Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

kacxis svetis samonastro
kompleqsi
(VI-XIII ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.

 

3. adgilmdebareoba

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

„გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე. პირველი ისტორული წყარო, რომელიც კაცხის სვეტს მოიხსენიებს, ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაა: „ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“ – გადმოგვცემს ის. ე.ი.  XVIII საუკუნეში, ვახუშტის მოღვაწეობის პერიოდში კაცხის სვეტი კარგა ხნის მიტოვებული ჩანს.
კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ქრისტიანობამდე „სვეტი“ წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის „სვეტის“ შესახებ წერს: „ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა–როკვანი, ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა - გაათენიან.“
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს  სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. კლდოვან სვეტზე – ძელი ცხოველის ბუნზე და საფეხურებიან პოსტამენტზე შემდგარ, მედალიონში ჩაწერილ ჯვრის რელიეფს პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. კაცხის შემოგარენში, ამავე დროს, ამ ქმედებით, გარკვეულწილად, ადრე შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს უკიდურეს დასავლეთი საზღვარიც მოინიშნა.  კაცხის სვეტს სახელობაც „ძელი ცხოველი“ – სვეტი ცხოველი ამავე საუკუნეში მიენიჭა და მცხეთის ჯვარს დაუკავშირდა. მცხეთის კერპთა შემმუსვრელი ჯვრის სახელობა წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამ რეალიას ადასტურებს ისიც, რომ კაცხის სვეტის დღეობა პარასკევობითაა, ჯუანშერის ცნობით, ყოველი პარასკევი დღე მცხეთის ჯვრის ტაძრის დღეა, რომელიც ადარნასეს ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა (VI ს) დააწესა. ბოლო ვერსიის თანახმად (გ. გაგოშიძე) ეკლესია აქ, კლდის თხემზე სამი-ოთხი საუკუნით გვიან აშენდა.
საინტერესოა კაცხის სვეტის კაცხისავე გუმბათიან ტაძართან (X-XI სს) განხილვა. ეს ორი სალოცავი ერთმანეთს 1,5 კილომეტრით არის დაცილებული და მათ მჭიდრო კავშირზე მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემაც მეტყველებს – თითქოს სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრის ტაძრამდე ჯაჭვი ყოფილიყო გაბმული. ეს ლეგენდა გვახსენებს გადმოცემას მცხეთის სვეტიცხოველისა და ჯვრის ტაძრის გუმბათებს შორის გაჭიმული ჯაჭვის შესახებ, რომელზედაც კეთილმსახური ბერები დაიარებოდნენ. აქაც, მცხეთური სიწმინდეების მსგავსად, კაცხის გუმბათიანი ეკლესია ქრისტეს საფლავის, ხოლო კაცხის სვეტი გოლგოთის განსახიერება უნდა იყოს.
კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა  XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს  კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.
ამ მკვლევრის აზრით, კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესია იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (V ს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები (VI–ს.) რომელსაც ქვემოთ თაღოვანი კრიპტა ჰქონდა. ეს კომპლექსი ვ. ცინცაძემ დაუკავშირა მესვეტეობას, სირიაში გავრცელებულ უკიდურესად ასკეტურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს. ამ წესის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356 – 459 წ.წ.) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.
ვ. ცინცაძის აზრით, თხემზე შეწყვეტილი მესვეტეობის შემდეგ უნდა იყოს აშენებული სვეტის ძირში მცირე ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება.
1972 წელს დიდხნოვანი ცაცხვის წაქცევის შედეგად შემთხვევით გაიხსნა ხის ფესვების ქვეშ არსებული კრიპტა (აკლდამა), სადაც ასევე აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალა.
1997 წელს ამ ტერიტორიაზე აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. საჭირო გახდა სამონასტრო ცხოვრებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ეკლესიების (ქვედა და სვეტის) აღდგენა.
სვეტის თხემზე სპეციალისტების მეორედ ასვლა 1999 წელს განხორციელდა ალპინისტ ბ. გუჯაბიძის დახმარებით. ამჯერად ექსპედიცია დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: არქიტექტორი რ. ჯანაშია, არქიტექტორ-რესტავრატორი თ. გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე გ. გაგოშიძე. დაიგეგმა სამომავლო სამუშაოები, გაწმენდა, აზომვა, კვლევა. ამავე წელს წელს, კაცხში მოღვაწე ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით დაიწყო და 2000 წელს დასრულდა მესვეტის (ქვედა) ეკლესიის აღდგენა (პროექტის მიხედვით).
ახალი, 1999-2005 წლებში წარმოებული კვლევების შედეგად,  სვეტის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დათარიღების ახალი ვერსია წარმოიშვა. მისი ავტორია ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე. ამ ვერსიის მიხედვით, ირკვევა შემდეგი: 1.სვეტის თავზე ორის ნაცვლად ერთი ეკლესიაა, მეორე - ნახევრად კლდეში ნაკვეთი ნაგებობა - ბერების საცხოვრებელი სენაკებია. 2.ქვით ნაგები ეკლესია თარიღდება არა V - VI, არამედ  IX და უფრო X საუკუნის პირველი ნახევრით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეკლესია გვაგონებს ახლომდებარე ისეთი ძეგლების, ქვათა წყობას, როგორებიცაა: თირი და რგანი (ორივე X-ის II ნახ.). მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაცხის სვეტზე გამოვლენილი სამონასტრო მეურნეობა (განსაკუთრებით, ქვევრები), აბათილებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ აქ უკიდურესად ასკეტი მესვეტე იყო დამკვიდრებული. კაცხის სვეტის მცირე მონასტერი, სადაც სავარაუდოდ, ორი-სამი ბერი მოღვაწეობდა, დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მარტოდსამყოფელია და იერით ძლიერ გავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად  ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
2006 წელს ს/ს „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორის აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით მოეწყო სვეტზე ასასვლელი ხარაჩო და ამავე წლის ნოემბერში არქეოლოგ დ. ბერიკაშვილის მეთვალყურეობით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. იგი ძირითადად კერამიკით წამოდგება, თუ არ ჩავთვლით მოოქროვილ ვერცხლის მცირე ფირფიტას, რომელზეც სტილიზებული მცენარეული ორნამენტია გამოსახული და მოოქროვილ ვერცხლის ჯვრის ნაწილს. არქეოლოგიური მასალა, რომლის თარიღი მსგავსი მასალების საფუძველზე,  XVI – XVII საუკუნეებით განისაზღვრა, კომპლექსის არსებობის ბოლო ხანებს უნდა მიეკუთვნებოდეს. თვითონ კომპლექსი რამდენადმე ადრეული უნდა იყოს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უფრო ძველი მასალებიც გამოავლინოს.
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ) რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. საინტერესოა მისი შინაარსი, რომელიც ამ მცირე მონასტრის მრავალ საინტერესო საკითხს ჰფენს შუქს. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია ,,ძელი ცხოვრებაზე“ - ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.  ასე რომ, კაცხის სვეტზე XIII საუკუნეში მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასტურდება.

კაცხის სვეტის კომპლექსი ჯერ კიდევ კვლევის საგანია.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს. მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის – ხეხილის, ზოგისთვის – ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზარდა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა წყეულს მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა. ხალხმა სალოცავად აქცია სვეტი. ოდესღაც სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და ლოცვად რომ დადგებოდნენ სვეტის მონასტრის ბერები, ჯაჭვით ანიშნებდნენ კაცხის მაცხოვარს, იქაც მუხლს მოდრეკდნენ მლოცველები.

კაცხის მცხოვრებთა ზეპირსიტყვიერი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ამ სვეტზე ოდესღაც ინახებოდა სვიმეონწმინდიდან მოტანილი (თუ მოსული) სვიმეონ მესვეტის ხატი. ეს ხატი სვეტზე ასულ ორ მამაკაცს უხილავს. ხატს აღუთქვეს, არავის ვეტყვით ამ ამბავსო. როცა ჩამოსულან, გაუმხელიათ და დაბრმავებულან. ,,ადგილობრივი მცხოვრებნი, გლეხნი მოდებაძენი ამტკიცებენ, ვითომც იმათ ეკლესიაში დასვენებული სვიმეონ მესვეტის ხატი იმ სვეტიდან იყოს ჩამოსვენებული“.

,,კაცხის სვეტს თითქოს ქალი ემსახურებოდა, წელიწადში ერთხელ მის თხემს მოასუფთავებს „ძუძგს“ – უსუფთაობას გადმოყრის, თხემიდან ცვივა კომშის, ლეღვის და კაკლის ნაყოფი“ (თხემზე არავითარი ხილი არ არის).

„სვეტზე ასვლის განმზრახველი ბრმავდება, სვეტზე ამსვლელი ძალის შესამატებლად 50 კვერცხს ჭამს, მაგრამ მის შეხებისას უმალ კვდება. ძალა და ვაჟკაცობა ემატება მას, ვინც მასზე ილოცებს და იწამებს“.

„წესად ჰქონიათ: ჩვილობაში გარდაცვლილი ბავშვს აკვანითურთ მიტანდნენ და ჩაფლავდნენ სვეტის მახლობლად“.

 

7. arqiteqturuli aRwera

აქ წარმოდგენილი არქიტექტურული აღწერა აღდგენით სამუშაოებამდე მის მდგომარეობას ასახავს.
ა) კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს და როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი, წითელ წიგნშია შეტანილი. სვეტი დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო მისი სწორკუთხედი ფორმის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვ. მ-ს შეადგენს. სვეტი ძირითადად შვეულად არის აღმართული. თუმცა, მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ტერასაა მოთავსებული. ძირთან სვეტი გამოფიტულია და უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც ქმნის უარყოფით დაქანებას და კიდევ უფრო მიუდგომელს ხდის მას.

tolmklava jvari

სვეტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირში, მიწის დონეზე, კლდის მოსწორებულ ზედაპირზე გამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი. იგი ბუნზეა დამყარებული, ბუნის ქვეით სამი თარაზული ხაზია, რაც აშკარად საფეხურებიან პოსტამენტს ასახავს. ბუნის ორივე მხარეს თითო ჩაკვეთილი ხაზი ეშვება პოსტამენტისაკენ. ჯვრის მედალიონს ზემოდან ევლება ლენტი, რომელსაც სიმრუდე ნახევარწრეზე მეტი აქვს. მასში ზიგზაგისებრი ხაზია ჩაკაწრული. ეს დეკორი ბოლნისსა და საზოგადოდ, ქართლში, დადასტურებულ ტოლმკლავა ჯვრებს გვახსენებს, რომელთა მედალიონები სამკუთხედებითაა შემკული. მათ სირიაშიც მოძებნებათ ანალოგები.

samonastro kompleqsis gengegma da monastris gegma kacxis sveti dasavleTidan

ბ) სვეტის ეკლესიის ნაშთი (ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია) მდებარეობს სვეტის თხემის, მის უკიდურეს  სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში.  ეს არის მცირე დარბაზული ნაგებობა, რომელიც ნანგრევის სახით იყო შემორჩენილი. მისი ზომებია 4,5X3,5 მ. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც კლდიდანაა მოწყვეტილი, გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობის ეს ნაწილი სუბსტრუქციაზე იდგა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დატანებული იყო ერთადერთი კარი. ის და მისი ნაოთხალები ისეა გამოყვანილი, რომ კარი გარეთ უნდა გაღებულიღო. ეკლესიას, როგორც ჩანს, ხის მცირე პორტიკი (მინაშენი) ჰქონდა მიდგმული, რითაც ის ჩრდილოეთით არსებულ ნაგებობას უკავშირდებოდა.

maqsime aRmsareblis saxelobis eklesia

ეკლესიის ქვათა წყობის ხასიათზე მსჯელობა მხოლოდ დასავლეთი კედლის შემოჩენილი ფრაგმენტის მიხედვითაა შესაძლებელი. შემორჩენილი კედელი ორმხრივია. შიდა და გარეთა მხარე მცირე ზომის სუფთად გათლილი შირიმის ქვითაა ამოყვანილი. წყობის რიგები სწორხაზოვანია, ქვათლილები კი განსხვავებული ზომისაა. შეინიშნება მცირე ზომის ქვათა ჩანართებიც. დუღაბის ფენა, რომელშიც კლდის ნამტვერევი ქვებია ჩაძირული, გაშიშვლებულია. ქვათლილების უკანა მხარე სუსტადაა გამოვლენილი, ერთგვარად, კვადრებს დუღაბთან მოსაჭიდებელი სისქე აკლიათ. დასავლეთი კედლის სამხრეთი, შემორჩენილი კუთხე განსხვავებულადაა ნაწყობი. აქ სხვადასხვა ზომის ქვათლილებია ნახმარი, წყობაც არასწორხაზოვანია. ინტერიერში დასავლეთი კედლის ქვათა რეგულარული წყობისგან განსხვავებულია სამხრეთ-დასავლეთი კუთხის მშენებლობის ხასიათიც. იგი ადგილზევე მოტეხილი კირქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბლოკებითაა ამოყვანილი, რის გამოც წყობაც არეულია. უეჭველია, რომ კედლის ეს მონაკვეთი შედარებით მოგვიანო ხანაშია განახლებული.
ეკლესიის სამხრეთი კედლის შემორჩენილი მონაკვეთი კლდის ქვითაა ნაგები. ეს სავარაუდოდ, XIII საუკუნეში ჩატარებული რემონტის კვალია. იატაკი კირით იყო მოლესილი.  ეკლესია მინაშენითურთ გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებული კრამიტით, რომლის ძირითადი მასა დამტვრეული და სვეტიდან გადარეცხილია.

akldamis Sesasvleli

გ) ეკლესიის ქვეშ და სამხრეთით, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის კამაროვანი კრიპტაა (ზომები: 2X1 მ.) გამართული. მასში შესასვლელი ტიმპანით დახურული, დაბალი, თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია გამოყვანილი. კრიპტა სიგრძით ეკლესიის საკურთხევლის აფსიდამდე გრძელდება. მისი ნახევარწრიული კამარის წყობა ფაქიზი და მოწესრიგებულია. თანაბარი ზომის სუფთად გათლილი კვადრები ერთმანეთს კარგადაა მორგებული. მსგავსი სახისაა კრიპტის აღმოსავლეთი კედელიც, რომელიც წყობის სამი რიგითაა შექმნილი. კრიპტის დასავლეთი კედელი მასზე დაშენებული ეკლესიის კედელთან შედარებით მცირედ დასავლეთითაა გაწეული და მისგან წაგრძელებული ქვათლილებით გამოყვანილი ხარისხითაა გამოყოფილი. კრიპტის ქვათა წყობა ეკლესიის ქვათა წყობის ადეკვატურია.
დ) ეკლესიის ჩრდილოეთით ორთავსიანი შენობა ორი სენაკი  გამოვლინდა. შენობა  ნატეხი ქვითაა ნაგები. მისი აღმოსავლეთი კედელი კლდის შემაღლებული მასივია. სამხრეთით მდებარე სენაკს კარი სამხრეთ კედელში აქვს დატანებული, რითაც იგი უშუალოდ უკავშირდება იქვე მდგომ ეკლესიას. ნაგებობის ნანგრევი კედლებისა და ხის ფესვებისაგან განთავისუფლების შემდეგ გამოვლინდა, რომ ოთახი დაახლოებით 15 კვ/მ იყო (დაახ. 5X3 მ) შემორჩენილი კედლის სიმაღლე 60 – 70 სმ-ს აღწევდა.

senaki

ირეგულარული გეგმარების ჩრდილოეთი სენაკის კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ოთახის ფართობი 20 კვ/მ-ს აღწევს (დაახ. 5X4 მ) და იგი მეზობელი ოთახისაგან 30 სმ-ის სისქის კედლით იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით მოხდენილად იყო ნაგები ჩრდილოეთის კედელი, იგი ამავე დროს კომპლექსის გალავნის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ მისი სისქე ძირში 1,50 მ-ს აღწევდა ზემოთ კი თანდათან თხელდებოდა, ოთახის სიმაღლეზე 70-80 სმ იყო. კედლის ამ ნაწილში თაღისებურად გადასული სარკმელი იყო ჩასმული, სარკმელი დამუშავებული შირიმით იყო გამოყვანილი. განსაკუთრებით საინტერესო იყო „ბუხრის“ ნაშთი, რომლის გარე პირიც ასევე გათლილი ქვით უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზურგს კი „სვეტის“ კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. „ბუხრის ადგილზე კლდე ოთკუთხედად იყო გამოკვეთილი და ბოლის გასასვლელი მთლიანად იყო გაჭრილი აღმოსავლეთ მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც ქარი თითქმის არასოდეს უბერავს. აღსანიშნავია, რომ იატაკის დონეზე „ბუხარს“ „სასულე“ ჰქონდა დატოვებული, მასზე ბრტყელი ქვა იყო მიფარებული, ისე, რომ ამ ქვის მოხსნა-დაფარებით შეიძლებოდა ცეცხლისთვის ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება. ამასთან, ეს სასულე ზედმეტი ნაცრის გადასაყრელადაც მოსახერხებელი იქნებოდა.
ამ სენაკის დასავლეთ კედელზე მიდგმულია კირ-დუღაბის მოცულობა, რომელშიც წყლის წრიული რეზერვუარია გამოყვანილი. მასში სენაკების ქანობიანი სახურავიდან ჩამოდენილი წყალი უნდა დაგროვილიყო.
ე) ეკლესიის აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე (დღეს ეს კედელი გადაქცეულია) კლდის პირს ჩრდილოეთისაკენ უხეშად ნათალი ქვის კედელი მოუყვებოდა, რომელიც კლდის შემაღლებულ მასივთან წყდებოდა. კლდე და კედლის პირი კარისებრ ღიობს ავლენს. აქ, სავარაუდოდ, ჯალამბარი იყო მოწყობილი. მკვლევარ გ. გაგოშიძის აზრით, შესაძლოა სწორედ აქედან უკავშირდებოდნენ სვეტზე დაყუდებული ბერები გარე სამყაროს და სვეტზე ამოსასვლელიც, ალბათ, ამ მხრიდან იქნებოდა.

qvevrebi

ვ) მარანი მდებარეობს სვეტის დასავლეთ კიდეში. აქ მიწაში რამდენიმე (ამჟამად მიკვლეულია 8 ცალი) ქვევრია ჩადგმული, რომელშიც, სავარაუდოდ, ამ მცირე მონასტრის ღვინო და ალბათ, წყალიც ინახებოდა. თითოეული მათგანი დაახლოებით ხუთ-ხუთ ჩაფს იტევს. გამოვლენილი ქვევრებიდან ერთ-ერთს ყელზე ნაჭდევებიანი სარტყელი შემოუყვებოდა, მეორეს კი ამოღარული ორნამენტი.
ზ) მარნის ჩასწვრივ, სვეტის დასავლეთ მხარეს, თხემიდან დაახლოებით 10 მეტრის ქვემოთ, შვეულ კლდეში, მცირე სწორკუთხა სენაკია გამოკვეთილი. მკვლევარ ვ. ცინცაძის აზრით აქ „მესვეტის საკანი“ იყო. ახალი, 2005 წლის ანაზომების მიხედვით, ეს არის სწორკუთხა ფორმის (2,60X00 მ, H-2, 10 მ.) ქვაბული შესასვლელითა და ორი სარკმლით.
თ) სვეტის სწორკუთხედ თხემს გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც თხემზე მოპოვებული ქვით იყო ნაგები. შემაკავშირებელ მასალად კირხსნარი იყო გამოყენებული. 40-იან წლებში აქ ასულ მკვლევრებს მისი მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დახვდათ. ამ ნაწილს ქვის ქვედა წყობაში 20-25 სმ-ის დიამეტრის ღრმულები აქვს დატანებული, შესაძლოა კომპლექსს ამ მხარეს გარკვეული სახის, მცირე „აივანი“ ჰქონდა და აღნიშნული ღრმულები ხის ძელების დასამაგრებლად იყო განკუთვნილი.

svimon mesvetis saxelobis eklesia

ი) სვეტქვეშა მოედანზე, რომელსაც ერთადერთი მისასვლელი სამხრეთიდან ადგება, დგას სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარი. ნაგებობა მცირე ზომის ცალნავიან ეკლესიას წარმოადგენს. სვეტიდან ეკლესიამდე ჩრდილოეთით და სამხრეთით მოედანს აწ დანგრეული გალავანი საზღვრავდა.

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
სვეტზე ასვლა გარეშე პირთათვის აკრძალულია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. გაგოშიძე –  აკადემია, „კაცხის სვეტი“ 1/2010წ.
2. გ. წერეთელი – კვალი,  „კაცხის სვეტი“,  
N40, 1895წ.
3. ვ. ცინცაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, „კაცხის სვეტი“, ტ7. 1946წ.
4. ზ. ცაბაძე – ნათლია, „კაცხის სვეტი“ N3-4, 2009წ.
5. ვ. ცინცაძე – ძეგლის მეგობარი, „კაცხის სვეტი“, კრ.3. 1964წ

6. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://chiatura.ge

http://saunje.ge

http://eklesiuri.ucoz.com

http://lemill.net

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

06.09.2014