინდა პეტრე. ამავე სამხროში კაცია ჩიქვანის ოჯახია წარმოდგენილი მხედრული წარწერებით. კაცია ცხოვრობდა XVII საუკუნეში და ეს სამხროც ამავე საუკუნეშია მოხატული.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მარტვილის სამონასტრო ანსამბლი ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. ელიავა - „ჭყონდიდი-მარტვილი“, 1962 წ;
2. დავით ჭითანავა - „ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“, თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“ 2010 წ;
3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 453, 1983 წ;
4. ძველი ფოტოები აღებულია ინტერნეტ ბმულიდან -

http://burusi.wordpress.com

5. ფოტოების ავტორები - ზაზა ქარდავა, ნინო ნაროზაული და ლიდა კაპანაძე.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge

http://lemill.net

http://saunje.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016