Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

gremi

gremi
(naqalaqari da gremis
mTavarangelozis kompleqsi)

 (XV s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. მთავარანგელოზთა კომპლექსი
ა) მთავარანგელოზთა ეკლესია
ბ) 3-სართულიანი სასახლე-სამრეკლო
გ) სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა)
დ) კოშკებიანი გალავანი
ე) ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

II. სამეფო რეზიდენცია
ა) სამეფო სასახლეები
ბ) შადრევნიანი შენობა
გ) რვაკუთხა კოშკი
დ) აგურით ნაგები აბანო და სხვა

III. სავაჭრო უბანი
ა) გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები)
ბ) სასტუმრო (ქარვასლა)
გ) აბანო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი.
ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.
გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში (XV ს-ის ძეგლი), რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII ს.ს.-ის რკინის ცულები, XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი.
მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული “მეფეთა პორტრეტების სერია”.

3. adgilmdebareoba

გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476 წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ.
XV საუკუნეში კახეთი შედარებით მოღონიერდა და მტრის თარეშებიც შემცირდა, ამ მხარეს თავისი მეფეებიც ჰყავდა. ყველა ამ პირობამ აუცილებლი გახადა სამეფო ქალაქის არსებობა. ასეთი ქალაქი გახდა გრემი. გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. ერთ-ერთი ცნობით XVII საუკუნეში ალექსანდრე II შვილის, გამაჰმადიანებული კონსტანტინეს, რომელმაც გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა და მოკლა მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი, წინააღმდეგ აჯანყებულმა კახელებმა გრემში იზეიმეს გამარჯვება.
შაჰ-აბასის მრავალგზისმა ლაშქრობამ ქართლ-კახეთი წელში გატეხა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1616 წელს მოწყობილი ლაშქრობანი. გამძვინვარებულმა შაჰმა კახეთი მთლიანად ვერ მოსპო, მაგრამ ქვეყანა გააპარტახა, ასი ათასზე მეტი ტყვე წაასხა და აყვავებული მხარე თითქმის უდაბურად აქცია. ყიზილ-ბაშთა ცეცხლსა და მახვილს გრემი ნანგრვვებად უქცევია და ის ფეხზე ვეღარ წამოდგა. მართალია გრემი კახეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ძველი დიდება მას უკვე აღარ გააჩნდა. როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ როსტომ მეფეს გადმოუვლია, მის მემატიანეს ასე ჩაუწერია: ,,იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეულ ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ ქმნილნი".
მომდევნო ხანებში, როდესაც კახეთის სატახტო ქალაქი თელავი გახდა, გრემში თანდათანობით გაქრა ცხოვრება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,საბუი-გრემის... წყალზედ (იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა.” ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ტაძრის შიგნით მეფე ლევანის საფლავზე არსებული ფრესკა, სადაც გამოსახულია მეფე, რომლის წარწერაც გვაუწყებს: „მეფე ლეონ აღმშენებელი“. მართლაც მეფეს ხელში ეკლესიის მოდელი უკავია და მიმართულია ტახტზე მჯდარი ღვთისმშობლისადმი, რომელსაც მუხლზე ყრმა ქრისტე აზის. ამ წარწერით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლეონია მისი მშენებელი, მაგრამ თუ როდის მოხდა ეს, უცნობი რჩება. ტაძრის აგების თარიღის გასარკვევად გ. ჩუბინაშვილი იშველიებს რუსი ელჩების ცნობას: ,,ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო.” არ არის გამორიცხული, რომ არქიმანდრიტს ზუსტად არ სცოდნოდა, აგებიდან რამდენი წელი იყო გასული (შესაძლოა, საუბარში წლები დამრგვალებულად ეთქვა), მაგრამ მშენებლობა რომ 60-აინ წლებში მოხდა საეჭვო არ უნდა იყოს. რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა.
არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრეული ეკლესია უნდა მდგარიყო და მისი
ნაშთები უფრო ღრმად არის მიწაში ჩამალული. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს „მატიანე ქართლისას“ ერთი ცნობა, სადაც მოხსენიებულია „მთა მიქელ-გაბრიელთა“. ეს მთა მოხსენიებულია მატიანეში ბაგრატ IV (1027 – 1072 წწ.) ბრძოლასთან კახეთის შემოსამტკიცებლად დაკავშირებით, XI ს. მესამე და მეოთხე ათეულის მიჯნაზე. გ. ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,მატიანეს” ცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც გვაფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს. აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას. ბორცვის დიდი ნაწილი გვიანდელ ნაგებობებს აქვს დაკავებული და მისი თხრით შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ნაპოვნია მხატვრული კერამიკის ნატეხები, რომლებიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით და XIV საუკუნით. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gremi
gegma

XV საუკუნის შუახანებში გრემის სახით შეიქმნა კლასიკური ფეოდალური ქალაქი. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი - მთები. ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა, რომელიც შემოზღუდული ყოფილა გალავნით. ქალაქის შიდა ტერიტორია შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:
I. მთავარანგელოზთა კომპლექსი
გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი ,,მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ანსამბლისათვის მოხერხებულად შერჩეული ადგილი, რომელიც გარემოსაგან გამოყოფილი, აზიდულა ზევით და გრემს დაპატრონებია. ანსამბლი მაღალი ტყიანი მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული. აქ მშენებლობის დაწყებამდე ქედი გადაუჭრიათ და ეკლესიის ადგილი ხელოვნურად გამოუყვიათ გარემოსაგან, რითაც მისი გამაგრება უცდიათ, ადგილისათვის მაღალი ბორცვის სახე მიუციათ.
ა) მთავარანგელოზის ეკლესიის გეგმა კვადრატს მოახლოებილია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპიურია ცენტრალუ-გუმბათოვანი ძეგლებისათვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე.
ტაძარს თითო შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გრემში შიდა სივრცის ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისა მთავრდება აფსიდით. დანარჩენი სწორკუთხაა. საკურთხეველს, აფსიდის გარდა, ბემაც ახლავს. შიდა სივრცის ოთხი მკლავიდან დასავლეთისა გრძელია, მხოლოდ მისი გადამხურავი კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს, რომელიც თავისთავად დაკიდულია. საკურთხევლის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლო მდებარეობს. შესასვლელი ორივე დარბაზიდანაა. თითოეული მათგანი აფსიდით მთავრდება და აღმოსავლეთით მდებარე თითო სარკმლით ნათდება. აფსიდი და კონქი სამივე შემთხვევაში პილასტერებზე გადასული თაღითაა გამოყოფილი. ეს კონსტრუქციული და მხატვრული ხერხი, როგორც ეტყობა, გრემის ოსტატმა დანერგა, რადგან იგი ადრე არ გვხვდება, ხოლო შემდგომში მას იმეორებენ შიხიანის და ჭიკაანის ოსტატები.
ინტერიერში გარდა სარკმლებისა, ყველგან გამოყენებულია შეისრული თაღი. ინტერიერის დამახასიათებელი ელემენტებიდან აღსანიშნავია გუმბათქვეშა საყრდენის გადაწყვეტა. საკურთხევლის კუთხეები მცირედ შვერილ პლასტერებზე გადასული თაღებითაა დამუშავებული. ანალოგიური დამუშაევებაა დასავლეთის საყრდენის ზედა ნაწილებში, ხოლო ქვემოთ ცილინდრული კოლონებია. ეს კოლონები სწორკუთხა ბაზისებს ეყრდნობა, ხოლო ზემოთ უკაპიტელოა: ცილინდრი პირდაპირ ედგმის სწორკუთხედს. გრემში სასიამოვნო განათებაა. აქ არც ერთ მონაკვეთში არ ჭირს ფრესკული მხატვრობის სრული აღქმა. ეს სწორედ საკმაო რაოდენობის სარკმელების კარგად განლაგების შედეგია. ჯვრის ოთხი მკლავიდან მხოლოდ საკურთხეველშია ერთი სარკმელი, დანარჩენთაგან კი ორ-ორია. ეს სარკმლები ორ-ორად ერთ დონეზეა და გვერდიგვერდ არიან განლაგებულნი. განათებისათვის ამათ ემატება გუმბათის რვა სარკმელი. აღსანიშნავია, რომ რვასარკმლიანი გუმბათები გარედან წახნაგოვანია. გრემის ეკლესიის იატაკი მოფენილია ექვსკუთხა ფორმის სორენკეცით. მისი ფერი მოყავისფროა და უახლოვდება აგურისას. ტაძრის კედლების შიდა ზედაპირი მთლიანად შელესილია და ფრესკითაა დაფარული. მხატვრობა შესრულებულია თესალონიკელი „ბერმონაზონის“ მიერ. იგი XVII საუკუნის დასაწყისში გადაუკეთებიათ მოსკოვიდან ჩამოსულ რუს მხატვრებს. თავისთავად მხატვრობა ვერაა მაღალი ხარისხის.

gremi
aRmosavleTi fasadi

ტაძრის ფასადები ერთი სისტემითაა გადაწყვეტილი, ოთხივე სამ-სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. მონაკვეთებს ჰყოფს მძლავრი პილასტერები. ყოველი არე შეკრულია ისრული თაღით. გვერდით მონაკვეთებში ცენტრალურისაგან განსხვავებით, თაღები სწორკუთხედშია ჩასმული. სწორკუთხედის ზედა ჰორიზონტს ერთი რიგი აგურის კბილანა წყობა გასდევს. თაღის არეს ოთკუთხედში ჩასმას XVI – XVIII საუკუნეების ქართლ-კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია. ასევე სწორკუთხა ნიშნებშია ჩასმული სამივე კარი. ტაძარი მთლიანად ნაგებია აგურით. ფასადებზე მხოლოდ აქა-იქაა ჩაყოლებული ყორე ქვა. ცოკოლი კი თითქმის ქვითაა ნაგები. ფასადების მორთვა ძირითადად მიმდინარეობს აგურის მასალით. აგურის ხასიათისთვისაა შეფარდებული მორთულობის როგორც ძირითადი ხაზები, ისე დეტალები. ოსტატი აგურს აყენებს ყოველგვარ მდგომარეობაში და ამავე დროს, აქვს სპეციალური ფორმით დამზადებული აგურებიც. ფასადებიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, მდებარეობის გამო, სხვებზე თვალსაჩინოა (სამხრეთისას პალატი - სამრეკლო ფარავს, ჩრდილოეთისა კი ფერდობისა და გალავნის გამო ძნელი დასანახია). როგორც ეტყობა, ამან განაპირობა მათი უკეთ მორთვაც. თაღების შემდეგ ფასადების მორთვის მთავარი ელემენტია ჯვარი. იგი ოთხივე ფასადზეა გამოყენებული, მაგრამ არა ერთნაირი გადაწყვეტით. სხვებზე მეტად სადღესასწაულო იერი აქვს აღმოსავლეთის ფასადს. იქ ერთ ღერძზე ორი ჯვარია გამოსახული. ამათგან ზედა პატარაა ქვედაზე. ზედა ჯვარი კედლის სიბრტყის შიგნითაა გამოსახული, ქვედა კი სიბრტყის ზემოთაა. ზედა ჯვრის სამი მკლავი ერთნაირია და შედარებით წვრილი. ქვედა მკლავი კი მეტად განიერია და დაბალი. ასეთის გადაწყვეტის ჯვარი გამოსახულია სამ დანარჩენ ფასადზეც. მაგრამ პროპორციები სხვაა და დეტალებშიც მცირე ცვლილებაა. კერძოდ, ამ შემთხვევაში უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ქვედა მკლავის დაგრძელება, მაგრამ თავისთავად ვერტიკალური ღერძის მეტისმეტი სიგანე ჯვარს აუხეშებს. სულ სხვა კონფიგურაციისა და იერის მატარებელია აღმოსავლეთის მთავარი ჯვარი, შედარებით განიერი ვერტიკალური ღერძი მრუდთარგა აგურებითაა გამოყვანილი. ჯვრის ჰორიზონტალური მკლავები შედარებით წვრილია და ვერტიკალურად დადგმული აგურითაა გამოყვანილი. ჯვრის საფუძველია აგრეთვე ამოყვანილი საფეხურები. როგორც ეტყობა, დანარჩენი ჯვრების მსგავსად, ესეც გოლგოთის ჯვარს წარმოადგენს. ფასადების მორთულობიდან აღსანიშნავია ის წვრილი თაღედი, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზეა. ამ თაღედით ოსტატმა ფასადებზე იარუსები შექმნა. ეს თაღედი აღმოსავლეთით ერთ რიგადაა, მაგრამ დასავლეთით ორი როგია. ეს წვრილი თაღები აგურით ნაგებ ერთფეროვან კედლებზე ხალისის შემტანი ელემენტები იქნებოდა, დიდი და პატარა თაღედით მიღებული ჩრდილ-სინათლე მეტ ცხოველხატულობას მისცემდა ნაგებობას (თავდაპირველად ტაძარი შელესილი და შეთეთრებული არ ყოფილა. ეს საქმიანობა XIX საუკუნეს მიეკუთვნება). გრემის ტაძრის გუმბათი პროპორციულად ძალიან კარგადაა შერწყმული ქვედა ტანთან. ხუროთმოძღვარმა არა მარტო ნაგებობის ნაწილები შეუხამა ერთმანეთს, არამედ მთელი შენობა შეუფარდა მთის რელიეფს და მის გვირგვინად აქცია. გუმბათი რვაწახნაგაა. მისი ფართობი და მაღალი წახნაგები სათანადოდაა მორთული. მრუდთარგა აგურით წიბოებია დამუშავებული. ლილვები სარკმელთა ცენტრის ჰორიზონტზე გადაწყვეტილია სწორკუთხა აგურის წყობით. წახნაგის ზედაპირზე სამი ჩარჩოა გამოყენებული. თითოეულ ჩარჩოს თავისი სიბრტყე აქვს. ძირითადი ორი ელემენტის ორ-ორჯერ გამოყენებით იქმნება წახნაგისა და გუმბათის დეკორატიული სახე. ორივე შემთხვევაში სწორკუთხა ჩარჩოებს ამთავრებს აგურის კბილანა წყობა. გრემის ნაგებობას არა აქვს განსაკუთრებით გამოყოფილი ცოკოლი, კარნიზი კი თავისებური აქვს. ტაძრის ქვედა კორპუსს, მრუდთარგა აგურის გამოყენებით, მარტივი პროფილი აქვს. როგორც ეტყობა, ოსტატს არ უნდოდა ტრადიციის დარღვეა და აგურის კარნიზს მისცა ქვის კარნიზის ზოგადი მოხაზულობა. რაც შეეხება გუმბათს, აქ ისევ აგურის წყობით წვრილი კარნიზია გამოყვანილი, რომელიც უშუალოდ ერწყმსი გუმბათის პირამიდას. როგორც ვნახეთ, გრემის ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესოა ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობებში საერთოდ და კერძოდ, XVI – XVIII საუკუნეებში. იგი გამოირჩევა კომპოზიციითა და ფასადები მორთულობით. ამ შემთხვევაში ოსტატი კარგად იყენებდა აგურს, მის თავისებურებებს.
გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწერილი.

gremi
ganakveTi aRmosavleTiT

ბ) თუ მთავარანგელოზთა ანსამბლის ნაგებობების გეგმარებას გავეცნობით, ადვილად დავრწმუნდებით ძეგლების, განსაკუთრებით კი, ეკლესიის და მის გვერდითვე არსებული სასახლე-სამრეკლოს არასინქრონულობაში. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხე, იქ, სადაც ტაძარი სასახლე-სამრეკლოს ემიჯნება, ჩამოჭრილია. გეგმის ასეთი იძულებით დარღვევა გამოუწვევია იმ გარემოებას, რომ ეკლესიის აგების დროს სასახლე-სამრეკლო უკვე იდგა და მათ შორის გასასვლელის დატოვების მიზნით ეკლესიის აღნიშნული კუთხე ირიბად ააგეს. ამ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მიუთითებს სასახლე-სამრეკლოს შედარებით სიძველეზე ეკლესიასთან შეფარდებით. როდიდან ფუნქციონირებდა იგი როგორც სამეფო სასახლე ძნელი დასადგენია. არ არის გამორიცხული ის ასეთი მიზნით აგებულიყო პირველივე დამოუკიდებელი კახელი მეფეების დავითის და გიორგის დროს (1466-1471წწ). სავარაუდოა, სამრეკლოს ფუნქცია ნაგებობას მიეცა და შესაბამისად მოეწყო კიდევაც იგი მას შემდეგ, რაც სამეფო კარი სხვაგან გადავიდა, აქ კი XVI ს 60-იან წლებში ეკლესია აშენდა. უფრო ადრე, სამეფო დარბაზის არსებობის დროს აქ სამრეკლო არ უნდა ყოფილიყო. სამრეკლოს მოწყობა, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ლევან მეფის მიერ სამეფო სასახლის გადატანასთან და ახალი ეკლესიის აშენებასთან. ამის გამოა ალბათ, რომ აქ რამდენიმე სამშენებლო ფენა განირჩევა, რომლებიც ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მათი გამიჯვნა ყველგან ზუსტად ვერ ხერხდება. სასახლის ზემოთ აღნიშნულ უმთავრეს და უპირველეს ფუნქციასთან დაკავშირებით თვალში საცემია მისი გეგმარების და მოწყობის სხვა თავისებურებებიც. კერძოდ, სასახლის მშენებლობის დროს ადგილი შერჩეულია გორის სამხრეთ კლდოვან ფლატეზე და აშკარად ჩანს საგანგებოდ უზრუნიათ მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. ეს მომენტი ისე ძლიერადაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით პირველი და მეორე სართულების გეგმარების მიხედვით, რომ იქმნება შთაბეჭდილება სასახლისა და საფორთიფიკაციო ნაგებობების სინთეზისა. ამ მხრივ სართულები თავისთავადაა განლაგებული ვერტიკალზე, თავდასაცავი კოშკის მსგავსად, საცხოვრისისათვის გათვალისწინებული სათავსოების გარესამყაროდან გამიჯვნის და დაცვის გათვალისწინებით; სართულებად განაწილებულ დარბაზებს, აღმოსავლეთის და სამხრეთის მხრიდან. იქ, სადაც სასახლე ამავე დროს მთავარანგელოზთა ანსამბლის გალავნის როლს ასრულებდა, მიშენებული აქვს ორ-ორი თითქმის წრიული ბურჯი და ერთი მომრგვალებული კუთხის კოშკი, შიგ მოწყობილი ასასვლელებითა და სათოფურებით. მიუხედავად იმისა, რომ სასახლე-სამრეკლოს მშენებლობაში რამდენიმე ფენა ჩანს, მშენებლობის ტექნიკა ერთია, საშენ მასალად გამოყენებულია ქართული აგური და კირის ხსნარი. ნაგებობის პირველი სართული მშენებლობის მიხედვით დამოუკიდებელი დარბაზის შთაბეჭდილებას ახდენს. აქედან გამომდინარე პ. ზაქარაიას მიაჩნია, რომ ის არის მშენებლობის პირველი ფენა და რომ ის თავდაპირველად დამოუკიდებლად უნდა არსებულიყო. კამაროვანი ვრცელი დარბაზი ორ მონაკვეთად არის გაყოფილი და გადახურული შეისრული კამარებით. კარი ჩრდილოეთის კედელშია დატანებული. მოპირდაპირე სამხრეთ კედლის შუაში კარის ღიობით გავდივართ უსწორო ფორმის კამაროვან სათავსოში, სადაც ბუხარია მოწყობილი. დასავლეთის მხარეს წრიული ფორმის მომცრო სათოფურებიანი სათავსოა, მოპირდაპირე მხარეს კი ორი ასასვლელი კიბეა დატანებული მეორე, მესამე სართულზე ასასვლელად.

gremi
fasadi

გ) იმ კონცხს, სადაც ტაძრის ანსამბლია განლაგებული, რთული რელიეფი აქვს. გალავანიც ამ რელიეფის მაქსიმალურად გამოყვნებითაა აგებული. როგორც ეს გვიან საუკუნეებში იყო მიღებული, აქაც ტაძრის გალავანი სიმაგრეს წარმოადგენდა.
გალავანში შესასვლვლი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეშია მოთვსებული. იგი საგანგებოდ ყოფილა გამაგრებული ვიწრო შესასვლელი ორ ბურჯს შუა მდებარეობს. გალავნის კედლებში სათოფურებია განლაგებული. ადრე ტაძრის აღმოსავლეთით გრძელი შენობა მდგარა. მისი დასავლეთის კედელი ყრუა, რადგან შენობა მიწაში იყო შეჭრილი. ამ შენობიდას მოყოლებული სამხრეთ-დასავლეთის კუთხემდე გალავანი გარედან თითქმის ათი მეტრის სიმაღლისაა.
სამხრეთ-დასავლეთის კუთხის კოშკი ნაწილობრივაა შერჩენილი. ქვედა სართული ამოვსებულია და მხოლოდ კარის ზედა ნაწილი ჩანს ეზოდან.
ზედა სართულებში სათოფურები ყოფილა მოთავსებული, გალავანს გარედან კონტრფორსები მიჰყვება. ამ ბურჯებზე აგური ზოგან ზოლებადაა ნაწყობი, შესასვლვლის ბურჯებზე კი - დეკორატიულად.
გრემის გალავანი შეუკეთებია ერეკლე მეორეს.
დ) გალავნის სამხრეთის კუთხიდან საიდუმლო გასასვლელი გვირაბი ჩადიოდა მდინარე ინწობისაკენ.

II. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.
III. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).
ა) ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა საქმიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი.
ბ) ამავე უბანში გაითხარა აბანო. იგი მდგარა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთის მონაკვეთში და შედგებოდა როგორც ცხელი, ისე ცივი აბაზანებისაგან. ქვედა სართულში მოთავსებული იყო გათბობის სისტემა, ზემოთ კი - გასახდელი, სააბაზანოები და სხვა. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსელით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
გრემის ნაქალაქარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. პარმენ ზაქარაია – „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს“, 1990წ.
2. პარმენ ზაქარაია – „საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები”, 1988წ.
3. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://lemill.net

http://www.kakheti.gov.ge

http://dzeglebi.com

http://skola.edu.ge

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016