Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana

kacxis macxovrisSobis
saxelobis monasteri
(X-XI ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მაცხოვრისშობის სახელობის ტაძარი, გარშემოსავლელი, გალავანი, სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

ტაძრის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია ქართული პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რომელიც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.

კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ.
კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“;
1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა;
კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს;
კაცხის მონასტერშივე გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია.
ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი). ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: გიორგი აბაშიძე „მალაქიად“ წოდებული, იმერეთის მეფე გიორგი V, ვახტანგ VI-ის დროს მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.

3. adgilmdebareoba

კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში, გზის პირას.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.
გარშემოსავლელი, რომელიც უთუოდ თავიდანვე გათვალისწინებული იყო კაცხის ტაძრის არქიტექტორთა მიერ, თანახმად წარწერისა, აგებულია „იოანე ერისთავთა ერისთავის ასულისა ცხოვრების“ მიერ. ვინ იყო ეს  „ცხოვრება“, რატის ძის ლიპარიტის მეუღლე (1048), თუ ლიპარიტის ძის ივანეს ასული, არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, იგი დეკორის სტილის მიხედვით, აშენებულია XI საუკუნის I ნახევარში.
ცნობილია, რომ თავდაპირველად, XI საუკუნიდან XVI საუკუნემდე, კაცხის მონასტერი სამების სახელობის ყოფილა და თავიდანვე ბაღუაშთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს ტაძარს, მათ საძვალეს წარმოადგენდა. ამ ფაქტის შესახებ ძალზედ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული XI საუკუნის წერილობით წყაროებში, კერძოდ, ლიპარიტ ბაღვაშის მიერ კაცხის მონასტრისთვის შეწირულ მათეს სახარების „თარგმანში“. ეს ცნობები საქართველოს მეფისა და ურჩ ფეოდალთა ურთიერთობას შეეხება.
დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ ( XI ს) კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. ბაღვაშების შემდეგ ვისი საკუთრება იყო კაცხი XVI საუკუნემდე, დღემდე მოძიებული ისტორიული დოკუმენტებით უცნობია. გადმოცემით, იგი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ.
ტაძრის გუჯერებში მოპოვებული დოკუმენტებით ვლინდება, რომ XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა აბულასხარ ამირეჯიბმა (1510-1535 წ.წ.). ამ დროიდან უკვე მაცხოვრის სახელზე ნაკურთხი კაცხის ტაძარი განახლებულ ცხოვრებას იწყებს.
XVII-XVIII საუკუნეებში კაცხის მონასტერი, ისევე როგორც კაცხის ციხე – ბაღვაშთა უწინდელი რეზიდენცია, აბაშიძეთა მფლობელობაშია. ხოლო 1804 წლიდან ციხეც და მონასტერზე  მზრუნველობაც იმერეთში გადახვეწილი სოლომონ ლიონიძის, ერეკლე II-ის ცნობილი მინისტრის ხელში გადავიდა.
1853-1854 წლებში ეპისკოპოს ქუთათელის რჩევით, კაცხის იმდროინდელ მეპატრონეს, ცნობილი კრიტიკოსის კიტა აბაშიძის ბაბუას, ტაძრის აღდგენა შეკეთება განუზრახავს და დასახმარებლად ბათუმის  სანჯიყ-ბეგ იბრაიმ აბაშიძისათვის მიუმართავს, რომელთანაც ნათესაური კავშირი ჰქონია. სანჯიყ-ბეგს გულში დამარხული ქართველობა და ქრისტიანობა გახსენებია და იმავე წელს საუკეთესო ქვის ოსტატები გამოუგზავნია სარფიდან იმერეთში – სამი ძმა დურმიშები. მათი დახმარებით იქნა აღდგენილი კაცხის მონასტერი.
ერთ-ერთი ძმა იოსებ დურმიში თავისსავე შეკეთებულ ტაძარში მოინათლა, იქორწინა ტაძრის მოძღვრის პეტრე მოდებაძის ასულზე, იმერეთში დარჩა და კაცხის ტაძრის ეზოში დაიდო სამუდამო სასუფეველი, აქედან წარმოიშვა გვარი დურმიშიძე. გადმოცემით, კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი. შემდგომ პერიოდში მრავალჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ აღდგენილიყო ტაძარში ღვთისმსახურება, მაგრამ უშედეგოდ.
1990 წელს ტაძრის დღევანდელი მოძღვრის დეკანოზ ამირან მოდებაძის ინიციატივით კაცხის მონასტერში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება.
2001 წელს დაზიანებული ტაძრის შეკეთება განახორციელა იბრაიმ აბაშიძის შთამომავალმა ქალბატონმა ნარგიზ აბაშიძემ.
ამჟამად, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან შენდება სამონასტრო კომპლექსი არქიტექტორ მ. გოგატიშვილის პროექტის მიხედვით და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური მენეჯერის ა. გურჯიძის დაფინანსებით.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

bana

gegma

ა) კაცხის მაცხოვრისშობის სახელობის ტაძარი წარმოადგენს ექვსაფსიდიანი ეკლესიის ყველაზე გვიანდელ და გამორჩეულ ნიმუშს. შენობის გარეთა ზომებია: სიგრძე –13, 5 მ, სიგანე – 12 მ, სიმაღლე შიგნით – დაახლ. 17, 5 მ. მთელი ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი კონცენტრული, წახნაგოვანი მოცულობებისგან: გარსშემოსავლელის, საკუთრივ ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ყოველი წახნაგი დასრულებულია ფრონტონით, რის გამოც იქმნება ტეხილი, ხერხისებური ლავგარდნები. გუმბათის სახურავი კი ნახევრადგაშლილ ქოლგას ჰგავს. ეს დიდად ზრდის საერთო ცხოველხატულებისა და დეკორატიულობის ეფექტს. ტაძრის შინაგანი სივრცე არსებითად განუყოფელ ერთეულს წარმოადგენს. გუმბათის ქვეშ მოქცეულია ექვსი ნახევარწრიული აფსიდი, რომლებიც გარდა საკუთხევლის აფსიდისა, უბემოდ, სხივებივით ერთვიან ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდი მცირედ შვერილია და გარედან ხუთწახნაგოვანი მოხაზულობა აქვს. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი აფსიდებს ებჯინება და ამრიგად, მას ექვსწახნაგოვანი საყრდენი აქვს.  წახნაგებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ბრტყელი ტრომპების ორი რიგის საშუალებით; ქვემო რიგის ექვსი უფრო დიდი ტრომპი უშუალოდ კონქის თაღს უკავშირდება.
შენობას მდიდრული ჩუქურთმიანი სამკაული ჰქონდა. 1854  წლის რესტავრაციის დროს ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი და თავიდან მოაპირკეთეს. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული და ამ „რესტავრაციის“ დროს ჩამოხსნეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად, ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია.
ბ) გარსშემოსავლელი, რომელიც ტაძრის მშენებლობიდან დაახლ. 30 წლის შემდეგაა აშენებული, ტაძარს სამი მხრიდან აკრავს. თავდაპირველად, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ (მარჯვენა) ნაწილს გარედან ღია თაღები ჰქონდა. მისი მარცხენა ნაწილი, რომელსაც მარტო ეკლესიის შიგნიდან აქვს შესასვლელი, მლოცველთა ფართო მასებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. გარშემოსავლელის მორთულობა ყველაზე უკეთაა შემორჩენილი. გადარჩა მისი მდიდარი საპირეები და კარნიზი.

garSemosavlelis reliefi garSemosavleli

აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რაც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.

reliefuri qandakeba samreklo


გ) ტაძარს გარს უვლის ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937 წელს).
დ) სამრეკლო, რომელიც გალავნის აღმოსავლეთ კუთხეშია მოთავსებული, კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებს. მისი პირველი სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. იგი გვიანფეოდალური ხანისაა – XVI ან XVII საუკუნის.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

კაცხის მაცხოვრისშობის სახელობის მონასტერი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. ვ. ბერიძე – "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება", 1971წ
2. ვ. ბერიძე – "კაცხი", 1959წ
3. შ. ამირანაშვილი – "ქართული ხელოვნების ისტორია", 1961წ
4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ5, 1980წ
5. ფოტოების ავტორი - ლიდა კაპანაძე და ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://lemill.net

http://chiatura.ge

http://garemo.dlf.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016