Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kojris cixe
qoroRlis cixe
(XI s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

კოჯრის ციხე.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

კოჯრის ციხეში გარდაიცვალა თამარ მეფე.
შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი.
1921 წელს რუსეთის XI არმიასთან, შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველი იუნკერთა უმეტესობა.
დღემდე არსებობს კოჯრის ციხის სახელების წარმოშობის შემდეგი ვერსიები:
კოჯორს, ადრე, “კოჟორი” ერქვა. სახელწოდება “კოჟორი” რუსული ტრანსკრიპციით დამკვიდრდა ჩვენში 1800 წლიდან.

დღემდე კოჯრის ტოპონიმის წარმოშობის 4 ვარიანტი არსებობს:
1. ტოპონიმი “კოჟორი” თავისი წარმოშობით უკავშირდება კოჟოს, რაც კლდის თხემს ნიშნავს. კოჟრის ციხე ვულკანური წარმოშობის კლდის თხემზეა დაშენებული, სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
2. სახელწოდება „კოჯორი“ შეიძლება უკავშირდებოდეს სიტყვას „ქოჩორი“, რადგან ძველი კოჯრის პლატო დაფარული იყო ტყეებით და მოგაგონებდათ ქოჩორს.
3. მესამე ვარიანტით კი, „კოჯრის“ ამოსავალი უნდა ვეძებოთ სიტყვაში „კოჟორა“ (დაკოჟრებული), რაც ახასიათებს ადგილის რელიეფს.
4. არსებობს მეოთხე, ყველასგან განსხვავებული ვარიანტიც. სახელწოდება კოჯორი, ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, გვესახება ორფუძიან კომპროზიტად. პირველი ფუძეა სიტყვა - კო, მეორე ფუძეა - ჯორი. კო სახელნაცვალი ფორმა უნდა იყოს სიტყვისა რკო, რაც ძველ ქართულში მუხას აღნიშნავდა. ჯორი სახელნაცვალი ფორმა უნდა იყოს სიტყვისა ჯვარი. ამრიგად, სიტყვა კოჯორი იგივეა, რაც მუხაჯვარი. ადრე უძოს მთაზე მუხნარი ყოფილა, რისი ნაშთები დღესაც შემორჩენილია.

3. adgilmdebareoba

კოჯრის ციხე მდებარეობს საქართველოში,  თვითმართველ ქალაქ თბილისში, მისგან 18 კმ–ის მოშორებით მდებარე დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

foto
kojris cixe kojris cixe

კოჯრის ციხეს XV საუკუნემდე აგარათა ციხე ერქვა. როგორც ცნობილია, ტაბახმელას, წავკისს, შინდისს და კოჯორს ძველად აგარაები ერქვა. ამ აგარაებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა. გასაყარში შენდებოდა ციხე-სიმაგრე, რომელსაც აგარათა ციხე სიმაგრე ეწოდებოდა.
ამ ციხეს ზოგჯერ ქოროღლის ციხის სახელწოდებითაც იხსენიებენ. ეს სახელწოდება XVIII საუკუნიდან დამკვიდრდა.
XVIII საუკუნის ცნობილი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი კოჯრის ციხეს აზეულას უწოდებს.
კოჯრის ციხე დაშენებულია ვულკანური წარმოშობის მაღალი მთის წვერზე, რაც მას წარსულში მიუდგომელს ხდიდა.
ამ ციხე-სიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსათვის. იგი კვეთდა სომხით-საბრათიანოდან თბილისში მიმავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც იყო, რომ მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები.
აგარათა ციხე XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ მეფემ განძის პატრონს ამირა ფადლონს წაართვა. “შუამდგომლობითა და სიტყვათა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა სახელმწიფოსა თვისსა“. ცოტა ხნის შემდეგ განძის ამირა ფადლონმა ეს ციხე ისევ ხელთ იგდო, „გატეხნა ფიცნი და შუამდგომლობანი დიდისა სულტანისანი“, მაგრამ ბაგრატ მეფემ სამი თვის ბრძოლის შემდეგ კვლავ აიღო იგი და ამირა ფადლონი სამაგალითოდ დასაჯა.
„დიდი თურქობისას“ აგარათა ციხე ისევ მტრის ხელში გადავიდა და მხოლოდ 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა ერთი დღის ბრძოლით.
1123 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე ივანე ორბელს უწყალობა.
1177 წელს აგარათა ციხე დემნა ბატონიშვილისა და ივანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო. ამავე წელს გიორგი მეფემ ეს ციხე 25 დღიანი ალყის შემდეგ აიღო. ამიერიდან აგარათა ციხე გიორგი მეფისა და თამარ მეფის ხელთ იყო.
თამარ მეფემ აგარათა ციხეში მიიღო და 10 დღე ანებივრა შირვან შაჰი და მისი სიძე ამირ-მირმანი შამქორის ბრძოლის წინ. თამარს თავისმა ყმადნაფიცმა შირვანშაჰმა და მისმა სიძემ ამირ-მირმანმა დახმარება სთხოვეს ადარბადაგანის მმართველის აბუ-ბაქრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შემდეგ შირვანშაჰი და ამირ-მირმანი თბილისში ჩამოვიდნენ. თბილისიდან ისინი მიწვეულები იყვნენ „ჭალასა აგარათასა“ (აგარათას ციხეში). „მაშინ მოვიდეს ამირმირმანი ფაქლავანდის შვილი და აღსართან შარვანშა ყოვლისა არანისა დიდებულითა და ჰულამითა“. ქართველები საგანგებოდ მოემზადნენ. „დადგეს ხელმწიფენი სუესრულნი და ღმრთივ ამობრწინვალებულნი ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნებისყოფლობისა მათისათა აწუივნეს და მოიწუივნეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან აქა“. ქართველებმა შირვანშაჰსა და ამირ-მირმანს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს აგარათა ციხეში. „რომელმან სახელმან, ვისმცა გონებამან და ენამან აღმოთქუვნა ქებანი ზართა და დიდებისანი, კარავთა სარაფადათა, კოშკთა და ფილოფატთანი და შემკობილებანი ბესელისებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი“.
ბასილი ეზოსმოძღვარი იხსენიებს აგარათა ციხეს, სადაც დასნეულებული თამარ მეფე ნახევარი წლით თავისი სამეფო ამალით დასახლებულა. ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევიდან „წამოიყვანეს კუბოთა ტფილისს“, (კუბო „ესე არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი, აქლემთა ასაკიდებელი, გინა ხელით სატარებელი“ - სულხან-საბა ორბელიანი). მაგრამ „შემდგომად მცირეთა დღეთა ენებათ და ისწრაფდეს ჩვეულებისამებრ, რათა დასოს (ბაღნარს) განვიდნენ“. არც ამან შეუმსუბუქა ავადმყოფობა, პირიქით, „დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო“ და „იქითგან წამოიყვანეს აგარათა ციხესა“ რაკი ყოველი „გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა“ ამაო აღმოჩნდა, მთელ საქართველოში იყო „ლიტანიობანი და ღამის თევანი მიმდებნი და ცრემლთა დინებანი იხილვებოდეს, მდიდართა და გლახაკთანი, სწორებით“. მხურვალე გულით შესთხოვდნენ ყველანი ღვთაებას, დაავადებული მეფისთვის განკურნება მიენიჭებინა, „გარნა განჩინებანი წინა-აღუდგომელი იყო და მწოდებელი კართა ზედა დგა“. დიდებული თამარ მეფე გარდაიცვალა. რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დიდებული ქართველი მეფე თამარი სწორედ აგარათა ციხეში აღესრულა.
კოჯორი ძველთაგანვე ითვლებოდა ქართველ მეფეთა სავანედ.
კოჯრის ციხე XV საუკუნიდან სომხით-საბარათიანოს დიდი ფეოდალის სოლაღაშვილების საგვარეულო ციტადელს წარმოადგენდა.
კოჯრის ციხე დიდად დააზიანა 1488 წელს იაყუბ-ყაენის მიერ გამოგზავნილმა ლაშქარმა ხალილ-ბეგის მეთაურობით. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, კოჯრის ციხის მისადგომებთან მომდგარმა თურქმანთა მრავალრიცხოვანი ჯარის მეთოფეებმა გამანადგურებელი ცეცხლი დაუშინეს ქართველ მეციხოვნეებს. სოლაღაშვილების მცირერიცხოვანი მეციხოვნეები, რომელთაც მაშველი ძალა არ ჰყავდათ, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ იძულებული შეიქნენ მტრისთვის შეეტოვებინათ ეს ციხე-სიმაგრე, „ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა, ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს“.
1625 წელს სოფელ მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ მეორე დღეს ომი კოჯრის მიდამოებში გაგრძელდა. კოჯრის ციხის მისადგომებთან გამართულ შეუპოვარ ბრძოლაში ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს.
XIII-XVII საუკუნეებს შორის კოჯორში ზაფხულობით მეფეთა დგომის ტრადიცია დიდი ხნით შეწყვეტილა და მხოლოდ XVII საუკუნეში როსტომ მეფეს განუახლებია. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ კაბენის მონასტრის სამხრეთით არის ციხე. „კოჯრის თხემსა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამხრეთით არს სასახლე მეფისა. კოჯორი აღაშენა პთ მეფემან როსტომ უმეტესა ჟა მეფემან გიორგიმ და ჟდ მეფემან ვახტანგ. დგებოდნენ ზაფხულს მეფენი“. აქვე ჰქონდათ მშვენიერი მარნები, სადაც ღვინოებს ეზიდებოდნენ ქვემო ქართლის სოფლებიდან. კოჯორში იყო, აგრეთვე ქართველ მეფეთა მთავარი საჯინიბოები. ამავე საუკუნეში კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორს აუშენებია სასახლე და კარის საყდარი.
ი.ა. გიულდენშტედმა 1771-1772 წ.წ. საქართველოში მოგზაურობის დროს თავის დღიურებში ჩაწერა: „მეფეები წინათ, ზაფხულობით, იდგნენ მთაზე კოჯორთან, რადგან იქ სიცხეები ნაკლებია... რეზიდენციას სხვა მიზეზების გამო არ სტოვებდნენ“.
1795 წლის სექტემბერში, საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს კოჯრის ციხის მისადგომებთან.
1921 წლის თებერვალში რუსეთის XI წითელი არმია შემოვიდა კოჯრის მიდამოებში. კოჯრის ციხის ფერდობზე 1989 წლის 9 აპრილამდე იდგა მემორიალი წარწერით: „აქ შემოვიდა რუსეთის XI არმია“. ეს მემორიალი გადააგდეს 1989 წლის 10 აპრილს, 9 აპრილის ტრაგედიით გამწარებულმა კოჯრის ახალგაზრდებმა. აქ გაიმართა ბრძოლები ქართველ იუნკრებსა და რუსეთის XI არმიას შორის. დაღუპულთა გვამები თბილისში ჩაასვენეს და დიდი საკრებულო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს, მაგრამ ბევრი იუნკერი იქვე დაუმარხავთ და არა მარტო დახოცილები, დაჭრილი იუნკრებისთვისაც მიუყრიათ მიწა მტრებს. ეს ამბავი შესანიშნავ ქართველ პოეტს ტერენტი გრანელს სმენია და ლექსიც დაუწერია.
დღეს ამ ადგილას იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალია აღმართული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

კოჯრის ციხის შესახებ მრავალი საინტერესო გადმოცემაა შემონახული. ერთ-ერთი გადმოცემით კოჯრის ციხეში იყო შეხიზნული ლეგენდარული გმირი ქოროღლი.
ზეპირი გადმოცემის მიხედვით, კოჯრის ციხეს თავს აფარებდა გმირი ქალი თინა წავკისელი.

7. arqiteqturuli aRwera

foto
kojris cixe kojris cixe

 

სამწუხაროდ, კოჯრის ციხის გენერალური გეგმა არ არსებობს. მას ბევრჯერ განუცდია რესტავრაცია. მას სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მრგვალი ფორმის კოშკები ჰქონდა, რომლის კედლებმა დღემდე ნანგრევების სახით მოაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული კოშკის კედლები თლილი ქვითა და დიდი ზომის კვადრატული ფორმის აგურითაა ნაგები. მეორე კოშკი, რომელიც ქვითაა ნაგები, უფრო ადრინდელი უნდა იყოს.
სპეციალისტების აზრით, კოჯრის ციხე XI ს.-ის ნაგებობათა რიცხვს უნდა ეკუთვნოდეს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არ მოგვეპოვება

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. თემურ კენკებაშვილი - „კოჯრის ისტორია“, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2009წ.
2. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე, დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge/აგარანი

http://www.nplg.gov.ge/კოჯორი

http://www.nplg.gov.ge/ქოროღლი

http://old-garemo.dlf.ge

http://old-garemo.dlf.ge

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016