Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხახული
(X s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, გალავანი, გალავნის შიგნით და გარეთ მდებარე მცირე ეკლესიები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ხახულის ტრიპტიქი, რომელიც 1952 წლიდან დღემდე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მუდმივ უნიკალურ ექსპოზიციაშია გამოფენილი, თავდაპირველად საქართველოს ისტორიულ პროვინცია – ტაოში, ხახულის მონასტერში, იყო დაცული. XII საუკუნეში დავით აღმაშენებელს (1089–1125) ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია უკვე სახელგანთქმული, სასწაულმომქმედი ხატის ტრიპტიქი გელათის მონასტერში, სადაც იგი ახლად შეუჭედიათ. ტრიპტიქის ვერცხლით შეჭედილი კარების გარეთა ნაწილი, რომელიც, სტილისტური თვალსაზრისით X საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშს წარმოადგენს, ხელუხლებლად დაუტოვებიათ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ხატისა თავიდან მოუჭედიათ და შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით.
ტრიპტიქის ცენტრალური ნაწილი – ხახულის ღვთისმშობლის ხატი თავდაპირველად ძვირფასი ლითონის ჭედურ ხატს წარმოადგენდა, რომლის სახე და ხელები ტიხრული მინანქრით იყო შესრულებული. მოჭედილობას ჩვენამდე აღარ მოუღწევია. სახე და ხელები, რომლებიც X საუკუნის ქართული ტიხრული მინანქრის ერთ–ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, ამჟამად ხატის ცენტრალურ ნაწილშია მიმაგრებული.
ხატის კარების შიდა მხარეს, მის ქვედა მონაკვეთზე განაწილებული ხუთსტრიქონიანი წარწერის თანახმად, ხახულის კარედი დავით აღმაშენებლისა და მისი ძის დემეტრე პირველის მეფობის დროზე მოდის (1125–1156). ხახულის ტრიპტიქის საერთო მხატვრული სახე მისი ხაზგასმულად საზეიმო დეკორატიული იერია. ამ საერთო შთაბეჭდილებას ერთგვარად ანელებს ხატის ცენტრალური ნაწილი, სადაც თეთრ ქსოვილზე პირობითად მიმაგრებულია ღვთისმშობლის სახე და ხელები. ცხადია ტრიპტიქის ამ ცენტრალური ნაწილის მხატვრული სახე სრულ ჰარმონიაში იქნებოდა ტრიპტიქის მთელ დეკორატიულ სისტემასთან და მხატვრული და აზრობრივი თვალსაზრისით, მის მაორგანიზებელ ნაწილსაც წარმოადგენდა.

3. adgilmdebareoba

ხახულის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რაიონში, ისტორიულ მხარე თორთომში, სოფელ ხახულთან (ბაყბაში) (Bağbaşı), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში არის სოფელი, რომელსაც ხახულს ეძახიან. სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: „ტაძარი გამუსლიმანებულ ქართველებს მიზგითად გადაუკეთებიათ, ამგვარად ზრუნვის საგნად გაუხდიათ და კარგად შეუნახავთ.“
სამშენებლო წარწერა ხახულის ტაძრის კედლებზე არ არის. მაგრამ `ქართლის ცხოვრება~ გვაწვდის ცნობას, რომლის მიხედვითაც ხახულის ტაძარი ააშენა დავით კურაპალატმა. უფრო დაწვრილებით ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმსობლია.. ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, დავით მეფის მამობილმან. აქა არს ეკლესია ფრიად მშვენიერი, დიდმშენი, რომელი აღაშენა 48-ე მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან...“ ვახუშტის მიერ დასახელებული 48-ე მეფე არის დავით კურაპალატი (876-881), ძე ბაგრატ კურაპალატისა და შვილიშვილი აშოტ I კურაპალატისა. სამწუხაროდ ზუსტი თარიღი ტაძრის აშენების ამ ცნობებშიც არ არის მოყვანილი. მაგრამ ცხადია, რომ ტაძარი დაარსა დავით III კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში.
თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერები ცოტაა. ზოგი მათგანი ტაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ტაძრის მოხატულობისაგან ცოტა რამ შემორჩენილა. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები. ტაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმიდა გიორგის, ღვთისმშობლის გამოსახულებები.
ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლეისო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფები და სხვა. სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედი კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

xaxulis karedi

moxatuloba

ხახულის მონასტერი დიდი და მრავალნაგებობებიანი ანსამბლი იყო. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით აქ უეჭველად იყო სემინარია, სატრაპეზო, სასახლეები და ბერების საცხოვრებლები, მაგრამ ამას ჩვენ დრომდე არ მოუღწევია. მონასტერს დიდი გალავანი არტყია, მთავარი ტაძრის გარდა გალავნის შიგნით ხუთი სხვადასხვა დროის ეკლესიაა, სამი კი – გარეთ.

gegma

ა) ხახულის მთავარი ტაძარი დიდი მასშტაბის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიის შუა ნაწილში იგრძნობა, რომ კომპოზიცია ჯვრის გაგმაზე არის აგებული. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისას ნახევრად წრიული მოხაზულობა აქვს, დანარჩენს კი სწორკუთხა. საკურთხეველი შედგება ღრმა ბემისა და აფსიდისაგან. გვერდითი მკლავები ერთი ზომისაა, და დანარჩენზე მოკლე. სიგრძით გამოირჩევა დასავლეთის მკლავი – ის აღმოსავლეთის მკლავზე ორჯერ გრძელია, გვერდითებზე კი – სამჯერ. ცილინდრული გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს. დასავლეთის ბურჯები – ცალკე მდგომი პილონებია, ხოლო აღმოსავლეთიდან გამოყენებულია საკურთხევლის კუთხეები. ჯვრის ოთხივე მკლავს ერთნაირი სიგანე აქვს, გვერდითა ნავები მხოლოდ დასავლეთის მკლავს აქვს – ვიწრო და შედარებით დაბალი. თითოეული უერთდება ცენტრალურ ნავს სამ-სამი თაღით, რომლებიც კოლონებს ეყრდნობა. წინა კოლონები მრავალწახნაგაა, თითქმის ცილინდრული, დასვლეთისა კი ცილინდრული. ჯვრის მკლავები კამარებითაა გადახურული.
ტაძრის ინტერიერი საკმაოდ კარგადაა განათებული. სარკმელების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ ისინი განიერია. საკურთხეველი სამნაწილიანია. ღია ცენტრალურ ნაწილში ღრმა ბემა დაბოლოებულია აფსიდით. Bბემის კედლებში თითო-თითო პატარა ნიშია, აფსიდაში კი ცხრა. ამ ნიშებიდან რვა მაღალია, სარკმლის ქვედა კი დაბალი. ეს ნიშები განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისათვის, შუა კი მონასტრის წინამძღვრისათვის. საკურთხევლის გვერდითი ნაწილები წარმოადგენენ აფსიდალურ სათავსებს. ისინი განათებულია აღმოსავლეთით განლაგებული სარკმლებით და კარებით უერთდებიან ეკლესიის ცენტრალურ ნაწილს. ტაძრის შიდა კედლები, ისევე როგორც ფასადები, მოპირკეთებულია თლილი ქვით. სავარაუდოდ კედლები არ იყო განკუთვნილი ფრესკებისათვის, მაგრამ როდესაც ფრესკები გახდა მორთვის აუცილებელი ელემენტი, დაიფარა ეს კედლებიც. ფრესკული მხატვრობა ძალიან კარგი ხარისხისაა, მაგრამ მისგან ცოტა რამაა შემორჩენილი. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები.
ტაძრის იატაკი თლილი ქვისაა, აფსიდის იატაკი სამი კიბითაა ამაღლებული. თავდაპირველად ტაძარს მხოლოდ ჩრდილოეთის მინაშენე ჰქონდა, დანარჩენი შემდგომში გაჩნდა. ჩრდილო-დასავლეთის მინაშენი საკმაოდ დიდია, შესასვლელი აქვს ეკლესიიდან, ნათდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. გრძელი და განიერი სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ საყრდენ თაღს. ეს თაღები სამხრეთიდან ეყრდნობა პილასტრებს, ჩრდილოეთიდან კი - კედლებს. მინაშენი, როგორც ჩანს, დამხმარე სათავსი იყო, და გარდა ყველაფრისა მარნის როლს ასრულებდა, მიწაში ქვევრები იყო ჩამარხული. დანარჩენ მინაშენებზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია.

naxazi

ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია კარგად თლილი ქვით და შესაბამისად შემკულია. დეკორი უმეტესად სარკმლების და კარებების ირგვლივ არის განლაგებული. ხუროთმოძღვარმა გაითვალისწინა ტაძრის ადგილმდებარეობა ფასადების შემკულობის განლაგების საკითხში. აღმოსავლეთის ფასადი შედარებით სადაა. მთავარი აქ საკურთხევლის სარკმელია, რომელსაც ორმაგი ორნამენტირებული ქუდი აქვს. ქუდის ორ ნაწილს შორის მარაოსებურად განლაგებულია თეთრი და მუქი-მოწითალი ფერის ქვების სხივები. ასევე დასავლეთის ფასადის დეკორი კონცენტრირებულია სარკმელის და კარის თავზე. ფასადის ცენტრში მაღალი სარკმელია, მორთულია მხოლოდ მისი ზედა ნაწილი.
ყველაზე კარგად დეკორირებულია სამხრეთის ფასადი. ფასადის ცენტრალური სარკმელები კარგ მდგომარეობაშია, პორტალი კი დახურულია გვიანდელი მინაშენით. ორმაგი სარკმლები მდიდრულად არის დეკორირებული. ორნამენტირებული ბრტყელი, განიერი ორმაგი თაღები ეყრდნობა კოლონებს, რომლებსაც რთული კაპიტელები და ბაზები აქვთ. ცენტრალურ თაღებს შორის ამოკვეთილია დიდი არწივის გორელიეფი. არწივი და თაღები შესრულებულია თეთრი და მუქი-მოწითალო ქვებისაგან შესრულებული სხივების ფონზე. ყველაფერი ბოლოვდება დიდი ორნამენტირებული ქუდით. ასვე დეკორით იყო აქცენტირებული შესასვლელი, რომელიც ეხლა დახურულია გვიანდელი მინაშენით. დეკორიდან ცოტა რამ არის შემორჩენილი. კარებს მოსდევს ორმაგი ხვეული კოლონა კაპიტელებით და ბაზებით. დეკორის ირგვლივ განლაგებულია ბარელიეფები, რომელთაგან მარჯვენა მხარისები უკეთაა შემონახული. ჩრდილოეთის ფასადი ყველაზე სადაა, ვინაიდან მთის კალთასთან იყო განლაგებული.
მდიდრულედ არის დეკორირებული გუმბათის ყელი. ცილინდრულ ყელზე განლაგებულია თაქვსმეტი თაღი, რომლებიც ეყრდნობა შეტყუპებულ პილასტრებს. პილასტრები ბოლოვდება ორნამენტირებული ბაზებით და კაპიტელებით. თექვსმეტი თაღიდან მხოლოდ რვაშია სარკმელები. სარკმელები ბოლოვდება ორმაგი ქუდებით. ქვედა ქუდი მოყვითალო ქვისაა და დაფარულია ორნამენტით, ზედა – წითელი ქვის და სადა. კონუსური გუმბათი გადახურულია მოჭიქული კრამიტით.

qvis reliefi

ბ) ხახულის მონასტრის ანსამბლი სხვებზე უფრო მდიდარი იყო. მას შემოვლებული ჰქონდა მაღალი და მძლავრი გალავანი, რომელიც მთის რელიეფს მიყვებოდა. სამწუხაროდ გალავნიდან შემორჩენილია ძალიან მცირე ფრაგმენტები. შემოინახა კამაროვანი კარიბჭე, რომელიც ჩაშენებული იყო გალავანში სამხრეთიდან. არსებობს აზრი, რომ ამ კარიბჭის თავზე სამრეკლო ან კოშკი იყო.
გ) გალავნის შიგნით, ეზოში განლაგებული ეკლესიებიდან ყველაზე საინტერესოა ეკლესია, რომელიც ტაძრიდან სამხრეთით რამოდენიმე ნაბიჯით არის დაშორებული. ეკლესია პატარაა, ერთნავიანი. შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდან, სარკმელები კი – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის დარბაზი გამოყოფილია პილასტრით, აფსიდის გვერდითა ნაწილებში მოწყობილია ნიშები. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი კვადრებით და კარგად დეკორირებულია. შენობა ეყრდნობა სწორკუთხა ცოკოლს და დაბოლოებულია საკმაოდ მასიური კარნიზით. ეკლესიის მორთვის დროს ოსტატმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აღმოსავლეთის ფასადს. ის მდიდრულად არის დეკორირებული, მაგრამ პროპორციები არ არის დაცული. სარკმელს ეკვრის ორმაგი ქუდი პილასტრებით., რომლის ზედა ნაწილი მასიური და არ უხდება ფასადს. სარკმელის გვერდებზე განლაგებულია განიერი და დაბალი სამკუთხედი ნიშები. ისინი ბოლოვდება მარაოსებრი კამარით. ეკლესია მორთულია დასავლეთის მხრიდანაც. ტიმპანზე გამოსახულია აყვავებული ჯვარი. დასავლეთის ფასადს მიშენებული აქვს სამი მხრიდან ღია პორტიკი, რომელიც ასევე ორნამენტირებულია. სტილისტური თავისებურებების მიხედვით ეს ეკლესია აშენებულია მთავარი ტაძრის შემდეგ, მაგრამ X საუკუნის ფარგლებში.
ეკლესია, რომელიც მიშენებული იყო კარიბჭის მარცხნივ ისე იყო დანგრეული, რომ ვერ მოხერხდა მისი ანაზომების აღება. ასევე დანგრეულია კიდევ ორი ეკლესია. ერთში, რომელიც მიშენებული იყო გალავანზე, იკითხება სარკმლები სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან და კარები დასავლეთიდან. ცუდ მდგომარეობაში არის აგრეთვე ეკლესია, რომელიც ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო განლაგებული.

foto

დ) ეზოში მდგომებიდან ყველაზე დიდი იყო ტაძრის ჩრდილოეთიოთ განლაგებული ეკლესია. ეკლესიისაგან შემორჩენილია კედლები, სიმაღლით 1,5 მეტრი. ეკლესია ერთნავიანია, მაგრამ აქვს ორიგინალური გადაწყვეტა. საკურთხეველი სამაფსიდალურია. თითოეულ აფსიდში სარკმელია. ეკლესიის ქვეშ აკლდამაა, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.
ხახულისწყლის ხეობაში, მონასტრის ახლოს, კიდევ რამდენიმე მცირე ეკლესიაა. მათგან ორი, ახლომდებარე, ალბათ მონასტერს ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა სოფელს. ორი პატარა ეკლესია დგას მონასტრის პირდაპირ, ხახულისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
ეკლესია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მონასტერთან აშენებულია კარგად თლილი ქვით და მთლიანად შემონახულია. დარბაზულ ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთინ აქვს, ნათდება სარკმლებით საკურთხეველში და დასავლეთის კედელში. აფსიდში ორი მაღალი ნიშია. შესასვლელი არქიტრავის ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩახაზული რომბი. ამავე ქვაზე არის ცუდად შენახული ასომთავრული წარწერა.

gumbaTi

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხახულის მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1) გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია". 2000წ.
2) პ. ზაქარაია – "Зодчество Тао-Кларджети",  1990წ.
3) ვ. ბერიძე – "Архитектура Тао-Кларджети", 1981წ.
4) გ. აბრამიშვილი – გამომცემლობა “ხელოვნება” 1988წ.
5) ფოტოები და ნახაზები გამოყენებულია - www.virtualtao-klarjeti.com

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://eparchy-batumi.ge

http://varketili.hostzi.com

http://diaspora.gov.ge

http://klarjeti.blogspot.com

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016