Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ციხე–ქალაქი არტანუჯი
(II-XIX ს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე-გალავანი, წმიდა პეტრესა და პავლეს ეკლესია, ადაქალეს ეკლესია, ჯამედ გადაკეთებული ეკლესია, სხვა ნაგებობანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

არტანუჯის ციხე მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯის (Ardanuç) რაიონში, დაბა არტანუჯში (Ardanuç).

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. II საუკუნის შუახანი) იხსენიებს იბერიის ქალაქ არტანისას (Aრტანისსა), რაც ძველი არტანუჯი უნდა იყოს. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა“. VIII საუკუნეში ციხე, როგორც ჩანს მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. სუბატ დავითის ძის მიხედვით, „აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელ პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მით ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თვისი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხორებად“. ციხის აღდგენას აშოტ კურაპალატის მიერ ადასტურებს გიორგი მერჩულეც. ამის შემდეგ არტანუჯი იქცა აშოტის მემკვიდრეთა სატახტო ქალაქად და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად. ამ გარემოებისა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი სწრაფად დაწინურდა. კონსტანტინე პორფიროგენეტის აღწერით, ის მსხვილი სავაჭრო ცენტრი ჩანდა.
IX საუკუნის ბოლოდან არტანუჯი დაუმკვიდრდა აშოტ I-ის უფროსი ძის ადარნასეს შთამომავლებს, რომლებიც „არტანუჯელებად“ მოიხსენიებიან. პირველი, ვინც ეს წოდება მიიღო, იყო ადარნასეს ძე სუმბატ მამფალი (+889წ.). მის შემდეგ არტანუჯს ფლობდნენ მისი ძე, ბაგრატ მამფალი (889-909წწ.) და ბაგრატ მამფალის ძეგურგენი (909-923წწ.). გურგენს გარდაცვალებისას ძე არ ჰყოლია (მისი ძე, ისიც სახელად გურგენი, მამის სიკვდილის შემდეგ დაიბადა) და არტანუჯი მისი ძმის - აშოტის (კონსტანტინე პორფიროგენეტის მიერ კისკასად წოდებულის) ხელში გადავიდა. ამავე დროს კლარჯეთის მთავარი ციხე-ქალაქის დაუფლებას ესწრაფვოდა მისი სიძე (ქალიშვილის ქმარი) - ენერგიული და დაუნდობელი გურგენ ერისთვთ-ერისთავი. მისი შიშით აშოტმა, რომელიც, ეტყობა, მებრძოლი სულით არ გამოირჩეოდა, არტანუჯი ერთხან ბიზანტიის იმპერატორსაც კი გადასცა და ციხეში ბერძენი მხედართმთავრის კონსტანტი პატრიკიოსის სამასკაციანი გარნიზონი შეუშვა. ამას ბაგრატიონთა მხრიდან მძაფრი პროტესტი მოჰყვა და იმპერატორმა გართულებების თავიდან ასარიდებლად რაზმი ციხიდან გაიყვანა. არტანუჯი ისევ აშოტ კისკასს დაუბრუნეს, მაგრამ გურგენმა მალევე წაართვა ის სიმამრს და თავად დაისაკუთრა. 941 წელს გურენი უძეოდ გარდაიცვალა და არტანუჯი დარჩა მის ცოლს, რომელიც ამასთანავე აშოტ კისკასის ასული და კანონიერი მემკვიდრე იყო. მაგრამ ბაგრატიონებმა დაუშვებლად მიიჩნიეს ქალის მიერ ციხის ფლობა, ძალით ჩამოართვეს მას არტანუჯი და აშოტ კისკასისბიძაშვილს, სუმბატ ერისთავთ-ერისთავს (+998წ.) გადასცეს. სუმბატისაგან ციხე მემკვიდრეობით მიიღო მისმა ძემ ბაგრატმა, რომელმაც მამის გარდაცვალების მერე სულ ორმოცი დღე იცოცხლა, და შემდეგ - ბაგრატის ძემ სუმბატმა. 1010 წელს მეფე ბაგრატ III-მ სუმბატ არტანუჯელი ძმასთან ერთად ფანასკერტში დარბაზობაზე მიიწვია და ციხეში გამოამწყვდია. სუმბატის მემკვიდრე კონსტანტინოპოლში გაიქცა, დარჩენილმა კლარჯმა ბაგრტიონებმა პატიმრობაში გალიეს სული. არტანუჯი მეფის საკუთრება გახდა.
ამის შემდეგ არტანუჯმა ნაწილობრივ დაკარგა უწინდელი პოლიტიკრუი როლი, თუმცა დარჩა მნიშვნელოვან ქალაქად. ის ხშირად იხსენიება XI საუკუნის მოვლენების ამსახველ ქართულ მატიანეებში. 1080 წელს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, ქალაქი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა. XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 წელს ათაბაგ ქაიხოსრო II-ს არტანუჯი ერზრუმის მმართველმა ისქანდერ ფაშამ წაართვა.
შუა საუკუნეების ბოლომდე ქალაქის მოსახლეობა, როგორც ჩანს, დიდწილად ქარული იყო. XVII-XVIII საუკუნეებში არტანუჯელი ქართველები ძირითადად გამაჰმადიანდნენ, ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. ამავე ხანებიდან იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება. XIX საუკუნის შუა ხანებში ისინი, სომხურენოვანი რიტის კათოლიკე ქართველებთან ერთად (სტატისტიკა მათ არ ანსხვავებდა), არტანუჯში უკვე აშკარა უმრავლესობას შეადგენდნენ.
XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.
1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.
1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ბოლო დრომდე შემოინახა გადმოცემა, რომ არსებობდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც ციხიდან არტანუჯისწყლამდეც ჩადიოდა, რაც უზრუნველყოფდა ციხის წყლით მომარაგებას ხანგრძლივი ალყის დროს.

7. arqiteqturuli aRwera

foto

 

gengegma

ქალაქმა, რომელიც ამჟამად ილჯეს ცენტრია, მცირეოდენ შეცვლილი ფორმით შეინარჩუნა ძველი სახელწოდება - არდანუჩი (Ardnuc). დღევანდელი არტანუჯი მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად, რომელიც ერთმანეთისაგან ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული. ახალი უბანი (იენი არდანუჩი, Yeni Ardanuc) გაშენებულია XX საუკუნეში არტანუჯისწყლის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, შედარებით სწორ ადგილას. ძველი უბანი (ესკი არდანუჩი, Eski Ardanuc. მას უწოდებენ ადაქალეს, Adakale) მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული გრანდიოზული კლდოვანი მთის ვრცელ, დამრეც ბაქანზე. ეს არის ისტორიული ქალაქი არტანუჯი, რომელსაც ზღუდე ერტყა (ახლა მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). მის ზემოთ იწყება გაშიშვლებული პიტალო კლდე თითქმის ვერტიკალური კალთებით. კლდის თავზე დგას ციხე - არტანუჯის ბობოქარი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მატერიალური ნაშთი. მას უჭირავს კლდის მთელი ზედა მოედანი, რომელსაც სამხრეთ-ჩრდილოეთის ღეძზე ძლიერ წაგრძელებული ფორმა აქვს და ციტადელიც, შესაბამისად, სიგრძეშია გაჭიმული დაახლოებით 220 მეტრზე, სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 55 მეტრს აღწევს, ციხის კედლები რელიეფის მოხაზულობას მიჰყვება, მრუდხაზოვანია. როგორც ჩანს, ციცაბო კლდე ისეთ საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა, რომ კედლებში კოშკების ჩართვა საჭიროდ არ მიუჩნევიათ - მათი კვალი არსად ჩანს. ციხის სათავდაცვო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ციხეს გვირაბებით უკავშირდება.

gegma

ა) წმიდა პეტერსა და პავლეს ეკლესია. ციხის შიგნით ახლა რამდენიმე შენობის უმნიშველო ნაშთი განირჩევა. მათი არქიტექტურული სახისა და დანიშნულების გარკვევა შეუძლებელია. შედარებით მეტი რამ შემორჩა ციტადელის შუა ნაწილში მდგარი ეკლესიისაგან. ის მომცრო დარბაზული ნაგებობაა თანადროული მინაშენით ჩრდილოეთიდან. მოგვიანებით მას იმავე ჩრდილოეთ მხრიდან კიდევ ერთი სათავსი მიადგეს, ხოლო დასავლეთიდან - ერთგვარი ნართექსი. ახლა შენობის დასავლეთ მხარე თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღმოსავლეთით კედლები მეტწილად 2-3 მეტრის სიმაღლეზე შემოინახა. ჩანს საკურთხევლის აფსიდის სარკმელი. შესასვლელები ძირითად ნაწილსაც და ჩრდილოეთის სათავსსაც, როგორც ჩანს, დასავლეთიდან ჰქონდა. გადახურვისაგან აღარაფერი შემორჩა.
ეკლესია ნაგებია ადგილობრივ მოპოვებული მოთეთრო-სპილოსძვლისფერი მკვრივი კლდოვანი ქვით, რომელიც უხეშად არის დატეხილი. ქვები უმეტესად თითქმის დაუმუშავებელია, შემთხვევითი ფორმისა. დიდრონი ღრიჭოები მათ შორის წვრილი ნატეხებით შეუვსიათ. ქვები ძირითადად დიდებია, ზოგიერთი მათგანის ზომა 1X2 მეტრს აღწევს. არანაირი კეთილი შემკულობა არ ჩანს . შიგნით კედლები შელესილი იყო და, ალბათ, მოხატულიც. ერთგან შემორჩა წითელი და ლურჯი პიგმენტის კვალი.
სტილისტური ნიშნებით ნაგებობა IX საუკუნეს შეიძლება მიეკუთვნოს. ის უნდა იყოს აშოტ კურაპალატის მიერ 810-20-იან წლებში (ციხის განახლების შემდეგ) აგებული წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია, რომელსაც იხსენიებს სუმბატ დავითის ძე. ამ ეკლესიაში დაკრძალეს თავად აშოტი, ვერაგულად მოკლული 826 წლის 29 იანვარს.

eklesiis gegma

ბ) ადაქალეს ეკლესია. ქალაქის უძველესი ნაგებობაა ადაქალეს ჩრდილოეთ კუთხეში მდგარი ეკლესია. ის აგებულია კლდოვან კონცხზე, რომელიც არტანუჯისწყლის ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ტაძრის ჩრდილოეთ კლდიან ქარაფამდე ათიოდე მეტრია. შენობა დგას სპეციალურად მოსწორებულ და ნაწილობრივ სუბსტრუქციით ამოშენებულ კლდოვან ბაქანზე.
ეკლესია ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩა მისი ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილი 0.4-0.9 მეტრის სიმაღლეზე, ერთი უზარმაზარი ქვა ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სამხრეთ კედლის შუა ნაწილი (ის ახლა უცნაური სვეტივით აღიმართება დაახლოებით 5 მეტრზე). და სამკვეთლოს ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები. შესაძლოა, გადარჩენილია შიდა კედლების ქვედა ნაწილებიც, მაგრამ მათ მთლიანად ფარავს ნაყარი ქვები და მიწა. შენობის არქიტექტურული სახის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ძველ ავტორთა - დ. ბაქრაძის, პრ. უვაროვასა და, პირველ რიგში, ნ. მარის აღწერების მოშველიებით. მათ შენობას შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაში მოუსწრეს , თუმცა დაზიანება უკვე მათი ვიზიტის დროსაც დიდი იყო. დგინდება, რომ ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა მართკუთხა გეგმით. ცენტრალურ კვადრატს უკავშირდებოდა ოთხი მკლავი: ერთი აფსიდური - აღმოსავლეთისა და სამი მართკუთხა. მკლავებსშორის არეებს ავსებდა უფრო დაბალი სათავსები, რომელთაც გარედან თითო ქანობი ხურავდა. ამათგან დასავლეთის წყვილი თავისებურად იყო გადაწყვეტილი - დასავლეთის მკლავის სათავსები კედლებით გამოეყოფოდა (სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ოთახს ამ კედელში კარი ჰქონდა, მოგვიანებით ამოქოლილი), ხოლო განივი მკლავებისაკენ ისინი მთლიანად იხსნებოდა თაღებით, რომლებიც სათავსთა სივიწროვის გამო არსებითად დიდ კარებს წააგავდა. ვიწრო და გრძელი იყო პასტოფორიუმებიც, რომლებიც თითო კარით უკავშირდებოდნენ შესაბამის განივ მკლავებს. სამკვეთლოს დღემდე შემონახულ კარს შიგნით თაღი აქვს, მკლავისკენ - ზღუდარი. აფსიდები პასტოფორიუმებს არა ჰქონია. საკურთხევლის აფსიდში იყო ორი სარკმელი ერთი მეორის ზემოთ. თითო დიდი სარკმელი იყო სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავებში. ეკლესიას ჰქონდა ორი ფართო შესასვლელი - ერთი დასავლეთის მკლავიდან, მეორე სამხრეთ-დასავლეთ კუთხის სათავსიდან. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი კარი სამხრეთის კედლის შუაში, სხვა ორ კარზე გაცილებით გაცილებით დაბლა. აქედან ჩადიოდნენ ეკლესიის იატაკის ქვეშ მდებარე კრიპტაში. რამდენადაც სუბსტრუქცია ამ ადგილას არც თუ ისე მაღალია, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრიპტა ნაწილობრივ კლდეში იყო ნაკვეთი, ან - რაც უფრო სარწმუნოა - მოიცავდა ბუნებრივ მღვიმეს.
ეკლესიის გუმბათის შესახებ რისამე თქმა შეუძლებელია, XIX საუკუნის ბოლოს ის უკვე მთლიანად ჩანგრეული იყო.
ქვაზე კვეთილი შემკულობიდან ნიკო მარი ასახელებს მხოლოდ ეკლესიის შესასვლელთა ზღუდარებზე გამოსახულ ჯვრებს (გასათვალისწინებელია, რომ სარკმლები მას უკვე თავმორღვეული დახვდა - შესაძლოა, ყოფილიყო თავსართებიც). ისინი მქრალად განირჩევა ფოტოსურათებზეც. სამხრეთის კარის თავზე გამოკვეთილი ჯვარი უფრო დიდია, აქვს თანაბარი სიგრძის მართკუთხა მკლავები და ჩასმულია მრგვალ მედალიონში, რომელსაც შემოწერის დიდი ნახევარწრიუილ თავსართი მოკლე გადანაკეცებით. ჯვარი და თავსართი ოდნავ არის ამოწეული ფონიდან, მათი შემომწერი კონტურის ღარი კედელშია ჩაჭრილი. იგივე ითქმის დასავლეთის კარის ზღუდარის კომპოზიციაზეც, ოღონდ ჯვარი აქ უფრო პატარაა და სადა ექსტერიერის მხატვრული სახის შექმნაში არსებით როლს ასრულებდა უზარმაზარი ლოდების საფასადო წყობა. ისინი გამოყენებული იყო კედლების ქვედა ნაწილებში (დაახლოებით 4 მეტრამდე). სხვადასხვა კონფიგურაციის, ძალზე ზოგადად დამუშავებული ქვები (მასალა იგივეა, რაც ციხის ეკლესიისა - ძალიან მაგარი მოთეთრო კლდოვანი ჯიში) შეძლებისდაგვარად მორგებული იყო ერთმანეთზე, თუმცა ცნობილია, ცხადია, არა მჭიდროდ, რჩებოდა დიდი ღრიჭოები. ფასადთა ზედა ნაწილებზე საპირე წყობას ქმნიდნენ გაცილებით უფრო პატარა, თანაბარზომიერი, უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც 30-40 სმ სიმაღლის რიგებად იყო დალაგებული. ინტერიერის წყობა - მეტწილად ასევე საშუალო ზომის ქვებით ამოყვანილი - ხარისხით ჩამოუვარდებოდა საფასადოს. ალბათ თავიდანვე ივარაუდებოდა კედლების შიგნიდან შელესვა (ნიკო მარმა ადგილზე ნახა ბათქაშის ფრაგმენტები და ერთგან მოხატულობის მკრთალი კვალიც). დამახასიათებელია, რომ ასეთივე უხეშად დატეხილი, არასწორზედაპირიანი ქვებით არის გამოყვანილი სამკვეთლოს კარის შემორჩენილი თაღიც. სუფთად თლილი ქვები, როგორც ჩანს, არსად უხმარიათ.
არტანუჯის ეკლესიის კომპოზიცია (ჯვრული სტრუქტურა გამოცალკევებული სათავსებით ოთხსავე კუთხეში) უკავშირდება ჯვარგუმბათოვანი თემის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებაში წარმოდგენილია ტაო-კლარჯეთის კიდევ ორი ნაგებობით - დედაშნისა (X საუკუნე) და დოლისყანის (937-958 წ.) ეკლესიებით. დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია მასალის დამუშავებისა და გამოყენების ხასიათი. ასეთ დიდ, უხეშად გათლილ ქვებს ქართველი მშენებლები უპირატესად X საუკუნეში ხმარობდნენ. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილებიც (კერძოდ, თაღი) ნატეხი ქვითაა გამოყვანილი, თარიღს უფრო IX საუკუნისკენ წევს. ამასვე გვიჩვენებს ეკლესიის რელიეფური დეკორიც - ის უფრო განუვითარებელია, ვიდრე X საუკუნის I ნახევრისა და შუახანების კლარჯეთის სხვა გუმბათიანი  ტაძრებისა (ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა). ამ ნიშნების გათვალისწინებით, არტანუჯის ეკლესია IX-X  საუკუნეთა მიჯნას უნდა მიეკუთვნოს.

გ) ჯამედ გადაკეთებული ეკლესია. ძველ უბანში, პირველი ეკლესიიდან მცირეოდენ მოშორებით იდგა მეორე ეკლესიაც, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისათვის დაინგრა. მის ადგილას 1864 წელს არტანუჯის იმდროინდელმა მმართველმა სულეიმან ფაშამ ააგო ისქანდერ ფაშას (1553 წელს არტანუჯის დამპყრობლის) ჯამე - მართკუთხა შენობა ხის გადახურვით. მასში ჩართულია ეკლესიის კედლების ნაშთები. გარდა ამისა, ჯამეს მშენებლობისას უხმარიათ ეკლესიის ჩამოცვენილი ქვებიც. ჯამეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ნიკო მარმა ნახა თავდაყირა ჩადგმული ორსტრიქონიანი ფრაგმენტი ქართული წარწერისა. მასზე იკითხებოდა:
წ(ი)ნ(ა)მძღ(უა)რს
და მ(ის)სა დას
ამჟამად წარწერა აღარ ჩანს.

დ) სხვა ნაგებობანი. არტანუჯის სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ნაგებობათაგან ძველი ავტორები ასახელებენ სომხურ კათოლიკურ ეკლესიას (აშენდა 1790-იან წლებში, დაანგრიეს 1920-იან წლებში), მედრესეს, ქარვასლას (დაიწვა XIX საუკუნის II ნახევარში და აღარ აღუდგენიათ) და ჰამამს (აბანოს). ეს უკანასკნელი დღემდე შემოინახა ადაქალეზე. ჰამამი სავარაუდოდ XVIII აუკუნეში აგებული მოგრძო მართკუთხა შენობაა. ძირითად ნაწილს ტრადიციული უყელო გუმბათი ადგას. ქალაქში იყო აგრეთვე დახურული შადრევნიანი აივნები. შემოინახა XIX საუკუნის ორსართულიანი ქვის სახლები გადმოკიდებული ხის აივნებით.

foto

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არტანუჯის ციხე–ქალაქის ძეგლები თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით, აქ არსებული ეკლესიები სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ. 2005წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://varketili.hostzi.com

http://dzeglebi.com

http://www.orthodoxy.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016